მარტოხელა მხატვრის ბინა. სახელოსნოს უფრო ჰგავს, დიდი ფოიეთი, კედლებზე უჩარჩოო ნახატებით და კედლის გასწვრივ, იატაკზე ქაოტურად მიყრილი დაგრუნტული, დამტვერილი ტილოებით. შუა სახელოსნოში, მოლბერტი დევს. მოლბერტზე სახატავად გამზადებული ტილო. მოლბერტს მიღმა, სახელოსნოს სიღრმეში მეორე ოთახში გასასვლელი კარი ოდნავ მოღიავებულა. კარიდან ძლიერი ხვრინვა მოისმის და შემოსავლელის წყვეტილი ზარის ხმაში ირევა... რამდენიმე წამიც და მეორე ოთახიდან მამაკაცი გამოდის. ასე, 39 წლისა. გაბურძგნული თმით და მოღუშულ-დაჭმუჭნილი, მოკლედ წვერმოშვებული სახით. შესამჩნევად შელახული მოკლესახელოიანი მაიკით და მუხლებზე გადახეული ჯინსებით. უკმაყოფილო ბუზღუნით მიემართება კარისაკენ და საჭვრეტში იხედება. კაცი (გაღიზიანებით) - ვინ არის? ხმა - გააღეთ… ძალიან გთხოვთ, გამიღეთ... კაცი - რა გნებავთ… ვინა ხართ? ხმა - იქნებ ვალიდოლი გქონდეთ, ან ნიტროგლიცერინი… გთხოვთ… მცირედი პაუზა… კაცი კარებს აღებს. ზღურბლზე ახალგაზრდა მამაკაცი დგას, ძალიან ფერმკრთალი, მეტყველი, მიწისფერი თვალებით და მძიმედ სუნთქავს. - ბოდიშს გიხდით… გულისთვის რაიმე, თუ შეიძლება… - ცუდადაა ვინმე? - მე… მე ვარ ცუდად... - ვნახა ახლავე... ერთი წუთით… - კაცი ბინის სიღრმეში გავარდა - თქვენ დაბრძანდით. - მიაძახა სტუმარს. ფერმკრთალი ახალგაზრდა, კედელს მიეყრდნო და თითქოს ჩამოიღვენთაო, იატაკზე დაეშვა. კედელს მიეყრდნო და თავი უმწეოდ ჩაჰკიდა. კაცმაც მალევე მოირბინა. - აი… სულ ესაა, რაც მაქვს. - კარგია… კარგი... სწორედ ეგ მინდოდა. ახალგაზრდამ ორი აბი ჩაიდო პირში და ხელისგულები თვალებზე აიფარა. ნატიფი თითები შუბლს მარწუხებივით შემოჭდობოდა და ისედაც ფერმკრთალ კანს სითეთრემდე აბაცებდა. შემაშფოთებლად გაგრძელებული პაუზა კაცმა დაარღვია - მოგეშვათ? როგორა ხართ? - ტელეფონისკენ გაიხედა - იქნებ სასწრაფოში დავრეკო… ა? - არა… ნუ შეწუხდებით. უკეთა ვარ… ისინი როდის აქ მოვლენ… არაა, არ ღირს დარეკვად. უკეთა ვარ… აშკარად უკეთ... გმადლობთ. - ფერი არ გადევთ სახეზე… გაფითრებულხართ ძალიან. - ეგ არაფერი… საერთოდ ფერმკრთალი ვარ… კანი მაქვს ეგეთი. იქნებ კარი მიხუროთ… ორპირი უბერავს მგონი. კაცი კარს კეტავს. - სკამზე დაბრძანდით… თუ შეძლებთ. ხომ არ მოგეშველოთ? - გმადლობთ. არ არის საჭირო… თვითონაც შევძლებ. გაჭირვებით წამოდგა და მაგიდასთან მიდგმულ სკამთან მილასლასდა. დაჯდა. ოთახში მიმოიხედა. უეცრად გამოცოცხლებული მზერით კაცს მიაჩერდა. უსიამოვნოდ გამჭოლით და თითქოს აქამდე არც არაფერი მომხდარიყო, ისე გაიღიმა... ცივად, ირონიანარევი ღიმილით. - რას საქმიანობთ აქ? - ვერ გავიგე ! - მოულოდნელმა კითხვამ დააბნია კაცი - რა არის გაუგებარი… რითი ხართ-მეთქი დაკავებული. რითი შოულობთ “პურს არსობისა”- მეთქი, ვიკითხე. - ჰო- ო? მხატვარი ვარ… - უგემურად გამოეპასუხა კაცი - ფერმწერი. არც ისე, როგორც ზოგიერთი, მაგრამ საკმაოდ ცნობილი. - ვიწრო წრეში, არა? - უკაცრავად! - უხეშად მოესმა კაცს ნათქვამი. - თქვით პირდაპირ რასაც ფიქრობთ… ჯერაც არაღიარებული გენიოსი ხართ, არა? ხელმოცარული ტალანტი. - მომისმინე ახალგაზრდავ… თუ თქვენ უკეთ ხართ, მე კიდევ ვხედავ, რომ უკეთესი ზედმეტიც კი იქნებოდა, გთხოვთ დატოვოთ ჩემი ბინა!!! - კატეგორიული იყო კაცი. - მერე და ვინ გითხრათ, რომ უკეთესად ვარ. თავად არ თქვით, ფერი არ გადევთ სახეზეო - კმარა! - უხეშად გამოეპასუხა კაცი _ რა გნებავთ? რა უფლებით შემოჭრილხართ ჩემს სახლში? - მე არსადაც არ შევჭრილვარ… თავად არ შემომიშვით? - არა აქვს ამას არავითარი მნიშვნელობა, თქვენ, როგორც ვატყობ ვიღაც ინტრიგანი ხართ, და ეს სავსებით საკმარისია ჩემთვის, გაგისტუმროთ! - მკაცრად კატეგორიული იყო კაცი - ოოო… რა არ უწოდებიათ ჩემთვის, ახლა კიდევ ინტრიგანი. უნდა გაგაწბილოთ. არ არის ინტრიგები ჩემი ინტერესების სფერო... არ მეკადრება მე ასე დაწვრილმანება. - არ მაინტერესებს! ახლავე წადით აქედან - სახე არეოდა კაცს - ნუთუ... ვერ ხედავთ რა ცუდად ვარ? - მკერდზე ყასიდად ხელი მიიდო სტუმარმა - სიმულიანტ!!! - ბრაზს ვერ იკავებს კაცი - ვინ ოხერი ხართ… რა უფლებით?! - მაგიდას დაეყრნო მუშტებით და მუქარით გამოსცრა კაცმა - მე? ვინა ვარ? როგორ აგიხსნათ ახლა ეს. ან რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ვერაფერს გაიგებთ. ეგეც არაფერი, უბრალოდ ვერ დაიჯერებთ. მოსაყოლადაც გრძელი ამბავია. მერწმუნეთ სიტყვაზე. უმჯობესია ისევ თქვენზე ვისაუბროთ და ჩათვალეთ, რომ ამის უფლება მაქვს… ასე ჯობია თქვენთვისაც. - მე არაფერი მაქვს თქვენთან სალაპარაკო… მიბრძანდით აქედან! სანამ, სანამ… - რა, სანამ?! რა? აი, ხედავთ, არსადაც არ მივდივარ, რა მერე? განრისხებული ეცა კაცი თავხედურად მოღიმარ ახალგაზრდას. თეთრი პიჯაკის საყელოში წვდა და დაეჯაჯგურა. ძალით უნდოდა გაესვა გარეთ და ღონეც არ დაიშურა საამისოდ, მაგრამ ისეთ უშფოთველ და მედგარ წინაამღდეგობას წააწყდა, დაუძლურებული შეეშვა უიმედო საქმეს და იქვე, მაგიდასთან მიდგმულ სკამზე ჩამოჯდა. მძიმედ სუნთქავდა კაცი. - ასეც ვიცოდი… ინტრიგანი... სიმულიანტ!!! - რატომ ? - მშვიდად კითხა სტუმარმა და ვალიდოლის კოლოფი გაუწოდა. - თქვენ… თქვენ რომ გული გაწუხებდეთ - სვენებსვენებით ლაპარაკობდა კაცი - გაგისკდებოდათ უკვე. - მართლა? - მკერდზე მიიდო ხელი - ე! სად არი გული? ჩემი გული სად არის? რა… რა დამალევინეთ ასეთი… მართლა ხომ არ გასკდა? ნახეთ, ნახეთ თვითონაც… აბა, სად არის ჩემი გული? ხელი სტაცა მაჯაზე და მკერდზე მიიდო. თავიდან აქტიურად უძალიანდებოდა კაცი, მაგრამ უშედეგოდ. მერე თვითონაც მიხვდა რაღაცას და გაოგნდა… გული არ ცემდა. - რა ფოკუსებია - გამოერკვა კაცი - რეებს კადრულობთ… - როგორ თუ ფოკუსები.. . არ არის… არ ისმის… არ მიცემს - სასოწარკვეთა აღებეჭდა სახეზე ფერმკრთალს - პულსი… პულსი? არც პულსია… ნახეთ, თქვენც ნახეთ. აი თურმე როგორ ხდება ეს… შეშინდა კაცი. - ღმერთო ჩემო, რა დაგემართათ… - გული… გული გამიხეთქეთ, სასტიკო, დაუნდობელო ადამიანო… მორჩა… დასრულდა… ბნელა… - იატაკზე გაიშხლართა ფერმკრთალი ახალგაზრდა და მიწისფერი თვალებიც დახუჭა. შეშფოთებულ-შეშინებული კაცი მუხლებზე დაეცა და ლოყებზე გაულაწუნა… შემაძრწუნებლად ცივი ეჩვენა სახე. ტელეფონს მივარდა. აკანკალებული თითებით კრეფს ნომერს. დუმს ტელეფონი. ჯიბეები მოიქექა. მობილური მოიძია. მაგიდაზე დებულა რომელიც... გიჟივით მივარდა და სასწრაფო დახმარების ნომერი აკრიფა. “აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდან” - ერთდროულად მოესმა მობილურიდან და იქვე, გვერდიდან. "სასწრაფოში ვრეკავ, რას ქვია გასულია…" - გაუელვა კაცს და მხოლოდ მერე მოიხედა. ახლგაზრდა და ფერმკრთალი მშვიდად იჯდა მაგიდასთან და უღიმოდა. - რა-ა? რა ხდება ეშმაკმაც დალახვროს - გაბზარული ხმით იკითხა კაცმა. - აკი გითხარი, ნუ დარეკავთ მეთქი… ეს შემთვევა მათი კომპეტენციის მიღმა დგას. - ახლავე პოლიციაში დავრეკავ! - მიდი აბა! რეკე და რეკე, სანამ არ მოგბეზრდება. კაცი რეკავს. გაკვირვებული ისმენს პასუხს. სტუმარი, იზმორება და სიტყვასიტყვით იმეორებს უკვე მონასმენს. უმწეობამ მოიცვა ერთიანად კაცი. - როგორ აკეთებთ ამას… - მე არაფერს ვაკეთებ… ვერ ხედავთ განა? - ვინა ხართ, არ იტყვით ბოლოსდაბოლოს? - თქვენთვის ეს აუცილებელია? დაფიქრდით… ხშირად, უმჯობესია არ ვიცოდეთ ზოგი რამ. - მე მინდა ვიცოდე! - კარგი. თქვენ ისურვეთ ასე. - დიახ. გისმენთ! - ერთი შეკითხვა… ღმერთი თუ გწამთ? - რა კავშირი აქვს ამას ჩემს სურვილთან, ვიცოდე ვინა ხართ. - პირდაპირი! - დავუშვათ. - კარგი პასუხია… დავუშვათ… იყოს ასე. დავუშვათ, მე ვმსახურებ. - და რას მსახურებთ… დავუშვათ? - ცდილობდა მშვიდი ყოფილიყო. - რას კი არა, ვის! - მაშინ, ვის მსახურებთ? - იმას - ჭერისკენ აიშვირა თითი სტუმარმა. - ჰო-ო… გასაგებია, თქვენ ერთი იმათთაგანი ხართ არა? რა