ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუჯარი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2011


ივან ბუნინი (წიგნიდან ,,დევნილები'')

წარმოგიდგენთ ახალ თარგმანებს  წიგნიდან  ,,დევნილები’’ ; 2002 წლის  ჟურნალ ,,ცისკრის’’ მეხუთე ნომერში გამოქვეყნდა პირველი პუბლიკაცია  ; ქართველ  მკითხველს საშუალება ჰქონდა, წაეკითხა  ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ერთ-ერთი  თვალსაჩინო  რუსი ემიგრანტი პოეტის  გიორგი ადამოვიჩის  ლექსები;  ზოგადად, წიგნში გაერთიანდება  რუსეთიდან  დევნილი  16  პოეტი, რომელთაც  საზღვარგარეთ მოუწიათ ცხოვრებამ და იქვე აღესრულნენ; რომელთაც ,,რუსეთში დაბრუნება მხოლოდ ლექსებით ეღირსათ...’’
 
                                                                                                                                      მთარგმნელი
ივან ბუნინი(1870-1953)

* * *

მკრთალად ლივლივებს ზღვის ზედაპირი,
შვენის ვარსკვლავთა კრთომა-ცრიატი;
და შუაღამე - სავსე არილით,
არის მდუმარე და იშვიათი.

ყველაფრისათვის გმადლობ, უფალო,
ამ ცისქვეშეთში, მე ამ საღამოს,
რომ დამანახე ასე უბრალოდ
და შემაყვარე ისევ სამყარო.     

* * *
ვარსკვლავი ალით შემოგარსული,
უცებ მოწყდება ცას და ამჯერად
მიფრინავს იგი... თუმც აღსასრულის
და საბოლოო კვდომის არ ჯერა.

მთვარევ, მიწიერ გზით გამხედავო,
კარგავ ნიადაგ ძალას ნათების
და შხამშესმული, როგორც ცხედარი,
სულ სხვა მხარეში მიემართები.

* * *
ფრინველს აქვს ბუდე, ცხოველს  კი სორო.
ახალგაზრდული გაქრა ხალისი;
როცა დავტოვე ეზო და ბოლოს,
ბოდიში უნდა მეთქვა სახლისთვის.


ცხოველს აქვს სორო, ფრინველს კი ბუდე.
ჯავრისგან როგორ ხმაურობს გული;
როცა შევდივარ სახლში და მუდამ,
პირჯვარს ვისახავ უცხო და მდგმური.





კანარის ჩიტი

            სამშობლოში ის მწვანეა...
                                              ბრემი

უკან დარჩა ზღვა და ხმელი,
შორეული კუნძული;
გალიაში ოქროსფერი
გახდა დარდით უძლური.

ვერ იქნები, აწი, ჩიტო,
ლაღი, ზურმუხტისფერი;
რაც არ უნდა სამიკიტნოს
ბრბო მოხიბლო სიმღერით.


* * *
           
მუქდებიან ბინდები და ზუზუნებენ,
მინდვრები და ოკეანე...
ვინ დაითმენს უდაბნოში უძლურებას,
ჯვარცმის ტკივილს და იარებს.
ვჭვრეტ შავ  ჯვარცმას, უცხოს სული მეხუთება,
სადაც გზაა არაერთი;
შემოგვცქერის მწუხარე და გვეხუტება,
გარდაცვლილი ჩვენი ღმერთი.


* * *
სიყვარულის ოცნებები, ახლა შვებას რომ მგვრის
და ბავშვობის ოცნებები, გულს რომ მითბობს მეტად;
თავს იყრიან გაზაფხულზე, ვით ირმების ჯოგი,
იქ, ნაკრძალში, იმ იდუმალ, წყალუხვ მდინარესთან.


მწვანე ტევრში უმნიშვნელოც როცა ისმის ჩქამი,
და ამ ფხიზელ სილამაზეს როს შეაკრთობს ელდა;
მთრთოლვარე და ლაღი გუნდი, ელვასავით სწრაფი,
უკვე მიქრის ტყეებისკენ ამაყად და ერთად.


* * *

წინ რაღა არის? გზა ხანგრძლივი და ბედნიერი.
სადღაც შორეთში წყნარი მზერით გაიხედება
მისი თვალები...ახალგაზრდა მკერდი ძლიერი
სუნთქავს მსუბუქად და რიტმულად, მშვიდი იერით
ოდნავ აცილებს საყელოს და კისერს ეხება.
საგრძნობი არის სუსტი, მაგრამ ნაზი სურნელი
მისი თმების და ამოსუნთქვის, თითქოს შეხებით
ვგრძნობ, გარდასული აღტაცება მიპყრობს სრულებით...
შორს რაღა არის? დარდისაგან განუკურნელი
მე ვიყურები უკან, განა წინ ვიხედები.




* * *

,,ისევ ცივი, ჭაღარა, გარინდული  არის ცა,
უდაბური  მინდვრები, ხალხმრავალი  გზები;
და ტყეებიც ისეთი, როგორც  ჟღალი  ხალიჩა,
სამეული პარმაღთან, ზღურბლთან - მსახურები…’’

ეხ, ფერმკრთალო რვეულო, მიამიტო, ძველო,
გავბედე და უფალი როგორ განვარისხე
მე იმ წლებში დარდისგან...მეტი არ მსურს ვწერო,
შემოდგომის ბედნიერ გზაზე სიტყვა ,,ისევ’’.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები