ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 ივნისი, 2011


რიუ მურაკამის უცნაური სამყარო

        რიუ მურაკამი...რაღაც ნაცნობია ხომ? თუმცა ეს ის (ჰარუკი) მურაკამი არ არის რომელიც მსოფლიოს ყველა ენაზეა ნათარგმნი და რომელსაც ახლა მარსის მცხოვრებლებისთვის თარგმნიან ნასა-ში, ამერიკელი ძიები, რათა მარსზე შემდეგ ექსპედიციას თან გაატანონ. დაივიწყეთ ჰარუკი მურაკამი! ეს სულ სხვა მურაკამია. ის, რომელიც მე მომწონს და თქვენ, ვგონებ, ჯერ არ წაგიკითხავთ და ალბათ თქვენც მოგეწონებათ....როდესაც წაიკითხავთ.

        რიუ მურაკამი, რა თქმა უნდა, ჰარუკის (აი, ყველა ენაზე ნათარგმნია-მეთქი რომ გითხარით, იმისი) თანამემამულეა, ოღონდ სხვა მამულიდან.
        ის, ვისზეც ამდენი ვისაუბრე, გახლავთ რიუ მურაკამი. ამ ჩვენი რიუს სრული სახელი, იაპონური წესით ასე ჟღერს: მურაკამი რიუნოსუკე. როგორც ხედავთ, დიდი აკუტაგავასავით, მასაც რიუნოსუკე ჰქვია და ისე მოხდა, რომ ჩვენს რიუს, იმ დიდი აკუტაგავას სახელობის პრემიაც აქვს მიღებული, თავისი პირველ რომანისათვის - ”თითქმის გამჭვირვალე ლურჯი/Almost Transparent Blue”, რომელიც მან სტუდენტობის წლებში, 1976 წელს, დაწერა და რომლითაც რიუმ (რიუ ეძახე შენ!) 130-მილიონიანი იაპონია შოკში ჩააგდო. მურაკამის ნაწერი იმავე წელს იაპონური და საერთაშორისო ჰიტი გახდა და რიუნოსუკე მურაკამი, ნამდვილ მწერლად, იმ წელს აღიარეს.
       
        რიუ მურაკამის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აკუტაგავას პრემიის და სხვა მრავალი დამსახურების გარდა, 2005 წელს, ამ ჩვენს რიუ მურაკამის იაპონიის მთავარი ლიტერატული პრიზი - სეიძი ნომას ლიტერატული პრემია მიანიჭეს. ამ ჯილდოთი ამომავალი მზის შვილები, მხოლოდ კლასიკოსებს (კავაბატა, კენძაბურო ოე, ფუმიო ნივა) აღნიშნავენ-ხოლმე.
      მეგა-პოპულარულ ჰარუკის, რომელსაც რატომღაც გადავეკიდე და რომელიც ასევე კარგი მწერალია, ნომას პრემია ჯერ არ მიუღია (”ვერც მიიღებს, ვერც მიიღებს!...” - სისინებს ჩემი ბოროტი მე და კბილებს კრეჭს). 

      ”თითქმის გამჭვირვალე” ირონიით შეიძლება ითქვას, რომ რიუ მურაკამი არის დიდი იაპონელი მწერალი, რომელიც ჰარუკი მურაკამის ეპოქაში მოღვაწეობს და ფეხებზეც კიდია თქვენი ჰარუკი, თავისი ცხვრებით თუ ნორვეგიის ტყეებით.
      რიუ მურაკამის სამყარო დასახლებულია თანამედროვე ახალგაზრდა იაპონელებით, რომლებიც თავიანთი ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამენ და გვაცნობენ იმ იაპონიას, რომელზეც ბევრი არაფერი ვიცით. თუმცა მერწმუნეთ, ეს არ არის იაპონური ”სასპენსი” ან ”თრილერი”, რომლითაც დღეს ძირითადად დასავლეთი გვკვებავს. მურაკამის სამყარო მართლაც უცნობია, როგორც ნაწარმოების გმირისათვის, ისე - მკითხველისათვის. ეს არის ექსკურსია თანამედროვე, ინდუსტრიულ-პოსტ-ინდუსტრიული იაპონიის ცოცხალ სხეულში. მურაკამი. მადლობა ღმერთს, ითვალისწინებს იმას, რომ მისი ნაწარმოებები შეიძლება არა-იაპონელებმაც წაიკითხონ და ბევრგან ”გვიმხელს” იმ იაპონურ ”საიდუმლოებებს”, რომლთა გარეშე იაპონიის გაგება შეუძლებელია..

გთავაზობთ ორი ნაწყვეტის თარგმანს რუი მურაკამის რომანიდან ”In the Miso* Soup” ანუ ”მისოს სუპში”.
____________________
* მისო ან მიზო - ერთგვარი იაპონური ტრადიციული სუპია.

”მისოს სუპში”
ავტორი: რიუ მურაკამი

თავი 1

        ”უბრალოდ, კენჯი შეგიძლიათ დამიძახოთ. მოხარული ვარ თქვენი გაცნობით, მე კენჯი მქვია. მე კენჯი ვარ. საერთოდ მე კენჯის მეძახიან...იაპონურ ენაზე შესაძლოა, რომ  თანამოსაუბრეს თავი  მრავალგვარად წარუდგინო . ”საინტერესოა, რატომ არის ასე?” - გავიფიქრე, სანამ ამ ამერიკელს ვეუბნებოდი: - ”მაი-ნეიმ-იზ-კენჯი”.
- აჰა, ესე იგი კენჯი? შესანიშნავია! - ჩასუქებული ტურისტი მთელი თავისი სხეულით ცდილობდა ეჩვენებინა, რომ გახარებულია ჩვენი შეხვედრით. 
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - ამ სიტყვებით ამერიკელს ხელი ჩამოვართვი.

      ”სეიბუ-სინძიუკუს” სადგურის სიახლოვეს, ერთ-ერთი იმ სასტუმროს ვესტიბულში, რომელსაც დასავლეთში ორ- და სამვარსკვლავიან კატეგორიას მიაკუთვნებენ, შედგა ჩემი და ფრენკის დასამახსოვრებელი შეხვედრა.
      მე ცოტა ხნის წინ ოცი წელი შემისრულდა. ვმუშაობ თანმხლებად - ტოკიოში დავატარებ უცხოელებს, თუმცა ინგლისურ ენაში ძალიან ძლიერი არ ვარ. კლიენტებს უფრო ”მხიარული” კვარტლები და სექს-ტურიზმი აინტერესებთ, ვიდრე ჩემი ენა. ასე რომ, ჩემი საცოდავი ინგლისურიც სავსებით საკმარისია. შიდსის-ს აღმოჩენის შემდეგ, სექს-ტურიზმის პოპულარულობა არ შემცირებულა, უბრალოდ ხალხს ყველაფრისადმი უფრო ფრთხილი დამოკიდებულება გაუჩნდა და ისინი, როგორც წესი, საეჭვო ადგილებს თავს არიდებენ.  მიუხედავად ამისა, ტოკიოში ყოველდღიურად დააბოტებენ უცხოელეთა ჯოგები, რომლებსაც გართობა სწყურიათ. ჩემი სამუშაოც იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბიჭებს, გართობისათვის ასე თუ ისე მისაღები ადგილები ვანახო. მე ისინი დამყავს კაბარეებში, მასაჟის კლუბებში, ”სადო-მაზო” ბარებში და საროსკიპოებში. ისინი კი ამაში ფულს მიხდიან. უფროსობა არ მყავს, ისევე, როგორც ქვეშევრდომები. უცხოელებისთვის გაკუთვნილი მომცრო ჟურნალი, ყოველ ნომერში აქვეყნებს ჩემი ბიზნესის უბრალო რეკლამას. ყველაფერი, რასაც ამ საქმიანობით ვშოულობ, მეხარჯება მეგუროში მდებარე კოპწია ერთოთახიანი ბინის ქირაობაში, ჩემი გოგონას იაკინიკუზე (იაპონური მწვადის სახეობაა) დაპატიჟებაში, საყვარელ მუსიკაზე და წიგნებში. ამის გარდა, ვსწავლობ საუნივერსიტეტო მოსამზადებელ კურსებზე, რომლის საფასურსაც დედაჩემი იხდის. დედაჩემს სიძუოკაში ტანსაცმლის პატარა მაღაზია აქვს. როდესაც მერვე კლასში ვიყავი, მამა გარდამეცვალა. ამის შემდეგ, დედაჩემი მარტო მზრდის. უფროს კლასებში, ჩემს მეგობრებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც, სინდისის ქენჯნის გარეშე წაუთაქებდნენ-ხოლმე მშობელს, მაგრამ მე დედაჩემზე ხელი არასდროს ამიწევია. ვიცი, რომ დედას ალბათ ეწყინება, მაგრამ გულახდილად თუ ვიტყვი, გული უნივერსიტეტისკენ მაინცდამაინც არ მექაჩება. ზუსტი მეცნიერებებისთვის, მომზადება ნამდვილად არ მყოფნის, ხოლო ჰუმანიტარები, ყველანი, როგორც ერთი, კორპორაციის მომსახურენი ხდებიან, რადგან სხვა არჩევანი არ აქვთ. ასე რომ, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტის ამბავი, ალბათ ჩაიშლება. ალბათ აჯობებდა, დედაჩემს ეს ფული ჩემს ამერიკაში გასაშვებად გადაედო...
- ალო? ეს კენჯის ოფისია? მე ამერიკელი ტურისტი ვარ. ჩემი სახელია ფრენკი.
მან 29 დეკემბერს დამირეკა, დილის თერთმეტსა და თორმეტ საათს შორის. მე ზუსტად ამ დროს გაზეთში წავიკითხე სტატია მეათეკლასელი გოგონას მკვლელობის შესახებ, რომელიც სინძუკუს რაინში მუშაობდა სხვა გოგონებთან ერთად და როგორც ჩანს, კარგ ფულსაც შოულობდა. ამ გოგნას ხშირად ხედავდნენ ოკუბოს მახლობლად, ”ლავ-ჰოტელების” ქუჩაზე. გოგონას სხეული ნაწილებად იყო დანაწევრებული - ხელები, ფეხები და თავი, ცალცალკე იქნა ნაპოვნი კაბუკი-ტიოს ნაგავსაყრელზე. ეს ნაგავსაყრელი, მიუხედავად იმისა, რომ ხალხით გავსებულ კვარტალში მდებარეობს, საკმაოდ უკაცრიელი ადგილი იყო.
მოწმეები ჯერ არ არიან ნაპოვნი, რაც რათქმა უნდა, აფერხებს საქმის გამოძიებას.

თავი 11

”...სკოლის მოსწავლე გოგონებისგან განსხვავებით, რომლებიც მოზრდილ კაცებთან შეხვედრებზე დადიან, უცხოელი ქალები სხეულით ვაჭრობენ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არა აქვთ. იაპონელი ქალებიც ვაჭრობენ სხეულით, მაგრამ ძირითადად არა შემოსავლისათვის, არამედ იმისთვის რომ თავი დააღწიონ მარტოობას. მე არანაირად არ ვამართლებ, მაგრამ შემიძლია გავუგო ჩინეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს, რომლისთვისაც მთელი ოჯახი აგროვებდა ფულს, მისი იაპონიაში გასაგზავნად. იმისთვის, რომ იაპონიაში მუშაობით გამოემუშავებინა დახარჯული თანხა და მოგებაც მიეღო, თუნდაც მეძავობით. იაპონელ ქალებს კი ვერ ვუგებ. მგონია, რომ მათი ქცევა ბუნების საწინააღმდეგოა. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ვერავინ ხვდება რამდენად არაბუნებრივია მათი საქციელი. საბოლოოდ კი ისე გამოდის, რომ სერიოზული ბიძიები და დეიდები, იმის ნაცვლად, რომ პრობლემის შინაარსში გაერკვნენ, დგანან და პრობლემის მთელ სიმძიმე სხვათა მხრებზე გადააქვთ. თითქოს მათ არ ჰქონდეთ ამ პრობლემასთან არავითარი შეხება... ”

ამ უცნაური და საინტერესო მოთხრობის სრული ვერსია (რუსულად) შეგიძლიათ იხილოთ:http://www.readfree.ru/site/book/C428/



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები