 | ავტორი: დილეტანტი ჟანრი: იუმორისტული 10 დეკემბერი, 2011 |
შეწუხებულმა გაიღვიძა. არადა სიზმარში ისეთი აღმაფრენით იყო სავსე, შიშმა, სიხარულისგან გული არ გამისკდესო - გააღვიძა. შემოქმედებით წვაში იყო სიზმრად… რაღაც უსაშველოდ საინტერესოს თხზავდა, უზარმაზარ მუხის მაგიდასთან მჯდარი, გრაგნილზე წერდა ბატის ფრთით, სარკმლიდან სავსე მთვარე შემოჰღიმოდა, კედლიდან კი მთვარით განათებული სურათი ამაყად თავაღერილი, სანდომიანად მომზირალი ახალგაზრდისა, რომელიც ძალიან ჰგავდა მუხის უზარმაზარ მაგიდასთან შთაგონებით თვალებანთებულ მწერალს, ბატის ფრთას რომ წიწკნიდა და ნაზი სიო ურხევდა მხრებზე დაფენილ აბრეშუმისსადარ თმას. ბოლო სტრიქონიღა აკლდა შედევრს, თაობიდან თაობაში რომ გადავიდოდა, სათუთად, ხელიდან ხელში და გულს ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდაა… აუ რა ჰონორარს მოვხევ ჟურნალიდან ასეთი რამისთვისო. შეიძლება კინოც გადაიღონ და თეატრები ხომ რიგში ჩადგებიანო. კიდევ კარგი რომ გაეღვიძა. გაეღვიძა და იმავ წამს მოიწყინა. არაფერი არ ახსოვდა თხზულებიდან, ასე შთაგონებით რომ იწერებოდა. სხვა ყველაფერი შემოენახა მეხსიერებას. მთვარე, ბატის ფრთა, სურათი კედელზე, მხრებზე დაფენილი თმაც და ისიც,თუ როგორ ირხეოდა სარკმლიდან მონაბერ სიოზე. “ეეჰ… კი მომიხდებოდა ბარემ, მაგრამ სადაა” ოფლით დაცვარული მელოტზე გადაისვა ხელი. “ეს ნიშანია… იქედან. უნდა ავდგე და საქმეს მივხედო” საქმე გულისხმობდა წერას ცხადში. ანუ შემოქმედებით წვას აქ, ამ ჭერქვეშ, მთვარის ნაცვლად სამოცვატიან ნათურას რომ უნდა გაეანათებინა. ”დროა ახალი რამ დავიწყო… რომანი, ან თხზულება რამე… იქნებ ნოველლა, პიესა ბოლოსდაბოლოს” თავქვეშ ამოიწყო ხელები. დაფიქრდა. “ჯერ სიუჟეტი , ფორმაზე შემდეგ ჩამოვყალიბდეთ” მეოცნებე მზერა ჭერს მიაბჯინა. მერე თვალები ოდნავ მილულა და ალიც ავარდა. “ვთქვათ და ჩვენი გმირი ახალგაზრდა, ან არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ უფრო მეტად მაინც ახლაგაზრდაა და კარგი, კეთილთვისებიანი პიროვნებაა... კარგად იწყება, თამამმად. პორტრეტი მერე, მაგრამ სუფთად გაპარსული და ხუჭუჭთმიანი, თან შავგრემანი და ვთქვათ, მამა ეღუპება. აი აქედან იწყება მთავარი. ესე იგი ისეთ ვითარებაში უნდა დავღუპოთ კაცი, რომ სწორედ აქედან დაიწყოს ინტრიგა. რაიმე განსაკუთრებით უცნაური ვითარება გვჭირდება ახლა ჩვენ. რაღაც იდუმალი, რომ მკითხველი ეგრევე ჩაითრიოს” ღრმად ამოიოხრა აქ. რაღაც გაახსენდა თავისი. შორეულმა მოგონებამ გაჰკენწლა ოდნავ. უცებვე მოიშორა თავიდან უამური და სიუჟეტს მიუბრუნდა. “ხოლო მისი დედა, კეთილთვისებიანის, ეგრევე თხოვდება. მამის დაკრძალვის შემდეგ, მაგრამ მაინც ძალიან მალე. უნდა ეწყინოს, რა თქმა უნდა და უცნაურადაც ეჩვენოს ეს ამბავი, ჩვენს ძმას. დაფიქრდეს უნდა ამაზე, აბა არა? რატომო, უნდა დასვას კითხვა ასეთი, ორმოცი მაინც ეცლიაო, იფიქროს. ნუ, იქ ხალხი რას იტყვისო, ისაო, ესაო… ეს მერე. მოკლედ სულ ამაზე ფიქრობდა. აქ რაღაცაა საჭიროო. დამაინტრიგებელი და ისეთი. ხო... მაგრამ რა?” ასეთ დროს გაბოლება ჰქონდა კარგად დაცდილი. ღრმა ნაფაზი, მერე რგოლები ერთმანეთის მიყოლებით და მოცისფრო ბოლის უცნაურ ხვეულებში ჩაავლებდა ხოლმე სუსტად მბჟუტავ თემას და მერე არ მოეშვებოდა, სანამ არ ჩამოქნიდა. გააბოლა და მაშინვე ჩაავლო კიდეც. სიუჟეტის ჯერ კიდევ სუსტ ძაფს. ჩაავლო და ფრთხილად მოქაჩა. “და აი ერთხელაც გამოეცხადა მამის სული, მოჩვენება ესე იგი, ანუ აჩრდილი” კმაყოფილებით ჩაეღიმა. გუმანით ხვდებოდა მოვლენათა განვითარების შემდგომ ქარგას. “გამოეცხადა ესე იგი და ეუბნება, ერთი კითხე დედაშენს, მამაჩემის ნაჩუქარი ცხვირსახოცი სად არის თქო. არა, ცხვირსახოცი სადღაც ასეთ სიტუაციაში გამიგია მგონი. მაშინ რა? თუ ცხვირსახოცი არა.” ვერ ელეოდა იდეას “მდაა… რა დრო დადგა. ჯერ მოფიქრებული არ გაქვს და უკვე მოპარულია. ჰმ... ჯანდაბას იყოს კოპლებიანი ცხვირსახოცი. ჰო... კითხეო, ა ის კოპლებიანი სად არისო. მერე? მერე თქვი შენ.” სიგარეტის ბოლს აჰყვა მზერით, ჭერისკენ რომ ილეოდა და იფანტებოდა. ცუდად ენიშნა ეს და ისევ დაბლა ჩამოჰყვა “არ გვინდა ეს ცხვირსახოცი, დაგვაბრალებს ვინმე რამეს. ყურადღებასაც არ მიაქცევენ რომ კოპლებიანი იყო ჩვენი, ის კიდევ… ის კიდევ სულაც არ იყო კოპლებიანი. მაშ რა? რა უთხრა ლანდმა… არა. მოჩვენებამ. რაო და, მოუყვა თუ როგორ იყო ყველაფერი. რომ ის მოკლეს. და მოკლა სწორედ მისმა მამინაცვალმა. და რატომ? რატოოომ? აჰა, რატომ და ოჯახური ბიზნესის ხელში ჩასაგდებად… მერე მოვიფიქრებ რა ბიზნესი იყო. ესე იგი მოკლა. და როგორ? ისმის კითხვა ლოგიკური. ესაა ახლა გადასაწყვეტი.” გონებაში გადახედა ადამიანის მიერ ადამიანის მოკვლის შესაძლო ვარიანტებს და შედეგმა შეაძრწუნა. ცალკე თავი შეებრალა, ამაზე მოფიქრალი, ცალკე ადამიანები, ამ საქმით დაკავებულნი. თან ორივე ერთნაირად. მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ იყო ახლა. ოჯახის ბიუჯეტის საკითხი იდგა, როგორც იტყვიან, დღის წესრიგში. ბიუჯეტი დეფიციტით იღრინებოდა და ძვალი უნდა დაეგდო. აქ მეუღლეც გაახსენდა, აგარაკზე გაშვებული და ბავშვები, შოშიებივით პირდაღებულნი, რატომღაც. და გადაწყვიტა. “მოვწალოთ რაიმეთი და მოვრჩეთ ამით… თან ისე რომ ძნელი მისახვედრი იყოს. სოკოთი მაგალითად. პიკნიკზე ვითომ. ვითომ შხამიანი სოკო შეხვდა, სინამდვილეში კი მოწამლეს. ხო, მაგრამ როგორ მივაღებინოთ ახლა ეს შხამი? როგორაღაც ხომ უნდა მოხვდეს ორგანიზმში და მერე აჩრდილმა თუ მოჩვენებამ უამბოს, ამ დოყლაპიას. თუმცა ამასთან რა მინდა. ხო, ჩვენც ავდგეთ და ყურში ჩავასხათ. საინტერესოც კია და ვერც ვერავინ მიხვდება. ვინ ჩახედავს ყურში მკვდარს? პულსს გაუსინჯავენ, ხელოვნური სუნთქვა რამე. ყური კი აზრადაც არავის მოუვა. ეს მაგარი მოვიფიქრე რა. ჩათვლიმა ვითომ სოკოს მაძღარზე და ბედი არ გინდა? შხამიანი შეხვედრია თურმე. სინამდვილეში რა? – გაუჩალიჩეს.” აქ კი მობეზრდა მკველობის დეტალებზე ფიქრი და სიუჟეტის განვითარების სხვა მომენტებზე გადაერთო. “სიყვარულია საჭირო. სუფთა და ამაღლებული. ცოტა ისიც მოუხდება. ალაგალაგ, ზომიერად. ვთქვათ და, შეიყვარა ჩვენი გმირი ძალიან კარგმა ქალმა, არანაკლებ კეთილთვისებიანმა, თუ მეტად არა, მეტად ჯობია ისე. იმან შეიყვარა თუ ამან? იმან ჯობია.” აქ დაფიქრდა. “ამან? ამანაც შეიყვარა ვითომ?” ბევრი იფიქრა აქ. გათვალა, შესაძლო ვარიანტებს რა შედეგი მოჰყვებოდა და როცა საკითხი გადაწყვიტა, იდუმალი ღიმილი მიაბოლა ჭერს. “უყვარდეს ამასაც, თან მაგრად.” ჩანაფიქრის სისწორე მყისვე დაუდასტურა სიუჟეტის შემდგომმა, დრამატულმა განვითარებამ. “ მაგრამ ქალმა არ იცოდეს ეს, ჯერ არ იცოდეს, სანამ მთავარი ამბები ხდება. ამიტომაც იტანჯება საწყალი ქალი, არ ვუყვარვარო ფიქრობს, იმას კი გაგიჟებით უყვარს, მაგრამ მისთვის ცხელა ახლა?. ჰო, ასე კარგია. დეტალებში უფრო მაგარი იქნება. და ამ განცდებში, მისი ჭკუით გაუზიარებელი სიყვარულის გამო, იღუპება ქალი” ისე მოულოდნელად გადაწყდა ეს, თავადაც გაუკვირდა და გულწრფელად დააღონა მოვლენათა მსგავსმა დინებამ. ღრმად ამოიოხრა. მე რა შემიძლიაოს ნიშნავდა, დაახლოებით. “ახლა ისა თქვი, როგორ იღუპება. საერთოდ როგორ იღუპებიან შეყვარებული ქალები? თავს იწამლავენ? მაგრამ ერთი ხომ მოვწამლე უკვე. მეორე ნამეტანი იქნება, რას იფიქრებს მკითხველი. ფანჯრიდან რომ… ჰა? ცოტა არაესთეტური კი იქნება, განსაკუთრებით ბოლოში. თუმცა შარვალს ჩააცმევს კაცი. ჯინსებს მაგალითად. თანამედროვე რომანია ბოლოსდაბოლოს, თუ ნოველლა, თუ… მერე ამაზე, მერე. ახლა საქმეს მივხედოთ.” დაფიქრდა ისევ. ძალიან ადვილად ხომ არ ვიმეტებ პერსონაჟებსო. მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. სიუჟეტი მსხვერპლს ითხოვდა, ბიუჯეტი ძვალს. “ჰოო და, თავი დაიხრჩოს მაშინ, წყალში სადმე” ასეთი იყო განაჩენი და ფრიად კმაყოფილიც დარჩა მიგნებით. “და რაღაც ღალატია კიდევ საჭირო” გაახსენდა უცებ. “ღალატი. ახლობელისგან. ვთქვათ თანაკლასელი, ან კურსელი, მკითხველი რომ დაიზაფროს, პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს… მიტინგზე გავიდეს. თუმცა ეს რა შუაშია. მიტინგი კი არა, სასოწარკვეთაში ჩავარდეს და იყვიროს, ეს რა ხდება ხალხოო, მშობლიურ კლასელსაც კი ვერ ენდობა კაციო. აი ასე!” მღელვარებამ მოიცვა ერთიანად. ასე ემართებოდა შემოქმედებითი აღმაფრენა რომ ეწვეოდა. ახლა მისი გაჩერება თავად მას არ შეეძლო. “და ბოლოს, როცა ყველაფერი გაირკვევა, ისინი ერთმანეთს შეებმიან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში სამართლიანობის აღსადგენად. და მკვლელი უნდა დაისაჯოს. აი ასეთი დასასრულია საჭირო. ასეთია საზოგადოების მოთხოვნა.” შეუძახა თავს, სადღაც ყურმოკრული სიტყვებით. მაგრამ, უკმარობის გრძნობას რას უზამდა? უკმარობის - ჭეშმარიტი შემოქმედის მარადიული თანამგზავრის. “არა, არა. აქ ვერ გავჩერდები. ჰეპპი-ენდი ნამეტანი ბანალური იქნება ასეთი მძაფრი სიუჟეტისათვის. ვფიქრობ ჩვენს გმირსაც უნდა შე-ვე-ლი-ოოოთ” სინანული დაეტყო სახეზე. მაგრამ რა შეეძლო რო? “რას ვიზამ? სადაც ამდენი, იქ ერთიც. და ისე მოვაწყოთ რომ მისი დაღუპვაც იმ ბოროტი კაცის კისერზე იყოს” აქ კი კმაყოფილებით ჩაიცინა. ეს კარგი მოვიფიქრეო. “და სულ ბოლო შტრიხი. კომპოზიციის შემკვრელი ერთიან კონად, ასე ვთქვათ დამაგვირგვინებელი ფრაზა. ერთერთი პერსონაჟის პირით გაჟღერებული, თუ დაგვრჩა ვინმე ცოცხალი, თუ არადა შევქმნით. ხო. ფრაზა რაიმე. მაგალითად – აი, ბოროტების ღირსეული ნაყოფი. კარგია, კი. ან – და დადუმდა ყოველი სიჩუმით. პირველი ჯობია, ხომ იცი. მოკლედ რაღაც ასეთი. მოვიფიქრებ ხვალ, წერას რომ შევუდგები”
ქანცგაწყვეტილი, მაგრამ უაღრესად კმაყოფილი ღამეული ნაღვაწით, ამთქნარებს ისე, შემოქმედიაო ვერ იფიქრებ იცი? რაღაცნაირად ისე, უბრალო მოკვდავი რომ დაამთქნარებს ხოლმე. უცნაურია არა? “ეს მაინც ხომ არ იყო სიზმარი… ეს ხომ არ დამავიწყდება იმასავით… ჰოო და ხვალ, დილიდანვე… და მერე ეგრევე რედაქციაში… გაგიჟდება… “
აღფრთოვანებული გაგიჟებამდე რედაქტორი და რედაქციის თანამშრომლები აპლოდისმენტებით და ყვავილებით ხელში კარებშივე შეეგებნენ მწერალს. ამაყად თავაღერილი იდგა თაყვანისმცემელთა წინ და ერთადერთი ფიქრი აწრიალებდა, ყველას ყვავილები რომ უკავია ხელში, ტაშს როგორ უკრავენო. სიზმარში ხდებოდა, ეს რა თქმა უნდა, სიზმარში, რომელსაც ცოტა ხნით გამოეპარა, რომ სიუჟეტი შეექმნა შედევრისათვის და დაწრეტილი უკანასკნელ წვეთამდე, ვალმოხდილის გრძნობით დაუბრუნდა ისევ. და მერე, ოვაციები რომ ჩაცხრა, მშვიდად, მაგრამ სევდიანი თვალებით უცქეროდა ბიუჯეტს, ძვალს რომ ღრღნიდა მოწადინებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აუ რა კარგიაა..._" კეთილთვისებიანი პიროვნება"...:))) " ბავშვები შოშიებივით პირდაღებული რატომღაც"...-ვკითხულობ და ვკვდები სიცილით...:))) ვინ ჩახედავს მართლაც ყურში მკვდარს?...:))) "თანამედროვე რომანია ბოლოსდაბოლოს, თუ ნოველლა, თუ… მერე ამაზე, მერე. ახლა საქმეს მივხედოთ"...- არა სერიალია ეს , თანამედროვე თურქული სერიალი...:))))
აბა, აბა...ამხელა კეთილთვისებიანი შემომქმედი, როგორ მოკვდავივით ამთქნარებს?...:))))
აი, ამას ვამბობ ავტორო...- აქ რომ ბიუჯეტი და გამოხრული ძვალი იყო მთავარი, სულაც არა აქვს მაგას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა..:))). მთავარი შენი თხრობის სტილია, რომელიც მე როგორც მკითხველს სიამოვნებას მანიჭებს...შეფარული იუმორი, დეტალებში მოყვანილი სიტუაციები და ა. შ.. 555 აუ რა კარგიაა..._" კეთილთვისებიანი პიროვნება"...:))) " ბავშვები შოშიებივით პირდაღებული რატომღაც"...-ვკითხულობ და ვკვდები სიცილით...:))) ვინ ჩახედავს მართლაც ყურში მკვდარს?...:))) "თანამედროვე რომანია ბოლოსდაბოლოს, თუ ნოველლა, თუ… მერე ამაზე, მერე. ახლა საქმეს მივხედოთ"...- არა სერიალია ეს , თანამედროვე თურქული სერიალი...:))))
აბა, აბა...ამხელა კეთილთვისებიანი შემომქმედი, როგორ მოკვდავივით ამთქნარებს?...:))))
აი, ამას ვამბობ ავტორო...- აქ რომ ბიუჯეტი და გამოხრული ძვალი იყო მთავარი, სულაც არა აქვს მაგას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა..:))). მთავარი შენი თხრობის სტილია, რომელიც მე როგორც მკითხველს სიამოვნებას მანიჭებს...შეფარული იუმორი, დეტალებში მოყვანილი სიტუაციები და ა. შ.. 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|