ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პროზა
8 სექტემბერი, 2008


წერილი ზღვისპირა ფსიქიატრიულიდან (სერიიდან ,,სულელური წერილები")

ძვირფასო,
კარგია ტყე,
მიყვარს ხეები, მაგრამ ცა უფრო
აქ ორი ცაა
ერთი ის,  რომელიც ყველგანაა,
მეორე თავიდან იმისი სარკე მეგონა, ერთი მხიდან უსასრულო და მეორე მხრიდან გრძელ სახელურიანი,
მერე რომ დავაკვირდი პირველი ცა უფრო ღრუბლიანი იყო და სარკე გაფუჭდათქო ვიფიქრე, ხოდა მივედი და გაბრაზებულმა ფეხი ჩავარტყი
გგონია გატყდა?
აიზილა და ისევ გამრთელდა
მივხვდი რომ ეს სხვა ცა იყო
თან ისე ძალიან ახლოს, სულ ჩემთან
გვერით ვეჯექი და ვუყურებდი როგორ დაცურავდნენ შიგნით გამჭვირვალე ვარსკვლავები და პლანეტები

ისე მომეწონა, ვიფიქრე შევალ და მეც იქ ვიცხოვრებთქო, მაგრამ შიგნით ისე ჩავიფალი ძლივს ამომათრიეს და ისევ იმ საშინელი სახლისკენ რომ წამიყვანეს მაშინდელივით დამემართა, გახსოვს? რაღაცნარად რომ ვყვიროდი და ვიგრიხებოდი, თან ხელებზე ვკბენდი იმ თეთრხალათიან ,,ანგელოზებს"
ხოდა დამტოვეს ცასთან.

იქ ვცხოვრობდი ხუთი დღე
არ ვშორდებოდი, ვარსკვლავებს ვეთამაშებოდი, ხანდახან უცნაურად წვიმდა, წვიმის წვეთებს და ღრუბლებს ისროდა იმ დიდი ცისკენ,
ხან ფეხებზე მეფერებოდა
კენჭებზე შენთვის შეტყობინებებს ვჩხაპნიდი და ცაში ვყრიდი, ცა ხომ ყველგანაა და თან ეს ცები ერთმანეთს უერთდებიან საღამოობით, როცა მზე ქვემოთა ცაში ჩამოდის, და დილაობით როცა მზე ზემოთა ცაში ადის

მერე მეორე ციდან ბევრი წვიმა წამოვიდა, ესეც უფრო გაბრაზდა და სულ ზედ მეხეთქებოდა,  სული მეხუთებოდა სიამოვნებისგან და სიხარულისგან და მერე არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ისევ ,,ფსიქიატრიულში", ესე ეძახიან თეთრხალათიანები იმ თეთრკედლებიან ჯოჯოხეთს.

ამასწინათ ერთი კეთილთვალებიანი და დიდწვერება კაცი მოგვიყვანეს. გვასწავლა, რა იყო სამოთხე და ჯოჯოხეთი. მე ვთქი, აი სადაც ორი ცაა ის ადგილი სამოთხეა და ეხლა კიდე ჩვენ ჯოჯოხეთში ვართ მეთქი და კეთილმა კაცმა გამიღიმა, ზემოთ აიხედა, ცოტა ცრემლიანი ქონდა თვალები და მალავდა მგონი, მომეფერა
მე ძალიან შემიყვარდა ეს კაცი, იმიტომ რომ ჩვენი ფერადთვალებიანი მომვლელი ჯერ დამცინებდა და მეასედ მეტყოდა რომ შვიდი წლის ბავშვივით ვაზროვნებ და მერე იმ სოროში ჩამკეტავდა, გახსოვს? შენც იმ სოროში გაგიცანი, მაშინ მე კედელი ცისფრად გავაფერადე და ღრუბლები დავახატე, შენ კიდე რადიოს დაშალე და დაგსაჯეს, არადა იმათ რა იცოდნენ რომ უბრალოდ გნომებს ეძებდი.
მაშინ კარგი იყო,
ეხლა სულ მარტო მკეტავენ.

თითქმის უგონოდ ვიყავი.
ჯერ ძალინ მციოდა, მერე სულ გავხურდი
არაფერმა მიშველა. არც ფერადმა და არც მწარე წამლებმა.
თავიდან გაუნძრევლად ვიწექი, ცუდად ვხედავდი და ცუდად მესმოდა, ერთხელ გავიგონე ერთი ექიმი მეორეს როგორ ეჩურჩულებოდა: დიდხანს ვერ გაძლებსო
კარგია რომ ხვდებიან, აქ რა გამაძლებინებს

მერე ის გრძელწვერებანი კაცი მომიყვანეს, დავმშვიდდი მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი, ვიხრჩობოდი
თვალებში მიყურებდა დიდხანს და ყველაფერს მიხვდა
ექიმს უთხრა გაუშვით სადაც უნდა, ტყუილად ტანჯავთ მაინც გარდაიცვლებაო
უფრო დავმშვიდდი
და რა არის მეთქი ,,გარდაიცვლება"? - ვკითხე
თავიდან დაიბადები, ცაშიო
ცაში, ცაში, მინდა ცაში
გამიღიმა, სევდიანი და კეთილი თვალები აუციმციმდა და მითხრა, ცაში შენით ვერ წახვალო,
მე წაგიყვან შენს სახლში, მე წაგიყვან, მე
თან მეფერებოდა

ნივთებს ვალაგებ, დღეს სამუდამოდ გადავსახლდები, თან მიმაქვს შენი წერილები და დედას გამოგზავნილი პლასმასის პეპლები
ერთხელ ვთხოვე ბევრი გამჭვირვალე პეპელა გამოეგზავნა, აქ მარტო პეპლები არ იყვნენ და იმიტომ
დედამ ეს პლასმასები გამომიგზავნა, ვერ ვიშოვეო, არ მეცალაო, მაპატიეო მწერდა
გავბრაზდი, აღარც მე გავუგზავნი შეპირებულ ღრუბლის ნაგლეჯებს.

დღეს ეს კეთილი კაცი წამიყვანს ჩემს ცასთან
მერე შენს ტყეში მოვა და ჩემ წერილს მოგიტანს,
შემპირდა

მომწერე
ჩემი მუდმივი მისამართი: ნიჟარებიანი თეთრი აივნის და უსახურაო ბამბუკებიანი სახლის წინ
ცასთან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები