 | ავტორი: ავტ2 ჟანრი: პროზა 25 აპრილი, 2012 |
სულ რაღაც 18 წლის ვიყავი როდესაც პირველად ჩავედი ჩემთვის აბსოლუტურად უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში, რომელიც ყველაფერთან ერთად უცხო კონტინენტზე მდებარეობდა. „Bienvenido a Bogotá“ იყო პირველი, რაც ამ ახალ სამყაროში წავიკითხე. „აეროპორტული“ ხმაური, ესპანურად რეისების გამოცხადება, უამრავი ხალხის ბუტბუტი, ლათინოსი ბავშვის ტირილი, კოლუმბიელი პოლიციელების მზერები… ამ ყველაფერმა საოცრად შემაძრწუნა პირველივე წუთებში. რა თქმა უნდა ბუნებრივად მობილიზებული და აჟიტირებული ვიყავი. თვითმფრინავში, რომ ჩავჯექი არც კი მჯეროდა, რომ ეს შევძელი. ყველაფერი დანარჩენი უმარტივესი მეგონა. „იქ უკეთესია, იქ უკეთესია“ ვიმეორებდი ამ სიტყვებს გულში. ჩამოსვლისთანავე კი თითქოს ყველაფერმა ჩემზე უარყოფითად იმოქმედა და საშინელ პესიმიზმში ჩავვარდი. უხცო ქვეყანა, უცხო ენა, უცხო ხალხი, უცხოობა. (ამ მომენტში ისმის ეს მუსიკა http://www.youtube.com/watch?v=F9y1vGxPVAA&feature=fvwrel) თავბრუ დამეხვა, ალბათ დაღლილობის ბრალია, მცივა, ძვლებში მამტვრევს. იქვე მდგარ სკამს მიუახლოვდი და ჩამოვჯექი. თავი ჩავრგე ხელებში და თვალები დავხუჭე. საშინლად მარტო ვიყავი ათიათასობით ადამიანის გარემოცვაში. თვალები ამეწვა და ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა. მე ხომ უკვე რამდენი წელია აღარ მიტირია, მაგრამ აქ მარტო ვიყავი და ტირილის არ მცხვენოდა. მომიახლოვდა ალბათ ესე 26 წლის გოგონა. ავხედე და შერცხვენილმა ვუთხარი: „მაპატიე“. ცოტა ხანს გაკვირვებული მიცქერდა, შემდეგ მკითხა: „¿por qué lloras dulce príncipe?“. რა თქმა უნდა ვერ გავიგე რას მეუბნებოდა, თუმცა მისი ხმა თაფლივით მოხვდა ჩემს გულს. ახლაც მახსოვს მისი ცოტათი „ჩახლეჩილი“ თბილი ბგერები. ხმა, რომ არ გავეცი თავისი ლამაზი თითებით მომწმინდა ცრემლები და მანიშნა ჩემთან ერთად წამოდიო. ჯინსები, თეთრი მაისური, კეტები და გრძელი წაბლისფერი თმა. ხელზე რაღაც ჭრელძაფებიანი სამაჯური ეკეთა. ფაქიზი და სუფთა ვენები უჩანდა. შემშურდა. მისი სახე კარგად არ მახსოვს, მხოლოდ მახსოვს ხორციანი ტუჩები, ქათქათა კბილები და ულამაზესად ჩამოსხმული თეძოები. მახსოვს, რომ თეძოებზე ვცდილობდი არ შემეხედა. რატომღაც ძალიან ახლობლად მიმაჩნდა და მერიდებოდა. გარეთ გავედით და შევისუნთქე სამხრეთ ამერიკის ნესტიანი და ცხელი ჰაერი, მაინც საოცრად მციოდა. მისი პატარა მანქანით გავემართეთ გაურკვეველი მიმართულებით. ჩემთვის მთავარი იყო, რომ მარტო არ ვიყავი და იმედი მომეცა, რომ ვაჯობებდი ჩემს ავადმყოფობას. არ ვიცი თვითონ რას ფიქრობდა. მიმიყვანა რომელიღაცა მაღალი კორპუსის 2 ოთახიან ბინაში და როგორც მივხვდი მითხრა დაისვენეო, ვინაიდან აბაზანა და ლოგინი მაჩვენა. შემდეგ გაურკვეველი ტექსტი მითხრა, თითებით 7 მაჩვენა და წავიდა სახლიდან. ცხელი წყალი და ლოგინი ისე მესიამოვნა, რომ 4 დღის უძინარს ლოგინში დაწოლისთანავე ჩამეძინა. **ისევ თბილისი, ისევ უბანი, ისევ დეპრესია, ისევ არ არის, ისევ სიცივე, ისევ უფულობა, ისევ ჭაობი, ისევ მოღუშული სახეები, ისევ წამალი, ისევ ლომკა, ისევ ძვლები, ისევ პონტი, ისევ ვიღაც გაიპარა, ისევ წივილ-კივილი, ისევ ააააა...** „CARIÑO, CARIÑO“ გამომაღვიძა ჩემი ახლადშეძენილი მეგობრის ხმამაღალმა ძახილმა. სულ სველი ვიყავი. შემრცხვა, ისევ უთხარი: „მაპატიე“ გოგონამ შუბლზე ხელი მომისვა და მითხრა: „que los pobres“. ისევ ვერ გავიგე რას მეუბნებოდა და უბრალოდ ვანახე ჩემი ვენები. ვცდილობდი ამეხსნა ჩემი სიტუაცია, მომეყოლა ჩემს თავს გადამხდარი საშინელებები და რომ სანდრიკა გაიპარა ერთი კვირის წინ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. თვითონაც უკვე ხმას აღარ მცემდა, შეიშმუშნა, რაღაცა მითხრა და სახლიდან წავიდა. გარედან, კარის ჩაკეტვის ხმა გავიგე. - ამის დედაც, ამის დედაააც, ამის დედააააააც... მარტოობის, სიცივის და დეპრესიის უსასრულო დღეები დამიდგა. 5 დღე ესე დავყავი, არ მიძინია თითქმის საერთოდ. იყო მომენტები, როცა ისევ თბილისში ვჩნდებოდი ჩემს აჩრდილებთან და ისევ და ისევ უბანი, ისევ დეპრესია, ისევ სიცივე, ისევ უფულობა, ისევ ჭაობი, ისევ მოღუშული სახეები, ისევ წამალი, ისევ წამალი, ისევ ლომკა, ისევ ძვლები, ისევ პონტი, ისევ ვიღაც გაიპარა, ისევ სანდრიკას დედის სახე, ისევ წივილ-კივილი, ისევ უიმედობის ჭაობი. ჩემს აჩრდილს ვებრძოდი და ვატყობდი, რომ იგი დროთა განმავლობაში შესუსტდა, მე კი გავძლიერდი. მე-5 დღეს, უკვე უფრო მეტად გამარჯვებულმა მაცივარიც კი გამოვაღე და მაწვნის მაგვარი სითხე და ძეხვი მივიღე. სწორედ ამ დღეს მოვიდა „ის“ და მოიტანა ერთი ბოთლი თეთრი სითხე, რომელსაც აუარდიენტეს უწოდებდა. დამისხა დიდ ჭიქაში, თავისთვისაც დაისხა და მომიჭახუნა. - მე მქვია პაოლა - მითხრა მან თავისი განუმეორებელი თბილი „ჩახლეჩილი“ ხმით - მაპატიე პაოლა - ვუთხარი მე - მაპატიე, მაპატიე, მაპატიე - გაიმეორა მან და გაეცინა. მეც გამეცინა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. 16 წლისთვის მეტისმეტი ხომ არ იყო ამდენი "ისევ" ?
16 წლისთვის მეტისმეტი ხომ არ იყო ამდენი "ისევ" ?
3. მაინც ძნელია სხვაგან.... მაინც ძნელია სხვაგან....
2. ალბათ მართალია ალბათ მართალია
1. პაოლა-ANGEL DE GUARDA! პაოლა-ANGEL DE GUARDA!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|