 | ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა 28 ნოემბერი, 2011 |
-მაშ შენ თვლი რომ ეს უცოდველი კურკურია მხოლოდ და სხვა არაფერი, ხომ? და ამას ისე მეუბნები დარწმუნებული ხარ, რომ მიამიტად შევხედავ--რა მოხდა მერე, იჭუკჭუკონ გვრიტებმა… -რა შუაშია, მიამიტად, რატომ არ გინდა გაიგო, რომ ყველაფერი რაც იყო, წარსულს ჩაბარდა. -ჩაბარდა ხომ? -დიდი ხანია უკვე. მივხვდით რომ უცხონი ვართ ერთმანეთისთვის ამმხრივ -რა მხრივ. დააზუსტო იქნებ -ოოჰ, რა აუტანელი ხარ ზოგჯერ. -პასუხს ნუ გაურბიხარ შენ! -სასიყვარულოდ, ბატონო… პასუხს გავურბივარ, აბაა, ეგღა მაკლია. არც სექსუალური ლტოლვა გვაქვს ერთმანეთისადმი თუ გინდა იცოდე. -სწორედ რომ მინდა ვიცოდე. შენ, გასაგებია რატომაც არ გაქვს. ის? ის რას გიწუნებს ნეტა? -კარგი რა, კარგი... არ დაიღალე? -არა! ადრე გქონდათ ესე იგი… აბა რაზე ლაპარაკობდით ასე მხიარულად? -სალაპარაკო დაილია შე ქალო. შენ და შენი დაქალი ტელეფონზე ახერხებთ საათობით ლაქლაქს და მე დიდი ხნის უნახავ ბავშვობის მეგობართან ნახევარი საათი ვერ მისაუბრია? -მეგობარ ქალთან, არა? -ბავშვობის მეგობართან მეთქი -რაზე ლაპარაკობდით მერე, რა საიდუმლო სერობა გქონდათ ასეთი. -რით ვერ გაიგე, რომ ვიზრდებოდით ერთად, სიარულიც კი ერთდროულად დავიწყეთ… ერთი ნაყინი გვილოკია ბავშვებს, ერთი მათლაფიდან გვიჭამია, ერთმანეთის ხათრით, ჩვენი პირველი გატაცებები გაგვიზიარებია , საიდუმლო გაგვინდვია ერთმანეთისთვის და რა ვიცი კიდევ რა…ბავშვურად გვიჭორავია ბოლოსდაბოლოს. -აი, აი. მეც მანდა ვარ. არანაირი სურვილი არა მაქვს, ჩემი კაცი, ჩემზე ლაპარაკობდეს უჩემოდ, თუნდაც ბავშვობის მეგობართან. მაინც რას უყვებოდი ნეტა? იმას ხომ არა, როგორ გვიყვარს ერთმანეთი, რომ ხანდახან ისე შევტოპავთ, თავზე დაგვათენდება ხოლმე. ღმერთო დიდებულო, ისიც ხომ არ გითქვამს ბებიასთან სოფელში, თივის ზვინში რომ… ჰა? გეკითხები! -არა, საყვარელო, რას ამბობ. მაგრამ თივის ზვინი კარგი გაიხსენე, მართლა რა კარგი რამ იყო არა? ქათმები რომ დაქოთქოთებდნენ იქვე და მამალიც რა შურით მიყურებდა, გულზე გამსკდარმა ყივილით რომ აიკლო იქაურობა, გახსოვს? -არაფერიც. ის უბრალოდ ყიოდა, დედლებს აფრთხილებდა ჩვენს ტერიტორიაზე უცხო მამალი შემოიჭრა და არ შემარცხვინოთო, თორემ გაგპუტავთო. შური და გულზესკდომა შენი მოფიქრებულია. რა ჭირდა სამაგისო, იმოდენა ჰარამხანის პატრონს. შენსავით მეზობლის ეზოში კი არ გადარბის. -ეგრე არა?! ჰოდა ხვალაც გადავირბენ და საერთოდ როცა მინდა, სანამ აქ ვიქნებით, ჩემს სოფელში... მაშინ ვნახავ მეგობრებს და რაზეც მინდა იმაზე ვილაპარაკებ. -რაზე მაინც. -დაიწყე ისევ თავიდან. -შეკითხვაზე მიპასუხე შენ!!! რა გაქვს იმ ქალთან ამდენი სალაპარაკო?! -რა შენი საქმეა. ის ქალი, სხვათაშორის ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. ხელოვნება გინდა თუ ლიტერატურა, თუ პოლიტიკა, ყველაფერზე შეიძლება მასთან საუბარი. -აი თურმე რა! ჩემთან მხოლოდ იმაზე საუბრობ რა მოვამზადო სადილად, შარვალი დაუთავებულია თუ არა და კიდევ ათას მსგავს წვრილმანზე, მასთან კი მაღალ მატერიებზე არა? კარგი! ხვალ რომ გადახვალ მეზობლად, შარვალიც გაიყოლე. თან გაგიუთოვებს, თან დოსტოევსკის “იდიოტი” გაარჩიეთ, ან პოლიტიკური ვითარება ჯურუნდუკში. -ეგ სად არი? -ჯანდაბაში. -კარგი ახლა ნუ იბუტები ასე უაზროდ... -... -მოდი, ჩემო იჭვისგუდავ, ჩამეხუტე და სულაც არ გავალ სახლიდან. -მართლა? -ხო. -იმასაც არ შეხვდები? -არა -მართლა? -ხო -ჩემთანაც ხომ ილაპარაკებ ხელოვნებაზე -კი -მართლა? -ხო -პოლიტიკაზეც -ფეხბურთზეც -ფეხბურთზე არ მინდა -კარგი -მართლა? -ხო -... -მოდი ახლა, თორემ გასკდა გული -მართლა? -ხო -კარგი მაშინ... ხვალაც ნახე თუ ასე გინდა, ოღონდ ერთ რამეს დამპირდი. -გპირდები -ჯერ რომ არ მითქვამს -თქვი მერე, ვინ გიშლის -ჩემთან, სოფელში, თივაში რომ… ის მოუყევი. -ღმერთო, რა სულელი მყავხარ… რა მეშველება -მოუყვები? -კი -მართლა? -ხო -მამალი რომ შურით სკდებოდა იმასაც ეტყვი? -კი -მართლა? -ხო -დავიძინოთ მაშინ -მართლა? -ხო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ვაიმე, მამალზე და თივის ზვინზე მეც გამეცინა და ფინალი :D კარგი იყო :D ვაიმე, მამალზე და თივის ზვინზე მეც გამეცინა და ფინალი :D კარგი იყო :D
2. მამალი რომ შურით სკდებოდა იმასა ეტყვი? რა გულიანად მაცინე, მამალი რომ შურით სკდებოდა იმასა ეტყვი? რა გულიანად მაცინე,
1. კარგი იყო ...თბილი ძალიან ... -მართლა? -კი, ნამდვილად...555 კარგი იყო ...თბილი ძალიან ... -მართლა? -კი, ნამდვილად...555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|