ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2012


ჩინოვნიკის დღიურები

ერთი დღე                        (გადატვირთული გრაფიკის გამო) 
                                           
დილას ვიწყებ ჩვეულებრივად:
თავს ვიწესრიგებ და ვჯდები სამუშაო მაგიდასთან.
ამასობაში მოსამსახურეს შემოაქვს ტოსტერში გახუხული პური -
ანანასის ჯემით და ყავა.
ზოგადად, არ მიყვარს როცა ეს ქალბატონი მემსახურება,
მაგრამ ჩემი ცოლი ევროპაშია და სხვა გზა არ მაქვს, ვეგუები.
უნდა ავღნიშნო, რომ ჩემი ცოლი  წარმატებით ახორციელებს უამრავ პროექტს:
მოდის, მედიის, ჯანმრთელობის დაცვის  და ა.შ. კუთხით.
...გადაიღალა, დასვენება სჭირდება და  თან,
ბავშვებსაც  ნახავს.
ისინი ევროპაში სწავლობენ -
ქვეყანას სჭირდება განათლებული მომავალი.
ბოლო რვა წელია, ჩემი  ქვეყანა აღმოჩენად იქცა
მსოფლიოსთვის:
სწრაფადმზარდი ეკონომიკით,
მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტურით,
კურორტებით,
წარმატებული რეფორმებით,
განვითარებული ტურიზმით,
უამრავი დასაქმებული ადამიანით...
სიდუხჭირე უკან იხევს,
როგორც არასდროს  საქართველოს ისტორიაში.
სტატისტიკაც გასაოცარ შედეგს აჩვენებს.
აი, თუნდაც, გაეროს ბავშვთა დაცვის (იუნისეფის) მონაცემები:
”2009 წლიდან 2011 წლამდე 
ღარიბ ბავშვთა რაოდენობამ ქვეყანაში  28% -დან  25%-მდე იკლო”.
2% კლება ახალგაზრდა, რვაწლიანი სახელმწიფოსთვის -
ეს  მიღწევაა და ისიც, რომ ახლა მხოლოდ
”77 ათასი, თექვსმეტ წლამდე ბავშვი ცხოვრობს 
უკიდურეს  სიღარიბეში”.
ამაზე ხვალ ვისაუბრებ სემინარზე, მოგადიშოში,
იქაურ კოლეგებს გამოცდილებას  გავუზიარებ. 
დღეს კი, ყველა მნიშვნელოვანი საქმე გადავდე:
შეჭირვებული ბავშვებისთვის რამდენიმე ობიექტს ვხსნი:
თბილისილენდს, წყლის ატრაქციონს, დასასვენებელ კომპლექსს,
გასართობ ცენტრს...
აი, მძღოლმაც მომაკითხა,
პირველი ობიექტის გახსნაზე მივდივარ...

                                          18 ივლისი, 2012 წელი,
                                          თბილისი, საქართველოს რესპუბლიკა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები