ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
10 აგვისტო, 2014


memento mortis

- ვარიანტი არაა ეგ წყალი იყოს - წაიჩურჩულა
- რა იცი შენ- ჩურჩულითვე გამოეხმარა
- ყოველ ყლუპზე სახელოს ყნოსავს, სულ  უფრო და უფრო და იგინება.
- რა იცი შენ
- ბაგეზე ვკითხულობ მეთქი, რამდენჯერ უნდა გითხრა.
- ბიჭო, კარტზე კითხვა გამიგია. ყავაზეც რამე, ბაგეზე რა უნდა იმკითხაო, ამიხსენი ერთი კაცურად.
- მერამდენედ? მაინც ვერაფერს გაიგებ
- რა იცი შენ
- ვიცი. შენისთანა გოიმებით სავსე იყო ზონა
- ბიჭო, შენ ახლა რაიმე ხომ არ გეშლება, ჰა?
- რა ვიცი მე?
გაეღიმათ.
სიცილს წესდება კრძალავდა, უსაფრთხოება კი, უბრალოდ ითხოვდა სრულ სიჩუმეს. ამიტომაც, ამით იწურებოდა ხოლმე მზვერავი მეგობრების ქრონიკული  კონფლიქტი  თემაზე
- ლიტრა დალია უკვე, ამ შობელძაღლმა და ლუკმა არ მიუტანებია.
- ერთიც მაგის… არ უნდოდა მწვადები “ზაკუსკად”, ყნოსოს ახლა გაზინზლული სახელო
- რა გაზინზლული, ბიჭო, პოლკოვნიკია ეს ჩემისა
- რა იცი შენ
- ეეჰ… შენ ვერა ხარ, აი!
- ფრთხილად მეთქი ბიჭო - მიხვდა რომ მაგარი სისულელე წამოროშა - დაზვერვაზე ხარ, ნაშებს კი არ “ალივერებ” აქ.
- რაღაც ხდება, ე!  გახედე შენც.
- ჰო.  მართალი ხარ. ეგეც როგორ გამოცოცხლდა, არა?
- აბა… მეგონა ფეხზე ვერ დადგებოდა
- რაო, რას ამბობს?
- ჯერ არაფერს, აზრზე მოდის ეტყობა
- აკი ვკითხულობო
- “სუშნიაკი” აქვს, ბიჭო, ვერ ხვდები? ტუჩებს ილოკავს
- მაიტა ერთი წუთით შენი ბინოკლი
- “სნაიპერით” გახედე რა
- ხომ იცი რომ არ შეიძლება, “მასკიროვკა” რამე და ეგეთები. თან ძალიან ახლოს ვართ ობიექტთან.
- შენ ამბობ ამას? ორი საათის წინ გაუპვახტში იჯექი კაცი, ორი დღის წინაც და ადრეც რამდენჯერ ვინ იცის - ისევ ჩურჩულით პასუხობს, თან თვალს არ აშორებს ობიექტს- ვიღაცა მოჰყავთ, ე!..  ტყვე აუყვანიათ მგონი…
- ვხედავ, ჰო…
- აუ, რა უცემიათ, ამათი …
სნაიპერი მოიმარჯვა.  არაფერი უთქვამს, გაეღიმა მხოლოდ.
- როგორ ატყობ, მარტოა თუ კიდევ ჰყავთ ვინმე?
- მარტოა, მარტო… აუ ნახე  რას ურტყამენ, ამათი ნაბოზვარი დედა…
- წყნარად… გახსოვდეს სად ვართ და რისთვის.
- ნუ მიხურებ, თუ ძმა ხარ რა, შენ მასწავლე ახლა სად და რისთვის…
- სახელი გვარი წოდებაო, ეკითხება
- რა იცი შენ
- ბიჭო, შენ ვერა ხარ ხომ იცი…
- კარგი, ჰო… რაო, ვინ ვარო?
- ვაა, შენ რა მაგარი ტიპი ხარ… რა ვიცი მე, ზურგით დგას.
- ხო, მართალი ხარ… რა ვქნათ, ჰა?
- დაზვერვაზე ვართ… რა უნდა ვქნათ.  შევატყობინოთ შტაბში და დავალებას მივხედოთ.
- ის ახვარი რას ამბობს?
- ქრისტიანი ხარო, ეკითხება
- რაო?
- ეგ, კომკავშირელი ნაბიჭვარი, ეგა
- ღმერთო მაპატიე. შვებულებაში ხარ, თუ რა ხდება მაცოდინა და … ბიჭო ეგ ხომ … აუ გავგიჟდები რა!
- რა, იცნობ?
- ჰო - მოკლედ მოჭრა და ზურგზე ამობრუნდა. დანისლული თვალებით მისჩერებოდა უღრუბლო ცას და კრიჭა ისე შეეკრა, სახეზე კუნთები აუთრთოლდა.
- მე არ მეცნობა თითქოს… ვინ არი?

***
გიო.
თავი პირველი.  ესსეისტური

არაფერია იმაზე თავშესაქცევი და იდუმალით მიმზიდველი, ვიდრე ადამიანის სწრაფვა, ჩაწვდეს ღმერთს და ღვთაებრივს. განსაკუთრებით უცნაურია ეს დაჟინება, უმარტივესად ფორმულირებული თავსატეხის ფონზე – არსებობს თუ არა ღმერთი?
ჯერჯერობით ვერავინ შეძლო დაემტკიცებინა რომ არსებობს.
მეტიც, უფრო ლოგიკურად ამტკიცებენ რომ არა.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რაც უფრო მეტია არგუმენტი, ადამიანის აზრით რა თქმა უნდა, ღმერთის არარსებობისა, მით უფრო  მიზანმიმართულად მოძრაობს ის, ადამიანი ესე იგი, საწინაამღდეგო  მიმართულებით - ღმერთისაკენ.
ეტყობა ცივილიზაციის ტექნიკური პროგრესი, სულაც არ  ყოფილა განპირობებული  სიზარმაცით, როგორც მიღებულია ითვლებოდეს, არამედ სულ სხვა მოტივაციის შედეგია, კერძოდ - სურვილით ვიპოვოთ ღმერთი.
ასე დაიწყო გიომ, უფრო სწორედ კი გიორგიმ, თავისი ჯერაც უსათაურო მოთხრობის კითხვა, სამკაციანი აუდიტორიის წინაშე.
- როგორც ყველა მიწიერ გზას მივყავართ რომისაკენ, ასევე ყველა ადამიანურ ფიქრს მივყავართ ღმერთთან.
განაგრძო მან და უმნიშვნელო პაუზის შემდეგ თვითონვე დასვა კითხვა, რომელსაც სავარაუდოდ, მსმენელებისგან ელოდა
- მაგრამ ფიქრი ხომ ლოგიკურისკენ სწრაფვაა, ლოგიკური კი, აკი  საწინაამღდეგოს ამტკიცებსო? - პოლემიკაში ჩაითრია საკუთარი ორეული გიომ - ლოგიკური კი არ ამტკიცებს, ლოგიკურად ამტკიცებენ, რომ არ არსებობს, - მოწყალე ღიმილით მიუთითა აზრობრივ ლაფსუსზე ორეულს და ისევ მშვიდად მთვლემარე აუდიტორიას მიუბრუნდა
-...  თორემ  ლოგიკას, როგორც ასეთს, სრულიად საწინაამღდეგო რამ შეუძლია გვიკარნახოს. მაგალითად:  ღმერთი ყველგანაა და ყველაფერში, და ყველაფერი ღმერთშია. ეს არ არის რელიგიური დოქტრინა, ეს კანონია. ყოფიერების კანონი - რაიმეში ღმერთის არარსებობა, საერთოდ მისი არარსებობის ტოლფასია. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ, ჩაწვდე ღვთაებრივს ლოგიკურით, შეუძლებელია.
-რა იცი შენ?  - ბატონი დავითი გახლდათ ამ კითხვის ავტორი, უფრო მოკლედ კი დათო და მანვე დაურთო - და მაინც, თუ კი ის არ არსებობს?- გიოს საპასუხო ღიმილმა აიძულა ეს, თორემ როგორც წესი, ზემო დასმულ კითხვას ის უცვლელად ტოვებდა ხოლმე… დიდი-დიდი ძახილის ნიშნით ბოლოში გაემძაფრებინა. ეს კი, მოგეხსენებათ, ინტონაციის საკითხია.
-ამაზე მოგვიანებით - მოკლედ მოჭრა გიომ და ისევ თემას მიუბრუნდა.
- მაშ ასე - ღმერთი ყველგან და ყველაფერშია და ვესწრაფვით რა რაიმეს, ვესწრაფვით ღმერთს.  ესწრაფვი ძალაუფლებას? - ეს ღმერთის ატრიბუტია. ამიტომაც ძალაუფლებაზე  ფიქრშიაც კი, ადამიანი ცდილობს ჩაწვდეს ღმერთს და თუ ეს მცდელობა ზედაპირულია, ან ფარისევლური, შედეგი როგორც წესი ადექვატურია. სავსეა ისტორია მსგავსი მაგალითებით. როცა მავანი იღებს ძალაუფლებას, ივიწყებს ღმერთს და თავადვე ხდება მონა -  ძალაუფლების მონა.  ძალაუფლება კი თავისუფლებაა, ბატონებო, შეუზღუდავი ნებელობა და მოქმედება, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ როცა მასში განიცდი ღვთაებრივს.
-ღვთაებრივს თუ ღმერთს?- იკამ, პასპორტით კი ირაკლიმ დაუდასტურა ორატორს, ყურადღებით გისმენო
-განასხვავებ ერთმანეთისაგან?
-ინტუიტიურად. ვფიქრობ, ღმერთი ღვთაებრივის გარსია, ღვთაებრივი კი ღმერთის შინაარსი - თავადაც გაუკვირდა იკას, საიდან მომაფიქრდაო. ძალიან ჭკვიანურად ჟღერდა… უჩვეულოდ ჭკვიანურადაც კი და დათომაც არ დააყოვნა
-რა იცი შენო - უფრო ინსტიქტურად, თორემ პასუხი არც აინტერესებდა… უცებ საიდანღაც მოვარდნილმა მთქნარებამ, გაუცამტვერა სერიოზული მსმენელის რეპუტაცია.
-ალბათ  ასეა -  გაუღიმა გიომ - ამიტომაც ღმერთზე საუბარი ბევრად მარტივია , ვიდრე ღვთაებრივზე, ღმერთზე კამათისას უფრო აგრესიულები არიან, ღვთაებრივზე საუბრისას კი უფრო დამთმობნი. გამოდის რომ ყველა ადამიანური სურვილი, ოცნება თუ მისწრაფება ღმერთის ის ნაწილია, რომლის შეცნობაც გვწადია.  შეცნობა, რათა ერთი ნაბიჯითაც მივუახლოვდეთ მას. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა, ისეთივე როგორიც მრავალი სხვა, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. შეიძლება მიიღო, შეიძლება არა. არაფერი მასში განსაკუთრებული არ არის. მეტიც , იდიოტიზმამდე მარტივი და ბანალურია.
სხვაგვარადაა საქმე თუ საკითხს მეორე მხრიდან შევხედავთ. რამეთუ არა მხოლოდ ადამიანი და ადამიანური ისწრაფვის ღმერთისაკენ, არამედ პირიქითაც, ღმერთი და ღვთაებრივი ისწრაფვის ადამიანისაკენ.  მეტი მოწადინებითაც კი. არამარტო ჩვენ გვაინტერესებს ღმერთი, არანაკლებ ვაინტერესებთ ღმერთსაც. მასაც აქვს სურვილი ჩაწვდეს ადამიანურს. წინაამღდეგ შემთხვევაში ყველაფერი აზრს დაკარგავდა.
ყველაფერი,  რაც გვგონია რომ ვიცით და რისი გაგებაც გვსურს.
ღმერთი იმიტომაცაა ღმერთი, რომ განეფინოს უსასრულობამდე. მისი სურვილი იყო შეექმნა ადამიანი, როგორც ხატი თვისი, ანუ შემოქმედი შინაარსით და შემდგომ ეხილა იგი  ღვთაებრივში გახსნილი. ამიტომაც ის ვერ იქნება გულგრილი ადამიანური ყოფისადმი და ყოველთვის გადმოდგამს ნაბიჯს მისკენ, მერე მეორეს, მერე კიდევ და კიდევ. და ასე მანამ, სანამ ჩვენი გზები არ გადაიკვეთება. ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება ალბათ - ჩვენს უკან დარჩება გავლილი გზა-ადამიანური და წინ გაიხსნება გასავლელი გზა-ღვთაებრივი
-ღმერთისთვის კიდევ პირიქით, თუ რა? - მესამემ იკითხა, ბექა ერქვა რომელსაც და ვერანაირი თიკუნი ჯერ ვერ მოუფიქრეს… ან ვერ აკადრეს, სამხედრო წოდების გამო ალბათ.
-დიახ. მას უკან რჩება ღვთაებრივი და წინ ეხსნება ადამიანური.  მინიმუმ ერთხელ ეს უკვე მოხდა. სულ რაღაც ორი ათასი წლის წინ. მას შემდეგ ყოველი ადამიანისთვის ხდება იგივე. ყოველ ადამიანს აქვს შანსი შეხვდეს ღმერთს...  გზად ღვთაებრივისაკენ.
-მაგრამ თუ მაინც არ არსებობს ღმერთი? - დათო იდგა თავისაზე ჯიუტად
-მაშინ ერთადერთი გამოსავალი რჩება - უნდა მოიგონო ის!
-ღმერთი?
-დიახ, ღმერთი. იქნებ ადამიანებმა  უკვე გავაკეთეთ კიდეც ეს.
-დავუშვათ, მაგრამ, ღვთაებრივი? - ყურადღებით უსმენდნენ, როგოც აღმოჩნდა
- სწორედ ღვთაებრივი გვაიძულებს ამას.  ყველაფერი ირგვლივ ღვთაებრივი ნებაა და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ადამიანს რა დამოკიდებულება აქვს მისადმი, ის არის ისეთი როგორიც არის. ჩვენ კი, პატივმოყვარეობა გვიბიძგებს განყენებულ ფენომენად მივიჩნიოთ თავი. ამიტომაც ღმერთი ჩვენთვის,  ღვთაებრივის მატერიალიზებაა და თუ არ შეგიძლია ირწმუნო ისეთი როგორიც არის, მაშინ მოიგონებ ისეთს, როგორსაც გაიგებ, ანუ ამაღლდები საკუთარ პატივმოყვარეობაზე 
საინტერესო კი ისაა, რომ არც ამ შემთხვევაში იცვლება რაიმე.  ისეთივე დარჩება ურთიერთისაკენ მისწრაფება და შეხვედრაც  გარდაუვალია. შეხვედრა - რომელიც გვიჩვენებდა გზას გამოვლილს და შესაბამისად მოგვინიშნავდა  ბილიკს ღვთაებრივისაკენ.
და ისევ ჩვენ ვიქნებოდით სამყაროს ცენტრში - მე და ღმერთი.

-ოპტიმისტურად ჟღერს.
-ღმერთს უყვარს ოპტიმისტები.
- რა იცი შენ?
- ვიცი… ანუ ვგრძნობ,  ამიტომაც მეორე თავს სწორედ ასეთ სათაური შევურჩიე -- ოპტიმისტური ფანტაზია, ანუ პირველი შეხვედრა ღმერთთან  და ვფიქრობ ასე დავიწყებ - ”როდესაც შენ დგამ ერთ ნაბიჯს ღმერთისაკენ, ის ორი ნაბიჯით გიახლოვდება”, როგორია?
- კარგია, მაგრამ მაინც ცოტა შევისვენოთ ჯობია ალბათ და მამაპაპური გავიხსენოთ - ჰა, რას იტყვითო, ბექამ, კაი საფერავი ჩამომიტანესო გუშინ, იკამ. მე კიდევ შებოლილი შაშხიო, დათომ… ეეჰ-ო, გიომ, ანუ რა გაეწყობაო და მაგიდიდან ფურცლების აკრეფა დაიწყო.

*****
-ვინ არის?
-გიო
-აბა, გიო?
-არ იცნობ შენ.
-ეგ ისედაც ვიცი… შენ სხვა მითხარი
-ვსწავლობდით ერთად. ერთ ოთახში ვცოვრობდით, სხვა რა გითხრა, რა ვიცი… ძმაა ჩემი და შენიც იქნებოდა რომ იცნობდე.
-კაცია, ესე იგი
-ხო… კაცია! არავის არ რომ ჰგავს, ისეთი.
-ეტყობა. ისე უჭირავს თავი
-რაო, რას ამბობს… შენ ხომ…
-ზურგით დგას ისევ
-ის?
-ვინ, ის?
-პოლკოვნიკი რას ეუბნება, მე მაგის… 
-აბა, ერთხელაც გაიმეორე, ძაღლოო, უყვირის გაცოფებული… ეტყობა რაღაც უთხრა ისეთი
-ეგ ეტყოდა, კი! არ დააყვედრიდა… დაახვრეტინებს თავს იმდენს იზამს.
-ახლა მე ვარ შენი ღმერთიო… გადაფიჩინდა ახლა, ესჩემისა… მთხოვე რაც გინდაო… კვდება სიცილით.
-იცინის არა?
-ხო
- ოოხ… გიო,გიო…  რას ეუბნები ასეთს.

*****

გიო
თავი მეორე.  ოპტიმისტური ფანტაზია, ანუ პირველი შეხვედრა ღმერთთან.

მართლა დიდი სიხარულით შევხვდებოდი ღმერთს და რამდენიმე უწყინარ შეკითხვასაც დავუსვამდი.
მაგალითად ვკითხავდი - როგორ მიდის მისი საქმეები?
ის ალბათ ხელს აიქნევდა და არაფერსაც არ მიპასუხებდა.
მე კი ვიფიქრებდი, დავღალეთ ძალიან, გავტანჯეთ ადამიანებმა, ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილოებმა. ამდენი რამ ჩვენთვის შეუქმნია და რა? არაფერი გვყოფნის უმადურებს…
ან, უფრო ჭკვიანურს ვკითხავდი...  მაგალითად: რა გეგმები გაქვს სამომვლოდ?
ის კი გაკვირვებული მიპასუხებდა
-რა გეგმები უნდა მქონდეს მე, ღმერთს. მითუმეტეს სამომავლოდ, როცა ჩემთვის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც სულ ერთიაო
-ჰმ - გავიკვირვებდი მეც - არა და მართლაც რა მოსაწყენია ასეთი ყოფა, არც რამე გეფიქრება არც რაიმეზე გეოცნებება… კაცმა რომ თქვას რა გიშლის ხელს, ყოვლისშემძლეს,  ისე მოაწყო რომ გეოცნებებოდეს… თუნდაც გასართობად.
-ყველაფერი როდია შესაძლებელი - დაღვრემით მიპასუხებდა ის - მე რა თქმა უნდა შემიძლია ასეთი რამ მოვიწყო, მაგრამ ის ფაქტი რომ ყველაფერი შემიძლია, ოცნებას იმ ხიბლს უკარგავს, რისთვისაც აგრერიგად გიყვართ ადამიანებს
ჰოო… ძნელია ამაში არა დაეთანხმო.
უკეთესი იქნებოდა თუ ისეთ რამეს ვკითხავდი… აი, ძალიან თამამს
-რატომ არ შეეშვები, გულახდილად რომ ვთქვათ, ამ უიღბლო წამოწყებას?
მეტისმეტად თამამიც კი გამომივიდოდა  ასეთი კითხვა, მაგრამ მაინც ვკითხავდი
- რატომ არ დაკავდები რაიმე უფრო საინტერესოთი და ხალისიანით? ჩვენ კი, ადამიანები, როგორმე მივხედავდით ჩვენს საქმეს. მაინც ყველაფრის ჩვენს ჭკუაზე კეთება გვიყვარს და შენც მიგვიშვი რაღა
-ჯერ ერთი - მიპასუხებდა ის - ისედაც თქვენს ჭკუაზე დადიხართო თქვენ, ადამიანები და მეორეც, საიდან მოიტანე რომ წამოწყება უიღბლო იყო?
მაშინ მე დავიბნეოდი ალბათ და დავდუმდებოდი...  ან სულაც დავფიქრდებოდი.
-აი, აი… იფიქრე, იფიქრე - გამიღიმებდა ის
მე კიდევ ვერაფერსაც ვერ მოვიფიქრებდი, მაგრამ მაინც ვკითხავდი
- რისი იმედი უნდა გვქონდეს, ღმერთო, ან უნდა გვქონდეს კი, იმედი საერთოდ?
აქ  ის ხმამაღლა გაიცინებდა და მეტყოდა
-შენს ადგილზე მას არ დავკარგავდი. ვინ იცის იქნებ ძალიანაც დაგჭირდეს.
მერე მე მივხვდებოდი რომ ყველა ჩემი კითხვა სულელური იყო, ის კი მაინც მოთმინებით და სიყვარულით შემომცქეროდა და შემრცხვებოდა ალბათ…  ან იქნებ.
და ბოლოს ვეტყოდი
-ნახვამდის აბა… წავალ მე.
ის თანხმობის ნიშნად თავს დამიქნევდა, "შენი საქმისა შენ იციოს"  ამბავში და მეც წამოვიდოდი.
წამოვიდოდი და ზურგს გამითბობდა მისი მზერა, უფრო სწორად, მინდა რომ ასე იყოს, მისთვის ეს ხომ დიდი არაფერია და იქნებ ჯვარიც კი გადაეწერა ჩემთვის და კეთილად ჩაღიმებოდა კიდეც, რომ ღმერთმა ნუ ქნას და რაიმე ხიფათს არ გადავყროდი ადამიანებისგან საგულდაგულოდ აწეწილ სამყაროში, სადაც ვერაფრით გადაუწყვეტიათ ღმერთი არსებობს თუ არა,  ღვთაებრივით კი ინუგეშებენ თავს.

-გამოიძურწესავით, თითქოს- გაუღიმა დათომ და ჭიქა შეუვსო. ორნი დარჩენილიყვნენ სუფრასთან.
-ჰო… ძალიან ვიყოჩაღეო, ვერ ვიტყვი.
-ახლა რას აპირებ? აქ ხომ არ დაასრულებ ამ მოთხრობას
-რა თქმა უნდა არა. ერთხელაც შევხვდები ალბათ, უფრო კრეატიულ ვარიანტში.
-რა იცი შენ
-რად უნდა ამას ცოდნა – აქ სურვილიც საკმარისია
-ჰმ… დიდი უცნაური ვინმე ხარ, რა!

*****

- ყველა გაყარა ტიპმა და მარტონი დარჩნენ, ე!
-ვინ ტიპმა ბიჭო
-პოლკოვნიკმა
-ოხხ… გიო,გიო - სნაიპერი მოიმარჯვა დათომ - რა "როჟაა" არა? მაგარი გაუბრაზებია, ე!
-აბა… ხმა არ ამოუღია, ისე მისჩერებია წუთი იქნება აგერ-აგერ.
-ისიც თვალებში უყურებს ეტყობა… ერთი ჩვენსკენ გამოიხედე რა, ძმა… ერთხელ რა!
-შტაბს შევატყობინოთ
-შევატყობინეთ… რა მერე?!
-რა ვიცი აბა… ევროპელებს დაიხმარენ, რაიმე ორგანიზაციებს… არ დაახვრეტინებენ რაღა და რა ვიცი კიდევ რა… შანსია, ბოლოსდაბოლოს...  რაღაც შანსი
-ეეხ… არ იცნობ შენ გიოს. არ იცნობ!
-რა ვქნათ აბა?
-....

*****

გიო
თავი მესამე. კრეატიული ფანტაზია, ანუ მეორე შეხვედრა ღმერთთან.

ამ შეხვედრისას  არ ვყოფილვარ ისეთი  როგორც მაშინ. შეიძლება სწორედ ამიტომაც ღვთაებრივი სევდით სავსე თვალებით შემომხედა და მაშინვე ნათელი გახდა ჩემთვის, რომ მიუხედავად ჩემი მიამიტი თვითკმაყოფილებისა, მაშინ, პირველად,  ახლა მაინც უკეთ გამოვიყურებოდი.
-იცი? -ამოვიკნავლე საცოდავად - მგონი არანაირი შეკითხვები არა მაქვს
-მე უფრო მეტიც ვიცი, ვიდრე შენ წარმოგიდგენია - გამიღიმა მან - უბრალოდ შიში დაგეუფლა, რომ შეიძლება რაღაც დაკარგო. ეს კი ნიშნავს რომ, ის რაღაც, ძალიან ძვირფასი გამხდარა შენთვის.
- და ეს კარგია?
- რა თქმა უნდა. სულ თვითკმაყოფილებით სავსე, თავადაც ვერ ხვდება ისე იცლება და ეს ძალიან ცუდია.
მე დავფიქრდი ამ სიტყვებზე, თუმცა ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე,  საპასუხოდ რომ ეღირებოდა ისეთი.
-პირველი შეხვედრისას მაინც ნაკლებად მომეწონე, რომ იცოდე - მხოლოდ მხრები ავიჩეჩე… მან უკეთ იცის, მე რატოღაც პირიქით მეგონა.
- ეს კი ნიშნავს რომ, შემდეგი შეხვედრისას - განაგრძო მან - წესით, უფრო  მეტად უნდა მომეწონო, ვიდრე ახლა.
- რა? კიდევ შევხვდებით? - გამიკვირდა თუ გამიხარდა ვერ გავარჩიე
- მე ვისურვებდი ამას - მითხრა და თვალი თვალში გამიყარა - შენ?
- მეც - ჩავიჩურჩულე აღელვებულმა - მე რაიმე უნდა გავაკეთო საამისოდ?
- აი, ეგა ხართ რა - გაეცინა მას - შენ კიდევ  ამბობდი შეკითხვები არა მაქვსო
და სწორედ მაშინ, არ ვიცი რატომ, მაგრამ  ვიფიქრე რომ ჩემი წასვლის დრო დამდგარიყო
- წავალ მე, ხომ?
- წადი, წადი - მხარზე მომითათუნა კეთილად თუ მსუბუქად მკრა ხელი, ვერ გავიგე.
და მეც წამოვედი.
რამდენიმე ნაბიჯზე უკან მოვიხედე. დაფიქრებული მიცქეროდა თითქოს. თვალი ვერ გავუსწორე და გზა განვაგრძე.
- მოიხედე ერთხელაც - გამაჟრჟოლა ამის გამგონეს.
მოვიხედე.
- შენ არაფერი დაგიკარგავს?- იღიმებოდა
მხრები ავიჩეჩე მხოლოდ.
- აბა ეს ვისია? - და გადმომიგდო რაც ხელში ეჭირა.
თითქმის დავიჭირე, ბოლო მომენტში კი მაინც გამისხლტა ხელიდან. 
სანამ ავიღე და მიმოვიხედე არავინ იყო ირგვლივ.
ნივთს დავხედე. ხელისგუზე თავისუფლად  რომ ეტეოდა იმოდენა ჯვარი იყო, მკვრივი შავი ძაფით. კისერზე ჩამოვიკიდე და როგორც კი ჯვარი მკერზე გავისწორე, მაშინვე მივხვდი რომ ის ჩემი იყო…
ჩემი, თუმცა აქამდე არასოდეს მიტარებია.
მონათლულიც კი არა ვარ.
ჩვეულებრივი ჯვარი იყო. არა თუ ვერცხლის ან რაიმე სხვა ლითონის - ხის.
ერთიანად დაკაწრული, ძალიან ძველის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
დიდხანს ვათვალიერე ნაკაწრები, რატომღაც მეგონა იქ რაიმეს ამოვიკითხავდი.
- ამოიკითხე?
-ვერაფერი. სანამ არ მივხვდი და არ გადმოვაბრუნე.
-და რა?
-ვიღაცას მკაფიოდ ამოეკაწრა – იმედი.
-ვიღაცას?
-ჰო. ან იქნებ, სულაც მე… რაკი ასე ძალიან ჩემი მგონია ეს ჯვარი.

*****

- ისე დგას, თითქოს უსმენსო, არა?  რაღაცას ეუბნება მგონი
- ხო…
- სახე ეშლება ე! 
- გადარია ტიპი რა… ეგ რაღაცას იკისრებს ახლა
- ვნახოთ ვის როგორ მიხედავსო… ეუბნება
-რაო?
-ვინ უფრო უყვარსო, შენ თუ მეო… რაზე ბაზრობენ ნეტა?
-ვიცი მე რაზეც… ვხვდები
-მორჩა… იარაღი დააძრო მე მაგის
-შეითხაროს უკან…-  და სნაიპერმაც გაიზუზუნა.
წამით ყველაფერი გაირინდა. პოლკოვნიკი შუბლზე წითელი ხალით მოწმენდილ ცას შესცქეროდა გაკვირვებული და ოდნავშესამჩნევად  ეღიმებაო , იფიქრებდა კაცი.
წამიც და ყველაფერი ჯოჯოხეთურმა ხმაურმა მოიცვა.
ტყვიებით წვიმდა მზვერავების ირგვლივ და მიწა ცახცახებდა ციებიანივით.
-არ ისროლო- გამყინავი ხმით იღრიალა დათომ - აზრზე არ არიან სად ვართ
-გიჟი ხარ შენ… რა ვქნათ ახლა
-სხვადასხვა მხარეს  გავრბივართ და იმ მუხასთან, იქამდე ვერ გაბედავენ მოსვლას… გახსოვს ხომ სადაც
-კი
-აბა შენ იცი
-გიო?
-გიოს ის მიხედავს
-რა იცი შენ.  უხ შენი, გადამდე მგონი… ვინ ის?
-მერე, მერე ამაზე… წავედიიი, მე თქვენი ჯიგარი… ყვარებია თუ არა, ჰა! - კიოდა დათო და გარბოდა ზიგზაგებით… კვალდაკვალ კი მიწას ფუტნიდა უხილავი და ბოროტად დაგეშილი ხელი.


-დათო…დაჭრილი ხარ ბიჭო?
-მოხვედი… ვიცოდი რომ მოხვიდოდი… ვიცოდი
-მოვედი ხო… მაჩვენე აბა სად?
-დროს კარგავ ახლა… წადი… დროზე წადი
-გაგიჟდი ბიჭო!
-ძმურად გთხოვ… წადი. ხედავ რა დღეში არიან.
-აქეთ აზრადაც არ მოუვათ, ხომ იცი
-რა იცი შენ
-ვიცი, ვიცი… მიჩვენე აბა სად დაგჭრეს იმ ახვრებმა
-ჩემი ბრალია… არ იყო ეს ჩემი გადასაწყვეტი საქმე
-რა საქმე, რას ამბობ დათო
-სხვაგვარად არ შემეძლო და… ვერეფერი მოვიფიქრე უფრო… ვერა, ვერ …
-მელაპარაკე დათო, მელაპარაკე… ძმობას გაფიცებ
-მაპატიებს ის… ის კეთილია… მაპატიებს…
-ვინ ის ბიჭო… ვინ ის
-ის… ის კეთილია… ჩვენი გზები იკვეთება ახლა… ჩვენი
-ილაპარაკე, ილაპარაკე … ნუ გაჩუმდები, ნუ
-ჩვენ… სამყაროს ცენტრი … ჩვენ… სამყარო…
-დათო… დათო… - მძიმედ სუნთქავდა დათო და რაღაცას შეჰღიმოდა თითქოს… ან იქნებ  ვიღაცას…
____________________________________________________________________________________________

... რა თბილი ხარ

ველურმა ყვირილმა გამოაღვიძა.
შეშინებული, შეშლილი თვალებით დაცოცავს უცხო ოთახის კედლებზე. თითქოს ჰაერი არ ყოფნისო - მძიმედ სუნთქავს. ვერაფრით გაუგია სად არის, რატომ…  რატომ არის ყველაფერი ასე  თვალისმომჭრელად თეთრი.
გაუსაძლისმა ტკივილმა ისევ დაახუჭვინა თვალები.
“სიზმარი” - პირველი რაც გაიფიქრა და ის იყო შვებით ამოისუნთქა რომ... - “სიზმარი?.. მე ხომ მღვიძავს…”
საშინლად ასტკივდა თავი… პირი გაუშრა - “მე ხომ მღვიძავს… სად ვარ? “
კარს მიღმა ნაბიჯების ხმა მოისმა… თვალის გახელის სურვილიც კი არა აქვს
“რა ხდება?” -  გონებაში სიზმრის ფრაგმენტები ციმციმებს, არეულად, ბუნდოვანად.

- ეს ახალგაზრდაა შეუვსებელი ანკეტით, არა?  როგორ მოხვდა ჩვენთან? - მამაკაცის მშვიდი ხმა, ფურცლების შრიალმა შეცვალა
- ავტომობილი დაეჯახა… უბედური შემთხვევაა - ქალის სასიამოვნო ტემბრის ხმამ უპასუხა.
“რა შემთხვევა?.. ნუთუ, საავადმყოფოში ვარ?” - ქუთუთოები ტყვიის ფირფიტებად ქვეულიყო თითქოს… თვალებს ვერც ახელს.  თავი ლამის გასკდომოდა - “რატომ არაფერი მახსოვს…” -  გამეტებით ცემდა უხილავი და დაუნდობელი ჩაქუჩი საფეთქლებში
- გასაგებია… ტვინის მძიმე შერყევით და როგორც სავარაუდო შედეგი, ამნეზია, არა?.. მოტეხილობები აქვს? - გამაღიზიანებლად მშვიდია მამაკაცის ხმა
- დიახ… ორი ნეკნი და თეძოს ძვალი
გრძნობდა როგორ დაცოცავდანენ თვალები მის სხეულზე - “რატომ არაფერი… “ - გონება ისევ ებინდებოდა და  თავის ტკივილიც ყუჩდებოდა თითქოს.  გაუგებარი კადრების ყოველ გაელვებაზე უფრო და უფრო…
მას ესმოდა როგორ მიილია მამაკაცის მძიმე ნაბიჯების ხმა. როგორ მოუახლოვდა ექთანი და თავზე სახვევის შემოხსნა დაუწყო… სუნამოს საამო სურნელი… ნაზად მზრუნველი ხელი… სახეზე დაფენილი თბილი სუნთქვა  და ბინდი, უეცრად ჩამოწოლილი ბინდი…
საამო და უმტკივნეულო, შორს, უსასრულოდ შორს, მკრთალად  მოციმციმე  ლაქებით.
სქელი, შავი თმის  ლივლივი…
შუქი გამოკრთება ალაგალაგ…
შეშფოთებულმა მზერამ გაიელვა და მყისვე ჩაქრა…
მოკისკისე გოგონა მოხტის ასკინკილათი …
თავადაც გაუღიმა და…
ტკივილმა გამოაღვიძა.
ღრმად ამოისუნთქა… ისევ ტკივილით.
ხელზე სასიამოვნო სითბო იგრძნო და თვალებიც ოდნავ გაახილა.
ისევ თვალისმომჭრელად თეთრ ოთახში იყო - “პალატა… ეს ქალი... ექიმს რომ არ ჰგავს…”
შუა ხნის ჭაღარა ქალს საწოლის ქვერდით მიმდგარ სკამზე თავი ჩაექინდრა, მზერა გაშეშებოდა.  კაცის ხელი, მუხლზე რომ დაედო,  ისე ჩაებღუჯა, ისეთი ტანჯული სახით და ისე შუბლშეჭმუხვნილს, ალბათ არავის დაანებებდა ადვილად.
თითები გაატოკა კაცმა.
ქალი მაშინვე გამოფხიზლდა.
მუდარით გახედა კაცმა, თითქოს მის თვალებში პასუხის ამოკითხვას ლამობო, პასუხის მტანჯველ კითხვაზე “ რა მოხდა?..”
- მადლობა…  მადლობა ღმერთს…  - ქალი მუხლებზე დაეშვა კაცს ხელები დაუკოცნა - მადლობა…  - ცრემლები წასკდა თვალებიდან - თქვენ რომ არა… არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა…
უმწეოდ ახედა ჭერს … ვერაფერი გაიგო 
“ ვინ არის ეს ქალი?.. მადლობა რისთვის? “ - თავი ასტკივდა ისევ, ისევ ისე დაუნდობლად ამუშავდნენ ჩაქუჩები.
- ბებო, ბებო… - ოთახში ხუთიოდე წლის გოგონამ შემოირბინა და ჭაღარა ქალს მიეკრო. ლამაზი, დიდრონი თვალები დაბინტულ კაცს მიაპყრო  - აი… მეც მაქ  ეგეთი - ბინტით შეხვეული მუხლი გამოიშვირა და დაიმორცხვაო თითქოს ბებოს მკლავს ამოეფარა.
- თქვენ რომ არა… - ისევ ატირდა ბებო და აცახცახებელმა პატარა ჩაიკრა გულში
- მე-ე? - კაცის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა
- თქვენ, დიახ… და ის ქალი, თქვენ რომ გახლდათ… როგორი მადლობელი ვარ თქვენი…
- ქალი? - სიცხით დამზრალი ტუჩები აუთრთოლდა კაცს - ვინ ქალი?
- თქვენი მეგობარი თუ იყო ალბათ…
- არაა... სეკარებული - სახე გაუბრწყინდა გოგონას.
თვალები დახუჭა კაცმა და სადღაც მეხსიერების სიღრმეებს გაეფათურა … ვერაფერი იპოვა!
- თქვენ რომ არ მოგესწროთ უკანასკნალ წამს... - ისევ აცრემლდა ბებო - მანქანის ქვეშ მოყვებოდა ჩემი ანგელოზი… ღმერთოო, რას გადამარჩინე… თქვენ რომ არა…
- აი, თურმე რა მომხდარა - თავისთვის ჩაიბუბუნა კაცმა… “მაგრამ ქალი?..”
- როგორ გამოიყურებოდა ის ქალი? - მისუსტებული ხმით იკითხა კაცმა და მისთვის გასაგები პასუხის იმედით მიაჩერდა ბებოს
- ლამაზი იკო, ცემ დედიკოსავით… ხო ბებო? - გოგონა გამოეხმაურა უმალ და ისევ დაიმორცხვა
- ხო, გენაცვალოს ბებო, ხო… ოცდახუთი წლისა თუ იქნებოდა, შვილო… შავგრემანი, ლამაზი პირისახის… კოხტად ეცვა ძალიან… ქალურად…
ბებო კიდევ რაღაცას ამბობდა, მაგრამ მას აღარ ესმოდა უკვე.  გონებაში საოცარი სისწრაფით იცვლებოდა მკაფიოდ მოციმციმე კადრები.
გაზქურასთან ქალი ყავას ხარშავს…
თავდახრილს მიეპარა…
შემოჰღიმა ქალმა…
თვალისმომჭრელად გაიელვა…
წვიმს…
ქოლგას ორნი შეფარებიან…
სიცილი მოისმის საიდანღაც…
უკან მოიხედა…
მოელვარე თვალები…
მოკაშკაშე ღიმილი…
დამაბრმავებელი  შუქი…
შემზრავი ხმაური…
ჩამობნელდა…
სასოწარკვეთილის კივილი…
- გთხოვთ, ახლავე დატოვოთ პალატა… თქვენი დრო რა ხანია ამოიწურა - შეშფოთებული სჩანდა ექთანი
- მადლობა… კიდევ ერთხელ, გმადლობთ… - ბებო უხერხულად გასცქეროდა თვალებდახუჭულ კაცს - ხომ შეიძლება ვინახულო ხოლმე…
- მას ახლა სიმშვიდე უფრო სჭირდება, ქალბატონო… სრული სიმშვიდე.

<<< *** >>>

- აბა შენ იცი… ხვალამდე არ ვიქნები - ექთანს გაუღიმა ექიმმა - ხო… კინაღამ დამავიწყდა… - და რაღაც  ბარათი გადასცა.
- მესმის… გმადლობთ - ღიმილითვე უპასუხა ქალმა და კარამდე მიაცილა.
პაციენტს მოხედა სახეგაბრწყინებულმა.
- ჩვენს ექიმს ძალიან უყვარხართ, ეტყობა - თავის ტკივილები მოშვებოდა კაცს
- მას ყველა უყვარს… და ჩვენც, ყველას გვიყვარს - გაეღიმა ექთანს - იმიტომაც არ იშორებს ნიშნობის ბეჭედს თითიდან. აი, საქორწილო მოსაწვევებიც თავად ჩამოგვირიგა.
სულ უფრო ადვილად შედიოდნენ დიალოგში ამ ბოლო დროს… რამდენიმე დღის წინ კი, ეს უიმედო საქმე იყო, მიუხედავად ექიმის თხოვნისა - როგორმე გამოეწვიათ პაციენტი აქტიური კონტაქტისკენ სამედიცინო პერსონალთან,
სიტყვას ვერავინ დააცდენდა… მხოლოდ ექიმი და ექთანი და ისიც ძალიან ძუნწად.
- თურმე რაში ყოფილა საქმე… ჩემთან რომ ქალი იყო, ის არ გამოჩენილა ხომ?
- თქვენთან ექიმის ბრძანებით მნახველებს ჯერ არ უშვებენ…  ასეა საჭირო… თქვენთვის უპირველეს ყოვლისა - ძალიან უჭირდა ექთანს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ესეც კონტაქტი იყო და რა ექნა… ფრთხილად მიჰყვებოდა დინებას.
- ის მაინც ხომ შეიძლება ვიცოდე, რა მოხდა იმ დღეს… გთხოვთ - მუდარით სავსე თვალებს გაურბის ექთანი
- ვერაფრით გიშველით, ჩემო კარგო, ეს მხოლოდ მკურნალმა ექიმმა იცის და ის გეტყვით თუ რამ არის სათქმელი
- "ჩემო კარგო" - გამოაჯავრა კაცმა - ნუ ფარისევლობთ… გთხოვთ… მითხარით ვინ იყო ჩემთან ერთად… ვინ იყო ის ქალი ჩემთვის…  ძალიან გთხოვთ…
- აბა რა გითხრათ, რაც არ ვიცი…
- რაც იცით ის მითხარით.
- თქვენ ჩვენთან რეტროგრადული ამნეზიით მოხვდით, აი ეს ვიცი მე… ყველაფერი გეხსომებათ რაც ტრამვის შემდგომ მოხდება… მაგრამ ტრამვამდელი მეხსიერების აღდგენას დრო დასჭირდება და მკურნალობა… თანდათანობით გაიხსენებთ ყველაფერს. ექიმი ამბობს რომ ამ პროცესის დაჩქარებამ შეიძლება არასასურველი, თქვენთვის, შედეგი გამოიღოსო… რაც შეეხება ქალს, მე არ ვიცი ვიზე ლაპარაკობთ, ვერც თქვენ იხსენებთ და აბა რა გიყოთ… თქვენ მარტო მოგიყვანეს ჩვენს საავადმყოფოში… სულ ეგაა რაც ვიცი და ის კიდევ რომ გამოჯანსაღების პროცესი კარგად მიდის… და ეს ძალიან გვახარებს ყველას - დაითაფლა ბოლოში ექთანი.
- რატომ ტყუით… ეს მაინც მოგეხსნათ… - საყვედურით ჩაილაპარაკა კაცმა და მარჯვენა არათითზე ბეჭედს დახედა.
კარზე კაკუნი მოევლინა ხსნად ექთანს… დაგტოვებთ ცოტა ხნითო და დერეფანში გავარდა… ლამის გაიტანა კარებთან  მდგარი კოლეგა.
იმავე საღამოს ტელეფონით  ექიმს უამბო ყველაფერი.
ეს ვერ მოგვსვლია კარგი საქმეო ექიმმა.

<<< *** >>>

კადრები…
ისევ კადრები…
სადღაც შორიდან მოისმის ხმა საამური ტემბრის…
რესტორანი…
ბეჭედი…
ცრემლმომდგარი თვალების ბრწყინვალება…
ჟრუანტელი დაურბის სხეულში აღმა-დაღმა…
შეხების სიამე… ემოციები…
სიყვარულით სავსე მზერა და ღიმილი…
ღიმილი კაშკაშა…
თვალისმომჭრელად კაშკაშა ყველაფერს შთანთქავს…

საწოლზე წამოიწია…
ექთანს მოუხმო ღილაკით.
- გჭირდებათ რაიმე?
- სად არის ჩემი ცოლი?- თავადაც გაუკვირდა ისე უყვირა ნირწამხდარ ექთანს
- რა დაემართა?... მიპასუხეთ!!!
ექთანი შესამჩნევად შეაშფოთა პაციენტის მოულოდნელმა აღგზნებამ
- სად არის? მითხარით ახლავე!!!  - გამყინავი ხმით იყვირა კაცმა
- მე… მე არაფერი ვიცი - ლამის ატირებულიყო ექთანი
კაცი  მოკლედ და უჩვეულო სიხშირით სუნთქავდა. თვალებში საშინელი სუსხი ჩადგომოდა და ექთანსაც შიშით გასცრა
- ახლავე ექიმს დავუძახებ… ის… ის გეტყვით ყველაფერს - ექთანი დერეფანში გავარდა. კარი ხმაურით მიიკეტა. ეს ხმა იყო უკანასკნელი რაც მან გაიგო…
გონი ჯერ დაიბინდა და მერე სრულიად დაბნელდა…
არც არაფერი ციმციმებდა იმედის შუქურად.


ორიოდ საათის შემდეგ, გონსმოსული კაცის საწოლთან ექიმი იჯდა და დაფიქრებული კითხულობდა რაღაც ქაღალდებს… ექთანი იქვე, მის ზურგს უკან დამდგარიყო და ისიც ქაღალდებს  ჩასცქეროდა.
- რა მოხდა? - ჩურჩულით  იკითხა კაცმა.
ექიმმა ქაღალდები ექთანს გადასცა და კაცს შეხედა.
- დამშვიდდით?
- რა მოხდა?
- ეს აბები მიიღეთ… უნდა დამშვიდდეთ. ყველა კითხვაზე გიპასუხებთ… გპირდებით.
ექთანმა ლამბაქით აბები და წყალი მიაწოდა.
- გისმენთ… - მშვიდი ჩანდა კაცი
- მე ვალდებული ვარ გაცნობოთ… უნდა გაცნობოთ რომ… - ჭოჭმანობდა, შესამჩნევად ღელავდა  ექიმი
- რა უნდა მაცნობოთ?.. მე გისმენთ - საბოლოოდ მოსულიყო გონს, ხმა უთრთოდა მხოლოდ, ექიმის მღელვარება გადასდებოდა მასაც
- ის ქალი, თქვენ რომ გახლდათ… თქვენი მეუღლე იყო.
- მერე? სად არის ახლა… რა დაემართა?! - პირი გაუშრა კაცს
- ისიც თქვენთან ერთად მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში… ძალიან მძიმე მდგომარეობაში… სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო… მე არ მქონდა ამის თქმის უფლება, მაგრამ ახლა ეს აუცილებელია.
პაუზა მტკივნეულად გაიწელა…
რამოდენიმე წამმა მთელი ცხოვრება ჩაიტია, ტკივილით ჩაიწნეხა, ჩაიწურა.
- სად არის?.. - ცუდის მოლოდინში გული შეეკუმშა კაცს
- ძალიან გთხოვთ მშვიდად… დიდი რისკია რომ, თქვენი ამნეზია შეუქცევადი გახდეს…
- თქვით!!!
- სამწუხაროდ, ოპერაცია უიმედოდ დაგვიანებული აღმოჩნდა… სამწუხაროდ… ჩვენ ძალღონე არ დაგვიზოგავს მაგრამ…
შორიდან ისმოდა ექიმის ხმა
ძალიან შორიდან და ბოლოს სულაც მიილია.
“რატომ შენ?..  რატომ… რატომ მე არა… რატომ? “ მხოლოდ ამის გაფიქრებაღა მოასწრო და ისევ იფეთქეს კადრებმა… მთელმა ტრაგედიამ მკაფიოდ, თანმიმდევრულად გაირბინა თვალწინ…
მას გაახსენდა: გაახსენდა თუ როგორ დაეჯახა, მეუღლესთან საუბარში გართული, უყურადღებოდ დარჩენილ ბავშვს, ბორდიურს რომ მოყვებოდა, როგორ გადავარდა ბავშვი მანქანების სავალ გზაზე…  როგორი  შეშლილი თვალებით გახედა ქალმა ბავშვს… როგორ გავარდა თავად ბავშვისკენ, როგორ მიყვა ქალი და როგორ შეძრა სასოწარკვეთილმა კივილმა… როგორ უღიმოდა არეულ თმებში გაბლანდული მზერა საყვარელი ქალის, მას, ასფალტზე დავარდნილს ბავშვი რომ მკერდზე მიეხუტებინა… უღიმოდა გონისდამბინდავი სევდით და ნელა ეშვებოდა  შემზარავად ახმაურებულ ქაოსში… როგორ დაეშვა თავადაც და როგორ თვალისმომჭრელი სიკაშკაშით გაიელვა…
“რატომ მე არა… რატომ…  გამახსენდი თუ  სამუდამოდ დამეკარგე… “ - დაყვირება უნდოდა, ხავილიღა აღმოხდა და უღონოდ მიესვენა…  ღიმილი აღარ იყო კაშკაშა და თვალისმომჭრელი… სევდანარევი სითბოთი ავსებდა სულს… და სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდებოდა სახე მოღიმარი.

<<< *** >>>

რამდენიმე დღე ძილ-ბურანში გაატარა… სიზმარი ანდამატივით იზიდავდა და არანაირი სურვილი გამოღვიძების არ ჰქონდა… სიკვდილს დაკარგვოდა შემზარავი იერი და ახლა მხოლოდ ძილის, დაუსრულებელი ძილის სინონიმად ქცეულიყო… არ ეშინოდა მისი, მიილტვოდა მისკენ.  მხოლოდ ბიოლოგიური კაპრიზი - გამოღვიძება აუწეწდა სიზმრისეული ნეტარებით გაჟღენთილ სულს და დარდიც ისე სწრაფად გამოფიტავდა, ისევ ბრუნდებოდა იქ, სადაც ყველაზე ძვირფასი რამ ეგულებოდა, სადაც უწვრილმანეს დეტალებში ახსოვდა საყვარელი ადამიანი…
აქ კი… აქ რა?  რასაც ასე რუდუნებით აკოწიწებდა ირეალურში, აქ ქვიშის კოშკივით ჩამოეშლებოდა და დარდიღა რჩებოდა… დარდი და  უმწეო სინანული - რატომ მე არა?.. რატომ…

<<< *** >>>

სიცოცხლემ თავისი გაიტანა… დრო გავიდა და ისევ ჩვეულებრივ  პაციენტად იქცა…  ექიმის მზრუნველობას ისევ მადლიერებით ხვდებოდა და ექთნის ყურადღებასაც თავაზიანი ღიმილით ღებულობდა… სხვა არავისი ნახვა არ სურდა და არც არავინ აძალებდა.
ძილი კი  ძალიან შეიყვარა. 
საეჭვოდ მოჭარბებულმა ძილიანობამ სერიოზულად  დააფიქრა ექიმი… მიზეზი მისთვის ნათელი იყო. არაერთხელ მოუსმენია როგორ საუბრობდა თავის მეუღლესთან მძინარე მისი პაციენტი და დიდი ჭოჭმანის შემდეგ გადაწყვიტა
- რადიკალურად უნდა შევცვალოთ ვითარება - განუცხადა ერთხელაც პაციენტს
- როგორც გენებოთ - გულგრილად გამოეხმაურა კაცი
- ო, არა… ეგრე არ გამოვა. თქვენი კარგად გააზრებული თანხმობა იქნება საჭირო
- მე თანახმა ვარ
- რაზე თანხმდებით, არ გაინტერესებთ
- არა! თქვენი მჯერა… გენდობით.
- ნდობისათვის გმადლობთ. მაგრამ მოვალე ვარ აგიხსნათ რაზეა ლაპარაკი.
და აუხსნა ექიმმა, რომ ევროპის წამყვან კლინიკებში, მეცნიერებმა შეიმუშავეს რეაბილიტაციის ერთთვიანი პროგრამა, რომლის დანერგვა ჩვენს კლინიკაშიც გადავწყვიტეთო… აქამდე არ გვყოლია პაციენტები, რომელიც ამ პროგრამის ობიექტი შეიძლებოდა გამხდარიყოო… ახლა კი ექვსმა პაციენტმა, სხვადასხვა კლინიკიდან თანხმობა განაცხადეს პროგრამაში მონაწილეობაზე. ევროპელი სპეციალისტებიც ერთ კვირაში აქ იქნებიან და დანარჩენი შენი გადასაწყვეტიაო.  პროგრამის არსი კი ორიოდ სიტყვით მოხაზა - თქვენი მეხსიერებიდან მხოლოდ ის ფრაგმენტები წაიშლება, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ხელისშემშლელი იქნებაო. გასაგები იყო რასაც გულისხმობდა.
- უნდა დაფიქრდეთ და გადაწყვიტოთ. მანმადე კი, პატივი დამდეთ და  ნურაფერს მეტყვით… ნურც ჰოს, ნურც არას… მთელი კვირა გაქვთ წინ ამის გადასაწყვეტად. ამ ეტაპზე ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია… ერთი თვის შემდეგ შეუძლებელი იქნება. მეხსიერება თანდათანობით და სრულად აღგიდგებათ… ასე რომ , გთხოვთ სერიოზულად დაფიქრდეთ. იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ - ექიმმა მზრუნველად მიუთათუნა ხელი ხელზე და გავიდა.
კაცმა თვალები დახუჭა და მალევე ჩაეძინა - “ჩემი სრულფასოვანი ცხოვრება აქ არისო” ფიქრად აიმგზავრა და ნებიერად აფერადებულ ბურუსს გაუღიმა … “ღმერთო… რა თბილი ხარ…”


<<< *** >>>

- დღეს ძალიან კარგად გამოიყურებით - გაუღიმა ექთანმა
- მადლობა, ძალიან კეთილი ხართ… ერთხელაც აუცილებლად დაგპატიჟებთ რესტორანში… თუ უარს  არ მეტყვით
- არ გეტყვით… მხოლოდ ერთი პირობით, ჯერ ჩემი მასპინძლობა უნდა გაიზიაროთ - ისევ მომხიბლავად გაიღიმა ექთანმა და კვების ბლოკისკენ მიანიშნა - რესტორნის მენიუთი ვერ დაიტრაბახებს, მაგრამ მარგებელია…
- სიტყვა სიტყვაა… ხომ იცით რომ, ეგ არ დამავიწყდება.
- ვიცი - კეკლუცად მოჭრა ექთანმა… “ნეტა ვინ ბედნიერი უყვარს…” პირველად გაიფიქრა ეს და გაიკვირვა კიდეც.
მადიანობით არ გამოირჩეოდა… მალევე მობრუნდა.
ექთანი პალატაში დახვდა.
- ბალიშს გაგისწორებთ… გინდათ - შესთავაზა ექთანმა - ერთ საათში მანდ ვიქნებითო ექიმმა, კოლეგებთან ერთადო.
- თუ არ შეწუხდებით - “არა და თავადაც მშვენივრად შემიძლია უკვე…”.
სუნამოს საამო სურნელი… ნაზად მზრუნველი ხელი… სახეზე დაფენილი თბილი სუნთქვა…  რაღაც ძალიან ნაცნობი და იმავდროულად  უცხო არომატი… მონატრებული სიამით უსაშველოდ მიმზიდველი
- ასე კარგია? - “რომ არ ჩქარობს, ეს ხომ საერთოდ…”
- გმადლობთ  - უპასუხა და ხელზე შეეხო… “არ იუკადრისა”  უცნაურად გაახარა ამანაც.
- აბა თქვენ იცით… დაგტოვებთ ცოტა ხნით - “ლამაზი ტანის ვნებიანი რხევით… “ ფიქრად მიყვა კაცი და თვალებიც მილულა.

“ნუ წახვალ… არ შემიძლია უშენობა… ვერ გავუძლებ უშენობას…“ - “დრო მოვა და თვითონ გამიშვებ” - “არა!..  ნუ მიმაჩვევ უშენობას” - “ხედავ? მხოლოდ ჩვევად შემოგრჩი” - “ნუ წახვალ…” - “ოღონდ ახლა გამიშვი… ახლა… ამ ერთხელ და როცა მომიხმობ მაშინ მოვალ” - “მხოლოდ ამ ერთხელ… “- “ხო… მხოლოდ ამ ერთხელ” … იღიმებოდა და რაც უფრო კაშკაშად, მით უფრო წყდებოდა მიწას… მაღლა მიიწევდა ბუმბულის სიმსუბუქით… მაღლა, სულ უფრო მაღლა… აცრემლებული კაცი თვალს ვერ აშორებდა საყვარელ ღიმილს…  ცის კაბადონზე კი ჩრდილი გამკვეთრდა, გამკვრივდა, დამძიმდა, დაბლა დაეშვა, და ისე სწრაფად უახლოვდებოდა  მისთვის უძვირფასესს, რომ გული შეეკუმშა… წამიც და ერთმანეთს შეეხნენ… შეეხნენ და მაშინვე ყველაფერი გაქრა…  დარჩა მხოლოდ კაშკაშა მზე.

უეცრად ანთებულმა შუქმა მოსჭრა თვალი.
“მე გადაწყვეტილება მივიღე… ალბათ “ -  თვლემას თავდაღწეულმა კაცმა პალატაში შემოსულ სტუმრებს გაუღიმა.

<<< *** >>>

- პროგრამის შინაარსს იცნობთ?
- დიახ.
- მოსაფიქრებლად საკმარისი დრო გქონდათ?
- დიახ.
- თქვენი გადაწყვეტილება
- არა!

კოლეგებმა ერთმანეთს გადახედეს და უხმოდ დატოვეს პალატა.
მხოლოდ ექთანი დარჩა…
კაცმა წამით გახედა… საწყლად გაუღიმა და მზერა აარიდა.
უცაბედად დანისლულ თვალებში მოკიაფე ცრემლით მიუახლოვდა ექთანი.  დაიხარა და  ღაწვზე ეამბორა.
ნაზად… გამბით… ცრემლიც მარგალიტად ზედ დატოვა და აჩქარებით გავიდა პალატიდან.
“ღმერთო… რა თბილი ხარ…”
_______________________________________________________________________________________________

სამოთხის ჩიტი


როდესაც მასთან მივედი მზის უზარმაზარი ბადრო ჰორიზონტს შეხებოდა უკვე და მომაჯადოებლად მიმზიდველ ცაზე დაისი  მეწამულს ლურჯით აზავებდა. ის ვერანდაზე სავარძელში ღრმად ჩაფლულიყო, ფეხები ნებიერად გაეჭიმა და მონუსხულივით გასცქეროდა ჩამავალ მზეს.
უხმოდ  ჩავჯექი გვერდით მდგომ სავარძელში.
თავი არც მოუბრუნებია, ისე გამომხედა და ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა.
_ წაკამათდით  ისევ ხომ? _ ზანტად იკითხა
_ ხო… _ სხვა რა უნდა მეთქვა, როცა სახეზე მეწერა პასუხი.
პაუზა გაიწელა
_ არაფერს იტყვი? _ ვიკითხე  გაუბედავად
_ არა, მომბეზრდა ამაზე ლაპარაკი.
_ შენ? … და ლაპარაკი  მოგბეზრდა? _ გაკვირვება ვერ დავმალე
_ ამაზე მეთქი, გითხარი
_ სხვა ვთქვათ რამე. ხომ იცი როგორ მიჭირს ასეთ დროს.
_ გაუჭირვებელს  იჭირვებ და რა უნდა გიყო მე. ან არ მოგბეზრდათ, ან არ დაიღალეთ. ახლა ის იქ იცრემლება, შენ კიდევ აქ ნერვებს მიშლი. დალევ რამეს?
არც პასუხს დალოდებია და არც მოუხედავს ისე მოაყოლა
_ იცი შენ სადაც  დგას გორგოლაჭიანი.  არაყი მაცივარში დევს  და მოაგორე აქეთ, რაც საჭიროა ზედ აწყვია.
შვებით  ამოვისუნთქე.

_ თუ გსმენია ლეგენდა, როგორ გაჩნდა ქალი და კაცი ამ ქვეყნად _ იღიმებოდა. არაყი ჩამოასხა.
_ თუ არ მეშლება, ლეგენდის მიხედვით…_ ხმაში რიხით  დავიწყე მე _ ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, ისინი ერთ მთლიან არსებას წარმოადგენდნენ, ძლიერნი და უსქესონი იყვნენ მაშინ. მერე ღმერთმა, განაწყენებულმა, მათი უზომო სიამაყით და სითამამით, ორად გაყო ყოველი მათგანი,  მას შემდეგ საცოდავები დაუძლურდნენ და თავიანთ მეორე ნახევრებს დაეძებენ _ სხაპასხუპით გავედი ბოლოში
_ ყოჩაღ, მაგრამ ჩემი ისტორია ცოთათი სხვაგვარია
_ სხვა მე არ ვიცი
_ ჰოო და, გაიგებ ახლა… იქნებ გამოგადგეს კიდეც რაიმეში _ ირონიული აუთამაშდა სახეზე _ აბა, საღამოს მადლი  შეგვწეოდეს.
გადავკარით.
_ მოკლედ,ასეთი ამბავია. შექმნა ღმერთმა ადამიანები, ძლიერნი და სრულყოფილნი და დაასახლა ისინი დედამიწაზე. ყველაფრით კარგები იყვნენ, მიუხედავად იმისა რომ, იყვნენ მოკვდავნი და უნაყოფონი. ამიტომაც  ღმერთს ხშირად უხდებოდა ახალი ადამიანების შექმნა, დანაკლისის შესავსებად. დამღლელი და მოსაწყენი შრომა იყო ეს და გადაწყვიტა ერთხელაც, გამოესწორებინა ეს ნაკლი. ერთი კია, მას არ შეეძლო ადამიანისთვის უკვდავება ებოძებინა, სანამ ყოფიერების ძველი კანონი ახალით არ შეიცვლებოდა, ამის  დრო  კი, ჯერ არ დამდგარიყო. მაგრამ მას შეეძლო ისე მოეწყო საქმე, რომ ადამიანებს თავად მოეღოთ  ნაყოფი. ესე იგი გამრავლებულიყვნენ.
_ საერთოდ მიღებულია რომ ადამიანთა წინაპარი ერთ  ადამიანი იყო _ ჩავერთე მე
_ შეიძლება, ყოველთვის არის ვინმე პირველი _ შეუვალი იყო ის
_ რატომ, შეიძლება? განა ღმერთი ყოვლისშემძლე არ არის?
_ აზროვნებ შენ, ხო იცი _ ჩაიცინა რაღაცნაირად, რომ არ მიყვარს ისე, ირონიულად თუ მსგავსად ირონიულის _ ღმერთი რა თქმა უნდა ყოვლისშემძლეა, მაგრამ მასაც  საყოველთაო  კანონის ნაწილად მიაცნია თავი  და თავისი ნებით ამ კანონის ნეიტრალური  გამტარია. ასეთი ვალდებულება იკისრა შემოქმედმა და არ მითხრა ახლა, ამას თავს ვერ ართმევსო.  ყოვლისშემძლე ადამიანიც კი ხდება, რომელიც რწმენით შეიმეცნებს შემოქმედის სიდიადეს  და  საერთოდ ეს ჩემი ისტორიაა და ნუ მირევ გზა-კვალს, თუ ძმა ხარ.
_ ჩვენ ბოდიში.
_ ესე იგი მოიაზრა უფალმა სიტუაცია და გადაწყვიტა გაეყო ადამიანი შუაზე,  ორ ნაწილად და ასეც მოიქცა.
_ აბა მე რა ვთქვი? თუ შენს ვარიანტში, გაყოფილთ ერგოთ ნახევარი თავი, ნახევარი ტანი, ცალი ფეხი და ასე შემდეგ? _ ისევ დავარღვიე სიჩუმის აღთქმა
_ ხო, ცალი ყური და ცალი ტვინი, შენსავით-ახლა, არავითარი ირონია _ ხაზგასმით დამცინავი იყო _ არა, ჩემო კარგო, ღმერთმა სიმეტრიის ღერძზე  კი არ გაყო ადამიანი, ასე მეტი შრომა მოუწევდა დაწყებულის დასამთავრებლად…
_ აბა გინდა თქვა რომ წაიზარმცა? _ არ ვისვენებდი მე
_ კარგი რა. რას ჰქვია წაიზარმაცა.  უბრალოდ შემოქმედი უფრო რაციონალურია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ _ მშვიდად მიპასუხა მან _ გაყოფა მოხდა წინა და უკანა ნაწილებად და შემდეგ დაამუშავა დეტალებში.  წინა ნახევარს კაცი უწოდა და მისი დასრულება სულაც არ გაჭირვებია, ისეთი მარტივი დეტალებით იყო შესავსები. უკანა ნაწილს კი ქალი უწოდა და აქ საკმაოდ დიდი პრობლემების გადაჭრა მოუხდა. რაკი შემოქმედი იყო უპირველეს ყოვლისა, მოისურვა, შეექმნა რაიმე არაჩვეულებრივი, საინტერესო , რთული და იდუმალი, თავად მისთვისაც კი. კაცი, თავად ღმერთის ხატი იყო მისი პირმშო, სიკეთის და სიყვარულის განსახიერება მაგრამ, ერთფეროვნებით მოსაწყენი.
_ რატომ ვითომ? რა, კაცი სხვაგვარი ვერ იქნებოდა? _ ინერციით ვახურებდი
_ ვერა, და შენ ამის საუკეთესო მაგალითი ხარ _ გავჩუმდი, ახლა შეკამათებას აზრი არ ჰქონდა, ისეთი ტონით ითქვა ეს უკანასკნელი.
_ახლა  რასაც შევქმნი იმას _ ჩემი დუმილით კმაყოფილმა განაგრძო _ რაც კაცში მოვისაკლისე, იმით ავავსებო, ეს გაიფიქრა და იქვე კითხვაც გაჩნდა - უფრო სწორად ორი, არცთუ მარტივი კითხვა.  ჯერ ერთი, რითი? ის ღმერთი იყო და მშვენივრად ესმოდა რომ…
_ სწორედ იმიტომ ალბათ, რომ ღმერთი იყომ _ წავიაქტიურე ისევ
_ ყოჩაღ, ეს კარგად შენიშნე.  მოკლედ, მშვენივრად ესმოდა ძველი მასალიდან, დიდი არც არაფერი გამოუვიდოდა, ამის მაგალითი უკვე ჰქონდა _ აქ გამიღიმა მრავალმნიშვნელოვნად, მაგრამ მე ვითომც არაფერიო ჯიუტად გავუსწორე მზერა და უაღესად კმაყოფილიც დავრჩი ჩემი საქციელით.
_ და მეორეც, როგორი? როგორი უნდა იყოს ქალი? ლამაზი?  თუ ისე რა, სიმპათიური? ბრძენი? თუ ისე რა, ცოტა მოსულელოც კი? თავმდაბალი? თუ ისე რა, სადღაც მოქარაფშუტო? ყველა მათგანი თავისებურად კარგია, საინტერესო და რაც საჭიროა კიდევ.  მაშ როგორი? იფიქრა, იფიქრა და რა თქმა უნდა მოიფიქრა.
_ ღმერთი იყო და რა საკვირველია _ გადავიმღერე წინა  რეპლიკა.  ამჯერად უკომენტაროდ გაატარა.
_ და გადაწყვიტა ბაზისად სამოთხის ჩიტი აეღო, რომელიც უკვე შექმნილი იყო, სამოთხის ბაღს ამშვენებდა და აღფრთოვანებული იყო იღბლიანი ნაოსტატარით.
_ რა-ა? იღბლიანი? _ არ გავუშვი შანსი ხელიდან _ ღმერთი და იღბალი? არ გადამრიო ახლა.
_ ყურადღებით მისმენ თურმე _ იხტიბარს არ იტეხს _ იყოს უბრალოდ ნაოსტატარით.
_ ეგრე რა. თორემ ღმერთი და იღბალი? _ არაყი ჩამოვასხი, რაღაცნაირად ამაყად, აქაოდა, დაუკვირდი რას ამბობ-თქო ვარიანტში.
_ ლამაზი, მგალობელი _ განაგრძო სიცილით _ ნარნარად მფრენი, ყველაფრით გულის მახარობელი და იდუმალიც კი, თავისი მშვენიერებით. პირველი საკითხი მოხსნილი იყო, მეორე კი ასე გადაწყვიტა. ვინაიდან ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენი გახლდათ, შეექმნა არა  ერთი, არამედ რამდენიმე და სხვადასხვანაირი და ბოლოს მათში საუკეთესო აერჩია, ერთი ან რამდენიმე, თუ ღირსად ჩათვლიდა, ან სულაც ყველა დაეტოვებინა.
_ ეეე…
_ მოკეტე. ვიცი ახლა რასაც იტყვი და არ არის საჭირო. თეორემას კი არ გიმტკიცებ, ლეგენდას გიყვები.
ნერწყვთან ერთად გადავყლაპე სათქმელიც. მერე  ჭიქა მივიჭახუნე და უხმოდ გადავკარი.
_ გმადლობთ _ ხაზგასმული ცერომონიულობით გადაჰკრა მანაც.
_ და შექმნა პირველი ქალი, სამოთხის ჩიტის სილამაზისგან, და მიუჩინა მას ქმრად ერთი კაცთაგანი, და მნახველი  მშვენიერებისა, აღტაცებული  უმზერდა კაცი მას და ადიდებდა ღმერთს, და ადიდებენ ღმერთს დღესაც კაცნი ამა ქალთა გამო. შენ დაასხი.
_ საკაიფოდ ალაპარაკდი, აი! _ ჩამოვასხი.
_ ლამაზ ქალებს გაუმარჯოს, თვალის მახარობელთ.
_ გაუმარჯოს
_ შექმნა მეორე, სამოთხის ჩიტის გალობიდან, და იყვნენ შთამომავალნი მისნი ტკბილმოუბარი მეუღლენი, მომღერალნი და არ  იღლებოდნენ კაცნი მათი საამური ხმის  სმენით და დღესაც ადიდებენ ღმერთს ამოდ ნაბოძებისა გამო.
სავსე ჭიქები დავახვედრე მორიგ სასწაულს
_ ყოჩაღ… გაუმარჯოს ტკბილადმოუბარ ქალებს, ყურის მახარობელთ.
არაყი სითბოდ  იღვრება სხეულში, და საამურად დაბორიალებს ძარღვებში, სასიამოვნოდ მოთენთილი ველოდები ამბავს, თუ კიდევ რა მოიმოქმედა შემოქმედმა კაცთა საბედნიეროდ.
_ და შექმნა მესამენი სამოთხის ჩიტის ფრენისგან, და იყვნენ ისინი თავისუფალნი და იდუმალნი და ისინიც დაგვიტოვა უფალმა თავისი ყოვლისმომცველი სიბრძნისა გამო, რამეთუ გვახარებენ კაცთ სილაღით, გვაოცებენ  შიგადაშიგ და ზოგჯერ მწარედაც დაგვაფიქრებენ ხოლმე, მაგრამ არა ხანგრძლივ. და ადიბებენ უფალს  კაცნი ამა ქალთათვის, რამეთუ მოვლენილან ისინი სალხენად წუთისოფლისა.
აქ გამომხედა მოწყალედ 
_ ხომ არ იტყოდი რამეს ამასთან დაკავშირებით?
_ შენს ლეგენდას შენ მიხედე… რა ვიცი მე საით უბერავ!
_დე იყოს ესე… იმ ქალებს გაუმარჯოს სიზმარს რომ უფორიაქებენ  კაცთა და ძილ-ღვიძილს შორის ზღვარი წაუშლიათ, რამეთუ არიან მსუბუქნი და საამურნი, ვითარც შვებით ამოსუნთქვა.
_ ჰეეჰ… კარგია.
გადავკარით. სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები და ენერგიულად მივატანე არაყს რითაც უფალმა დაპურება ინება დღეს ჩუენი. ის კი სათნო ღიმილით მიცქერდა და აშკარა იყო ახალ სიურპრიზს ამზადებდა
_ და შექმნა კიდევ უფალმა, გულისაგან სამოთხის ჩიტისა და ქალნი იყვნენ გულკეთილნი, ნაზნი და მოსიყვარულენი გულითა  წმინდით, და გვალხენენ ისინი და  ვადიდებთ უფალს ამა სიკეთისთვის.
_ ახლა მე ვიტყვი თუ გინდა.
_ მიდი აბა.
_ სიყვარულს გაუმარჯოს.
_ სულ ეგ არი
_ ცუდად ვთქვი რო
_ ეეჰ… კარგია, კარგი. მოსიყვარულე ქალებსო, ხომ? უნაზესთ და უმშვენიერესთ, არა? ზნეკეთილ  ანგელოზებს  და კაცური ღირსების საწინდრებსო? ამას გულისხმობდი?
_ მა რა?
_ მაშინ კარგად გითქვამს. გაუმარჯოს.
მზე სანახევროდ ჩასულიყო და საღამოს ბინდი ისე რბილად ეფინებოდა გარემოს, როგორც სიმთვრალე ამსუბუქებულ გონს.
_ მეხუთე ქალი შექმნა უფალმა ჭკუა-გონებისგან ჩიტისა სამოთხის და იყვნენ ისინი, გონიერნი და ღრმანი ფიქრით, ბრძენნი, ანუ განათლებულნი და ნაკითხნი ფრიად. და საჭირონი იყვნენ ისინი  კაცთა ამპარტავნების მოსათოკად და მადლობას მათ გამო, ამბობს კაცი უშურველად, არანაკლებ, ვიდრე სხვათა გამო.
პაუზა. მიღიმის - ვუღიმი. სულელურამდე არაფერი აკლია სცენას.
_ ხო! აქ კია რთულად საქმე… მაგრამ მაინც, ჭკვიან ქალს გაუმარჯოს, რამეთუ ქალია ისიც და კაცნი ვართ ჩვენ.
რა თქმა უნდა აქ ვერ შეჩერდებოდა  უფალი.
_ და კიდევ შექმნა ქალი სიყვარულის ორგანოთაგან სამოთხის ჩიტის და იყვნენ ისინი ვნებიანნი და ნაყოფიერნი, მორცხვნი და მწველნი  მზერით და უსათუთესნი, და ვადიდებთ უფალს კაცნი ამა სიკეთისთვის.
_ ვთქვა?
_ მიდი
_ დედებს გაუმარჯოს, ოჯახის მყუდრო კერის მფარველებს
_ ყოჩაღ… მომეწონა.
ეგრევე ხაზგასმული სიამაყით შევავსე ჭიქები.
_ თითქოს უნდა შეჩერებულიყო უფალი აქ, დაესვენა ნაშრომ-ნაჯაფარს, მაგრამ შემოქმედი განა ეგრე ადვილად დაიღლებოდა? და თავად თუ უწყის იხუმრა, თავისი ღვთაებრივი ხალისით, თუ სამართლიანად მიიჩნია ეს, თავისი უგონიერესი გონით, ან იქნებ ცოტაოდენი დარჩენილი მასალის გამო სამოთხის ჩიტისაგან, ეს მხოლოდ თავად უწყის - შექმნა მეშვიდე ქალიც ამ ნარჩენებისგან და მოუვლინა კაცს ქალი ესე სასჯელად,  თავის ცდომილებათა გამო.  რათა სინანული სტანჯავდეთ მათ სიცოცხლეშივე და არა მხოლოდ მას შემდეგ. ხოლო უფლის  ერთგულთ, კაცთაგან, ჯილდოდ უბოძა ნიჭი გამოარჩიოს ქალი ესე სხვათაგან, და მსხვერპლნი მათი საცოდავნი იხილოს. თუ რარიგ  სწუხან ცოდვილნი, რამეთუ ჯოჯოხეთი მათ აქვე იგემეს.
_ მდაა… ახლა რა უნდა ვთქვათ რო.
_ აქ სალაპარაკო არაფერია ძმაო, ისედაც ნათელია ყველაფერი. ბედნიერია კაცი ვისაც უფალმა არ დააყვედრა ეს ნიჭი, ანუ უჩვენა და გაარიდა. მაგრამ ეგ ხომ არ არის მთავარი. მთავარი ის არი რომ ღმერთმა ქალი შექმნა, როგორც სამყაროს უმშვენიერესი ნახევარი. რთული და იდუმალი თავისი არსით და სწორედ მას მიანდო მთავარი - ზრუნვა შთამომავლობაზე.  ამის გამო ადამიანებმა დაკარგეს სრულყოფილება, მაგრამ ღმერთს ეს არ აშფოთებდა, რადგანაც გზა რომელიც მან მოუნიშნა ადამიანებს , იყო გზა ჰარმონიული თანაარსებობისაკენ.
_ მერე რატომ ხდება ეს თანაარსებობა ასე რთული, რატომ გვიჭირს ასე?
_ აბა რა ვიცი. იქნებ თავად დაუფიქრდე ამას. მას შემდეგ რაც ეს გაყოფა მოხდა, კაცი ყოველთვის წინ მიდის და მას ფეხდაფეხ მიყვება ქალი, თითქოს ისევ ერთი მთლიანი იყვნენ. ჯერ კიდევ შემორჩენილია ქვეცნობიერში დიდი ერთობის მოგონებანი, როცა ერთიდაიგივე სურვილები უჩნდებოდათ, ერთნაირ სიზმრებს ხედავდნენ, და ეს ერთიანი საწყისი ალბათ სიყვარულში ვლინდებოდა. ეს კია კაცნი , ძალიან ხშირად უკანმოუხედავად მიიწევენ წინ და აინუნშიაც არ აგდებენ რომ ფეხდაფეხ მოყვებათ ღვთის ნებით მრავალფეროვანი, უმშვენიერესი და იდუმალით სავსე სამყარო - ქალი, ოდესღაც მათი განუყოფელი ნაწილი და სიყვარულის წყარო. მართალია მაშინ მათ სიყვარულის არც არაფერი ესმოდათ.
_ იქნებ ის არც იყო სიყვარული
_ არა, ჩემო კარგო, ის სწორედაც რომ სიყვარული იყო, მაგრამ მთელში, ადამიანის გონისთვის მიუწვდომელი, რაც სიხარულში და ნეტარებაში ვლინდებოდა. განა ახლაც ასე არ ხდება, როცა ერთმანეთს ჭეშმარიტად მოსიყვარულე სულები პოულობენ. და მაშინ კაცი, წინ მიმავალი, ყოველთვის ცდილობს გაარიდოს ქალი ხიფათთან პირისპირ შეხვედრას, ქალი კი მის ზურგს უფრთხილდება, ყველაზე  დაუცველ და სუსტ ადგილს კაცისას. მერე  ქმნიან კერას, ზრუნავენ შთამომავლობაზე და კაცი არასოდეს მიდის კერიიდან შორს. კერიას კი თავს დაფოფინებს  ვისთვის  ლამაზი, ვისთვის კეთილი, ვისთვის ჭკვიანი, ვისთვის კიდევ მორცხვად ვნებიანი და რა ვიცი კიდევ როგორი ღირსებით გამორჩეული ქალი. ასეა, როცა ღვთაებრივად ჰარმონიულს განიცდი.
_ და როცა არა?
_ ვერაფრით დაგამშვიდებ. თუ სიძულვილს მიაჩვევ გულს, სიყვარული უთუოდ ჩამოგრჩება და  როცა მისაკლისებ უკვე შეიძლება გვიანიც იყოს.
_ და ღმერთი?
_ ღმერთი იქ არის სადაც სიყვარულია. ან კერიას უზის ჩვენთან ერთად, ან კართანაა გარედან ატუზული და მოთმინებით ელოდება, როდის დავაშოშმინებთ სიძულვილს და გავუღებთ  კარს. მას  დღემდე სწამს ჩვენი, თუმცა პირიქით კი უნდა იყოს.
_ და სულ ეგაა?
_ აბა შენ რა გეგონა?
_ უცნაურია არ არის ცოტა ღმერთისთვის - რწმენა
_ რატომ? ადამიანთაგან განსხვავებით  მისი  რწმენა - ცოდნაა
_ უფრო  გასაგებად ვერ იტყვი?
_ კარგი, რაკი ასე გინდა. გარკვეუწილად, ადამიანი დამოუკიდებელია ღმერთისაგან და ეს თავისუფლება იმაში გამოიხატება რომ, თავად ირჩევს თავის სავალ გზას. მაგრამ ერთხელაც დადგება დრო, შემოქმედის ჩანაფიქრის აღსრულებისა და ვინც აღმოჩნდება ამ ჩანაფიქრს მიღმა, უბრალოდ გაქრება.
_ ეს რას ნიშნავს?
_ ეს ნიშნავს რომ გაქრებიან, უკვდავებისკენ მიმავალი ბილიკიდან, ანუ მოიხსნებიან დისტანციიდან, თუ ასე უფრო გასაგებია.
_ ჰეეჰ… რა თავსატეხია. რა უნდა ქნას კაცმა?
_ რა ვიცი აბა. თუმცა ჩემი აზრით დიდი არც არაფერი… უბრალოდ სახლში მიბრუნებულმა, კართან მოთმინებით მომლოდინე კერიასთან მიიწვიე, თუნდაც სასაუბროდ… დანარჩენი თავისთავად გამოჩნდება.
_ ჰო. მართალი ხარ_ მიყვარს მასთან საუბარი. არცერთ კითხვაზე არ მიპასუხა თითქოს, მაინც ყველაფერი მითხრა მგონია.
მზეს ჩასულიყო და ჰორიზონტს მეწამული ზოლად აჩნდა მისი ნაკვალევი.
_ ლამაზია, არა?
_ ღვთაებრივად
_ ძმურად და გულწრფელად… იმ ლეგენდაში ჩამოთვლილ ქალთაგან, მე  რომელი  მელოდება ახლა სახლში?
ისეთი მუდარით ვკითხე და ისე შემომხედა - შემრცხვა.
არაყი ჩამოასხა.
გამიღიმა ისე, როგორც მეგობრობას შვენის და
_ ერთი ნამდვილად ვიცი, ის სასჯელი არ არის… სხვას თავად გაარკვევ, თუ სახლში მარტო  არ შეხვალ. მოდი ამით  სამოთხის ჩიტის  მომლოდინე გულს გაუმარჯოს.
_ გაიხარე.
გადავკარით.
ჰორიზონტზე მეწამული ზოლი ჩამქრალიყო.
ღამდებოდა.
სახლში მიბრუნებულს კარებთან მომლოდინე და მორცხვად მოღიმარი შემომცქეროდა.  მეც გავუღიმე, მხარზე ნაზად ხელი მოვხვიე და შინ შევიყვანე… ჩემი სამოთხის ჩიტი.
_____________________________________________________________________________________

მეშვიდე რვა მარტი


 
-გაზაფხული მოსულა, საყვარელო...  ჩვენი მეშვიდე გაზაფხული
ჯერ თბილი სუნთქვა მიელამუნა ჟრუანტელის მომგვრელად ყურის ბიბილოს და მერე ჩურჩულით ნათქვამი მღელვარება ისე ჩაეღვარა სხეულში, რომ სახსრებში საამო სიმსუბუქე იგრძნო...  გულმაც ბაგაბუგს უმატა...  ნდომით მოხედა მოფერების  მოლოდინში განაბულ ქალს და  მილულული თვალები  ნაზი კოცნით დაუამა, მერე  ამბორ-ამბორ დაბლა ჩაჰყვა, აუჩქარებლად, ნება-ნება, ნეტარების  ნამცეციც რომ არ დარჩენოდა აუკენკავი.  და როცა ვნებიანად ამობურცულ კერტებს გაელაციცა, დროც გაჩერდა... სივრცეც გალღვა... ფერად ნისლად გაიშალა - ყველაფერი გონის დამბინდავ  სურვილად იქცა. 
მერე კი, როცა ვნებადაცლილი ქალი, თავადაც დაწრეტილს, უკანასკნელი ძალისხმევით შემოსალტვოდა, ანუ ვერ ელეოდა - “განიხვნა ნისლი იგი, გონის დამბინდავი” და წარსდგა მის წინაშე  მარტის რვა, მთელი თავისი დიდებულებით.
-რომელი?- იდაყვებზე წამოიწია და ისე დააცქერდა ჯერ კიდევ მთრთოლვარე ქალს
-რა...  რომელი?- ამოსძახეს სადღაც შორიდან. მკლავები გამართა ამჯერად 
-ახლახანს არ მიჩურჩულე?
-გაზაფხული? ხო, გაზაფხული... მეშვიდეა, მეშვიდე. მოდი ერთხელაც, მოდი რა...…
-ღვიძავთ უკვე, არ იცი მაგათი ამბავი? შემოცვივდებიან წუთიწუთზე.
-დაოსტატდი თავის დაძვრენაში, ამ ბოლო დროს - გაიბუტა ქალი
-თავის ტკივილსაც მე ვიმიზეზებ ღამღამობით, ხომ?
გვიანი იყო როცა მოიაზრა _ “დღეს ხომ რვაა…და ასეთი იაღლიში დილიდანვე"  _ ძალიან გვიანი  _ "პრინციპში კი მივულოცე...  შემთხვევით"
_ვაა...რა ბუტია გამიხდი, ჩიორავ... არა გრცხვენია? _ "მაგრამ შეფუთვა  რომ  დამავიწყდა... აფსუს!”
ამიტომაც უსიტყვოდ მოიხსნა ბლოკადა, რაც ნიშნავდა, მიბრძანდით საწოლის თქვენს ნახევარშიო და გულდაგულ ჩაკეცილი საბნით საზღვარიც ჩაიკეტა.


-ქორწინებიდან მეშვიდე და მეცამეტე წელი ყოფილა თურმე გადამწყვეტი
საქმის ცოდნით იყო ნათქვამი.  მხარგაღმა ამოჩემებულ წერტილს მიშტერებული მზერაც ხაზს უსვამდა ამას.
- მესამეც, მაგრამ ეს ნაკლებად საშიშია
წერტილს მოეშვა. სიგარეტს მოუკიდა  და ნაფაზს ამოაყოლა
-  ორჯერ გადავლახე უკვე და ყოველთვის მეშვიდეზე გავიჭედე.
-მერე... მესამე და ალალიო, არ გაგიგია?
- კი მაინტერესებს ისე მეცამეტე როგორია, მაგრამ აწი რას მოვასწრებ…თითქმის სამოცის ვიქნები მაშინ, წელსვე რომ მოვკერო ვინმე.  შენ ისა თქვი ისევ მეშვიდეზე თუ გავეჩხირე, მერე უკვე მორჩა,  მოგჭამა ჭირი. სხვა თუ მომიყვება რამეს, მაგალითად შენ. მერამდენე წელია შენთან?
-მეექვსეა... თუ მერვე? - შერცხვა და ლუდის ქაფს დაუწყო სულის ბერვა
-მეშვიდე რა, მთლიანად გამოიძინეთ? - კი არ გაიცინა, ჩაიხითხითა.


საშინლად ვერ იტანდა ხითხითს. მისას ხომ განსაკუთრებით.
აბაზანის სარკეში საკუთარ ორეულის შეფიქრიანებულ მზერას მოჰკრა თვალი.
“რაღაც უნდა ვიღონო, რაღაც ისეთი უნდა მოვიმოქმედო რომ, თვითონაც გამიკვირდეს... დღესვე უნდა ჩავუჯდე ამას” - ისე ენერგიულად შეისხა სახეზე წყალი, სარკეში ჩაიხედა შეშფოთებულმა, რაიმე ხომ არ ჩავილურჯეო.
არც მთლად მასე იყო საქმე, მაგრამ  ენერგიის ასეთ მოზღვავებას დაუფარავი სიხარულით შეხვდა.
თავიდანვე ნათელი იყო რომ პირველი თავდაცვითი ზღუდე სწორედ რვა მარტზე გაივლიდა, ასე უცნაურად რომ დაიწყო და სამოქმედო გეგმაც პირველ მონახაზებს საჭიროებდა.
“ჯერ სტრატეგია უნდა შევიმუშავო - საპარსი ქაფი სულ უფრო სქელდებოდა სახეზე - და მხოლოდ შემდგომ ამისა, ტაქტიკა… მერამდენედ ვიპარსავ ამით? ხო... მესამე კიდევ გავიარეთ უკვე, შეუმჩნევლად, ექსცესების გარეშე. ეს ხომ იმანაც გაიარა,თან ორჯერ ზედიზედ, ასე რომ სატრაბახო აქ არაფერია.
სათაურით დავიწყოთ.
სათაური?
უნდა ვითომ?
კი!.. ყველა სერიოზულ დოკუმენტს უნდა სათაურიც, პრეამბულაც და ყველაფერი რაც საჭიროა.
“მეშვიდე წლის კრიზისიდან ღირსეულად და უდანაკარგოდ  გამოსვლის სტრატეგია და ტაქტიკა”
მაგარია! იმოდენაა პრეამბულადაც გამოდგება და საერთოდ...
მაშ ასე! პუნქტი პირველი… ანუ პრინციპული 
სათაური მართლა კარგი გამომივიდა!
ესე იგი. პუნქტი პირველი.
-შევიგნოთ ბოლოსდაბოლოს რომ ყვავილები-შოკოლადი-ბიჟუტერია-პარფიუმერია - ბანალური საჩუქარია!
ეეჰ... არა და რა შეედრება ბანალურობის შუქით გამთბარი სიმშვიდის ხიბლს?
მართლაც რომ, ეეხ, უუხ, აახ... 
პუნქტი მეორე...  არანაკლებპრინციპული
-გავიხსენოთ რითი დასრულდა შარშანდელი, ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით, გადადგმული ნაბიჯი – საწოლში მიმერთვა ყავა და მაშინვე განვაგდოთ სურვილი ესე, როგორც არაეფექტური და თითქმის კაპიტულანტური. თანაც რაღა დროისაა აწი...

შარშან კი:
-ხედავ? სულ რაღაც ორ სერიას უყურე და უკვე როგორ შეიცვალე
-რვა  მარტს გილოცავ საყვარელო
-რაა?!!!- კიდევ კარგი არ დაიმდუღრა…
-და სულ ეგ არის… ამით გინდა გამოძვრე, საძაგელო!!!
ძლივს გაასწრო მაშინ სახლიდან. ქუდიც კი დარჩა. მთელი დღე სეზონის გიჟივით დადიოდა.… რესტორნიდან რესტორანში დაათრევდნენ  მეგობრები, ხან ერთი, ხან მეორე, ხან კიდევ ვინ. ამშვიდებდნენ თავიანთი ჭკუით… და კვდებოდნენ სიცილით... ბერბიჭები.  რა უნდა მოკითხო მაგათ.
გვიან ღამით მობრუნდა სახლში. უსაშველოდ მთვრალი და იების კონით  გულისჯიბეში, საცოდავად რომ ჩამოეყარათ ფურცლები. 
დილით წყლიან ჭიქაში ჩადებულნი, ყოჩაღად გამოიყურებოდნენ მაინც...
"ისიც არ ბრაზობდა. ალბათ ძილის წინ მაგარი მონოლოგი მოვხიე თემაზე... კიდევ კარგი დიდხანს ვერ ქაჩავს ამას... ანუ წყენას.
დილით გაბრაზდება - შუადღეს ფისოა.
რამ შემაყვარა მაინც ასე უსაშველოდ ეს გადარეული? – ეეჰ... ბედია ყველაფერი, ბედი!”
და იყო მაშინ ღამე თავდავიწყების.
ქალის კეკლუცი კისკისითა და პაუზებში ავხორცი კვნესით...  თუ პირიქით.
თვითონაც ხომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
გამთენიისას დაეძინათ ერთიანად მოსავათებულებს და მაშინ ნათქვამი “ჩემი საჩუქარი შენა ხარო”, რატომღაც ერთი წლითაც ვერ შემოინახა იმედად.
ყოველდღიურმა საზრუნავმა თუ დაუკარგა პეწი, გულწრფელად ამონაკვნესს.
აბა სხვა რას უნდა მივაწეროთ ეს კომიკურად პანიკური მდგომარეობა.
სხვა, სხვის ომში, ბრძენიაო – ნათქვამია.
არ არის ეს ჩვენი საქმე!
ედარდება კაცს თავისებურად და ან ვუთანაგრძნოთ, ან შევეშვათ საერთოდ და საკუთარ ფრონტს დავუბრუნდეთ. მე შენ გეტყვი და ნაკლებად კომიკური სიტუაციაა  ჩვენსას.

“ხო...… პუნქტი მესამე, მნიშვნელოვანი:
დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ და მოვიფიქროთ რაიმე განსაკუთრებული.”
-ხომ არ წასულხარ?
“ჰმ… დავუშვათ და წავსულვარ, რა უნდა ვუპასუხო მაშინ... თუმცა ეს როგორ იქნება”
-არა. მაჭმევ რამეს?- პაუზა.
ცუდად ჰქონდა ეს დაცდილი.
-აბაზანაში ხომ არ მოგართვა?
“ჰუუჰ... ხუმრობს. ეს კარგია. აბა ის პაუზა რა იყო? მეჩვენება რაღაცეები ... აქ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ მოვიფიქრებ მე. რაღაცნაირად ისე უნდა გავიდე სახლიდან… აი, ისე,საკუთარი ღირსების შეგნებით… ოლიმპიურად მშვიდი. ხო,… მასე! ”
-მოვდივაარ
-მე ბავშვებს მივხედავ... მაგიდაზეა ყველაფერი 
მაგიდაზე მართლაც რომ ყველაფერი იდო, რაც სახლში იყო და არც თუ სამარცხვინოდ ოჯახის მამა-მარჩენალისა. კარაქწასმულ პურს და ორთლქავარდნილ ჩაის ღიმილით დახედა და ტრადიციული ერთი კოვზი შაქარიც ჩაამატა… დღემდე საიდუმლოდ ინახავდა იმ ერთი კოვზის მნიშვნელობას.
(მე, რათქმა უნდა, როგორც ავტორმა ამ აბდაუბდის, ვიცი რაშიცაა საქმე, მაგრამ ახლა ვერ გაგიმხელთ, მიუხედავად ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემისა. მერე?- მერე  ვნახოთ, თუ არ დამავიწყდა, იქნებ  გითხრათ კიდეც)
მოურია რა "საიდუმლოებით მოცული",  მოსვა და… მოულოდნელობისაგან გახევდა.
პირველივე “ხრუპს”, რომელსაც კრიტიკული რეპლიკების მიუხედავად მაინც ვერ იშლიდა, თავის მეტად საჭირო მოძრაობა მოჰყვა და სწორედ ამ დროს მხედველობის არეში კედლის კალენდარი მოხვდა.
იქ კი დიდი “9” და საშუალო  შრიფტით კიდევ “მარტი” ეწერა.
გასაკვირი რა არის, კაცმა რომ თქვას. ნებისმიერ კალენდარში წერია “9 მარტი”  სხვადასხვანაირი  შრიფტით, მაგრამ “8” რომ ახსოვდა დღეს…
“ ნუთუ მართლა, ჰა?…  ხომ არ გამოვიძინეთ ვითომ?” -  იმედმა გაჰკენწლა და ჩაი მაგიდაზე დადგა.
კალენდართან მივიდა.
მკაფიოდ  "9  მარტი" ეწერა ზედ!
კი არ ჩამოფურცლა, რაღაცნაირი სიფრთხილით ოდნავ ჩამოსწია ზემოთ აკეცილი და სავარაუდოდ  “8 მარტი”.… 
7  მარტი ეწერა იქ!
მაგიდასთან არც მიბრუნებულა.
“ 7!  როგორ მიყვარდა ეს რიცხვი და რამდენი მიზეზი მქონდა საამისოდ...… ნახე რა მომიხია?.. ომი გამომიცხადა ფაქტიურად... თუ იხუმრა ვითომ? ან... ან იქნებ, სიყვარულით... ჰა? რას გაუგებ კაცი ამათ.… არა რა! რაღაც მაგარი უნდა მოვიფიქრო. ძააალიან მაგარი”
როგორც მაშინ, პირველად რომ იყო ორსულადო.

მაშინ კი:
-ოღონდ შენ ნუ ინერვიულებ და მე პიცას შევუკვეთავ. შენთვის შევუკვეთო რაიმე?
-არა
-კარგი- ტელეფონს მიუჯდა
-ან, იქნებ...…
-ხო… რა, იქნებ? რა გინდა მითხარი
-არ ვიცი
-შენ არ იცი, გინდა თუ არა რაიმე?
-არა
-გშია?
-არ ვიცი. თუმცა...…
-რა, თუმცა?
-არ ვიცი ჯერ
-საყვარელო, მე თუ მშია, ამას ვგრძნობ კიდეც.… ცოდნა რა შუაშია?
-რა ვიცი... იქნებ მერე მომშივდეს
-მაშინ შენთვისაც შევუკვეთავ
-მერე? სუულ რომ არ მომინდეს?
-ნუ შეჭამ მერე
-ტყუილად რატომ უნდა დაიხარჯო? - თავიდანვე ასეთი მეოჯახე ქალი იყო. აბა !!!
-ხვალ ჭამე მაშინ
-ხვალ რომ პიცა არ მომინდეს?
-პიცა ყოველთვის უნდებათ ხოლმე
-მე არა!!!
-სხვა რამ აირჩიე მაშინ
-სხვა რომ არაფერი არ მინდა
-ესი იგი პიცას შევუკვეთავ, კარგი?
-არა
-მაშინ არაფერს
-არა
-ნუ გადამრევ ახლა, ამ მშიერ კუჭზე... გთხოვ.
-შენთვის შეუკვეთე რაიმე...  ვაა… - გაიბუტა
-კარგი, როგორც იტყვი… ოღონდ შენ ნუ ინერვიულებ,… ხომ?
-კარგი. პიცას ხომ  სოკოთი შეუკვეთავ?
- ხომ იცი რომ სოკოთი არ მიყვარს
-მე მიყვარს სამაგიეროდ
-მე მეგონა ჩემთვის ვუკვეთავდი პიცას
-აბა ვისთვის?  მე ხომ არ მინდა... ჯერ.
-სოკო რა შუაშია მაშინ?
-ხომ შეიძლება ამასობაში მომინდეს?
-მერე?
-მერე შენ ფიქრობ რომ, რაც არ გვიყვარს იმას შევჭამთ... ჩვენ! - “ჩვენო!  ჩემზე არაა აქ ლაპარაკი… ჰმ, რომ მამუნათებს კიდეც”
-რატომ “თქვენ”
-რატომ არა?
-მოიცა, მოიცა.… მე თუ სწორად გაგიგე, შენ მითხარი შეუკვეთე შენთვისო და ეს იმიტომ რომ “თქვენ” მიირთვათ მერე?  თუ ამასობაში მოგშივდება... თ ?
-ხო... რა საყვარელი ხაარ.
-მე რა ვჭამო მაშინ?
-რას ნერვიულობ ვერ გავიგე.… იქნებ სულაც არ მოგვშივდეს... ჩვენ.
და ამ დროს დაებადა გენიალური აზრი, რომლითაც დღემდე ამაყობდა.
-არაფერსაც არ ვუკვეთავ... პიცერიაში მივდივარ. წამოხვალ?
-რომ არ მშია...… ახლა.
-გზაში მოგშივდეს იქნებ, სანამ მივალთ
-თუ არ მომშივდა?
-ჩათვალე რომ ვისეირნეთ. ხომ გითხრეს კონსულტაციაში, ბევრი ისეირნეო…
-ჩემო სიხარულო. რა ჭკვიანი მყავხაარ.… რა კარგად მოიფიქრე.
-წავედით?
-ხო...… რა ჩავიცვა?
-რაიმე თბილი. გაზაფხულია, სიფრთხილე გმართებს.
-რომ დამცხეს?
-მოკლედ,  ეზოში გელოდები.  ზუსტად ათი წუთი. ა-თი!!! მერე მივდივარ.
-შენს ქურქს ჩავიცმევ რა, კაფე ხომ აქვეა
-წავედი!!!
“ტუტუცი ეგა. ჩემს ქურქშიაც ძლივს ეტეოდა ვეევბერთელა მუცლით… და ბრწყინავდა ერთიანად. ასეთი რომ დარჩა დღემდე, იმიტომ მიყვარს მაშინდელივით.… ეეჰ, ბედი თქვი, ბედი, თორემ ხომ შეიძლებოდა ცოტა ჩვეულებრივად, ნორმალურად ანუ…”

მართლაც  მიუსაფარ ბავშვს გავდა, მის  ქურქში და მისთვის უზომოდ დიდ მაღალყელიან კედებში. სად გამოქექა ასე უცებ ეს კედები. მთელი კვირა ეძებდა კაცი და რა ვიცი მე სად წაიღეო, პასუხობდა.…
ხო... ეს გაახსენდა რატომღაც, თუმცა იმას მალავს, რომ გაიფიქრა, ოღონდ მშვიდობით იმშობიარე და მერე მოგივლი მე შენო…
აი ის “მერე”, დღემდე ვერა და ვერ მოიხელთა.
მოგვიანებით მიხვდა რომ ქუდი დარჩენოდა, მაგრამ უკან მობრუნება მაინც აზრადაც არ მოსვლია. ისე კი გაივლო გულში “არაა, ეს კარგის მომასწავებელიო”
მაგრამ აქ საინტერესო ისაა რომ სწორედ მაშინ, როცა ქუდი მოისაკლისა, ქალმა მაგიდაზე ხელუხლებლად დატოვებულ ჩაის დახედა ჯერ, მერე კალენდარს გახედა ეშმაკურად აციმციმებული თვალებით...
7 მარტი ეწერა იქ.
და ლამბაქი ჯერ კიდევ თბილი ჩაით ფრთხილად აიღო, ორივე ხელით, ხელისგულებს შორის მოქცეული მიიხუტა და კია არ მოსვა... აკოცა თითქოს. 

***

-აქვთ ქალებს ერთი ფრაზა, კაცებისთვის აუტანელი. არა, აუტანელი ფრაზები რამდენიც გინდა იმდენი აქვთ, მაგრამ ეს განსაკუთრებულია და იცი რატომ?
ყურადღებით უსმენდა. თითქოს სუნთქვა უჭირსო, პირი დაეღო ოდნავ, შოშიასავით. სასაცილოდაც კი გამოიყურებოდა. კიდევ კარგი თავად ვერ ამჩნევდა, თორემ ორატორს ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, მხოლოდ ყურები თუ სჭირდებოდა მსმენელის. ეს უკანასკნელი კი, ჩვენს ძმას, შესაშურად ფართო და საინტერესოდ გაცქვეტილი ჰქონდა. მოკლედ ყველაფერი იყო რაც მონოლოგს სჭირდებოდა, შიგადაშიგ რეპლიკებით - თემაც და ინტერესიც
-ამას ყოველთვის მოულოდნელად ამბობენ… სრულიად მოულოდნელად, ლოგიკაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია… ის არაფერს არ აგრძელებს, არც ასრულებს, არც... მოკლედ, არა აქვს მნიშვნელობა... მაგრამ ის იწყებს.
პაუზა.
-რას... -ძლივს  ნერწყვი გადაყლაპა -... იწყებს
-საქმეც მაგაშია რომ, არც თავად იციან და ჩვენ ხომ მითუმეტეს... შენ რა არასოდეს მოგისმენია?
-რა?
-ფრაზა... ეს.
-რა ფრაზა, რა.  ამოღერღე ბოლოსდაბოლოს.
-”მე დავიღალე!”
-ე! უბერავ შენ! “დავიღალე”-ს მეტი რა მომისმენია -- არ იყო ამ გამოსვლაში მთლად კორექტული. რას იზამ, ხდება ხოლმე.
-ეეჰ… რამდენი გაკლია ჩემამდე. “დავიღალე”  სრულიად უწყინარი სიტყვაა, სი-ტყვა.  ეს კი ფრაზაა. “მე” - აქ პაუზა გააკეთა და საჩვენებელი თითი ჭერისკენ მიმართა- “დავიღალე!” … გრძნოობ სხვაობას?
-რა ვიცი აბა. მერე რა, დავუშვათ დაიღალა... ის.  რა მერე
-მერე რა ვიცი. ერთი რამ კი ფაქტია, ორჯერ დაიწყო ეს ჩემს პრაქტიკაში და ორივეჯერ გაყრით დამთავრდა. მააშ!  ალალი გითხრა, პირველად მართლაც ვერ მივხვდი რა მოხდა. მეორედ კი მივხვდი რაღაცას მაგრამ სწორი რეაგირება ვერ მოვასწარი, ანუ დაგვიანებული იყო როცა რაღაცას მივხვდი,  აბაა!!!  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ისევ გაურკვეველი დარჩა, ამასაც ალალს გეუბნები.
-რას მიხვდი რო? თქვი აწი. იცოხნები ამ შენს გამოცდილებას და ვერ გადაგიყლაპავს ჯერაც. დაასრულე შე კაცო, რაკი დაიწყე.
-რა იყო ბიჭო, შენც ხომ არ იგრძენი "მეშვიდე წლის კრიზისის სუსხიანი სუნთქვა", ჰა?
-სუნთქვა არა, ისა... შენთვის ვამბობ, თორემ მე არაფერი მჭირს სამაგისო
-იმიტომ დაგრჩა ქუდი სახლშიი, შარშანდელივით ხომ არ გაბანძდი ისევ?
-მიდი კაცო!.. თუ გგონია რესტორნებში სატორღიალოდ გამოვედი სახლიდან, მაგრად შემცდარხარ. სრული სიფხიზლე დავპირდი საჩუქრად... წამოსვლისას.
-მაგარი საჩუქარია, არაფრით ჩამუვარდება ყავას საწოლში.
-თქვენთან კაცმა ა-რა-ფერი არ უნდა თქვას!
-ჰო,ჰო,ჰო... გაბრაზდა ბიჭი. მეც ახლა ინტერვიუ მივეცი პირდაპირ ეთერში რაღა.
- ...  - რაც მონოლოგს დაუბრუნდიო, ნიშნავდა ალბათ.
-მოკლედ გეტყვი. რა იცი, იქნებ გამოგადგეს რამეში.
ისევ დააღო პირი შოშიასავით და ყურებიც გაცქვიტა საინტერესოდ

-ალალს ვამბობ, დიდხანს მიყალიბდებოდა დასკვნა რომ, ქალი ფრაზით “მე დავიღალე” ან “ღმერთო, როგორ დავიღალე”, რაც იგივეა, მართლა რაიმე კონკრეტული  დაღლილობის შესახებ კი არ იტყობინება, არამედ რაღაც განზოგადოებულ სიგნალს იძლევა, მთლიანად ყოფიერის შესახებ.
თუ ეს არა, რითი უნდა აიხსნას ასეთი რამ:
ადრიანი დილაა, მზე ესესაა ამოვიდა. რა საქმე, რის საქმე, ეს წუთია გაიღვიძა, გაიზმორა და "ღმერთო, როგორ დავიღალეო" ამბობს და იყურება სადღაც სივრცეში, თუ საერთოდ ხედავს  რამეს.
აი ეს მაგიჟებს, აი! რა უნდა უპასუხო ამ დროს.
მეც დავიღალეო ? – არ გირჩევ. ისეთ რამეებს მოისმენ, თუ რა ღლის კაცებს, ქანცგაცლილიც რომ იყო, ამის თქმა მეორედ აზრადაც არ მოგივა.
იქნებ ფიქრობ, ჯობია არაფერი უპასუხო, გაატარო, რა მოხდა მერე, დაიღალა ქალი. შენც არ მომიკვდე, ქალი ამას იმიტომ არ ამბობს, შენ რომ ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გააპარო.
მაშ რა უნდა უპასუხო ამ ყოვლად უმოტუვაციო და აბსტრაქტულ განცხადებას?
სამწუხაროდ არ ვიცი. არავინ კაცთაგან ეს არ იცის, ჩემი აზრით.
თუმცა მაქვს ერთი მოსაზრება, რომლის პრაქტიკულობაზე თავს ვერ დავდებ, ვერ მოვასწარი გამომეცადა, გეტყვი მაინც, რა იცი რა ხდება. 
ხო… ესე იგი, როგორც კი გაიჟღერებს ეს ყოვლად უაზრო ფრაზა “მე დავიღალე”, არ უნდა დაიძაბო, უბრალოდ, რაც შეიძლება მშვიდად, ასევე უაზროდ და მოკლედ უნდა თქვა : “დაიღალე? დაისვენე!”
…და არავითარი ძვირფასო და საყვარელო და ჩემო ფისუნი და რა ვიცი კიდევ რა. “დაიღალე? დაისვენე!!!”
... და მორჩა, მიხედე შენს საქმეს, რომც არ გქონდეს, ჯობია გამოძებნო დაუყოვნებლივ. აი როგორც შენ,… ქუდიც რომ სახლში დაგრჩეს ისეთი.

-შენ არხეინად იყავი, ჩემი ქუდისა მე ვიცი. შენ კიდევ გირჩევნია დროზე ჩაუჯდე დისერტაციას, თემა მშვენიერი მოგინახავს და გამოცდილება ხომ გააქვს და გაქვს.
გაბრაზებული ჩანდა… ან იქნებ გაწბილებულიც კი.
-მაშ არ მოდიხარ სახინკლეში?
-არა!
-აბა აქ რა უნდა აკეთო მარტომ, მე დამირეკავენ წუთი წუთზე.
-შენ საქმეს მიხედე, მე კომპიუტერი მჭირდება ერთი-ორი საათით.
-კომპიუტერი? კი ბატონო.… ყვავილებს ხომ არ უკვეთავ ინტერნეტით? კოხტა კალათში და შიგ წერილით, ჰა?
-მორჩი ღლაბუცს. გასაღები მომეცი და იცი სადაც დავტოვებ.
-ა ბატონო, იმედი მაქვს აქ არ დამხვდები.  თუ გადაიფიქრო, რაც სავსებით რეალურია,  იცი სადაც უნდა გვეძებო.
-ვაა... დაურეკეთ რა ხალხნო, სანამ გამირეკია.
ისემც ყველაფერი კარგი აგიხდეთ, როგორც ეს ვედრება შეისმინეს "ხალხებმა".
წავიდა თუ არა დისერტანტი, მაშინვე კომპიუტერს მიუჯდა.
“ჩამოვწეროთ, გადავიკითხოთ, დავმშვიდდეთ, მოვიფიქროთ” - შეუძახა თავს,  ხელები მოიფშვნიტა და ვორდ-დოკუმენტიც გაიხსნა.
სათაური უცვლელლად დატოვა. გადაიკითხა და დოკუმენტის დიდ მნიშვნელობაში კიდევ ერთხელ რომ დარწმუნდა, პირველი სამი პუნქტიც ეგრევე ჩამოყარა.  წერა არ ეზარებოდა და ნაწერსაც სხვაგვარი, უფრო სერიოზული განწყობით აღიქვამდა, თორემ რა რჯიდა რო.
ერთხელაც გადახედა.
“კარგია… პუნქტი მეოთხე. აუცილებელი
-არავითარი რესტორანი, ხალხმრავლობისა და ხმაურის გამო. მწეველების გამოც და სულელური მუსიკის გამოც. პლუს ამას ძვირიცაა და ბანალურიც.
არა,ასე არ ვარგა. მე რა? ამას ვერ ვიკადრებ, ვერა!… მარტო ბანალურია დავტოვოთ, ან რა მნიშვნელობა აქვს, თუ არ მივდივართ?… მაინც ასე ჯობია. 
ბა-ნა-ლუ-რია.
პუნქტი მეხუთე. საღიმილოდ. (თუ გინდა სასაცილოდ… სულერთია)
-თეთრი შურით, ჩამოვთვალოთ მაყუთიანი ტიპები, თავიანთ მეუღლეებს საკუთარი თვითმფრინავით პარიზისკენ რომ მიასეირნებენ და ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, რომ ერთდღიანი გასეირნება პარიზში, ჩვენი სტილი არ არის!!!
ეგრეა რა!.. თითქმის, ანუ ფაქტიურად…
პუნქტი მეექვსე. სევდიანი რეალობა
-დელიკატური და მოტივირებული უარით შევხვდეთ სუპერმარკეტში ერთობლივ ვიზიტის სურვილს და სასწრაფოდ მოვიფიქროთ ალტერნატივა. მაგალითად გასეირნება ზოოპარკში ბავშვებთან ერთად. რადგანაც ბიუჯეტის მოკრძალებული შესაძლებლობანი შეიძლება დიდი იმედგაცრუების მიზეზი გახდეს.
ჰუმანურია! კი, ნაღდად. და ესეც რომ არა, ხომ შეიძლება ისევ ჯინსებისკენ გაექცეს თვალი.
მეორედ მე მისი დიეტის გადამტანი არა ვარ!!!

პირველად კი:
…ცივილიზებული, ძირძველი ევროპელისთვის დამახასიათებელი გაგებით და კომუნიზმის ეპოქაში დაბადებული კაცის თავდადებითა და ენთუზიაზმით შეხვდა, მშობიარობიდან  ზუსტად ორი წლისთავზე მეუღლისაგან გაკეთებულ განცხადებას
-უნდა გავხდე!!!
მისთვის სავსებით გასაგები იყო მისწრაფება ახალგაზრდა ქალის, გამოიყურებოდეს უკეთ, ვიდრე სინამდვილეში.  ასევე სავსებით მისაღები რომ ამ პროგრამას სწორედ ახალი წლის პირველივე დღეებიდან შეუდგებოდა.  აქედან გამომდინარე ენთუზიაზმიც და თავგამოდებაც ხომ ზედგამოჭრილი იქნება, უმუშევრობის ეპოქის უსაშველოდ მწირი ბიუჯეტისთვისო _ გაიფიქრა.
მაგრამ, კაცი ბჭობდაო... გაგიგიათ ხომ?
როგორც აღმოჩნდა, ახალი წლის პირველ დღეებში, სულაც არ იგულისხმებოდა ძველი წლის ბოლო დღეები და ამან ბიუჯეტი ერთიანად შეიწირა.
შედეგად პირველივე ბრძოლები წვენებმა, ბრინჯმა, შემწვარ-მოხარშულმა კარტოფილმა და ბოსტნეულის სალათებმა უიმედოდ წააგეს, საცივ-თევზეულ-გოზინაყ-დასხვანუგბართა კოალიციასთან.
დროებით დაზავდნენ მეტოქენი.
ორიოდე დღის წინ კი საზომმა ლენტამ საგანგაშო პლუს ორი სანტიმეტრი (რომელსაც თვითონ ,მინიმუმ ათჯერ მაინც გაზვიადებულად მიიჩნევდა) დააფიქსირა და ათდღიანი მობილიზაციაც გამოცხადდა. ამ სიტყვის პირდაპირი, გადატანითი და როგორიც გნებავთ მნიშვნელობითაც.
სამოქმედო გეგმა დღეების მიხედვით გაიწერა და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყოო - გაგებაც, ენთუზიაზმიც და თავგამოდებაც ერთბაშად შეიცვალა ენით გამოუთქმელი პროტესტით.
სწორედ რომ გამოუთქმელით.
პირველი დღე.
სასწრაფოდ შეძენილ იქნა მოდური ჯინსი და მიუხედევად გამყიდველის მიერ დელიკატურად გამოთქმული ეჭვისა, მაინც იქცა ორიენტირად.
-ამაში უნდა მნახო ათ დღეშიო

მოდით თავად მას მოვუსმინოთ.
აბაზანაში ჩაკეტილა ვითომ, და ვითომ დღიურის წერით რომ  იოხებს გულს.  წერა კი, როგორც ზევით ავღნიშნეთ მაინც არ ეზარება.
სავარაუდოდ  ასეთ დღიურს მივიღებდით ალბათ.

“გული მომეწურა როცა ვნახე რასაც აპირებდა ჩემი კალმით ნახატი მეუღლე, მაგრამ ხმა არ ამომიღია... ვაი-თუ იეჭვიანოს მეთქი.
ძლივს, ლოგინზე წამოგორებული, ჩაძვრა ჯინსებში და მერე ვერც წამოდგა. ბავშვმა რომ წამოიტირა, მიშველე რამეო, უმწეო თვალებით მთხოვა.
მეგონა ვერ გავხდიდი. როგორ ჩაძვრა შიგ - წარმოუდგენელია.

მეორე დღე.
გიჟს გავდა, ვერაფრით მოენელებინა გუშინდელი.
გახდეს კაცო, რა პრობლემაა. თუ ეს ასე მნიშვნელოვანია მისთვის, მაგრამ ჩვენ რას გვერჩის, ვერ გავიგე.
მაცივრიდან გამოყარა ყველაფერი და სტუმრად მოსული სიდედრის თვალწინ, თუ რამ საჭმელად ვარგისი იყო, კატას დაუყარა.
გასკდებოდა მეგონა საცოდავი იმდენი ჭამა... კატაზე ვამბობ.
ვახშმად ყველა უმარილოდ მოხარშულ ბრინჯს "მივირთმევდით".
სიდედრმა რა თქმა უნდა მაშინვე სოლიდარობა გამოუცხადა. დავეხმაროთო, მხარში ამოვუდგეთო, ჩვენს იმედადაა ხომ ხედავთო და რა ვიცი კიდევ რეები არ თქვა, თან სულ მე მიყურებდა თვალებში.
გამოხედვა კიდევ აქვს - მტრისას. ეს  დიეტაატეხილიც ასეთი თუ იქნა სიბერეში,  არ მშურს სიძის, ნაღდად.
ჩემი “გასათხოვარი” კი დიდი, მრგვალი თვალებით გვიყურებდა და ორი კიჭით გვიცინოდა.… რა ენაღვლებოდა რა! მისი რაციონი უცვლელი დარჩა.

მესამე დღე.
ორშაბათს, სამუშაოზე კი არ მივდიოდი, მიმიხაროდა. მისვლისთანავე გამახსენდა შვებულებაში რომ ვიყავი.
მაინც დავრჩი.
სადილზე შესვენებას, როგორც ღვთის წყალობას ისე შევხვდი. მაგრად გავაკვირვე  კოლეგები. ზოგიერთმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა კიდეც, მაგრამ არაფერი უთქვამთ. საღამოს სიმამრიც გვეწვია.… სიდედრმა თუ მოუხმო საშველად, მაგრამ ეტყობა ინსტრუქტაჟი არ ქონდა ჯერ გავლილი და ვახშამი მოითხოვა.
პასუხად, სტაფილოს რაგუ მიიღო და სანამ რამეს იტყოდა სიდედრმა გაიხმო სათათბიროდ, საიდანაც "სუფრასთან" არ დაბრუნებულა.

მეოთხე დღე.
სამსახურში არ წავსულვარ.
მითუმეტეს როცა მითხრა, ვერ წარმოიდგენ გუშინ უშენოდ როგორ გამიჭირდაო. მე ხომ შენი შვებულების იმედი მაქვსო, ჩემო სიხარულოო, ჩემო იმედოო... ამატირა ლამის.
მერე, რაღაცნაირად ისე შემომხედა და... შენ ხომ ჩემი დიეტისთვის ყველაზე მთავარი ხარო, მიმიხვდი ხომო და ისევ ისე გამიღიმა, რაღაცნაირად... ღამის დესერტიო, დააყოლა ბოლოს და თვალიც კი ჩამიკრა, ანუ სწორედ მიმიხვდი და აბა შენ იციო.
საგონებელში ჩამაგდო ამან.
თუმცა ჯერ კიდევ არ იყო მდგომარეობა კატასტროფული.
მაგრამ ხვაალ... არ ვიცი, არ ვიცი.
კატამ კატეგორიულად მოითხოვა სახლიდან გასვლა. ეტყობა პირველი დღის ხელგაშლილი პურობის განმეორების იმედი საბოლოოდ გადაეწურა. მეტიც, მიხვდა რომ თუ თავს არ უშველიდა ჩემი გოგო არაფრის დამთმობი არ იყო.
რა თქმა უნდა გარეთ ერჩივნა იმასაც, ჩემსავით. გარეთ ნამდვილად ხორციანი საკვები იშოვებოდა. სოიოს კატლეტები კი არა, უმარილო ბრინჯის გარნირით და ისიც უპუროდ.

მეხუთე დღე.
პირველად შევნიშნე რომ ჩემი სიდედრი, არც თუ ურიგო ქალი ყოფილა. პატარა პარკით კამფეტები შემოაპარა სახლში.
ერთხელაც იქნება უნდა ვუყიდო ასეთები.  მთელი კილო. დაიმსახურა, კი!
ღმერთო რას მოვესწარი!
მე-ე? სიდედრს? კანფეტები? - არა და იმსახურებს. ამაღამ მისი კანფეტების იმედით ვარ,...  და უნდა შევაპარო რომ უკვე ძალიან მემსუბუქება, აი!

მეექვსე დღე.
წუხელის შევაპარე, შუა დესერტისას…
ამ დილით შეამოწმა  ჯინსებით.
ფეხზე იდგა ისე ჩაეცვა, მაგრამ ვერაფრით შეიკრა. გადაირია სიხარულისგან და ვახშმად უშაქრო ჩაი გაგვიჩალიჩა, რასაც სიმამრის დემონსტრაციული წასვლა მოჰყვა და საკმაოდ მძაფრი გამოთქმები ცოლშვილის, განსაკუთრებით კი სიდედრის მისამართით.…
აღმაშფოთებელიო ვერ ვიტყვი, მიუხედავად ფილა შოკოლადისა, სიდედრმა რომ ჯიბეში ჩუმად ჩამიცურა.
მაინც როგორ ახერხებს ამას. თითქოს მთელი დღე სახლშია.…
მაკვირვებს ეს ქალი!

მეშვიდე დღე.
კიდევ ცოტაც და შეიძლება ყველაფერი მე დამბრალდეს.
საშინლად არ მომწონს ეს ამბავი. ცხრაასორმოცდახუთი წლის ექვს მაისს, ბერლინში დაღუპვას გავს რაღაცით. აფსუს!…
სიდედრმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა!
სააბაზონოს კარებთან ქაღალდში შეხვეული ბუტერბროდი რომ საიდუმლოდ გადმომცა, გული ამიჩუყდა და “გმადლობთ, დედა” - მეთქი ამოვიხავლე.
“ჩუ-ო” პირზე ხელი ამაფარა და გუჩინარდა.
გმირია ეს ქალი... და ის ხომ არი და არი!!!
ეს კია , პატარამ მოიწყინა.
როგორია მთელი კვირა შიმშილით გასავათებული ხალხის ყურება, როცა შენ... ეეჰ, რა ქნას პატარამ. დარდობს როგორც შეუძლია ისე.

მერვე დღე.
დავიღუპე!…
კატამ , როგორც ჩანდა, ჩემთვის გადანახული ბუტერბროდი იპოვა ბალკონზე (თურმე სად მალავდა... სიდედრზე ვამბობ) და დაუღეჭავად გადასანსლა, თუ რა იყო, ატყდა ერთი ვაი-უშველებელი.
გაბოროტებული გადახტა მეზობლის ბალკონზე... კატაზე ვამბობ.
სიდედრს წყალი მივურბენინე, ერთი საწყლად ამომხედა და “მაპატიეო”,  ბრძოლაში უსახელოდ დაცემული პარტიზანივით ამოიკნავლა.
რა უნდა მექნა? კრიჭაშეკრულმა...  ვაპატიე!
ღამით ტაიმაუტი ვითხოვე. რასაც, შენგან ამას არ ველოდიო და გულამოსკვნილი ქვითინი მოჰყვა.…
და ეს მაშინ როცა სულ რაღაც ნახევარი სანტიმეტრი დარჩაო.
ამ ცნობამ ისე გამახარა, რომ… წავუდესერტეთ ისევ, როგორც შევძელი ისე, უკანასკნელი ძალების მობილიზებით.
ხვალ არ ვიცი რა მეშველება... თუ სიდედრმა არ იყოჩაღა.

მეცხრე დღე.
დილით ტესტირებამ ისევ შეუკვრელი ღილი უჩვენა.
ასეთი გასაცოდავებული არ მინახავს რაც ერთად ვართ. ხელები უმწეოდ ჩამოყარა. თვალები აუწყლიანდა და ნიკაპიც კი აუკანლალდა.…
მაგრად ჩავიხუტე ჩემი გმირი გოგო და ხელში აყვანილს დავატარებდი წინ და უკან, სანამ ტირილი კისკისით არ შეცვალა.
მერე კალთაში ჩავისვი და არ ვიცი რა ჭირი მეცა...  ორიოდე დღე დაგვრჩა  და აბა შენ იცი მეთქი, ვუთხარი.
ისევ ატირდა. ოღონდ ახლა სხვაგვარად და კინაღამ დამახრჩო. თვალები რომ გავახილე მოღიმარი სიდედრი დავინახე. კარებში იდგა და ისიც იცრემლებოდა.
პატარა კი გაკვირვებული გვიყურებდა ერთხანს და მერე ისიც ატირდა.…
მარტო მე ვიცინოდი ხმამაღლა და ეს არავის არ უკვირდა ჩემს გარდა.
მართლაც და, სასაცილოდ მქონდა ვითომ საქმე?
სიდედრიც სადღაც გაქრა... არა და მეიმედებოდა ეს დღეები.
ღამით, ჩემმა ქარაფშუტამ, მიყვარხარო მითხრა და მუთაქად ისე კოხტად მომირგო და ისე მშვიდად დაიძინა, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს...…რომ არ გაღვიძებოდა და...“

არ ღირს დასრულებად.
მეათე დღეს კი, დილით, ხმამაღალმა და მხიარულმა სიცილმა გააღვიძა.
პატარას ჯერ კიდევ ეძინა.
სამზარეულოში გავიდა და კინაღამ ცუდად გახდა.
მაგიდაზე ნაირნაირი ხორაგი ეყარა. გამზადებულიც და გასამზადებელიც, ასეთიც და ისეთიც, მოკლედ საოცრება მონატრებული და დედაშვილიც მხიარულად ფუსფუსებდა.
ეგ კიდევ არაფერი. კატა სიდედრს ეტმასნებოდა და ისე კრუტუნებდა, თითქოს ის ბუტერბროდი არც ეჭამოს.
თვალები მოიფშვნიტა.
ისეთი სიცილი ატყდა, მიხვდა რომ არ ესიზმრებოდა. საწყლად გაიღიმა და სააბაზანოში გაჩანჩალდა.
კარგა ხანს აზრზე მოსვლას მოუნდა.
გონიერი ახსნა ვერაფრის მოახერხა და ისევ ქალებთან გავიდა. ჩუმად ჩამოჯდა იქვე მაგიდასთან და სანოვაგეს გულგრილად გახედა.
სიდედრი ბავშვთან რომ გავიდა, მეუღლეს შეხედა და…
-რა ხდება, ჩიორავ? ჩაიქნიე ხელი დიეტაზე?
-არაფერიც. ამას საღამოსთვის ვამზადებთ. მამაც მოვა და ჩემი დაც.
-მერე?
-რა მერე... თუ ვერ ჩავიცვი ჩემს დას ვაჩუქებ და ეგ იქნება.
-მმმ... როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე. ცოტა ადრე ვერ მოიფიქრე ესა?
-როდის ადრე?
-თუნდაც ათიოდე დღის წინ.
-მიბრაზდები?... ძალიან?
-სულელს ვგავარ მე?
-რა ვიცი აბა! - კეკლუცად გამოხედა
საღამოს როცა ყველამ მოიყარა თავი და დივანზე განთავსდნენ, ვიწროდ მაგრამ მაინც კომფორტულად, ჭრიალით გაიღო გარდერობის კარი.
თაროდან ჯინსი დამ გადმოიტანა და თავისავე დას, კარს უკან ამოფარებულს, მიაწოდა.
იმავ წამს ხალათმა გაიფრიალა იქვე მდგომი სკამისაკენ და მოხშირებული კრუსუნიც გაისმა. მერე ერთბაშად შეწყდა და ჯინსებში კოხტად გამოკვართული, თვალებგაბრწყინებული და ბედნიერად მოღიმარიც გამოჩნდა.…მერე  ღრმად შეისუნთქა და როცა ბოლო ღილიც შეიკრა არ იცოდა რა ექნა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
და რომ არა პატარა, ორი კიჭით აკისკისიბული და სასაცილო ტაშით, ღმერთმა უწყის რამდენ ხანს გასტანდა ეს გარინდება.
მერე...  მერე მოგეცა ლხენა მხარი აუბეს პატარას.
და მერე კიდევ იყო გარადასულ დღეთა გახსენება და სიცილ-ხარხარი დაუოკებელი.
წასვლისას კი სიდედრმა დაიმარტოხელა სიძე და გუშინ ხომ არ გაგიჭირდა უჩემოდო ისე ჰკითხა,… ისე ეშმაკურად აციმციმებული თვალებით და ისეთი რამ ჩასჩურჩულა ყურში,რომ...
“თურმე სად გამქრალა მაშინ... ოქროს ხელები აქვს ამ ქალს, ოქროს და გული კიდევ ბაჯაღლო -- სიდედრი უძახე შენ!
ის ჯინსები იმავე საღამოს მაინც თავის დას გაატანა, ჩემმა ბატის ჭუკმა… სიდედრს ისევ მოუწევდა გადმოკეთება ან... ან ცოლისდას ცოოტათი გასუქება. სულ რაღაც ორი სანტიმეტრით.

ხო რა! მაღაზია რთული პოზიციაა. ძაალიან რთული.
პუნქტი მეშვიდე. პათეტიკური.
აი ეს მაგარი მოვიფიქრე რა... პათეტიკური ! ბეეთჰოვენნნ.…
-ყველაფერი,ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის რომ მეშვიდე წელი როგორმე უმტკივნეულოდ გადავაგოროთ. ეს პუნქტი ძალაში იქნება წლის ბოლომდე და მერეც, განსაკუთრებით მეცამეტე წელს, ანუ სამუდამოდ.
ეეჰ… დიდი ვერაფერი პათეტიკა გამოვიდა.
დავუბრუნდეთ მოგვიანებით და დავამუშავოთ.
ახლა კი მთავარს მივხედოთ, მთავარს… თორემ ეს უსასრულოდ შეიძლება გააგრძელოს კაცმა. დრო კი მიდის. შუადღეა უკვე.
პუნქტი მერვე. გამაფრთხილებელი
-დავხედოთ საათს და დავრწმუნდეთ რომ ჯერ საღამოს  8 არ არის.
რომელი საათია, რომელი საათია?
რვა არ არის ჯერ, რვა არ არის ჯერ?
აჰა დავხედე და არ ყოფილა.
მე კიდევ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, არა თუ განსაკუთრებული, არამედ ისეთიც… მდაა, ასე ჩვენ პირველსავე ბრძოლას წავაგებთ.
ხომ არ ვახურებ ახლა მე?
თუ ახლა ვახურებ?
ჰოდა ეგრე!
პუნქტი მეცხრე. უბრალოდ პუნქტი...
-გავიხსენოთ რა გვაჩუქეს დაბადების დღეზე და ნუ ვახურებთ!!!
პუნქტი მეათე.
-ვიყიდოთ საჩუქრად ყვავილები-შოკოლადი-ბუჟუტერია-პარფიუმერია, რამეთუ ბანალური კეთილშობილურიცაა.
ვაი, სირცხვილო...… რა არის ბოლოსდაბოლოს ეს “ბანალური”, ა?
პუნქტი მეთერთმეტე.
-ვაღიაროთ საკუთარი უსუსურობა და მოვიფიქროთ მილოცვის ტექსტი.
პუნქტი მეთორმეტე.
-ამოვბეჭდოთ, დოკუმენტი ესე, გადავიკითხოთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ საკუთარ უსუსურობაში. დავკეცოთ კოხტად, შევინახოთ ჯიბეში  და მივენდოთ უფალს.”

პირქუშმა ამობეჭდა ტექსტი. ერთხელაც გადაიკითხა. აკურატულად დაკეცა, არ დაიზარა, გავიდა ფოიეში და პალტოს მარცხენა გულის ჯიბეში ჩადო.
“მეც კარგი ტიპი ვარ  რა, ავყევი ამ დაქნეულს და რეები არ მელანდება, ის კიდევ იქ  ბავშვებს თუ აყოლებს გულს. ან როგორ ნერვიულობს, ვიცი რო…”
მერე უცებ სახე გაუნათდა
“არც ისე სულელია ეგა, ხომ იცი... ყვავილები კალათით და შიგ ბარათი არ უნდა იყოს ცუდი იდეა.  თან კურიერის ხელით მიტანილი. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა.  დიდი არაფერი მაგრამ ამის მერე, მე შამპანურით ხელდამშვენებული და სანთლების შუქზე... ბავშვებიც რომ გადაირევიან სიხარულით.
კარგია, კარგი.
ჰუუჰ, მოვიფიქრე როგორც იქნა”
ისევ კომპიუტერს მიუჯდა
“ჩემო ძვირფასო…
გილოცავ, ქალთა საერთაშორისო დღეს, რვა მარტს…”
აი! ასე ორიგინალურად დაიწყო ბარათის წერა და იქით და იქეთ, ხომ სულ აიწყვიტა ფანტაზიამ.  სიტყვები “უშენოდ” , “ჩემო” , “სიყვარული” , “ჩვენ” და “ცხოვრება” როგორც ფუნთუშაში ქიშმიში მრავლად მიმოფანტა ტექსტში.
ისე გადაიკითხა, სახეზე კმაყოფილების ღიმილი არ მოშორებია.
მერე აკურატულად დაკეცა და პიჯაკის გულის ჯიბეში ჩაიდო. ხელიც კი მიუთათუნა და საოცარი სითბო ჩაეღვარა თითქოს სულში.
“მაშ, 9 მარტია, არა? ვნახოთ, ვნახოთ…” - ერთიც მიუღიმილა და უკვე იცოდა რომელ მაღაზიაშიც უნდა წასულიყო.

***
-აი ეს ნაკრები, როგორ მოგწონთ?
-გმადლობთ, ძალიან კარგია.
-ბარათი ჩვენ დაგიწეროთ, თუ…
-არა, არა… ბარათი მზადა მაქვს, რაიმე ლამაზი კონვერტი თუ შეიძლება
-რა თქმა უნდა, ახლავე მოგართმევთ და თავად შეარჩიეთ
-აი ეს, თუ არ შეწუხდებით
-როგორ გეკადრებათ, რა შეწუხებაა… ბარათი მიბოძეთ, გეთაყვა
-ინებეთ
-გმადლობთ. ახლავე აპარატზე შევაწებებ.
-ძალიან გულისხმიერი ბრძანდებით
-გმადლობთ. ეს ქვითარი სალაროში წარადგინეთ, თუ არ შეწუხდებით
-თუ თქვენც არ შეწუხდებით, ეს ვარდიც დაუმატეთ დანახარჯს.
-ახლავე. ინებეთ.
სალაროსაკენ გაემართა მოღიმარი, იდეის ბოლო შტრიხი ეს ეს იყო მოიფიქრა და მისი მოკვარახჭინების გეგმაც უკვე სიამოვნებას გვრიდა.
ჩეკით მობრუნდა.
-აი თქვენი კალათი. ესეც ვარდი.
-ეს ვარდი თქვენ. გილოცავთ რვა მარტს.
-ვაიი... რატომ შეწუხდიით.  შევიფერებ, ჯენლტმენისაგან ნაჩუქარს. გმადლოობთ
-ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან
-გისმენთ. თუ რამ შემიძლია
-მითითებულ მისამართზე, ვისურვებდი რვას რომ 10-15 წუთი დააკლდება ისე მიიტანონ. შესაძლებელია ეს?
-ღმერთო ჩემო, რა პრობლემაა, მე თავად გავუწევ კონტროლს.
-გმადლობთ. ძალიან გიხდებათ ღიმილი
-გმადლოობთ.
-კარგად ბრძანდებოდეთ
-ბედნიერ საღამოს გისურვეეებთ-გულში ჩახუტებული ვარდით და ოდნავ სევდიანი ღიმილით მიაცილებდა, მართლაც რომ მშვენიერი გოგონა “ჯენტლმენს”, რომელსაც დრო საკმარისად ჰქონდა და ბიჭებისკენ გასწია.

ისეთი ოვაციებით შეხვდნენ, დაირცხვინა დაგვიანებით გამოჩენა.
-ეს რა ტრადიცია დაგჩემდა ტო, რვა მარტს უქუდოდ სიარული
ისე ღაჟღაჟებდა, ისე კეთილად იღიმოდა, ვერაფრით გაუბრაზდებოდი, რაც გინდა ეთქვა. ზომიერად მსუქანი და სტაჟიანი ბერბიჭა თავის სტიქიაში იყო. დაბალ სკამზე ფეხები გაეჩაჩხა და ღვინით სავსე თიხის დოქზე ჩამოედო ტორი.
-ზოგიერთივით უთავოდ სიარულს არ ჯობია რო? - არ დააყოვნა პასუხი “ჯენტლმენმა”.
-მერე ეგ როდის დადის უთავოდ? უბრალოდ ტვინი რჩება ხოლმე სახლში - დისერტანტს ეკუთვნოდა რეპლიკა.
-მერე მაგაზე ვამბობ რო?- არ შეარგო "ჯენტლმენმა" და ბიჭებს ჩაუკრა თვალი.
-აუ, ჯიგარი ხარ. შენ კიდევ გააგრძელე ის ამბავი, ამას მე მივხედავ.
-რაო, დაღლილი ქალის თეორიას ხომ არ უბერავდა აქაც?
-ეგ უკვე მორჩა. ახლა მატრიარქატი მაგრად გავმაზეთო კაცებმა, ამტკიცებს.- უზომოდ გამხდარ, მუდამსერიოზულ ჭაღარას და არანაკლებ სტაჟიან ბერბიჭას როგორც წესი თვალები უღიმოდა მხოლოდ.
-ამტკიცებს კიდეც?
-აბა ეგ სხვაგვარად არ გალობს, ტო,  არ იცი მაგისი ამბავი?- ფიალები შეავსო ღაჟღაჟამ
-აბა,  ლხინი ნუ მოგაკლოთ ღმერთმა და მე მაპატიეთ თუ ბოლომდე ვერა.
-დაჯე კაცო, გვითხრა უკვე, მთავარია ჩვენთანა ხარ, ერთადერთი მეოჯახე კაცი. ეგ ხომ უკვე “ჩამოაბერბიჭეს”
-ჯერ ერთი, ორგზის და შენ კიდევ რა გესმის როგორი დრამაა ეს ცხოვრებაში
-კარგი ახლა, ყველას თავისი აქვს დრამაც და ტარგედიაც.… შენ ისა თქვი რაო, რა გავმაზეთო?
-რა და მატრიარქატიო
-რათაო კაცო
-ა, აგერაა და კითხე
-ჰა, იტყვი რამეს?
-ბიჭო, მარტო ის რად  ღირს რომ, რვა მარტს აქეთ მოგილოცავდნენ, კაცებისა იქნებოდა ეგ დღე და არც თავშიშველი წანწალი მოგიწევდა დღეს. ცოტაა ძმაო?
-არც ბევრია კაცმა რომ თქვას და მე რომ ქუდით ვყოფილიყავი რას შვრებოდი მაშინ?
-ჩვენი საერთასორისო დღე გვექნებოდა,  არა?- ჭაღარა შეეშველა
-მა რა!
-პალტოს ჩაცმაშიც მოგვეხმარებოდნენ, ხომ ? - ღაჟღაჟამ იკითხა
-მააშ. ავტობუსიდან ჩამოსვლისას ხელსაც შეგაშველებდნენ და ვინ იცის იქნებ ვინმე შუახნის ქალს ადგილიც კი დაეთმო მანამადე.
-ყოველთვის წინ გაგატარებდნენ, თუმცა თვალს არ გაგაყოლებდნენ ალბათ.
-ყოჩაღ შენ… სულ არ გეტყობა უქუდობა ამ სიცივეში.
-ეგ რა არი, ბაზრიდან ჩანთების ნათრევი, მაგარი სპორტულიც იქნებოდი და ამდენი სასმელის ატანაც არ მოგიწევდა.
-ფეხბურთსაც სერიალებივით უყურებდი…
-და კონსულტაციასაც გაგვიხსნიდნენ, არა? - აროხროხდა ღაჟღაჟა
-აბა კაცო, ასე უსაშველოდაც არ ჩავბერდებოდით, ვინმე როგორ არ დაგვადგამდა თვალს - გაიღიმასავით  ჭაღარამ
-აბაა,  ბოლოსდაბოლოს ადრე გაღვიძებულზე შენ იტყოდი “ღმერთო, როგორ დავიღალე” - ო და იმას ემტვრია მერე თავი პასუხისთვის. ჰა? როგორია - ერთხმად ახარხარდნენ ბერბიჭები.
ის კი მალულად საათზე იხედებოდა.
რვა დაწყებულიყო კაი გვარიანად.
-და არც მშობიარობა არ მოგიწევდათ, დიდი სურვილიც რომ გქონოდათ, არა? წავედი ახლა მე და გაერთეთ თქვენ უჩემოდ. მე კი... მე ქუდი დამრჩენია სახლში და დროა მოვიკითხო.
-მოიცა, მოიცა, ეგრე როგორ იქნება - ფეხზე წამომდგარ ჭაღარას სხვებიც აყვნენ - ხუმრობა ხუმრობად. ამ ფიალით კი შენს მყუდრო ბუდეს გაუმარჯოს და იმ მომლოდინე ქალს,  სიყვარულით პირთამდე სავსე რომ გიხმობს.
-ეგრეა, ტო, ბედნიერი კაცი ხარ და შეიფერე ეს კაცურად.
-ჩვენი ძმური სიყვარულიც  გადაეცი მეუღლეს და ბოდიშიც მოგვხადე, ჩვენ, ბერბიჭებს, თუ ოჯახურ სიმყუდროვეს არ დაგირღვევთ ამსაღამოს.
-გაიხარეთ, დღეს ასეა და ხვალ, ჩემი თავი გენაცვალოთ
ეეჰ… კარგია.
მოულხინეს ერთმანეთს თბილად კაცურად და რქაწითელიც ალალად შეირგეს

***
რვას ათი აკლდა, შამპანურით და ნაიარნაირი ნუგბარით სავსე პარკით თავის სადარბაზოსთან ტაქსი რომ გააჩერა.
იმავ წუთს სადარბაზოდან საფირმო კეპიანი კურიერიც გამოვიდა. აცალა სანამ მანქანას დაქოქავდა და მხოლოდ შემდეგ გადმოვიდა ტაქსიდან.
ღიმილით ახედა თავისი ბინის ფანჯრებს და მობილურმაც დარეკა.
მონიტორზე არც დაუხედავს
-გისმენთ
-ძალიანაც კარგი
მეუღლის ხმა არასოდეს შეშლია სხვაში. ახლა კი ისე გააკვირვა თითქოს მუქარით ნათქვამმა - კარგად მომისმინე ახლაო…
მონიტორს დახედა, ხომ არ მეშლებაო 
არა! არ ეშლებოდა.
-ნურც მეშვიდე წლის იმედი გექნება, ნურც მეცამეტის და ნურც ასოცდამეცამეტის… ჩემს ხელში უნდა ამოგძვრეს სული, იცოდე ეს!!!  მე უნდა დაგიტირო და ჩემი მოთქმა იქნება შენთვის საშვი საიქიოში... გაიგე!!!
წამით გაშეშდა.
მერე პალტოს მარცხენა გულისჯიბეში აღმოჩენილმა სიცარიელემ გასცრა ტანში და ახლა პიჯაკის ჯიბე მოიქექა. ბარათი ამოიღო, გაშალა და
“ჩემო, ძვირფასო...… “ -არც გაუგრძელებია. ყველაფერი ნათელი იყო. გამეტებით დაკუჭა და პალტოს ჯიბეში ჩაიჩურთა.
-ჰოდა მოდი დროზე, არ გადამრიო, თორემ დღესვე აგიგებ წესს- იმუქრებოდა მობილური
-გაიგე?!!
-.....
-რა გჭირს, კაცო?
-.....
-ხმა ამოიღე რაა... - უეცრად შიშით აკანკალებულ ხმას, საცრემლოდ გამზადებული თვალები თვითონ მიუსადაგა, მობილური გამორთო  და ახარხარებულმა შეაღო სადარბაზოს კარები.
ცოტა იდროვა.
დაწყნარდა.
“ეეჰ, არ გადამიყოლა ჯენტლმენობამ, კიდევ კარგი, ფხიზელი ვარო!!! “ 
გაიფიქრა და დინჯად შეუდგა თავის “გოლგოთას” 
“არც , “მე დავიღალეო” უთქვამს და არც ის მეორე, პირიქით მაგარი ენერგიული ჩანს. რა გადაურჩება ამაღამ...”
სევდანარევი და ერთბაშად ბედნიერი ღიმილით სახეზე მიათრევდა თავის ჯვარს კაცი, რომელსაც უკვე მეშვიდე წელია უსაშველოდ უყვარდა  "გადარეული" ქალი... და ამას ბოლო არ უჩანდა.
ან ვის რაში სჭირდებოდა რო?…
__________________________________________________________________________________

ლოთი


არა რა…  განა რა შეიძლება იყოს მთვრალ ადამიანზე უფრო დიდებული სანახავი ამ ცის  ქვეშ…
თუ გნებავთ ვინ -  მას არა აქვს ამბიცია გრამატიკული ნიუანსების მართებულად გამოყენებაზე მის მიმართ…
ის მთვრალია - და შედეგად ამისა  მშვენიერი, ნებისმიერ კატეგორიაში,  და სულერთია ამ დროს დივანზე  გაშხლართულა თუ ვაგზლის მოსაცდელი დარბაზის ხის სკამზეა ნებიერად გაშოტილი.
რა არის ეს, თუ არა თავგანწირვა, გამვლელთა საკეთილდღეოდ!
გამვლელთა, სიამაყით რომ გასცქერიან მას, საკუთარი პიროვნული ღირსების  გამძაფრებული გრძნობით. 
მაგრამ რა? - ვინ უფრო თავისუფალია თავის ქმედებაში, ის რომელიც რუდუნებით ექაჩება თავის ხვედრს სახლისაკენ, ანუ ეზიდება გაუსაძლისს ხარკს მონსტრთან,  სახელად ოჯახი, თუ ეს თავნება ბიჭი, ასაკს არა აქვს მნიშვნელობა, რომელიც უდარდელად გაშოტილა ჩვენს თვალწინ.

დე იყოს ის დაუნდობლად ნაგვემ-დაჭმუჭნილი ცხოვრების უკუღმართობისაგან, უღვთოდ დევნილი ყველა სამსახურიდან, მარტოხელა და იქნებ ვერც დიდად სიმპათიური სახედ, ანუ ხატად, მაგრამ  ის, ის არის… ანუ როგორიც არის ისეთია სწორედ.
ეს მან აიღო ბასტილია… (ზამთრის სასახლეც, კი ბატონო - უცოდველი ვინ დადის ამ ქვეყნად, მასაც რომ არ შეშლოდა ამ ართხელ)…  ეს მისთვის მღერიან , მე თუ ვლოთობო… შენ რაო, მერეო… და ასე შემდეგ. ეს მან მიახვედრა სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება , თუ რატომ სვამენ კაცები ღვინოს… ან როგორ შეიძლება, სულ ერთმა ჭიქამ დაგათროს ისეე… ისეე რომ… იცის ეს ყველამ.
სამაგიეროდ მარად ფხიზლებმა მსოფლიოს აჩუქეს  ჰიტლერი და ჩიკოტილო… და რამდენი კიდევ ეგეთი!

აი, მიდის თავისთვის მთვრალი, ცა ქუდად მოხდენია, მიწა ქალამნად მორგებია, ზღვა ხომ მუხლებამდე ძლივს წვდება… მიდის,  მიაგორებს სიყვარულს მოწყურებული სულის ოცნებას - ერთი კათხა ლუდი. 
ავაი, იღბლის სიბრმავევ, მას უნდა ეღვიძებოდეს ცარიელ ოთახში სიცივით აცახცახებული ნათურის ქვეშ და შენ კიდევ სამი დღის წინ ნაყიდი ლუდი, ჯერაც გაუხსნელი გედოს მაცივარში? მაშ ესაა სამართალი?
ავაი…  მუდამ დევნილო კაცთაგან და დემონთა კერძად დარჩენილო…
ავაი… ღამის ქალაქის ერთადერთო უძინარო მცველო - ეს მას მოსდევენ დემონები ძერის თავით  და ვირთხის გამოხედვით… მიწაზე აგდებენ დაუნდობლად და ჯოჯოხეთისკენ მიათრევენ _ დააცდენინონ როგორმე იქნებ,  საიდუმლო მარადიული ლტოლვის, სად მიუმალავს იდუმალი ძალა იგი… არაფერი გამოუვათ! - ჯერ არცერთ მათგანს არ დასცდენია სიტყვა ერთი, ცალსახად მტრისათვის გასაგები - ქალაქს შეუძლია მშვიდად იძინოს...  ნუ მიაქცევს ყურადღებას ტანჯულის ყვირილს, ის ყველაფერს გაუძლებს და არ გატყდება… და გამთენიას, ბოღმით აცახცახებული დემონები თავად გამოაგდებენ ჯოჯოხეთიდან, ალიონის გრილი და მათთვის ასე საძულველი მზის შუქზე.
რომელ თქვენგანს, მარადფხიზლებო, უნახავს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ, ცა ოთახის თავზედ? - არავის!  რამეთუ თქვენთვის არ გადმოუტანიათ ეს ცა, სწორედაც რომ  დაკარგული სამოთხიდან.

ფხიზელი ადამიანი გულით ცრუ და ცივად პრაგმატულია. სამშობლოსაც გაყიდის და კაცსაც მოკლავს, თუ მისთვის  სარგებელია…  კვალსაც ოსტატურად დაფარავს.
ახლა მთვრალი? 
მთვრალმაც შეიძლება იგივე გააკეთოს, მაგრამ აღმაფრენით და სრულიად უანგაროდ… და თუ ეღირსა და გამოფხიზლდა, სულის სიღრმემდე შესძრავს თავისი ნამოქმედარი.
თუ მთვრალი კაცები კოცნიან ერთმანეთს, ეხუტებიან და ვერაფრით შელევიან ამ სიახლოვეს, ეს როდი ნიშნავს რომ ორიენტირი რამე შეშლიათ - მათ გულმთვრალად უყვართ ერთმანეთი და ეცდებიან ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ, რამდენადაც შესაძლებელია ახლო კონტაქტში, ანუ მჭიდროდ  პატივისცემის პოზაში.
შეუძლია კი ფხიზელ ადამიანს ასეთი ხიბლით შეიყვაროს პირველივე შემხვედრი, თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანი? - გამორიცხულია!

და ბოლოს… უსაზღვროდ მშვენივრად დიდებულია მთვრალი ადამიანი,  ღრმად მძიმე ნაბახუსევის  მდგომარეობაში…

ზედაპირულად ეს გულისრევასა და თავის ტკივილში გამოიხატება, მაგრამ ეს ასევე ხელეწიფებათ სრულიად ფხიზელ ტიპებსაც ადამიანის.
ღრმად მძიმე ნაბახუსევს კი თან სდევს, ასევე ღრმა წვდომა გარემომცველი სამყაროს ფრიად არასაიმედო სიმტკიცისა. სწორედ ამ ფენომენის ფაქიზი გაგება აიძულებს მას ძალიან ფრთხილად, მოზომილად, ზედმეტად არდატვირთვის  სურვილით, დაადგას ფეხი ასფალტს, რამეთუ გამახვილებული გუმანით გრძნობს მის ქვეშ სიცარიელეს, უძირო უფრსკულს, რომელსაც უცილობლად მიჰყავს არარსებობაში.
ის გმირულად, ჯიუტად ეძებს საჭირო რაკურსს და შესაბამის ფოკუსს მზერისთვის, რათა შეგვინარჩუნოს,  დანგრევას გადაგვირჩინოს ჩვენი გარემომცველი სამყარო, ანუ სრულიად ქალაქი, ასე გულადად რომ იცავდა მთელი ღამე…
და მოსახლეობაც სხვათაშორის, მოხუცებით, ქალებითა და ბავშვებით, აგრეთვე მარადფხიზელი ადამიანებით, რომელთაც აინუნშიაც არ მოსდით თუ რა საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.
მხოლოდ მის მხრებზე წევს მთელი სიმძიმე ტყვიისფერი ცის, სიმძიმე რომელსაც მის ფეხქვეშ asfalti  დაუბზარავს…
მხოლოდ მას უჭირავს ხელში სამყარო, ასე ფაქიზი,  უსაშველოდ მყიფე ბროლის ბოკალივით და ძალების სრული მობილიზებით ცდილობს ხელიდან არ გაუვარდეს… არ გაუვარდეს და მარცხად არ დაემსხვრეს ბოკალი ესე…
და რა?
დაუფასებს კი ვინმე ამ თავგადადებას?
დაუსხამს ვინმე რასმე… გულის მოსაოხებლად?
არა!
აბა ხალხია ესენი?... ადამიანები ანუ…
___________________________________________________________________________________

ბითურას დღიურიდან


-ბათურა მიწერია პასპორტში - “ბითურას” რატომ მეძახიან ვერ გავიგე. ამათ ენაზე  კარგს რამეს არ უნდა ნიშნავდეს, როგორც ჩანს…
შეიძლება ჩემი მოუსვენარი კუდის ბრალია ეგ.

-ეს რა უბედურებაა… კუდის ქიცინი ვერა და ვერ მოვიშალე. საკმარისია თავზე ხელი გადამისვას ადამიანმა და ეგრევე დამივლის ტანში დენივით, (ჟრუანტელს ეძახიან ესენი) და წავიდაა… ქიცინებს, არც მეკითხება მინდა, არ მინდა. ქიცინებს და მორჩა… ვატყობ ვერასოდეს მოვიშლი ამას.

-ამას წინათ მეზობლის ძუკნა გავიცანი… ჩვენ დუეტში კუდები ვაქიცინეთ-კინაღამ მეღრძო… იმასაც. 
როგორც ჩანს მარტო ჩემი პრობლემა არ ყოფილა ეს. უნდა შევეგუო ამ ამბავს. სადღაც მომწონს კიდეც უკვე.
სხვადასხვანაირად შეიძლება თურმე… გრძნობა შეიძლება ჩადო ამ ქმედებაში, როგორც ადამიანები გაღიმებისას შვრებიან ხოლმე.
სადღაც კუდის ქიცინი ჯობს მგონია ამათ ღიმილს… უფრო ელეგანტურია თითქოს, უფრო გრაციოზული.
რატომ ვერ შევნიშნე ეს თავიდანვე? – მიკვირს, მაგრად მიკვირს ეს ამ ბოლო ხანს.

-ადამიანები როცა ერთმანეთს გაიცნობენ, პირველ რიგში მათი სულები ყნოსავენ ერთმანეთს. ეს არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა… და იღიმებიან. კუდები არა აქვთ და რა ქნან სხვა.
ღიმილით კი, მხიარულად იღიმებიან. მეზობელი ძუკნის ( ლედი ჰქვია, სხვათაშორის) კუდის ქიცინს ჰგავს ეს, ჩემს დანახვაზე რომ აუტყდება ხოლმე.
ლამაზი ძუკნაა ლედი.

-დღესაც მოვიდა ვიღაც ქალი. კარგა ხანს ყნოსავდნენ ერთმანეთს ის ქალი და ჩემი პატრონი კაცი… მართლა რა საცოდავები არიან უკუდოდ.
იღიმებოდნენ მხოლოდ, ისიც ხანდახან.
მერე ქალმა ღრენა დაიწყო, ჩემმა - ღრენა ესეთი არ უნდაო და ისეთი ხმაური ატყდა ლედიმაც გადმოირბინა შეშფოთებულმა.
კარგა ხანს იღრინებოდნენ ერთადაც და ცალცალკეც. მერე ქალი აწკმუტუნდა, კაცი ყეფაზე გადაერთო, ბოლოს იმანაც წკმუტუნი დაიწყო და ისევ ერთმანეთის ყნოსვა დაიწყეს.
აფსუს, რომ კუდები არა აქვთ, თორემ უფრო საინტერესოდ გამოუვიდოდათ ეგ ამბავი…
ახლა კი რა – ლამისაა ცემეს ერთმანეთი და წკმუტუნებენ დუეტში. თუ კრუსუნებენ ვერ გაარჩევ.
გავედით მე და ლედი კუდების გრაციოზული ქიცინით (ეს სიტყვა არ მომწონს ამ ბოლო დროს) გარეთ.
სასეირნოდ, რა თქმა უნდა… ყნოსვის დრო ჯერ არ დამდგარა.
ადამიანებივით კი არა ვართ – როცა მოესურვებათ  და იღრინებიან, და როცა უნდათ იყნოსებიან (ზოგჯერ ერთდროულადაც ახერეხებენ)…
ჩვენ მოწესრიგებული საზოგადოება ვართ. და ეს ჩვენი კუდების გამოა ასე.
დიახ! თორემ ერთმა მეზობელმა კუდი წააჭრა თავის საცოდავს ( ბარონი კი ჰქვია, სხვათაშორის) და ლამისაა ადამიანივით აყეფდეს, ყოვლად გაუგებრად და უმიზეზოდ… ბარონი უძახე შენ და  კუდი კი არა აქვს, რითი ისა ქნას… რა ქვია იმას… არ მომწონს რა ეგ სიტყვა და რა ვქნა.
მოკლედ წავედი მე ძუკნასთან… გავაგრძელებ მერე, თუ რამ საინტერესო მოხდა.
_______________________________________________________________________________________

კაცი რომელიც იღიმის

ჯერ კიდევ ბავშვობაში მოხდა ეს.
ესიზმრა, თუ გამოეცხადა ანგელოზი,  ძნელი სათქმელია.
“შენ დიდი ადამიანი გახდები, თუ ხელი არაფერმა შეგიშალაო” -  უთხრა ღიმილით და ჰაერში გაიხსნაო თითქოს - გაქრა.
ახალგაზრდას გაახსენდა ეს ზმანება, ოღონდ ახლა დარწმუნებული იყო რომ ანგელოზი კი არ ესიზმრა - გამოეცხადა.
ზოგჯერ გაიელვებდნენ ხოლმე ანგელოზის სიტყვები და სასიამოვნოდ აღტკინებულს ვერაფრით გაეგო, რამდენად დიდი ადამიანი უნდა გამხდარიყო, ან რას შეიძლებოდა ხელი შეეშალა მისთვის.
რაკი პასუხი არა და არ ჩანდა, მოგონებას ნელნელა ელვარება მოაკლდა და ბოლოს სულაც მიავიწყდა.
ცხოვრობდა, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით.
ბედნიერიც ყოფილა და უბედურიც.
მხიარულიც და მოწყენილიც.
წარმატებულიც არც თუ იშვიათად.
მოკლედ…  უღიმოდა ადამიანი ცხოვრებას და ისიც არ აყვედრიდა საპასუხო ღიმილს.
მაგრამ ერთ დღეს, ისე რომ უცებ თვითონაც ვერ მიხვდა, სისაძაგლე ჩაიდინა.
არა აქვს მნიშვნელობა რა და როგორ.
მთავარი ის იყო  თვითონ გრძნობდა, რომ ეს სისაძაგლეა.
აქვე უნდა ითქვას რომ, თავად ეს ადამიანი ძალიან კულტურული და ინტელიგენტი ვინმე იყო.
ფრიად განათლებულიც და ამიტომაც ძალიან წუხდა თავის საქციელს.
წუხდაო, კიდევ რბილადაა ნათქვამი - გაიტანჯა კაცი.
როგორო, ფიქრობდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ დამმართნოდაო.
ძალიან წუხდა!
მაგრამ რაკი ფრიად  კულტურული და ინტელიგენტი ადამიანი გახლდათ, დროში ყველაფერი აიხსნებაო, გადაწყვიტა და მეც ვიდროვებ, სხვა რა გზა დამრჩენიაო.
დრომაც არ დააყოვნა , როგორც ჩვევია, აუჩქარებლად და მოზომილად გაიარა.
რა მნიშვნლობა აქვს რა დრო გავიდა.
მთავარი ის არის რომ ადამიანმა შეძლო თავისი თავისთვის აეხსნა ჩადენილი უსაქციელობის 
(დროში გაცვეთილ სისაძაგლეზე ვამბობ)
მიზეზები და წინაპირობანი და გაეგო თუ რამ გამოიწვია მისგან შეცდომის
(ლოგიკურისგან დაწრეტილი უსაქციელობა)
დაშვება, გარემომცველ მრავალფეროვან რეალობაში.
დიახ. სწორედ ასე!
განათლებული პიროვნება გახლდათ.
სადღაც  კულტურულიც კი და  ინტელიგენტი ხომ თავისთავად.
დაასრულა რა, ამ, ცოტა არ იყოს საჩოთირო საქციელის
(სისაძაგლიდან ესღა შემორჩა)
ანალიზი, გადაწყვიტა წიგნი გამოეცა სათაურით
“საზოგადოებისათვის მიუღებელი საქციელის სოციალურ-ფსიქოლოგიური მექანიზმები”
პრეზენტაციაზე ისეთი აღფრთოვანებული სიტყვებით გამოდიოდნენ ძველი და ახალი თაობის ავტორები, წიგნის მთავარი იდეის თანაზიარი იმდენი ხალხი შეკრებილიყო, რომ საბოლოოდ დარწმუნდა, გადაწყვეტილების სისწორეში. ამაყად თავაწეული ისმენდა ხოტბას და სიამოვნებით აღნიშნავდა, მარტო მე არ ვყოფილვარ ამ დღეშიო.
და დამშვიდდა.
მოისვენა კაცმა.
ისევ შეჰღიმა ცხოვრებას. ცხოვრებამ თითქოს თვალი აარიდა, მაგრამ მან არ შეიმჩნია და ჯიუტად იმავე მიმიკაზე დარჩა.
მეტიც, მოუხშირა გაღიმებას და მეტი ბრწყინვალებაც კი შესძინა თითქოს… ეს კია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოაკლდა ღიმილს. რაღაც ისეთი, რომელიც ადრე ახარებდა, დღეს კი არც ახსოვსდა რატომ და ამ უკმარობას დიდად არც განიცდიდა.
ასე მოულოდნელად დაიწყო და დღესაც გრძელდება დრამა კაცისა, რომელიც იღიმება, და თავად ბედნიერს, ყველა ბედნიერი ჰგონია.
მხოლოდ ხანდახან თუ შეაშფოთებს, რაღაც აუხსნელი და მაშინ წიგნს გადაფურცლავს ხოლმე, თავის დაწერილს და იქ ეძებს სიმშვიდეს.
პოულობს კიდეც ეტყობა.
რაკი ახერხებს და ცხოვრობს, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით.
უფრო ხშირად ბედნიერია და არც ღიმილი შორდება სახიდან.
ეგ კია, რაღაც აკლიაო ღიმილს, იფიქრებს კაცი.
ეგ არაფერი.
მთავარი ის იყო რომ, ისევე მოულოდნელად, როგორც მაშინ, რატომღაც ისევ ესიზმრა, თუ გამოეცხადა, ძნელი სათქმელია, ისევ იხილა ანგელოზი და სიხარულით ათრთოლებული მიაჩერდა ბავშვობიდან ნაცნობ სახეს.
მაგრამ ანგელოზმა ერთი ნაღვლიანად შეხედა და ამჯერად არაფერი უთქვამს.
და როგორც მაშინ, თითქოს ჰაერში გაიხსნაო - გაქრა.
ღიმილი?
ღიმილი დარჩა, როგორც მიმიკური კაპრიზი სახის, თუ სხვა რამ, თავადაც არ იცის.
მაგრამ დრო გავა, როგორც ჩვევია, აუჩქარებლად და მოზომილად და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
ასეთი უცნაური რამ არის დრო.
_____________________________________________________________________________________________

მას ფერი არა აქვს

სამარშრუტო ტაქსების გაჩერება.
შეგულებული უკანა რიგი, სარკმელთან და აუცილებლად ტროტუარის მხარეს.
სწორედ ამ ადგილიდან, უახლოეს გზაჯვარედინზე, შუქნიშანზე შეჩერებისას, საუკეთესოდ მოსჩანს, პატარა ყვავილების მაღაზია.
ფერთა ზეიმი, თუ ფერადი პალიტრა, ნათელი თუ მკაფიო, მუქი თუ ღია, თბილი თუ ცივი, მიმზიდველი და მომნუსხველი… თან იცი აქ დიდხანს ვერ დაყოვნდები და თვალები გამალებით ისრუტავს სურათს, რომ მერე მეხსიერების თეთრ ტილოზე ააფერადოს.
ართობს თეონას ეს.
თავადაც არ იცის რატომ.
ან რა საჭიროა ყველაფერი იცოდე - მაშინ ხომ სწორედ ის იდუმალება იკარგება, რაც ასე მოგწონდა.

დღესაც ზის თავის ადგილზე თეონა. მის გვერდით ერთი ადგილიღა დარჩა თავისუფალი და მძღოლიც მის შევსებას ელოდება.
“სულ ასეა. და რატომ  ნეტავი? ჩემს გვერდით ადგილს ყოველთვის ბოლო მგზავრი იკავებს”
რატომღაც დღეს დაფიქრდა ამაზე
“რა საფრთხობელა მნახეს ასეთი”
რაკი მიზეზი იპოვა სარკეც ამოიღო.
“ჰმ. სულელები”
სარკე ისევ ჩანთაში ჩააბრუნა და საათს დახედა. არც შეუნიშნავს რომელი საათი იყო. უბრალოდ სარკის ჩანთაში ჩაბრუნებას უხდებოდა ეს.
რითი? კარგი რა - უხდება და მორჩა.
“როგორც იქნა. მობრძანდა ბატონი”

ბატონი, ერთი შეხედვით უცნაური ახალგაზრდა იყო.
ერთიანად შავი ფერის სამოსში,კოხტად დავარცხნილი შავი თმით და მკაფიო სახის ნაკვთებით.
კარგი გრაფიკოსის ფანქრით ნამუშევარს ჰგავდა.
“ლამაზი და ნაღვლიანი - არ მიყვარს ასეთი სახე და შავ ფერსაც ვერ ვიტან. უსიხარულო ფერია. იმიტომაც ვარ ზამთარში დეპრესიული. შავით და ნაცრისფერითაა გაჟღენთილი ყველაფერი. თეთრი? რა თეთრი - უფრო  კონტრასტულს და მძიმეს ხდის მუქს. არადა მიყვარს თეთრი და ზამთარში, თან თუ დათოვა, რატომღაც მავიწყდება ეს...  რა ვიცი, რა ვიცი. ღმერთმა გარეგნობა არ დაგაყვედროს და შენ კიდევ ტანსაცმელი ვერ შეარჩიო?”
მდუმარე და საყვედურნარევი კითხვით გახედა თანამგზავრს.
იმანაც ისე თამამად და გამომწვევად გაუსწორა თვალი, რომ...
“ჰმ. არაფერი ეტყობა სევდიანის, თვალები სულ სხვას ამბობენ. უცნაურია ვინმეა. თითქოს რაღაცას მალავს, შავებს ამოაფარა თითქოს. საინტერესო ტიპია”

სარკმელში გაიხედა.
იქ დიდი გაწბილება ელოდა - ყვავილების მაღაზია გაევლოთ უკვე.
ლამის გული ამოაყოლა ოხვრას.
შავოსანს გამოხედა საყვედურით,წამით და მერე კი ისევ სარკმლისკენ მიბრუნდა კოპებშეკრული.
-ფერებმა ჩაიქროლეს, არა?
თეონა დაიბნა. უცებ ვერც მიხვდა რომ კითხვით მას მიმართეს
-უკაცრავად, მე მითხარით რამე?
-თუ გნებავთ ნუ მიპასუხებთ- გაუღიმა შავოსანმა.
-უბრალოდ ვერ გავიგე რას გულისხმობთ
-ფერებს, სარკმლის მიღმა რომ დაგრჩათ, ყვავილების მაღაზიასთან.-”მართლა რა უცნაური ვინმეა”
-შეიძლება ასეც იყოს. განა თქვენც არ დაგრჩათ სადღაც სიხარული, შავებში რომ გამოწყობილხართ?
ნიშნისმოგებით იყო ნათქვამი
-სულაც არა. თქვენ რა, ადამიანებში მხოლოდ სამოსს ხედავთ?
"რას ავყევი. მეც კარგი ტიპი ვარ" - იწყინა თეონამ, მაგრამ არ დაიტყო, მაინც ღიმილით უპასუხა
-მიმოიხედეთ ირგვლივ. ხალხი განწყობილების შესაბამისად იცმვამს… თუ უხარიათ, თბილ ფერებს არჩევენ, თუ სწუხან, ცივს. თუ ბედნიერები არიან ნათელ ფერს ამჯობინებენ, თუ უბედურნი, მუქს. გინახავთ სადმე შავზე უფრო მუქი ფერი?
-არა, არ მინახავს.
ისევ გაიღიმა, უფრო თბილად და კეთილგანწყობით. "ა ეგ მაკვირვებს, აი... ეს ღიმილი, შეუსაბამო" - სამოსთანო, ალბათ - "იქნებ გავჩუმდე, მაგრამ..."
-თქვენ თვლით რომ ყველა გრძნობას თავისი ფერი შეესაბამება?- "ჯიუტია, სასიამოვნოდ ჯიუტი"
-დიახ
-საინტერესოა. იქნებ ისიც მითხრათ ცისფერი რა გრძნობას (შე) ეფერება?
ასე იკითხა, პაუზით
-მმმ… ვფიქრობ შინაგან თავისუფლებას, სულიერ აღმაფრენას.
-საინტერესოა. ყვითელი?
-ყვითელი, ბედნიერებას-”რამ გამათამამა ასე?”
-და წითელი?
-წითელი, მებრძოლ სულს, მრისხანებას-”ეგონა დავიბნეოდი, თუ რა?”
-მრიხანებას? მეგონა მეტყოდით, სიყვარულსო, როგორც ყველა თვლის
-სიყვარულს? არ ვიცი სიმართლე გითხრათ, რატომღაც არა მგონია შეყვარებულმა ადამიანმა წითლები ჩაიცვას
-და ყვითელს აუცილებლად ჩაიცმევენ თუ ბედნიერად იგრძნობენ თავს, არა?
“გაცინება ერთ რამედ უღირს ალბათ, მაგრამ თავს იკავებს. თავხედი ეგა… თუ ზრდილობით მოსდის? რას გაუგებ, შეფუთულა შავებში”
დუმდა თეონა.
შავოსანიც ისე გაჩუმდა, თითქოს არც უსაუბრიათ.
უბრად იარეს კარგა ხანს.
მერე ჩასასვლელად მოემზადა ახლგაზრდა შავებში და...
-მას ფერი არა აქვს. გამჭირვალეა
-რას?-”მენანება რომ ჩადის, თუ რა ხდება”
-სიყვარულს
-რატომ?
-იმიტომ რომ ამ გრძნობას ვერ უჩვენებ, ის მხოლოდ შეიძლება განიცადო. აბა დაუკვირდით, როცა ვწუხვართ, ვტირით, როცა გვიხარია, ვიცინით… და როცა გვიყვარს?
-არ ვიცი-”ნუ წახვალ, რა”
-ამიტომაა გამჭირვალე. იდუმალი და რთული, ყველგან არის თითქოს და ვერსად პოულობ… მისი დანახვა შეუძლებელია და ამიტომაც ადვილია გვერდი ჩაუარო, ისე რომ ვერც შენიშნო…და  სულ ადვილია დაკარგო.
-და როცა ვკარგავთ, ვწუხვართ და შავებს ვიცვამთ? - ამოჰღიმა თეონამ ფეხზე წამომდგარს, კეკლუცობის ზღვარზე.
-შეიძლება ასეც იყოს…აქ  უნდა ჩავიდე… თქვენ კი შემოდით ერთხელაც იმ მაღაზიაში, მე იქ ვმუშაობ, სიამოვნებით მოგიძღვნიდით თაიგულს. 
ამას კი არაფრით არ ელოდა თეონა.
"ჰმ. არც ისე ცუდი ფერი ყოფილა შავი"
ღიმილით გასცქეროდა თეონა სარკმლის მიღმა აფერადებულ ქუჩას.
"ჩემს სიყვარულს აუცილებლად ექნება ფერი... და არც არასოდეს დამეკარგება"
__________________________________________________________________________________________________________

ჭორიკნები


-დე, რატომ ცივა ასე?
-იმიტომ რომ, მატრაკვეცა ხარ, თბილად არ გაცვია და გაკანკალებს.
-თუ არ ვიკანკალებ, დათბება, დე?
-აბა რა!
-და წვიმაც შეწყდება?
-რა თქმა უნდა… ცოტასაც თუ მოითმენ.
-და მამაც მალე მოვა, ხომ?
-ალბათ… თუ ჭკუით იქნები.
-კარგი. ჭკვიანად ჩავიცმევ, როცა მამა მოვა.
-...
-დე, დე...
-რა მოხდა კიდევ
-დე, წვიმა ხომ სხვადასხვანირია
-რა ვიცი აბა?
-როგორ არ იცი… აი ხომ არი როცა ძალიან, ძალიან მაგრად წვიმს, მერე კიდევ თბილი და სასაცილო, როცა ცისარტყელა მოჩანს და შენ კიდევ წვეთები გეცემა და გიღიტინებენ… და მზე რომ თვალებს გიპაჭუნებს და კიდევ აი ისეთი, აი დოქივით.
-კოკისპირული?
-ხო!
-რა ყოჩაღი ხარ… როგორ კარგად მომიყევი ყველაფერი.
-მაშინ მითხარი, იმ წვიმას რა ჰქვია… აი, როცა ციდან წვეთები არ მოდის და შენ მაინც რომ წვეთები გაქვს ლოყებზე… რა ჰქვია ისეთ წვიმას?
-ეს წვიმა არ არის… ის უბრალოდ წვეთებია.
-მერე? საიდან მოვიდნენ მაშინ?
-აბა შენი წვიმა საიდან მოვიდა
-შენ ხომ მითხარი წვიმა არ არისო
-კარგი, ჰო!.. საიდან მოვიდნენ და ცხოვრებიდან
-დე, რა არის რა?.. სულ ასე იცით უფროსებმა. როცა არ გინდათ რამე თქვათ, სულ ცხოვრება, ცხოვრებას ამბობთ.
-საიდან მოიტანე ეს?
-საიდან და ერთხელ ზოოპარკიდან რომ მოვდიოდით, ვკითხე მამას, დედა რატომ გიყვარს მეთქი და იმანაც ასე მითხრა,ჩემი  ცხოვრებაა და იმიტომო… ალბათ არც იმან იცოდა პასუხი.
-მართლა?
-მართლა მართლა… ზოოპარკში ვიყავით. შენ არ იცოდი?
-არა. ჩემთვის არასოდეს უთქვამს ეს
-მე ხომ გითხარი  დე? დაგავიწყდა?
-ხო, სიხარულო, დამავიწყდა ალბათ.
-აი შენც რომ წამოხვალ ზოოპარკში არ დაგავიწყდება. ხო წამოხვალ დე?

-რას შვრებით ჭორიკნებო, თქვენი ნებით მაჭმევთ რამეს თუ შტურმით ავიღო სამზარეულო
-მამიკო  მოსულა დე…
-აბა, როგორ შემოგვეპარა. ახლა ვისადილოთ და მერე სასეირნოდ წავიდეთ.
-ჩემთან და მამასთან ერთად?
-ხო, ჩემთან და მამასთან ერთად. გაიქეცი ახლა და მოიყვანე შენი მამიკო, ჩვენი ნებით ვაჭამოთ ჯობია...
-მერე წვიმა?
-გადაიღო. ნახე რა სუფთა ცაა
-აბა წვეთები ლოყებზე საიდან მოვიდა?
-ეს წვიმის არ არის… ხახვის ბრალია
-აი ხედავ? როცა გინდათ ცხოვრებაა, როცა გინდათ ხახვი… ვერაფერი გავიგე ამ დიდების.
__________________________________________________________________________________________

ნოქტიურნი
ღამე ისეთი მშვიდი და მთვარიანი იყო, რომ როდესაც  ძილში ჩაიბუტბუტა
-სესიილ… სესიილ…
ქალაქის მეორე ბოლოში ჩაბნელებულ ფასადზე ერთ ფანჯარაში შუქმა იფეთქა.
ძაღლმა უხალისოდ შეჰყეფა უეცრად გაჩენილ ნათელ ლაქას.  ხეებმა ჟრჟოლით  გაიშრიალეს. დარღვეული სიმყუდროვით შეშფოთებული ჩიტიც  შეფრთხიალდა, მიიხედ-მოიხედა და დამშვიდებულმა ისევ ფრთის ქვეშ შეჰყო თავი.
ზედ ყურთან  გულისგამაწვრილებლად გაუზუზუნა კოღომ და  თვალებიც გაახილა…
-ვის ეძახდი?... თან  ასე ნაზად-ჰკითხა ქალმა
-მე მგონი სესილს , არ იცნობ შენ-დაუფიქრებლად უპასუხა
-მგონი?
მზერა აარიდა მთვარის სუსტ შუქზე მოკიაფე თვალებს.
-თვითონაც მიკვირს - თავისთვის ჩაილაპარაკა - არასოდეს მიფიქრია ამ ქალზე, აქ კი, სიზმარში ისე მიყვარდა, ისე ძალიან, რომ...  ძილში ამალაპარაკა.
ქალმა არაფერი უპასუხა
-ნუ მებუტები რა - შეწუხებული ჩანდა - რა ჩემია ბრალია  თუ დამესიზმრა.
-მესმის შენი, ან მე რა უფლება მაქვს გისაყვედურო. ცოლი ვარ შენი თუ რა? მაგრამ…
-რა მაგრამ?
-რომელ ქალს ესიამოვნება, მის გვერდით გეძინოს და სხვა გესიზმრებოდეს…
-ჰო. მართალი ხარ. არ უნდა მეთქვა.
-არა, არა… ამიტომ არ მითქვამს. ჩვენ ხომ არასოდეს მოგვიტყუებია ერთმანეთი… უბრალოდ გული დამწყდა.
-რას ნიშნავს ნეტა? ხომ არ იცი?...
-შენთვის რა ვიცი, ჩემთვის კი შენთან გატარებულ უკანასკნელ ღამეს ალბათ...  არც ის ვიცი მისთვის რას უნდა ნიშნავდეს...
გაუღიმა და ნაზად, თბილად, ნდომით აკოცა ყურის ძირში და იქვე მოიმყუდროვა.
კაცმა ჩვეული ალერსით უპასუხა _ “უკანასკნელი...  რატომ გული არ მწყდება”.
-რა ეცვა? - მოულოდნელად ჰკითხა ქალმა - რაიმე მუქი, თუ…
-შიშველი იყო
ისევ გაჩუმდნენ. ქალის თბილი სუნთქვა ელამუნებოდა კისერს.
-გეცოტავები ალბათ - ჩასჩურჩულა ქალმა
-ვითომ? 
- ხო... სიყვარული გინდა - ამოიოხრა ქალმა - ნამდვილი, დიდი სიყვარული… სექსი გეცოტავება უკვე
ვნებამორევით მიეკრო .
კაცსაც მოეძალა სურვილი.
-ლამაზი იყო? - არ ცხრებოდა ნეტარებით მთრთოლვარე ქალი
-ძალიან… სახელივით ლამაზი - მძიმედ სუნთქავდა კაცი - და დიდი ხალი ჰქონდა ძუძუს ქვეშ.
-სად?- თითქოს მიზეზს ეძებდაო, ალერსს დაუძვრა ქალი
კოცნით მოუნიშნა ადგილი - აქო.
ისევ აუვარდა ალი ვნებას და სანამ სულ არ ჩაინაცრა, ვერც მოისვენეს.
- უყვარხარ ალბათ - ღრმად ამოიოხრა  ღონემიხდილმა ქალმა და ზურგით მიუბრუნდა.
არაფერი უპასუხა.
სიგარეტს მოუკიდა. მთვარის შუქზე უცნაურად აფერადებულ ბოლში გაირინდა. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო
-ვის?  - და ქალს გახედა.
ეძინა.
მთვარის შუქი ნაზად დაჰფენოდა სევდითნაფერ სახეზე.
ერთ ხანს დასცქეროდა დათო საწოლის მოზიარეს და ხვდებოდა რომ ამ სურათს უკანასკნელად ხედავდა.
“არც სწყენია თითქოს… და არც მე მედარდება რატომღაც… უცნაურია ეს, უცნაური”
მაინც მიეტმასნა ზურგზე, როგორც სჩვეოდა, სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილ თმებში ჩარგო სახე და თვითონაც დაიძინა

***
მთვარე მიმცხრალი შუქით ეალერსებოდა გამჭირვალე საღამურიდან საამურად დალანდულ სხეულს.
თითქოს იგრძნო  სტუმრის ურცხვი მზერაო, ქალმა შალი მოიხურა და შუქი აანთო.
ფანჯარა გამოაღო.
ძაღლის უხალისო ყეფამ გააპო ღამეული სიჩუმე.
ხეებს თითქოს გააჟრჟოლათო, აშრიალდნენ და ფოთლებში მომყუროვებულ ჩიტს ძილი გაუფრთხეს.
"ჰმ… რა უცნაური რამ იყო - სახე უხურდა - დათო მაინც რამ დამასიზმრა, თან ასე…"
შალი მოიმჭიდროვა მხრებზე
"ასე … რაღაცნაირად".
-ჩააქრე რა შუქი.- საწოლიდან მოისმა კაცის მთვლემარე ხმა.
-ნახე  რა  ღამეა - წაიჩურჩულა ქალმა  და მთვარეს შეჰღიმა იდუმალით მოციცმიმე თვალებით.
_______________________________________________________________________________

მიტინგი


მოიხმეს თუ არა- შეიკრიბნენ.
ანიდან და ჰოემდე ყველანი აქ იყვნენ, არცერთი არ დარჩენილა გულგრილი.
სიტყვის ერთ შეძახილზე ყველანი მოვიდნენ და სანამ წინადადებები სიტყვით გამოვიდოდნენ, იყო ერთი ამბავი.
-რა ხდება, ბოლოს და ბოლოს, როდის მოვრჩებით ამ მიტინგებს, საქმეს არ უნდა მივხედოთო, ჩვენ საკეთებელს ვინ გააკეთებს თუ აქ დავაღამ-გავათენეთო.
უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ ერთნი
-დროა, დრო
გაიძახოდნენ მეორენი
-ჩვენი უფლებები დავიცვათ, თორემ სიტყვებსაც და წინადადებებსაც აუვარდათ თავშიო
ბრაზობდნენ ალაგალაგ
- ფრაზები ხომ სულ გადაირივნენ ამ ბოლო დროსო.
ასე იყო ყოველთვის.
როცა ასოები მიტინგზე მოგროვდებოდნენ, მაშინვე თავიანთ უმნიშვნელოვანეს როლზე, და სადღაც სიდიადეზეც კი ალაპარაკდებოდნენ მიმდინარე, როგორც სიტყვები იტყოდნენ ხოლმე, პროცესებში.
ზოგჯერ უწყინარად ჯუჯღუნებდნენ, აქაოდა არ გვაფასებენო ჯეროვნადო, არ ესმით მაგათ ჩვენი ჭეშმარიტი დანიშნულებაო…
და ამ დროს, ბუნებრივია, ყოველი ასო ფიქრობდა, რომ არ აფასებენ და უმადურად ექცევიან გამორჩევით მას.
ანი, მაგალითად, როგორც კი იგრძნობდა თავს სხვა ხმოვნების კამპანიაში, მაშინვე გაახურებდა, ონიც აუბამდა მხარს და ახლა ისიც აქოთქოთდებოდა
-რა ჰგონიათ მაგათ, უაზრო სიტყვების რახარუხს და უმაქნისი წინადადებებით აკინძულ ფრაზებს სანამ მოვუთმენთო.
თანხმოვანებიც ეთანხმებოდნენ უკმაყოფილო მოძმეებს.
-მართლაც რომ ზედმეტი მოსდით მაგათო
დინჯად  ამბობდნენ
ზოგჯერ კი ახმაურებული ხმოვნების აზარტს აყოლილნი, თავადაც გამოიდებდნენ თავს და ისეთს დასჭექდნენ…
-უუ-ხ თქვენი ჭირიმეო- ხმოვნებიც კი აღფრთოვანდებოდნენ.
-სცადონ ერთი და თქვან უჩვენოდ სათქმელიო- იქადნებოდნენ მიტინგურ ეშხში შესულნი
- ვნახავთ რაც გამოუვათო- კისკისებდა კალი, ხითხითებდა ხანი, ჰა-ჰა-ჰაო მხარს უბამდა ჰოეც.
-აბა შესძახონ  ფრაზებს “გადადექითო” უჩემოდ
დუდღუნებდა დონი
- შენ ეგა თქვიო
ქირქილებდა ქანი, ანი ხომ კანში ვერ ეტეოდა.
მოკლედ უჩვენოდ არც რა დაიწერება და არც რა ითქმებაო,
ამაზე შეთანხმდენენ
- და თუ დროზე ამას ვერ მიხვდებიან, მით უარესი მათთვისო.
სიტყვებმა, როგორც მიტინგის ორგანიზატორებმა, რა თქმა უნდა იცოდნენ რა განწყობილებები სუფევდა იქ, როგორც ზემოთ ამბობდნენ - ქვემოთ.
რაც თავი ახსოვთ ასე იყო, და შინაურობაში ერთმანეთს გადაულაპარკებდნენ
-არაფერი იცვლება ამ ცის ქვეშო, როგორც ყოველთვის ჯარისკაცები იბრძვიან, გენერლები კი სარდლობენო.
მერე მეტი სოლიდურობისთვის დაამატებდნენ
-ძველი ამბავია ეს და დრომაც მრავალგზის გამოსცადაო.
თუმცა საკუთარ, როლზე, როგორც წინადადებები ამბობდნენ ხოლმე, მიმდინარე პროცესებში, განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავდნენ
-სინამდვილეში კი, ვინც ცოტათი მაინც დაფიქრდება, მაშინვე მიხვდება რომ წინადადება უსიტყვოდ, ფრთამოგლეჯილი ჩიტია, სხვა არაფერიო.
და რაც განსაკუთრებით მოსწონდათ
- “დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა”… ამაზე მეტი რა უნდა ითქვასო.
წინადადებები სიტყვით გამოსასვლელად ემზადებოდნენ, და აბა თქვენ იცითო, სიტყვებს აგულიანებდნენ, იქ ქვევით, საქმეს თქვენ უნდა მიხედოთო.
ფრაზებიც მჭიდროდ გამწკრივებულიყვნენ ქონგურებს ამოფარებულნი.
ირონიული ღიმილით, დასცქეროდნენ ახმაურებულ მიტინგს, ამათ გულის მოსაგებს, ხომ ვერაფერს მოიფიქრებ კაციო, თუნდაც ქადაგად დაეციო.

დასცქეროდა მეტოქეებს იდეა, და გულდამძიმებული დუმდა.
დუმდა და ელოდა, როდის ჩაწყნარდებოდა უკვე მერამდენედ ამოვარდნილი გრიგალი უთანხმოებისა…          რომ განხორციელებულიყო.
_____________________________________________________________________________________________________________

მაცდური

“... დიახ… მესმის ბატონო … არც მე… დიახ… დიახ… კი, მხოლოდ დაფაზე… ვეცდები… ნახევარი საათი… დიახ… მაქსიმუმ ერთი… უჰუ…უჰუ… შევთანხმდით”
ვერ არი ეგ, ხომ იცი.
მომინდომა აქ ხუთწლედი სამ წელიწადში და რაღაც ეგეთები, კომსომოლეც ნესჩასტნიი…
არა რა! ამათ არაფერი ეშველებათ სანამ იმას არ დამარხავენ-აი მაშინ მოეხსნებათ ჯადო.
ამ სკამებს ისე შემორჩნენ, თითქოს სახლიდან ჰქონოდათ მოტანილი.
სკამი სკამად მაინც რჩება, როცა უკანალი გასეირნებას გადაწყვეტს. ეს კიდევ უსკამოდ დიდხანს თუ დარჩა-საპნის ბუშტია… პუჰ და ფაფუ-არ არის. სანამ ახალ სკამს არ მოუნახავენ. მერე ისევ ამოიბერება. იბერება, იბერება და … ერთიც მაგის… ფეხები არ მოჭამოს ვინმეს.
ეეჰ, იჯუჯღუნე რამდენიც გინდა-დრო მიდის, დრო, დროში ვიწვით
აქ კიდევ ეს წამოსკუპებულა მაგიდაზე და სულაც არ აინტერესებს შენი პრობლემა.
მადროვე ცოტა, შენთვისაც მოვიცლი!
დივანზე მაინც მოყუჩებულიყო, ცოტა თვალს მოფარებოდა.
არა!
მაგიდაზე დამისკუპდა!
ხომ ზურგით ვდგავარ არა? მაინც თვალწინ მიტრიალებს და გონებას მიმღვრევს.
მაცდური!
აფსუს, დროში არ ვიწვოდე, გიჩვენებდი რაც მოჰყვება ამ გამომწვევას…
ისე რა დიდი დრო ამას უნდა, კაცმა რომ თქვას. სულ რაღაც ათი წუთის ამბავია.
ეს ახლა, თორემ უფრო მშვიდ სიტუაციაში გაჭიმავს კაცი სიამოვნებას.
მაგაშია მუღამი-აუჩქარებლად რომ მიუცუცქდები. ჯერ ერთი მხრიდან გახედავ… მმმ, გაგაჟრიალებს. ისიც გრძნობს რომ არსად გეჩქარება და მოგყვება, თითქოს ვალსს ეცეკვებოდე…
თუ ტანგოს?
არა! ვერცერთს ვერ გავქაჩავთ ჩვენი ქოეოგრაფიული მონაცემებით…რა ვალსი, რი ტანგო, ჩვენი შესაძლებლობები ჭიპხახუნათი ამოიწურება.
გულდაგულ  ვტკეპნით ჩვენს წილ კვადრატის მეოთხედს, ტაქტში აცდენილები, ხახუნის მეტი ეფექტურობის იმედით და უახლოეს პერსპექტივას ეჭვით გავცქერით საქსაფონის ხავერდოვან მელოდიაში გაბლანდული მზერით.
ლირიკული გადახვევა გამოგვივიდა…
ჰო… ერთხელ ხომ გაგაჟრიალა, ახლა მეორე მხარეს გაელაციცები ახარბებული მზერით. მოკლედ,  თვალებით ჭამ რა!
კარგია!
როგორ მითხრა იმან?  ჰო… ისაო, კაცებს ოღონდაც თვალები გქონდეთ და ტვინი არც გჭირდებოდათო. აქაოდა თვალებით გიყვართო. აბა ამათ ყური თუ აქვთ, მხოლოდ საყურეების სატარებლად? სხვა რაში სჭირდებათ რო. შეასმენ რამეს თუ რა?
მაგარი ვინმეა!
მეც კარგი ტიპი ვარ, წამოვროშავ რაღაც სისულელეს და ისე გამიბურთავებს, მიმიქარავს მარადონა. მე კიდევ თითქოს იუმორის გრძნობას ვუფასებდე-ვითომ ვიცინი.
როგორ იყო?  ჰო… რა მოგწონთ მეთქი იმაში, ვეკითხები, ეს თავში სპერმაავარდნილი კაცი, რომ მიგბურჯგნ-მოგბურჯგნით უნიჭო მასაჟისტივით, მერე კმაყოფილი ამოტრიალდება და პირველი რაც თავში მოუვა, სიგარეტია მეთქი. ისეთი მოწყალე თვალებით შემომხედა, თავი შემეცოდა. ყური თუ მოგიფხანია თითითო, მკითხა, ეშმაკუნები უციცმციმებდა თვალებში, რომელს უფრო სიამოვნებსო, დააყოლა და იმ მონატრებული სიგარეტის ნაფაზს კიღამ გადავყევი ზედ…
დავიჯერო, მართლა ასეა ჩვენი საქმე? იმის მერე ყურს მხოლოდ ასანთის ღერით ვიფხან, თითქოს ეს რაიმეს ცვლიდეს.
რა სისულელეა… რას მაძლევს აქ ფრონტონი-არაფერს! წავშალეთ.  აი ასეეე…
საიდან სადაო, მაგრამ ეგეც მშვენივრად გრძნობს თავს უტვინოდ, თორემ არ იქნებოდა ახლა ასე მშვიდი და უშფოთველი.
მაგრამ ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა და დიდხანს ვერ გას-ტააანს… ესეც ასეე, აქ კი თაღი.  აჰა, კარგია.
ცოტაც მადროვე და შენი ვარ.
მაგიდაზევე გაგაგორ - გამოგაგორებ, ისე მოგეფერები ხელში შემომეფცქვნები.
ფუჰ, შენი…ისევ გავერთე. საშლელმაც თუ დამიდღაბნა… გადავრჩით.
ჰო! უვერტიურაა მოკლედ, თუ პრელუდია, როგორაა იქ, მუსიკაში.
თუმცა ამ ბოლო დროს მაგისთვის ვერ ვიცლი რატომღაც.
მსოფლიო  ფინანსური კრიზისის ბრალია ვითომ- მოსწრებაზეა ყველაფერი.
დავაცხრები ძერასავით, აზრზე მოსვლასაც ვერ ასწრებს- შიშველია… და რა ათი წუთი, რი ათი წუთი, ზოგჯერ წუთიც კი ბევრია…
იცი რომ ვერსად წაგივა და მაინც უნახავივით იქცევი.
მერე კმაყოფილების ღიმილით იმშრალებ ტკბილად დადორბლილ ტუჩპირს.
ისიც დაცლილი, დაწრეტილი, მხოლოდ მომჩვარული სამოსი რჩება იქვე სადაც წაასწრო, მშვიდს და უდრტვინველს აწ უკვე დაოკებულმა ჟინმა… და რას იზამს რო-უკვე ყველაფერი მორჩა!
ახლა კი წამოსკუპებულა მაგიდაზე და აზრადაც არ მოსდის, რა მაცდუნებელია, რა სასურველი და თან რა დაუცველი.
ან იქნებ შიშნარევი მოლოდინითაა სავსე. თუმცა შიში რა შუაშია, ან თუნდაც მოლოდინი…მაშინ რა ხდება?
ახლა რომ მოვიხედო და იქ არ დამხვდეს ხომ გამისკდა გული.
მორჩა, ამას მაინც ვასწრებ ასეა თუ ისე…ახლა დროა იმას მივხედო. მეტი მოთმენაც აღარ შემიძლია.
…აბა! ნახტომი შემობრუნებისთანავე და ადგილზე ვართ.
მმმმმმ….ვგიჟდები ისე მიყვარს ფორთოხალი…
___________________________________________________________________________________

ნუ შემაწუხებთ!


-საბაგირო დღეს არ იქნებაო - სიცხით შეწუხებული რვეულით ინიავებდა.
-ამათ ხომ არაფერი შველის… რა ვქნათ ახლა, მოკლეზე მოვჭრათ?
-გაგიჟდი? ნახე რა სიღრმეა… ქვევით ჩაგვირბენია, მაგრამ მერე აღმართს რა შეუყვება.
-აბა ბიჭო, ნახე  რა პატარაა და რამოდენა ხევი გაუჭრია. 
-ჰო რა! პატარები მაგარი ტიპები არიან, აი ჩემი ძმა…
-ოოოჰ, აუშვებს ახლა, ჩემი ძმა, იმის და, ამის ესა…  შენ ისა თქვი უფასოდ ვინ წაგვიყვანს, ჩვენივე ფეხების გარდა.  წავედით, ტყუილად ვკარგავთ დროს, თან გზაში მოყევი რაო შენმა პატარა ოყნამ…
-ოყნამ კი არა ძმამ…
-ეგრე იყოს… აბა დავეშვით?.
-ბედი რომ ნაწვიმარი არაა… აი მაშინ გენახა.
-მაგარი ხარ რა… ნაწვიმარზე არც ეგ ღელე იქნებოდა ეგეთი პატარა და აზრადაც არ მომივიდოდა ზედ გადახტომა. ახლა კიდევ რა, გადააბიჯე და ეგ არი.
- ვითომ ნაწვიმარზე ავტობუსებს უფასოდ დაჰყავდეთ! ასე უნდა ვიფიქროთ? ლოგიკურია, სხვა თუ არაფერი.
-ოხ, ერთი შენ და შენი ლოგიკაც... დავეშვით, მართლა არ ივწიმოს ამ გახსენებაზე.
-მეც იმას არ გეუბნები, კიდევ კარგი რომ კაი ხანია არ უწვიმია მეთქი
-ეეჰ… ჩავიციკლეთ აი! სხვა რამე თქვი, თუ მაინც და მაინც გელაპარაკება.
არ ელაპარაკებოდა.
ხვნეშა ისმოდა მხოლოდ, მდინარისკენ დაგორებული ქვების  ყრუ ხმაურთან უნისონში. ჩარბენა, როგორც ასეთი, არ გამოუვიდათ. ფრთხილად მიიწევდნენ წინ დამრეცზე.
-ზემოდან უფრო მოკლე სჩანდა, არა?
-ჰო… რაკურსის ამბავია, დახრილი უფრო გრძელია ვიდრე გეგმილი.
-ვითომ რათაო - ფილოლოგიურზე სწავლობდა ეგ, კითხვაც დიდი ვერაფერი, მაგრამ ასატანი.
-გეომეტრიის კაპრიზებია - ეს კიდევ მათემატიკურზე სწავლობს, იცის როგორ უპასუხოს ცნობისმოყვარე ფილოლოგებს.
-კაპრიზები უძახე შენ და დამღალა…
-დაღლა ზევით ასვლისას თქვი… იქ სხვა კაპრიზები დაიწყება.
-არაგეომეტრიული?
-ჰო.
-მაინც?
-ანატომიური… მოჰყვება რასაც ფსიქოლოგიური.
ნიშნის მოგებით იყო ნათქვამი. იდეა ხომ ფილოლოგს ეკუთვნოდა.
ჩავიდნენ. ავად თუ კარგად, უკვე მდინარის პირას იდგნენ. აღმართი ამ რაკურსით, როგორც მათემატიკოსი იტყოდა, არა მარტო შემაშფოთებლად გრძლად, სევდისმომგვრელადაც გამოიყურებოდა. ეს უკანასკნელი ფილოლოგიური ხედვაა საკითხის.
ამოისუნთქეს, ღრმად… ერთხელ, მეორედ…მერამდენედ ვინ იცის…
-უკან ხომ არ დავბრუნდეთ - ცალყბად იკითხა ფილოლოგმა
-თუნდაც ათიოდ ნაბიჯით ადრე, ამ კითხვას ჰქონდა აზრი… ახლა კი წინ! ვექტორი უცვლელი რჩება! - ომახიანად ჟღერდა
უფრო მოხშირებული ხვნეშა დაგორებული ქვების ხმაურით გაზავებული... 
შესვენების სურვილი სულ უფრო და უფრო ამძიმებული... 
მოლოდინი - ვინ იკადრებს პირველი…და უცებ მოვლენილი საშველი
-ვაა, ნახე, კუ
შედგნენ. შვებით ამოისუნთქეს.
-აბა, კუ
-აგერ, ბუჩქის ძირას, შეშინებულია… შეძვრა თავის ციხესიმაგრეში, ეგეც ბასტილია არ იყოს ერთბაშად - ფილოლოგმა ხელში აიყვანა "ბასტილიას" თავშეფარბული კუ და ისეთი ინტერესით ათვალიერებდა, თითქოს უკვირდა შიგ როგორ შეეტიაო.
-ეგ ბასტილია კი არა, თვითგადარჩენის ინსტიქტია - მათემატიკოსი უძახე შენ!
-ბაკანზე კი  აწერია – ნუ შემაწუხებთ!
-აბა სად?
-სად, სად? ტატუ გაუკეთებია. ისე ვერ უნდა მიხვდე?!
-ეგ, როდის ავა ამ აღმართზე… ჩვენ როგორ მივღოღავთ... - თავის დაძვრენას გავდა თავგამოდება.
-როდის და დღესვე, ჩვენთან ერთად… გაუმართლა მოკლედ.
-ჩვენ რომ გაგვმართლებოდა ეგრე, არა? - ისევ წაიფორხილა
-როგორ მაინც?, მოხევ ხოლმე ზოგჯერ. ჩვენ გაგვიმართლა, რომ კუ არა ვართ… თუმცა ვინ იცის, იქნებ სულაც არ იყოს საქმე ასე მარტივად
-კუ კი არა, კუები - მათამატიკა, სწორედ სიზუსტეზე გადარევის გამო არ უყვართ  არამათემატიკოსებს.
-თუ ეგრეა, მაშინ, “კუნი” უნდა ვთქვათ, სანამ სუნი რამე უსიამოვნო არ დატრიალებულა.
დიალოგი ორივეს აწყობდა. შეისვენეს. კუ - ბედისწერის უცნაური თამაშის მსხვერპლი, იქნებ ფიქრობდა კიდეც რაიმეს, მაგრამ ვის რაში ენაღვლებოდა ეს… და სამივენი შეუდგნენ აღმართის დარჩენილი ნახევრის აკეცვას.
*****
-მოვედით. დასვი ახლა ეგ საცოდავი, სანამ გული გასკდომია შიშისგან
-აბა, ხვდება ვითომ რას გადარჩა, ეს სულელუკა ესა, ჩემი პატარა ძმა ამბობს ხოლმე ასე…
დასვეს და …
აქ შეიძლებოდა გვეთქვა, კუს მიწასთან შეხებამ სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარაო… ცოტა იდროვა. მერე მაინც გამოძვრა თავისი სიმაგრიდან და დარწმუნებულმა სტუდენტების კეთილგანწყობაში ტაქსს ხელი აუწიაო… ან ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა და თვალზე ცრემლმომდგარი დიდხანს გაჰყურებდა სტუდქალაქისკენ მიმავალ გულკეთილ ბიჭებსო… ლოგიკური იქნებოდა, თან ქაღალდიც ხომ ყველაფერს იტანს.
…მან კი რატომღაც, პირი, ამჯერად უკვე დაღმართისკენ იბრუნა და მდინარისკენ დაუყვა ხორკლიანსა და ოღროჩოღროს.
ბიჭები მდუმარედ, ცოტა დარცხვენილებიც კი,  გასცქეროდნენ მძიმედ, ფრთხილად და ცოტა არეულად მიმავალს.
ვის რაში აინტერესებდა თორემ, კუ იქნებ ფოქრობდა კიდეც - ერთი თქვენი უნივერსიტეტში ჩამრიცხავისო…
მზით ახურებულ ბაკანზე კი ახლა მკაფიოდ იკითხებოდა - ნუ შემაწუხებთ!!!
_____________________________________________________________________________________________________________

სუფთა და ჯერ კიდევ თბილი ფურცელი

-აბა, მიჩვენე ერთი რა გამოგივიდა
-ჩვეულებრივი ნოველაა
-ძალიან კარგი... დროზე გამოუშვი ჩემს პრინტერზე, თორემ დაგტოვებ ურეცენზიოდ.
-კომპიუტერში ხომ არ გადმოგიგდო?
-რასაც გეუბნები ის გააკეთე, აქ ყველა ნიუანსს მნიშვნელობა აქვს.
აშრიალდა პრინტერი. ფურცელი ერთი, მეორე, მესამე... ისევ ციმციმებს ინდიკატორი
-აკი, ნოველააო
-ფურცლები არ გყოფნის?
-ეგ არ იდარდო, შენ ისა თქვი, ვინ წაიკითხავს ამას მონიტორიდან...
-წიგნიდან ხომ წაიკითხავენ
-წიგნიდან კი ბატონო, ვისაც აჩუქებ ავტოგრაფით... მაგრამ მანამადე უნდა გამოსცე ხომ?  შენ რა, საკუთარი გამომცემლობა გაქვს თუ გამომცემელი გყავს ბიძაშვილი...
-იცი რას გეტყვი, სულაც ნურავის წაუკითხავს... ჩემს ჭიას ვახარებ და მორჩა.
-ახლაც ხომ მაგრად გაახარე არა!  ეგრე არ გამოვა ძმაო
-ნუ გამოვა მერე, მიხედე შენს არქიტექტურას და შემეშვი
-არც ეგ გამოვა...
-ვაა, შარი ხარ, რა!
-მოკლედ ეგრე... გეყოფა მიამიტობა, ტეხნო ეპოქაა ძმაო, დროა აზრზე მოხვიდე. გააკეთე კოპიო და რედაქტირება დავიწყოთ. მაქვს ერთი იდეა.
-ექსპერიმენტები შენს პროექტებზე ჩაატარე
-ჩავატარე უკვე და გაამართლა, რომ იცოდე
-განსახვავებას ვერაფერს ხედავ წყალსა და ღვინოს შორის?
-ვხედავ, თან ძალიან კარგადაც, სწორედ წყალს ვაქცევთ ახლა ღვინოდ
-მეტისმეტი ხომ არ მოგდის... არ შემოგწყრეს...
-მე მას ვუყვარვარ! არც შენ კიდიხარ ფეხებზე, რაკი შენი ჭია გყავს. გააკეთე კოპიო?
-ეეჰ, დაგყვები ამ ერთხელ, თუ პირობას მაძლევ, რომ მერე თავს დამანებებ. ისე    ერთხელ მაინც გადაგეკითხა, იქნებ მოგეწონოს კიდეც
-გპირდები რომ  წავიკითხავ. შენი მე ყველაფერი მომწონს, მაგრამ ეს არ შველის საქმეს, როგორც ხედავ. ახლა  კარგად მომისმინე. აი ეს რემარკები რამე და ეგეთი რაღაცეები სმაილებით შევცვალოთ.  სადაც კი შეიძლება
-ეგ არის იდეა?! სმაილები რომ არ იბეჭდება თუ იცი შენ?
-ხომ მითხარი დაგყვებიო, ჰოდა სიტყვა სიტყვაა... ჩვენ ახლა ნოველის კომპიუტერულ ვერსიას ვქმნით. მიდი რა. მანამ მე ჩემს საქმეს მივხედავ.



-ჰა, რა ქენი?
-რაც მთხოვე, ანუ დიდი სისულელე.
-აბა გამოუშვი კომპიუტერზე
-პრინტერზე ხომ არა.
-გააკეთე რასაც გეუბნები. კომპიუტერზე!
გამოუშვეს.
-ვააა, ნახე რა შედეგი დავდეთ, მაგარია.  სულ რაღაც ორი ფურცელი.
-იქნებ ახლა მაინც წაგეკითხა.
-ეგ, ყოველთვის მოესწრება. ჯერ ვიზუალური მხარე გავაანალიზოთ. ნახე რა ემოციებია, თან ეგრევე ისრუტავ, გეუბნებოდი გაამართლებს მეთქი. სანამ წავიკითხავდე ერთი შტრიხიც და მზად იქნება. მაგარი სიახლეა რომ იცოდე, შენ საკუთარ სტილს ამკვიდრებ ძმაო. მოდი ახლა მე ამას წავშლი, სულმა რომ არ წამძლიოს, შენ კიდევ დიალოგებიც ამოყარე, და ეგრევე პრინტერზე გამოუშვი.
-იქნებ ისევ კომპიუტერზე ჯობდეს.
-პრინტერზე-მეთქი... და რეპლიკების გარეშე.
აშრიალდა პრინტერი. ერთი ფურცელი და... მორჩა.
პაუზა.
-ვააუ, ამას კი ნამდვილად არ ველოდიი... მაგარია რა! რაღაცით მალევიჩის “შავი კვადრატი” მომაგონა. ისიც ასე იქმნებოდა ალბათ. საოცარია. სრული თავისუფლება მკითხველს, რაც მოეპრიანება ის წარმოიდგინოს, თუმცა სათაური მაინც არ იქნებოდა ზედმეტი. საორიენტაციოდ, ასე ვთქვათ. აბა წარმოიდგინე, მალევიჩს თავისი ტილოსთვის რომ არ მიეწერა “შავი კვადრატი”, მიხვდებოდი რამეს? ვერა ძმაო!
-მიჩვენე ერთი რა შედეგი მიიღე ასეთი გამაოგნებელი
-ა, ბატონო, სათაურიც მოვიფიქრე “სუფთა და ჯერ კიდევ თბილი ფურცელი”. როგორია?
-ახლა მაინც თუ წაიკითხავ?
-წავიკითხე უკვე, და აღფრთოვანებულიც დავრჩი.
-გაიხარე. მიხედე ახლა შენს საქმეს. დაბადების დღეზე ასეთი ნოველების მთელ ყუთს გიყიდი საკანცელარიოში. ცოტას შეათბობ და ისიამოვნე.
______________________________________________________________________

მაისის ეს დღე...

მაისის ეს  დღე, ჩვეულებისამებრ მზიან-ლირიკულია და ფიქრებითაც, უფრო  დიდი სიამოვნებით მოგონებათა კრიალოსანს მარცვლავს,  სევდანაფერი ღიმილით, ვიდრე მომავლის  იმედიან ყიჟინას აყურადებს.
რატომღაც ასეა ამ ბოლო ხანს და მეც უამრავ "მე"-დ დაშლილს ძილბურანში ყოფნა გამიტკბება ხოლმე...
სწორედ ამ დღეს, თორემ ისე, ისევ ის ბიჭი ვარ...

პირველმა, იმედმა დამირღვია მშვიდად მთვლემარე ალიონი, მხარზე ხელი დამკრა ჩვეული რიხით და
-რა იყო, ყმაწვილო? რაზე დაფიქრებულხარ ასე უგემურად... ნახე რა დარია, რა დილა თენდება...
ვეტყოდი ორიოდ "თბილ" სიტყვას,  მაგრამ მოგისმენს რო.
ეგ თუ ალაპარაკდა მარტო ენაა, ყურებს თვითონ იცობს თუ თავიდანვე ჰქონდა ასე, რას გაიგებ.  მესიმპატიურება მაინც და იმიტომ თუ ამოვხედავ მოწყალედ თორემ, მაგის ჭკუით... 
ეეჰ, ბარემ კარგი იქნებოდა მისი ჭკუით სიარული, ყველაფერი მისივე სურვილისამებრ რომ ლაგდებოდეს...
-არ მესმის შენი- თავის სტიქიაში იყო დაუდეგარი -  იუბილარი  ხარ, ჩემო კარგო... გაიღვიძე აწი. მალე სტუმრებით გაივსება აქაურობა. ადე, ჰო!.. და ღიმილი არ მოაკლო ხალხს. ხომ იცი როგორ უყვარხარ ყველას.
-არ მეღიმება იქნებ - ვცადე გაურჩება
- ეეხლა გეყოფაა... ეს მეტისმეტი მოგდის იცოდე, ისე მე გავიხარო...
სიზარმაცე  გააღვიძა  იმედის თავგამოდებამ.
-ეი, შენ! ჭკუამხიარულო. რას შეუჩნდი ამ კეთილშობილ ადამიანს. ვერ ხედავ დაღლილია, არც თქვენი მოლოცვები უნდა და არც უკბილო ქათინაურები. დაასვენე რაღა! რა? უფლება არა აქვს დაისვენოს?
- დაისვენოს, ვინ უშლის? მაგრამ მთლად ასე მოიმჩვაროს, ისიც არაა ლამაზი.
-მოიმჩვაროს მერე - პესიმიზმი ჩაერთო კამათში - აბა რა უნდა მოსვლოდა ამდენი წლის ვაი-ვაგლახში. წლები, ძმაო, წლები თავისას ითხოვს. ცხოვრება გაილია ესკიმო ნაყინივით, შედეგი კი რა? არც არაფერი.
-როგორ თუ არაფერი - აღშფოთდა ღირსება - აბა საიდან მოვიდა  ამდენი სიყვარული, ამდენი სითბო... აღიარება ბოლოსდაბოლოს.
- აღიარება კი, კი... ძაან აღიარებულია, ძაან, მეტი რომ არ შეიძლება ისეთი - ღიმილით ჩაერთო საუბარში ირონია - შენ რას იტყვი, უმწიკვლოვ?
მძიმედ ამოიხვნეშა სინდისმა
-რა უნდა გითხრათ, დაბადების დღე აქვს ადამიანს...ერთი უბრალო  დაბადების დღე  და იყოს ისეთი როგორიც არის... ეს ერთი დღე მაინც იყოს თავის ჭკუაზე
-და როგორია მაინც?.. შენი აზრით- მორცხვად იკითხა სიყვარულმა
-რაკი შენ არ შორდები, არც თუ ურიგო უნდა იყოს.
-მართალი ხარ, ხო იცი... ეგ ჩემს მტერს ეტაკა, ადგილს არ დაგიტოვებს ჩამოსაჯდომს- სიძულვილი ადუდღუნდა უხალისოდ
-კაი ერთი... სიყვარული რომ არა მე ვინ მაჭმევდა პურს. შენ გაიხარე, რაც უფრო დიდი ხარ მით უფრო ვბრწყინავ მეც - თვალი ჩაუკრა სიყვარულს იჭვმა
-გეშლება რაღაცა აშკარად... მწარედ გეშლება თან, მე მოვკვდე!
-თუ ძმა ხარ რა! - მეგობრობამ, დარდიმანდულად გადახვია ხელი განაწყენებულ ერთგულებას - დღეს ისეთი პონტი გვეჩითება, ამათ  მოვაშლევინებ ნერვებს? დაწყნარდი, ძმურს გეუბნები
- მაგრები ხართ თქვენ. რა პონტები გეჩითებათ ასეთი? - შური გაკაპასდა - ერთბაშად პარიზში არ მიფრინავდეთ იმათსავით
-აქ რა, არ მოგწონს? გასაბერო... პარიზელებს ჭკუა რომ ჰქონდეთ აქეთ უნდა მოფრინავდნენ ახლა - პატივმოყვარეობაც აქ ყოფილა
-კამპანიას გაუმარჯოოს-იუმორი გამოჩნდა- ვაჰ... ჩემი პაწიაც აქ არის. ხომ არაფერი წამოგიროშია ისევ, ჰა?
-თუ სიმართლეს ყავლი არ გასვლია...
ქვეშქვეშ გამოხედა ირონიამ, ღიმილს მალავდა აშკარად.
-სიმართლეს დაანებეთ თავი თქვენ!  ყავს მაგას თავისი მსაჯული - სინდისმა ჩაიწმინდა ხმა.
... და აირია მონასტერი. ვინ ვის და რას ებნებოდა ვერ გაარჩევდა მამაზეციერი. ვინც აქამდე დუმდა ისიც აჰყვა საერთო ფერხულს და რაღა ბევრი გავაგრძელო,  ამატკივეს თავი, იმდენი ქნეს.
-თქვენ რა დღეში ხართ, ჰა? - კოპები შეიკრა იმედმა - ნახეთ რა, დრო... სულ წაუხდინეთ ხასიათი... შენც კარგი ვინმე ხარ,  ორიოდ თბილი სიტყვა ვერ გამოიმეტე... იუბილარია კაცი, სხვა თუ არაფერი.
-მე რა... მე ცუდი არაფერი მითქვამს - იუკადრისა სინდისმა
-არც კარგი - ულმობელი იყო იმედი - შენ მაინც ამიბი მხარი, შენ ხომ ჩემი ტყუპისცალი ხარ თითქმის.
- აქა ვარ, სხვა რა ვქნა? - ხელები გაშალა სიყვარულმა - სანამ მამყოფებთ ვიქნები... თუ მომიძულებს რას ვიზამ? კია ეგერ დადარაჯებული... 
- კარგით ახლა - სიზარმაცემ დაამთქნარა - დაგვასვენეთ... ხალხი არა ხაართ?
-მართალი ხარ - პესიმიზმმა აუბა მხარი - დაბადების დღე არა, ისა... მაინც არაფერი კარგი არ მოხდება ამ ცხოვრებაში და იქეთ კიდევ უარესი.
-შენ თუ იტყვი ეგრე იქნება, ხომ იცი - ირონიამ ჩაიღიმა ჩვეულებისამებრ.
-მე მაქვს ერთი კარგი და ძალიან საყვარელი იდეა - სიკეთემ ამოიღო ხმა როგორც იქნა.
-საყვარელი კი იქნება, კი... კარგის რა გითხრა
-ოხხ. ირონიავ, ირონიავ...ვატყობ, არმად შეგრგებია იუმორის ძუძუ - სინდისმა ჩაილაპარაკა - თქვი აბა რა იდეა გაქვს, მე მხარს გიჭერ ეგრევე.
-რა და... დავზავდეთ ახლა, კეთილი ვინებოთ და შევიჟუჟოთ ისევ ჩვენს თბილ ბუდეში და როგორც ადრე, ერთხელაც  ვნახოთ რა მოხდება... აი ისიც გამოჩნდა...
-ადე ახლა, ადე და შეხვდი, როგორც ბავშვობისას იცოდი ხოლმე... ბედნიერი ღიმილით... თორემ, გაფრთხილებ, მომიმდურებ სამუდამოდ - ასე სერიოზული იუმორი არასოდეს ყოფილა.
-მიდი ჰო ... მიდი. მოვიდა უკვე. და არ დაგავიწყდეს ჩვენ რა დავგეგმეთ... ადე... მიდი... მოვიდა - არ მასვენებდა იმედი
ეეჰ... ამდენი წელი ამათ ხელში... გასაკვირია, კიდევ  რავა მიდგას პირში სული.
შევეგებე, როგორც ყოველთვის, თბილად მოღიმარს.
-მოხვედი ხომ? ... ისევ მოხვედი -- დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზე, არა?
-სხვა რა გზა მაქვს რო?  მე შენი დაბადების დღე ვარ.  ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შენს ცხოვრებაში...
-უმნიშვნელოვანესი - ვცადე გახუმრება
- მააშ!  სწორედ ამ დღეს, დედამ  უფლისგან დალოცვილმა, პირველად ჩაგიკრა გულში  და  ამას შეგახსენებ ხოლმე. იმედი მაქვს კიდევ მრავალი წელი,  სანამ უფრო მნიშვნელოვანი დღე შემცვლიდეს.  მაშინ ის დღე გახდება ყველა სხვაზე აღმატებული  და ისიც დაბადების დღე იქნება,  რამეთუ მაშინ თავად უფალი ჩაგიკრავს გულში.
-ეგ როდის ?
-აქამდე ეს არ გიკითხავს.
-აქამდე არც შენ გილაპარაკია ასე... ესეც რომ არა, ოდესმე ხომ უნდა მეკითხა მაინც?
-მე პასუხი არ ვიცი... შენ თავად მიხვდები, როცა უფალი ინებებს იცოდე - გაიგებ კიდეც.
-ხო,  მივხვდები... როცა შენ აღარ მოხვალ ყველაფერს მივხვდები.
-ცოტათი ადრეც, ალბათ ...
-ხო, მართალი ხარ... ცოტათი ადრეც.
-ასეა... რა ვქნათ ახლა? არ ავღნიშნოთ შეხვედრა?
-სხვა რა გზა გვაქვს რო?.. მიხარია რომ ისევ ერთად ვართ.
-მეც მაგრად მოგეჩვიე, რომ იცოდე... არასოდეს დამვიწყებიხარ ამ დღეს, თუ შენიშნე
ალალად გამიღიმა,  თბილად თბილად და კიდევ ერთი წელი მისაჩუქრა... ამ ბოლო ხანს ტყპისცალივით კი გვანან ერთმანეთს საჩუქრები, მაგრამ მაინც რაღაცით  განირჩევიან.
რატომღაც ასეა ამ ბოლო ხანს...
სწორედ ამ დღეს, თორემ ისე,  ისევ ის ბიჭი ვარ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები