 | ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა 22 სექტემბერი, 2011 |
გაკრული ხელით და ნაცნობ სტილში, მოკლედ, კატეგორიულად და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორად შერჩეული ფერის ფლომასტერით. “ადექი!!!”- ბრძანებდა ეკრანზე სკოჩით მიმაგრებული ფურცელი. -უუხ!!! მავნებელი-მეუღლის წილი ბალიში თავზედ დაიმხო-ეგოისტი ეგა, ჯობდა პულტი დაემალა- რით, რატომ, რას შეცვლიდა ეს... უაზრო კითხვებია. ჩვენ არ მოგვწონს ეკრანზე სკოჩით მიკრული ფურცელი და მორჩა. თან შაბათ დილით, როცა სახლში განმარტოების ბედნიერება ასე მოულოდნელად გეწვია და ლოგინში მონებივრემ შეიძლება... ეეჰ, ცუდად დაიწყო დილა. სანაცვლოდ საღამომდე დარჩენილი ყოველი წუთი მონატრებული განმარტოების სიამეს პირდებოდა. კითხვები როდის აქეთ გახდა მარტო ყოფნა ასე ნანატრი,ნატვრა კი. თუ შეიძლება ითქვას, ასე გაუსაძლისი - პროვოკაციულია და ამიტომაც უპასუხოდ დარჩება. ახლა კი, როგორც ავღნიშნეთ, მონატრებულ, მყუდრო სავანეში შევდივართ. რასაც ეკრანიდან ჩამოხსნილი, მოწადინებით დაკუჭული და ოთახის შორეულ კუთხეში მიგდებული ფურცელიც მოწმობდა. არანაირი რეპლიკა, არაფერს დაურღვევია სიმშვიდე - ამაშია მარტოობის ხიბლი. ოთახიდან გასვლისთანავე კედელზე, ამჯერად ჭიკარტით მამაგრებული ფურცელი, რბილად, ყოველგვარი კატეგორიულობის გარეშე გამოთქვამდა იმედს “აბა შენ იცი, როგორ კოხტად დამახვედრებ სახლს”-ო და თითქოს კუთხეში მიგდებულ ქაღალდსაც ეხებოდა. ამან ვერაფერი დააკლო მარტოობით აღიღინებულ განწყობილებას. პირიქით, ჩაითვალა რომ, “ხრუშჩოვკის” ინტერიერს ეს ნიუანსი კომპოზიციურად უფრო დასრულებულს ხდიდა.
-ლონდონში დღის თერთმეტი საათია. წვიმს. ვარცხნილობა წესრიგშია-მოისმა ოთახში უმაყურებლოდ დარჩენილი ტელევიზორიდან და სამზარეულო მაგიდაზე დატოვებული მორიგი ინსტრუქციის შესწავლით გართული გონება, მყისიერად გადაერთო უკვე კარგად ნაცნობი კადრის ვიზუალიზაციაზე. “მაგარი ქალია, რა!” გამოეხმაურა ქვეცნობიერი და მთელი ინტელექტუალური რესურსი, ასევე მყისიერად ისევ დოკუმენტის ანალიზისკენ მიიმართა. “აჰა... ესე იგი ეს მაცივარშია, ის მიკროტალღურში, მხოლოდ ჩართვა უნდა, სხვას თვითონ იზამსო... ეს კიდევ ჩართული არ დაგრჩეს... ჰმ, ლუდზე არაფერი წერია, რაც ნიშნავს, ან მხოლოდ ორი ბოთლია, ან სულაც არ არის! ეს კი ცუდიაა, მე დღეს გარეთ გასვლას არ ვგეგმავ... დედამ თუ მოიკეთა, საღამომდე დავბრუნდებიო... მდაა... მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვინმეს განა... რას ვიზამთ რო, ვიქონიოთ იმედი” - ხუმრობის იარლიყით, რა თქმა უნდა.
კარგია განმარტოება. გამშვიდებს, გაფიქრებს და შემოქმედებითისკენ გიხმობს. კაცთმოყვარე ხდები. მიმნდობი და მიმტევებელი. თითქოს ურთიერთობანი ფერს იცვლიან, მონატრების მარცვალი ღვივდება გულში და ეს გაბრუებს, გაუცნობიერებელი მოლოდინი ნელა აუჩქარებლად, იძერწება და სულ უფრო სახიერი ხდება... მერე ოცნების მოფარფატე ათინათებს დასდევ ბავშვივით ამჩატებული და გგონია რომ ეს არის ბედნიერება...
