ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: იუმორისტული
18 ნოემბერი, 2011


კახური "ფილოსოფიური" :)

უხხხ შშენნიიი - სიმწრით წამოიყვირა, იქვე  "ვაახ... რა ჩახოხბილიო" -  გაფიქრებაღა  მოასწრო  და ამ ენით აუწერელ სინანულში დაკარგა გონი. თუმცა მანამადე მზერა ჰკიდა წითელი, გამოუმწვარი აგურის ნამტვრევებს შესაშური კანონზიმიერებით, ნაპერწკლებივით  რომ მიმოიფანტა მის ირგვლივ.  ნაპერწკლები კიდევ, ჯერ თვალის მომჭრელ შუქად იქცა და შუქი იგი მერე, თითქოს მაღალი ძაბვის ანძა დაზიანებულიყოს ჩვენს  საამაყო ელქსელში, ნელნელა მიინავლა. ბოლოს ქვაბს მიმწვარი ჩახოხბილის შემაშფოთებელი სუნიც მოწვდა რატომღაც, საწყლად გაეღიმა და ჩამობნელდა კიდეც...

***
-რა აგური?..  რა  თავში? - იკითხა და რატომღაც ცეცხლზე შემდგარ ჩახოხბილს გახედა შეშფოთებულმა ქალმა, ქვაბის სახურავს რომ ორთქლით ათამაშებდა... ასევე "რატომღაც", მხოლოდ მაშინ იგრძნო მთელი სიმძაფრით ვითარების ტრაგიკულობა და ამავე დროს რომ არ წაქცეულიყო, წარმოდგენილით ელდანაკრავი,  იქვე მდგარ უზურგო სკამზე, "ტაბურეტს" რომ ეძახიან მოფერებით, ჩამოჯდა.  მკლავები უმწეოდ ჩამოყარა და გვერდით საპატიო ყარაულივით მდგომი ორი მეზობლიდან ერთერთს, რომელსაც უფრო ენდობოდა ალბათ, თავით მიეყრდნო. მანაც არ დააყოვნა - მზრუნველად გადაუსვა თავზე ხელი და მეორე "ვახტიორს" გახედა ნიშნისმოგებით. იმან, რა თქმა უნდა არ შეიმჩნია, მითუმეტეს რომ ღია კარებიდან უკვე მოისმოდა საქმიანი კაცის ხმა.
-თავით, თავით კარებისკენ,  ცოცხალია მგონი - “ფეხებით წინ მოესწრება კიდევო” ეს არ უთქვამს საქმიანს, მხოლოდ გაიფიქრა, რაც მართალია მართალია.
-რა იყო შე კაცო, შეგვაქვს ხომ არ გამოგვაქვსო - იუკადრისა კარნახი არანაკლებ კომპენტენტურმა საპროცედურო საკითხებში მეზობელმა და თავისიც გაიტანა.
"პრინციპში სწორიაო" - მდუმარედ აღიარა პირველმა, მაგრამ მაინც თავით სჯობდაო, ასევე მდუმარედ იდგა თავისაზე.
თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა თავად დაზარალებულისათვის, რომელსაც სახეზე უცნაური ღიმილი შეჰყინვოდა.
- რა მიქენი კაცო ეეეს! - ამოიკვნესა ქალმა, სახეზე უცნაურღიმილშეციებული კაცის დანახვაზე და  ამჯერად სავსებით გააზრებულად  ჩახოხბილის შესაკმაზად გამზადებულ ხახვ-მწვანილის გორას გახედა, რასაც ლოგიკური, მაგრამ გულისმომკვლელად  სასოწარკვეთილი - ამას ვისთვის ვაკეთებ აბა - ო,  მოჰყვა.
მეზობელი ქალები, საპატიო ყარაულში რომ იდგნენ, ცხვირსახოცების მომარჯვებით და თანაგრძნობით სავსე წაქვითინებით გამოეხმაურნენ ჭირისუფლის  უსასოო შეცხადებას. ხოლო მამაკაცებმა ნერწყვი გადაყლაპეს, შეუმჩნევლადო რომ იტყვიან ისე  და სინქრონულად ჩაახველეს, რაც ნიშნავდა რომ ჩახოხბილი აქ არაფერ შუაშია, ჩვენც გულწრფელად განვიცდით მომხდარსო.
ჩახოხბილს კი მართლაც რომ მადისამღძვრელი სუნი ასდიოდა და სულაც არ იყო მიმწვარი.

შუადღისას, სადილობამდე დიდი რომ არაფერი აკლდა, მაშინ დატრიალდა ეს უბედურება გოგიაანთ ეზოში, თავად გოგიას თავზე.
გუშინ კი, საღამოს, როცა ეზოში ჩასახოხბ ქათამს არჩევდა და ვერაფრით გადაეწყვიტა, რომელი მათგანი იმსახურებდა ამ პატივს...
-ჩამოაგდო იქნებ  კაცო, ჰა? - ცერად გასცქეროდა ვარდო, გოგიას მეუღლე, პარაპეტის წყობიდან უშნოდ გამოჩრილ აგურს.
-დრო მოვა, თავისით ჩამოვარდება… სახურავზე მაძრომიალე ახლა - აბუზღუნდა გოგია
-შენც ადექი და ჭოკით ჩამააგდე.  ვინმე არ დაამარცხოს  კაცო.
-ვინ უნდა დამარცხდეს ქალო, ჩვენი საწოლის ფანჯრებ ქვეშ?… შენ, მანდ რამე ხომ არ შეგშლია ამ სიბერეში? ჰა?
-ვაიიი... გაწყდით ერთიანად.

დღეს დილით კი,
-მაშ, უარს ამბობ კვერცხის დადებაზე, არა?! - აუხირდა ყელშიშველას და წითელქოჩორას, ალმაცერად გამოხედა რომელმაც და საკითხი გადაწყვეტილად ჩათვალა.…
ჩასახოხბისა, რა თქმა უნდა, თორემ ზოგიერთი უმნიშვნელო რამ, ჯერაც დღის წესრიგში რჩებოდა. მაგალითად, გაფიცულის დატუსაღება, რომელსაც რაღაც ეგრძნო და გოგიას თვალს არ აშორებდა.  სიმინდის ზორბა ტარო დააძრო გოგიამ და ცოტა გაკეკლა სატყუარად. მოცვივდნენ ქათმები. ის კი, შერჩეული, ფრთხილობდა თითქოს.
-ერთი ამაი უყურე!!! - კბილებში გამოსცრა გოგიამ, გაბრაზებულმა სიმინდის ტარო დამიზნებით ესროლა და ატყდა ქოთქოთი. დაიფანტნენ შეშინებული ქათმები. მხოლოდ საკმაოზე მეტად შებერებული დედალი ფართხალებდა ფეხმიტეხილი.
- აკი ყელშიშველაო, კაცო - ფაქტზე წაასწრო მეუღლემ, და განწირულად მოკრიახე დედლისკენ გაფრატუნდა.
- არც მაგაი აცდება... დღეს ეგ იყოს, რაღაი ჭკუა არ ეყო - იხტიბარი არ გაიტეხა გოგიამ.
- ქათმის ჭკუა ვინა თქვა კაცო. მიდიხაარ?
- ხო... არ მიგეწვას დღესაც, წეღანდელივით. დროზე გადმოდგი, დროზე.
- ჩამოგეღო მერე შე კაცო, ი აგური, ღუმელზე დავდებ, ჩახოხბილს შევდგამ ზედ, ცხლად დაგხვდება... არც ვისმე რამე დაუშავდება და ... ჰა?
- სხვა აგურზე რა მოუვა ვითომ?..ვერ დაეტევაა? დაგიჩემებია ჩამაიღე, ჩამაიღე... ვაა, გიჟია ოხერი? ისე რომ იცოდე , ყველა თავს თავისი აგური ელოდება, როგორც ყველა ჩახოხბილს თავისი სტომაქი - წაიფილოსოფოსა გოგიამ
- ჰოო და, როცა დრო მოვა, თუ საჭიროა მოწმენდილი ციდან ჩამოვარდება და მაინც იპოვის თავის გოგრასაა...… მააშ!
- ჰოდა, თუ მასეა ჩამოიღე, კაცო. რაღაი გოგრას თავისი მაინც არ აცდება, ეგ ჩამოიღე!
- ეეჰ, არაფერი შენ არ გესმის. წადი საქმეს მიხედე, თორემ სწორედ მაგ აგურს დავამისამართებ დღესვე, მე ვიცი რომელ გოგრაზედ.
- რას იზაამ?
- ჩამოვიღებ-მეთქი!!!… ეეე! შემოჩენილი ხომ არაა ოხერი. ჩამოვიღებ!.. მერე, მობრუნებულზე,  და არ დამიწყო ახლა!!!
- ვაიიი, შენ არ მობრუნდი, აი...


მობრუნებით  მობრუნდა გოგია და ცოტა უხასიათოდაც კი იყო, მაგრამ ჩახოხბილის სასიამოვნო სუნმა შორიდანვე რომ მოსწვდა, გუნებაც გამოუსწორა და აგურიც გაახსენა. ჩამამწარებს ეგ სადილს და ჯობია ჩამოვაგდოო, გაიფიქრა.
ჭოკიც იპოვა საჭირო სიგრძისა და აგურსაც მიუმარჯვა, კარგადაც მოარყია და ჩამოვარდნასაც არაფერი აკლდა, რომ მამალს გაურჩებული ყელშიშველა და წითელქოჩორა აქოთქოთებული ფეხებში გაებლანდა.
- ეგეც სახვეწნია არა?! ოხ, მე შენი - ო,  არ დაასრულა და გამეტებით მოუქნია ჭოკი...


- იქნებ გამოსდო კიდეც აგურს, ძნელი სათქმელიაო - იხსენებდა მეზობელი რომელიც შეესწრო ამ ამბავს და სხვებსაც მოუხმო საშველად.
ფაქტი კი ერთია, თანაც ჯიუტი - სწორედ გოგიასა და ვარდოს საძინებლის ფანჯრის ქვეშ იპოვა აგურმა თავისი გოგრა და ამით დაუდასტურა გოგიას მიერ დილით ნათქვამის სიბრძნე. თუმცა პირზეუცნაურღიმილშეციებული გოგიასათვის ეს დიდი ვერაფერი შეღავათი იყო. 
მაგრამ, მოგვიანებით შეხსენებულს
-აკი გეუბნებოდა ვარდო, რაც შეიძლებოდა მოხდარიყოო 
ნაღვლიანად  უპასუხა
-კი მეუბნებოდა მაგრამ, რას ვიფიქრებდი გოგრა ჩემი ბაღჩისა იქნებოდა და აგური კიდევ ეგაო
დარცხვენილი უღიმოდა  ყელშიშველასა  და წითელქოჩორას.
ქათამს კი არა, ექიმს, რომელმაც ფონენდოსკოპი შიშველ კისერზე ჩამოიკიდა და წითური ქოჩორი მოიქექა.
-ჰოო და გეცოდინება დღეის ამას იქეთ - ღიმილით უპასუხა ექიმმა და რეცეპტის წერას შეუდგა.
-ეეჰ, აწი რაღა დროსააო - გოგიამ
-ვინ იცის, ვინ იცისო ... - ექიმმა და  წერა განაგრძო.
ღუმელზე დადებულ აგურზე კი ჩახოხბილით სავსე ქვაბს სასიამოვნო ოხშივარი ასდიოდა.
აგური რომ "ის" ყოფილიყო, კარგი იქნებოდა ბარემ, მაგრამ ...
-ეეჰ, ეგრეა რა, რაც შენთვის შეიგულა განგებამ, არ აგცდება... არც აგური და არც ჩახოხბილიო - ისევ საკითხის ფილოსოფიური ჭვრეტისკენ გადაიხარა გოგია და ერთბაშად მადაც მოეძალა.

მოგვიანებით , როცა აივანზე იჯდა თავშეხვეული და სევდიანი ფიქრებით მოცული ეზოს შორეულ კუთხეს მისჩერებოდა, ისევ ქათმის კრიახმა გამოაფხიზლა - ეყოჩაღნა მამალს და ყელშიშველა წითელქოჩორას ბუბნიდა მოწადინებით.
ჩაეღიმა გოგიას, თვითონ თუ იცოდა მხოლოდ რა ქვეტექსტით გულში.
მამალიც, უმოკლეს ხანში  პირნათლად მოხდილი მოვალეობით კმაყოფილი სხვა დედლებში გაერია და ახლა იმათ დაუწყო მუშტრის თვალით ყურება.
გაბახებული ყელშიშველა კი, ვითომც არაფერი მომხდარიყოს მიწის ჩხრეკით იოხებდა გულს.
"ჩხრიკე, ჩხრიკე... ერთიც იქნება გამოჩხრეკო" გაიფიქრა გოგიამ და თითქოს უხილავმა ხელმა წაუთაქაო, ისე ასტკივდა ნააგურალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები