 | ავტორი: კუშკი ჟანრი: პროზა 16 მარტი, 2011 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
(აბრეშუმის ჭია, როცა ძაფს მოქსოვს, მასში ეხვევა, მასში შუშდება და იქიდან პეპლად ამოდის. თუ პეპელამ დაასწრო ამოსვლა, აბრეშუმი ფუჭდება. ამიტომ, ჯერ კიდევ ძაფშემოხვეულ პეპელას, ადუღებულ წყალში ყრიან და ცოცხლად ხარშავენ, რომ მიიღონ უმაღლესი ხარისხის აბრეშუმი)
თავიდან აბრეშუმის ჭია იყო, ისევე, როგორც ყველა პეპელა. აბრეშუმის ჭიად დაიბადა, მაგრამ სანამ პატარა იყო, ხედავდა,როგორ ყრიდნენ ადუღებულ წყალში სხვა ჭიებს, რომლებიც პეპლად ქცევის მოლოდინში, აბრეშუმის ძაფშემოხვეულნი, მდუმარედ ელოდნენ ცის გახსნას და მზისკენ აფრენას. პატრონი კარგად ექცეოდა, კარგად აჭმევდა, მზის სინათლეს არ აკლებდა, ზედ დაჰკანკალებდა, მოკლედ ბედს არ უჩიოდა, მაგრამ მისი სამეზობლოდან, საპეპლოდ გამზადებული, ბევრი უნახავს და გაფრენილი არავინ. როგორც კი ჭიები ქსოვას იწყებდნენ და საგანგებოდ მათთვის დადგმულ ტოტებზე ჩამოეკიდებოდნენ, მოდიოდა დაღლილხელება პატრონი და ისინი სადღაც მიჰყავდა. მერე, მათზე არაფერი ისმოდა. ქვაბიდან საშინელი ოხშივარი ამოდიოდა და პეპლის ნასახიც არ ჩანდა. გადაწყვიტა არასოდეს მოექსოვა. ასეც იქცეოდა, გულში იხვევდა აბრეშუმს, მალავდა, რომ შეეძლო ქსოვა, მაგრამ რაც მეტს მალავდა, მით მეტად სტკიოდა გული. მის სიფრიფანა სხეულს, აღარ შეეძლო ამდენი ქსელის დატევა, რომელიც გულს უსერავდა. ერთადერთი ხსნა გაქცევაში იყო. უნდა გაქცეულიყო, გადახოხებულიყო ჯერ ამ დაფიდან, მერე ფანჯრის რაფიდან, მერე მიწა ეთხარა და სამშვიდობოს გასულიყო. მზე გადაიხარა. მალე მოვიდოდა დაღლილხელება პატრონი და დაფას მინის ყუთში ჩადგამდა. უნდა ეჩქარა ჭიას, უნდა გაესწრო, თორემ მინის ყუთიდან ამოღწევა ძნელი იქნებოდა. ძალ-ღონე მოიკრიბა და გაცოცდა. უკან კვალად რჩებოდა ძაფი, რაც მისი უეჭველი სიკვდილის მოახლოებას ნიშნავდა. ჩქარობდა, ძალას არ იშურებდა და რაფამდე მიაღწია. რაფიდან მიწამდე ძაფით დაეშვა და მოისუნთქა, თუმცა ვერ დაწყნარდა. ასე ეგონა, თვითონ ერთი ციდა კი არა, უზარმაზარი იყო და ყველას თვალში ეცემოდა, გამოეკიდებოდნენ ორთქლიანი ქვაბებით და იმ ჯოჯოხეთში უკრავდნენ თავს. სასწრაფოდ უნდა დაეწყო მიწის გათხრა და დაიწყო. უხეში იყო დიდი ხნის უწვიმარი მიწა, ნაზი სხეული სტკიოდა, მიწის ხორკლიანი ნამცეცები გულ-მუცელს უკაწრავდნენ, მაგრამ თავისუფლება ბევრად მეტი იყო და თავგამოდებით ჩიჩქნიდა. ვერ გაიხსენა როგორ აღმოჩნდა ღობის გადაღმა. ახლა ნამდვილად სამშვიდობოს იყო და შეეძლო პეპლად ქცეულიყო. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ქსოვა დაიწყო. ნელა უშვებდა ძაფს, ფრთხილად და გაფაციცებით. ყოველ ახალ წყებას, თითქოს სულს აყოლებდა. ძაფი, მარგალიტივით ელავდა და მჭიდროდ ეკვრებოდა ჭიის დაქანცულ სხეულს. ბოლო ნახვევიც ამოიხვნეშა და გონება დაკარგა. ეძინა დიდ ხანს და გაუნძრევლად, სიზმრად, მხოლოდ ფერად ნათებებს ხედავდა. დაღლილი სხეული ძალას იკრებდა. ძაფის ბუდეში, ნელ-ნელა ადგილი ცარიელდებოდა და ზემოთ, წერტილად მოსჩანდა ცა. სულ ცოტა იყო საჭირო და მთელი არსებით ეზიარებოდა ცის მშვენიერებას. წერტილი ფართოვდებოდა, ბუდე პირს იხსნიდა და ერთ დღესაც, ჭიამ, მთელი ძალით გაიზმორა, გაიჭიმა და დაუძლურებული ძაფი ფარფატით დაეშვა მიწაზე, მის ადგილას კი, ულამაზესი პეპელა გაჩნდა. მზე საოცრად ანათებდა და ათასფერად აელვარებდა პეპლის ფრთებს. ცისკენ აფრინდა პეპელა, მინდორს გადაევლო, მთებს შემოუარა, ყველა ყვავილს აკოცა, ყველა ფოთოლს მოეალერსა. ყველას გაუღიმა და... ცეცხლი დაინახა. ვიღაც კაცს კოცონი დაენთო და რაღაცას წვავდა. მოეწონა პეპელას ცეცხლი და კაცი და მათკენ გაფრინდა. მხარზე დააჯდა კაცს და ყურის იბილოზე აკოცა. კაცმა გამოხედა და გაუღიმა. პეპელას კაცი შეუყვარდა. კაცსაც შეუყვარდა პეპელა, მაგრამ ცეცხლს ვერ ელეოდა, არ შეეძლო უცეცხლოდ გაძლება. როცა ცეცხლს ხედავდა, თვალებში ნაპერწკლები ენთებოდა, თვითონაც ცეცხლივით აგიზგიზდებოდა და წვავდა პეპლის ლამაზ ფრთებს. სთხოვდა პეპელა ჩააქრე ცეცხლიო, თუ გიყვარვარ დასთმე ცეცხლი, თორემ დავიფერფლები და მოვკვდებიო, მაგრამ არ აქრობდა ცეცხლს კაცი. პირიქით, უფრო და უფრო უმატებდა და ერთ დილით, როცა პეპელამ გაიღვიძა და გვერდით გაიხედა, დაინახა რომ სრულიად უცხო კაცის გვერდით იწვა. სახეზე იცნობდა ამ კაცს, სუნიც ნაცნობი ჰქონდა, ცეცხლის, მაგრამ უცხო იყო. პეპელას ეს კაცი აღარ უყვარდა და უცებ მხარი ასტკივდა, ისე ასტკივდა რომ აფრენა ვეღარ შეძლო და ხოხვით გაძვრა ხშირ ბალახებში, მიწაზე ფრთაჩამოგდებული. ცეცხლს მთლიანად მოეწვა ცალი ფრთა, მისგან მხოლოდ პაწაწინა ნაწილი დარჩენილიყო, რომელსაც ფრთა არც კი ეთქმოდა. ბებერმა თუთამ შეიფარა პეპელა. არ იშურებდა მისთვის მწვანე ფოთლებს და ტკბილ ნაყოფს და ცოტა ხანში, მოამჯობინა კიდეც. ფრთა აღარ სტკიოდა, უბრალოდ ცუდად დაფრინავდა, მაგრამ ამასაც აღარ ნაღვლობდა, მთავარი იყო, რომ ცოცხალი გადარჩა. ერთი კი იყო. სამუდამოდ შესძულდა ცეცხლი და ყველა, ვისაც ცეცხლი უყვარდა. ასე გავიდა დრო. ერთხელ, პეპელა ეკლესიასთან მიფრინდა. გალავანში ხალხი შეკრებილიყო და მღეროდა. მათთან მოუნდა პეპელას ყოფნა და სიმღერა. ახლოს მიფრინდა და მხარზე დააჯდა ერთს. ხალხი ჟრიამულობდა, ხორხოცებდა, ის, ერთი კი, თითქოს გრძნობდა მხარზე პეპლის სიმძიმეს, ფრთხილობდა, ნაბიჯებს ზომავდა, სუნთქვას იკავებდა, რომ არ დაეფრთხო უცხო სტუმარი. მთელი საღამო მის მხარზე გაატარა პეპელამ და მერე გაფრინდა. მთელი დღე ეძება პეპელა მხრის პატრონმა და ტყეში მიაგნო, თუთის ხეზე მძინარს. ხელში სათუთად აიყვანა და წამწამზე დაისვა. ისე ეძინა პეპელას, არ გაუგია, როგორ გადაიარეს ტყე და როგორ მიადგნენ ხის პატარა ქოხს. პეპელამ, რომ გაიღვიძა ქოხში იწვა, ტანზე აბრეშუმის ქსოვილი ეფარა, ფანჯრიდან მზე დანათოდა და ჰაერი, ისეთი გამჭვირვალე იყო, როგორც არსად. აბრეშუმი გადაიძრო პეპელამ, გრძელი მკლავები გაშალა და გული მზეს მიუშვირა. თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში, მყუდრო სახლში. სახლის პატრონი საწოლთან უჯდა და თვალს არ აშორებდა ცალფრთა პეპელას. ეს სიფრიფანა ნახევარი არსება, მისი არსების ნაწილი ხდებოდა, მისი სულის ფერადი ასლი და რომ სცოდნოდა, როგორია სიყვარული, ალბათ შეუყვარდებოდა კიდეც. ხელის გული უყვარდა პეპელას ამ კაცის, მის ხელის გულზე ჯდომა და არაფერზე ფიქრი. კაცი უყვებოდა ბევრს, ეკითხებოდა ცოტას და კოცნა სურდა. პეპლის არსება, ამ კაცით ივსებოდა, ნაირფერდებოდა და ახალ ფრთებს ისხამდა, მაგრამ კაცს, ცეცხლი უყვარდა და პეპელას, პანიკურად ეშინოდა ცეცხლის. როცა კაცი ბუხარში ცეცხლს დაანთებდა, პეპელა კუთხეში მიიყუჟებოდა და ცახცახებდა. კაცი თვრებოდა ცეცხლით და მისით გათამამებული, ძლიერ ხელებს ხვევდა პეპელას. იცოდა პეპელამ, რომ კაცი, არასდროს არაფერს დაუშავებდა, მაგრამ მისი შიში, მასზე ძლიერი იყო და არ შეეძლო შეგუებოდა. ტიროდა პეპელა, ცეცხლი გიზგიზებდა და კაცი თვალებში შეჰყურებდა თავის პეპლადქცეულ ნაწილს. საოცარი პეპელა იყო, ქსოვა შეეძლო. მართალია, დიდი ხანია აბრეშუმის ჭია აღარ იყო, მაგრამ ქსოვა შეეძლო. ხშირად ქსოვდა. ამ კაცს უქსოვდა ნაირფერ ფარდებს და კაცს უყვარდა მათი შეხება. ჩემთვის მოქსოვეო, სთხოვდა პეპელას და ქსოვდა პეპელა, არ შეეძლო ამ კაცისთვის უარის თქმა. არც პეპელამ იცოდა, როგორი იყო სიყვარული, თორემ ალბათ უყვარდა კიდეც. ,,მე რომ მოვკვდები, შემპირდი, რომ მომიქსოვ სუდარას, იმიტომ რომ ჩემს სუდარას, სხვა ვერავინ მოქსოვს” სთხოვდა კაცი და ისე კოცნიდა, პეპელას ფერი ეკარგებოდა, მუხლები უკანკალებდა და ვერ უძლებდა კაცის სიმხურვალეს. ერთხელ, სარკეში ჩაიხედა პეპელამ. შემთხვევით ჩაიხედა და კარგად დააკვირდა თავის თავს... ჯერ გაუკვირდა, მერე ახლოს მივიდა, ააკანკალა, შეძრწუნდა და კივილნარევი ღრიალი აღმოხდა. პეპლის მოქარგულ ფრთებქვეშ, საზიზღარი არსება შემალულიყო, რომელიც სილამაზეს იჩემებდა. თვალის დახუჭვის ეშინოდა პეპელას, მუდამ სარკეში ნანახ, საზიზღარ ურჩხულს ხედავდა და ძილი კი არა, სიცოცხლეც აღარ უნდოდა. ეუბნებოდა კაცს, უნდა წავიდეო, არ შეიძლება ჩვენი ერთად ყოფნა, მე, ის არ ვარ, ვინც შენ გგონიაო, მაგრამ ჯიუტი იყო კაცი და არ უნდოდა დაჯერება. მას, ისეთი უყვარდა პეპელა როგორიც იყო, დამწვარი ფრთებით, უჩხულის სულით და ლამაზი ძაფებით. და ბოლოს გაიგო პეპელამ მთავარი, რომ პეპლები, თურმე, მხოლოდ სამი დღე ცოცხლობენ. ქარმა მოუტანა ამბავი და გული ჩასწყვიტა. სწორედ მაშინ იწყებოდა დასასრულის დასაწყისი, როცა სიცოცხლის გემოს იგებდა. აღარ შეეძლო დარჩენა პეპელას და გაფრინდა. ისე გაფრინდა, რომ ერთადერთი ფრთა ქარმა წააცალა. კაცი ქოხის ფანჯარასთან დატოვა, ყველაზე მტკივნეული კოცნით და თვალებში დიდი სევდით. ქოხის ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "რომ იცოცხლო, უნდა იბრძოლო გადარჩენისთვის".
ემოციური ნაწერია.
"რომ იცოცხლო, უნდა იბრძოლო გადარჩენისთვის".
ემოციური ნაწერია.
1. წითელი ხელი მოაშორეთ, კორექტურაც ბევრია////
დანარჩენი კი რავიმმმ... ძლიერია...
დავინახე ქალი ჯერ ბედნიერი, მერე მიტოვებული, მერე ისევ ბედნიერი,,, მაგრამ,,, მაგრამ საბოლოოდ მაინც შინაგანი ხმის მონა, რომელმაც სიკვდილი აიძულა, ან უბრალოდ სულიერი სიკვდილი!
არამმმ... აშკარად მომეწონა!
++ წითელი ხელი მოაშორეთ, კორექტურაც ბევრია////
დანარჩენი კი რავიმმმ... ძლიერია...
დავინახე ქალი ჯერ ბედნიერი, მერე მიტოვებული, მერე ისევ ბედნიერი,,, მაგრამ,,, მაგრამ საბოლოოდ მაინც შინაგანი ხმის მონა, რომელმაც სიკვდილი აიძულა, ან უბრალოდ სულიერი სიკვდილი!
არამმმ... აშკარად მომეწონა!
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|