ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
28 მარტი, 2014


ამბიციური ტარაკანების მარში

-რა არის ახლა ეს?... ამიხსენი კაცურად და კი ბატონო, მეც შევუერთდები საერთო აღფრთოვანებას.
-ვინ ნახე აქ აღფრთოვანებული
-ისე ვამბობ, სიტყვაზე... გაუგე შენ რაიმე?
-არ არი მთავარი ბოლო შტრიხამდე ყველაფერი გასაგები იყოს... ემოციური მომენტია -- დაგაფიქრა? ესე იგი არი რაღაც...
-დამაფიქრა? პრინციპში კი... და იცი რა მომაფიქრა?-- ფეხს არ შევდგამ აწი "სიმბოლისტი აბსტრაქციონისტების"  გამოფენაზე. თუ აფიშაზე მიაწერენ, რა თქმა უნდა.
-შენი ნებაა... ცოტა ჩუმად ოღონდ, უხერხულია, ავტორი დგას აგერ.
ავტორი სხვა ავტორის ტილოსთან იდგა. მკერდზე ხელებგადაჭდობილს, ცალი ფეხი ცოტათი წინ გაედგა და ოდნავ შებრუნებული, ოდნავაც ზეაწეული თავით, ნაწარმოებს სახეზე მკაფიოდ აღბეჭდილი მოწონებითა და ინტერესით უყურებდა. გარდა მოწონებისა სახეს მოკლედ შეკრეჭილი, ან შეიძლება კარგა ხნის გაუპარსავი წვერი, ჭეშმარიტად ხელოვანის ელფერს სძენდა და პოზა ხომ, ხაზს უსვამდა ყველაფერ ამას.
-ნორმალურად ვერ დადგება მერე?
-კარგი, ჰო! რა ბავშვივით იქცევი.
-ვერ ვიტან ასეთ ფასონობას... იცი შენ.
-შეგაწუხა რაიმეთი?
-ეგღა მაკლია ახლა, ტარაკანებმა შემაწუხონ...
ტარაკანებს, უკმაყოფილო დამთვალიერებელი, როგორც თავად თვლიდა, მისი აზრით "ამბიციამოჭარბებულ მხატვრებს" უწოდებდა. გამოფენას ასევე მისგან შერისხული მხატვრებისა კი "ტარაკანების გამოფენა" ერქვა.  მისთვის, რა თქმა უნდა, თორემ სხვა დამთვალიერებლებს ეჭვიც არ ეპარებოდათ რომ  ოდნავ უცნაური მიმდინარეობის, ჩვეულებრივი  გამოფენით ირთობდნენ თავს.

რატომ მაინცადამაინც ტარაკანებისო, ჰკითხა ერთხელ განუყრელმა მეგობარმა.  მოკლედ აუხსნა _  იმიტომ რომ, უნებლიედ ბოროტები არიან ტარაკანებიო.
რაღაც მთლად კარგად ვერ გავიგეო, განუყრელმა და მაშინ ასეთი რამ მოისმინა:
-არც ერთ ტარაკანას აზრადაც არ მოსდის რაიმე გავნოს, როცა მაგიდაზე დარჩენილ პურზე გადარბის. მეტიც ტარაკანებზე მფრთხალი და მშვიდობიანი არსების წარმოდგენაც კი გაგიჭირდება კაცს...
მაგრამ რა? ათას უბედურებას შეუძლია გადაგკიდოს, მოშივებულზე იმ პურს როცა მიაძღები. ასე არ არის? 
ასეა! ახლა სხვა რაკურსით შევხედოთ საკითხს.
არა მხოლოდ პურითაო -- ნათქვამია ხომ,  და მე და ჩემნაირები მივდივართ გამოფენაზე, კონცერტზე, ვკითხულობთ ლიტერატურას და რა ვიცი კიდევ რას არ მივედ-მოვედებით დამშეული სულის მოსალხენად... აქ კიდევ რა?! -- ჩვენ, სულის "დასაპურებლად" მოსულებს, გვხვდება მხატვრობაზე ამბიციური პირი და  მდარე, მეტიც, უსაშველოდ მდარე ნაჯღაპნს გვთავაზობს... ანუ უნებლიედ, თავისი ამბიციის ხუშტურზე, მინგრევს  გემოვნებას, ხელოვნებასთან მიმართებას, სულის სიჯანსაღეს ბოლოსდაბოლოს... თან საითაც გაიხედავ ყველგან არიან -- ხატავენ, მღერიან, წერენ და რა ვიცი კიდევ რას არ აკეთებენ, ოღონდაც ყურადღება მიიპყრონ. გამოარჩევენ მერე ერთს, სოფლის გიჟივით და ტაშით უმღვრევენ ისედაც არეულ გონებას.  იმას კიდევ გენიოსი ჰგონია თავი და მიდიი...
არ მითხრა ახლა გაიარეო... საითაც არ გავიარე, ყველგან ესენი არიან -- ვარსკვლავ-გენიოსები, მეტი ბრწყინვალებისთვის პროჟექტორებს ჩაგირთავენ და ხელოვნურად აკაშკაშებულ  ცაზე  ჭეშმარიტ ვარსკვლავს შეიძლება ვერც მოჰკრა თვალი. ცოტანი არიან ძალიან და იმიტომ. თან შეგნებულები  და არა  ამპარტავნები. მაინც და მაინც  მხატვარი  უნდა ვიყო ნახატით რომ დავტკბე? რა? არ მაქვს უფლება ჯანსაღი პროდუქტი მოვითხოვო?
მე არ ვამტკიცებ რომ ისინი ბოროტები არიან, მაგრამ ტარაკანებისა არ იყოს, კაი საქმეს არ აკეთებენ... მითხარი ახლა რითი სჯობიან ტარაკანებს? _ არაფრით!!!

არ შეკამათებია მაშინ.
იმიტომ კი არა, რომ ყველაფერში ეთანხმებოდა _ ისე თვალებანთებული ლაპარაკობდა, შეკამათებას აზრი არ ჰქონდა.
ახლაც ისე უელავდა თვალები, ავისმომასწავებლად გასცქეროდა მშვიდად მდგომ, კოლეგის ნახატით გართულ ავტორს  და ეს შემაშფოთებლად ენიშნა განუყრელ მეგობარს.
-უკაცრავად რომ მყუდროება დაგირღვიეთ... მოგწონთ ალბათ ეს...
-დიახ!!! კარგი რამაა,  საინტერესო...
-და რითია საინტერესო, კარგს რომ თავი დავანებოთ?.. იქნებ მეც ამიხსნათ, ძალიან გთხოვთ... მართლა მაინტერესებს.
-მესმის თქვენი... ეს "აბსტრაქტული  სიმბოლიზმია". ყველა ისე აღიქვამს, როგორი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაც აქვს.
-ჩემი შესაძლებლობლები ამის გასაგებად მოკრძალებულია, როგორც ჩანს... მაგრამ მაინც გკითხავდით, როგორც სპეციალისტს...
-ბოდიში მაგრამ,  მე მხატვარი ვარ...  მხოლოდ და მხოლოდ მხატვარი.
-რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა ხართ და სწორედ ამიტომ გეკითხებით. ეს ხომ ანტენაა... ანძას რომ ეძახიან, არა? ოთახისას გავს...
-დიახ.
-ესეც უთო, ხომ?
-დიახ
-და ესეც კვერცხი, არა?
-დიახ, კვერცხია.
-ეს რისი ამოცნობაც შევძელი... გულწრფელად გთხოვთ მითხრათ. თქვენი, როგორც ამბობთ, ინტერპრეტაცია ამ ყველაფრისა როგორია?
-ნახატისა, არა? მთლიანობაში... ანუ კომპოზიციის.
-ჰო... რაც არის იმის.
-თუ გავითვალისწინებთ რომ უთო სითბოა, კვერცხი სიცოცხლე  და ანტენა ინფორმაციული ნაკადი, რომელშიაც ვცხოვრობთ...
-უთოზე რა ბრძანეთ?
-სითბოს სიმბოლოა მეთქი...
-კი,კი,  რა თქმა უნდა...როცა ჩართულია და დენიც თუ არის, კი...  თბილი კი არა ცხელიც კი შეიძლება იყოს... ეგ არაფერი!  მერე?
-მოკლედ...  ჩემი აზრით, ავტორი გვეუბნება რომ სიცოცხლე, სითბო, ინფორმაცია უმთავრესი საყრდენებია ჩვენი სამყაროსი.
-აჰაა... რაში ყოფილა საქმე! ანუ სანამ უთო არ გამოვიგონეთ ადამიანებმა, სითბოზე წარმოდგენა არ გვქონია, ხომ? და რომ არა ანტენა, ჭურში მჯდარა კაცობრიობა, არა?.. კვერცხზე ჯერ არაფერს ვიტყვი.
-არა... არა... ეს მხატვრის პიროვნული მესიჯია. იცით რა, "აბსტრაქციული სიმბოლიზმი", როგორც მიმდინარეობა ხელოვნებაში, მეტი სისავსით რომ გაიგოს ობივატელმა, ძალიან ბევრი რამ უნდა ჰქონდეს წაკითხული და გააზრებული... ძაალიან ბევრი.
-ვთქვათ და დასაწყისში, ამ გზაზე რას "გვირჩევდით", პირადად მე?
-აბა რა ვიცი... რა გაინტერესებთ, რა გიზიდავთ
-ვთქვათ  და,  სტანდარტულ ობივატელს.
-კარგი ახლა... ნუ შეუწუხე გული ადამიანს - განუყრელი გრძნობდა, რომ დიალოგი კრიტიკულ ფაზაში შედიოდა
-პირველ ეტაპზე - ღირსეულად ეჭირა თავი მხატვარს - ბოსხი გენახათ იქნებ, თუნდაც რეპროდუქციებში... შოპენჰაუერი წაგეკითხათ, ან თუნდაც  ბლეიკის ნაშრომებისთვის გადაგეხედათ... რა ვიცი. არჩევანი დიდია.
-ჯანმრთელი მათხოვარი, ავადმყოფ მეფეზე ბედნიერიაო - განუყრელს მიმართა რატომღაც.
-ვერ გავიგე?- შეცბუნებული ჩანდა ავტორი
-ეგ არაფერი... შენ ეს მითხარი, ტარაკანებზე რა აზრისა ხარ?
-ბატონო? - ამრეზით მოხედა მხატვარმა
-გეყოფა ახლა!.. წავედით!!! - კატეგორიულად მოითხოვა მეგობარმა, მკლავში გამოსდო ხელი და გასასვლელისკენ გაქაჩა.
-ტარაკანებზე - თვალები ანთებოდა მაშინდელივით - ტარაკანაც ხომ არის რაღაცის სიმბოლო...
-გეყო მეთქი...- მართლა გაბრაზდა განუყრელი და ისიც დაჰყვა მის ნებას.
რამდენი გიჟი დადის ამ ქვეყნადო, გაიფიქრა მხატვარმა, ამას ბედი ჰქონია,  პატრონი მაინც ჰყავსო  და სხვა ავტორის არანაკლებ საინტერსო ტილოს ჩაუღრმავდა, რომელზედაც ალაგალაგ, ძველი გაყვითლებული გაზეთის ნახევები ისე ოსტატურად დაეკრა ავტორს, მნახველი გაოცდებოდა.

-ზედმეტი  მოგდის ზოგჯერ... მე მოვკვდე!
-მე მომდის ზედმეტი? მე-ე? ტიპი მეუბნება შოპენჰაუერი წაიკითხე ჯერო, ბოსხი ნახეო მერე, თუნდაც რეპროდუქციებშიო... მაგარი შეღავათია რა! მერე ვიღაც კიდევო და ამის მერე მოდი და დატკბი ჩემი ნაცოდვილარითო... და შენ მეუბნები, რომ მე მომდის ზედმეტი?
-შენ მოგდის შენ!!! არ მოგწონს, გაიარე რაღა! წადი და შენი მოსაწონი ეძებე... და არ დამიწყო ახლა ოპერის თეატრის სალაროებთან მითენებია ღამეებიო. ტარაკანები იყვნენ და იქნებიან, აქაც და სამზარეულოშიც... ვაა... შარი ხარ, აი!
-იყვნენ მერე... მე არ მაქვს ამბიცია მათი მოსპობის, მაგრამ იცოდნენ მაინც რასაც წარმოადგენენ...აბა რა! სხვაგვარად არ გამოვა ძმაო! პური გამიბანძო  და მე კიდევ ტაშით გადავიყვლიფო ხელები?
-იცი  რა გითხრა? შენი პურისა შენ იდარდე... ნუ მიაგდებ, დამრჩაოს მომიზეზებით და ჭამე მერე გასკდომამდე თუ გინდა... იქნები ჯანზე იმ მათხოვარივით.... ჰო, მართლა. საიდან მოიტანე ეგ ანდაზისმაგვარი.
-შოპენჰაუერია ბატონო.
-ვაახ... წაკითხული გქონია და რა გინდოდა იმ კაცთან?
-იმას? როგორ ფიქრობ შენ.
-იმას რა?
-თუ ქონდა წაკითხული, მე რომ მმოძღვრავდა
-მე რა ვიცი
-მე ვიცი, რომ არა.
-იცის ამან!
-ვიცი... ვიცი... იმიტომაც მომეშალა ნერვები. ვერ გავიგეო, მე არ მითქვამს და არც შენ.
-მაგარი დასაბუთებაა!
-არაფერს ვასაბუთებ... ვგრძნობ ამას, სიყალბის სუნი მეცემა ხოლმე მაშინ.
-ეს არ არის არგუმენტი... მაგრამ, დავუშვათ  მართალი ხარ... და რა მერე?
-რა და, შეიარაღდებიან ამბიციური ფრაზებით, უთოს სითბოს სიმბოლოდ გამოგიცხადებენ, ანტენას ინფორმაციის,  თავის ცხოვრებაში ერთხელაც არ შეღებავენ კვერცხს სააღდგომოდ და ისე დაგიწყებენ ზემოდან ყურებას, თითქოს სამყაროს იდუმალება გაშიფრეს. ტილოს შეღებავენ და მხატვრებად ინათლებიან, სცენიდან ღნავილის თუ არ სცხვენია, რა თქმა უნდა მომღერალია  და ხელი თუ ექავება მწერალი...  ასე იწყება ამბიციური ტარაკანების  მარში... აი რა!
-დარწმუნებული ხარ რომ ასეა საქმე და არავითარ შემთხვევაში სხვაგვარად, არა?
-რა თქმა უნდა!
-მსჯელობის კატეგორიულობა, ჩემო კარგო, შეზღუდულ გონებას ახასიათებს!
-ვაა... მაგარია. საიდან?
-შოპენჰაუერი.  ფიქრობ ერთ ეგზემპლიარად გამოიცა? და ისიც შენ გაქვს სახლში?
-ვააჰ... გამიხარდა, აი.
-წესით არ უნდა გიხაროდეს... დაფიქრდი აბა...
დაფიქრდა...
მალევე შეწუხდა და
-აუფ... რა გამოდის, მეც ამბიციური ვარ?
-ჰო, ასეა... მაგრამ საბედნიეროდ შენ ტარაკანა არა ხარ. და ეს არც ისე ცუდია... სადღაც კარგიც კი შეიძლება იყოს.
ვითომ რატომო, ოდნავდამშვიდებულმა.
- იმიტომ რომ არც ხატავ, არც მღერი, არც წერ და  რა ვიცი კიდევ რეებს არ აკეთებო -  უთხრა განუყრელმა მეგობარმა, განუყრელი ღიმილით.

... და ჩაუხვიეს მერე უახლოესი სახინკლისაკენ, სულის მოსალხენად და კუჭის დასაპურებლად,  ან სულაც პირიქით... ხინკალს გააჩნია.
და აქ ლოგიკური იქნება თუ დავწერთ რომ
"სადღაც შორიდან კი  ამბიციური ტარაკანების მარში ისმოდაო"
მაგრამ ისმოდა რო?
რა ვიცი... რა ვიცი. 
გააჩნია ალბათ, ვინა ხარ, რა გიხარია...  რა ხასიათზე ხარ, ბოლოსდაბოლოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები