 | ავტორი: დილეტანტი ჟანრი: დრამატურგია 25 ნოემბერი, 2011 |
ფსტ! (აბსურდის კომედია)
მომქმედი პირნი:
დეტექტივი - ასე, 42 წლის ექიმი - ხანში შესული ბინის პატრონი - შუა ხანს გვარიანად გადაცილებული. კაცი - გაურკვეველი ასაკის ქალი - ლამაზი, დეტექტივის აზრით ბინის პატრონის საყვარელი. მიცვალებული - მკვდარი, 98 წლის. დეტექტივის გაუმხელელი ვარაუდით, ბინის პატრონის ახლო ნაცნობია, მაგ: მამა.
(სრულიად უმოქმედო, შეიძლება ითქვას, ზედმეტიც, პირნი: რეჟისორი - მაგარი ტიპი ავტორი - ისე რა, ტიპი)
სცენა წარმოადგენს ოთახს. საშუალო ამერიკელის შესაძლებლობების მეათედამდე აღზევებული აბორიგენი ობივატელისა... ანუ ბინის პატრონის ბინას. ოთახი სამგლოვიაროდაა გაწყობილი. შუა ოთახში, შავი ქსოვილით დრაპირებულ ტახტზე კუბო დევს. ტახტის ერთ მხარეს სხედან მგლოვიარენი, მეორე მხარეს კი “ბონაპარტისეული” იერით ბოლთას ცემს დეტექტივი. განცალკევებით, მძიმე ფიქრებში ჩაფლულა ექიმი. შთაბეჭდილება რჩება, რომ აქ, ფარდის გახსნამდე, უკვე რაღაც მოხდა... რაღაც ფრიად მნიშ-ვნე-ლო-ვა-ნი-იი. (ეს სტრიქონი შეგეძლოთ არც წაგეკითხათ, რემარკაა რეჟისორის - ავტორი) დეტექტივმა ფარდის სრულად გახსნიდან, რამდენიმე წამში მოძრაობა შეწყვიტა. ჯერ გვამს დახედა. მერე მგლოვიარეებს მოავლო მზერა და ექიმზე შეაჩერა. ექიმი შესამჩნევად აწრიალდა.
დეტექტივი (დიქტოფონში) - ოთახის დათვალიერებისას, აღმოჩნდა რომ, გვამი დევს ფეხებით კარებისკენ. არ გამოვრიცხავ რომ სწორედ ეს დეტალი აღმოჩნდეს გადამწყვეტი ფაქტორი, ამ, და მხოლოდ ამ წუთისათვის, იდუმალებით სავსე ბოროტმოქმედების გასახსნელად. აშკარაა რომ გვამი გარედან შემოათრიეს... კხ,კხ... ალბათ დაავლეს ხელი მხრებში და შე-მო-ათ-რიეს! თუმცა არ გამოვრიცხავ მცდელობას მისი სახლიდან გათრევის. კხ,კხ... ჩაავლეს ხელი ფეხებში და სცადეს გარეთ გათრევა... ორივე ვერსიას, თანაბარი უფლება აქვს არსებობაზე.
აქ დეტექტივმა, ცერად გახედა მგლოვირეებს და თითქოს ამბობდა “ რა? გეგონათ ვერ მივხვდებოდი, არა?”
ქალი - აბა რას ამბობთ, დეტექტივო, ის ხომ კუბოში წევს. ჩვენ თვითონ ჩავასვენეთ, აცხონოს ღმერთმა. ფეხებით კარებისკენ კი, წესია ასეთი და რა ვქნათ? დაკრძალვაზე ხართ, ბოლოსდაბოლოს და არა პირიქით... იქა... რა ჰქვია იმას...
დეტექტივი (ნიშნისმოგებით) - ა-ჰაა! მაშ აღიარებთ ხომ, რომ თქვენ თავად, თანამზრახველებთან ერთად, არა?... ასეც ვფიქრობდი!!!
ბინის პატრონი - გადამრევს ეს კაცი... დაკრძალვაა, დაკრძალვა! რა არის აქ საფიქრალი?
დეტექტივი (ექიდნურად) - ჰმ... დეტექტივი აქ არის, გვამიც აქ არი, ეჭვმიტანილებიც აქ არიან და იმას მიმტკიცებთ რომ, მხოლოდ მკვლელობა არ არის აქ ? იქნებ ისიც მითხრათ რომ თავისით გარდაიცვალაო.
ყველანი ერთად (დეტექტივის და ექიმის გარდა) - თავისით, თავისით...
ექიმი - სიბერისგან. 98 წლისა იყო, საწყალი.
დეტექტივი (აღშფოთებით) - და თქვენ თვლით , ეს სერიოზული საბაბია იმისთვის რომ მოკვდეს, არა? 98 წელი... იქნებ როგორ უნდოდა 100-მდე დაემრგვალებინა, რომ არა ეს აღმაშფოთებელი მკვლელობა. რაო, გიყიდეს ექიმო?
ექიმი (უმეტესი აღშფოთებით) - რა?! როგორ მიბედავთ! მე, მე... ექიმს...
დეტექტივი (ჯიქურ) - რამდენი გადაგიხადეს ამ უსირცხვილო განცხადებისათვის!
ექიმი (ყვირილით) - რამდენიც მეკუთვნოდა, იმდენი გადამიხადეს. არც მეტი არც ნაკლები! დიახხ!!! აბა რა გეგონათ. შუაღამის გამოძახებაზე უფასოდ მოვიდოდი, თანაც გარდაცვალების დასადასტურებლად.
დეტექტივი (მრისხანედ) - ა-ჰაა!!! გარდაცვალების არაა? ანუ სიკვდილის, მკვლელობის ნიადაგზე! არც კი გრცხვენიათ... ან საიდან იცოდით რომ მკვდარი იყო? შუაღამისას თანაც.
ექიმი (ისტერიული ყვირილით) - რას ბოდავთ, რას!!! უკვე 6 წელია ველოდებოდი ამ დღეს... 6 წელია მიკვირდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია. იმდენს ეწეოდა, სვამდა და რა ვიცი კიდევ რას არ ღლაბუცობდა, ეს 98 წლის ბეხრეკი... გაიგეთ?! 6 წელი ამ იდიოტურ მოლოდინში როგორი გასატარებელია, აა?!! და რა უნდა მეფიქრა სხვა, როცა შუაღამით ტელეფონზე მეუბნებიან - “მგონი დამთავრდა. მოდით. და ნუ იჩქარებთ მაინცდამაინცო”. რა უნდა მეფიქრა სხვა, ა?!
დეტექტივი (ისიც აყვირდა) - რა და რაც გნებავთ... “ვახშამი მზადააო” - მაგალითად, “ნუ იჩქარებ, არაყიც ჩაცივდება ბარემო”- მაგალითად, მაგრამ არა!!! “როგრც იქნა ბოლო მოუღესო”- გაგიხარდათ, “კაი მაყუთსაც მოვარტყამო”- გაგიხარდათ. განა ასე არ არის? ვის აფარებთ ხელს, ვის! მკვლელებს?!! ხალხს დავანებოთ თავი, საზოგადოებად რომ მოაქვს, ჰიპოკრატესი მაინც არ გრცხვენიათ? აი ვინ არის მკვდარი, გარდაცვლილობის მიზეზით... ბოლოსდაბოლოს ფიცი გაქვთ დადებული, მის გამო... თუ შესახებ...
ექიმი (უცებ დამშვიდდა. სახეზე უცნაურმა ღიმილმა გადაურბინა წამით) - წადი შენი... სიტყვასაც ვერ დამაცდენ მეტად! დანაშაულის კი არა, ქოლგის გახსნასაც არ ვანდობდი შენისთანა იდიოტს.
და უცებ, ყველასათვის მოულოდნელად დააძრო პისტოლეტი და საფეთქელში გაისროლა... (თავისაში, რა თქმა უნდა)
ბინის პატრონი (მგლოვიარეებს) - სსსულელი ეგა!.. ჯერ ამისთვის მაინც ესროლა და მერე...
კაცი - ეგ ყოველთვის უბერავდა, რაა!
ქალი - ახლა ამას რა გინდა უმტკიცო, ჰა? ვაიი, რა გვეშველება... ვაი, როგორ გაგვწირა...
დეტექტივი (კბილებში გასცრა) - ლაჩარი!.. გაექცა მართლმსაჯულებას.
ექიმი წამოიწია, მაყურებელს გახედა, ბოროტად ჩაიქირქილა და საბოლოოდ მოკვდა. (რეჟისორის ოინებია ეს - ავტორი)
დეტექტივი (სინანულით) - ო, რა ლოგიკური ძაფი გამიწყვიტა... არა უშავს რა, სხვა კუთხით მივუდგეთ საქმეს. ანუ მოტივი გამოვიკვლიოთ. ვის დაუტოვა ქონება აწ დაღუპულმა?
ქალი - არავის
დეტექტივი - ვერ გავიგე!
ქალი - არაფერი დარჩენია და... რაც ჰქონდა მოწია და დალია, ჯერ კიდევ 6 წლის წინ. ბევრს ეწეოდა ძალიან.
დეტექტივი - ეს კარგი, მაგრამ ვის მოჰქონდა მისთვის სიგარეტი? იქნებ მოწამლული შემოაპარეს, ჰა? და რა სიგარეტს ეწეოდა?
ქალი - რა ვიცი მე... ფილტრი არ ჰქონდა მგონი და ნარჩენებსაც გაზეთში ახვევდა მერე... ბევრს ეწეოდა საცოდავი, ბევრს და აჰა...
დეტექტივი - ნუ ვუსწრებთ მოვლენებს! ვიღაცას ხომ მოჰქონდა მაინც... ბოლო ნამწვი მაინც ხომ უნდა დარჩენილიყო, ჰა? ვინ გადაყარა ნამწვები?!
უეცრად გასროლის ხმა გაისმა. იქ მყოფი კაცი, გაურკვეველი ასაკისა, უსულოდ ეგდო იატაკზე.
ბინის პატრონი (ახლახანსდაღუპულს დაჰყურებს) - ამას ჰკითხეთ. სიგარეტებს ეგ ჩუქნიდა ხოლმე.
დეტექტივი (კბილების გაწბილებით) - ესეც გაიქცა... ( ბინის პატრონს შეხედა გამჭოლი მზერით) არაფერი გამოგივათ!!! გესმით! არაფერი! მე არ დავუშვებ, რომ დანაშაული მიცვალებულებს მიაწეროთ... მე მკვდარი დამნაშავე არაფერში მჭირდება. როგორ უნდა გავასამართლოთ, ამიხსენი ერთი. მსაჯულებს ნერვები ეშლებათ, როცა საბრალდებო სკამზე მკვდარი ზის... დიახ! ასე როომ, აღიაროთ ჯობია დანაშაული... თუმცა მოიცა! ჯერ იარაღი ჩამაბარეთ! აბა, სწრაფად, სწრაფად....
ბინის პატრონი - ჩვენ იარაღი არა გვაქვს. ექიმს ჰქონდა მხოლოდ.
დეტექტივი - აბა ეს? (კაცზე მიუთითა)
ბინის პატრონი - ვერ ხედავტ რომ ექიმის იარაღით... დრო იხელთა და...
დეტექტივი - ჰმ... დრო იხელთა არა? მაინცდამაინც შორს ვერ გაიქცა როგორც ხედავთ (იარაღი აიღო იატაკიდან. ლულაში ჩაბერა, მერე საჩვენებელ თითზე დააბზრიალა, იდუმალი ღიმილით გაეღიმა და ჯიბეში ჩაიდო) ხო... აბა! დაფქვით ახლა რას ერჩოდით ამ ჯანღონით სავსე მოხუცს.
ბინის პატრონი (სასოწარკვეთით) - თავს ჩამოვიხრჩობ რაა... არ შემიძლია უკვე ამ სისულელის ატანა. რა ვერ გაიგე, ამ შენი დეტექტურად მოწყობილი ტვინით, რომ თავისი სიკვდილით მოკვდა, თავისიი... გარდაიცვალა.
დეტექტივი (დამცინავად) - კარგი ერთი. გარდაიცვალა... გარდაიცვალა კი არა მოკალით! უფილტრო სიგარეტის კვამლი ამოგივიდათ ყელში და... თითქოს გულმა მიგრძნო, რაღაც სიავე რომ ხდებოდა აქ, თორემ რაღა თქვენ მოგადექით, ამ შუაღამისას ჭიქა წყალის სათხოვნელად, ჰა? დეტექტივის ალღო! აი რა! ასე რომ, გამოსავალი მხოლოდ ერთია, აღიარება.
ბინის პატრონმა უმწეოდ ჩაჰკიდა თავი. ქალი სკამზე დაეშვა უღონოდ.
დეტექტივი (გამარჯვებულის ღიმილით) - მე სამზარეულოში გავალ, წყალს დავლევ... ძალიან მომწყურდა, უნდა ვაღიარო. თქვენც იგივეს გირჩევთ...
გადის. “ბონაპარტისეული” სვლით. ჭერიდან ყულფად გამონასკვული თოკი ეშვება. ბინის პატრონი უსასოო მზერით გახედავს ჯერ პარტერს და მერე ქალს. ქალი ტაბურეტს მიუმარჯვებს. იქვე, ტაბურეტთან გახსნილი სამართებელი ჩამოვარდება. ქალი შეკრთება და ისიც აცრემლებულ პარტერს გამოხედავს. რამდენიმე წამით ჩამობნელდა. სადღაც შორიდან ისმის მოცარტის რექვიემი. შუქი ნელნელა, რექვიემთან უნისონში მძლავრობს. ბინის პატრონი ტაბურეტზე დგას მუხლებით. თოკი ჰალსტუხივით ჰკიდია კისერზე. იქვე ქალი ჩაცუცქულა და საყვედურით სავსე თვალებით იატაკს დასჩერებია. (ამოუწურავი ფანტაზიის პატრონია რეჟისორი - ავტორი) სიცოცხლის ჭაჭანება არაა ოთახში. შემოდის დეტექტივი. შუბლშეჭმუხნული და გაგულისებით უყურებს უსიცოცხლო სურათს
დეტექტივი -ჰმ, გაქცეულან ესენიც... რა უსუსური ილუზიაა, სასჯელისგან თავის დაღწევის.
ფარდა ( - ავტორი) მოცა, მოიცა... ერთი შტრიხიც და... ( -რეჟისორი)
მიცვალებული (წამოიწია) - ფსტ!
დეტექტივი მოიხედავს მისკენ. ის კი, ორ შეტყპებულ თითს ტუჩთან მიიდებს, რითაც ანიშნებს, სიგარეტი ხომ არა გაქვსო. ეს კიდევ, დეტექტივი ანუ, დაზაფრული, გულზე ხელს იტაცებს და უსულოდ დაენარცხება იატაკზე.
ფარდა.
ფარდის მიღმა ისმის განწირული ხმა - ვინ გამასვენეეებს, მე თქვენი.... სიგარეტი მაინც მომიტანეეეთ - რომელსაც თანდათანობით გადაფარავს მოცარტის რექვიემი. (ბოლოში სულ მისი ოინებია. აკი გეუბნებოდით, მაგარია ტიპია მეთქი რეჟისორი - ავტორი)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "აკი გეუბნებოდით, მაგარია ტიპია მეთქი რეჟისორი - ავტორი"....:)))) აბა არა უშავსო, ავტორსო.?...:))) 5 "აკი გეუბნებოდით, მაგარია ტიპია მეთქი რეჟისორი - ავტორი"....:)))) აბა არა უშავსო, ავტორსო.?...:))) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|