ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
9 ივლისი, 2014


სესილი (ურაკული სერენადა)


ვიცი, უცნაურად მოგეჩვენება ჩემი თხოვნა, მაგრამ ძმა ხარ და გამიგებო.
ასეთი შესავლით დაიწყო და უცნაურის მოლოდინში ყურადღებად ქცეულს, მოკლედ და რამდენადაც შეეძლო, დასაბუთებულად გაუმხილა სათხოვარი.
-სესილი გინდა მოვატყუო დათო? მერე თვალი როგორ გავუსწორო. ხომ იცი როგორ მიყვარს
-რომ ვიცი იმიტომაც გთხოვე. ტყუილს თავი დაანებე… სხვა რამეა აქ მთავარი და თავს ნუ იკატუნებ ახლა. ყველაფერს მიხვდი შენ.
-ტყუილია მაინც. არ იცრუო, გულზე მაქვს ამოჭრილი მეთქი კი არ ვამტკიცებ, მაგრამ სესილთან კაცო...
-შენ ეგ გამიკეთე და მერე ტყუილის ფილოსოფიაზე ისეთ ამბავს მოგიყვები, თან ისეთ ფონზე, რომ იტრაბახებ შენი საქციელით.
-დავიჯერო?
-სხვა რა გზა გაქვს რო!
-ჰო, ეს კია… ჩვენს შორის კვდება ეს ამბავი, იცოდე!
-ზედმეტი მოგდის, ძმობას გეფიცები.
-კაი ერთი… მოკლედ რამდენიმე წუთი დამჭირდება. როლში უნდა შევიდე ძმაო, არ არის ეს, შენ რომ ფიქრობ ისე მარტივი.
-შედი მერე, ვინ გიშლის. ოღონდ საღამომდე ეგ საქმე უნდა გაკეთდეს. მოსულა?
-ეეჰ. კარგი ჰო.

***
სესილი.
დღესაც აშინებს ქუჩაში თოვლი.
და არა თოვა.
ფანჯარასთან მიაგორებს თავის სავარძელს და ბავშვური აღტაცებით უყურებს ფანტელების ცვენას. შეიგულებს რომელიმე ერთს და ბოლომდე ჩაჰყვება ხოლმე. ეჭვიც არ ეპარება რომ სხვაში არ არევია. ჩააცილებს მიწამდე და მთელი სხეულით სურს განიცადოს დაცემის ტკივილი.
როგორც მაშინ, როცა თოვლზე მანქანა მოსრიალდა და ხევში გადაეშვა.
როგორ ეტკინა მაშინ და უფრო მეტად, როცა ტკივილი უეცრად გაქრა და მხოლოდ დათოს შეშლილი სახე… სისხლიანი და შეშლილი სახე მოსწვდა ტკივილად სულს.
მხოლოდ სულს.
მერე, როცა ტკივილი სხეულს დაუბრუნდა ისევ და  სულს მოეშვა თითქოს. იმედმა სიხარულით ააცრემლა, მაგრამ ფეხები...
-არავინ იცის, ჩემო დათო, როდის და რა მიზეზით ჩაირთვება ნერვული ბადე… მოთმინება და იმედი. მხოლოდ ეს პრეპარატები გვაქვს საამისოდ. და ემოციები, ემოციები… სულ ერთია კარგი თუ ცუდი… ბუნება მათ არ განასხვავებს, ეს ჩვენი კაპრიზებია.
და დაიწყო მოლოდინი.
მოლოდინი სასწაულის, რომლისაც პირველ დღეებში ერთად სჯეროდათ.
მერე კი სესილს დაღლა დაეტყო და ახლა დათოს უნდა ეღონა რამე.
“ემოციები, ემოციები”- იყიდებოდეს მაინც აფთიაქებში.
დაიჩემა და მეგობრები საახალწლო ბანკეტზე დაითანხმა.
მხოლოდ სესილისთვის უნდოდა ეს და თრთოდა ერთიანად სესილის სიცილს როცა მოჰკრავდა ყურს. თავად არ ეკარებოდა. აქაოდა საამისო არც არაფერი გჭირსო.
"არასოდეს არ შემიბრალო, არ მითხრა რომ არ შემიძლია… თორემ დავიჯერებ და მოვკვდები მაშინ" -ყოველთვის ახსოვდა ეს სიტყვები და მოფერებასაც კი ერიდებოდა, სიბრალულში არ ჩამომართვასო.
არადა როგორ სწყუროდა.
ღამით გაღვიძებია ზოგჯერ და სიბნელეში ჭოტივით თვალდაჭყეტილი დასცქეროდა, სიყვარულით და სევდით სავსე.
სესილიც კარგი ეშმაკი იყო. თვალდახუჭულიც გრძნობდა როგორ ეფერებოდა საყვარელი კაცის თვალები და - “დაიძინე ახლა, და მეც დამაძინეო” - მოღიმარი მიაძახებდა.
აი, მაშინ კი მოიჯერებდა  გულს.
მერე კი ინანა დათომ ბანკეტი.
ქუჩაში თოვლის და ახლა კიდევ, ბანკეტის ეშინოდა სესილს.
-ჭიქა რომ გაგივარდა ხელიდან, ისეთი შეშლილი სახე გქონდა, როგორც მაშინო - ტიროდა სესილი, სახლში მობრუნებული და დათოს მკერდი ენამებოდა ცრემლით.
მას შემდეგ მესამედ დაითოვლა ქუჩები. მეორე ბანკეტმა ჩაიარა უსესილოდ და სახლში ნაადრევად მობრუნებულს ებუტებოდა.
სიბრალულს ვერ გუობდა სესილი.
დათოს კი უბრალოდ უყვარდა და არც შეეძლო მოელხინა იქ, სადაც სესილის სიცილს მოისაკლისებდა.

***
-ალო… უი რა კარგია სახლში რომ ხარ… მომისმინე, გავრბივარ ახლა და სანამ შენთან მოვიდოდე ურაკში შედი… ნოველლა დაუდია ახალი … წაიკითხე და მერე ერთად დავაკომენტაროთ… კარგი?...  რაა?.. როგორ ვისთან, რა ღლაბუცის ხასიათზე ხარ ქალო… ნომერი შემეშალა?.. ნე მოჟეტ ბიც…თქვენ ვინ ბრძანდებით? უკაცრავად… სესილი?.. ძალიან ლამაზი და იშვიათი სახელია… დიახ… მაპატიეთ, მემართება ხოლმე სიჩქარეში… გმადლობთ… ღმერთო ჩემო, როგორ არა… ურაკპარაკი. გე… დიახ, დიახ… მაპატიეთ მეჩქარება ძალიან…გაიხარეთ.  კხ, კხ… უუჰ. დათო მე შენი…
-ძმა ხარ ჩემი! მაინც როგორ ახერხებ ამას. აქ არ ვმდგარიყავი მეც დავიჯერებდი, რომ ნაღდად ქალი ლაპარაკობდა.
-კარგი ერთი. შენ ახლა სხვა რამ უნდა დაიჯერო, ასე 40-50 ლარის ფარგლებში, რომ არ აგცდება.
-შემოგევლოს დათო, ახლავე და სადაც გინდა.
-და ის ამბავი, შეპირებული, აქაოდა იტრაბახებ შენი საქციელითო, რომ ამბობდი.
-მოსულა!

***
-ოცი ხინკალი, ორი მწვადი… სუკი რათქმა უნდა, პლუს რაც საჭიროა, ლუდი და “ფირმენნი”  ჭაჭა ხომ ქაგვთ… ძალიან კარგი. ჯერ ეს იყოს. მერე ვნახოთ
მიწოდებული მენიუსთვის არც დაუხედავს დათოს
- მოკლედ, ასეთი ამბავია. რომელიღაც ევროპულ ქვეყანაში ხდება ეს. ასე მეჩვიდმტე-მეთვრამეტე საუკუნეა. ბუნტია ქვეყანაში.
-აუუ, ისევ ბუნტი და მიტინგები, უამისოდ არ იქნება?
-ამ შემთხვევაში უნდა გაუძლო. მოკლედ ბუნტია. მაშინ ასეთ რამეებს მაგარი მასტები ედგნენ სათავეში. გრაფები, ბარონები რამე და რა ვიცი. გაიყიდა ამბავი, როგორც წესი და აიყვანეს ბიჭები. რაღა ბევრი გავაგრძელო, ჩამოხრჩობა მიუსაჯა მეფის სასამართლომ ყველას. აქ იწყება მთავარი.
-ახლა იწყება კაცო.
-პრინციპში ბუნტი დამთავრდა. სხვა ამბავი იწყება ახლა. განაჩენი გამოტანილია და დღეც დანიშნულია. მიდის ბარონესა თავისი შვილის სანახავად. ბარონესა, ამაყი და შვილის საქმის გულშემატკივარი, შეგნებული ქალი მოკლედ, მაგრამ დედაა უპირველესყოვლისა. და რას ხედავს. წამხდარა შვილი. შეშინებულა. მოეფერა. იტირა შვილთან ერთად და გულდამძიმებული დაპირდა. გადავაბიჯებ ჩემს სიამაყეს და ღირსებასო, მამაშენის ხსოვნასაც, აჯანყებას რომ შესწირა თავიო და მივალ მეფესთან, მუხლებში ჩავუვარდები და შენს თავს ვთხოვო. გინდაო. კიო, საწყალმა. მაშ ერთი რამ იცოდეო, დედა ეუბნება, შეწყალებას განაჩენის აღსრულების ბოლო წამს აცხადებენ და აბა შენ იცი როგორ ღისეულად მოიქცევი ეშაფოტზეო. შემიწყალებენო, შვილმა. ვნახოთო, დედამ. მეც იქ ვიქნები, ხალხთან ერთად, უბრალოდ ჩაცმული, პირველ რიგებშიო. ისე ვიზამ ადვილად მიპოვოო და თუ თეთრი მანდილით მნახო, იცოდე შეწყალებული ხარ და არ შედრკეო. თუ შავით მნახო მაშინ შენ იცი და შენმა კაცობამო. და წავიდა.
-დამბურძგლა. შეიწყალეს ხომ?
-მისმინე და გაიგებ.
-გისმენ ბატონო.
-დანიშნულ დღეს, მოედანზე, სადაც ეშაფოტი იყო აღმართული და უამრავი ხალხით სავსე, მოიყვანეს სიკვდილმისჯილები. ყველაფერი მზად იყო. სახრჩობელა, ჯალათი…
-ჯალათის რა გითხრა, ჯალათია და თავის საქმეს აკეთებს… აიმ ხალხის მიკვირს რა, ჯალათზე უარესები არ არიან რო.
-ეს სხვა თემაა და სხვა დროს იყოს… ახლა კი სიკვდილმისჯილები მოჰყავთ და ჩვენი ვაჟკაციც მათ შორისაა… შედგა თუ არა ფეხი ეშაფოტზე, ხალხში დედა მაშინვე გამოარჩია და სახით კი არა, თეთრი მანდილით
-აუ, მაინც გამისწორდა რა. ხომ ლაჩარია არა, მაგრამ მაინც რა…ადამიანია
-მაცლი?
-ვაა. არ მორჩა?
-ცოტაც და მორჩება. უმნიშვნელო შტრიხიღა დარჩა… გაიმართა მხრებში, ხალხს ამაყად გადახედა. დედას გაუღიმა. მანაც ღიმილით უპასუხა და გაუყარა თავი ყულფში, როგორც სხვებმა, ამაყებმა  და ღირსეულებმა… აღფრთოვანებული შეჰყურებდა მდუმარე ხალხი გმირებს. სწორედ ის ხალხი შენ რომ გაკვირვებს. და თითქოს დროც გაჩერდა. ვერავინ გაიგო როდის გააკეთა ჯალათმა თავისი საქმე. მოკლე, ყრუ ჭრიალი ეშაფოტის და ხალხის შემზარავი გმინვა შეერთდა წამით და მორჩა. დედამ თეთრი მანდილი გადაიძრო, შავი მოიხურა და იქვე ჩაიკეცა.
-...
-მესმის შენი. მეც მეტირა, როცა პირველად მოვისმინე ეგ ამბავი. და მას შემდეგ, ტყუილი არც თუ ძალიან მიუტევებელ ცოდვად მიმაჩნია.
-და სესილი?-ძლივს ამოიღო ხმა, გუდამძიმებულმა და რაღაც ჯერ კიდევ აუხსნელით სავსემ.
-ვნახოთ. სესილისთვის ცხოვრებას ჯერ განაჩენი არ გამოუტანია.
-დამიჯერა იცი? ისიც კი მკითხა, მე თუ შეიძლება შევიდეო.
-ჰო. ასეთი მიამიტი მყავს და ეს მკლავს სწორედ- ღიმილს უხმობდა საშველად დათო.

***
-დათო. რა კარგია ადრე რომ მოხვედი. მოდი რა განახო.
-კარგი რა, სესილ, კომპიუტერი იქ, კომპიუტერი აქ… დანახვაც არ მინდა მისი.
-მოდი,მოდი, მოდი რაა… მოდი თუ გიყვარდე.
“ემოციები, ემოციები… გაამართლა ხომ იცი”
-მოვედი აჰა, აბა რა არი.
-ნახე რა საიტია. ლექსები, ნოველები, დიდები, პატარები, რაღაც საოცარი ხალხია. წერენ სერიოზულად, ერთმანეთს ეფერებიან, ედავებიან, რა ვიცი მოკლედ…ყველა ბავშვია მგონია აქ. ისეთი გულწრფელები არიან.
-რა ამბავში ხარ, სესილ. ასეთი საიტების მეტი რაა ინტერნეტში.
-არა რა, ეს სულ სხვაა, მოდი რა ნახე
-რომ მშია?
-სამზარეულოში მაგიდაზე დევს ყველაფერი. წვნიანს თვითონაც ხომ გააცხელებ
-მერე შენ?
-არ გეწყინოს რა, გთხოვ
გავიდა სამზარეულოში. არა. კი არ  გავიდა--გაფრინდა რომ თვალს მოფარებოდა და იქ მოელხინა. არც შიოდა, სიმართლე რომ ვთქვათ.

***
არსად გული არ უდგებოდა.
სახლში გამორბოდა დათო და არც სესილი ებუტებოდა ადრე იმიტომ მოდიხარ რომო…
მოიკალათებდა სავარძელში და უსმენდა როგორ კითხულობდა სესილი ხან ლექსებს ხან ნოველებს, ზოგჯერ ბოლომდე, ზოგჯერ ნაწყვეტებს… განსაკუთრებით კი კომენტარებით იყო გატაცებული.
“მოგეფერე” წაიკითხავდა, ეს მოსწონდა განსაკუთრებით, მერე დათოს გამოხედავდა და სმაილს მიმიკით უჩვენებდა.
ბრწყინავდა ერთიანად.
ჟღურტულებდა.
კისკისებდა.
მოიწყენდა, თუ რამ ისეთს წაიკითხავდა
იტირებდა კიდეც
“…ბუნება მათ არ არჩევს, ეს ღმერთის კაპრიზებია”
ვინ. ვინ გაბედა ჩემი სესილის ატირებაო, აყვირდებოდა, მოვკლავ, ავკუწავ, ნიკი მითხარი შენ დანარჩენს მე მივხედავო.
არაო, ახლა აცრემლებული სესილი გამოექომაგებოდა დათოსგან განწირულს, ნახე რას უწერენ კომენტარებში, მოგეფერეო, ჩემო სიხარულოო, ყველაფერი კარგად იქნებაო.
ამ არგუმენტებს დათო ვერ უძლებდა და ცერა თითს ზე აღმართავდა, იყოს ნება შენიო.
პუბლიკა ავტორის სიცოცხლეს ითხოვდა.
მერე ისევ გაიცინებდა
ისევ აჟღურტულებოდა
და ისევ
მოდი ნახე, ამას ვერ გიჩვენებო, რთულ სმაილებზე და არც მოეშვებოდა.
მიუგორდებოდა, სიზარმაცე მორეულს, სულთამხუთავივით დაადგებოდა თავზე.
“ვინაა შენი მტერი და შენი ენაო” გაივლებდა ხოლმე დათო გულში.
და ასე.
ატყდებოდა დრო და დრო ემოციების ფეიერვერკი.

***
-გეძინება?
-ისე რა.
-ჩამეხუტე, მაშინ და ისე დაიძინე
-მოდი, სიხარულო, რაღაც შეიცვალე ამ ბოლო დროს.
-მართლა?
-ჰო. ადრე შენი მოფერების მეშინოდა, სიბრალულით მოგდისო, მებუტებოდი.
-ახლა?
-ახლა მე გებრალები მგონია
-არა, არ მებრალები, მიყვარხარ უბრალოდ.
-მერე, მე არ შეიძლება მიყვარდე უბრალოდ, თუ მხოლოდ შენი ფუფუნებაა ეს.
-ნუ მებუზღუნები ახლა… ვიცი რომ  ჯერ გებრალები და მერე გიყვარვარ, მე კიდევ ჯერ მიყვარხარ და სულაც არ მებრალები.
-ადრე არ ტყუოდი ასე უტიფრად
-....
-გაბრაზდი?
-არა. ვფიქრობდი. შენზე ვერ ვბრაზობ, ცოტას გებუტები და ეგ არი
-აბა რაზე დაფიქრებულხარ, ასე ძალუმად აძგერებული გულით.
-ეს სიტყვები მეცნობა რაღაც…
-რა სიტყვები
-ასე ძალუმად აძგერებული გული
-სულ გადაგრია იმ საიტმა. იქ ამოიკითხავდი ალბათ
-ალბათ. იცი ვერ წარმომიდგენია იმ ღვთისნიერ ქალს რომ არ შეშლოდა მაშინ… რაღაც ხდება ჩემში… რაღაც ისეთი რომ… არ მეგონა თუ ოდესმე კიდევ…
-არ მიყვარს როცა ასე ლაპარაკობ…
-როგორ?
-ასე. პესიმისტურად.
-შევცდე არ მინდა და იმიტომ… მერე შენს გაწბილებას ვერ ავიტან.
-აკი არ მებრალებიო.
-აკი მატყუარა ხარო
-მერე შენც სიმართლე თქვი და ეგ იქნება.
-კარგი…ოღონდ ახლა არა… ახლა ვიტყვი, ოღონდ ახლა არა… კარგი?
-და შენ ფიქრობ მე ამას მივხვდები?
-ტუტუცი… ძალიან კარგადაც ხვდები, რომ შენთან მინდა ისე როგორც ადრე, ოღონდ ახლა, ამ წუთში არა… მეშინია და მიტომ.
-ჯანდაბას, ვიყო ტუტუცი და ასე ბედნიერი როგორც ახლა, ამ წუთში…
-სულ იმ ქალის ბრალია, ყველაფერი… და იმ საიტის
-მე სულ არაფერ შუაში ვარ?
-არა, არა, არა და არა…
“დაიმორცხვა, ღმერთო მოხედე ამას მოწყალე თვალით… მეც”

***
მეორე დღეს სახლში მოსულს ახალი ამბავი დახვდა.
-აი, საიდან მეცნო ის ფრაზა
-ცოტა წავიხემსოთ, სულო, და მერე მივხედოთ ფრაზებს, კარგი?
-კარგი. ახლავე გამოგიწყობ.
-შენ, სიხარულო?
-ხო. აბა ვინ, თუ მე არა.

-იცი რამ ამაღელვა. ნიკი აქვს უცნაური
-მაინც როგორი-მადიანად ილუკმებოდა დათო
-2006
გადასცდა თუ რა იყო, ხველა აუტყდა
-აგერ წყალი. ნელა ჭამე, სად გეჩქარება
-როგორ?
-2006
-რა მოხდა მერე.
-2006 დათო, არაფერს გეუბნება.
“ხვალ შაბათია, ზეგ კვირა. აი რას მეუბნება ეს… ჯანდაბას. შესვლასაც ვერ მოვახერხებ”
-გესმის, რას გეუბნები.
-მესმის,მესმის.  რა მოხდა მერე, უფრო უცნაური ნიკები არ გინახავს იქ.
-ჰო, მაგრამ ეს ხომ ის წელია ჩვენ რომ…
-შენც ნუ მიაქცევ ყურადღებას, იქნებ იმ კაცისთვის სულ სხვა რამეს ნიშნავს, რა იცი…
-კაცისთვის? რატომ კაცისთვის?
-ზოგადად ვამბობ, რა მნიშვნელობა აქვს კაცისთვის, ქალისთვის
“ეს როგორ დამემართა. რა ვქნა ახლა, როგორ მოვაშორო კომპიუტერს”
-თან ისეთ უცნაურ რამეებს წერს, გინდა წაგიკითხავ?
-ხომ იცი არ მიყვარს ეგეთები, რაიმე სხვა ვერ შემირჩიე სადღეისოდ? დიიდი ნოველა რამე, ან რომანი
-რამდენიც გინდა, წამო დაიკავე შენი ადგილი პარტერში.
-წავედით.
დამშვიდდა დათო. დაიძინებს და მეც ვიხელთებო დროს, ორი წუთის საქმეაო სულ, მოიკალათა პარტერში.
და დაიწყო ურაკული სერენადა.
დათოს თხოვნით დღეს ნოველები იკითხებოდა.
კერძოდ, ვინმე უჩა, გვთავაზობდა “და წავიდა ძილისპირული” სათაურით საკმაოდ ზორბა მოთხრობას. ამან დათო განსაკუთრებით გაახარა. აბა ახლა შენ იციო, უთხრა სესილს და მოხერეხებულად წამოწვა.
შეიძლება სათაურმა განაწყო საამისოდ, ან დარდმა რომელმაც წუთის წინ გაწრიტა, ფაქტი კი ერთია, თანაც ჯიუტი, როგორც ჩვევია და შუა თხრობისას ჩასთვლიმა კიდეც.
სესილი კითხულობდა გატაცებით და ხმამაღლა, სანამ დათოს მშვიდი ფშვინვა არ მოსწვდა სმენას.
მოსიყვარულე ღიმილით მოხედა გემრიელად მთვლემარეს და თავისთვის განაგრძო კითხვა.
ბოლოს კომენტარებიც ჩაიკითხა.
რა საყვარლები არიანო, ტრადიციულად და …

ნიკი  ” 2006”
ჟანრი  -- სხვა
"შენზე დარდი არ მომასვენებს”

“იქ, იგივე რესტორანში, სადაც არაერთხელ ვყოფილვართ.
რა მნიშვნელობა აქვს როდის.
მით უმეტეს, რატომ.
მთავარი ის იყო რომ,უკვე საღერღელაშლილ-აცეკვებულ ბანკეტზე, როცა მე მეგობარს ცხოვრების ავან-ჩავანზე ფილოსოფიური განწყობით ვესაუბრებოდი, ერთმა მსუბუქად ნასვამმა ადამიანმა უნებურად მხარი გამკრა და…
იმავე წამს ვიღაცის ცივმა და უხეშმა ხელმა გულზე დაუნდობლად მიჩქმიტა.
მივხვდი რომ ვერაფერს შევცვლიდი.
იქნებ ჩემი რეაქცია ვინმეს ზედმეტად გადაჭარბებულიც მოეჩვენა, მაგრამ ჩემთვის ნათელი იყო ერთი რამ:
რომ შეიძლებოდა ვერც ვერასოდეს გამეგო
როგორ
რატომ
რისთვის
და როდის
ჩემი ცხოვრება დაენარცხებოდა სიკვდილს და დაიმსხვრეოდა ისე როგორც ხელიდან გავარდნილი შამპანურით სავსე ბროლის ბოკალი.

ჰო… შეიძლებოდა ვერასოდეს გამეგო…
მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, სიხარულო, არც სიცოცხლეში და არც მის მიღმა
შენზე დარდი არ მომასვენებს”.

რაღაც უცნაურით და საოცრად თბილით გაჯერდა ოთახი.
მოულოდნელით და ნატვრასავით სასურველით
“თურმე რას მეუბნებოდა შეშლილი თვალები”
წამით გაიელვა  დათოს სახემ. ცხადად ჩაესმა დამსხვრეული შუშის ხმაც და  ელდანაკრავივით გააჟრჟოლა მთელს ტანში.
მთელს ტანში!!!
სესილი ფეხზე იდგა, შეშინებული და ფართო თვალები ცრემლებით ამოვსებოდა.
და ოთახი კიოდა “დათოოოო, გაიღვიძე დათო”
დათო კი სწორედ მაშინ ხელგაშლილი ეგეგბებოდა, მისკენ გაუბედავად მომავალ საყვარელ ქალს და სიზმრიდან თავის დაღწევა აზრადაც არ მოსდიოდა. ეს კი იყო, აეკვიატა გაუგებარი “კიდევ კარგი ვერ მოვასწარიო”.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები