 | ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა 1 დეკემბერი, 2011 |
ნერვიულად არგებდა საკეტს გასაღებს. სულ რამდენიმე წუთი აშორებდა ნეტარებისგან და ასე მოახლოებული, სასიამოვნო ჟრუანტელად უვლიდა ტანში. ტრადიცია, ყოველი კვირის პარასკევ საღამოს, რიტუალური აბაზანის მიღებისა, სულ უფრო და უფრო მომხიბლავ ელფერს იძენდა. და იშვიათად რომ ჩაეგდო სასიამოვნო მოლოდინით ათრთოლებული სულის ზეიმი. დღევანდელი უჟმური პარასკევი ხომ, ზედგამოჭრილი იყო განმარტოებისთვის. ჯერ იყო და უფროსს წაეკიდა და სამსახურის მიტოვებით დაიმუქრა, თითქოს შემცვლელს ვერ მოუნახავდნენ, რისთვისაც მანვე, პატარა ბიჭივით გაჯორა და ლამის ბოდიში მოახდევინა. არც ქალმა დაინდო. დაემთხვა ერთმანეთს თუ რა მოხდა ვერ გაეგო. ფაქტია, ტელეფონი გამორთულია და იმის ნაცვლად, რომ საყვარელ ქალს შერიგებოდა, მორიგი უაზრო კამათის შემდეგ, თან გულიც მოეოხებინა, მხოლოდ ზუმერის გულისგამაწვრილებელი ტუუ-ტუუ-ტუუ… გაუთავებლად. და მერე კიდევ უამრავი წვრილმანი, თითქოს მთელი სამყარო მის წინაამღდეგ ამხედრებულიყოს… სასოწარკვეთამდე მისული და გაპარტახებული სულით მოირბინა თავის მყუდრო სავანეში - ოროთახიანი ბინაში, და რაც მთავარია კომფორტულად მოწყობილი აბაზანით. დღეს რიტუალური სტრიპტიზი, ჯაზური მუსიკის მომთენთავ ფონზე, დაგინებამდე გასიებული გულით შეიცვალა და პირველი რაც მოიმოქმედა, შესვლისთანავე აბაზანაში წყალი მიუშვა. ტელეფონებიც გამორთო და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხადა ქურქი... ფეხსაცმელებიც დაუდევრად მიყარა. ოდნავ მოეშვა. წყლის მონოტონური ხმაური და შამპუნის სასიამოვნო არომატი, ნებისმიერ მუსიკაზე უფრო დამამშვიდებლად მოქმედებდა. მაგრამ რიტუალის განუყოფელ ატრიბუტებს, კონიაკს და სპეციალურად საამისოდ გადანახულ სიგარას ვერაფერი შეცვლიდა. ერთი იქვე გადაჰკრა, ბართან. სიგარა დაყნოსა და “არც მუსიკა იქნება ზედმეტიო” ჩართო კიდეც. “ესეც ასეე” კონიაკით სავსე სირჩით, ტრადიციასავით ძველი სამართებელი გააჩოჩა. იქვე საფერფლე ჩამოდო, ჯერაც მოუკიდებელი სიგარით და დალაგებული დეკორაციით კმაყოფილი აბაზანაში ნელა ჩაეშვა. თვალები ნეტარებით მილულა . “ერთიც ყველასი და ყველაფრისო”, გული შეიმსუბუქა და სრულიად გამოეთიშა სამყაროს. რამდენიმე წუთი არაფერი არ არსებობდა, სითბოში გახსნილი სიამის გარდა.
მსუბუქი და ჰაეროვანი, არაფერში მონანავე არავინ, ნელნელა ისევ შედედებას იწყებდა. “რაიმე საჩუქარს ვუყიდი…არა, ყვავილები, არა. ბანალურია…რაიმეს ისეთს, არაჩვეულებრივს… განსაკუთრებულს” აი ის მაღაზიაც, უცნაური აბრით - “საჩუქრები”… თუმცა რა არის ამაში უნაური? ალბათ ის რომ ქვევით მინაწერი აქვს წვრილი ასოებით “ სიყვარულით… ჩემგან" _ სატანა შემოგღიმის თითქოს -შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ? -თუ არ შეწუხდებით… საჩუქარს ვეძებ. -მეგობარი ქალისთვის თუ …? -ქალისთვის… უბრალოდ ქალისთვის… -რაიმე ძვირფასს ირჩევდით თუ ორიგინალურს და მისაღებ ფასში? -არც კი ვიცი… რაიმე ღირებული მინდა, ლამაზი, მაგრამ ამავე დროს სადაც და ნაკლებად გამომწვევი… და თუ ეს არჩევანში დაგვეხმარება - ჩვენ… როგორ გითხრათ… მმმ… -უკეთესი იქნება როგორც არის. ხვდებით ალბათ რომ ჩვენი მაღაზია გამორჩეულია არა მარტო განფასების თავისებურებით… -დიახ, დიახ… მოკლედ ჩვენ ვშორდებით… უფრო სწორედ მას მიაჩნია რომ… მე კი … არ ვიცი, არ ვიცი… მინდა რაიმე სახსოვარი დარჩეს ჩემგან. -გასაგებია. -დიახ… მინდა რაიმე ისეთი რაც ყოველთვის შეახსენებს, მაგრამ არ გააღიზიანებს… გამიგეთ ხომ? -რა თქმა უნდა. მაგრამ იქნებ ჯერ ისეთი რამ აგერჩიათ, რაც გაახსენებს და სურვილს აღუძრავს… აი მაგალითად ეს ეკიბანუ. თითქოს შეჩერებული დროა, მოგონებებით გაჟღენთილი და მოლოდინით სავსე… -და რა ღირს?.. ძალიან იაფიც არ მინდა. -ძალიან არა, მაგრამ იაფია მაინც, სულ რაღაც მეათედი თქვენი ამპარტავნების და მეოთხედი თავისუფლების. ინებებთ? -არა, ვფიქრობ რაღაც სხვა მინდა. აი ეს რა არის? -ოოო, ეს ანტიკვარული ნივთია. “სამსხვერპლო ზარდახშა”… მისი პატრონი ყოველი გახსნისას გაიხსენებს თქვენთან ურთიერთობის ერთ ეპიზოდს და დახურვისას სამუდამოდ დაივიწყებს მას…და ასე სანამ არ დაიცლება. -და მერე? -მერე ისევ აქ მოიტანს, ჩვენს საკომისიოში… სათვალავიც აგვერია, იმდენჯერ მოგვიტანეს უკან. ზოგჯერ ძალიან სწრაფად ბრუნდებოდა, ზოგჯერ წლობით დაიკარგებოდა ხოლმე. ძალიან ცნობილი ხალხის ხელშიაც გამოუვლია. მოგწონთ? -ფასი? -საკმაოდ ძვირია. თქვენი იღბლიანობის ნახევარი და ტალანტის მესამედი. -გასაგებია. ეს? აი ეს ნამდვილად ქალური ნივთია, არა? -ეს მარაო, ესპანეთის სამეფო კარიდან, ძალიან ძვირია. ვნებამოძალებულ სხეულს სასიამოვნო სიგრილედ ეფინება, სულს კი ჭრილობებს უმრთელებს. მისი მფლობელი ქალი, საბედისწერო ხდება მამაკაცებისათვის. -და?.. -ფასითაც ძალიან ძვირია. სიამაყის ნახევარი, სიმამაცის მესამედი და სამი მეოთხედი ბედნიერების. -არა, არა… ყველაფერი ეს რაღაც არ მაკმაყოფილებს. მე მინდა რაიმე ისეთი... როგორ აგიხსნათ.... სიძველის სევდიანი ანაბეჭდით… აი როგორც ეს თასი, ან რაიმე მსგავსი. -ჰოო… ეს თასი ძველია, როგორც სამყარო. ჩვენ მის გაყიდვას არც ვფიქრობდით, იმდენად დიდია მისი ფასი. ვეჭვობ ასეთ საჩუქრად ღირდეს ვინმე. -მაგრამ თქვენ ფასი არ გითქვამთ. - ფასი მთელი სიცოცხლეა. და ის ვინც ჩუქნის, გადაიხდის საფასურს მაშინვე, როგორც კი ვინმე მიიღებს ამ საჩუქარს. მფლობელი კი მთელ დარჩენილ სიცოცხლეს უზრუნველად და ბედნიერად გაატარებს. თქვენ თვლით რომ… -დიახ… ეს სწორედ ის არის, რაც მსურს… ვყიდულობ… -თქვენი ნებაა … შეგახსენებთ რომ საზღაურს ჩუქებისთანავე…
გააჟრჟოლა…”ჩამთვლიმა თუ რა იყო ეს”. კონიაკი მოსვა. “იქნებ ასეც სჯობდეს, ხელის ერთი გაქნევით ყველაფერი დასრულდება… არასოდეს გეტკინება, არასოდეს გეწყინება… არასოდეს არაფერი” თვალები დახუჭა და სამართებელი ხელის ცეცებით მონახა. ბაცი და ფერადი რგოლები აცახცახდნენ უცნაურის მოლოდინით. გახსნა. ცივი და ბასრი, ფრთხილად შეახო მაჯას. “რა ახლოს არი… სუნთქვაც კი მესმის. სულის გამყინავი და მაინც მიმზიდველი” ტანში გასცრა. “მხოლოდ ერთი გაქნევა და სანთელივით დაიღვენთები. სანთელივით, თავისი სიცოცხლით შუქი რომ არი, სიკვდილით კი სევდიანი მშვენიერება. ჰო… ასეა… ასე ლამაზად სიკვდილი, ლამაზად სიცოცხლეს თუ შეუძლია… მე? მე ვიცხოვრე ისე, რომ ლამაზად მოვკვდე?” ფერები სულ უფრო ხუნდება, იწრიტება შუქისაგან თითქოს. “სრული წყვდიადი. ნუთუ ეს არის სიმშვიდე… თუ ეს გზაა ნათელი და ბედნიერი არარსებობისკენ… არარსებობისკენ… არარსებობისკენ…ბედნიერი? არა, არა! სიკვდილი არ შეიძლება მოიპარო!” სამართებელი დაკეცა. თავის ადგილზე დადო და თვალებიც გაახილა. სიგარას მოუკიდა და დამცინავი ღიმილით სიგარის ბოლში გაყურსულს შესცინა _ “ეს მერამდენედ გაგიტყდა, ძველო?” _ ნერვიულად გადაიხარხარა, ნერვიულად და ხმამაღლა. ერთიანად აძაგძაგებდა და ვერც დამშვიდდა სანამ კონიაკი არ გადაჰკრა. შვებით ამოისუნთქა. "ფასი მთელი სიცოცხლეა. და ის ვინც ჩუქნის, გადაიხდის საფასურს მაშინვე... _ მაცდურმა გაიელვა წამით _ მფლობელი კი... ჰმ... მეტსაც იმსახურებს ალბათ"
ჰო! ეს რიტუალის ნაწილი იყო. აბაზანა, მუსიკა, კონიაკი და სიგარა… და რა თქმა უნდა სამართებელი, დიდი ხნის წინ მიჩენილი ადგილით… სხვამხრივ რომ არავის არაფერში სჭირდებოდა. და ყოველთვის როცა წარმოიდგენდა საკუთარ სიკვდილს, სიცოცხლის სურვილი ისეთი ძალით იფეთქებდა, რომ ხვდებოდა ვერავინ, ვერასოდეს აიძულებდა მას, უარი ეთქვა ამ ბედნიერებაზე, როგორადაც არ უნდა დაეკორტნა ცხოვრებას. “ხვალ აუცილებლად მივართმევ ყვავილებს… ვერსად დამემალება… ისე როგორც მე ვერსად გავექცევი… და ვეტყვი, რომ ჩემს სიცოცხლეს კი არ ვაჩუქებ, უბრალოდ მივუძღვნი… ჰო, რა! სხვა ვარიანტი არ არსებობს.”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "რამდენიმე წუთი არაფერი არ არსებობდა, სითბოში გახსნილი სიამის გარდა. "
"მსუბუქი და ჰაეროვანი, არაფერში მონანავე არავინ, ნელნელა ისევ შედედებას იწყებდა. " სულ ერთი წინადადებით ახერხებთ იმას, რომ მკითხველი სასწრაფოდ აღმოჩნდეს მოცემულ ატმოსფეროში და მთელი სიგრძე-სიგანით გაითავისოს გმირის განცდები.
"- ფასი მთელი სიცოცხლეა. და ის ვინც ჩუქნის, გადაიხდის საფასურს მაშინვე, როგორც კი ვინმე მიიღებს ამ საჩუქარს. მფლობელი კი მთელ დარჩენილ სიცოცხლეს უზრუნველად და ბედნიერად გაატარებს. " მე მარაოს ავირჩევდი...:)
ძალიან კარგი ავტორი, უკვე იმდენჯერ ვთქვი რომ... 5555555555
"რამდენიმე წუთი არაფერი არ არსებობდა, სითბოში გახსნილი სიამის გარდა. "
"მსუბუქი და ჰაეროვანი, არაფერში მონანავე არავინ, ნელნელა ისევ შედედებას იწყებდა. " სულ ერთი წინადადებით ახერხებთ იმას, რომ მკითხველი სასწრაფოდ აღმოჩნდეს მოცემულ ატმოსფეროში და მთელი სიგრძე-სიგანით გაითავისოს გმირის განცდები.
"- ფასი მთელი სიცოცხლეა. და ის ვინც ჩუქნის, გადაიხდის საფასურს მაშინვე, როგორც კი ვინმე მიიღებს ამ საჩუქარს. მფლობელი კი მთელ დარჩენილ სიცოცხლეს უზრუნველად და ბედნიერად გაატარებს. " მე მარაოს ავირჩევდი...:)
ძალიან კარგი ავტორი, უკვე იმდენჯერ ვთქვი რომ... 5555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|