ჰქვიათ… ადვენტისტები, თუ მორმონები… თუ კიდევ, იეჰოვას მსახურები. - მოწმეები. - აი, აი… მოწმეები. რა განსხვავებაა? - მართალი ხართ. არავითარი! მაგრამ უნდა გაგაწბილოთ მაინც. არცერთ ზემოთხსენებულ ორგანიზაციას მე არ ვეკუთვნი. არც იმათ რომლებიც ჩამონათვალში ვერ მოყვნენ... მაქვს ფუფუნება, პირდაპირ ვმსახურებდე, შუამავლის გარეშე. - თქვენი საქმისა, თქვენ იცით… მაინც რაში გამოიხატება თქვენი სამსახური? რას საქმიანობთ, ასე ვთქვათ. ჯერაც ვერ დამშვიდებულიყო კაცი. -როგორ აგიხსნათ?.. ჩემი საქმიანობა გარკვეულწილად დალაგება-დასუფთავებას ჰგავს. - მეეზოვე?- ირონია მოიშველია მღელვარების დასაფარად. - არც მთლად ასე მარტივად -მაშ, რას ალაგებთ? თუ ასუფთავებთ… - რაღაც მოსაზრებით, შეიძლება ითქვას, მისი… - ისევ ჭერისკენ მიმართა თითი - მისი ცხოველმყოფელობის ზოგიერთ პროდუქტს, აქ, მიწაზე. - ასინეზატორი? - დამცინავად იკითხა კაცმა. დამშვიდებულიყო, თითქოს. - ცუდი შედარებაა! მკრეხელურიც კი… არა უშავს რა. ასე ვერ გამიგებთ ვატყობ… მოდი ასე ვთქვათ… მე ვარ გამცილებელი. -გამცილებელი? -ჰო… აქ ვხვდები, იქეთ ვაცილებ. -თქვენ გინდათ თქვათ რომ… - დიახ, დიახ, დიახ… ვიფიქრე პირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი ძალიან შეგაშინებდათ. - ხოო… ინტრიგანი ნამდვილად არ ყოფილხართ. არც სიმულიანტი. გიჟი ხართ… უბრალოდ გიჟი! თქვა კაცმა და მტკიცე გადაწყვეტილებით კარისაკენ გაემართა. ვერ გააღო. - გააღეთ ახლავე - მკაცრად მოხედა სტუმარს - მე არაფერი ჩამიკეტავს. - ამომივიდა ყელში თქვენი ფოკუსები… გააღეთ-მეთქი თორემ… - თორემ? - ეშმაკმაც წაუღიხართ… რა გინდათ ბოლოსდაბოლოს… არ იტყვით? - მე არაფერი მინდა… მე უბრალოდ ვასრულებ ჩემს მოვალეობას. - რა მოვალეობას… რას მიედ-მოედებით, ა? - როგორ მომაბეზრეთ თავი რა… ეს რა სირეგვნე შეგყრიათ ადამის მოდგმას. არა და ითქვა რომ, სახედ თვისად და ხატადო… სადაა მერე ეს სახე, ან ხატი სადღაა? - ან ის სად არის, არა? … ის… აი, ტრადიციული აქსესუარები, მაგალითად. - სამასკარადო კოსტიუმი? - თუდაც. ან ის სცენა რა იყო… გული და რაღაცეები. - შეუვალი ხართ, რა… ვერანაირი სცენარი ვერაფერს მიგახვედრებთ. იმ კოსტიუმში, მართლაც რომ გიჟი ვეგონებოდი ყველას, ვინც თვალს მომკრავდა. - ხართ კიდეც გიჟი…უბრალოდ აღიარება არ მოგდით აზრად, როგორც ყველა გიჟს. - მაშ კოსტიუმი, არა? კარგი... თქვენი სურვილი იყო ესეც! კარი თავისით გაიღო. ღიობი უზარმაზარ ჩემოდანს ჩაეხერგა. ახალგაზრდა და ფერმკთალი მივიდა კართან და უზარმაზარი ჩემოდანი ოთახში შემოათრია. კაცმა ღია კარისკენ გაიხედა მალულად… ხმაურით მიიხურა კარი. - ეშმაკმაც წაგიღოს… - ჩაილაპარაკა კაცმა - თქვენ ძალიან ხშირად ახსენებთ ეშმაკს, არ ვარგა ეს! - ისღა მაკლია ახლა, ჭკუა მასწავლოთ. სტუმარმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ჩემოდანი გახსნა. რამდენიმე წუთში, შავი სათვალეებით, თეთრი მაისურით, ტყავის ხელთათმანებით და ბენზოხერხით ხელში, ეფექტურ პოზაში იდგა და მრავალისმეტყველი სიავით შეეკრა შუბლი. - ასე უკეთესია? ახლა უკეთ გესმით ჩემი? - ცოტა სხვაგვარად კი წარმომედგინა - შეშინებულმა გახედა კაცმა ბენზოხერხს. - იქნებ მაისურის ფერი არ მოგდით თვალში. თქვით… ნუ გეშინიათ. - არა. მაგრამ, ეს ინსტრუმენტი უადგილოა მგონია… რატომღაც. - ააა, ესა? 21-ე საუკუნეა ადამიანო, რა გიკვირთ? ეფექტი სხვათაშორის იგივე აქვს. და რაც მთავარია უფრო პროდუქტიულია. ჩემოდანშიც კარგად ეტევა. დუმს კაცი. დამფრთხალ მზერას აპარებს ბენზოხერხისკენ. ცივად სცრის ტანში და ვერაფრით გაუგია რა უნდა ქნას ახლა… და შემდგომ წამს ხომ საერთოდ წარმოდგენაც არა აქვს, რა უშველის. - ვატყობ არ მოგწონთ თანამედროვე, როგორც ბრძანეთ, აქსესუარები ხერხი ისევ ჩემოდანში ჩააბრუნა. მოწყალედ გაეღიმა მიწისფერ თვალებს. კაცმა შვებით ამოისუნთქა. - მეჩვენება ეს ყველაფერი, თუ რა ხდება… - არაფერიც არ გეჩვენებათ, სამწუხაროდ… გამოტყდით, რომ ასე წასვლას ვერაფრით წარმოიდგენდით. - არა თუ ასე, არც არანაირად წარმომედგინა ეს. - ტყუით! - ოთახში მიმოდის ფერმკრთალი - ადამიანს საზოგადოდ ახასიათებს, მრავალგზის განიცადოს თავისი აღსასრული. როგორ ფიქრობთ, რას დასტირიხართ ხოლმე დაკრძალვებზე? მიცვალებულს? რომელიც იცით რას განეშორა, მაგრამ წარმოდგენა გიჭირთ რას მიეახლა? რა თქმა უნდა არა! საკუთარ თავს წარმოიდგენთ მის ადგილზე და ტირით გულამოსკვნით… არ მოგწონთ ეს. სულ ეგააო არ ვამბობ, მაგრამ მთავარი სწორედ ესაა. დიახ, დიახ… ნუ გიკვირთ. ან გაიხსენეთ ერთი, რა განწყობით კითხულობთ თარიღებს სასაფლაოზე და მერე რა გულმოდგინედ ანგარიშობთ, რამდენი დაგრჩათ იქამდე... ეხლა რა სინანული გიპყრობთ, რომ საკმაოდ გაცდენიხართ ადრესატს... და რა მწუხარედ მოკლდება მაშინ ჟამი "იქამდე"? წუთის წინ კმაყოფილებით რომ გამოთვალეთ. რაო? შიგ გულში ვზივარ, არა? კაცი დუმს. - მეტსაც გეტყვით - განაგრძობს დაუპატიჟებელი - რამდენჯერ თქვენი ცხოვრების მანძილზე გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე? თავს ნუ შეიწუხებთ მორიგი ტყუილით... გამოთვლილია, რომ საშუალოდ ადამიანი 150-ჯერ ფიქრობს ამაზე. - მართლა? ვინ გამოთვალა ეს? - დუმილი დაარღვია კაცმა - ჩათვალეთ რომ, ზეციური კანცელარიის სტატისტიკოსებმა. ეს საშუალოდ. მაგრამ თქვენთან, ხელოვნების მოტფიალეებთან, ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია. არ შემედავო ახლა ერთბაშად - ჯიბიდან წიგნაკს იღებს - მოდით ვნახოთ, პირადად თქვენთან რა ხდება ამ მხრივ… აბა სადა ხართ… აჰა, აგერ. 567 ჯერ!!! უკანასკნელად, სულ ახლახანს. - თქვენ საიდან იცით ეს? _ დაიძაბა კაცი... შემზარავად ჟღერდა რიცხვი. ეჭვი კი არ შეპარვია, რატომღაც! - მართლა რა მიამიტი ხართ, რა! ჯერაც ვერ გაიგეთ ვისთან გაქვთ საქმე? - დავუშვათ ვხვდები... ისიც რომ, თქვენ საკმაოდ საინტერესოდ მსჯელობთ, მაგრამ ამის დაჯერება ან უარყოფა ჩემი ნებაა. რა? ასე არ არის? - ძველი სიმღერაა. მტკიცებულებები გნებავთ, არა? მე გკითხეთ, თუ გახსოვთ, გწამთ თუ არა ღმერთისა? დიახ, მთელი საიდუმლო სწორედ ამაშია ჩატეული – რწმენა... არ ვხედავ, არ მესმის, მაგრამ მწამს.... თქვენ გჯერათ, რომ ვიღაცამ გიბოძათ ჟამი, სასიცოცხლოდ ამ ცოდვილ მიწაზე, მაგრამ ის რომ, ერთხელაც დრო ამოიწურება და მოგიწევთ დაუბრუნდეთ პირველწყაროს, არ გინდათ დაიჯეროთ. მეორე ოთახის კარისაკენ წავიდა ახალგაზრდა და ფერმკრთალი სტუმარი. კართან შეჩერდა. კაცს გამოხედა, მშვიდი, მიწისფერი თვალებით და თავისკენ მოიხმო. - მობრძანდით და ნახეთ მტკიცებულება. მოდით, მოდით… ნურაფრის გეშინიათ. კარიც შეაღო. კაცი უნდობლად მიუახლოვდა. ღია კარებში შეიხედა. შეიხედა და… გახევდა. გულისგამაწვრილებლად გაიწელა პაუზა. - ღმერთო ჩემო. მაშ ეს სინამდვილეა? - ძლივს ამოილუღლუღა როგორც იქნა კაცმა - მე რა, მოვკვდი? - მკვდრისათვის შევიწუხებდი თავს, სწორედ… - იხუმრასავით ფერმკრთალმა - არა, ჯერ… -აბა ეს... ეს როგორ? - რა, როგორ? - კაცის გაშეშებულ მზერას მიყვა სტუმარი - ააა, ეგა? ეს თქვენი მთვრალი სხეულია… კარზე გაბმულ ზარს რომ არ შეეწუხებინეთ და დროზე გვერდზე რომ არ გადაბრუნებულიყავით, ის გულისამრევი მასსა დაგახრჩობდათ ძილში. თუმცა ვინ იცის, იქნებ ისევ მოინდომოთ ზურგზე ნებიერად ხვრინვა და მაშინ… თვალი ვერ მოეწყვიტა კაცს, "თავისი თავისათვის" და რაღაც უსაშველოდ ქაოტურს მოეცვა ის, რაც სხეულს გარედან გასცქეროდა. შეებრალა ფერმკრთალს გასაცოდავებული მასპინძელი… მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი. - კარგი, ჰო… გეხუმრეთ. თქვენ კიდევ დიდხანს იცოცხლებთ. - თქვენ? - სუნთქვა უჭირდა კაცს - თქვენ აქ რას აკეთებთ მაშინ? - მე თქვენთან არ მოვსულვარ… მეზობელთან მივდიოდი, სართულით ზემოთ. - ააჰ… იმასთან? ორი ინფარქტი გადაიტანა კაცმა... ხუმრობაა? - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა, ჯერაც გონარეულმა კაცმა. - სწორედაც რომ არაა სახუმარო შემთხვევა. ადრეც მოვაკითხე. ექიმებმა არ დამანებეს, თორემ ზეცის, კარგა სტაჟიანი ბინადარი იქნებოდა უკვე. კაცი ისევ თავის მომჩვარულ სხეულს გასცქეროდა... ვერაფრით გაეგო სუნთქავდა თუ არა "ის". მერე დანისლული თვალებით მოხედა სტუმარს და... - კი მაგრამ, ჩემთან რაღად შემოიარეთ? - იქ ჯერ არაფერი მესაქმება. ისევ ექიმები მედავებიან. გგონია სასიამოვნო სანახაობაა, რა თავგამოდებით ებღაუჭებიან სიცოცხლეს? სიცოცხლეს, რომელსაც ვადა გაუვიდა. საცოდაობაა, სხვა არაფერი. ადრე უფრო ღირსეულ ადამიანებს მივაცილებდით... მავანი, როგორც კი შეატყობდა, დრო იწურებაო, მღვდელს მოიხმობდა, აღსარებას ჩააბარებდა, უკანასკნელი ცოდვებისგან განთავისუფლებას ლამობდა და მართალიც იყო... ბოლო წამს მაინც გაღვივდებოდა მასში რწმენის მარცვალი. ახლა კი რა? რას გავს ეს? აგონიას უხანგრძლივებენ საწყალს და საფიქრალად დროს არ უტოვებენ, იქნებ რა ეფიქრებოდა კაცს, სანამ წარსდგებოდა სადაც ჯერ არს... განაწყენებული ჩანდა სტუმარი - ძველები იძახდნენ “გახსოვდეს სიკვდილი”-ო. თქვენს წინაპრებს ახსოვდათ ალბათ, თქვენ კი არც ღმერთი გწამთ, და არც სიკვდილში სიკეთისა გკჯერათ. სიკვდილში... და არა თვითმკვლელობაში. ისევ მაგიდასთან მივიდა და სკამზე ჩამოჯდა - უმწეოთა თავშესაფარში არავინ დაგაპურებთ. გახსოვდეთ ეს! სუსხით გაიელვეს მიწისფერმა თვალებმა. მდუმარედ უსმენდა კაცი. _ რაო… რა ჩამოგიყრიათ ყურები… იქ მალე მორჩება ყველაფერი და მეც წავალ. როგორც იქნა გაუმართლა იმ საცოდავსაც. - ეს თუ გამართლებაა… - ჩაილაპარაკა გონსმოსულმა კაცმა და ისიც მაგიდას მიუჯდა. იატაკზე საღებავის ლაქას მიაჩერდა მზერაგაშეშებული. - აბა რა არის… უკვე მერამდენედ შეიტყუეს ძლივს გამოთავისუფლებული სული უკან… მაგრამ დღეს კარგი ბრიგადა ეწვია მოხუცს... დიდიხნით ვერ გააწვალებენ - თავისას განაგრძობდა ფერმკრთალი. - გამოდის, ჩემთან შემთხვევით, ხომ?… თუ როგორ? - გამოერკვა კაცი. - ჰმ… თუ როგორ? შემთხვევით არაფერი ხდება, მეგობარო, ჩათვალეთ რომ ეს გამაფრთხილებელი ზარია საიქიოდან. - ბოლო? თუ ბოლოსწინა? - აბა რა ვიცი… უბრალოდ ზარია. დამშვიდდი, დაფიქრდი. ეს ზოგჯერ, არც ისე ცუდი რამაა... კარგიც კია, სადღაც. - ჰო… კარგია. მაგრამ მე როდის მაშინ… ისა… აი… როდის? - რა უცნაურები ხართ, ადამიანები! რაში გაინტერესებთ ნეტა... ხვალ , ზეგ, თუ ოდესმე სხვა დროს? რას გაძლევთ ამის ცოდნა, არ მესმის… თუმცა მე მაინც ვერაფრით დაგეხმარებით. ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ასე რომ ნუ დარდობთ, დრო მოვა, პირდად თქვენ ჩვენგან, პრობლემები არ გექნებათ… უმტკივნეულოდ მიგაცილებთ დანიშნულების ადგილამდე. - “თქვეენ”? ასე ბევრნი ხართ, განა? - აბა რა გეგონათ? ხომ გაგიგიათ, რა სულელური სიკვდილითო, რა მშვიდითო, რა უაზროთიო, რა ბედნიერითო, რა საშინელითო, რა ასეთითო, რა ისეთითო… ბევრნი ვართ, რა თქმა უნდა. ყველა თავისი პროფილით მუშაობს. -ესე იგი, საშინელი სიკვდილი მაინც არსებობს, არა? - აბა უიმისობა როგორ იქნებოდა, მაგრამ გარეგნულად ისიც ახალგაზრდა, ლამაზი და ფერმკრთალია, მიწისფერი თვალებით. - თქვენნაირი, ხომ? - ე! აზრზე მოსულხართ, აი! - კი, ასეა… მაგრამ ის ბებერი, ცელით ხელში, ვინღაა მაშინ? - მე რა ვიცი… ვინც მოიგონა იმას კითხეთ. თქვენი მასტისა იქნებოდა ისიც. იცით ხოლმე ხელოვნებმა ავადმყოფურად ფანტაზიურის გაბმა და თავადვე იხლართებით შიგ, სხვები ხომ არც გედარდებათ... მოიფიქრებთ რაღაც სისულელეს და თვითონ ხომ ძრწით შიშით, სხვებსაც აშინებთ. ერთერთ სურათს მიუახლოვდა სტუმარი. მდუმარედ ათვალიერა - აი, მითხარი - მიუბრუნდა ავტორს - ოდესღაც ხომ გიხატავთ უგონოდ შეყვარებულს? ამაღლებული განწყობით გიხატავთ, ხომ? მერე რა დაგემართათ? აი აქ, ამ სურათზე, მაგალითისათვის. კაცი დუმს. - არაფერს ამბობთ. სურათიც რომ არაფრად ვარგა, ხვდებით ალბათ... - ნუ განიკითხავ, და არ განიკითხები! - მოიქუფრა კაცი. - ვაიი… როგორ ავლაპარაკდით. იქნებ “მამაო ჩვენო” წამიკითხოთ, თუ გაიხსენებთ, რა თქმა უნდა. -კეთილინებე და თავად გაიხსენე - კუშტად გამოეპასუხა კაცი - იქ ბევრი რამ არის ისეთი, რაც შენც გავიწყდება, როგორც ჩანს. - ერთი ამას დამიხედეთ, როგორ გამითამამდა… "შენ"-ო! - შენ, დიახაც რომ შენ… გამომიჩნდა ეგეც კრიტიკოსი. ცხოვრებაშიც არ მაკლდა მათი სამსალა და ახლა სიკვდილშიაც არ მომასვენო. თავად არაფრის შექმნა არ შეგიძლია... შექმნილის მოსპობაა შენი ხელობა. იცი მაინც, რამდენმა ნიჭიერმა, თქვენი ენის ტარტარის გამო მიაგდო ფუნჯი და ეშმაკმა თუ უწყის, რითია დაკავებული ამჟამად… ცოცხალია კი საერთოდ. - ვიცი! შენ წარმოიდგინე რომ, ვიცი... მე ისიც ვიცი თუ რამდენმა, უფრო მეტი შემართებით განაგრძო და ჭიქაში არ დაუხრჩვია თავი... გჯერა შენი საქმისა – აკეთე!!! და სხვაზე ნუ ჩამოწერ უსუსურობას. - ადვილად სათქმელია… სხვა, სხვის ომში, ბრძენიაო, ნათქვამია... მაშინ, გამოფენაზე, იმ ნაძირალას, პირი რომ არ აექაფებინა, ვინ იცის, იქნებ არც ვგდებულიყავი ახლა ცოცხალ-მკვდარი, გვერდით ოთახში. - ვინ ნაძირალას? - შენი კოლეგა იყო ალბათ... აი ეს ამომაგლიჯა მაშინ - გულზე დაიდო ხელი - მთელი წელი ცარიელი ტილოს წინ ვიჯექი და ერთი მონასმის გაკეთებაც ვერ გავბედე. - ღმერთო ჩემო… რა ფაქიზები ვააართ. - უადგილო ცინიზმია… შეიძლება მეც ვერ ვივარგე, შინაგანი ძალა არ მეყო, მაგრამ როგორც კი გავიფიქრებდი თუ რად მიღირდა ყოველი ტილო და როგორ დამიფასეს… ეეჰ, რაც იყო იყო. გვიანია უკვე რაიმეს გამოსწორება. - გვიანი არასოდეს არაფერია! არც სიცოცხლეში და არც მის მიღმა… თუ ეს პრინციპებს ეხება, რა თქმა უნდა. სად არის დაწუნებული სურათი, მიჩვენე ერთი. - ავკუწე ერთხელაც... მთვრალმა და გადავაგდე. - რა უგუნურებაა! - მტკიოდა მისი ყურება… გულს მისერავდა. ვზივარ, რაიმეს ვხატავ... ფულისთვის, ხალტურას, ის კიდევ თითქოს მსაყვედურობს… ხმაც კი მესმოდა იქედან, სურათიდან. ერთხელაც სულ გადამრია და… - ნანობ? - კი… ალალად ვამბობ, კი, ვნანობ… მას შემდეგ არც ვცოცხლობ თითქოს. დრო მიდის უბრალოდ… მიდის თავისთვის და მეც მიმათრევს სადღაც, ჯანდაბაში. - მესმის შენი… - მადლობა. - ოოო... კარგი რა! ეგ იჩქარე… აშკარად იჩქარე - ფერმკრთალი ადგა და ჩემოდანთან მივიდა. იქიდან სურათი ამოიღო და მოლბერტზე შემოდო. - ეგ არის? კაცი გაოგნებული უყურებს სურათს… თვალები ჯერ აუჭრელდა, მერე დაენისლა ერთიანად. გული ლამისაა ამოვარდნოდა... ხრიალი მოისმა გვერდით ოთახიდან. შეშფოთებულმა შეხედა სტუმარს. არაფერია საშიშიო, მიწისფერმა თვალებმა. -საიდან - ესღა ამოლუღლუღა კაცმა - ყველაფერი რაც სიცოცხლითაა დაღდასმული, ერთხელაც ჩვენთან ხვდება. - ჰო-ო? - მაინც რა სულელი ხარ, რა… მე შენს გამო, სამსახურებრივ დანაშაულს ჩავდივარ ახლა, რომ იცოდე… შენ კიდევ, "ჰოო-ო" ... ჰა, როგორაა საქმე? სიცოცხლე მოგწყურდა ისევ, თუ არა? აწყლიანებული მზერით უპასუხა და ისევ სურათს მიუბრუნდა. უცებ უცნაურად დაფაცურდა. პალიტრა აიღო. ფუნჯები მოიმარჯვა და... და სულ დაავიწყდა სტუმრის არსებობა. სტუმრის, ფერმკთალი ახალგაზრდის, რომელსაც მიწისფერი თვალები უღიმოდა და უხმოდ მისჩერებოდა მხატვარს. კარგა ხანს გაგრძელდა უტყვი სცენა. და ვინ იცის როდის გასრულდებოდა… სტუმარმა მორიდებით ჩაახველა. მხატვარი გამოერკვა. პალიტრა დადო. ფუნჯებიც ზედ დააწყო და თვალებგაბრწყინებული მაგიდასთან მიბრუნდა. -ბოდიშს გიხდი… გავითიშე უცებ, ხშირად მემართებოდა ხოლმე ეს ადრე, ახლა უკვე აღარ. - არა უშავს რა… რას აკეთებდით? - აბა როგორ გითხრათ… დიდი ხნის წინ ვნახე უკანასკნელად და რაღაცეები მოვისაკლისე თითქოს… დავასრულე ასე ვთქვათ, მოვაწესრიგე… ცოტაც და… - ძალიან კარგი… და ხომ არ გახსოვს იმ “ნაძირალას” რა უნდოდა მაშინ? - ვინ “ნაძირალას”? - აი იმას, გამოფენაზე, რომ… - ააა… იმას? - სურათს გახედა კაცმა. დაჟინებით უყურებდა ახლადდადებულ შეუმშრალ მონასმებს. მერე მობრუნდა, წამით თვალი გაუსწორა მიწისფერ, მომღიმარ თვალებს და თავი ჩაქინდრა. - არასოდეს არ არის გვიან… არასოდეს - ჩაილაპარაკა ფერმკრთალმა - ერთი რამ მინდა გკითხო… იმედი მაქვს გულწრფელად მიპასუხებ. - ვეცდები - ღრმად ამოისუნთქა კაცმა. - დიდხანს ხატავდი ამას? - არ მახსოვს, სიმართლე გითხრა, რამდენად დიდხანს, მაგრამ განსაკუთრებული აღმაფრენით… თითქოს თავისთავად გამოდიოდა ყველაფერი. - ბედნიერი იყავი ალბათ… მაშინ… როცა ხატავდი. - ჰო… ძალიან. სხვა არაფრის კეთების სურვილი არ მქონდა. - ამიხსენი, როგორ ხდება ეს. - არ ვიცი, როგორ გამიგებ, მაგრამ ვეცდები ვთქვა… სადღაც შენში, სიღრმეში სადღაც, ისე აფუთფუთდება რაღაც… ისე მოგიცავს ერთიანად შეგრძნება, თითქოს რაღაც იდუმალის კარი შეაღე და მხოლოდ შენ ერთმა იცი თითქოს, საოცარი რამ ამბავი და ეს ისე ყრუდ გტკივა, ისე ყრუდ, რომ ვერ მოისვენებ, ვერც დღე, ვერც ღამე… ვერასოდეს ვერ ეღირსები სიმშვიდეს, მანამ სანამ არ დააფრთიანებ და შენგან არ გამოუშვებ, როგორც ჩიტს გალიიდან. და მაშინ როცა ამას შეძლებ, ხარ ბედნიერი… აი ასე ხდება ეს. და ყოველთვის მჯეროდა რომ ყველა ჩვენგანში, ადამიანებში, არის ღვთაებრივი ნაპერწკალი… ვინც შეძლო მისი ცეცხლად ანთება ბედნიერია. -ვისაც ჩაუქრა… უყურადღებობით, მაგალითისათვის? - სულელია ის… მე სულელი ვარ! სულელი… - არასოდეს… - … არ არის გვიან? - სწორედაც… შენს შემთხვევაში მართლაც ასეა. მენდე სიტყვაზე. სიმართლე გითხრა, სადღაც მშურს კიდეც თქვენი, ადამიანების. მე არ შემიძლია განვიცადო ისე როგორც თქვენ შეგიძლიათ ეს. მე არ ვიცი სიყვარული, არც სიძულვილი… ჩემთვის ერთი ფასი აქვს ღიმილსაც და ცრემლსაც… მე ვხვდები ბევრ რამეს, მაგრამ არ შემიძლია განვიცადო ადამიანურად. არ შემიძლია შევქმნა … ეს მხოლოდ თქვენი ფუფუნებაა… ეს თქვენში ჩადო მან ნაპერწკალი, თავისი ნაწილი დააბუდა თქვენში, ადამიანებში. ამიტომაც შეგქმნათ სახედ თვისად და ხატად... გიფიქრია ოდესმე რატომ იწოდებით სამყაროს გვირგვინად? - ჰეეჰ… არა, არ ვიცი. - იმიტომ რომ ადამიანი იყო უკანასკნელი რაც მან შექმნა. უკეთესზე აღარ უფიქრია მას შემდეგ. ყოველის შემოქმედმა თქვენ, ადამიანებს, მოგმადლათ ყველაზე დიდი უნარი - იყოთ თავადაც შემოქმედნი. ამ ღვთაებრივი საჩუქრის პატრონები, სწორედ მის არსებობას აყენებთ ეჭვქვეშ, წარმოგიდგენიათ მაინც რა თავხედობაა? მიუხედავად ამისა, არანაირი არსება სამყაროში არ ყოფილა თქვენებრ ნაფერები მისგან და შედეგად რა გვაქვს? - რა? - ჩაიხედე სარკეში… სამყაროს გვირგვინო. კაცი სარკესთან მიდის და სევდიანი შეჰყურებს, საცოდავად მომზირალ ორეულს - სახედ თვისად და ხატად…- ეღიმება ახალგაზრდასა და ფერმკრთალს. - აბა… წავედი მე, დროა უკვე. - კი მაგრამ, მე? -რა, შენ? - მე რა ვქნა? - რა ვიცი აბა… დაჯე და ელოდე. მალე შენი სხეულიც გაიღვიძებს. ნაბახუსევს დახმარება დასჭირდება… იცი როგორიც. კაცი დუმს… - რას მიყურებ? მიხედე თავს… შევხვდებით ერთიც იქნება. რომ ვერაფრით დამეკარგები, კი იცი - სურათთან მივიდა - ამას სახსოვრად წავიღებ… ჩათვალე რომ მაჩუქე, მომავალი ვიზიტის უვადოდ გადადებისათვის. ჩემოდანში ჩადო სურათი - რაო… გენანება? - ალალი გითხრა… კი! - შემოქმედი ხარ… სამყაროს გვირგვინი. დახატე ახალი რამ… უკეთესი. -რომ არ გამომივიდეს? - ეცადე… როგორც ეცდები ისე გამოგივა. აბა შენ იცი. წავედი. -მშვიდობით - მშვიდობიით? - გაეღიმა ფერმკრთალსა და მიწისფერთვალებას _ დაგიხატავენ… ნახვამდის, ჩემო კარგო, ნახვამდის. წავიდა. კაცი კიდევ ცოტა ხანს იდგა მიხურულ კართან. მერე მეორე ოთახისაკენ დაიძრა. კართან შეჩერდა. ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა… და უცებ, თითქოს ვიღაცამ ზურგში გამეტებით ჰკრაო ხელი, კარს მიღმა გაუჩინარდა.
წუთიც და კარებში ისევ გამოჩნდა მამაკაცი, ასე, 39 წლისა. გაბურძგნული თმით და მოღუშულ-დაჭმუჭნილი, მოკლედ წვერმოშვებული სახით. შესამჩნევად შელახული მოკლესახელოიანი მაისურით და მუხლებზე გადახეული ჯინსებით. გამოჩნდა და თითქოს რაღაცით შეშფოთებულმა მოავლო თვალი სახელოსნოს. მერე მოლბერტთან მივიდა და პალიტრა აიღო, ფუნჯებიც მოიმარჯვა და ძალიან დიდი ხნის წინ მივიწყებული გაიხსენა - თეთრად დაგრუნტულ ტილოს... გაუღიმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ახლა მე დავწერე 5 ქულა და თუ მოიმატა, ანუ ყველაფერი წესრიგშია:) ახლა მე დავწერე 5 ქულა და თუ მოიმატა, ანუ ყველაფერი წესრიგშია:)
6. ჩემი მეტიჩრობა არ გეგონოთ რა...მართლა მაინტერესებს... ამ ნაწერს უწერია 7 ქულა...აქედან 5 მე დავწერე...:)) რამე ტექნიკური შეცდომაა თუ ეს აღფრთოვანებული კომენტარები ტყუილა დევს?... ჩემი მეტიჩრობა არ გეგონოთ რა...მართლა მაინტერესებს... ამ ნაწერს უწერია 7 ქულა...აქედან 5 მე დავწერე...:)) რამე ტექნიკური შეცდომაა თუ ეს აღფრთოვანებული კომენტარები ტყუილა დევს?...
5. აქ ისეთი ლაბირინთებია! სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებში ძალიან კარგად უნდა ვერკვეოდე,ეს ყველაფერი ზუსტად რომ შევაფასო. მეც დილეტანტი ვარ . მინი სპექტაკლად წამეკითხა დიალოგები. ვფიქრობ, მოუხდება ამ სიტუაციას მცირე სცენა. თუ ასე ხედავს მკითხველი, ე.ი. კარგია. აქ ისეთი ლაბირინთებია! სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებში ძალიან კარგად უნდა ვერკვეოდე,ეს ყველაფერი ზუსტად რომ შევაფასო. მეც დილეტანტი ვარ . მინი სპექტაკლად წამეკითხა დიალოგები. ვფიქრობ, მოუხდება ამ სიტუაციას მცირე სცენა. თუ ასე ხედავს მკითხველი, ე.ი. კარგია.
4. დილეტანტო , - ისემც შენ რა გითხარი დილეტანტი შენ არ იყო... :)
გილოცავთ თავფურცელზე გასვლას, ეს დაიმსახურე და ცოტათი დააგვიანდა კიდევაც მაგ საქმეს, - მე თუ მკითხავს კაცი.
"ჭა" ნუ ბრაზობ. ახლა დაუდია, თბილ-თბილია ჯერ, დაინახავენ მკიხველები და მოვლენ.
"ამბიციური ტარაკანებს მარში"-ს ავტორს მკითხველების დიდი სიყვარული ! დილეტანტო , - ისემც შენ რა გითხარი დილეტანტი შენ არ იყო... :)
გილოცავთ თავფურცელზე გასვლას, ეს დაიმსახურე და ცოტათი დააგვიანდა კიდევაც მაგ საქმეს, - მე თუ მკითხავს კაცი.
"ჭა" ნუ ბრაზობ. ახლა დაუდია, თბილ-თბილია ჯერ, დაინახავენ მკიხველები და მოვლენ.
"ამბიციური ტარაკანებს მარში"-ს ავტორს მკითხველების დიდი სიყვარული !
3. … ეს მხოლოდ თქვენი ფუფუნებაა… ეს თქვენში ჩადო მან ნაპერწკალი, თავისი ნაწილი დააბუდა თქვენში, ადამიანებში. ამიტომაც შეგქმნათ სახედ თვისად და ხატად. ------------------------ ყოველის შემოქმედმა თქვენ, ადამიანებს, მოგმადლათ ყველაზე დიდი უნარი - იყოთ თავადაც შემოქმედნი ---------------
ძალიან ცოცხალი ნაწერია...დიალოგები თითქოს სულდს უდგამს და აცოცხლებს...ფინალი ხომ ...:)...- მთელი ეს ნაწერი თითქოს შეისრუტა და მიღმა გაუჩინარდაო...5555
აქ აშკარად პროზას არავინ კითხულობს ეტყობა, თორემ ამას ორი კომენტარის მეტი არ უნდა ქონდეს?...:( … ეს მხოლოდ თქვენი ფუფუნებაა… ეს თქვენში ჩადო მან ნაპერწკალი, თავისი ნაწილი დააბუდა თქვენში, ადამიანებში. ამიტომაც შეგქმნათ სახედ თვისად და ხატად. ------------------------ ყოველის შემოქმედმა თქვენ, ადამიანებს, მოგმადლათ ყველაზე დიდი უნარი - იყოთ თავადაც შემოქმედნი ---------------
ძალიან ცოცხალი ნაწერია...დიალოგები თითქოს სულდს უდგამს და აცოცხლებს...ფინალი ხომ ...:)...- მთელი ეს ნაწერი თითქოს შეისრუტა და მიღმა გაუჩინარდაო...5555
აქ აშკარად პროზას არავინ კითხულობს ეტყობა, თორემ ამას ორი კომენტარის მეტი არ უნდა ქონდეს?...:(
2. ჩემი საყვარელი ავტორი მოსულა, ჩემი საყვარელი მოთხრობით...:) მიხარია რომ კიდევ ერთხელ მექნება ბედნიერება ამის წაკითხვის...მოვალ აქ...
ჩემი საყვარელი ავტორი მოსულა, ჩემი საყვარელი მოთხრობით...:) მიხარია რომ კიდევ ერთხელ მექნება ბედნიერება ამის წაკითხვის...მოვალ აქ...
1. მომეწონა/ სიუჟეტი ვუდი ალენის მოტხრობას გვახსენებს. თუ სწორად მახსოვს, სიკვდილის სტუმრობა ჰქვია. 5 მომეწონა/ სიუჟეტი ვუდი ალენის მოტხრობას გვახსენებს. თუ სწორად მახსოვს, სიკვდილის სტუმრობა ჰქვია. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|