ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
5 იანვარი, 2012


მისტერია




განმარტოვდებოდა თუ არა ისეთი რთული გახდებოდა, ისეთი რთული, რომ თავადაც უკვირდა.
აი მაშინ უნდა გენახათ.  მსოფლიო, რომ იტყვიან, სევდა აღებეჭდებოდა სახეზე და დასდევდა ტვინის ხვეულებში ანცად მოხეტიალე, როგორც თვითონ თვლიდა, აზრებს, მათ თავმოყრას ლამობდა და ზოგჯერ გამოსდიოდა კიდეც.

აზრი, თუ იდეა, თუ სხვა რამ ისეთი, რომელმაც რაღაცნაირად დააფიქრა

ახლა რომ მოკლეზე მომეჭრაო, ამ წუთში აქ ხომ არ ვიქნებოდიო. ცოტათი თუნდაც, მაგრამ ხომ გავუსწრებდი იმას ვინც ახლა, ამ წუთში აქ არისო. ესე იგი “მე”-სო. _ არა და მიდიოდა მარტო, მშვიდად და უცებ, ასე მოულოდნელი და ასეთი უცნაური, როგორც თავად თვლიდა, აზრი ეწვია.
იმიტომ რომ იმან, მოკლეზე მოჭრა, მე კიდევ არაო _ სასაცილო გეგონება კაცს ერთი შეხედვით, მაგრამ ჩაუფიქრდი აბა რაღაცნაირად.  და წარმოიდგინე, რომ რამდენიმე მეტრით  წინ მიდის შენი ასლი, მოკლეზე რომელმაც მოჭრა, ზუსტად ისეთი როგორიც შენა ხარ, ოღონდ ვირტუალური.
აშკარაა  ჩემზე ადრე მივა სახლში, თუ სახლში მივდივარო _ ასეთი იყო დასკვნა _ რამდენი ასეთი ვირტუალური “მე” დადის ახლა ამ ქვეყნად? ადრე ხომ ხშირად მომიჭრია მოკლეზე, სადაც ამის შანსი მქონდაო.  ბიჭოოოს…შეიძლება ზოგიერთი მაგარი ვინმეც კი არისო უკვე.  მეცნიერი მაგალითად, ან ბიზნესმენი.  იქნებ აღმოვაჩინე კიდეც რაღაც, ვიცი რო? ან იქნებ ფინანსებში გავაიმასვქენი და ციხეში ვზივარ კაი ხანია.  ოოო... აი ამისთვის არ ღირდა მოკლეზე მოჭრაო _ ლოგიკურია _ მაგრამ მაგარი მომღერალი თუ ვიქნებოდი მაშინ? კარგი ცხოვრება რამე, ვარსკვლავი ხარ, ფული, ქალები… არა, არა. ასე ძალიან მოკლეზე ვერ მოვჭრიდიო _ ობიექტურიც უნდა იყო ასეთ ვითარებაში.
და უცებ ისევ ახალმა აზრმა თვალი ჩაუკრა  და ფაქიზად ჩამოქნილი გაანდო
_ ვინც გაგისწრო გასაგებია, კი ბატონო. შენ ახლა ისა თქვი რამდენი ჩამოგრჩაო
სწორედ რომ ჩამორჩნენ, მანაც  ხომ მოჭრა  მოკლეზე იმათთან შედარებით...  და აქ დაიბნასავით. აზრებიც სადღაც გაქრნენ საპნის ბუშტებივით.
რა გამოვიდა ამდენი ფიქრის მერე?
_ ეტყობა აქ უნდა ვიყო, აქ, სადაც ახლა ამ წუთში ვარო…და  ვარ კიდეცო _ მართლაც სასცილო რამ გამოვიდა, კაცმა რომ თქვას, ამ დასკვნამდე რომ მისულიყავი, რა აუცილებელი იყო ერთი ორგან, მარცხად დაგდებულ  ქვას წაბორძიკებოდი დაფიქრებული, კისრის მოტეხვის საკმაოდ რეალური პერსპექტივით. 
არა, რა. თუ გაურთულდა მარტო არ დაიტოვება, ან პირიქით, თუ მარტო დარჩა, ურთულდება და ეგ არის.
ამიტომაც  გადაწყვიტა იმას წამოწეოდა, რომელმაც ლუდის ბარისკენ მოჭრა მოკლეზე, იქ მეგობარი "ფილოსოფოსები"  იკრიბებოდნენ ხოლმე.

ნაბახუსევს და ცოტათი ადრეც.

სიზმარი ხომ  ცხადის ასტრალური ვერსიაა. როცა სხეული ისვენებს სიცოცხლისათვის ნაშრომ-ნაბრძოლი და გონიერიც მოდუნდება, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არაფერი ხდება უმიზეზოდ.
ჰოდა, მოვიდა კაცი...  სიზმრად, რათქმა უნდა,
შესახედავად ნორმალური.კოხტად ჩაცმული.  გაუბედავად, ხაზგასმული მოწიწებით და ეუბნება – თქვენო… _  ასე ზრდილობიანად, თქვენობით მიმართა.
ჰო, თქვენო, არათუ ამ ქვეყანაში, მთელ პლანეტაზეც კი ერთერთი იმათთაგანი აღმოჩნდით, ვინც გამოირჩევა აზროვნების ორიგინალობითო, განსაკუთრებულად საინტერესო იდეებითო და ამიტომ გადაწყდა ყოველი თქვენი სიტყვა თუ ფიქრი, ჩავიწეროთო. სიტყვა სიტყვითო. და ბოდიშიც მოიხადა, რომ მხოლოდ დღეიდან ვიწყებთ ამ უმნიშვნელოვანეს საქმესო.
ნაბახუსევის სიმპტომები, მართალია ეძინა, მაგრამ მაინც ვლინდებოდა  და სიზმარშიც იჩინა თავი.
_ ერთი შენი გამომგზავნის და პირადად შენიცო…
ასე, რთული ქვეწყობილი წინადადებით, ყველაფერი ადგილზე რომ იყო, ისეთით, შემასმენელი, ქვემდებარე და ეგეთი რამერუმეები და რაც მთავარია, ადეკვატური, დაგვეთანხმებით ალბათ, შექმნილ ვითარებაში.
და რა?
იქვე ჩაიწერა იმ ტიპმა ყველაფერი ბლოკნოტში და შემდეგი ფრაზის მოლოდინში მოწიწებით სავსე ღიმილით მიაჩერდა.
გაეღვიძებოდა აბა რა! თან საკმაოდ შიშნაჭამს.
_ ვააჰ… რა იდიოტობა იყო ესო.  _ გაიფიქრა და… ქაღალდზე კალმის წრიპინიც მოესმა ცხადად, ოთახის შორეულ კუთხეში ვიღაცამ რაღაც ჩაიწერა. თვალებიც მოიფშვნიტა, ყურიც გამოიქექა და სარკეშიც ჩაიხედა.
კი. სჩანდა! - ესე იგი ღვიძავს.
_ აუჰ… წავედი ახლა ბარში, თორემ ვერაა ჩემი საქმე მთლად კარგადო  _ გაიფიქრა და ყურიც მიუგდო, მაინც, ყოველი შემთხვევისათვის. 
ისმოდა  თითქოს.

ისევ მარტო რომ დარჩა, და ისევ სახლისკენ მიმავალი

ამჯერად რატომღაც სევდიანი აეკვიატა. ხდებოდა ასეც ხანდახან.
აზრები ხან ღვინივით მათრობელაა, ხან ძმარივით მომჟავო.
ახლა ოდნავ აძმარებულს აჭაშნიკებდა.
აზრი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს იმას, რამაც სევდა მოჰგვარა, თავისაზე იდგა - გართულებულიყო ისევ.
"ადრე, ახალგაზრდა ვიყავიო, ენერგიული. სადღაც რომანტიკულიც კიო. ჯანმრთელიი, უკეთესს ვერ ინატრებდიო. მერე?  მერე დავკაცდი, ოჯახი რამე, სამსახური და რა… ვბერდები მაინც” _ არა, მაინც კი არა, ვბერდები ნელნელაო _ "და ასე მგონია, რაღაცრაღაცეებს მთლად სწორედ არ ვაკეთებდი ამ ცხოვრებაშიო".
ისიც აღიარა, რბილად ნათქვამია ესო.
არადა ამის გამოსწორება არ გინდა ახლა?
მოასწრებ რო?
"ეეჰ, მარადიულზე ხომ არ დავფიქრებულიყავი ვითომო.  ზოგჯერ მაინც" _  და თითქოს ენამ უყივლაო
_ არ გინდათ წაიკითხოთ ბიბლია? მოხვიდეთ ჩვენთან და ერთად ვიფიქროთ და ვისაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე?
და რაღაც ეგეთები კიდევ. თვალები უელავთ უცნაური შუქით და ასევე უცნაური ღიმილ-სიხარული დასთამაშებთ სახეზე.  ეს ისე მოულოდნელად მოხდა, თითქოს ჩასაფრებული იყვნენ და აჰა, გააბეს კიდეც.
გაჩერდა, ისე ჩანდა თითქოს უსმენსო, შეუჩერებლად მოტიტინე ხანდაზმულ ქალებს, სინამდვილეში კი  მოღიმარი ფიქრობდა. _ "არა, რა. არც ისე ცუდად ყოფილა ჩემი საქმე, რაკი ღმერთმა, თუ ვინც არის იქ, ასეთ ბედს გამარიდა, ამ ორს რომ რგებია წილადო" _ და ცოტათი გახალისებულმა და ისევ მოღიმარმა განაგრძო გზა. ქალები რაღაცას მოსძახოდნენ მიმავალს, მაგრამ უკვე არც ესმოდა მათი.
მაინც რაღაც თბილის მოზღვავება იგრძნო, ისეთი თბილის, რომ მათხოვარს, რომელსაც გასცდენოდა  უკვე ათიოდ ნაბიჯით, მობრუნებულმა ბოდიშიც კი მოუხადა,  ვერ შეგნიშნე ფიქრებში გართულმაო და ხურდა ჩაუყარა კონსერვის ქილაში.
იმანაც ისე შეჰღიმა, მადლიერმა და ისეთი თვალებით, ისეთი თვალებით, რომ შერცხვა რატომღაც, მზერა აარიდა და წავიდა. სამიოდ ნაბიჯი არც გადაედგა, მის წინ დაგდებულ, კოხტად დაკეცილ ბარათს მოჰკრა თვალი.
“კი მაგრამ, იქით მიმავალს და არც მობრუნებულს...  ახლა საიდან გაჩნდაო აქ" _ გაიფიქრა ერთი გაფიქრება.
დღეს. 19ს 13წ  სახლი - ესღა ეწერა.
მისთვის არაფერი, მაგრამ სხვისთვის იქნებ ძალიანაც მნიშვნელოვანი იყო. ახლომახლო კი არავინ ჩანდა. რა უნდა ექნა, ასევე აკურატულად დაკეცილი ურნაში ჩააგდო.
ურ-ნა-ში! იქვე კი არ მიუგდია, როგორც ადრე სჩვეოდა. თან აშკარად ჩანდა ეს ჩვევა მარტო მისი მანკიერება არ იყო.

და ბოლოს… ანუ დასაწყისის დასასრული.

ისევ, მოულოდნელად, როგორც ჩვეოდათ, აუყვნენ  და ჩამოუყვნენ ტვინის ხვეულებს, როგორც თვითონ თვლიდა, აზრები, თუ იდეები, თუ სხვა რამ ისეთები… მოკლედ, არ მოასვენეს რომელთაც.
მოდი მოვჭრათ მოკლეზეო, და იმას ხასიათზე რომ ვერ იყო მაინცდამაინც, უფრო მეტად  გავუსწროთო.
ასეც მოიქცა. თან კარგი გადაცემაც იწყებოდა, სახლშიც არავინ დამხვდება, ბარემ თავიდანვე ვუყურებო და ნაბიჯსაც მოუჩქარა.
მერე კიდევ რაღაც ეჭვისმაგვარმა გაჰკრა მხარი, უფრო აჩქარდა
მერე რაღაცამ იდეის მონაცემებით ისევ და უფრო…
მერე სულ აირია
ასე არეული და სრულიად გაურკვეველი მიზეზით, ამოვარდნამდე აჩქარებული გულით,  შევარდა ეზოში და…
ეს აქ ვინ დააგდო, მე მაგისიო  _  გაფიქრებაღა მოასწრო. ლოდს ფეხი წამოჰკრა, ამოყირავდა სასწაულებრივი სალტოთი და სანამ ზღართანს მოადენდა, მეზობელი ქალის კივილმაც შეძრა გარემო.
ორიოდ ნაბიჯზე, მისგან,ბეჭებზე რომ გართხმულიყო, უზარმაზარი, თიხის, საყვავილე მიწით სავსე ქოთანი დაასკდა ასფალტს და ქალიც, მეხუთე სართულის აივანზე, მუხლებმოკვეთილი ჩაიკეცა.
ზუსტად ცხრამეტი საათი და ცამეტი წუთი იყო, როცა მასთან საშველად მისულ უცნობ კაცს იდუმალი ჩურჩულით ამცნო:
-არ უნდა მომეჭრა მოკლეზე
-რა თქმა უნდა
ღიმილით უპასუხა უცნობმა.
ვერაფრით გაიხსენა საიდან ეცნობოდა ეს ღიმილი.

და მერე… ანუ დასასრულის დასაწყისი.

იქვე  მოწყობილ სკამზე ჩამოსხდნენ განმარტოებით.
-ძალიან დაშავდით?
-ეს მიკვირს სწორედ, თითქოს არც დავცემულვარ. არადა ისეთი სალტო მოვხიე…
-კი. სალტო ოსტატური გამოგივიდათ
-უკაცრავად, მაგრამ თქვენ არ მეცნობით
-ეეჰ. ცნობას ვინ ჩივის, ბევრმა ჩემი არსებობაც არ იცის.
-და მაინც, გმადლობთ
-არაფერს.
-იქნებ…
-არ არის აუცილებელი. სახლში მისული სასურველ გადაცემას რომ მიუჯდებით, მაშინვე დაგავიწყდებით.
-თქვენი ნებაა. მინდოდა ჩემთან მიმეწვიეთ. ცოტა არეულად კი ვარ, რემონტი გვაქვს სახლში მეუღლეც თავისიანებთან წავიდა რამდენიმე დღით, მაგრამ კეთილი კაცის გამასპინძლებას მაინც შევძლებდი. კარგი ჭაჭა მაქვს, მისატანებელიც მოიძევება და თუ იკადრებთ…
-რატომაც არა.  არც მეჩქარება მაინცდამაინც…
-ჰოო და, წავედით მაშინ
-წავედით.

სახლი…

-ახლავე გავშლი სუფრას
-კარგია აქ. მომწონს. სამყაროს შექმნის პირველი დღეებიაო თითქოს
-ხო, ცოტაღა აკლია სრულყოფამდე - გაეცინა
-თქვენ ფიქრობთ, არის რაიმე სრულყოფილი ამ ცის ქვეშ.
-ალბათ
-და როგორი წარმოგიდგენიათ ის?
-მელოტი და მაყუთიანი… ვხუმრობ. რა ვიცი აბა როგორია, მაგრამ ვიცი რომ უნდა ვესწრაფოდეთ სრულყოფილებას.
-ეგ საიდან იცით?
-ამას გაიძახის ყველა, ვისაც ლაპარაკი არ ეზარება, მთლად პირწავარდნილი მამაძაღლიც კი…
-თქვენ? თქვენ თუ გსურთ იყოთ სრულყოფილი?
-არ ვიცი. აი სრულყოფილად ბედნიერი კი მინდა ვიყო.  აბა,მობრძანდით...  ჩამოვსხდეთ.
სტუმარი მაგიდას მიუჯდა და ეტყობოდა დაწყებული საუბრის გაგრძელებას ელოდა. არ გააწბილა.
-ხო, მაგრამ თუ უბედურება არ გაიარე, ბედნიერებას ვერც შეიგრძნობ ალბათ. თუმცა რა. ათას უბედურებას გამოსცდები, ბედნიერიც ხარ თითქოს და იქვე გრძნობ რომ ისევ აგეგმზავრა მომავალი უბედურების აჩრდილი.
-ადამი?
-ვინ ადამი?
-პირველი კაცი, ადამიანი.
-ჰოო, ადამი… სამოთხიდან რომ გამოაგდეს, უბედური იქნებოდა, აბა რა. განიცადო ღმერთის სიყვარული, იცხოვრო სამოთხეში, თან ერთადერთ ქალთან და დარჩე ყველაფერი ამის გარეშე.  აი პირიქით რომ ყოფილიყო...
-ეს როგორ, პირიქით?
-ჯერ აქ, უღმერთოდ, უსიყვარულოდ, უქალოდაც  შეიძლება და მერე სამოთხე ქალთან ერთად.
ხუმრობის ხასიათზე იყო. ჩამოასხა
-არა მგონია ხვალ უკეთესად იყოს საქმე ვიდრე დღესაა, მაგრამ, იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა
მიუჭახუნა და გადაჰკრა
-ღმერთმა არა?
-სხვა ვარიანტიც იცით რამე?
-პრინციპში, არა! იყოს ესე
გადაჰკრა სტუმარმაც.
უფარდო ფანჯრის მიღმა, თეთრი ღრუბლის ფთილებით დახალული ცის ფონზე, ტაძრის გუმბათი ბზინავდა.
-კარგი ხედია არა?
-უფრო საკვირველი. ტაძარი მოსჩანს აქედან
-მერე რაა აქ საკვირველი, ბევრგან მოსჩანს ტაძარი ფანჯრიდან
-საკვირველია ის რომ, ხალხი მიდის, ლოცულობს, იქ კი არავინ არის
მაღლა აიშვირა თითი
-კარგი ერთი. ხალხს სწამს რომ არის და ესაა მთავარი.
-თქვენ? თქვენ თუ გწამთ?
-რა ვიცი აბა… აი გუმბათი კი მომწონს, ისე ლამაზად მოსჩანს მზის ჩასვლისას. მაშინ მგონია რომ მწამს.  ერთიც დავლიოთ. ღმერთმა ქნას იქ მართლაც იყოს ვინმე.
-ღმერთმა არა?
გაეღიმა და გადაჰკრა.
-თქვენ რა იცით რომ იქ არავინაა
-ვიცი, რომ ამ წუთში არავინაა.  კრიზისია, საშინელი კრიზისი.
-რა არის?
-კრიზისი. ყველაფერი ურთიერთკავშირშია. დადებითი ემოციები  დღითიდღე კლებულობს, ნაკადი რაც ცას კვებავდა შრება. ამ ნაკადს მოჰქონდა ენერგია სიკეთისმქმნელი. სიკეთე კიდევ უკუნაკადია რითაც ემოციები იკვებებოდა... და წრეც იკვრებოდა.
-ახლა რა? არ იკვრება?
-არიალი მცირდება. დადებითი ემოციების სიმცირე, სიკეთეს ამცირებს, სიკეთის ნაკლებობას დადებითი ემოციების სიმწირე მოჰყვება და ასე შეუქცევად წრე მიისწრაფვის წერტილისკენ. ანუ სინათლე სიბნელისკენ.
-თქვენ ერთი ჩემი მოფილოსოფოსო მეგობარივით ლაპარაკობთ. ანგელოზები კარგავენ სამუშაოს, ეშმაკებს ამცირებენ, წმინდანები ბანქოს თამაშობენ მაზიანზე.
-ასეც არის. აკი გითხარით კრიზისია თქო.
-კი მაგრამ ღმერთი?
-თქვენი აზრით, რა არის ღმერთი?
-უზენაესი კანონი. ის არ დაუშვებს სამყარო სიბნელემ მოიცვას. აბა, გაგვინათლოს ღმერთმა, ვინც მისგან შენდობას ითხოვს.
-ღმერთმა არა?-იღიმოდა.
“რა უცნაური ვინმეა”
დალიეს
-თქვენ ამბობთ კანონიო. შენახვის კანონი თუ გსმენიათ?
-როგორ არა. ქვეყნად არაფერი ქრება, უბრალოდ ერთი რამ, მეორე რამედ გარდაიქმნება. თუ რაღაც ეგეთი.
-სწორია. ამიტომაც იქ სადაც სიკეთე კლებულობს, ბოროტება მატულობს. შუქი კვდება, ბნელი მუქდება.
-კი მაგრამ ღმერთი?
-ღმერთი კანონია. თავად არ ბრძანეთ?
კარზე დააკაკუნეს.
და რაც საინტერესო იყო, მეორე ოთახიდან.
-შეიძლება?- იკითხეს
“ნუთუ სადარბაზო კარი დავტოვე ღია?”
-შემოდით - სტუმარმა დართო ნება.
“ეს რა ხდება, ჩემს თავს, სად ვარ, სახლში თუ?..”
თვალი მოავლო ოთახს. ყველაფერი ნაცნობია. თეთრი ჭერი. იაფფასიანი ჭაღი, შპალერასაკრავი კედელი, მაგიდაზე არაყი, მწნილი, ყველი, პური… ფანჯრის მიღმა ტაძრის გუმბათი, კაცი ოთახში, უცნაურად მოსაუბრე, რომლის სახელიც  კი არ იცის და რომელიც, ვიღაც უცხოს უფლებას აძლევს შემოვიდეს, ისე რომ მას არც ეკითხება.
“რა ხდება?.. ააჰ... მძარცველები?..  თუ… აუ რა შარში ამოვყავი თავიი”
-შემოდით, შემოდით - გასძახა თავადაც და ბედს შერიგებულივით გაეცინა “სისულელეა ყველაფერი, ერთი ამათი…”
-არაყს ინებებთ?- საბოლოოდ დამშვიდდა. “რა უცნაურია, ეგეც მინახავს სადღაც  ხომ იცი”
-თუ არ შეწუხდებით - ”ჰმ. ზრდილობიანია მამაძაღლი”
-ინებეთ
-გმადლობთ
უსიტყვოდ გადაჰკრა
-მიატანეთ რამე
-გმადლობთ - თავიც დაუკრა ახალმა - მე აი რისთვის გაწუხებთ… ჯოჯოხეთშიც კრიზისია.
-რას მეუბნებით. ამას ვინ იფიქრებდა - სარკაზმი ჭარბობდა მასპინძლის ხმაში
-დიახ, ასეა - სერიოზული იყო ახალი - ცოდვილებს ვეღარ ვიტევთ უკვე, საცავები გადაივსო შავი ენერგიით, ბოროტება კატასტროფულად პროგრესირებს. ცოტაც და სიკეთე გაქრება უკვალოდ.
-სხვას რას ელოდით?- ძველმა  იკითხა
-იქნებ ღმერთმა უშველოს საქმეს - ”მეც ჩავერევი რა...ისე რა დროისაა და არ უნდა მომეჭრა მოკლეზე”
-ღმერთმა დაიკიდა. ზის აგერ შენთან და სვამს - ახალმა ჭიქები შეავსო, ორივე მუხლზე დაიჩოქა და ძველს მიმართა გაბზარული ხმით.
- ცოტაც და სიკეთე გაქრება საერთოდ
“აუ, რა მაგრად ვაარ… ეს კიდევ რა შარვალს აფუჭებს ამ მტვრიან იატაკზე”
-მერე რა? აგერ კაცი, მას ჯერ კიდევ შემორჩენია ცოტაოდენი სიკეთე და სტუმართმოყვარეობაც. ასეთი ადამიანი დღეს თავად სიკეთეა.
-შეგვიწყალე უფალო - სულ შუბლი ურტყა იატაკს ახალმა
-ეს იატაკი ისეთი... ადექით რა, რატომ აფუჭებთ ამ დიდებულ კოსტიუმს - თხოვდა სიკეთე
-კი ბატონო - სკამზე დაჯდა და მასპინძელს შეხედა საწყლად - იცით, სანამ წონასწორობა დაცულია…
-ჩვენ, რა პონტში გაგვრიე, ძმა, ამ საქმეში - ”გავთამამდი აი! … ეეე, სულერთია აწი”
-თქვენ რა შუაში ხართ - მიუგო ახალმა და ისევ მუხლებზე დაეცა
-ღმერთო, შენ მაინც უწყი, სიკეთე და ბოროტება, უშენოდ ვერ ვიქნებით, ღმერთო.
-ღმერთო? - ”რას ბოდავს ეს კაცი… თუ მე მეტირა ყოფა. ა?”
- ჰო - სიკეთეს გაუღიმა ღმერთმა
“თურმე საიდან მეცნობოდა ეს ღიმილი და ეს თვალები”
კონსერვის ქილაში ჩაყრილი ხურდის ჩხრიალი მოესმა ცხადად.  ყველაფერი ბურუსმა მოიცვა, კონტურები გაბაცდნენ და საგნები ისე აირივნენ, ვერ გაეგო რომელი სად იწყებოდა, სად მთავრდებოდა. ის კი უკვირდა, მაშ როგორ ვარჩევ ერთმანეთისაგანო.
და დაჩოქილის ხორკლიანი ხმა ისმოდა, მუდარით სავსე და მაინც ბოროტით ნაფერი.
-ომი ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის ორივეს გვაწყობს, წარმოება ვითარდება, ახალი პროდუქტი შემოდის ბაზარზე, მოხმარებაც იზრდება და ყვავის ყველაფერი. შენ ხომ მშვენივრად იცი, ყველაფერი რაც ჩვენთან იწარმოება, შენთან მოიხმარება და ნადგურდება, პროგრესი გვქონდა. ახლა კი რა? სიკეთე ქრება, წარმოებაც ჩერდება…
“რა შარვალს აფუჭებს ეს იდიოტი. ბევრი აქვს ეტყობა, მაგრამ მაინც…”
-ახლავე დაჯექით სკამზე - ისე იყვირა სიკეთემ, თავადაც გაუკვირდა.
მოულოდნელობისგან სიტყვა გაუწყდა ბოროტს. საწყლად გამოხედა მასპინძელს და სკამზე დაჯდა.
-წარმოება ჩერდება - გაიმეორა უმწეოდ
-მერე რა?
-როგორ თუ რა. ბოროტებით გაივსება სამყარო.
-ერთი მაგის პატრონიც - სულ გათამამდა - რა შეუჩნდით ამ ღვთისნიერ კაცს?
-წარმოება ჩერდება - ბოროტმა ამოიკნავლა ისევ
-აჰაა. და ღმერთიც დაგჭირდათ, როგორც იქნა, არა?
-დიახ. ბატონს სჭირდება.
-ვიის?!
-ჩემს ბატონს. ლუციფერს.
აქ კი მიხვდა, რომ სულ ტყუილად ჩაება ამ ბატალიებში.
-რაო, რა მინდაო? - მშვიდად იკითხა ღმერთმა.
-შევთანხმდეთო. ჯოჯოხეთშიც მზად ვარ სიკეთის ფილიალი გავხსნაო. ჩემგან მოტყუებულ სულებსაც დაგიბრუნებო. ოღონდაც სიკეთის წარმოება გაიზარდოსო.
-არავითარი ფილიალი არ იქნება.
-გევედრებით
-არა - ნაღვლიანად უპასუხა ღმერთმა.
-მაგრამ, ეს ხომ აუცილებელია - იყვირა ბოროტმა. სახე მოექცა, ნაკვთებმა საზიზღარით და სისხლის გამყინავი საშინელით გაიელვეს.
“ეს დემონია, ასიანი… ან მე ვერა ვარ…მაგრამ რატომ არ მეშინია? ნუთუ მართლა ღმერთია გვერდით?”
-გაიგე რა! არაო! - ”მართლა არ მეშინია, აი”
-გემუდარები - ატირდა ბოროტი - თორემ ბატონს ვერ გადავურჩები.
-არა! - შეუვალი იყო ღმერთი
არეულ-დარეულ, უთავბოლო საფიქრალს ჩაეყლაპა სიკეთე.
“კრიზისი ქვევით… კრიზისი ზევით… აქ კი სიძულვილი, უმწეობა… ეეჰ, რას გავს ეს?”
ადგა და გვერდით ოთახში გაჩანჩალდა
-შენ საით? - მოესმა ზურგს უკან
არც მოუხედავს. ხელი ჩაიქნია მხოლოდ.
ბოროტის ამაზრზენი ქირქილი მიაცილებდა. ზურგში ხელსაც ჰკრავდა თითქოს
“აღარც ღმერთი მინდა, აღარც ეშმაკი… ძილი ჯობია ახლა ყველაფერს. ესენი კი ნახავენ თავიანთ გზას… მე ვინ რას მეკითხება რო? ან მოსვლას, ან წასვლას…”
დაამთქნარა და ლოგინზე მოადინა ზღართანი.
საწოლს საყვარელი ქალის სურნელი ჯერაც შერჩენოდა და უფრო მჭიდროდ მიეკრო.

