ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
22 ნოემბერი, 2011


დორა



- შენ არ იცი ეს რა შეგრძნება იყო… მაგრამ მერწმუნე ამას არაფერი შეედრებოდა… არაფერი!  აბრეშუმივით გლუვ ფერდებს,  მწიფე ატმისფერი რომ დაჰკრავდა, თრთოლვად დაუვლიდა ხოლმე ჩემი მიახლოვება და შეხებისთანავე ძლივს გასაგონი კვნესა აღმოხდებოდა.  და  მეც, ცდუნების ტყვე, თავს ვერ ვიკავებდი, კალთაში არ ჩამესვა… ვეფერებოდი… ვეჩურჩულებოდი…  ისიც აცახცახებული, მთრთოლვარე ხმით ერთიანად ამომიბრუნებდა სულს, ისე ნაზად,  ისე ფაქიზად რომ… ეეეჰ, არც კი ვიცი რას შევადარო, თუ არა ღვთაებრივ ქნარს… და მერე ისე უანგაროდ მჩუქნიდა  ვნებათაკარა  სიყვარულს, დაუოკებელსა და მწველს გულისგულამდე, ნაზსა და მსუბუქს ანგელოზის სულივით… ისე რომ, ბედნიერების კარიბჭე იხსნებოდა თითქოს და მეც მისთვის ვიწვოდი… უკანასკნელ ნაპერწკლმდე მისი მსურდა ვყოფილიყავი და რაც უფრო მეტად, მით უფრო  ჩემი ხდებოდა თავადაც… წარმოგიდგენია?

გაუჭირდებოდა ამის წარმოდგენა…
ლაბრადორი კი იყო მოდგმით და ოდნავ აპრეხილი კუდიც ძალიან  უხდებოდა, მაგრამ მაინც ძაღლი იყო და ახლაც მიუხედავად პატრონის სევდიანი განწყობის სრულად გაზიარებისა, უფრო იმაზე ეფიქრებოდა, დააპურებდნენ  დღეს ბოლოსდაბოლოს, თუ შუაზე გადატეხილი გიტარის პანაშვიდი გაგრძელდებოდა უსასრულოდ…
გიტარა კიდევ, გუშინ, მის თვალწინ, გაცეცეხლებულმა ქალმა, ჯერ ცოცხი მიაგდო კუთხეში რომელმაც,  გამოგლიჯა ხელიდან ზემოთ გაჟღერებული მონოლოგის ავტორს და დაყეფებაც კი ვერ მოასრო, რომ სკამის საზურგეს გადაატეხა…
მხოლოდ საწყალობელი წკმუტუნით გამოხატა მომხდარით გაკვირვება თვითონ  და იმას ხომ მოულოდნელობისაგან საერთოდ ხმა ჩაეხლიჩა…
მერე გაისმა კარის ჯახუნი, ისეთი,  ოთახი დაზანზარდა და ჭაღიც კი აწკრიალდა, მაგრამ ეს უმნიშვნელო დეტალია, იმასთან შედარებით რაც აზრზე მოსულმა და ხმამობრუნებულმა კაცმა თქვა გულისგამგმირავი ტემბრით და სასოწარკვეთილი უიმედოდ დეფორმირებულ გიტარას მივარდა…

თვალის დახამხამებაში მოხდა ყველაფერი.
მანამ კი ერთი, ეტყობა ძალიან მნიშვნელოვანი, ამბავი უძღოდა წინ ამ ტრაგედიას.
ქალის გაგულისებით ნათქვამს, კაცმა ჯერ მელოდიური კუპლეტით უპასუხა, სასიყვარულო ლირიკიდან და უფრო ხმამაღალ რეპლიკაზე
- რა იყო… რას ჯუჯღუნებ… ცოცხიდან ხომ არ ჩამოვარდილხარ-ო
იხუმრა, რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ არა იქ, და არა იმ დროს, რომ იუმორში ჩამოერთვათ.
შედეგი? - გიტარამ ბოლო აკორდით გაიჟღერა… თუ ხმას რომელიც, უკანასკნელად და  საწყალობლად გამოსცა, შეიძლება ეს ტერმინი მივუსადაგოთ.

მას შემდეგ მთელი ღამე გავიდა.
მანამდე საღამოც…
ქალის უმცროსმა დამ მესიჯიც კი გამოგზავნა ტექსტით “ჩემთან არის!”-ო, იმავე ღამით და დილითაც განმეორებით - “ჩემთან არის!!!!!!!”- და თუ სიმბოლიკას რაიმე დატვირთვას ვაძლევთ ტექსტში,  ის კი ყველაფერს აძლევდა არც თუ პოზიტიურ დატვირთვას, განსაკუთრებით წერილობით დოკუმენტებში…  ძახილის ნიშანი დილით ზუსტად შვიდი იყო, ნაცვლად ერთისა, საღამოს - “საიდან აქვთ უმცროსებს ასე მოძალებული ამბიცია, ჭკუისკოლოფობაზე… გაგიჟდება კაცი”
ძნელი მისახვედრი არ იყო, თუ რას მოასწავებდა ეს “გულუხვობა”, მაგრამ ამაზე ვინ ფიქრობდა ახლა. სამაგიეროდ მშვენიერი საბაბი, კიდევ ერთხელ, მძაფრი რეპლიკით  გამოხმაურებოდა თავს დამტყდარ უბედურებას, კაცმა უყოყმანოდ გამოიყენა და თითქოს გულზეც მოეშვა…  მეტი ეფექტურობისთვის (თორემ ისე სულაც არ სურდა), პირთამდე სავსე ჭიქით კონიაკიც გადაჰკრა ლაბრადორთან კამპანიაში…
არა, ლაბრადორს არ დაულევია. უბრალოდ გვერდიდან არ შორდებოდა პატრონს. თანაუგრძნობდა მას, როგორც მეგობარი და იქნებ რცხვენოდა კიდეც როგორც მდედრს, მისი ადამიანური ვარიაციის  სრულიად გაუგებარი საქციელისა გამო…  აქვე აღვნიშნავ რომ ამ უკეთილშობილეს არსებას დორა ერქვა და მიუხედავად ერთგული ხასიათისა, გულის სიღრმეში, მაინც ქალთან უფრო ღრმა, მენტალურ სიახლოვეს აღიარებდა, ვიდრე მომხდარით სასოწარკვეთილ კაცთან.

“ცოდვაა საოწარკვეთაში ჩავარდნა… როცა სხვა ცოდვებიც არსებობს” - კონიაკს თუ დავაბრალებთ ამჩატებული სულის ამ პროტესტს.
- წავიდეთ დორა… წავიდეთ სადმე. გული მიკვდება აქ…
დორა, მართალია მოშივებული იყო,  და საკმაოზე მეტადაც კი, მაგრამ ამ პრობლემის გადასაჭრელად გარეთ გასვლა უფრო საიმედოდ ეფიქრა და როგორც სჩვეოდა, პირველი ორი სიტყვის გამგებს, სასეირნო თამასა თავისით მოურბენინა პატრონს. ფრაზის ფინალური ნაწილი კი მხოლოდ პესიმისტურად ემოციური ტემბრით აღიქვა და ეტყობა ამიტომაც ისევ დაიმორცხვა… ჩაიწკმუტუნა, ანუ…
- მაინც როგორ განსხვავდებით ქალები ერთმანეთისაგან, რა… ერთ ჭერქვეშაც კი - პირზე მწარე ღიმილით ჩაიბუტბუტა სევდიან-ფილოსოფიური იუმორით კაცმა და თამასა ჯიბეში ჩაიჩურთა.
დორას გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.

<<< *** >>>

- ვააჰ… დორა… როგორა ხარ გოგო შენ… უთოკოდ დაასეირნებ?
- დასაბმელი ვინ არი კი ვიცი ახლა,  მაგრამ დაგვიანდა უსაშველოდ.
- შენ ვინ გკითხა რამე…
- წამო, წამო დორა… ამდენს  ვერ ავიტან დღეს.
დორა, პატრონს მიჰყვა ძუნძულით და კმაყოფილი, რომ იმ ლაზღანდარას დიდი დრო არ დაუთმეს… აქ, იმ ენამახვილთან და წუწურაქთან, სასუსნავის შანსი არ იყო.
პარკში შევიდნენ.
აქ დორამ ყველაფერი საკუთარი თათებივით ზედმიწევნით იცოდა და სწორედ იქეთ აიღო გეზი, სადაც ყველაზე მეტად ეიმედებოდა რომ, პატრონს ბოლოსდაბოლოს გაახსენდებოდა,  ცოცხალი ორგანიზმისთვის კვება ისეთივე აუცილებლობაა, როგორც მისთვის… თუმცა ეს უკვე რა დროისა იყო.
- მოხვედი დორა… მოხვედი ლამაზო
ასეთი გამხდარი ოფიციანტი დიდი იშვიათობაა საერთოდ, მაგრამ დორა მას კარგად იცნობდა და არც არასოდეს გაწბილებულა
- მოდი გენაცვალე… ნახე რა მაქვს შენთვის…
დიდრონი შავი თვალები გაუჟუჟუნა კაცს. “მე რა შუაში ვარო” გაიფიქრა რომელმაც…
- თქვენები, იქეთ, ჩრდილქვეშ სხედან
მომხიბლავად გაუღიმა ქალმა.
სიამისაგან აცუნდრუკებული დორა, კუდის ენერგიულ ქიცინს მოჰყვა.
ეშველა, როგორც იქნა.

- ამას ცოტა წონაში და მკერდიც რომ დაეტყობოდეს…
ხელი ჩამოართვა მეგობრებს
- არა და ანგელიზივით ხასიათისაა… თან რა ლამაზი თვალები აქვს… იშვიათი.
და იქვე ჩამოჯდა.
- არაფერი ისე არ სრულყოფს  ქალის მკერდს, როგორც მამაკაცის ფანტაზია… ჩემო კარგო
მხატვარი გახლდათ ამ სიტყვების პატრონი
- მართალი ხარ… კი! მკერდს მიღმა რა ხდება ისა თქვი შენ, გულში… ადრე ხომ არ არის არყისთვის…
- შაბათობით დრო საათებში არ იზომება… ძმაო.
ეგ კიდევ დილეტანტი… პროფესიონალი დილეტანტი. სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე და შესაბამისად  სპეციალისტი
- დალევ?
- კი!
- აჰა… მოვა ახლა და მოგხედავს. მანამ აქედან დაჰკარი ერთი… გისმენთ!
უსიტყვოდ გადაჰკრა.
იშვიათი ამბავი იყო ეს. ერთმანეთს გადახედეს დამხვდურებმა და დელიკატურად, უკითხავად გაატარეს.
- რაო როგორ გითხრა? - მხატვარმა იკითხა… ანუ გადაიტანა აქცენტი ადრე დაწყებულ საუბარზე.
- ფსიქოანალიზიო,  ტვინის მცდელობაა, მიიღოს სიამოვნება, სულ სხვა ორგანოსათვის რომ არის გათვლილიო… მააშ. ჭკვიანურად ლაპარაკობს მამაძაღლი…  მაგრამ რა, თუ გაიცინა, მოგჭამა ჭირი... გიჟად გიჟია
- სწორედ კი უთქვამს და გიჟი უძახე შენ.
- იზეპირებს უშეცდომოდ რაღაცეებს და მიდიი…  გუშინ კიდევ, დაიჩივლა. ტელევიზორს შევყევი ნამეტანიო… ცუდია ესო.
- რათაო ვითომ?
- დიქტორები, ისე მცნობენ უკვე, უსალმოდ გადაცემას არ იწყებენო.
- ვააჰ… იქნებ იხუმრა კაცო - იცინის გულიანად მხატვარი
- ეეჰ… ისე იხუმრა ჩვენმა მტერმა…
იცინოდნენ დუეტში.
კაცი დუმდა. თითქოს არც იყო აქ.
დორამ მოირბინა, ფერხთით დაუჯდა და მაძღარი თვალებით ამოხედა.  მაძღარი და მაინც ერთგული. დაიწკმუტუნა, აქა ვარო, შენთანო… ნუ დარდობო ასე.
- მეც მაგარი ვიხუმრე გუშინ
თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა და ისევ დადუმდა.
- ჰოო და, მოკლედ მოყევი ახლა რა დაგემართა… რამ წაგშალა ასე? თუ დორას ვკითხოთ?

რა უნდა ეთქვა რო? რაც თავადაც კოშმარულ სიზმრად მიაჩნდა, როგორ უნდა მოეთხრო მეგობრებისთვის… თუნდაც გულის მოსაოხებლად.
სცადა მაინც.
არეულად, თითქოს მომხდარში გარკვევას ცდილობსო… ბორძიკ-ბორძიკით და გაუსაძლისი პაუზებით შიგადაშიგ… მაინც მოყვა ამბავი გუშინდელი საღამოსი და უფრო მეტად დაიბნა. 
მაგრამ დილეტანტმა, კაცმა მრავალმხრივ ნიჭიერმა და მამაძაღლი გიჟის მეზობელმა
-მდაა… ყველაფერი გასაგებიაო - თქვა. მეტიც… - ოდესმე  ასეც უნდა დასრულებულიყო  თქვენი რომანი და ეს შენი ბრალია-ო,  ვერდიქტიც დადო.
დორამაც კი გაკვირვებით შეხედა დილეტანტს.
კაცმა არაყი დაისხა და სულმოუთქმელად გადაჰკრა.
- ამას კიდევ ეგ უნდა?  დორას იმედად დარჩენილა კაცი - უსაყვედურა მხატვარმა.
- ახიცაა მაგაზე… ანგელოზი ცოცხზე როცა შესვა, რაზე ფიქრობდა მაშინ.
- რა უნდა ეფიქრა, ბიჭო!.. იხუმრა კაცმა… რა,  ქვეყანა დაიქცა?
- შენ ხომ ყველაფერს მშვენივრად ხვდები, და ესეც… რად გინდა ახლა ეს ბალამუტი?
- გეგონოს შენ!.. იქნებ აგვიხსნა მეც და ამასაც, რას ვხვდებით ასე მშვენივრად.

რა პრობლემააო. დილეტანტმა და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო…
როდესაც გოგო შეგიყვარებს და ისე რომ,  მის გულწრფელობაში ეჭვიც არ გეპარება, შენც გიყვარს - იცი  და ამით დასრულებული რომ გგონია ყველაფერი, ეგაა ყველაზე დიდი შენი შეცდომაო, დილეტანტმა…
მას მომღერალი ბიჭი შეუყვარდი, მისი ტოლების  კერპი, და სხვებში რომ გამოარჩიე,  ამ ბედნიერებას გამოჰყვა შენთანო, მაგრამ ერთხელაც როცა პერანგი გაგირეცხა, ოთახი დაგილაგა და ცხოვრება მოგიმყუდროვა, კაცი აღიარა შენში, კაცი დაინახა და ისიც ისევე გულწრფელად შეიყვარაო, დილეტანტმა…  და ამით  ქალობაზე თანხმობა განაცხადაო, შენ კიდევ ისევ ის მომღერალი ბიჭი დარჩენილხარ, ჩემო კარგო...  ის კი შენგან ქალად აღიარებას ელოდაო,  დილეტანტმა…
_ კაცი  სარკეა  ძმაო,რომელშიაც ქალი ცდილობს დაინახოს თავისი თავი და გადარბის რა სარკიდან სარკეზე, ჯიუტად, მოთმინებით, და რამდენადაც შესაძლებელია ღირსებით,  ეძებს “უკეთეს” ანარეკლს - ცოდოა ქალი, რომელიც მხოლოდ იმას პოულობს “სარკეში” რასაც სინამდვილეში წარმოადგენს… და ბევრად უფრო საცოდავია კაცი, რომელმაც სხვა ვერაფერი უჩვენა მას _ დილეტანტმა თქვა ეს თან ძალიან სერიოზულად კოპებშეკრულმა.  _ შენ კიდევ რა, უპირობოდ შენზე მინდობილ ქალს, მტვერსასრუტიც არ უყიდე… იმ საღამოს მაგას არ გეჯუჯღუნებოდა… სამაგიეროდ ხუმრობის ხასიათზე დამდგარხარ ბიჭი და სადღაც ანეგდოტად მოსმენილი დაგიხეთქებია _ მრისხანებდა დილეტანტი _ … და რაც უჩვენე, ხვდები ხომ? მის ადგილზე სკამზე კი არა, თავზე გადაგამტვრევდი მაგ გიტარას _ ო  თქვა დილეტანტმა… და გაჩუმდა

ბოლო სიტყვები დორამ ფეხზე დამდგარმა მოისმინა, მართალია ვერაფერი გაიგო, მაგრამ მდედრის გუმანი კარნახობდა რომ, აქ საყეფად არ იყო საქმე… არც დაუყეფია, მეტიც, წკმუტუნიც ზედმეტად მიიჩნია და ისეთი ხალისი დაუფლა მოულოდნელად, კუდი თავისით და გამალებით აუქიცინდა - ეს კარგის მომასწავებელი იყო, ასე ჰქონდა დაცდილი. დიდხანს ლოდინიც არ დასჭირვებია, იმ უსაშველოდ გამხდარმა და არანაკლებ ლამაზმა თვალებმა მოუხმეს თავისკენ და ისეთი სიმშვიდით მიატოვა პატრონი, უცნაურად მოლაპარაკე კაცების კამპანიაში, უკანაც კი არ მოუხედავს…
თუმცა მალევე მობრუნდა… კი! უსაშველოდ კმაყოფილი და გადამდებად მშვიდი. ფერხთით გაუწვა პატრონს და წვივებზე მიეალერსა... ყველაფერი კარგად იქნებაო, ანიშნა ალბათ.

- ისეთი უსიამოვნო შეგრძნება მაქვს, მგონი მართალი უნდა იყო
გულდაწყვეტით თქვა კაცმა და სავსე არყის ჭიქას შეხედა მხოლოდ… ბევრს არც სვამდა, როგორც ასეთი.
- ხოო… თურმე რამდენ რაიმეს მიმხვდარვართ და არც კი ვიცოდით - მხატვარმა გაიცინა.
- სხვათაშორის, კაცებისგან განსხვავებით ქალები პორნოფილმებსაც კი ბოლომდე უყურებენ… მიზერული, მაგრამ მაინც იმედით, რომ ყველაფერი ეს, ქორწინებით დასრულდება… ეს ისე ინფორმაციისათვის, სანდო წყაროდან.
გახალისდა უცებ დილეტანტი.
- ეს რა შუაში იყო ახლა - კაცმა იწყინა რატომღაც.
- რაო… ასე უცებ აიცერი იუმორზე? - არ დაინდო დილეტანტმა.
- კარგი… ჰო… გეყოფათ ახლა და იმედი ვიქონიოთ რომ, შეკვეთილ მწვადებს მოგვიტანენ ბოლოსდაბოლოს.
ყველა ხუმრობის ხასიათზე რომ იყო მაინც.
მოსწონდა დორას ეს ამბავი. ძალიან სანდოდ მიაჩნდა ეს კაცები პატრონის გვერდით და ისევ თავის “დაქალს” დაუწყო ძებნა თვალებით.

<<< *** >>>

თავის საყვარელ ხალიჩაზე იწვა დორა,
ადრე, ნებიერად გაიშოტებოდა ხოლმე.  საყვარელი ადამიანების ფლირტს არეულ რიტმში,  ჰაერთან ერთად ისუნთქავდა  და უდარდელ სიმშვიდეში თვლემდა.
ახლა  იწვა…

მანამ კი…
როცა იმედი მიინავლა და მოლოდინიც გულგრილობამ თითქმის გაფიტა, სწორედ მაშინ მოვიდა ქალი.
დორამ შორიდანვე იგრძნო ეს.  აჩქარებით აირბინა კიბის ორი მარში და კართან, უკანა თათებზე ჩამჯდარი დახვდა კაცს.
თვალები უბრწყინავდა დორას და ძნელი მისახვედრი არ იყო, თუ რატომ… კაცმა თავზე ნაზად გადაუსვა ხელი, იმანაც მადლიერმა აულოკა თითები და ამით რაღაცაზე შეთანხმდნენ თითქოს.

ქალი დივანზე იჯდა. არც ამდგარა, ისე გაუსწორა თვალი წამით და მისალმების ნიშნად დაუქნია თავი. მერე მასთან დინჯად მისულ დორას მიეფერა და თავი დახარა.
კაცმაც თავის დაკვრითვე  უპასუხა. მაგიდას მიუჯდა, თვალსაჩინო ადგილზე დადებულ ბინის გასაღებებს გულგრილად დახედა და  ჩაახველა.
ჰაერი ოთახში უხერხული სიჩუმით გაიჟღინთა.
დორა ხალიჩისკენ გალასლასდა უხალისოდ და უკანა თათებზე ჩაჯდა.

ახლა კი იწვა… დაძაბული.  თათებზე დადებული დრუნჩი უხმოდ უთრთოდა და გულიგამაწვრილებელ სიჩუმეს თვალებდახუჭული აყურადებდა. შიგადაშიგ გამოხედავდა ხოლმე ცალი თვალით, ხან ერთს ხანაც მეორეს და ისევ გაიყურსებოდა.

დიდხანს და ჯიუტად დუმდნენ.
ბოლოს კაცი დაღალა სიცარიელემ, სიგარეტს მოუკიდა და თითქოს ნაფაზს  ამოაყოლაო, იკითხა:
- რას იტყვი ახალს…  როგორა ხარ?
ქალმა მძიმედ ასწია თავი.  ერთხანს გაუსწორა მზერა. გულგრილობამ, ეჭვით რომ იგუმანა, სუსხით გასცრა ტანში. არ შეეძლო ამ აზრს შეგუებოდა, მაგრამ ვერც ის გაეგო, როგორ გარიდებოდა.
- ცუდად… მე გელოდი… აქ…
- ამას ვხედავ… სხვა?
ისევ დუმილი ჩამოწვა, საღამოს ნისლივით მძიმე და მკვრივი. მაგრამ ამის ატანა უკვე ძალიან უჭირდა კაცს და ისევ მან დაარღვია სიჩუმე.
- რისთვის მოსულხარ?
- შენ  გინდოდა რომ არ?..  - უმალ გამოეხმაურა ქალი. არ  დაასრულა მხოლოდ, მაგრამ თმა ყურზე გადაიწია, ისე, ვითომ ინსტიქტურად, როგორც იციან ხოლმე ამაყმა ქალებმა, როცა  მშვიდად  და პირდაპირ შემოხედვას მოისურვებენ. წამით გახედა მხოლოდ… რაღაც მოუხელთებელს ეძებდა კაცის თვალებში, თან შიშით, ვაი თუ მართლაც ეპოვნა.
- მე?.. არ ვიცი… მთელი კვირა გავიდა უკვე
- დაკავებული ვიყავი. ასეც რომ არა, რა სავალდებულოა ყოველდღე შემოვიარო… აწი…
- ხო... გავიგე. ჩვენ ხომ მხოლოდ მეგობრები ვართ.
ისევ დუმილი ჩამოწვა… კაცი, სიგარეტის ბოლში გახვეული დორას გასცქერის. ისიც გრძნობს, რომ რაღაც უნდა იღონოს. თავს წევს და მოკლედ და მკაფიოდ ყეფს. მეტისმეტი ბოხი ხმით კი გამოუვიდა და მოიბოდიშა, წკმუტუნით დაასრულა.
სიჩუმე დაირღვა და ქალმაც, თითქოს ამას ელოდაო
- მე ძალიან ცუდად ვარ… ძალიან - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა.
დორამ ჯერ ქალს შეხედა, მერე ნათქვამით გაკვირვებულ კაცს მიაყეფა და ზედვე მიუწკმუტუნა კიდეც. არ გააწბილა კაცმა.
- შემიძლია რაიმეთი დაგეხმარო?
- არ ვიცი… ან… იქნებ იცი როგორ გამოვასწოროთ ეს?
- არა… არ ვიცი - პატიოსნად უპასუხა კაცმა… მან მართლა არ იცოდა, ჯერ ერთი რა და მერე, როგორ უნდა გამოსწორებულიყო - მე იშვიათად ვარ ცუდად… ასე ცუდად. ამ ბოლო ხანს მხოლოდ… არა. არ ვიცი.
და მერე თითქოს გამოსავალი იპოვაო
- გინდა…  სიგარეტი?
- ჰმ… როდის იყო ვეწეოდი?
- ყავა? იქნებ ყავა… ცხელი.
- არა… მადლობა. ახლა არა… არ მინდა
მუხლებზე დაწყობილ თლილ თითებს დასცქეროდა  ქალი
- კონიაკი  მაშინ… მაცივარში მაქვს… მაშინდელი…
ისე აწრიალდა კაცი… დორაც კი წამოიწია და გვერდზე გადახრილი თავით, ინტერესით  აკვირდებოდა.  მდედრი იყო დორა და რაღაცას გრძნობდა გუმანით.
- ყავაზე მაგარს, ხომ იცი რომ ვერაფერს ვიტან.
- მაშინ ანტიდეპრესანტი, რამე?..  ბიჭებმა დამიტოვეს
- რა მიამიტი ხარ ზოგჯერ… მოსულელოდ - თავისთვისაც მოულოდნელად თვალებგაბრწყინებულს და უეცრად ახალისებულს,  გაეცინა ქალს.
იუკადრისა კაცმა.
- აბა გიტარა მე არა მაქვს, მუსიკით რომ გიშველო და… თუ ძალიან… გადახტი სახურავიდან… ყველაფერს შველისო ამბობენ.
ხუმრობად სცადა უფრო, მაგრამ ძალიან უხეიროდ გამოუვიდა მაშიდელივით და გული დაწყდა, რომ ისევ…
ქალი გაჩუმდა.
სხივი მყისვე ჩაუქრა თვალებში. 
რაღაც უსაშველოდ მძიმეს და ტკივილით გამწეწს მიანება გული.
ყელს მობჯენილი, მლაშედ დამხუთავი რამ უკრავდა სუნთქვას… არ შეიმჩნია, ისე გადაყლაპა ცრემლი… მერე სხარტად წამოხტა და კარისაკენ გაემართა მტკიცე ნაბიჯით
- შენ საით?
იყვირა კაცმა.
შეშფოთებული წამოხტა დორაც.
ქალი კარებთან შედგა…
იდროვა და როცა იგრძნო სიახლოვე მძიმე, არეული სუნთქვის, მობრუნდა… მობრუნდა და უცნაური გაფაციცებით მიაჩერდა კაცს პირდაპირ თვალებში.  მერე ღრმად და შვებით ამოისუნთქა და კარებს ზურგით მიეყრდნო - კაცის თვალებში გულგრილობის კვალიც კი არ ჩანდა.
- ჩამეხუტე რა… - ამოიოხრა  და ხელები უმწეოდ დაუშვა.

დორამ ერთი დაიყეფა, ერთიც სიამით ჩაიწკმუტუნა და ხალიჩაზე გაიშოტა.
ის ბედნიერი იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები