 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პროზა 25 აგვისტო, 2011 |
გუშინ, არტანუჯობაზე საოცარი ამბები დატრიალდა. ყოველთა ქართველთა ზეიმზე, იქაურ მელექსეთა მოწვევა მივიღე, რამდენიმე დღით იქ ჩასვლას, ზეიმზე ლექსის წაკითხვასა და სტუმრობას მთხოვდნენ. აბა, ასეთ მოწვევაზე, უარს რომელი ჭკუათმყოფელი იტყოდა და იქაურ გურჯებს ვინ აწყენინებდა. მარტო წასვლა რაღაცნაირად არ მინდოდა, ჩემს თექვსმეტი წლის ვაჟკაცს – ირაკლის დავავლე ხელი და არტანუჯობის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, ადგილზე ვიყავი. ადგილობრივებს ძალზედ გაუხარდათ ჩემი დანახვა, არაჩვეულებრივი მასპინძლობა გამიწიეს და ირაკლისთან ერთად, ღამის სათევად, ერთი იქაური შეძლებული და მეტად პატივსაცემი გურჯის – ხასანის დიდებული ოჯახი შემოგვთავაზეს, სადაც მეტად კომფორტულად განგვათავსეს. მეორე დილა უალამაზესად გაბრწყინდა. ფანჯრიდან რომ გავიხედე, გარშემორტყმული ბუნების შემხედვარეს, თავი საქართველოში მეგონა. სასწაულად სუფთა ჰაერი, ფილტვებს მიბერავდა და სახეზე მელამუნებოდა, თითქოს გრძნობდა, რომ გურჯი ისევ მამა-პაპათა მიწაზე ვიდექი და თავისებურად მოფერებას ცდილობდა. ისე, არტანუჯის გარშემო მცირე ისტორიული ექსკურსი ვგონებ უადგილო არ იქნებოდა: თავად ციხე-ქალაქი არტანუჯი,ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთის ცენტრში მდებარეობს და მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზეა განლაგებული. თავად არტანუჯის ციხის აგება, ვახტანგ გორგასალს მიეწერება. ჯუანშერის გადმოცემით, როცა მეფე კლარჯეთიდან ქართლში მოდიოდა, სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „არტანუჯს“ უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის - არტავაზისათვის აქ ციხის აგება უბრძანებია. არტავაზმაც „აღაშენა ციხე არტანუჯისა“, რომელიც გახდა ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი. მერვე საუკუნის პირველ ნახევარში არტანუჯის ციხე არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში განაახლა აშოტ პირველმა, კურაპალატმა გაანახლა, დაარსა აქ ქალაქი და ააგო ეკლესია. მეათე საუკუნეში გამაგრებული და დიდი რაბათის (წინაქალაქი) მქონე არტანუჯი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი გახლდათ. ის, დიდ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარეობდა და ამიერკავკასიას, ბიზანტიასა და შავი ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა, აქ გადიოდა სამშვილდე-ფარავანი-ახალქალაქი-არტაანი-არტანუჯის გზა. სწორედ ამ გზის საშუალებით უკავშირდებოდა სომხეთის ქალაქები შავ ზღვასა და დასავლეთ საქართველოს. აქ საქონელი ტრაპეზუნტიდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, სომხეთიდან, სირიიდან და სხვა სახელმწიფოებიდან, უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა. მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში არატნუჯის ციხე დიდ როლს ასრულებს კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მეთერთმეტე საუკუნეში, ბიზანტია-საქართველოს ომში, ციხე დიდ როლს თამაშობს და ანტიბიზანტიური კოალიციის ცენტრი ხდება. „არტანუჯის ციხე წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს“, - ამბობდა თურმე ბიზანტიის იმპერატორი, კონსტანტინე პორფიროგენეტი. მასზე, აკაკი შანიძეს უთქვამს, არტანუჯი არტაანის ყურს, ანუ კარს ნიშნავსო. ვახუშტი კი, შემდეგნაირად განმარტავს: „არცა ტანის, არცა უჯისო...“ სამწუხაროდ არტანუჯი, მეთექვსმეტე საუკუნეში ისევ თურქთა ხელში აღმოჩნდა. 1552 წელს, ისქანდერ-ფაშამ დაიპყრო ციხე და სულთნის ტახტს დაუქვემდებარა. შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთი და არტანუჯი ამ პროვინციის შემადგენლობაში შევიდა. ისევე, როგორც მთელი საქართველოს ტერიტორიების უმეტეს ნაწილს, არც ამ მხარეს ასცდა ბედუკუღმართი არსობა და დღედღეობით ის, დედასამშობლოს კვლავ მოწყვეტილია. 1978 წლის, სან-სტეფანის ზავით, რუსეთმა, ოსმალეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ტაო-კლარჯეთიც შემოიერთა და 1918-21 წლებში, ეს ულამაზესი მხარე, კვლავ საქართველოს საზღვრებში რჩებოდა. თუმცა, 1921 წელს, საბჭოთა ანექსიის შემდეგ, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, სსრკ-მ თურქეთს, ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი ართვინისა და არდაგანის ოლქები გადასცა და არტანუჯი კვლავაც თურქეთის ტერიტორიულ საზღვრებში მოექცა. არტანუჯი, ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, ხოლო თავად დაბა არტანუჯში ექვსი ათასამდე კაცი ცხოვრობს. მას, მდინარე არტანუჯისწყალი ორ ნაწილად ჰყოფს, მარჯვენა სანაპიროზე, ასე ვთქვათ ახალი ქალაქია განლაგებული, ხოლ მარცხენაზე ძველი უბანია, სადაც სახლები, მთის კალთებზეა შეფენილი, ხოლო მის ზევით, სალი კლდის დასარულს, არტანუჯის ციხეა წამოჭიმული. ის, ისეთ ციცაბო ფერდობზეა განლაგებული, ადამიანს გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას ქალაქების განვითარება საერთოდ შესაძლებელი კი იყო?! და ეს სრული სიმართლეა, ამ ციხის პატრონი, მიმდებარე გზებს, ხეობებს იოლად აკონტროლებდა და მთელი არემარის ბატონ-პატრონი გახლდათ. ამაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც ციხეზე ახვალთ და დაინახავთ, თუ ბებერი არტანუჯი, უძირო ხეობებს რა სიამაყითა და მედიდურობით გადაჰყურებს. სწორედ ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი გურჯები ცდილობენ საკუთარი ენის, ფოლკლორის, ტრადიციებისა და ადათ-წესების შენარჩუნებას. ჩემი ვიზიტიც, სწორედ ერთ-ერთ ასეთ დღესასწაულს - არტანუჯობას უკავშირდებოდა. -მამა, რა ბუნებაა, არა? თავი სადღაც მთიულეთში მგონია. - გამიზიარა ირაკლიმ შემოწოლილი შთაბეჭდილებები. -აბა, სასწაულია პირდაპირ, რამხელა სიმდიდრეა! - ის იყო ვუპასუხე, რომ ჩვენმა მასპინძელმა ხასანამ კარზე მოგვიკაკუნა და საუზმეზე მიგვიპატიჟა, რომელიც ისეთი ნოყიერი და გემრიელი გამოდგა, მეც და ჩემს ათლეტური აღნაგობის ბიჭს, პირველ ხანს მოძრაობაც კი გაგვიჭირდა. მალე, მასპინძელს გემრიელი საუზმისთვის მადლობა გადავუხადეთ და მასთან ერთად ზეიმზე გავემართეთ, რომელიც უკვე უნდა დაწყებულიყო. ათიოდ წუთში ზეიმის ადგილას მივედით, სადაც ერთ-ერთი ფოლკლორული ჯგუფი ძველ ლაზურ მელოდიებს ასრულებდა და ყოველი ლამაზი მონაკვეთის შესრულებას თან, ბლომად მოსულ, თუ ჩამოსულ, სტუმართა ტაში სდევდა. სიმღერას ცეკვა მოჰყვა, ლექსების კითხვა, ხუმრობები, ჭიდაობა და ცხენებით ჯირითი, ხოლო ყველაფერი კი, არტანუჯზე დაწერილი ჩემი ლექსით დაგვირგვინდა, რომელსაც უზარმაზარი მოწონება ხვდა წილად და ამით, ზეიმის ოფიციალური მხარე დაიხურა. მინდა ეს ლექსი, მკითხველის სამჯავროზეც წარმოვადგინო, მგონი ნორმალური გამოვიდა:
არტანუჯ ციხე-ქალაქი
არის არტანუჯ ქალაქი, მცირე და ციხე მაგარი, ტაო-კლარჯეთი ასეთი, სხვა ნეტავ კიდევ სად არის?!
ვახტანგ გორგასლის ბრძანებით, არტავაზს ციხე უგია, სამხრეთ-დასავლეთს ქართლისას, გურჯების დიდი ბურჯია.
ეს ციხე მუდამ კეტავდა, აფხაზ-მესხელთა გასასვლელს, იბერთა მხარის გავლითა, ფლობდა აზიის გასაღბს.
სამშვილდე-არტანუჯის გზა, კლარჯეთის ციხეს კვეთავდა, ბიზანტიას და შავ ზღვას კი, ნემსით და ძაფით კერავდა.
ციცაბო ფერდობს შემდგარა, არტანუჯ ციხე ნაგები, ადაქალეს კი, მირონ სდის, როგორც რძეს - ერბო, ნაღები.
გადაიხედავ ღრმა ხევში, მთელი მიდამო შენია, კურაპალატის ნიჭს და ხელს, ციხედ ის აუშენია.
ციხიდან არტანუჯისწყალს, ჩავალთ მრავალი გვირაბით, ის, კი ქალაქს ყოფს ორ წილად, ახლის და ძველის მინანქრით.
ის ააოხრა მურვან ყრუმ, თურქ-სელჩუკების ფრთის გუნდმა და ვილაიეთი გურჯისტნის, ამ მიდამოში დაფუძნდა.
სან-სტეფანის ზავს თავ ჰკვეთეს, ყარსით ოსმალომ იხარა, ტაო-კლარჯეთი რუსებმა, საჯიჯგნად თურქებს მიჰგვარა. და მერამდენედ მოსწყვიტეს, ტაო-კლარჯეთი დედულეთს, გორგასალ-კურაპალატის, საფიცარ ხატის სვე-ბუდეს.
ვახუშტი არტანუჯს წოდებს: „არცა ტანის, არცა უჯისოს...“ არვის შერჩება ავის ქმნა, არც შენსას და არც უჯიშოს.
არტანუჯს კვლავ გაბრწყინდება, ღვთისმშობლის სხივთა ნათება, მესხურ გულებს კი დალოცავს, პეტრე-პავლესი ხატება. დაიწყო სახალხო სეირნობა. ადგილობრივები, საკუთარ სისხლსა და ხორცს ასე მონატრებულ სტუმრებს, გასამასპინძლებლად, საკუთრი სახლებისკენ უხმობდნენ. მოკლედ, იმ დღეს, არტანუჯის ხეობა მოყვასის უსაზღვრო სიყვარულმა აავსო. მთელი დღე ზეიმობდა იქაური ქართველობა, შესაწირი იწირებოდა, ყველგან ლხინი იყო, ხალხი მღეროდა და მხიარულობდა. მე და ირაკლი, იქაური ბუნებით დამტკბარი და ადგილობრივთა მასპინძლობით გამთბარი, პატარა მდელოზე წამოვწექით, რომლის ოდნავ ქვედა მონაკვეთშიც, მდინარე არტანუჯაზე გაკიდებულ საქანელა ხიდს შეამჩნევდით, რომლითაც ძირითადად ადგილობრივები სარგებლობდნენ, ხოლო სტუმრები ერთი-ორი ნაბიჯის გავლის შემდეგ, როდესაც ხიდი ტორტმანს იწყებდა, წივილ-კივილით უკან გამორბოდნენ. ირაკლიმ შემომთავაზა: მოდი ნიძლავი დავდოთ, თუ ვინმე ხიდის შუაწელს მიაღწევს, ორმოცდაათ დოლარს მომცემ, ხოლო თუ ვერავინ შესძლებს ამას, მაინც შენ მომცემ ორმოცდაათ დოლარსო. ხომ სამაგალითო ნიძლავია, არა? ეს იმ ზღაპარს ჰგავს, აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო! ვიცოდი, ბოტასების ყიდვა უნდოდა და დავთანხმდი. აბა, სხვა რა გზა მქონდა? ბავშვს (თუმცა თექვსმეტი წლის ადამიანი რაღა ბაღანაა?) ბოტასები ხომ უნდა ეყიდა? მოკლედ ასე იყო თუ ისე, ხელი ხელსა ვკართ და ნიძლავიც დაიდო. მართლაც და ხიდზე ათიოდე მეტრის გავლასაც ვერავინ ახერხებდა. ის-ის იყო, ყოველივე ამის შემხედვარე მამა-შვილს, მთქნარება დაგვაწყებინა, შევამჩნიეთ, რომ იქითა სანაპირიდან ხიდის შუა წელის, ერთი მეტად გრაციოზულად მოძრავი გოგონა უახლოვდებოდა. - მა, მა, შეხედე! ამას, მგონი, გაგარინის გული უნდა ჰქონდეს - მომქაჩა პერანგის სახელოზე ირაკლიმ. - ალბათ - მოვუჭერი მას და გოგონას თვალყურის დევნება განვაგრძე, რომელიც სულ უფრო ახალ დისტანციებს იპყრობდა ამ საქანელა ხიდზე. ჩვენი ნიძლავის ობიექტს მეტად ნაცნობი სახე ჰქონდა, თუმცა კი ვერ ვხვდებოდი საიდან უნდა მცნობოდა იგი. სტუმარი რომ გახლდათ, ეს აშკარა იყო, ვინაიდან ის მე ჯერ კიდევ ზეიმის დროს შევნიშნე, როდესაც, ფანტასტიური მოხდენილობით, სამაიას ცეკვავდა, მაგრამ სახე, ნამდვილად სულ სხვა ამბიდან მეცნობოდა და ახლა ტვინს ზუსტად ამაზე ვიჭყლეტდი. მას უკან, ასე ვთქვათ დამზღვევად, ჩვენი მასპინძლის – ხასანას გოგო – მზეუ მოჰყვებოდა. ეს ხიდი მისთვის კი, ხუთი თითივით იყო ნაცნობი, მაგრამ, აი, მდინარეში ვინმეს ჩავარდნის შემთხვევაში ჩვენი მზეუ რისი გამკეთებელი იყო, არავინ უწყოდა. ალბათ, უფრო კივილს თუ დაიწყებდა. ირაკლიმ, იხილა რა, ხიდის შუა წელამდე მიღწეული გოგონა, ტაში დაუკრა და სტვენაც არ დაიშურა. გრაციოზულმა არსებამ, ამ სტვენა-ტაშის კვრას, ხელის ქნევითა და ღიმილით უპასუხა, თან სვლა განაგრძო. ის იყო, ხიდის შუა წელს ოდნავ გასცდა, მომღიმარმა გოგომ კვლავ ჩვენსკენ გამოიხედა და კვლავ ხელი დაგვიქნია. უცებ, რაღაც ჭახანის ხმა შემოგვესმა და დავინახეთ, თუ როგორ ჩატყდა ხიდის ძველი, გამოფიტული ხის ფილა, გოგონას წყალმა უყო პირი. მომენტალურად მზეუს საშინელი კივილი გაისმა. მამა-შვილი რეაქტიულად მოვწყდით ადგილს. ირაკლი ხიდისკენ გაიქცა, მე კი დამიძახა, ქვევით ნაპირისკენ ჩავსულიყავი და იქ მივხმარებოდი. მან ტანიდან პერანგი წამში გაიძრო, ხიდის შუა წელამდე წამში მიირბინა და ხუთი მეტრის სიმაღლიდან, გოგონას საშველად არტანუჯისწყალს დურთა თავი. მის მამაცობაში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ ამ დონეზე თუ გარისკავდა, ნამდვილად არ მეგონა; თუმცა დაწყნარებული ვიყავი, ვინაიდან წყალბურთელობიდან გამომადინარე, ის, არაჩვეულებრივად ცურავდა და საფირებელი იყო, რომ ამ მდინარესაც იოლად მოერეოდა. მოკლედ, წყალში ჩაყვინთა თუ არა, იქიდან რამოდენიმე წამში გოგონას გონწასული სხეული ამოზიდა და დამიყვირა: “მარტო ვერ გამოვიყვან და დამეხმარე”-ო. მე ტანთ უკვე გახდილი მქონდა და დახმარებისთვისაც მზად გალხდით; მყის წყალში გადავეშვი და და ირაკლისკენ გავცურე. წლებს თავის წაეღო, მდინარის წყალმა ისე უცებ მომქანცა, მიუხედავად ჩემი, ასევე ყოფილი წყალბურთელობისა, კინაღამ თავად გავხდი გადასარჩენი, მაგრამ უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ვეშაპის ხვნეშით, ირაკლის, რომელიც ასევე გვარიანად დაღლილი გახლდათ და სუნთქვის აღდგენა ძალზედ უჭირდა, გოგონას უსულო სხეული ნაპირზე გამოვაყვანინე. გოგონა, სიცივისა თუ წყალნაყლაპობისგან მთლად გალურჯებულიყო, სასწარაფოდ შველა და პირველი დახმარების აღმოჩენა სჭირდებოდა. დრო არ ითმენდა და გადავწყვიტე, სასწრაფოს მოსვლამდე, რომელიც ხალხს გამოეძახნა, ამ საწყალი არსებისათვის ხელოვნური სუნთქვა და მასაჟები გამეკეთებინა. ის იყო ხელოვნური სუნთქვის პროცედურები უნდა დამეწყო და გოგონას თავს მოვექეცი, რომ დანახულისგან გავქვავდი - ჩემს წინ, ჩემი თვრამეტი წლის უნახავი (მე და დედამისი ზუსტად თვრამეტი წლის წინ დავცილდით), ახლა კი ოცდასამი წლის ქალიშვილის – ქეთის უსულო სხეული იწვა და, ზენა განგებით, მისთვის სული კვლავ მე უნდა შთამებერა. გონს დროზევე მოვეგე, ახლა გაოგნებებისა და მკითხაობის დრო არ იყო და ხელოვნური სუნთქვისა და წყლის ამოსანთხევად, მასაჟების კეთება დავიწყე. მეორე და მესამე მცდელობებმა არანაირი შედეგი არ მოგვცა. გარს შემოხვეული ხალხი რაღაცას ყაყანებდა, ზოგი რაღაცა რჩევებს მაძლევდა და ზოგიც ქოთქოთებდა. ხასანამ მითხრა, სასწრაფოს გამოვუძახეთ და მალე მოვაო. კარგი, შემეშვი მეთქი ვუთხარი და გოგონას გულზე მასაჟების ინტენსიობა გავაათკეცე, თან ვუყვიროდი: - ქეთი, არ დაგვტოვო! გონს მოდი! დაბრუნდი ახლავე! დაბრუნდი გესმის! ეს მე ვარ, ლევანი, მამაშენი ვარ! - მალე ეს ყვირილი ისტერიკაში გადამივიდა და ახლა გოგონას მხრებში ვწვდი და უაზრო ნჯღრევა დაუწყე. გაოცებული ირაკლი და ხასანი მომვარდნენ და ჩემს, ქეთის სხეულიდან მოგლეჯას ცდილობდნენ, თუმცა მე ის ისე მყავდა ჩაბღუჯული, რომ ვერ მომაშორეს. უცებ გოგონას სხეული შეირხა, პირიდან ნაყლაპი წყალი ამოასხა, თვალები გაახილა, ირგვლივ მიმოიხედა და შემდეგ მე ჩამაშტერდა. - მამა, შენ ხარ? შენ გადამარჩინე?! – მითხრა და ისევ გული წაუვიდა. იმ წამს ყურის ბიბილოები დავუზილე, სახეში ერთი-ორი სილაქი მოვადე და კვლავ გონს მოვიყვანე. ამასობაში სასაწრაფოც გამოჩნდა. ექიმებმა ქეთი საკაცეზე დააწვინეს და ფილტვების ხელოვნური ვინტილაცია გაუკეთეს, რამაც იქ ჩარჩენილი წყალი ამოაღებინა და საბოლოოდ დააწყნარა. შემდეგ დამამშვიდებელი ნემსი გაუკეთეს და გვითხრეს, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია უნდა მოეხდინათ, თუმცა ამ საუბარში ხასანა ჩაერია, უფროსი ექიმი გვერდზე გაიყვანა, რაღაც უთხრა, ხელი ხელს დაჰკრეს, “თამამ”-ო თქვა ექიმმა და ორივემ ერთად მიხმო. გაკვირვებული, სასწრაფო მანქანასთან მივედი. ექიმმა თურქულ ენაზე დამიწყო ახსნა, თუ რა ბეწვზე გადაგვირჩენია გოგონა და ხასანასთან მისი ძველი მეგობრობა, რომ არა ქეთი, საავადმყოფოში გადაეყვანას ექვემდებარებოდა, თუმცა გოგონას იმ პირობით დაგვიტოვებდნენ, თუ რამოდენიმე დღეს წოლით რეჟიმს დავიცავდით; ამასთან წამლებიც გამოგვიწერეს, რომელიც ადგილობრივ აფთიაქში უნდა შეგვეძინა. მე და ხასანა რასაკვირველია ყველაფერზე დავთანხმდით. ამ მოლაპარაკებებში ვიყავით, რომ მოულოდნელად ვიღაცის ხელის შეხება ვიგრძენი. ეს ქეთი მქაჩავდა ხელზე და მისუსტებული ხმით მთხოვა, ჰოსპიტალში არ გაატანო ჩემი თავიო. მე, თანხმობის ნიშნად, თავი დავუკარი და მისი ხელი უფრო მაგრად ჩავიბღუჯე. მერე, ხასანას საშუალებით, ექიმს შევპირდი, გოგონაას ისე მივხედავ, ცივ ნიავს არ მივაკარებ მეთქი, რაზეც სიმპათიურ შუა ხნის მამაკაცს გაეღიმა, და “თამამ-თამამ”-ის ძახილით ზურგზე ხელი დამიტყაპუნა. გადაწყდა, რომ ქეთის, სასწრაფოს მანქანით ხასანას სახლამდე გადაიყვანდნენ და მხოლოდ შემდეგ გადმოგვაბარებდნენ. ექიმების ბრიგადა მანქანაში განთავსდა, ხასანაც ჩაუჯდა და ყველანი, ლამის მთელი არტანუჯი, მისი სახლისკენ გაემართნენ. მანქანა დაიძრა თუ არა, ლამის გათიშული, იქვე დიდ ლოდზე ჩამოვჯექი და ირაკლის გავხედე. დაღლილი იქვე ხუთიოდ მეტრში მიწოლილიყო და ისვენებდა. მან, ლოდზე ჩამომჯდარი დამინახა თუ არა, წამოდგა, საკუთარი სველი ტანსაცმელი მოხიკა და ჩემს გვერდით მონახა ადგილი. კომისარ მეგრესავით მიყურებდა, გასაგები იყო უკვე რისი კითხვაც უნდოდა. ბავშვისთვის სიტუაცია რომ არ დამეძაბა, თავად მივმართე: - ჰა, მკითხე რაც გინდა. ხომ ვიცი, ცნობისმოყვარეობა გკლავს! - როგორ გეკადრებათ, უფროსო - მომიგო მან - ეს გოგო შენი პირველი ცოლის შვილი არ არის? ანუ ჩემი დაა... გაოცებისგან კინაღამ ენა გადავყლაპე. - რამ დაგამუნჯა, შე კაცო, საკუთარი სისხლი და ხორცი გადავარჩინეთ, რა მოგივიდა? ცხვირი კი არ უნდა ჩამოუშვა, უნდა გიხაროდეს, რომ ბედისწერამ ამდენი წლის უნახავი შვილი განახა და თან გადაგარჩენინა. წამოდი, წამოდექი, მივხედოთ საწყალ გოგოს, თავის გაჭირვებია . ეგება მერე სპექტაკლზეც დაგვპატიჟოს. – დამამშვიდა ირაკლიმ და გასამხნევებლად ზურგზე ხელი დამკრა, აქაოდა ადექი წავიდეთო, თავადაც წამოდგა და ხელი გამომიწოდა, აქაოდა მოდი, წამოდგომაში მოგეხმარებიო. წამოვდექი, სხვა რა გზა მქონდა და ორივე, ტრუსების ამარა, ხასანას სახლის გზას დავადექით, მაგრამ მალევე გაგვახსენდა, რომ ანტალიის პლიაძზე არ ვიმყოფებოდით, მიმოვიხედეთ ინმე ხომ არ გვიყურებდა და სველი ტანსაცმლით შევიმოსეთ. მართალია არ გვესიამოვნა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. - ბიჭო, შენ საიდან იცი ქეთი მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრში რომ ცეკვავს? – ვკითხე ირაკლის გაკვირვებით - მე ძლივს მივაგენი და... - რას ამბობ, მარტო შენ იცი ინტერნეტში ძრომიალი, რა! მე ეს გოგო Facebook – ში გავიცანი და დავიმეგობრე. ისეთ უცნაურ კითხვებს მისვამდა, რაღაც ეჭვის ჭია მუდმივად მღრღნიდა, მაგრამ ამას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი. ისე ძალიან გამიხარდა, დედმამიშვილი მაინც მეყოლება, თუნდაც ვირტუალურად ხმის გამცემი და... წესით, მეორეც უნდა არსებობდეს მისნაირი, არა? - კი, არსებობს და ძალიან მიხარია, რომ ქეთი გაიცანი... თან როგორ! – ვუპასუხე ირაკლის, ძმაკაცურად ხელი გადავხვიე და გზა გავაგრძელეთ. - ისე მაგარი რამეები კი გაქვს ცხოვრებაში დატრიალებული, ჰა, მამიჯან! მაგარი ტიპი ხარ! – თქვა მან და ჩემი მოქმედების პასუხად, ასევე ძმაკაცურად გადამხვია ხელი და კაი მუჯლუგუნიც მითავაზა ფერდში. - ნელა შე ვირო შენა - მიივუგე პასუხად და მეც მუჯლუგუნი ვუთავაზე. მოკლედ ეს მამა-შვილი, ერთი ჭკუისანი ვიყავით რა. ხასანას სახლის გზას მალევე ავადექით, ოდნავი აღმართი იყო. სახლში რომ შევედით, სასწრაფო წასული დაგვხდა, ხოლო ქეთი, მეორე სართულზე, მყუდრო საძინებელში დაეწვინათ და ვენაში საწვეთურა ჩაედგათ, როგორც ხასანამ ამიხსნა: “ვიტამინების კოქტეილია, სხეულის მოსაძლიერებლად”-ო. - ლევან ბატონო, თქვენც და თქვენს ვაჟსაც აქვე, თქვენი ქალიშვილის ოთახის გვერდით მოგასვენებთ. - მითხრა დიდის მოწიწებით მასპინძელმა და თვალი ჩამიკრა, როდესაც სახეზე გაოცება გამომეხატა, აქაოდა ამან საიდანღა გაიგო ქეთი ჩემი ქალიშვილი რომ არისთქო. მოკლედ, ყველანი გავნაწილდით. ირაკლიმ მითხრა, არაქათგამოცლილი ვარ და უნდა დავიძინოო. იქნებოდა ასე ექვსი საათი, როდესაც იგი ღრმა ძილს მიეცა. მე, როგორც თვრამეტი წლის განმავლობაში, საკუთარ ქალიშვილზე უზრუნვლემა მშობელმა, მიუხედავად შემოთავაზებული აპარტამენტებისა, ადგილი ქეთის საწოლის გვერდით მდგარ ფუმფულა სავარძელში მოვნახე, შიგ კომფორტულად მოვეწყვე და გოგონას ულამაზეს სახეს დავუწყე მზერა. ამ ცქერაში, დაღლილობა შემომაწვა და ვერც კი, გავიგე ისე გავითიშე. მთავარი ის იყო, რომ ქეთი ცოცხალი იყო და სხვა რამეეებზე ფიქრის თავი ნაღდად არ მქონდა; თანაც, ის უკვე კარგად იყო და აგერ, ჩემს გვერდით, მშვიდად თვლემდა. უცებ ძილში ჩამესმა: - მამა! მამა, გამოიღვიძე! – თითქოს, ქეთის ხმა იყო. ფეთიანივით წამოვხტი, მართლაც ქეთი მეძახდა. - რა იყო? ხომ კარგად ხარ? რამე გინდა? – დავაყარე კითხვები. - კაი, რად ფორიაქობ? ნუ ნერვიულობ, რა მოგივიდა? წყალი მინდა უბრალოდ. ეგება, მომაწოდო. თვრამეტი წელია არ გინერვიულია და ეხლა რა გჭირს? - სარკაზმით მომმართა გოგონამ. “ყველაფერის ღირსი ხარ, ლევანა, – გავიფიქრე ჩემთვის – არა, ბიჭო, რა გეგონა, აბა, ყელზე შემოგეხვეოდა და, დედა, ეს ვინ ვნახეო იყვირებდა, თუ რა!?” ასე იყო, თუ ისე, ამ გოგოსგან ყველაფერი უნდა ამეტანა და მიმეღო, ვინაიდან ის ჩემს წინაშე არაფრის არც მოვალე და არც დამნაშავე არ გახლდათ; ან კი რა უნდა მეპასუხა თვრამეტი წლის უნახავი ანგელოზვოთ გოგონასათვის, ჩემი შვილისთვის, რომელიც კვლავ ასე უცებ და უცნაურად გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც მაშინ, ივნისის სუსხიან ღამეს. ქეთი ჩემს ხელთ კიდევ სამი წელი იზარდებოდა, თუმცა შემდეგ მე და დედამისი ერთმანეთს დავცილდით. ერთად ცხოვრება უკვე წარმოუდგენელი იყო. არავინ თქვას, რომ განქორწინებასა და ოჯახის ნგრევას ერთი სიმართლე აქვსო. არა, მას ყოველთვის, პირველ ყოვლისა, იმ ორი ადამიანის ორი სიმართლე ახლავს თან, ვინც განშორებას აპირებს და ორივე ერთსა და იმავეს აწვება. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ამ პროცესის საბოლოო შედეგები ბავშვთა სულებზე აისახება და მათ დამახინჯება-დაკომპლექსებას იწვევს. მეც, თუ არ ვცდები, და მგონი არ ვცდები, ასეთი საბედისწერო მოვლენების მსხვერპლი და შემოქმედი ერთდროულად გავხდი. სამწუხაროა, მაგრამ მსგავსი მოვლენების ტრაგიზმს ადამიანი მხოლოდ ცხოვრების მეორე ნახევარში ხვდება, როდესაც სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილებაც საკმაოდ უგორვდება და, რაც ყველაზე მთავარია, როდესაც ადამიანი ღმერთს უფრო უახლოვდება, სარწმუნოებისა და ქადაგებების არსის წვდომას და ცოდვა-მადლის გარჩევას იწყებს. თუ ამ პერიოდში მსგავს სინანულს არა აქვს ადგილი, შემდგომში ის მხოლოდ გარდაცვალების წინ თუა მოსალოდნელი და ეს ვგონებ, უკვე ძალზედ ნაგვიანებია. მოკლედ, გონს მალევე მოვეგე და ქეთის ჭიქით წყალი მივაწოდე. მან ის წამში გამოცალა და გამომცდელი მზერით დამიწყო ყურება. ცოტა ხანს ასე იყო მოშტერებული, რამაც ცოტა არ იყოს შემაცბუნა, შემდეგ კი თვალები მილულა. ვიფიქრე ჩაეძინა მეთქი და მეც ისევ კომფორტულად მოვეწყვე ფუმფულა, დიდ სავარძელში. უკვე თენდებოდა. ალიონის ჟღალი სხივები არტანუჯის გუმბათს დასციმციმებდნენ. აქ მუდმივად ცოცხალი ქართული გენი უკვე მერამდენე მზის ამოსვლას ესალმებოდა. მოვინუსხე ამ სანახაობით და ლექსის წერის მუზა მომივიდა, თუმცა ქაღალდისა და კალმის ასაღებად ადგომა დამეზარა და ალიონის მზერაში კვლავ ჩამთვლიმა.
* * *
- მა! - ჰო. – ვუპასუხე ძილნარევი ღიმილით. - გძინავს? - არა, რა მეტყობა ძილის? – ღიმილი სიცილში გადამივიდა - იფიქრებდი, რომ თვრამეტი წლის შემდეგ ოდესმე კიდევ მნახავდი? - სიმართლე გითხრა, არა. ვერ წარმოვიდგენდი და არც არანაირი იმედი არ მქონდა. არც კი ვიცი, რა გითხრა... - დედამ მითხრა, რომ შენ მიგვატოვე და იმის მერე.... - მოდი, რა, სხვა თემა ავირჩიოთ, თორემ მონოლოგის სმენა მოგიწევს, რომელიც არცთუ ისე საინტერესო იქნება, მერწმუნე ამაში. ისე კი, გეტყვი, რომ, ალბათ, თავის დროზე მეც და დედაშენსაც ღვთის სამსჯავროზე ერთად მოგვიწევს წარდგომა, მაგრამ ვეჭვობ, იქ რომელიმე გავმართლდეთ. ასეთ ცოდვაში, მტყუან-მართალი იშვიათდ თუ გაირჩევა, რამეთუ ასეთი საქციელისას იშვიათია ვინმე მართალი რომ გამოდგეს. აი, სულ ამის თქმა შემიძლია, მეტს ვერაფერს დავამატებ და თუ წინააღმდეგი არ იქნები, იქნება, შევწყვიტოთ ამაზე საუბარი. - კარგი, ასე იყოს. იმაზეც მადლობელი ვარ, დედაზე ჭორაობა და თავის მართლება რომ არ დაიწყე. მე პირიქით გიცნობდი, თუმცა, აბა, რა გასაკვირია, თითქმის არ მახსოვხარ და.... კიდევ ერთ კითხვაზე მიპასუხებ? - რასაკვირველია - მივუგე და მზურნველი მშობელივით, თავზე ხელი გადავუსვი. - კიდევ გიყვარვარ? კიდევ გიყვარს შენი პატარა ქეთი? – ისეთი საწყალი და იმავდროულად ბავშვური სახით მკითხა საკუთარმა ქალიშვილმა, რომ გაოცებისგან კინაღამ ლაპარაკის უნარი დავკარგე, ყელში რაღაც გორგალივით გამეჩხირა, საჭირო სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი და ვუპასუხე: - ჩემი პატარა “პონჩიკა” გოგო... ყოველ შემთხვევაში მაშინ ასეთი იყავი... თავისთავად მიყვარდი და მიყვარხარ კიდეც. დღე არ გავიდოდა შენზე ფიქრის გარეშე: ნეტა ქეთი სად არის, რას შვრება მეთქი. სულ თვალს გადევნებდი. გავიგე, როგორ მოეწყვე უმაღლესში, როგორ გაიმარჯვე ბალერინების შესარჩევ კონკურსში და როგორ დაიწყე მუშაობა მერსინის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ვიცი, რამხელა წარმატებებს მიაღწიე იქ. მე შენით ძალიან ვამაყობ და მიხარია, ასეთი ლამაზი მომავლის პერსპექტივა გაქვს და საერთოდ ასეთი მომხიბლავი ქალიშვილი, რომ მყავს! ყველაფერი ეს, პირველ რიგში, დედაშენის დამსახურებაა და ძალიან გთხოვ, ეს ამაგი არასადროს დაუკარგო. შენ ძალიან კარგი დედიკო გყავს. იცი, კიდევ რა მახსოვს ყველაზე კარგად? ერთ ზამთარს აცრაზე წაგიყვანეთ პოლიკნინიკაში. დედამ ექიმთან რომ შეგიყვანა, ნემსის დანახვაზე ატირდი და კაბინეტიდან გამოიქეცი, მიიხედ-მოიხედე და დერეფნის ბოლოში რომ დამინახე, ტყვიასავით ჩემსკენ გამოექანე, შემომახტი, ჩამეხუტე და უარესი ღრიალი მორთე. მაშინდელი შენი ცრემლების კვალი ახლაც ლოყებს მითბობს. - მართლა ამ დონეზე თუ გაინტერესებდი და გიყვარდი, რატომ დაკარგე ამდენი დრო უქმად, რად არ მნახე აქამდე? – სრულიად ლოგიკური კითხვა დამისვა გოგონამ. - ეჰ, ჩემო კარგო, მაგდენი რომ ვიცოდე და მესმოდეს ადამიანურ ურთიერთობებში, ალბათ, “პულიცარის” პრემიას მომანიჭებდნენ – ამ სიტყვებზე გამეცინა. ქეთიმაც გადაიკისკისა, მაგრამ რაღაც უფრო სევდანარევად. ის მართალი გახლდათ, ძალზედ დიდი დრო იყო დაკარგული და ურთიერთობების დალაგებას, ორივეს მხრიდან, ძალზედ დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა. - შენს მერე ბიჭი გავზარდე, აი, ის, გვერდითა ოთახში რომ სძინავს, ძმად რომ გეკუთვნის და გუშინ იმ მდინარედან, რომ ამოგათრია და სიკვდილისგან გიხსნა. თქვენი არსებობის შესახებ მანაც იცის, ხოლო მე არცერთი წუთით არ დამვიწყებიხართ. ახლა თავიდან გიპოვე და ქალიშვილის მოფერებასაც თავიდან ვისწავლი. იმედია, დამეხმარები – ამ სიტყვებზე ხმა ამიკანკალდა, ლამის ატირებული მის ლოგინზე დავიხარე და შუბლსა და ცხვირზე ნაზად ვაკოცე. ბოლოს თვალზე კურცხალი მაინც ვერ მოვთოკე და მამის, მლაშე ტკივილი და სიყვარული ქეთის ლოყაზე დაეცა. - აი, ასეთი მახსოვხარ. - გაბრწყინებული სახითა და აცახცახებული ხმით მითხრა ჩემს ცხოვრებაში ასე მოულოდნელად გაჩენილმა ულამაზესმა არსებამ, რომელსაც ატმისფერ ლოყებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და ეტყობოდა მამისეულ ცრემლს იგი საშინლად აეღელვებინა. ქეთი ლოგინიდან წამოიწია, ხელები კისერზე მომხვია, ლოყაზე ნაზად მაკოცა და ჩემი ყურისთვის აქამდე ასე უცხო, მაგრამ სასწაული ძალისა და მომაჯადოვებელი, სიტყვები ჩამჩურჩულა: - მამა! მამიკო! ჩემო საყვარელო მამიკო, ხომ აღარასოდეს მიმატოვებ?! რომ იცოდე რამდენი ხანი გელოდებოდი?! - არა, პატარავ, აღარასოდეს! ეს არასდროს აღარ მოხდება, ჩემო პატარა ბაჭია, ჩემო ულამაზესო ფერიავ. მამიკოს ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარხარ – ამ სიტყვებით, თავზე ხელი გადავუსვი, შუბლზე ვაკოცე და აღელვებული გოგონა გულში ჩავიკარი. ღმერთო! რომ იცოდეთ რა სასწაული შეგრძნება იყო ყოველივე ეს ჩემთვის. ტანში ისეთმა ცხელმა ტალღამ დამიარა, კინაღამ გული და ტანის კედლები დახეთქა. - ჩემი დაც ჩემსავით გიყვარს? – მკითხა უცებ ქეთიმ ეშმაკური ღიმილით. - თავისთავად მიყვარს, აბა არ მიყვარს? მაგრამ საქმე იმაშია, რომ უბრალოდ არ მახსოვს. ძალიან პატარა იყო მაშინ, მე და დედაშენი რომ დავცილდით, მეტი არაფერი განსხვავებაა გრძნობებში. ისიც ვიცი, ჩემზე ძალიან გაბრაზებული რომ არის და მისიც მესმის. მე თქვენს წინაშე თავის გასამართლებელი არაფერი მაქვს და ამას არც ვაპირებ, უბრალოდ თუ მომიტევებთ, ხომ კარგი, თუ არა და ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება და თქვენს წარმატებებსა და ბედნიერებას შორიდან მივადევნებ თვალს. ორივე მართლა ძალიან მიყვარხართ და ძალიან მსურს, რომ ორივენი უაღრესად ბედნიერები იყოთ. - არა, ასე აღარ მაწყობს! ახლა ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა და მე რაც მინდა, შენ უკვე იცი. - ღიმილნარევი, მკაცრი ხმით მიბრძანა ქალიშვილმა. - არის უფროსო! ისე იქნება, როგორც თქვენ ბრძანებთ! - მივუგე ომახიანი ხმით, რაზეც ქეთიმ მხიარულად გადაიკისკისა. აშკარად მოფერიანებული ჩანდა. - ხო მართლა, ჩემს ძმას რა ჰქვია? რატომ არ შემოვიდა? – უცებ იკითხა ქეთიმ. - მას ირაკლი ჰქვია, თქვენ ვგონებ Facebook-დან უნდა იცო\ნობდეთ ერთმანეთს. ძალიან დაიღალა გუშინ, ხუმრობა ხომ არ გგონია ამხელა მდინარესთან ჭიდილი? ახლა, ალბათ, ისვენებს. ნუ გეშინია, თუ მიიღებ, თავის კამპანიით არ მოგაწყენს, - ვუპასუხე იუმორით. - რა კარგია, ღმერთო, უცებ ბედისწერამ მამა დამიბრუნა და ძმა შემძინა. ეს ალბათ უფრო ღვთის წყალობაა. მადლობა უფალს! - ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა გოგონამ, ზეცას ახედა და ხელის ნელი მოძრაობით პირჯავრი გადაიწერა. ფანჯრიდან მზემ შემოგვიჭვრიტინა. დიდი, წითელი ბურთი საკუთარი მწველი და იმავდროულად ნაზი სხივებით, ბედნიერ მამა-შვილს სახეზე გველამუნებოდა, ახალი დღის დაბადებას გვამცნობდა და ჩვენც, ასე ჩახუტებული, ორი ბედნიერი ადამიანი, კიდევ ერთი ხალისიანი ჟამის დაბადებას ვესალმებოდით, ჟამისას, რომელიც ორივეს, უკვე სულ სხვანაირ ცხოვრებას გვიქადდა. არ ვიცი, რომელი საათი იქნებოდა, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ, ორივეს ღრმად ჩაგვეძინა. თვალი რომ გავახილე, უკვე შუადღე დამდგარიყო. ოთახს თვალი მოვავლე, ქეთი არსად სჩანდა. გულმა რეჩხი მიყო, ფეთიანივით წამოვხტი, ავტომატურად ფანჯარაში გავიხედე; იქ თვალწინ, სასწაული სურათი გადამეშალა : არტანუჯისკენ მიმავალ, ვიწრო გზას და-ძმა შესდგომოდა, გზას, რომელიც ჩემს შვილებს აუცილებლად ტაძრამდე მიიყვანდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძალიან მომეწონა! 5 მოკითხვა, ლევან! :) ძალიან მომეწონა! 5 მოკითხვა, ლევან! :)
4. დიდი მადლობა მე-კალ-მე, შენ რომ არა, ეს მოთხრობა ამ სახის ნამდვილად არ იქნებოდა, და დიდი მადლობა ამ მშვენიერ გოგონას, გულიანი დახმარებისა და კონსულტირებისათვის! :) :) :) დიდი მადლობა მე-კალ-მე, შენ რომ არა, ეს მოთხრობა ამ სახის ნამდვილად არ იქნებოდა, და დიდი მადლობა ამ მშვენიერ გოგონას, გულიანი დახმარებისა და კონსულტირებისათვის! :) :) :)
3. ლევან, შენს მერე, მე ყველაზე კარგად ვიცნობ, მგონი, ამ ნაწერს :) +5-ს დაგიტოვებ :) სხვა ყველაფერი ნათქვამი მაქვს უკვე :) ლევან, შენს მერე, მე ყველაზე კარგად ვიცნობ, მგონი, ამ ნაწერს :) +5-ს დაგიტოვებ :) სხვა ყველაფერი ნათქვამი მაქვს უკვე :)
2. სიამოვნებით ჩავიკითხე, ბევრგან ცრემლს ვერ მოვერიე.მიხარია, რომ ასე ბედნიერად დასრულდა ამბავი.555 სიამოვნებით ჩავიკითხე, ბევრგან ცრემლს ვერ მოვერიე.მიხარია, რომ ასე ბედნიერად დასრულდა ამბავი.555
1. ძალიან მაგარი ამბავია მომეწონა ეს ისტორია ლევან გაიხარე.......... 5555555555
ულამაზესია და სიყვარულით სავსე..... ძალიან მაგარი ამბავია მომეწონა ეს ისტორია ლევან გაიხარე.......... 5555555555
ულამაზესია და სიყვარულით სავსე.....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|