-პარიზში დღის სამი საათია. ცხელა. ვარცხნილობა წესრიგშია - თავდაჯერებულად აწვება პირველ ჩვენებას ტელევიზორი. “ნეტა მისი დარდი მოგვცა” უხალისოდ გამოეხმაურა ქვეცნობიერი. “თბილისში კი” - საათს გახედა მთვლემარე თვალებით - ”ორი საათია და მიკროტალღურის ჩართვის დროაა” ტელეფონმა შეგვახსენა თავი. - გაუ! -”არაფერი გამოგივა დღეს” -ვაახ, მეც გაგახსენდი ბოლო ბოლო, არა? -არა გრცხვენია? უბრალოდ დილაადრიან არ შეგაწუხე, ვიფიქრე კაცი იქნებ რა ამბავშია-მეთქი, შენ კიდევ... -”ჰოდა მაგ ამბავში დავრჩები” -შენ ეგ არ შეგეშლება... ისა თქვი ამ შუადღისას რამ შეგაწუხა. -ხედავ რა დააჭირა? იქეთ კიდევ რას იზამს...- ”აბა ფული გქონდეს...” -ეეჰ, ვერაფრით გშველი ძმაო, სიდედრი გამიხდა ავად და... -შაყირობ? თუ...- ”ე! ერთი ამას უყურე... ეგ მუქთა ეგა” -ძმობას გეფიცები - თან არც ტყუოდა... პრინციპში.
მთავარია განმარტოება და სიმარტოვე არ აგერიოს ერთმანეთში. სიმარტოვე სულ სხვაა, მძიმე და დამთრგუნველი. გრიპივითაა. შეგეყრება და სანამ გულს არ მოიჭამს არ მოგეშვება. მორევივით დაგითრევს და ვინ იცის რომელ ნაპირს მიგაგდებს, უსაგნო დარდისა თუ უიმედობის. და სულერთია მარტო ხარ, ხრუშჩოვკაში გამოკეტილი თუ თრობით ახორხოცებულ კამპანაიაში აღმოჩნდები, ალბათობის თეორიის უკბილო ხუმრობის მსხვერპლი. ბოლოს და ბოლოს აღმოაჩენ რომ სიმარტოვემ იმიტომ კი არ გადაგიარა ასე უმოწყალოდ, რომ არავის ესმის შენი - შენ არ გინდა გაიგო სხვისი... იმიტომ კი არა რომ, შენთან არ მოდის - შენ არ მიდიხარ მასთან. ეგრეა, და თუ ყურს მიუგდებ გონზე მოსული გულის მოწოდებას, ერთი დაფცხიკება დაგჩენია და ეგ არი.
-ნიუ-იორკში საღამოს ექვსი საათია. ქარი ქრის. ვარცხნილობა წესრიგშია - თავისაზე დგას ჯიუტად ტელევიზორი. -“ყოჩაღ სტილისტი, რა დავარცხნა ასეთი?” გაიზმორა. ზლაზნვით წამოდგა და ფლოსტების ფრატუნით კუთხეში მიგდებულ და მოწადენიბებით დაკუჭულს დასწვდა. გაშალა. ტექსტი ახლა არც ისე კატეგორიული ეჩვენა. -“ჩემი კოხტა. ქ-ს რომ კაუჭი არ გაუკეთოს გამორიცხულია” დაკეცა და თაროზე შემოდო -”ეგ ვისი მიმხედავია ნეტა, თვითონ მისახედი. დაგორავს ახლა თავისი ვეება მუცლით და ხან სად ჩამოჯდება, ხან სად... ტუტუცი, ჯერ არ დაბადებულა და უკვე თავის ჭკუაზე დაატარებს.” გაიარ გამოიარა, თეორიულად ბოლთა დასცა, ბინის პირობაზე როგორიც გამოუვიდა ისეთი -”თავხედი, ამდენი ხანია წასულია სახლიდან და ერთხელაც არ დაურეკავს. არ მომწონს ეგ ამბავი. თუ ფიქრობს რომ მივაკითხავ, ძალიანაც შემცდარა. წაიყვანა მისმა ძამიკომ? - მანვე მოიყვანოს!” ტელეფონს მწყრალად გახედა და სამზარეულოში გაფრატუნდა.
მხოლოდ განმარტოებას შეუძლია ჩაგახედოს საკუთარ თავში და დაგანახოს შენი “მე”, ფარისეველთა ქათინაურებისა და პირფერობის მიღმა. თუ მოგეწონა ცოტათი მაინც, ხომ კარგი, თუ არა და პირფერობის ახალ პორციას რომ არავინ დაგაყვედრის ეს მაინც ხომ გეცოდინება... და კიდევ რაღაც, რასაც გულდაგულ დამალავ სულის სიღრმეში, სანამ აღსარების გაუსაძლისი მოთხოვნილება არ გეწვევა. შეიძლება მოგეჩვენოს-მარტოობა თავისუფლებააო და ეს აგაწრიალებს... მაშინაა ადგილს რომ ვერ პოულობ... არც იცი რატომ... არც ის იცი... “ოოო, როგორც იქნა”-ტელეფონის ზარი, ზოგჯერ ისეთი მელოდიურია... არა! ისეთი მუსიკაა... მოკლედ რაც არი. -ხომ არ მოიწყინე -”ღმერთო, როგორ მომენატრა” -ისე რა. -იცი, დედამ მოიკეთა, კარგადაა -”ყოჩაღ, სიდედრი” -მომიკითხე, უთხარი რომ -ვუთხარი უკვე, არ იდარდოსო -”ჩემი ჭკუისკოლოფი... იმასაც რა მაგრად უხუმრია!” -სტუმრებიც გვყავდა. დალიეს ცოტა და... ნასვამი საჭესთან არ მინდა დაჯდეს. იქაჩება, ხომ იცი ამის ამბავი -”ადრე ეფიქრა, ეგეც არი რა!” -მერე? -დავრჩები ამაღამ... კარგი? -არა!!!-იყვირა ჰქვია ამას, უნებურად იყოს თუნდაც. -... -არა ჩემო სიხარულო, მე მოვალ... ახლავე წამოვალ!!! თან დედაშენსაც ვინახულებ, ხომ? და რა ვიცი კიდევ... იქ... არა, არ შემიძლია უშენოდ, არ მინდა...- ძლივს სუნთქავდა, ჰმ... მონატრებული განმარტოებაო, ესაო, ისაო... თუ ძმა ხარ რა!!! -.... -გესმის? -ჰო… -მერე რას გაჩუმებულხარ -ამეტირა -”ღმერთო, როგორ მიყვარს” -მოკლედ, მოვდივარ! ***** -დალასში გვიანი ღამეა... -არ დაამთავრებინეს -ქვეყანა ინგრევა, არა? _ გაგულესებით მიაზახა ცამქრალ ეკრანს - სულელი ეგა, მთელი მსოფლიო მოიარა და თმა ერთხელ დაივარცხნა. ქალია ეს ამის მერე!!! -გაღიზიანებული კაცის ამ სიტყვებს კარის გაჯახუნებამ მეტი სიმძფრე შესძინა, თითქოს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. "ჩაითვალა რომ, “ხრუშჩოვკის” ინტერიერს ეს ნიუანსი კომპოზიციურად უფრო დასრულებულს ხდიდა"...:))
როგორ მიხარია ესენი რომ აქ დევს...როცა მინდა შემოვალ და წავიკითხავ...:-*
"ჩაითვალა რომ, “ხრუშჩოვკის” ინტერიერს ეს ნიუანსი კომპოზიციურად უფრო დასრულებულს ხდიდა"...:))
როგორ მიხარია ესენი რომ აქ დევს...როცა მინდა შემოვალ და წავიკითხავ...:-*
1. მშვენიერი ამბავი, მშვენიერ დღეს დაგიდვიათ 2011 წლის 22 სექტემბერი ჩემთვის ბედნიერი და მნიშვნელოვანი დღე იყო. დაიგვიანებულ საჩუქარს რომ იპოვი და ყველაზე მეტად რომ გაგეხარდება- ისე მომივიდა. :)
5 ქულა. მშვენიერი ამბავი, მშვენიერ დღეს დაგიდვიათ 2011 წლის 22 სექტემბერი ჩემთვის ბედნიერი და მნიშვნელოვანი დღე იყო. დაიგვიანებულ საჩუქარს რომ იპოვი და ყველაზე მეტად რომ გაგეხარდება- ისე მომივიდა. :)
5 ქულა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|