- ღმერთო, დიდებულო! ნუთუ იმისთვის გამაჩინე ამ ქვეყნად, რომ ნაძირალებმა, თვალებახვეული მიმაყენონ იმ ბინძურ კედელთან და დამხვრიტონ… რა უსამართლობაა ეს, ღმერთო!!! - მერე და, შენც ნუ აიხვევ თვალებს.
შეცბა. დასახვრეტად განწირული, სხვას რას უნდა დაეფრთხო , მაგრამ ხმამ, რომელიც მკაფიოდ მოისმა სარდაფის ბნელი კუთხიდან, ტანში გასცრა. ნესტიანი, მიწური სარდაფის, სადაც სხვა არავინ იყო სულიერი და რკინისცხაურიანი, ვიწრო სარკმლიდან საღამოს მეწამულით შეფერილი ცის ნაგლეჯიღა მოსჩანდა... სწორედ იმ ნაგლეჯს შეჰღაღადა, მისთვისაც მოულოდნელად და ისედაც სასოწარკვეთილს, თუ რამ შეაშფოთებდა კიდევ ვერც წარმოედგინა. შეშფოთდა კი არა, შეშინდა!.. და ამის შერცხვა.
- ვინ ხარ? - შემომხედე - ვერაფერს ვხედავ… სად ხარ? - ცოტა მეტი მოინდომე… მხოლოდ თვალებით ნუ ცდილობ დამინახო. - ეს როგორ? - აქამდე უნდა მიმხვდარიყავი ამას… არც ახლაა გვიან. ახლა როცა სხვა საშველი არა გაქვს, უნდა დამინახო… უნდა შეძლო!
შეძლო. ჯერ ეჭვი ეპარებოდა, ვერაფრით დაეჯერებინა რომ ხედავდა… ხომ არ გავაფრინე უეჭველი სიკვდილის მილოდინშიო, გაიფიქრა, მაგრამ მერე - ამას აწი რა მნიშვნელობა აქვსო, მოაფიქრდა და დაიჯერა. სამარცხვინო შიშმაც ისევე უცებ გაუარა, როგორც მოეძალა და საოცარი სიმშვიდე დაეუფლა. ახლა ამან გააკვირვა.
- ნუთუ?.. - უცნაური ხალხი ხართ ავანტიურისტები, მთელ ცხოვრებას უღმერთოდ გალევთ და უცებ… “ღმერთო, დიდებულო! რა უსამართლობააო”, აწუწუნდებით. - გხედავ, მგონია… რა გამჭირვალე ხარ, თანაც შავი? თუ მუქი.. . მე რა უკვე მკვდარი ვარ?.. დამხვრიტეს უკვე? - ამას უშენოდ როგორ იზამდნენ?.. იქნებ არც გაწყობდეს, მაგრამ ცოცხზლი ხარ ჯერაც და დაუვიწყარი ცერემონიაც წინ გელოდება. - შენ რა... მეკაიფები? - აბა რა… მე, უბრალოდ ანგელოზს კი არა, შენს მფარველ ანგელოზს, ამ სიტუაციაში სხვა რაღა დამრჩენია. - რა სისულელეა… ანგელოზი და შავი? პირველად მესმის... თუ ვხედავ ... რა ვიცი, გხედავ რო? - მხედავ, მხადავ... გამომეტყველებაზე გატყობ. ფერად შავი კი შენგან მერგო, რომ იცოდე, მე კი არ ამირჩევია… რაც დავიმსახურეთ, ეგ არის. - ჰო - ო?.. როგორც ჩანს დიდი ცოდვილი ვინმე ვყოფილვარ, რაკი მფარველი ანგელოზიც შავი მყავს. - არც მთლად მასეა საქმე. შენზე უფრო ცოდვილებიც ბლომად არიან… ყველას როდი ჰყავს მფარველი ანგელოზი. შენ და შენისთანებს, სიმშვიდე რომ ვერ გიპოვიათ ვერსად და ვერაფერში, ჭეშმარიტებას კი ეძებთ, ოღონდ უღმერთოდ, ურწმენოდ, ანგელოზებიც გიშავდებათ… თავიდან მეც თეთრი ვიყავი, როგორც ყველა, თეთრი და გამჭირვალე, მაგრამ შენ იმდენი მოახერხე რომ, ფერი ვიცვალე. საერთოდ რომ შემოგრჩი ესეც დიდი ამბავია... - ვააჰ... ღმერთი, რა?.. მართლა არსებობს? - აბა წუთის წინ ვის შესთხოვდი, თუ საყვედურობდი? ეს შენთვის სულ ერთია, მაგრამ მაინც. - ვის? რა ვიცი მე… სიმართლე გითხრა, ჩემი სათხოვარი, სადღაც ყურმოკრული ან სადმე ამოკითხული, თუ ორივეს ერთად ნაზავი რამე თუ იქნება და შენც, მართალი გითხრა, უიმედოდ დარჩენილი და კუთხეში მიმწყვდეული გონების ფანტაზია უფრო მგონიხარ, ვიდრე რეალობა… მეჩვენები, თუ მელანდები? თუ?.. - ვთქვათ და მართლაც ასეა… ვთქვათ შენი “ღმერთო, დიდებულო”, სადღაც გაგონილი თუ ამონაკითხი რამაა. ახლა დაფიქრდი და ისე მიპასუხე, შენი ავანტიურისტულად მოწყობილ-დალაგებული ტვინით. შეიძლება თუ არა გონმა, ჯერ მოისაზროს და შემდგომ ენამ თქვას ის, რაც არ არსებობს, ანუ ის რისი არსებობა ეჭვად მაინც შეხებია? ფანტაზია ხომ გონის ნაყოფია და ნაყოფის არარსებობა, იმის არარსებობას ნიშნავს რამაც იგი უნდა მოიღოს… ასე რომ შენი არსებობისა თუ გჯერა და ისიც რაც წინ გელოდება არ გეეჭვება, გონიერი ყოფილხარ, რაც უნდა საკვირველად ჟღერდეს ეს და ჩემი აქ ყოფნაც უნდა დაიჯერო… მოგწონს ეგ ამბავი თუ არა, სხვა საკითხია.
კეფა მოიქექა. რაღაცას ჩაუფიქრდა… რაღაცის გააზრება სცადა… თავი ვერაფერს მოადგა. ვერც დაადასტურა ვერაფერი, ვერც უარყო… ვერც ვერაფერი, ჭკვიანურის ნიშნებით, მოიფიქრა და დანებდა.
- ალბათ მართალი ხარ… მაგრამ ვერ გამიგია, თუ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ, რატომ აქამდე არაფერი იღონე… რატომ აღმოვჩნდი მე ამ სარდაფში და ახლა რაღას გამომეცხადე, თუკი ყველაფერი დამთავრებულია და ის “დაუვიწყარი ცერემონია” მაინც არ ამცდება... სად იყავი აქამდე? სად?... - ოჰ, რა სულისგამწეწი გამოსვლა იყო… ვწუხვარ რომ ანგელოზებს ტირილი არ შეგვიძლია. შენ არა თუ ზეციური, მიწიერი საზომებითაც კი დიდი უსამართლო ვინმე ხარ, რომ არ ვთქვა უმადური-მეთქი. - რატომ, ვითომ? - სანამ აქ მოხვდებოდი უამრავჯერ გადაგარჩინე და მიტომ. კი გიკვირდა, იქ გადარჩენისა, სადაც ბევრმა კისერი მოიტეხა, მაგრამ ერთხელაც არ ამოგიხედავს ჩემსკენ, მადლობის ნიშნად. ყველაფერს საკუთარ განსაკუთრებულობას მიაწერდი. სულ ბოლოსაც, აქ მოხვედრამდე, რამდენი არ ვეცადე, რეები არ მოვაწყვე , რომ გამერიდებინე ამ ხიფათს, მაგრამ არა!.. შენმა ამპარტავნებამ და სიჯიუტემ, ჩემგან მოწყობილი ყველა ბარიერი წალეკა. რაო? არ არის ეგრე? - რა ვიცი აბა? - არ იცის ამან… ძალიან კარგადაც იცი და ისევ ჯიუტობ. ახლაც ვერ იშლი ამას… ახლაც, როდესაც უაზრობაა სრული. გაიხსენე ერთი როგორ მოხვდი აქ. - როგორ მოვხვდი რო… შემეშალა სადღაც რაღაც და აჰა! ვერც შენ ივარგე, რომ იცოდე! - რას მელაპარაკები… შეეშალა ამას… მთელი შენი “შემეშალა” ერთი დიდი სისულელეა, სახელად ამპარტავნება! - რა შუაშია ეგ… - ვნახოთ აბა, იქნებ თავშიც კი იყოს. - რა უნდა ვნახოთ... ახლა რაღა დროისაა… - გავიხსენოთ მაინც… იქნებ რა ხდება. ჯერ იყო და პირდაპირ აქეთ დააწექი, მე ვიციო ჩემი საქმისა და რაღაც ეგეთები… არაფერი გამოგივიდა, მოტორი ჩაგიქრა... მაშინ გადაწყვიტე შემოვლითი გზით, ფეხით გევლო და ისიც ჩაგეშალა. რატომ თუ ხვდები? - ახლა? - აბა მაშინ რასაც მიხვდი, აგერ გაქვს შედეგად… იქ ხარ, საითაც ასე ჯიუტად იქაჩებოდი და ისღა დაგრჩენია იმ ჭუჭყიან კედელზე ავტოგრაფი დატოვო საკუთარი სისხლის ლაქად. რომ დაგინდობენ ამის ილუზია არ უნდა გქონდეს წესით… აქ სიჯიუტით და ამპარტავნებით ვერავის გააკვირვებ, საკუთარიც თავსაყრელად აქვთ… შანსი არა გაქვს, ხვდები ხომ? - ხო… მართალი ხარ. - და იცი რატომ, ეს ყველაფერი? შენში უკეთურად ამაყმა დაჩრდილა გონიერი… ეს როგორ?! შენ და უკანდახევა, სანამ პირში სული გიდგას?.. შედეგი: აი სარდაფი და ეგერ კედელიც. - ოოჰ… კაი ერთი! არ იქნებოდა ეს კედელი, იქნებოდა სხვა… და ისიც საკითხავია რომელი აჯობებდა. ასეთი ყოფილა ჩემი ბედისწერა და რა ვქნა ახლა… - შენ და ბედისწერა? საიდან სადაო... ესეც სადღაც გაგონილის ამოძახილია ალბათ. ბედისწერა აქ არაფერ შუაშია… მაინც როგორ გიყვართ თქვენისთანებს, ყველაფერი, რაც კარგი გგონიათ, საკუთარ დამსახურებად მიიწეროთ და რაც ცუდი, ბედისწერაზე ჩამოწეროთ… თუმცა ამისა არ უნდა გჯეროდეთ წესით, მაგრამ ასე ხომ ბევრად უფრო მარტივია: ყველაფერი ბედს დააბრალო და არც გეფიქრება, რომ ნებით თუ უნებლიედ, ამით უზენაესს აღიარებ. - კარგი ჰო… მართალი ხარ! ოღონდ რა აზრი აქვს ახლა ყველაფერ ამას? და საერთოდ, რას გამომეცხადე, რომ გამომეცხადე… ვცხოვრობდი ჩემს ცდომილებაში და მოვკვდებოდი მასშივე… რა გაცინებს? ტირილი არა და, სიცილი მოსულა არა, ანგელოზებში? ნახა დრო… მაგარი მფარველი მყავს ეგეც, რა!... მოგეტეხა ფეხი და ეგ იქნებოდა … - რამდენჯერ?!.. ვერ ატყობ რომ, წელიწადზე მეტია კოჭლობ?.. მართლა სასაცილო ვინმე ხარ, აი! და სასაცილოა ყველაფერი რასაც შენ და შენისთანები ფიქრობთ, თქვენი ჭკუით, ღმერთზე და ეშმაკზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, სიცოცხლეზე და სიკვდილზე, ღირსებაზეც თუ გნებავთ და სამშობლოზეც სხვათაშორის… წარმოიდგინე ერთი წამით ამაზე მოფიქრალი ჭიანჭველა და შენც გაგეცინება, შენი ადამიანობის გადასახედიდან, ისეთსაც კი, როგორიც ხარ. - მერე ჩვენ რა, ჭიანჭველები ვართ? მითუმეტეს ღმერთისთვის… ჩვენ ხომ… არ შეიძლება ასე! - აბა რა… აბა რა… თქვენ ადამიანები – სამყაროს გვირგვინი, არა? - რატომაც არა… ხომ თქვი არსებობსო. - რა დამყოლი გამიხდი ამ ბოლო ჟამს… გინდა ერთ ჭეშმარიტებას გაგიმხელ? - ეეჰ… რა თავში ვიხლი აწი, მაგრამ მიდი აბა. - შენ დიდი ჩერჩეტი ვინმე ხარ!!! ეს ყველაზე მთავარი... და სიმართლე გითხრა, უკვე მეც კი, შენს მფარველ ანგოლოზს, შენი ცოდვებით გამჭვარტლულს, ამომიხვედი ყელში. შენი განუზომელი ყეყეჩობით, რაც ამბავი დღეს დაატრიალე მის გამო ხომ, საერთოდ ახლოსაც არ გაგეკარებოდი, რამეთუ არამარტო ჩერჩეტი ხარ, არამედ ვირივით ჯიუტიც და ყოველგვარ ფარგლებს გაცილებული, უსაფუძვლო სიამაყით დაბრმავებული ტიპიც, რომელსაც არა და არ სურს გაახილოს გონების თვალი და ისედაც ბეცი, შავი სათვალეებით უყურებს სამყაროს. მიუხედავად ამისა მე მაინც აქა ვარ და რატომ თუ იცი? - რა ვიცი აბა… ხარ კია და… - ვერასოდეს მიხვდები ამას… აქ იმიტომ ვარ რომ, შენი გულწრფელად მოყვარული და შენგან უტიფრად უარყოფილი ორი ადამიანი გულით შესთხოვს ღმერთს, სიცოცხლე შეგინარჩუნოს და რომ არა ბავშვი… ბავშვი, რომლის მამობაც კი არ აღიარე… - ბავშვი? - ჰო… პატარა, ცელქი, კიკინებიანი გოგონა, დღემდე რომ ელოდება მამას, შორეული მოგზაურობიდან საჩუქრებით დატვირთულს… - საიდან? - ფიქრობ ამას მნიშვნელობა აქვს? ის, რომ გელოდება, არ არის საკმარისი? - ამას არ ვამბობ... უბრალოდ მე ის არასოდეს მინახავს… არასოდეს… - იმსახურებ კი, ოდესმე ნახო?.. - არ ვიცი… არა, ალბათ… - წარმოიდგინე და ეს შენი გადასაწყვეტია… ის კი იმსახურებს, რომ მოლოდინი არ გაუცრუვდეს… მითუმეტეს რომ ამისთვის მსხვერპლიც გაიღო პატარამ… საჩუქრებზე თქვა უარი. - რაზე? - ჩამონათვალი გაინტერესებს?.. - არა… არა… უბრალოდ ვერფერი გავიგე… ვერაფერი - მოკლედ, გოგონას ვერ გავაწბილებთ… ასე გადაწყდა, სადაც ჯერ არს… - შენ გინდა თქვა რომ ჩემს გადასარჩენად მოხვედი? განა ეს შესაძლებელია? თუ ისევ დამცინი… - რა იცით თქვენ, შესაძლებელისა თუ შეუძლებელის შესახებ… ჭიანჭველასაც შეუძლებლად მიაჩნია გადაცუროს გუბე, რომელსაც ადამიანი ისე გადააბიჯებს, ვერც კი შენიშნავს. -ეგ რა შუაშია… ვერ გავიგე რაღაც… - როგორ გამაკვირვე… მოდი აქეთ… შეხედე იმ ბიჭს, შენი დახვრეტის მომლოდინე დოყლაპიებში რომ დგას, შავი ქურთუკით… ხედავ? - მერე რა?.. - კარგად დააკვირდი. ხომ არ გეცნობა? - არა, არ ვიცნობ! თუმცა… ე!!! ეს ხომ… ეს როგორ… ეს ხომ მე ვარ... მე მათ შორის? სულ დავიბენი… - არა უშავს რა… დრო გექნება ამაზე საფიქრალად. ახლა კედდელთან მდგომს შეხედე... იქნებ ისიც გეცნობა. - ღმერთო, დიდებულო! რა ხდება… ისიც მე ვარ… ეს როგორ… ასე… - ეს ყველაფერი როდია. ახლა დაფიქრდი, აი რაზე: თუ შენ ხედავ შენს თავს, იქ ხალხში და კედელთანაც… საიდან ხედავ ყველაფერ ამას? - … - სად ხარ სინამდვილეში და ვინ ხარ საერთოდ? - არაფერი მესმის. - არც არის აუცილებელი ეს გესმოდეს. შენ ეს უნდა გჯეროდეს. სურვილი, ყველაფერს შეეხო საკუთარი ხელით, აუცილებლად მიგიყვანს უარყოფამდე. - ხო, მაგრამ იქ და აქაც და კიდევ… - ეგრეა… მიიღე ეს! და ნუ უყურებ ცხოვრებას მხოლოდ თვალებით. შეიგნე ბოლოსდაბოლოს... - ვეცდები... კი! რაღაცას ვხვდები მგონია… - ძალიან კარგი… ამ ერთხელაც გიხსნი, შენი შვილის ალალი სიყვარულის ფასად, მაგრამ დღეის ამას იქეთ, შენ მარტო ივლი შენს სავალ გზას და მიგიყვანს თუ არა ის ისევ კედელთან, მხოლოდ შენზე იქნება დამოკიდებული. ხვდები ხომ? - ჰო… ვხვდები… გავიგე - და ბედისწერას ნურაფერს დააბრალებ მერე! შენი ბედისწერა, შენი ხასიათის ნაყოფია მხოლოდ და სხვა არაფერი. - …
***
მეგობრებმა ძლივს იცნეს ისე შეცვლილიყო. საიდან, როგორ… ღმერთო დიდებულოო, იმათაც, ეს რა დღე გაგვითენდაო… ღვთის წყალობითო, ისე უპასუხა, ისეთი ნოტით ხმაში, რომ შეშფოთდნენ ცოთათი მეგობრები, რა დაემართა ამ კაცსო… უნდოდა მოეთხრო მასაც, ამბავი თავს გადამხდარი, მაგრამ ვერაფერს მოუყარა თავი, ვერ დაალაგა, რომ ეფიქრებოდა ისე და გაჩუმება არჩია… დალევითაც ბევრი არაფერი, ადრინდელივით თავი არ გამოუდია, მაგრამ მფარველი ანგელოზების სადღეგრძელო, ოდნავ შეზახორშებულმა, ფეხზე წამომდგარმა რომ დალია. -თქვენი მფარველებისა თორემ, მე ჩემი დავკარგე სამუდამოდო - დააყოლა და საწყლად გაეღიმა… არაფერი უკითხავთ მეგობრებსაც. დრო გავა და გაუვლისო, გადაწყვიტეს.
მერე, ჩამობნელებულზე, დიდხანს გასცქეროდა ნათურის შუქით განათებულ თეთრ, მსუბუქ ფარდას და გულისფანცქალით ელოდა, როდის გადაირბენდა მასზედ, პატარა, ცელქი, კიკინებიანი გოგონას სილუეტი…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. როგორ მომრავლდნენ ანგელოზები თქვენთან :)
როგორ მომრავლდნენ ანგელოზები თქვენთან :)
8. თუ არ ვცდები, ნაწარმოების წინაისტორია უნდა წარმოადგენდეს შემდეგს:
ახალგაზრდა, ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მონაწილეობს ახლოისტორიის ერთ-ერთ ქართულ - X ბრძოლაში, ტყვედაა ჩავარდნილი და სავარაუდოდ, დასახვრეტაა გამზადებული. ყმაწვილს ჰყავს არაღიარებული შვილი (ჯერ მცირეწლოვანი გოგონა), რომელიც არასოდეს უნახავს... და ამის მეტი, სხვა არავითარი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. არის ორიოდე სახასიათო ნიუანსი, საიდანაც ვიგებთ, რომ ერთობ შუბლით (შუბლით, და არა ტვინით) უნდა უყვარდეს იერიშზე გადასვლა (ამას მისი ფუჭად მომლოდინე უკანონო შვილის არსებობაც ადასტურებს)...
ჩემი ფიქრით, ამ გმირის მთელი ცხოვრებისული ამბებიდან დამოუკიდებელ ნაწარმოებად შერჩეულია ყველაზე სუსტი პლასტი... და ეს პლასტიც მოცემულია არა მსუყე ფილოსოფიური ნარატივით (როგორც ლიჩელმა აღნიშნა), არამედ უმსუყესი თეატრალური ნარატივით.
ავტორის წინაშე იდგა ამოცანა, წარმოედგინა სასაკლაოსთვის განწირული გმირის ალუზიები და გამოიყენა ყველაზე პრიმიტიული (ხალხური) წარმოსახვის ელემენტები. მკაცრ შეფასებას გავაკეთებ მხოლოდ იმ ელემენტარული მიზეზით, რომ ნამდვილად ერთ-ერთმა კარგმა ავტორმა (ამ საიტზე) ზუსტად გაიაზროს საკუთარი შეცდომა პროზის რეჟისურაში:
ეს ყველაფერი ჰგავს დამწყები რეჟისორი ქალის თვალით დანახულ (და დადგმულ) სპექტაკლს. ქალის, რომელსაც მხოლოდ საკუთარი შეხედულებები გააჩნია მოცემულ ტრაგიკულ ფენომენზე და რომელიც მხოლოდ საკუთარი მომხიბვლელობის წყალობით ცდილობს, საკუთარი მეთოდებით ამოქმედოს გმირის როლზე შერჩეული ყმაწვილი. ყმაწვილიც მოხიბლულია ახალგაზრდა რეჟისორით და თითიდან გამოწოვილ ტრაგიზმს ხალისით (მაგრამ უხარისხოდ) თამაშობს...
თუ როდისმე გინახავთ საკუთარი მფარველი ანგელოზი, გეცოდინებათ, რომ "იქ, სადაც ჯერ არს" - არ შეიძლება მისი სიტყვები იყოს, რადგან საკუთარ "ოჯახზე" საუბრობს... "იქ, სადაც ჯერ არს" - ჩვენი, მიწიერთა დარქმეული მისამართია... თუ არ ვცდები, ნაწარმოების წინაისტორია უნდა წარმოადგენდეს შემდეგს:
ახალგაზრდა, ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მონაწილეობს ახლოისტორიის ერთ-ერთ ქართულ - X ბრძოლაში, ტყვედაა ჩავარდნილი და სავარაუდოდ, დასახვრეტაა გამზადებული. ყმაწვილს ჰყავს არაღიარებული შვილი (ჯერ მცირეწლოვანი გოგონა), რომელიც არასოდეს უნახავს... და ამის მეტი, სხვა არავითარი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. არის ორიოდე სახასიათო ნიუანსი, საიდანაც ვიგებთ, რომ ერთობ შუბლით (შუბლით, და არა ტვინით) უნდა უყვარდეს იერიშზე გადასვლა (ამას მისი ფუჭად მომლოდინე უკანონო შვილის არსებობაც ადასტურებს)...
ჩემი ფიქრით, ამ გმირის მთელი ცხოვრებისული ამბებიდან დამოუკიდებელ ნაწარმოებად შერჩეულია ყველაზე სუსტი პლასტი... და ეს პლასტიც მოცემულია არა მსუყე ფილოსოფიური ნარატივით (როგორც ლიჩელმა აღნიშნა), არამედ უმსუყესი თეატრალური ნარატივით.
ავტორის წინაშე იდგა ამოცანა, წარმოედგინა სასაკლაოსთვის განწირული გმირის ალუზიები და გამოიყენა ყველაზე პრიმიტიული (ხალხური) წარმოსახვის ელემენტები. მკაცრ შეფასებას გავაკეთებ მხოლოდ იმ ელემენტარული მიზეზით, რომ ნამდვილად ერთ-ერთმა კარგმა ავტორმა (ამ საიტზე) ზუსტად გაიაზროს საკუთარი შეცდომა პროზის რეჟისურაში:
ეს ყველაფერი ჰგავს დამწყები რეჟისორი ქალის თვალით დანახულ (და დადგმულ) სპექტაკლს. ქალის, რომელსაც მხოლოდ საკუთარი შეხედულებები გააჩნია მოცემულ ტრაგიკულ ფენომენზე და რომელიც მხოლოდ საკუთარი მომხიბვლელობის წყალობით ცდილობს, საკუთარი მეთოდებით ამოქმედოს გმირის როლზე შერჩეული ყმაწვილი. ყმაწვილიც მოხიბლულია ახალგაზრდა რეჟისორით და თითიდან გამოწოვილ ტრაგიზმს ხალისით (მაგრამ უხარისხოდ) თამაშობს...
თუ როდისმე გინახავთ საკუთარი მფარველი ანგელოზი, გეცოდინებათ, რომ "იქ, სადაც ჯერ არს" - არ შეიძლება მისი სიტყვები იყოს, რადგან საკუთარ "ოჯახზე" საუბრობს... "იქ, სადაც ჯერ არს" - ჩვენი, მიწიერთა დარქმეული მისამართია...
7. მშვენიერია,ოდნავ მსუყე ფილოსოფიური ნარატივით. 555 მშვენიერია,ოდნავ მსუყე ფილოსოფიური ნარატივით. 555
6. გამორჩეულად მიყვარს თქვენებიდან...555 მრავალს დაესწარით...:-* გამორჩეულად მიყვარს თქვენებიდან...555 მრავალს დაესწარით...:-*
4. თავიდან ცოტა თითქოს დავიღალესავით, მაგრამ საბოლოოდ, კარგი გადაწყვეტა იყო ძალიან. "ამას უშენოდ როგორ იზამდნენ?" ეს კითხვა ბოლომდე ამედევნა მეც ამ მოთხრობასავით. საკუთარი "მე"_ს დიდებული სამკუთხედი შემოგვთავაზა ავტორმა. თავიდან ცოტა თითქოს დავიღალესავით, მაგრამ საბოლოოდ, კარგი გადაწყვეტა იყო ძალიან. "ამას უშენოდ როგორ იზამდნენ?" ეს კითხვა ბოლომდე ამედევნა მეც ამ მოთხრობასავით. საკუთარი "მე"_ს დიდებული სამკუთხედი შემოგვთავაზა ავტორმა.
3. გილოცავ დილეტანტო ჩავიკითხე შენი ნაწერი ბოლომდე და მომეწონა +++ გილოცავ დილეტანტო ჩავიკითხე შენი ნაწერი ბოლომდე და მომეწონა +++
2.
არაჩვეულებრივია, ცოტას თუ შეამოკლებთ ბრწყინვალე იქნება,
მეც გილოცავთ დამდეგ აღდგომას. თავფურცელზე უნდა გავიდეს
ეს მოთხრობა. 5 ქულა.
არაჩვეულებრივია, ცოტას თუ შეამოკლებთ ბრწყინვალე იქნება,
მეც გილოცავთ დამდეგ აღდგომას. თავფურცელზე უნდა გავიდეს
ეს მოთხრობა. 5 ქულა.
1. გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოვება :) გფარავდეთ უფალი. გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოვება :) გფარავდეთ უფალი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|