და აი, ისიც…

სიჩუმე ჩამოწვა. ჩამობნელდა და ჰაერიც დამძიმდა, თუ რა იყო, სუნთქვა ჭირდა.
“რატომ არ მეძინება ნეტა?... თავიც რომ მისკდება… ააა. გამახსენდა. ის ბოროტი იყო ბლოკნოტით ხელში მოსვენებას რომ არ მაძლევდა. მე მაგის… აფსუს, მაშინვე ვერ გავიხსენე თორემ…”
ციოდა რატომღაც. ჯიუტად დახუჭული თვალები საქმეს ვერ შველოდა.
გაახილა და ჭერს მიაშტერდა. მუხლუხოს მსგავსი, მოყავისფრო რამ გაუჩინარდა ჩამოხეული ქაღალდის ქვეშ.
“მართლა რა იყო ეს ა?.. მომელანდა თუ მართლა იყვნენ აქ?.. დათრობაც ეგეთი უნდა რა”
-ეს სიმთვრალე არ არის - მოესმა ცივი ხმა - ეს შენი რეალობაა დღეიდან
შეკრთა, მაგრამ არ შეშინებია.
-შენ ვიღა ხარ კიდევ?
-მე?  ჰმ… მე ამ სამყაროს ბატონი ვარ
-ღმერთი?
-არა ძვირფასო, ეშმაკი.
-მე მოვკვდი?
-არა, გაკოტრდი.
-სიკვდილი რა,  გაკოტრებული სიცოცხლეა?
-შეიძლება ასეც იყოს.  ეგ შენი გადასაწყვეტია.
-განა მე მეკითხება ვინმე რამეს?
-შენ ყოველთვის გეკითხებიან.
გვერდიდან ჩუმი სიცილი მოესმა. გამოხედა და ორმა წყვილმა უცნაურად მოციმციმე თვალებმა შემოანათეს, უცნაურივე ღიმილ-სიხარულით რომ გაბრწყინებოდათ სახე.
“ისინი  არიან, ისინი”
გაეცინა, რაღაცნაირად ნერვიულად, ფანჯარას გახედა. არაფერი ჩანდა, ბოლით ახრჩოლებული ნაცრისფერი ცის გარდა.
“გუმბათი?”
-ის არაფერში გჭირდებოდა მაშინაც, ახლა კი მით უმეტეს. შენ აქ სულ სხვა რამ გეკისრება.
-სად, აქ?
-ჯოჯოხეთში, ჩემო კარგო.
-ამბობენ ჯოჯოხეთშიც მოიძებნება, მხიარული კამპანიაო - გაახსენდა სადღაც გაგონილი და გაღიმება სცადა.
მწარე იყო ...
-ამის გარანტიას მე გაძლევ - ცივად უპასუხა ხმამ - აგერ შენი კამპანია
უცნაურად მოციმციმე თვალებმა შემოანათეს მყისვე
- ეს ბაღიც, შენთვის დამითმია.
- აბა ბაღი
- გადი გარეთ, დაათვალიერე შენი სამფლობელო
გავიდა. სხვა რა გზა იყო.
გარეთ რიყის ქვებით მოფენილ თვალუწვდენელი ველი გაშლილიყო. ყოველი ქვის ქვეშ, რაღაც ამაზრზენი შემალულა და თავად შეშინებული, მაინც ავად იმზირებოდა. წყაროს ხმაურს მიუგდო ყური და იქით გაემართა. როგორც იქნა მიაკვლია. შავად მღვრიე წყალი მოწანწკარებდა, ეკალბარდს შორის. წყურვილმა თავისი გაიტანა. პეშვიდან მოხვრიპა და იქვე გადააფურთხა. გულამღვრეული  ჩამოჯდა ლოდზე და სევდიანად გასცქეროდა წყაროს, ქვებსქვემოდან რომ მოჟონავდა და ქვებშივე იკარგებოდა.

წამები გაწელილიყვნენ, როგორც წლები, საუკუნეები კი გარბოდნენ როგორც წამები.

და აი, საოცრება, თეთრმა მტრედმა გადასერა ნაცრისფერი ცა. წრე შეჰკრა მის თავზედ და შორს, ჰორიზონტს მიღმა ლალისფრად აელვებული ზოლისაკენ გაფრინდა.
და გაედევნა მტრედს.
და მირბოდა რაც ძალა ჰქონდა,
და არაფრად დაგიდევდათ ეკალბარდებით დაკაწრულ წვივებს, სისხლის კვალს რომ ტოვებდა ქვებზე, არც კვალში მოსისინე გველებს, არც თვალებს, ბოროტად მოციმციმეთ, შურით რომ ადევნებოდნენ და ღვარძლიანად მიჰკიოდნენ უკან. 
მხოლოდ ერთი რამ ადარდებდა.
არ დაეკარგა ჰორიზონტზე ლალისფრად აელვებული, და  ხმა მოჩურჩულე ნაცნობი ტემბრით და სუნთქვა სულ უფრო საგრძნობად თბილი სულში რომ ეღვრებოდა წვეთწვეთობით და სახე, სახე აცრემლებული და მუდარით სავსე თვალებით, უფრო და  უფრო მკაფიო რომ ხდებოდა…
და მირბოდა, მირბოდა.
ბოლოს, დაქანცული შვებით მიენდო მონატრებულ სურნელს.
და  გაიბზარა ბნელი ავად მოქუფრული
და ცისფერი ცა დაემხო თავზე. ნათელი, გამჭირვალე და  თბილი, როგორც სიკეთე
- ცოტაც დალიე, ცოტაც - იმუდარებოდა უსაშველოდ ნაცნობი ხმა და უძირო, სევდიანი თვალებიც შიშნარევი სიყვარულით წვიმდა.
სარკმელს მიღმა კი ჩამავალი მზის სხივებით აბზინებული გუმბათი, ნაცნობი ღიმილით შემოსცქეროდა თითქოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები