ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დილეტანტი
ჟანრი: პროზა
31 მარტი, 2014


დილემა

შეუჩნდნენ საცოდავს და არ მოასვენეს, რა!
თითქოს თავისი გასაჭირი არ ყოფნიდა, ახლა ესენიც მისი საფიქრალი გახდა
- შენ თუ გაგვაშველებ, განგვსჯიო რამე, რა უფრო მნიშვნელოვანია, ანუ საჭიროა შენთვისო…
“პარაზიტები”- ცუდ ხასიათზე შეხვდათ კაცი - “დილიდან ლუკმა პირში არ ჩამსვლია და რისი განმსჯელ-გამშველებელი ვარ მეო”
არა და არც უამისობა იქნებოდა, ფაქტია - სიმართლესა და ტყუილს შორის უნდა განესაჯა, სახუმარო საქმეა?..  თან მშიერ კუჭზე ხომ, მითუმეტეს.

შიმშილი ზოგჯერ მარგებელიც კიაო, სიმართლემ, მაგრამ ახლა...  აი მაშინ რომ ივაჟკაცე, კი არ დამვიწყებიაო - შემოჰკრა ხელიხელს და გაიშალა სუფრა _ სულო და გულო, რა გინდა, ინატრე.
ტყუილმაც არ დააყოვნა, გაუტკაცუნა თითები - აქაო - ამბობს, რასაც ხედავ იმის უდიდესი ნაწილი ილუზიაააო, მაგრამ შენ ნუ გეშინია, მიირთვი, მიირთვი… ის მხოლოდ შედეგებით შეგაწუხებს თორემ, როცა ჭამ გემრიელიც კიაო …
ორჭოფობს კაცი… არა და ძალიან ძნელი რამაა ეს მშიერზე.
გახედა სიმართლემ მრავლისმეტყველად - აკი გეუბნებოდი, ჩემთან გეჭიროს საქმე გერჩიოს, ჩემთან შედეგებიც ნაღდია და ყველაფერი დანარჩენიცო…

რაც იქნება იქნება, ერთი თქვენი იქეთურ-აქეთურიცო, კაცმა და ძალიან მადიანად გეახლათ რასაც მისწვდა და მოეწონა. 
გამალებით, ხვნეშით, თითქოს მოსწრებაზეაო…
სანამ მუცლიდან არ ამოსძახეს, ცოტა უხეშად, ცოტაც არასასიამოვნოდ ესთეტიკურ ასპექტში და მაძღარმა, ძალა-იმედ მოცემულმა, სადღაც  უტაქტომაც კი, ამა მდგომარეობისა გამო და  სრულიად უკომპლექსომაც, როგორც დანაყრებულზე აღმოჩნდა - ახლა უნდა დავისვენოო - განუცხადა მომჩივანებს და - წაუღიღინეთ ერთი თქვენებური, ტყუილ-მართალი, ან სულაც პირიქით, ოღონდ მოგუდულად, მე კი ჩავთვლემ და მოგხედავთ გამოღვიძებულზეო -  აბაა! 
წამოწვა მხართეძოზე და მოწყალედ გაუღიმა სამღერლად უხერხულად გახაზირებულებს.
ეგ კიდევ არაფერი! გამოღვიძებულზე, ეშმაკმა უწყის რა სიზმარნაჭამმა და შუბლშეკრულმა - ერთი გამოსაფხიზლებელი სტრიპტიზი გამიჩალიჩეთ ახლაო, უნდა შეგხედოთ ერთი შიშვლები რისი მაქნისები ხართო - ანუ როგორ გამოიყურებითო, იგულისხმა.
რას იზამდნენ?.. გაინაზნენ ცოტა, ესაო, ისაო… მაგრამ შეუვალი იყო კაცი!

შიშველმა სიმართლემ აშკარად წააგო რაუნდი.
აღფრთოვანებული და ასევე სრულიად გაშიშვლებული ტყუილი მაცდურის ღიმილით და მეძავის ურცხვობით მიეფერა კაცს.
 
კაცის სასახელოდ უნდა ითქვას რომ, დასკვნის გამოტანას არ ჩქარობდა. თვალებმოჭუტულმა, მუცლზე ხელის ნებიერი თათუნით  ახედ-დახედა ორთავეს, მერე კეფაც მოიქექა, კიდევ რაღაც მოიფხანა, აქ არ ითქმება ისეთი, ერთიც დაამთქნარა, ერთიც დაასლოკინა, ერთიც…
- იტყვი თუ არა, ბოლოსდაბოლოს, სიმართლესო - მოთმინებადაკარგულმა…  არა, ვერ მიხვდით,  ტყუილმა იყვირა 
- ან მოიტყუე მაინც, რაიმეო - კი…  ეს განაწყენებული სიმართლე იყო.
- გამიხურეთ საქმეო - კაცმა- ამოვიდა ყელში ეს თქვენი არჩევანიც და თქვენი მტყუან-მართალიცო… მნახეს რა აქ მოცლილიო - ამოიღრინა - ურჩიე ახლა ამათ შავი და თეთრი, ბრინჯი და ფეტვი, თავად რომ ბანანი და ვაშლი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთშიო. 
თუმცა ეს რა შუაშიაო, ამოიხვნეშა ფიქრად  და უხერხულობის დასაფარად ხმა გაიფოლადა.
- რა? რაკი ამაყად ჟღერს…  ადამიანი!!!  ამიტომ თავზე უნდა დააჯდეთ?!
ამ უკანასკნელს თვალების ბრიალით დაუსვა  წერტილი.
სერიოზულად გაბრაზებულიყო.
- რა პონტიაო, ე! - ტყუილმა იწყინა
- მართლა, რა!..  ვერ გავიგე ეს რაღაცო - აქეთ სიმართლე შეშფოთდა
- მოკლედ ასე - ღმერთმა უწყის რა მიზეზით, უცებ დამშვიდდა კაცი - ჯერ თქვენ დამეხმარეთ და მერე მეც გადავწყვეტო
- თქვი აბა, რა გაგჭირვებიაო - ერთხმად შესძახეს ვერდიქტისმაძიებლებმა
- ყური მიგდეთო კარგად - კაცმა - აქეთ ყანა მაქვს გასათოხნი, იქეთ ბიჭები საქეიფოდ მეძახიანო. აქეთ ოჯახი მყავს სარჩენი, იქეთ კაცობა შესანახიო. იმათ თავიანთი სათოხარიც ყოფნით, ვერ დავიხმარებ… სახლს რომ ვაშენებდე, ან ვენახს ვყრიდე კიდევ ჰო-ო - თქვა კაცმა - საკუთარ ყანას,  ცოლისა არ იყოს,  კაცმა თვითონ უნდა მიხედოსო… ეგრე არ არიო? - მოხედა  ორთავეს.
ტყუილი მიიძურწებოდა უკვე, სიმართლე ამაყადთავაწეული იდგა, მაგრამ რა?.. ისიც აშკარად  გაპარვას აპირებდა.
- ეეჰ… ნეტა თქვენი პრობლემები მომცაო - კაცმა - წავალ საქმეს მივხედავ,  იქნებ იქაც მივასწრო და აქაც ხელი დავატყოო - და წავიდა

- სად, შევჩერდით ძმაო? - დინჯად გაუღიმა საქმემ, მასთან ერთად ყანისკენ მიმავალ კაცს. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები