ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფუსუსუნა
ჟანრი: პროზა
12 იანვარი, 2011


კიდევ ერთი წერილი მეგობარს

გამარჯობა.
ისევ მე გწერ. რაღაცები მომაგონდა და...
კი არ მომაგონდა, სახლს ვალაგებდი და ვიპოვე. ჩვენი ყუთი ვიპოვე. გახსოვს? ერთხელ საჩუქარი რომ მომიტანეს, ლამაზად შეფუთული (სად გვქონდა ხოლმე ასე შეფუთული საჩუქრები), ყუთი რომ გადავმალეთ “საიმედოდ” კარადაში, ტანსაცმელების ქვეშ. რაღაცებს რომ ვინახავდით შიგნით: ფერადი ქაღალდების ნაკუწებს, ლამაზ კენჭებს, ლოკოკინების ნიჟარებს... კიდევ ზღვიდან ჩამოტანილი ნიჟარის ნამტვრევს, ეზოში რომ ვიპოვე. როგორ გვინდოდა მთლიანი ნიჟარა, გახსოვს? წითელი, დახვეული, ყურზე რომ მიიდებ და ზღვის ხმაური გესმის...
კიდევ საშობაო ბარათებია ყუთში, ერთმანეთს რომ მივწერეთ და ჩვენვე გავაფორმეთ, ისეა ასოები “ლამაზად” დაკლაკნილი და ფანქრებით შეფერადებული, ძლივს იკითხება ნაწერი... კიდევ რა შემინახავს და... გახსოვს? შენ ქაღალდებისგან თვითმფრინავებს და გედებს აკეთებდი, მე გედების კეთება ვერაფრით ვისწავლე, სამაგიეროდ, ცხვირსახოცისგან “აკვანს” ვაკეთებდი და “პატარებს” ვაძინებდი. “აკვანი” არა და თვითმფრინავები და გედები კი შემინახავს...
კიდევ სკოლის რვეულიდან ამოხეული ფურცლები, ზედ რომ მასწავლებლები და კლასელები გვეხატა, პირიდან გამოსული ბუშტებით და წარწერებით. ნახატები რეალურ სახეებს სულაც არ ჰგავდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცოდით... კიდევ კანფეტების ქაღალდებისგან გამოჭრილი გულები ვნახე. ჩემი გამოჭრილები, თორემ შენ მათგანაც თვითმფრინავებს აკეთებდი, ვერცხლისფერ თვითმფრინავებს. ისინიც შემინახავს...
თოჯინებს და დედაშვილობანას არასოდეს ვთამაშობდით, არც – ექიმობანას და მასწავლებლობანას. გადამრჩენელობანას ვთამაშობდით ხოლმე.  გადასარჩენი ჩვენი ეზოს ცუგა იყო, ან – ფისო. რამდენჯერ “გადაგვირჩენია” სახლიდან მოპარული საჭმლით და რამდენჯერ მოგვხვედრია ამის გამო.
ყუთში ფოთლები და ყვავილებია გამხმარი. მე მიყვარდა მათი შეგროვება, შენ  - არა. მე სულ ვაგროვებდი და არ ვიღლებოდი დილას ნაპოვნი ყვავილის საღამომდე ტარებით, სანამ სახლში ავიტანდი. ერთი ეგ იყო, ყველაზე საყვარლები, პაწაწა ლურჯი ყვავილები ვერ ძლებდა და ხან ფოთლები სცვიოდა მალევე, ხან ისე უპატარავდებოდა, აღარც ეტყობოდა, ღეროს გარდა რა იყო...
ყუთში აღარაფერია.
სამაგიეროდ, იატაკზე ჩამჯდარს და მტვერში ამოგანგლულს საკუთარი მუხლები მხვდება თვალში და მეღიმება. აგე, ეს ჩვენი “ოპერაცია “თუთა”-ს შედეგი, აი, ის, ეზოში რომ არ შეგვიშვა მეზობელმა და გარაჟებით გადავფოფხდით, მაღალი კედლიდან ჩავხტით და, ხე რომ გავცალეთ, მერეღა მივხვდით – იმ მაღალ კედელზე უკან ვეღარ ავფოფხდებოდით, კარგად მოგვხვდა მაშინ...
ეს მეორე ნაიარევი მაშინ გამიჩნდა, მამაცი ინდიელები, ფეხმარდი ირემი (მე) და პატარა თახვი (შენ), მტრის ბანაკის ასაღებად რომ მივფოფხავდით. მხოლოდ ბრძოლის დასასრულს, გამარჯვების ყიჟინაზე გამოცვენილმა უფროსებმა რომ დაინახეს სისხლის კვალი ძირს, მერეღა შევამჩნიე – ფეხზე ყველაფერი რიგზე  ვერ იყო...
მოდი რა... მოდი ისევ ჩემთან. დავსხდეთ პირდაპირ იატაკზე, მაგიდის ქვეშ, და ისე ვილაპარაკოთ. შენ მომიყვები, სად დამარხე ის მკვდარი ჩიტი, შენთან კიბეზე რომ იპოვე, მე კიდე იმას გეტყვი, ბოლოს რომ წვიმდა, წვეთები რას მიყვებოდნენ. შენ დამცინებ და მე გავიბუტები, მერე ერთი-ორ ლოკოკინას მიპოვი, ან ლამაზ ფოთოლს და სულ დამავიწყდება გაბრაზება. მერე რა, რომ ახლა მე თვითონ ვაცხობ ნამცხვრებს, ისევ მოვარბენინებ ქვაბს და ერთად ამოვტლიკოთ თითებით, პირდაპირ ენითაც მოვასუფთაოთ ძირზე მირჩენილი კრემი და მერე ვიცინოთ ერთმანეთის მოთხუპნულ სახეებზე.  მერე რა, რომ ახლა ვიცი, რა ცუდია ჩამტვრეული საწოლი, მაინც ავძვრეთ ზედ და იმდენი ვიხტუნაოთ, სანამ მთელი ლოგინი ძირს არ გადაიყრება. და მერე რა, რომ უკვე დიიიიდი, ძალიან დიდი ხანია, ვეღარ ვბობღავთ ხეებზე. გადარჩენობანა ვითამაშოთ. მოვიპაროთ სახლებიდან ცოტა დრო და ჩვენი თავები გადავარჩინოთ, ვერასრულებული ოცნებები გადავარჩინოთ, დამტვერილი თვითმფრინავები ავაფრინოთ ჰაერში და ჩავიფიქროთ: “აი, იქამდე თუ მიფრინდა, მაშინ...”

მოდი რა...
გადარჩენობანა ვითამაშოთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები