ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2013


აჯაფსანდალი

აქცია

ნუ ჩაუვლი, და აღიქვი მათხოვრის
გამოწვდილი მარჯვენა თუ ცაცია,
როგორც დიდი წყალობა და მაცხოვრის
მიერ შენთვის მოწყობილი აქცია!


არ ვჩივი!..

ცხოვრებამ ყველას უწილადა თავის არჩივი,
მე, მოჩქარეს კი, ცოტა მაინც დამაგვიანდა...
წაკითხულ წიგნის შემხვდა მხოლოდ გვერდი – სარჩევი
და მწუხარების გამოხატვა თავაზიანად...


"მეთევზის" მუქარა

როგორც კალმახი, მთის მდინარის, წითელწინწკლება,
ისე მისხლტები ანკესიდან, ვერ მოგიხელთე...
ან მე მეთევზე არ ვყოფილვარ, ანდა იქნება,
რომ ჩემს გოდორში შენც ამოჰყოფ თავს, თუნდაც ერთხელ!..


***
ყველა სხვა გრძნობას დავადე ვეტო,
ისე, არც ისე ყოფილა რთული...
ამჟამად მხოლოდ ვსვამ და ვპოეტობ,
და სიკვდილთან მაქვს ფლირტი გაბმული...


კრიზისი

ვებრძვი შემოქმედებაში
გაბატონებულ კრიზისს,
მე მგონი შთაგონებაში
აუდიტორი მიზის...


თურმე

გრძნობას შევწირე - ერთს, თითქმის
ყველაფერი, რაც მებადა.
იმ ერთს - ადვილად რომ ითქმის
და რომ მტკიცდება ძნელადა!

რა ფიცი-მტკიცი მომინდა,
გიჟი ვყოფილვარ ნამდვილად!
ისე რა ძნელად მოდის და,
მიდის თურმე რა ადვილად...


სახელი

სიკვდილი - დროის მსტოვარი,
თვალ-ყურ ფხიზელი მზვერავი,
ვერავინ გააბითურა,
ვერც მოისყიდა ვერავინ.

თუმც ნაკლი მასაც ჰქონია,
ცოდვა ჯობია ნამხელი,
თვით სიკვდილსაც ვერ მოუკლავს,
კაცის განთქმული სახელი!


* * *
ის ჭეშმარიტად ქვეყნის შუქია,
ვისაც სწავლა და შრომა უქია,
მისი სანთელი მუდამ ანათებს,
დრო-ჟამის ტრიალს ვერ ჩაუქვრია!

აბა მითხარით ის რა კაცია,
ვინც ნაცრის ქექვა საქმედ აქცია,
თავი კი მოსწონს, მაგრამ მისდღემჩი,
სხვისი ნაქონი ჩოხა აცვია.


ბუმერანგი

ავსტრალიელ აბორიგენს ეყო ჭკუა
მიმხვდარიყო, რომ ბრუნდება ბუმერანგი
და შენ ასე რა ჯანდაბამ გაგაბრუა,
რა დაგეცა ამისთანა მძიმე ბანგი,

რომ იქნევ ამ იარაღს და ვერც კი ამჩნევ,
ბოროტებით სული როგორ იგუდება,
ჰაერში ბუმერანგს ბრიყვო ვერ შეარჩენ,
ყველა ჯერზე ისევ უკან გიბრუნდება!


დამთხვევა

მიქელანჯელოს მოსეს ვუცქერდი,
ფიქრი წარსულის ნისლში გაეხვა,
ვიღაცამ ჩართო ჯუზეპე ვერდის
"ნაბუკო" და ვთქვი: "როგორ დაემთხვა?!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები