 | ავტორი: დილეტანტი ჟანრი: პროზა 27 დეკემბერი, 2011 |
(ნან... ;)
სუსტად განათებულ ოთახში მხოლოდ დივანი დგას, მაგიდა კომპიუტერით და სკამი. სკამზე ავტორი ზის და კომპიუტერს მისჩერებია. იქვე მივიწყებული სიგარეტი ხრჩოლავს. ოთახში შინაგანი ხმა დაბორიალებს, უხმაუროდ, უჩინარივით მსუბუქი და გამჭირვალე. - ჩემი ლაბადა სად არის? - ისე მოლოდნელად აბუბუნდა ხმა, ავტორი შეკრთა, სიგარეტი აიღო და საფერფლეს დაასრისა. ახალს მოუკიდა - იქნებ გახსოვს სად მიაგდე? - მე მივაგდე?! - ბოლს ამოაყოლა. ვერ არის ხასიათზე ავტორი - გაიხსენო იქნებ… მთავარი გმირისთვის მჭირდება - სადაც დატოვე იქ იქნება - მე რა დავტოვე, მუზამ ამწაპნა და გაუჩინარდა. - ერთმანეთზე უკეთესები ხართ ორივე! - აი, სად შეუგდია… ეგ ხომ სახლში შემოსაშვები არაა - საწოლის ქვემოდან გამოათრია შავი რამ, სამოსისმაგვარი - არა რა, ტუტუცი არ არის? ამ დაჭმუჭნულ ლაბადაში ვინ უნდა გიჩვენო - დაფერთხა, მიასწორ-მოასწორა, რაღაც ააცალა, რაღაც მიამაგრა და… - აჰა, მზად ვარ. ეგეთიც ხომ შეიძლება იყოს მთავარი გმირი? - ვითომ? - გულგრილად გახედა ავტორმა - რატომაც არა. არ მოგბეზრდა გალაკულ-გაკრიალებული ტიპები… ახლა დაჭმუჭნილლაბადიანზე და ურცხვად მომზირალ ვიგინდარაზე დავწეროთ რაიმე. პერსონაჟია ისიც და ვინ იცის, იქნებ ბევრად საინტერესოც კი გამოდგეს. - ვითომ? - რას დაგიჩემებია ეს ვითომ… ვითომ… ნახე რა ორიგინალური ვინმეა. - ჰო ო? ამაზე რა უნდა დავწერო, სახლიდან პანღურით გამოგდებულს ჰგავს … ერთი კვირის წინ, მინიმუმ - ყოველი შემთხვევისათვის დაზუსტა ავტორმა. - ეგ იმას ჰკითხე… ექნება რაიმე იდეა, თუ თემა, თუ როგორ არის მანდ… სიუჟეტი რაიმე. - ეეჰ… - ლამის გული ამოაყოლა - რაო… ისევ ჭირვეულობს? - ისევ… - ამჯერად რაო, რა მინდაო? ხასიათებით ვერ შეეწყვეთ თუ რაიმე უფრო სერიოზული მოიფიქრეთ, ჰა?.. სადღაც აქ იქნება ეგა. შენი ფისოსი არ იყოს, სახლიდან შორს რომ არ მიდის. - ვითომ? - დაიწყე ისევ… რა გეშველებოდა მე რომ არ გყავდე. - შენც კარგი ოხერი ხარ, რომ იცოდე - ხე ნაყოფითო, ხომ გაგიგია… შენი შინაგანი ვარ და რა იცი, იქნებ არც მე მომწონდეს ეს ამბავი. მითუმეტეს ასე ცხვირჩამოშვებული როცა ბრძანდები - მოიღუშა შინაგანი ხმა - ოხერიო… თან კარგიო… ჰმ, რა მრჯის მეც ნეტავ? იჯექი რა შენთვის, ქვეცნობიერში… არა!!! თავი უნდა გამოვიდო… - შენღა მაკლიხარ ახლა აჭინჭყლებული… - მაგარი გააბრაზე? - რა ვიცი აბა… მაგისას რას გაიგებ. - ჰმ… დავბერდი თუ რა არის. ამას როგორ ვერ მივხვდი? ლაბადა მან არ ამწაპნა? - მერე? - საწოლის ქვეშ იქნება გასუსული. გვეკაიფება რაღა… აკი ვამბობდი ფისოსი არ იყოს მეთქი. ვაა ამას როგორ ვერ მივხვდი მაშინვე, ნერვები მეშლება რა… - საწოლთან მიდის - გამოძვერი ახლა… მორჩა დამალობანა. მე გეუბნები ამას... მთავარი გმირი. - მთავარი არა… გამომიჩნდა ეგეც! - მუზა გამოეპასუხა უხალისოდ - და საერთოდ… არ მაინტერესებთ არცერთი. - კარგი ახლა, გეყოფა ჭირვეულობა… ჩვენია მაინც. შენი მკვდარი შენ უნდა ისა ქნაო, ხომ გაგიგია. - ჩვენი? გუშინ არ იყო ჩვენი, რომ გამოიბრუჟა და აპო… არპა… აპროკსიმირებით რომ მემუქრებოდა? - რაო? რითიო? - რა ვიცი მე?! სხვათაშორის, ზოგიერთისაგან განსხვავებით, მე სულის შემოქმედებითი მდგომარეობა ვარ… ესთეტიკური. დიახ! - სულ მაგის ბრალია - აბუზღუნდა ავტორი - კაცი სადღეგრძელოს ვამბობ, ეგ კიდევ ზედ ჭიქაზე წამომისკუპდა. გეკითხები ახლა… ოხერი კი ხარ, მაგრამ შეგნებული მაინც... მაგის დრო იყო? - როცა მინდა, სადაც მინდა იქ დავსკუპდები… დიახ! აბა ნაბახუსევს მტერმა გიყურა შენ! - აი, აი… ეგა ხარ რა! როცა ჰაერივით ჭირდები კაცს, სწორედ მაშინ აითესები ხოლმე. - კარგით რა! სირცხვილია… - ერთი გაბრაზება გაბრაზდა ხმა. მერე იქვე მოლბა და…- უხმაუროდ ვიმეგობროთ არ შეიძლება?. ერთნი არა ვართ? ჩვენ აქ ლიტერატურულ ნაწარმოებს ვქმნით თუ, რეცეპტს ვწერთ ნევროზით შეწუხებულთათვის. - არაფერსაც არ ვქმნით ჩვენ… გაქანებული კრიზისი გვაქვს, როგორც ვატყობ. - ჰოდა ძალიანაც კარგი… გეცოდინება სამომავლოდ, როგორია სულის შემოქმედებითი მდგომარეობის შაბლონურ სადღეგრძელოებში გაცვლა. დიახ! - ოოჰ… ერთიც იქნება მოგიშორებთ თავიდან სამუდამოდ და მეც დავახვევ რა! - საით კაცო?! - ერთხმად შესძახეს მუზამ და შინაგანმა ხმამ… შეშფოთებულნი ჩანდნენ. - რა ვიცი აბა… ცნობისათვის, მშვენიერი კალატოზი ვარ და ბოტანიკაშიც ძლიერი ვიყავი სკოლაში. წავალ სოფლად… სახლს ავაშენებ რამე, ხესაც დავრგავ და არც იმაში მოვიჭრი თავს… რა ჰქვია… ჰო. იცით თქვენც. - აუუ, რა გაუტიააა - საწოლსქვემოდან გამოფარფატდა მუზა. - რა? ნაკლებად საშური საქმეა? - კარგით რა! გეყოფათ ახლა ღლაბუცი. წამო კაცო, საქმეს მივხედოთ, სანამ მართლა რაიმე ხიფათს გადავეყარეთ… მუზა, მოიწი შენ აქეთ. - ხმა დაითაფლა შინაგანმა ხმამ და სხვების მოთაფლვაც სცადა - როგორია? - როგორია, რა? - მთავარი გმირი - აბა გმირი? - ნუ იპრანჭები ახლა… შემომხედე. აჰა. - ეგ არი მთავარი გმირი? - ავტორს გახედა მუზამ - რა ვიცი აბა… შემოგვთავაზა კია და. - ამისგან არაფერიც არ გამოვა… მე პას! - მართალი იყავი შენ - განაწყენდა ხმა - მოუხდებოდა ამას ერთხელ მაინც ის აპო… არპა… თფუ… როგორ არი? - აპროკსიმაცია? - გაეცინა ავტორს - ჰო… რას ნიშნავ მაინც, ჰა? იქნებ ცოტაც კი იყოს ამისთანა კაპრიზისთვის - გეყოფა ახლა. ძლივს გული მოიბრუნა მგონი და სადღაც მართალიც კია, ალალი რომ ვთქვა. - კი ბატონო. იყოს მართალი. რას უზიხარ მერე. მიხედე საქმეს. გავდივარ მე და როგორსაც მომიხმობ ისეთი მოვალ - შავი, დაჭმუჭნილი ლაბადის ფრიალით, ფანჯარაში გაფრინდა ხმა… მერე რა რომ, დაკეტილი იყო. - დროებით, ფხუკიანებო - მიოსმა შორიდან. - ოხერია, მაგრამ ჩემია მაინც - მუზას გაუღიმა ავტორმა და კომპიუტერი ჩართო - მე? მე რა?.. აპო… არპა… ისა ვარ? - შენ? შენ რა… მოდი, მომისკუპდი გვერდით, რაკი აქა ხარ. უხერხულობამდე ბედნიერი მუზა მაშინვე წამოსკუპდა მაგიდაზე და მომხიბლავად შეჰღიმა ავტორს. მერე ახლად მოკიდებული სიგარეტი ტუჩებიდან ააცალა, საფერფლეზე დააქრო “სხვისთვის თუ წერ, შენ თვითონ რატომ არაფერს კითხულობო, თუნდაც სიგარეტის კოლოფზეო” საყვარლად დატუქსა და… “ახლა ყურადღებით მომისმინე… იქ, საწოლის ქვეშ უსაქმოდ კი არ ვკოტრიალებდი მეო”, იდუმალი ხმით ამცნო. ავტორმა კიდევ ახალ სიგარეტს მოუკიდა “რა შენი საქმეა მე რას წავიკითხავ და რას არაო” წაიბუზღუნა, “შენ ის გირჩევნოდეს, დროზე თქვა სათქმელი, თორემ გუშინდელი კი არ დამვიწყებიაო”- ეს უკანასკნელი გაიფიქრა მხოლოდ… არც ისეთი უჭკუო გახლდათ, როგორც შინაგანი ხმა ფიქრობდა ხანდახან და სმენადაც კი იქცა… ყოველშემთხვევაში ისეთი ჩანდა აქედან.
<<< *** >>>
მონიტორზე - სიუჟეტისა და თემის გზაჯვარედინზე, სრული სიჩუმე სუფევს. მუზისგან ნაჩურჩულევს, მთავარი გმირი ვერა და ვერ მოარგო ავტორმა. “ვეძებ მთავარ გმირს” … წარწერა მსხვილი წითელი შრიფტით მთელ მონიტორს ფარავს. - ახალგაზრდა, ნიჭიერი ავტორი… ასე უნდა დაგეწერა - მოძღვრავს შინაგანი ხმა - ეძებს დადებითად რომანტიულ მთავარ გმირს, თავისი სადებიუტო რომანისათვის. - ახალგაზრადა? - უხერხულად იკითხა ავტორმა - აბა რა! ახალგაზრადა და აუცილებლად ნიჭიერი… უბოროტო ტყუილია ეს, თითქმის უცოდველი - დაამშვიდა ხმამ - თორემ, ძველი და ასე თუ ისე ავტორი, ასეთ განცხადებას გააკეთებდა, შენი აზრით? - ხო… მართალი ხარ… - როგორც ყოველთვის თქო, რომ დაგეყოლებინა, უფრო გამიხარდებოდა. - ერთი, თითქმის უცოდველი ტყუილიც საკმარიასია ამჯერად. - ყოჩაღ! კარგი პასუხი იყო. - როგორ ფიქრობ, ვინმე გამოგვეხმაურება? - აუცილებლად… ოღონდ უნდა იცოდე, რომ ადექვატურები იქნებიან ავტორის მოთხოვნის და გულიც ნუ დაგწყდება… შენ ხომ ჯერ კიდევ “ახალგაზრადა” ავტორი ხარ, თანაც “ნიჭიერიო”, წერია აქ… ვინ გაუშვებს ასეთ შანსს ხელიდან. მითუმეტეს რომ, არც იციან რა ელით. - ირონიული იყო ხმა შინაგანი - მოკეტე რა!
<<< *** >>>
სუსტად განათებულ ოთახში მხოლოდ დივანი დგას, მაგიდა კომპიუტერით და სკამი. სკამზე ავტორი ზის და კომპიუტერს მისჩერებია. რაღაცას გატაცებით წერს. იქვე მივიწყებული სიგარეტი ხრჩოლავს. დივანზე მუზას მისძინებია, ვერონეზეს ვენერასავით ლამაზს და ჰაეროვანს… ოღონდ მკაცრად დახურულ, გრძელ, მსუბუქ სამოსში გამოკვართული უმშვენიერესი ტანით. თავთით შინაგანი ხმა უზის იატაკზე… თბილად მოღიმარი და “ნეტა, რას დაფოფინებს სიზმარშიო…” ფიქრობს. უცებ…
კანდიდატი 1 - კხ… კხ… ავტორი - ა? რაო?... როგორი? (ძლივს გამოერკვა , მთავარი გმირის საყვარელი ქალის თმის ფერს არჩევდა იმ წამს… ) კანდიდატი 1 - უკაცრავად… მე განცხადების თაობაზე… ავტორი - დიახ… რა თქმა უნდა… მობრძანდით კანდიდატი 1 - გმადლობთ… და რა უნდა ვაკეთო? შ. ხმა - ყავის მოხარშვა იცი? ავტორი - მორჩი რა!.. ჰო… დავიწყოთ იმით რომ, მიამბეთ რაიმე თქვენს შესახებ. კანდიდატი 1 - რაინდი გახლავართ შ. ხმა - ვაააუ… ( მწყრალად გახედა ვტორმა ) კანდიდატი 1 - უცოლო, მიწების მფლობელი, შ. ხმა - იატორიულ რომანს წერ, ძმა? ( ავტორს ვითომ არც გაუგია… კოპები შეკრა მხოლოდ ) კანდიდატი 1 - განათლება საშუალო… შ. ხმა -სიმაღლე საშუალო… გარეგნობა საშუალო… სხვა მამაკაცური ღირსებებიც ალბათ… ავტორი - მოკეტე რა! (გმირს მიუბრუნდა) გმადლობთ… დაგიკავშირდებით.
ხუთიოდ წუთის შემდეგ, ოთახში გამოჩნდა ათლეტური აღნაგობის, ხაზგასმულად მამაკაცური სილამაზისა და იერის ახალგაზრდა. ნახშირივით შავი თმები უკან შეეკრა და ლურჯ-მომწვანო თვალებს ნაკვერჩხლებივით აკვესებდა. ტყავის შავი შარვალი და თეთრი პერანგი მჭიდროდ შემოტმასნოდა ტანზე.
ავტორი - ერიჰაა… შ. ხმა - აბა, აბა… ფრთხილად. არ მოტყუვდე გარეგნულში. კანდიდატი 2 - გამარჯობა ავტორი - გაგიმარჯოს და რას გვეტყვი საინტერესოს? კანდიდატი 2 - მე მინდა გავეცნო მთავარ გმირთან კონტრაქტის პირობებს. ავტორი - რაას? ( დაიბნა ავტორი… ოდნავ) კანდიდატი 2 - მოკლედ… იარაღი არაუმძიმეს სამი კილოგრმისა და არაუგრძეს ერთი მეტრისა! საყვარელი ქალი ქერა! არაუმეტეს ექვსი მსუბუქად ინტიმური სცენისა და ამდენივე უფრო სერიოზული ინტიმისა მთელ რომანზე. შეულახავი რეპუტაცია და აღფრთოვანებულ მკითხველთა აპლოდისმენტების ნახევარი ავანსად! ავტორი - ერთი წუთით… ( აფორიაქებული იქექება ფურცლებში… კანტრაქტს თუ ეძებს) ახლავე… ახლავე. ერთი წუთით… შ. ხმა - რაო? (გაბრაზებული მივარდება კანდიდატს და შიგ ყურში ჩაჰყვირის) დაახვიე აქედან… უხმაუროდ! ბავშვი არ გამიღვიძო!!! კანდიდატი 2 - ახ… ასე არა? ( ამპარტავნული იერით ) კარგად მეყოლეთ!!! ( და ლამის ჩამოიღო, კარი ისე გაიჯახუნა. ხმამ მუზას გახედა… შეიშმუშნა ოდნავ რომელიც. ბრაზით მიბრუნდა კარისკენ და ჩაილაპარაკა რაღაც ისეთი, რომ არ დაიწერება არაფრით) ავტორი - და რა მერე… ვითომ რა ქენი ახლა, ა? შ. ხმა - შტამპი იყო ეს… შტამპი! ავტორი - სიმპათიური კი იყო და… შ. ხმა - შენ რომანს წერ, ძმურად, თუ ყვითელი პრესისითვის სტატიას? ავტორი - კარგი, ჰო… მართალი ხარ. შ. ხმა - როგორც ყოველთვის, ესე იგი. ავტორი - თითქმის.
ხმას გულიანად გაეღიმა და მუზას მიუცუცქდა ისევ… უყვარდა. ისე როგორც განთიადს შეიძლება უყვარდეს მზე, ან ღამეს მთვარე, ან რაღაცნაირად სხვანაირად და ძალიან… მაგრამ არ იმჩნევდა! ავტორი ისევ მაგიდას მიუბრუნდა და ის იყო სიგარეტს მოუკიდა, რომ ვერავინ შენიშნა საიდან, როგორ, მაგრამ ოთახში კი აღმოჩნდა, თითქოს ჰაერი შედედდაო, კანდიდატი 3.
ავტორი - ვააჰ… ( შეკრთა ) კანდიდატი 3 - სალიუტ ( შუბლზე ხელის მიდებით და საინტერესოდ კოხტად ) ავტორი - თქვენ… ( გამოერკვა ) განცხადების გამო? კანდიდატი 3 - დიახ ( ისე უპასუხა, ისეთი ღიმილით რომ… მოკლედ, საინტერესოდ ამჯერადაც ) ავტორი - და რას გვეტყვით… ანუ რა შეგიძლიათ? კანდიდატი 3 - ყველაფერი, რასაც ინებებთ ( ხალისიანად გამოეხმაურა შეკითხვას)… ბანკის ძარცვა, თუ ისურვებთ მუზეუმისაც… ადამიანის გატაცება, თუ გნებავთ, მკვლელობა შეკვეთით ან მაგარი შურისძიება, სისხლიანი ანგარიშსწორებით… ყველაფერი… მოკლედ რომ ვთქვა, რაც გაგიხარდებათ. ავტორი - მოიცა, მოიცა… დადებითად რომანტიული გმირი გვინდა ჩვენ. ანუ უბრალოდ დადებითი პერსონაჟი. ასე არ ეწერა განცხადებაში? კანდიდატი 3 - მერე? მე რა… დადებითი არა ვარ? ავტორი - ვთქვათ და ასეა, მაგრამ რაში გამოიხატება ეს, თუ ამიხსნით… კანდიდატი 3 -კი ბატონო ( დაფიქრდა თითქოს ) რაში და… ბავშვობა მქონდა მძიმე, ჰო… ძაღლები მიყვარს, უპატრონოები და ოთხშაბათ-პარასკეობით ვმარხულობ… არც არავის ვკლავ მაშინ და შემიძლია არც არაფერი მოვიპარო… და რავიცი კიდევ რამდენი რამ მაქვს დადებითი და ისეთიც, თქვენ რომ მოგეწონოთ. ავტორი - გმადლობთ… მაგრამ ეს ვაკანსია უკვე დაკავებულია. კანდიდატი 3 - ( საქმიანი სახით ) გვარი, სახელი, მისამართი ობიექტის. ავტორი - ვერ გავიგე! კანდიდატი 3 - დღესვე გავასაღებ და მის ადგილს დავიჭერ. ავტორი - აჰა… არ გირჩევთ ამას. მტრისას ისეთია. კანდიდატი 3 - ჰო ო? სამწუხაროა. წავედი აბა ( და ისევე გაქრა, როგორც გაჩნდა ) ავტორი - (შვებით ამოისუნთქა) მაგარი ვინმე იყო არა? ( შინაგან ხმას გახედა ) შ. ხმა - შენც კარგი ხვითო ხარ ( გაუღიმა ხმამ ) ხომ არ აკოცებდი ამ ანგელოზს… იქნებ გაეღვიძოს. ავტორი - გაგიჟდი? მთავარი გმირი თუ არ დავახვედრე გაიბუტება და მერე ელოლიავე… დაანებე თავი ეძინოს. მთავარია რომ აქაა.
<<< *** >>>
ხუთიოდ საათის შემდეგ, როცა მორიგმა კანდიდატმაც ( ორმოცდამეორემ, თუ არ გვეშლება ) დატოვა ოთახი, ავტორმა უმწეოდ ჩამოყარა ხელები და იმედგადაწურულმა გახედა შინაგან ხმას. - არაფერი არ გამოდის ამ საქმიდან - რაო, არავინ არ მოგწონს?.. ცოოტათი მაინც. - ცოტათი ყველა კარგია თითქოს, მაგრამ ის არ არის მაინც, მე რომ მინდა. - ჰოო… არ მშურს შენი. სადღაც მებრალები კიდეც - თავის საყვარელ ლაბადაში გაეხვია ხმა - ჭკვიანი, ლამაზი, ძლიერი, ნიჭიერი, მსუბუქად ირონიული, ერთადერთი და განუმეორებელი, ამავე დროს იდუმალი… ასეთს ეძებ არა? - და მხარგაღმა გამოხედა. იცინოდა თუ დასცინოდა, ღმრთმა უწყის. - კი… სწორედ ისეთს და უცებ თვალები გაუბრწყინდა ავტორს - ოდნავაც შემობრუნდი ჩემსკენ და ნუ იცინი… გაიღიმე მხოლოდ. - აბა, აბა… ეგეთები არ იყოს! ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ - ლაბადა მოისროლა ხმამ - მართლა? ვინ დამპირდა, შენ ოღონდაც დაიწყე და ყველაფერში დაგეხმარებიო? - სიტყვაზე მიჭერ, არა? ახლავე გავაღვიძებ თუ ძალიან გაახურებ… გაფრთხილებ! - გააღვიძე, გააღვიძე… და თავს დააბრალე თუ რაიმე ისე არ გამოგივიდეს, როგორც ყოველთვისო, რომ გგონია სიხარულით ამჩატებული ავტორი მაგიდას მიუჯდა. სიგარეტს მოუკიდა და კოლოფზე მინაწერს ღიმილით დახედა, “აჰა… წავიკითხე და რა მერე? “. - რა და სულელი ხარ… აი რა! - მუზა იფშვნეტდა თვალებს. <<< *** >>>
გათენებამდე აღარაფერი რჩება. ოთახი სავსეა მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟებით. ზოგი კლავიატურაზე მოკაკუნე ავტორს დასდგომია თავზე. ზოგი მუზას ეფერება მზერით… ის კიდევ სიამით სახეალეწილი მაგიდაზე წამოსკუპებულა და ავტორს ეტიტინება გაუთავებლად. ზოგიც შინაგან ხმას ემუსაიფება, სასაცილოდ სერიოზული გამომეტყველება რომ აუკრავს სახეზე. -მთავარი გმირი სად არი?- იძახის ავტორი - აქა ვარ… - შინაგან ხმას მოშორდა ახალგაზრდა კაცი და დინჯად გამოემართა ავტორისაკენ, რომელმაც მუზას გაზედა კითხვის ნიშნად. “არა უშავს რაო” მოწყალედ გაუღიმა მუზამ “თუმცა… არა, არა… იყოს, როგორიც არისო”… თვალი ჩაუკრა შინაგან ხმას. - ქალი?.. სად არის ქალი? - ავტორმა საყვედურით გახედა მთავარ გმირს, უხერხულად აილეწა რომელიც. - აქა ვარ, საყვარელო - კეკლუცად მიეხუტა გულისსწორს ქალი. “მშვენიერიაო” მუზამ “უფრო ღრმა დეკოლტეც არ იქნებოდა ურიგოო” ურჩია თუ სთხოვა… რას გაიგებ მისას. - ძალიან კარგი… თქვენი ამალაც აქ არის ვხედავ . რას იტყვი? - მუზას მიმართა. “დასავარცხნიაო, ზოგიერთი” მუზამ “ზოგს მეტი გონიერება არ აწყენდაო… და საერთოდ, მისახედია ამათზე, მეტი ყურადღებითო” სერიოზული იყო მუზა. -მივხედავთ, კეთილო, მივხედავთ - ჩაიბუზღუნა ავტორმა და შინაგან ხმას გახედა წყრომით. “ჩემგან რა გინდაო” იმან “რომელი ერთი დამიჯერეო… რაც გინდოდეს ისა ჰქენიო ახლა. მე რომ არა, მთავარ გმირადაც შტამპი გეყოლებოდაო” უკმეხად უთხრა და მუზას მიუჩოჩდა “მართალი არ ვარო?” მიაჩივლა თან. “აბა რაო” გაუღიმა მუზამ და პერსონაჟებიცა და მათი ამალაც მონიტორმა შეისრუტა, როგორც სიგარეტის ბოლი ავტორმა. “ მოდი ახლა აბსტრაქციებს მივხედოთო” ავტორს მიუბრუნდა მუზა, მღელვარედ გამოეხმაურა რომელიც. - აი ახლა იწყება. იწყება ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის.- ხელები მოიფშვნიტ და სიგარეტს დასწვდა... კოლოფს. არ ამოუღია - ბრძოლა დაუნდობელი და უკომპრომისო… კეთილს ბოროტისგან რომ ვერ გაარჩევ ისეთი და ჩვენ, ავტორი, ანუ მე... - სიგარეტი ამოიღო - და თქვენ, კამპანია, ამ ბატალიების შუაგულში, ვინ იცის რამდენჯერ დავიჭრებით, ხან რითი, ხანაც სიყვარულით და დავიწრიტებით იმედისაგან... - მოუკიდა სიგარეტს და ნაფაზს ამოაყოლა - რამდენჯერ გავწბილდებით და ისევ ნდობით ავივსებით ერთმანეთისადმი… რამდენჯერ დავიღუპებით და ფერფლიდან აღვსდგებით - ღრმა ნაფაზი აქაც - რამდენჯერ… რამდენჯერ… ვინ იცის… ვინ უწყის… მზად ხარ გამომყვე ბოლომდე? - შინაგან ხმას მიმართა ავტორმა. პათეტიკა არ აკლდა ნათქვამს, მაგრამ ისეთი მოიმედე თვალები ამბობდა ამას, ისეთი რომ… - მიდი! მოგყვები - არანაკლები პათეტიკით უპასუხა მანაც და იქვე დააყოლა - ერთი ეს მითხარი მხოლოდ და გულწრფელად… რისთვის გვინდა ეს ყველაფერი? ჰა? ამას არ ჯობია ახლა სადმე მოგიზგიზე ბუხართან. ამ აცივებულზე და მეგობრებში, კაი საფერავით და რაც მოყვება როგორც წესი, იმით… ჰა? - ეგ გადასარევია, რა თქმა უნდა მაგრამ არც უამისობა რომ გამომდის რატომღაც… თან ახლა, ასეთი მაცდური უნდა იყო?.. ძლივს მოფარფატდა - მუზაზე მიანიშნა ავტორმა, დივანისკენ რომ მილასლასებდა ტანის ნარანარი რხევით. - კაი ერთი… პირველი შემთხვევა ხომ არაა… შენ ის მითხარი რად გვინდა ეს, რად? - რა ვიცი მე… იმათაც უნდათ და იმიტომ ალბათ - ვის იმათ კაცო, არ გამაგიჟო ახლა, ვის ხედავ აქ ჩვენს გარდა. - მკითხველს. - ვიის?! - მკითხველს!.. რომ გველოდება ხოლმე. - იმათ რად უნდა უნდოდეთ, ვითომ? ჰა? ესეც მითხარი ბარემ და კი ბატონო… - სასწაულის რომ სჯეროდეთ, სულელებო… სასწაულის, ჩვენც და იმათაც - მუზამ თქვა ეს. - დავიძინოთ ახლა… თენდება უკვე - ესეც მუზა იყო. - და წაკითხულს, ჭკუაც მიატანეთ ცოტა… - ესეც! ავტორმა სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა და შინაგან ხმას თვალი ჩაუკრა. თენდებოდა. მართლა, მართლა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. წავიკითხე... ტყუილი დაპირება გამომივიდა პირველ კომენტარში...:)) სრულიად ობიექტურად ვაცხადებ... არაჩვეულებრივია....არაჩვეულებრივი...უზადო...ვოტ ტაკ!!!
წავიკითხე... ტყუილი დაპირება გამომივიდა პირველ კომენტარში...:)) სრულიად ობიექტურად ვაცხადებ... არაჩვეულებრივია....არაჩვეულებრივი...უზადო...ვოტ ტაკ!!!
1. კარგად მახსოვს...:) ახალად ჯერ არ წამიკითხავს, ახლავე წავიკითხავ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ აქ ობიექტური ვერ ვიქნები...:)) უბრალოდ ვამაყობ ამით და უღრმეს მადლობას ვუხდი ავტორს... 555 კარგად მახსოვს...:) ახალად ჯერ არ წამიკითხავს, ახლავე წავიკითხავ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ აქ ობიექტური ვერ ვიქნები...:)) უბრალოდ ვამაყობ ამით და უღრმეს მადლობას ვუხდი ავტორს... 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|