ჩემებურად მოგესალმებით, მოგიკითხავთ ყველას, ვინც ჩემს ამბებს კითხულობთ და მოგიყვებით კიდევ ცოტა რამეს ჩემზე.
უკვე შემოდგომა დადგა, ბოტკინიანებს დაემსგავსნენ ხეები. ლამაზი სანახაობა კი იყო მაგრამ აცივდა კიდეც, ნუ შედარებით. ჩემი ცხოვრება ცოტა ხნით ერთფეროვანი იყო: დილით-რძე და საეირნობა, ძილი, ფაფა, თამაში, სუფი(6 თვის ვხდებოდი პირველად რომ გამასინჯეს და ისე მომეწონა სხვა სადილი აღარ მინდოდა), ისევ სეირნობა და ძილი, მერე ისევ თამაში ბანაობა რძე და ძილი დილამდე. დიახაც დილამდე, არაფერი მოგჩვენებით მე დიდი გოგო ვარ, ღამე დედას არ ვაღვიძებ დილის 9 საათამდე ისე მძინავს, როგორც თითოეულ თქვენთაგანს. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო სანამ ერთ დღეს მარიკომ სასეირნოდ არ წამიყვანა. ჩამეძინა და თურმე შემცივდა. საღამოს სიცხე მქონდა, თუმცა თერმომეტრი 37,3-ს უჩვენებდა და ექიმის მითითების თანახმად წამლის ნასახი არ მომაკარეს. ჰოდა სწორედ აქ შეცდნენ... ღამის 12 საათზე ჩემი სხეულის ტემპერატურად 39,6 დააფიქსირა ნამცეცა წრიპინა აპარატმა და მარიკოს სიგიჟეც აქ დაიწყო...
მიშველეთ რა ვქნა ახლა? იძახდა გაწირული და აკანკალებული ხელით ურეკავდა ჩემს ექიმს, რომელმაც უარი თქვა ვიზიტზე უკვე გვანიაო, დედაკოს დირექტივები მისცა და თუ არ უშველა სასწრაფოს გამოუძახეთო. ამაზე რა თქმა უნდა მარიკო უარესად გადაირია, უსულგულო ბებერი ეძახა ჩემს ქეთინო ექიმს(არადა სულაც არაა ბებერი ჩემი ბებიკოს ტოლია), გაუთიშა ტელეფონი და თავად ითავა ჩემი მკურნალის როლი. ჰოოო, აი აქ დაიწყო ტრაგი-კომედია. "არ მომეკაროთ არაფერი მითხრათ მე ვიცი რაც უნდა ვქნა თქვენი იდეები არ გამაგონოთო" კიოდა. დღეს ამაზე ბევრს იცინიან თუმცა მაშინ...
სიცხის დამწევი ტკბილი სითხით დაიწყო მკურნალობა დედაკომ, რომელსაც თურმე მოქმედებისათვის ნახევარი საათი სჭირდებოდა, ამდენი დაცდა კი სად შეეძლო ჩემს ისედაც სულსწრაფ და ახლა შვილის ავადმყოფობით გაგიჟებულ დედაკოს? ჰოდა 15 წუთის შემდეგაც რომ არ დამიწია სიცხემ თბილ წყალში გახსნილი პარაცეტამოლით ოყნა გამიკეთა, მერე სანთელი, ძმარსა და წყალში გახსნილი პარაცეტამოლით გაჟღენთილი წინდები ჩამაცვა, თავზე კომბოსტოს ფოთოლი დამაფარა, შუბლზე კი ცივი ტილო. ყველა გაგიჟებული უყურებდა მამაკი ცდილობდა გადაეთქმევინებინა ამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება მაგრამ...
ნელ-ნელა გავცივდი, დედას უხაროდა დაუწია ტემპერატურამო, მაგრამ 40 წუთში თერმომეტრზე დაწერილმა 35,4-მა გრადუსმა კინაღამ მიკროინფარქტამდე მიიყვანა საწყალი. თვალებს არ დაუჯერა და სამჯერ გადაამოწმა. დანარჩენ ორ შემთხვევაშიც იგივე ციფრები ციმციმებდნენ ციფერბლატზე. მარიკოს პანიკას საზღვარი არ ჰქონდა, მამაკი გიჟივით დარბოდა და მარიკოს ისედაც დაგლეჯილ ნერვებზე უარესად მოქმედებდა, ბოლოს ისევ მან დარეკა ჩემს ექიმთან (აბა დედაკის პირი უკვე შერცხვენილი ჰქონდა), ბოდიში მოიხადა მეუღლის უსაქციელობის გამო, განერვიულდა და თავადაც ვერ გააცნობიერა რა თქვაო, დაიღვარა მამაკი. ახლა ამან ითავა ჩემი მკურნალობა. გამაგიჟებენ მე ესენი ხომ ვამბობდი არააა, არანორმალური მშობლები მყავს მეთქი. ჩამაცვა 3 მაიუსრი, პლედში გამახვია და ძალით მასმევდა მალინიან ჩაის. ტემპერატურა იგივე იყო 15 წუთის შემდეგაც და დედაკო უკვე სასწრაფოში რეკავდა შვილი მიკვდებაო. განწირული სახეებით მიყურებდნენ, ნეტა ჩემი ყურებით რას ეშველებოდა? ამხელა ქალია და 5 წხვადასხვა სახით რომ მომცა სიცხის დამწევი თან მოქმედებას არ დაელოდა რა ეგონა აბა? თავიდან შემოეხედა იქნებ მიმხვდარიყო თვალებით რომ ვანიშნებდი არ მინდა ამდენი წამალი უარესად არ გამხადო მეთქი. ეხლა მეც აღარ ვიცი რა მჭირს...
სასწრაფომ სანამ არ დააზუსტა იცოდნენ თუ არა რომ გამოძახება ფასიანი იყო იქამდე მისამართიც კი არ იკითხა, თურმე ჩვილი ბავშვებისათვის კერძო სასწრაფო დახმარება არსებობს მხოლოდ, რომლის მომსახურეობაც არც თუ იაფი ჯდება. ახლა ესენი დალანძღა მარიკომ, გეუბნებით რომ თოთო ბავშვი მყავს ცუდად და რეებზე მელაპარაკებითო. დროზე მოეთრიეთ და თავში გირტყავთ მაგ ფულსო. ამ ფრაზის მერე აღარავის ეგონა თუ მოვიდოდნენ, თუმცა ფულის შოვნის სურვილმა ან უბრალოდ გიჟი დედის მიერ ნათქვამი სიტყვების არაფრად ჩაგდებად და გულისხმიერებამ მოიყვანა სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
მთელი ამ დროის განმავლობაში ზიზიტა ნათლია ლოცვებს მიკითხავდა, ნაკურთხი წყალი დამალევინა, მამა გაბრიელის ზეთი წამისვა და ამასობაში სასწრაფოც მოვიდა...
მარიკოს სად ჰქონდა რამის თქმის თავი და გურიმ დაიწყო. როგორც შეეძლო მშვიდად და დალაგებულად უხსნიდა ჩემი ავადმყოფობის ისტორიას ექიმებს, რომლებიც მარიკოს მიუტრიალდნენ და.... : -ქალბატონო თქვენ სად ცხოვრობთ უკაცრავად მთვარეზე? არ გსმენიათ რომ წამალს მოქმედებისათვის დრო სჭირდება? ან რა მეთოდებით მკურნალობთ ჩვილს? ვინ გაიგონა პარაცეტამოლიანი ოყნა, ან ძმრიანი წინდები, ხვდებით რომ საკუთარი ჩვილი შვილის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეთ?.. კიდევ რაღაცის დამატებას აპირებდა, როცა მამაკი აყვირდა -ჩემი მეუღლისათვის შენიშვნების მიცემას იქნებ ჯობს ბავშვს მოხედოთ?! განერვიულდა და ვერ გათვალა! ბოდიშით, მაგრამ დიპლომირებული ექიმი კი არა, ახალგაზრდა, გამოუცდელი და შვილის ავად ყოფნით გამწარებული დედაა! მოხედეთ ბავშვს...
სასწრაფომ სიცხე გამიზომა და... 36.3 ხაზი აჩვენა თერმომეტრმა. ჩათბუნებამ, თბილმა ჩაიმ და ლოცვის მადლიანმა ძალამ თავისი ქნა. მშვენივრად ვიყავი. ჩემს დამთხვეულ მშობლემს პირობა ჩამოართვეს, რომ დილით ექიმთან წამიყვანდნენ და მხოლოდ გასეირნებაში აღებული ფინანსებით დატოვეს ჩვენი ბინა,..
მეორე დღეს ქეთინო ექიმთან წამიყვანეს, რომელმაც წამლების ვრცელი ჩამონათვალი გამოატანა და 3 დღეში ჩიტივით ვიყავი. როგორც უკვე გითხარით, ამ ამბავს დღეს მწარე სიცილით იხსენებენ, მაგრამ მაშინ ცოცხალ-მკვდარი იყო ორივე. გიჟები მყავს მოკლედ ოფიციალური უსაბუთო გიჟები, მთუმცა ჩემები არიან და ძალიან მიყვარს ორივე. ისეთი ლამაზი, თბილი დედაკო მყავს და მთასავით ვაჟკაცი მამაკი, რომ საკუთარს კი არა, უცხოს შვილებს უყვართ მგონი...
ახლა დაგემშვიდობებით, ჩემი სამხრობის დროა, ისეთი გემრიელობა ხაჭო მელოდება ვერაფრით დავაგვიანებ მისით პირის ჩატკბარუნებას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. შენ შემოგევლე ანასტასია! შენ შემოგევლე ანასტასია!
1. დაუსწრებლად მიყვარს ეს ანასტასია და მისი დედაკო:*** დაუსწრებლად მიყვარს ეს ანასტასია და მისი დედაკო:***
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|