ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
8 აპრილი, 2014


დისპუტი

ძველი ამბავია ეგ.
ყოფილა ერთობ პროგრესულად მოაზროვნე მონარქი ვინმე და ჰქონია მას წესად ერთგვარი  გართობა. არა თამაში და ტურნირი რაინდთა, არამედ გართობა გონიერ კაცთა-მეცნიერულად კამათი, ანუ დისპუტი.
წელიწადში ერთხელ, მოიწვევდა იმ დროისათვის ცნობილ ფილოსოფოსთ და სამი დღის განმავლობაში, სასახლეში მხოლოდ დინჯ, ჭკვიანურ საუბრებს თუ მოისმენდი  ადრევე გასასჯელად შერჩეული საკითხის გარშემო.
ფიქრობდა მონარქი,  ამ საუბართა მომსმენი და დახვეწილ მანერათა მნახველი მინისტრები, თავად სწავლობენ და იხვეწებიან თავიანთ საქმეშიო, რაც მათთვის ზედმეტი ნამდვილად ვერ იქნებოდა. განსაკუთრებით ინტელიგენტური, საქმიანი  კამათის კულტურა მოიკოჭლებდა მათში. ოდნავი უთანხმოება და მაშინვე ხანჯლებს  გააშიშვლებდნენ ხოლმე. უჭირდათ შეთანხმება სხვაგვარად და ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ ძალიანაც კი დაგვიანებულა მორიგება ერთერთი მოკამათისათვის.
ასე კი ფიქრობდა მონარქი, მაგრამ იქვე გაუელვებდა – ამათი საშველი მაინც არ იქნებაო, მაგრამ ერთი რამ ხომ მაინც ნაღდია, გონიერი მმართველის რეპუტაციას დავიმკვიდრებ უთუოდ, მეცნიერების მფარველის ხმა გამივარდება, და მეორეც ჩემი შვილები, მომავალი მმართველნი ამა ქვეყნისა, მარტო შევარდენით ნადირობაზე და ქალებში დროსტარებაზე ფიქრის გარდა, სხვა რამ საფიქრალსაც მიეჩვევიანო. თანაც, არაა გამორიცხული, ამ საუბრებში რაიმე სიახლეს მეც მოვკრა ყური და გამოვიყენო კიდეც ქვეყნის უკეთ სამართავადო. 
... და საერთოდ – უცხო მხარეზე, იქ მაცხოვრებელთა წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე საუბრების მოსმენას რას სჯობსო?
რა იცი რა ხდებაო?-ზოგჯერ ესეც მიუყოლებია ფიქრად
თემას, დანიშნული დისპუტისათვის თავად მონარქი ირჩევდა ხოლმე. თან ძალიან საინტერესო მეთოდით...  აკი აღვნიშნეთ პროგრესული, თავისი დროისთვის,  მმართველი იყო თქო.
ჰოო და, დისპუტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე  უცნაურ საქმეთა მინისტრს დაავალებდა ხოლმე, დაეგზავნა მსტოვარნი ხალხში და გაერკვიათ, რაზე საუბრობენ განსაკუთრებული ინტერესით, რა აწუხებთ ყველაზე მეტად და ბევრი სხვა რაიმეც. 
რაც იმ დღეს გაირკვეოდა, სწორედ ის იქნებოდა სამდღიანი დისპუტის თემა.
მართლაც რომ დიდებულია, არა? – დე, აღსრულდეს ნება ხალხისა!

იმ დღესაც გავიდნენ მსტოვარნი თემის საძებნად და სარამოჟამს ფრიად საინტერესო ამბით დაბრუნდნენ - წყალზე საუბრობსო ხალხი.
-წყალზეოო ?– გაუკვირდა მონარქს
-სწორედ რომ წყალზე, მბრძანებელო – იყო პასუხი.
-ჰო  მაგრამ, წყალზე რა აქვთ ამდენი სალაპარაკო – იკითხა  გაოცებულმა
-წყალიო, ამბობენ, ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი სიამოვნებააო ხალხისთვის, იმიტომ რომ უფასოაო, ისიც მხოლოდ მაშინ როცა წვიმსო. კიდევ იმასაც ამბობენ, რომ შეეძლოთ მეფის მოხელეებს, რამენაირი მექანიზმებით ამის გაკეთება, იმასაც…
-კარგით ჰო! გეყოფათ ლაქლაქი!  წყალზე უნდათ დისპუტი? მიიღებენ კიდეც, სულაც მათი მოსასმენი არ იქნება? არ მოეწონებათ? – თავს დააბრალონ.
თემა, ასეთი გაქანების მეცნიერ-ფილოსოფოსთათვის, დაგვეთანხმებით ალბათ, ცოტა არ იყოს უცნაური ჩანდა, რომ არა ვთქვათ მარტივიო, ან სულაც უინტერესო.
ეფიქრებოდა ამაზე მბრძანებელს და რომ არა ტრადიცია, მისგანვე დაწესებული, იქნებ შეეცვალა კიდეც მეტნაკლებად ღირსეულით. მაგალითად ისეთით, როგორც შარშან. მაშინ დიდებული დისპუტი შედგა თემაზე: თუ როგორ უნდა შეძლოს ხალხმა, იყოს ღირსეული ქვეშევრდომი ქვეყნის დიდებული მმართველისა. ან შარშანწინ: ხელმწიფე და ქვეშევრდომნი,  და ქვეშევრდომთა ვალდებულებანი თავიანთი ხელმწიფის მიმართ.
ახლა კი რა? – წყალი?
-როგორ გათამამებულა ჩემი ხალხი, რეებზე დაუწყიათ ფიქრი. ერთი ამათ დამიხედე. რაღაც ზომებია მისაღები სანამ მთლად არევიათ გონება. დღეს კი იყოს წყალი. საინტერესოც კია სადღაც. იქნებ სულაც ღმერთმა მიგვანიშნა ამაზე.  ჰმ. სამი დღეა გადაუღებლად გვასხამდა თავზე სწორედ რომ წყალს.
... და დამშვიდდა

დადგა დისპუტის დღეც.
შვიდივე ფილოსოფოსი, ვინც ამ დროისთვის გამოთქვა სურვილი კამათში მონაწილეობისა და ჩამოსვლაც მოასწრო, მოწადინებით შეუდგა, შეიძლება ითქვას, წყლის ნაყვას.
თავიდანვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შარშანდელივით და საერთოდ წინა დისპუტებივით შეხმატკბილებული საუბარი  რატომღაც არ გამოსდიოდათ. თითქოს ერთი საგნის გარშემო საუბრობდნენ, მაგრამ საგნის მეცნიერულ-ფილოსოფიური რაობის ერთიან განსაზღვრაზე ვერა და ვერ შეთანხმდნენ. მეტიც, პოზიციების დაახლოვებაც კი ძალიან რთული ჩანდა.
საქმე კი, აი რაში იყო.
ბრძენთაგან ერთი, ის რომელიც ჩრდილოეთის სამეფოდან ჩამოსულიყო აცხადებდა:
-წყალი, ბატონებო, ეს ყოველთვის სახელდობრ ის როდია, რასაც ჩვენ მასზე ვფიქრობთ, სინამდვილეში ის რბილი და ფაქიზია, დენადი და ადგილდამთმობი, მაგრამ შეიძლება იყოს ქვასავით მაგარიც. ჩვენთან ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ყინულს ვუწოდებთ მას. ამავე დროს შეიძლება იყოს ცხელიც, როგორც ცეცხლზე შედგმულ  ქვაბში. აგრეთვე ჰაეროვანი, ორთქლის სახით და ღრუბლოვანიც კი, საიდანაც შემდგომ თხევად მასად ჩამოიღვრება ხოლმე, წვიმის სახით.
ძნელი იყო შეკამათებოდი ჩრდილოელი სტუმრის დაკვირვების შედეგებს, ასე მწყობრად რომ ჩამოაყალიბა მეცნიერულად მომართულმა გონებამ. მაგრამ სამხრეთელმა ბრძენმა, ღმერთთა სავანედ წოდებული მიწიდან ჩამოსულმა როცა თავისი მოსაზრება გამოთქვა, დისპუტზე პირველი უთანხმოების სიომაც დაჰბერა.
-წყალი სხვა არაფერია, თუ არა ალეგორია -  განაცხადა მან - და ალეგორია ესე, მეტყველებს მარადიულ ცვალებადობაზე სამყაროსი და თავად ადამიანის ცვალებადობაზეც ამ სამყაროში. ამასთანავე სწრაფწარმავლობაზე ყოვლისა - და იქვე განმარტა - ამიტომაც ჩვენს ქვეყანაში მდინარეებიც კი წმინდანებად გვესახებიან და მათ ვეთაყვანებით კიდეც.
მესამე გამომსვლელი იმდენად შორიდან ჩამოსულიყო, რომ ვერავინ გაიგო სახელდობრ საიდან, მაგრამ არ შეიმჩნიეს. ფილოსოფოსს რომ უხერხულად არ ეგრძნო თავი.
-არავითარი ალეგორია აქ არ არის - მოჭრა მან კატეგორიულად - წყალი ეს შესაძლებლობა და საშუალებაა მხოლოდ და სხვა არაფერი - აქ მონარქი გამოცოცხლდა და
-განავრცეთ აზრი მეცნიერო - ბრძანა მან
-ახლავე თქვენო უდიდებულესობავ. მაგალითად, მასზე ადვილია გადაადგილება და როგორც შედეგი, ხომალდით შორს გაცურვა. მასში შეიძლება თითქმის ყველაფერი გაიხსნას და ეს გვაძლევს საშუალებას სასარგებლო ნივთთა წარმოების. რა თქმა უნდა სათანადო  ცოდნისა და კონტროლის ქვეშ.
-წვიმის როგორც წყლის კონტროლზე თუ გიფიქრიათ, ფილოსოფოსო - შეაწყვეტინა მონარქმა და კეთილგანწყობით გაუღიმა.
-წვიმის კონტროლი შეუძლებელია, თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ აღრიცხვა არ არის დიდად რთული საქმე - თამამად უპასუხა, საიდანღაც ჩამოსულმა მეცნიერმა.
დამსწრე საზოგადოებას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. ჩოჩქოლი გაისმა ალაგალაგ და წამსვე მიყუჩდა, მონარქის მბრძანებლურად ზეაწეული ხელის დანახვაზე.
“გინდოდათ წყალზე დისპუტი? ინებეთ!!! ” იკითხებოდა ავად მოელვარე თვალებში.
-არასწორი მიმართულებით მიგვყავს კამათი - ირწმუნებოდა მეოთხე გამომსვლელი, ახლომდებარე სამეფოდან - მთავარზე არავის არაფერი უთქვამს. მთავარზე! საიდან მოვიდა ეს წყალი? თუ მიწიდან, როგორც თითქოსდა თვალნათლივ სჩანს, მაშინ იქ საიდან მოხვდა? თუ ციდან, როგორც წვიმისას ვაკვირდებით, მაშ იქ ვინ აისროლა?.. და როგორ?.. და რატომ?..  და საერთოდ, როგორ უნდა გავიგოთ, რომ ყველა მდინარე ზღვაში ჩაედინება და ზღვები მაინც ვერა და ვერ გაივსო?
მძიმე საკითხები დაისვა, მაგრამ ამას ოდნავადაც არ შეუშინებია ადგილობრივი მეცნიერი, რომელმაც კამათში სწორედ ახლა გადაწყვიტა ჩართვა და ძალიან ორიგინალურადაც გამოუვიდა.
-არაფერი ისე არ გვახარებს ჩვენ და არ გვამშვიდებს როგორც წყალი - თქვა მან - რატომ ?..  არავინ იცის, მაგრამ ასეა. სიმღერაც კი გვაქვს ასეთი: გაღმით შენა ხარ გამოღმით მე, შუა ჩამოგვდის მდინარეო… ძალიან კარგი სიმღერაა.
ხალხმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ფილოსოფოსი. მანაც დაიმორცხვა და სახეალეწილი  უხერხულად იღიმოდა. მონარქმაც ანიშნა რაღაც. რაც მოწონების ნიშნად მიიღო თავად და დაჯდა.
-ბატონებო - სიტყვით დასავლეთელი სტუმარი გამოდიოდა - მოდით ერთად დავფიქრდეთ, ყველაფერი ცოცხალი იმიტომ ხომ არა არის ცოცხალი რომ, სწორედ წყლითაა გაჯერებული, რომ სწორედ წყლის შემცველობა ჭარბობს მასში ყოველივე სხვას?
-არა და არა - კატეგორიული იყო მეცნიერი აღმოსავლეთიდან - აქ მთავარია წყალი, როგორც ფილოსოფიური არსი ყოფიერისა და ნატურალური სუბსტანცია. განა არ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი თუ როგორ ურთიერთქმედებს ეს ესენცია სხვა, არსით განსხვავებულ ესენციებთან და რა გამოდის აქედან? მაგილითად, ჩვენმა პატივცემულმა კოლეგამ ახსენა თავშივე ყინული. იქნებ ღირდეს გავერკვეთ, არის თუ არა ეს წყლისა და ქვის არსობრივთა ურთიერთქმედების შედეგი, ურთიერთქმედებისა  ესენციურ მდგომარეობაში? აი საკითხი, რის გარკვევასაც უნდა მოვახმაროთ ჩვენი გონი. ან კიდევ ორთქლი?..  წყალი და ცეცხლი, ბატონებო, არსობრივ გადაჯაჭვულნი თუ რამ სხვა? აი საკითხი!..

კიდევ დიდხანს გრძელდებოდა ფილოსოფიური ვნებათაღელვანი. მთელი სამი დღე და ერთი ღამეც დამატებით, ისმოდა მოპაექრეთა ხმაური.
ასეთი ნერვიული დისპუტი არ ახსოვდა მონარქს, თავისი მბრძანებლობის ხანაში და ერთობ შეშფოთებული ფიქრობდა ხალხზე, თითქოს ირონიული ღიმილით და  გულგრილად რომ უსმენდა მოკამათეებს.
“ნეტა კიდევ რა ფიქრი, თუ თემა უტრიალებთ თავში, მაცოდინაო”
სასწრაფო საქმეთა მინისტრი დაიბარა მესამე დღეს.
-ხალხს მეტი ყურადღება მიაქციეთ - გასცა ბრძანება - და წვიმიანობის აღრიცხვა დაიწყეთ სასწრაფოდ. ბიუჯეტზე ზრუნვა, ჩვენი უპირველესი ამოცანაა. ნუ გავიწყდებათ ეს, თორემ მე  მოგიღებთ ბოლოს, სანამ ერთმანეთი დაგიხოცავთო.
მკაცრი იყო მონარქი.

დისპუტი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, თანხმობით ვერ დასრულდა.
მაგრამ მონარქი მაინც კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით შორეული სტუმრის იდეებით ნასიამოვნებმა, გამოსამშვიდობებელი ნადიმიც გამართა.
ადრე,  როცა მეცნიერებს გაისტუმრებდა, კარგა ხანს ხალისიანი დადიოდა ხოლმე, არც არავის ხსნიდა, არც არავის სჯიდა. საიამოვნო თემაზე გამართული მშვიდი დისკუსიები, დიდხანს ყოფნიდა საღიმილოდ. ახლა კი ფიქრებს მოეცვა.
არც თუ სასიამოვნო ფიქრებს.
“ეს როგორ გამომრჩა. წვიმაც ხომ წყალიაო - ფიქრობდა - ხალხს უფასო სიხარულად დისპუტიც ეყოფა წელიწადში ერთხელო”

რატომაც არა, კაცმა რომ თქვას, რაღა დარჩა მომდევნო დისპუტამდე, სულ რაღაც სამას სამოცდაორი დღე.
ისე სწრაფად ჩაირბენენ, ჩარაკრაკდებიან, როგორც მთიდან ნაკადული. როგორც ზღვის ტალღა გაირბენს ხოლმე, როგორც მაისის წვიმა ჩაივლის…
ჰო... ეს უკანასკნელი, ამჯერად არა უფასოდ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს