ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რჰაეგარი
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2013


იარები

      მე არასდროს მიყვარდა ნადირობა. არც ახლა მსიამოვნებს ცივზე ცივ ბალახზე წოლა, სიკვდილივით ცივი იარაღის ხელში მომარჯვება და იმ წამისთვის ლოდინი, როცა ჩახმახს ხელს გამოვკრავ და გასროლის ხმაური ჩემს სმენას დაახშობს. ცხოველი სისხლისგან ისევე დაიცლება, როგორც საკუთარი ცივი სისხლი ჩამექცევა სხეულში და მისი უსუსურობის მიმართ ზიზღს და სიამოვნებას ერთროულად ვიგრძნობ.
      მამაჩემი მხეცი არ არის, თუმცა როდესაც ნადირობის შემდეგ მის გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ, ვგრძნობ, რომ მასში მხეცი ცხოვრობს და როდესმე თავის ნამდვილ სახეს მაჩვენებს.
      მხეცი სხეულიდან გარეთ აღწევს და სისხლმოწყურებული ნადავლს ედევნება. ისმის ტყვიის გამყინავი ხმა და ვხედავ როგორ ეცემა მიწაზე კიდევ ერთი ბოცვერი. მამაჩემს სახეზე კმაყოფილი ღიმილი ეფინება. ის თავზე ხელს მისვამს, რადგან ხვდება, რომ ამ ფიქრებისგან შეცბუნებული, ვერაფრით ვბედავ მისი საქციელის შექებას.
      - თავი უნდა დაანებო ასეთ გულმოწყალებას, შვილო, - მეუბნება ის, როდესაც ჩემს სახეზე შეშფოთებას ამჩნევს, - უკვე დიდი კაცი ხარ, ცამეტ წელს გადააბიჯე. კარგი მონადირე უნდა გამოხვიდე, რადგან ერთ დღესაც ოჯახი გეყოლება და ოჯახის წევრები შენ უნდა არჩინო.
      მე ვბედავ და ხმას ვიღებ:
      - ჩემი აზრით, ბოცვრები არ იმსახურებენ სიკვდილს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ხორცი გემრიელია. ჩვენ რომ მოგვექცეს ვინმე ასე, განა ეს სამართლიანი იქნება?
      მამაჩემი იკრიჭება, ალბათ, დამცინის. მას უხეში, გაჭაღარავებული წვერი აქვს და როცა ასე იცინის, ჩემთვის სრულიად უცნობ კაცს ემსგავსება
      - ეჰ, ჰარუ... ამ სამყაროს ძლიერები მართავენ, ძალაუფლების შეგრძნება სასიამოვნო რამაა. ჩვენ, ადამიანები, ამ ყველაფრის ბატონ-პატრონები ვართ.  მისმინე და ისწავლე, შვილო - ნადირობა შენი მოვალეობაა, ცხოველების სიყვარული კი კარგს არაფერს მოგიტანს.
      - გასაგებია, - ვეუბნები მე, თუმცა მისი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ მომისმენია, სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი.
      მე და მამაჩემი ნადირობას, როგორც წესი, დილიდან ვიწყებთ ხოლმე, თუმცა დღეს ტყეში დაგვიღამდა. მამაჩემი ამაზე სულაც არ ნერვიულობს, მეც მეგონა, რომ საშიში არაფერი იყო (და, ალბათ, ასეც არის), მაგრამ ჩემი გონების ქვეშ დამალულ ღამეულ ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებ და სიბნელის შიში თავიდან ბოლომდე მეუფლება.
      - ნუ ნერვიულობ, ჰარუ, - მეუბნება მამა და მხარზე ხელს მადებს, - რამდენჯერ გამითენებია ატამორას ტყეში, საშიში არაფერია.
      აი, უკვე სახლის ეზოში ვართ. ის ატამორას ტყის მახლობლადაა და მის გარშემო სხვა სახლები არ დგას. როგორც მამა ამბობს, იმისთვის, რომ ეს ფართობი შეგვესყიდა, ჩემმა დიდმა ბაბუამ ბევრი იწვალა. მამაჩემი კარს აღებს და მთელი დღის მარტოობისგან გაციებულ ოთახში შევდივართ.
      ზამთრის ოცდამეთერთმეტე დღეა. თოვლშერეული ქარი ყოველი მხრიდან უბერავს და ყველაზე სასტიკ პერიოდს გვამცნობს. ხვალ, ალბათ, ტყეს და ჩვენს სახლს თოვლი მთლიანად დაფარავს და გარეთ გასვლა გამიძნელდება.
      იმის მიუხედავად რომ ძალიან მშია, უგემური საჭმელის ჭამას ვარჩევ, რომ დავიძინო. ცოტა ხანში უკვე საწოლში ვწევარ. დღეს ჩემთვის უჩვეულოდ შემაშფოთებელი დღეა, ასეთ სისასტიკეს მიჩვეული არ ვარ. მამაჩემს აქამდე სანადიროდ არ დავყავდი ხოლმე. როგორც ახლა ამბობს, მე უკვე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის, რომ ნადირობას თავი ავარიდო.
      როდესაც ძილ-ბურანში გემრიელად ვეხვევი, გონებაში ისევ სიკვდილთან დაკავშირებული ფიქრები მიტევს და სიზმრად ნანადირევ ბოცვრებს ვხედავ, რომლებიც დაუსრულებელ სითეთრეს თავიანთი წითელი სისხლით არღვევენ. მე თავიდან ბოლომდე სისხლში ვარ ამოთხვრილი, ვცდილობ ჩამოვიწმინდო მთელი ეს სიბინძურე, თუმცა არაფერი გამომდის. მამაჩემი შორიდან მიყურებს და სიამაყით მიღიმის. მე მკვლელი, ღირსეული შვილი ვარ...
      როდესაც თენდება, თბილად ვიცვამ და აკანკალებული ჩემი ოთახის კარს ვაღებ. მამაჩემი უკვე ამდგარია, მაგიდასთან ზის და მე მელოდება. დღეს სანადიროდ არ მივდივართ, ალბათ, მთელი დღით სახლში დავრჩებით და რადგანაც მე არ მიყვარს სახლში ყოფნა, შეიძლება ტყეში მარტოდ-მარტო გავისეირნო (თუ, რა თქმა უნდა, მამაჩემი ამის ნებას მომცემს).
      -ჰარუ, მოდი აქ, - მეძახის მამა, - სალათა გავაკეთე, მგონი ცუდი არ უნდა იყოს!
      - ახლავე მამა, - ვპასუხობ მე და მარჯვენა ფეხზე თასმებს ვიკრავ, - რაღაც თხოვნა მაქვს შენთან.
      - რა თხოვნა?
      - ჭამის შემდეგ შეიძლება ტყეში გავისეირნო? უკვე დიდი ბიჭი ვარ და არ დავიკარგები!
      მამაჩემი ჯერ უარის სათქმელად ემზადება, თუმცა შემდეგ რაღაცის გამო გადაიფიქრებს და თავს მიქნევს.
      - წადი, მაგრამ შემპირდი, რომ შინ მალე დაბრუნდები!
      - შენ ხომ თქვი, ატამორას ტყეში საშიში არაფერიაო...
      - ასეც არის, - მეუბნება მამა, - თუმცა სიბნელეში შეიძლება გზა აგებნას და სულ სხვა ტყეში აღმოჩნდე, სადაც ტურები, მელიები და მგლები ბინადრობენ. სხვათა შორის, დღეს თანამშრომლებთან  მივდივარ, ცოტა უნდა დავლიოთ...
      - კარგი, - ვეუბნები უემოციოდ და ფანრჯრიდან დათოვლილ ტყეს ვუყურებ.
      - შინ რომ დაბრუნდები, ალბათ სახლში არ დაგხვდები და არ ინერვიულო.
      სულ დამავიწყდა, რომ მეთქვა: მამაჩემი პოლიციელია და ქალაქის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ერთხელ მითხრა, როცა გაიზრდები, შენც ჩემს საქმეს უნდა ემსახუროო.
      - არ ვინერვიულებ.
      სულ ოდნავ შიშს ვგრძნობ, თუმცა ვცდილობ, ეს მამაჩემის წინაშე არ გამოვხატო. როგორც უკვე ვთქვი, მე დიდი ბიჭი ვარ და ამიერიდან დამოუკიდებლობას უნდა შევეჩვიო. სხვაგვარად სამუდამოდ ბავშვად დავრჩები, ბავშვები კი უპატრონოდ. ატამორასნაირ მშვიდ ტყეებშიც კი იკარგებიან.
      სალათას ვჭამ, თუმცა საჭმელი ყელში არ გადამდის, რადგან ზედმეტად უგემურია. ამიტომაც ჩემს ნახევარ წილს ვტოვებ, ქურთუკს ვიცვამ, შარფს ყელზე ვიხვევ და სახლიდან გავდივარ. უკანაც არ ვიხედები ისე გავრბივარ დათოვლილ ტყეში და თოვლში ნაფეხურებს ვტოვებ.
      ატამორას ტყე ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით კი მის სილამაზეს ზამთარში ვამჩნევ. შორს ვიყურები და დათოვლილ მთებს ვხედავ, რომელთა დანახვისას ყოველთვის მგლის ხროვის ყმუილი ჩამესმის - თუმცა ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა.
      სწორედ ამ მომენტში შორიდან რაღაც ხმა მესმის, ღრენის, წკმუტუნის თუ რაღაც ამდაგვარის. ვიცი, რომ ასეთ შემთხვევაში, მამა ამ ხმას აუცილებლად გაჰყვებოდა და ნახავდა თუ რისგან მოდიოდა ეს ხმა - ეს ხომ ჭეშმარიტი მონადირის ვალდებულებაა. ამიტომაც ასეც ვიქცევი, წკმუტუნის ხმას ყურს კარგად ვუგდებ და მას მივყვები...
      ხეებში ჩაფლულ ხის მორთან, სადაც ძველად, ალბათ, დიდი ბებერი ხე ხარობდა, ცხოველი მიწოლილა, რომელსაც მარტოობისგან გაყინული თათები ერთმანეთზე შემოუწყვია და გაუჩერებლად წკმუტუნებს. მე მას ვუახლოვდები, ვიკუზები და დასველებულ თავზე ჩემს დასველებულ ხელს ვუსვამ.
      მისი ბეწვი თოვლივით თეთრია და ყინულივით ცივი. მისი თვალები ზამთრის ცაზე მოკაშკაშე ვასკვლავებივით ოქროსფერია. ის მგელია -  თეთრი მგელი და მას პატრონი არ ჰყავს, ისევე მარტოა, როგორც მე ვიქნებოდი, მამა რომ არ მყავდეს.
      მგელზე ფიქრს თავს ვერ ვანებებ და მისი ნახვისგან გამოწვეული პრობლემებით თანდათან გული მიმძიმდება. გადაწყვეტილებას მალევე ვიღებ, რადგან სხვა არჩევანზე ფიქრიც არ მინდა: ის ჩემთან ერთად წამოვა, ჩემთან ერთად გაივლის ატამორას ტყეს და ჩემთან ერთად შემოაბიჯებს ბუხრით გამთბარ, მყუდრო ოთახში. მგელი ცოტა ხნით ჩემთან იცხოვრებს.
      სახლში მისვლა იმდენად მსურს, რომ მოკლე გზა - გრძლად მეჩვენება. სანამ ატამორას ტყეს გავივლი მგელს ვეფერები და ვცდილობ მასში საკუთარი თავი ამოვიცნო. ეს შეიძლება ვინმემ სულელურად ჩათვალოს, თუმცა როდესაც ადამიანს პირველად ვხვდები, ყოველთვის ვცდილობ მასში იმ თვისებების აღმოჩენას, რაც მასთან მაკავშირებს. მართალია, მგელი ადამიანი არ არის, შესაბამისად მისი თვისებები და ხასიათი ბუნდოვანია, თუმცა ვამჩნევ, რომ მასთან მაინც მაქვს საერთო - ნადირობისგან გამოწვეული იარები...
      სახლში რომ შევდივარ, მხოლოდ მაშინ მახსენდება, რომ მამა დასალევად უნდა წასულიყო და, ალბათ, საკმაოდ გვიან დაბრუნდება. არადა ერთი სული მქონდა თუ როდის ვნახავდი მის რეაქციას მგლის დანახვაზე. მას ხომ წარმოდგენაც არ აქვს, რომ ატამორას ტყეში მგლები ბინადრობენ...
      ცხოველს საწოლზე ვაწვენ და თავზე  საბანს ვაფარებ.  შემდეგ უკეთესად ვფიქრდები შექმნილ სიტუაციაზე და გონებაში ყველაფერი ერთმანეთში მერევა.
      მგლები ადამიანების მიმართ აგრესიულები არიან, თუმცა ის ასეთი არ ჩანს - მშვიდია და დინჯი, მოთმინებით ასრულებს ჩემს ყველა მოთხოვნას. ის ზრდასრული მგელი არაა,  თუმცა ჩამოყალიბებაში ბევრი არ უკლია. აი, კიდევ ერთი საერთო აღმოვაჩინე ჩვენ შორის...
      მამაჩემი ხშირად მიამბობდა ხოლმე მგლების შესახებ და იმასაც ამბობდა, რომ ისინი ატამორას ტყიდან დიდი ხნის წინ წავიდნენ და უკან დაბრუნებას აღარასდროს შეეცდებოდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, შეცდა, რადგან მისივე სახლში ახლა თეთრი მგელია მოკალათებული. იგი თავის ოქროსფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და მკაცრად იყურება, თითქოს ფიქრობს, რომ ადამაინები ყველაზე უინტერესო და სულელი არსებები ვართ ვინც კი ცხოვრებაში უნახავს.
      შეიძლება მე მართლაც სულელი ვარ, ასე რომ მოვიქეცი. მგლის სახლში მიყვანა შეიძლება ვინმემ სიგიჟედ ჩათვალოს, თუმცა, როგორც მამამ მითხრა, ჭეშმარიტი მონადირე დაბრკოლებებს არასდროს გაურბის და ყოველთვის იმას აკეთებს, რასაც მას გული კარნახობს. მგელს, ალბათ, მალე გავუშვებ, რადგან გულთან ერთად, ჩემი ტვინიც აგრძელებს აზროვნებას და მეუბნება, რომ ჩვენი მეგობრობა დიდხანს არ გასტანს.
      თუმცა მე ხომ ყოველთვის ვფიქრობდი ადამიანებისა და ცხოველების თანაცხოვრებაზე და ვთვლიდი, რომ თუნდაც ისეთ არსებებთანაც შეიძლება მშვიდი ურთიერთობის დამყარება, როგორებიც - მგლები არიან? საერთოდაც რატომ ვყოყმანობ! მე უკვე დიდი ბიჭი ვარ და აღარაფრის აღარ უნდა მეშინოდეს!
      ცოტა ხანში ისევ წუხანდელი სიზმარი მახსენდება და ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი ცხოვრების გაგრძელებას. მგელი თვალებით მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს - ხორცს და ჩვენ შორის კიდევ ერთ მსგავსებას ვხედავ.
        მამაჩემს ორი ბოცვერი სამსახურში წაუღია, სამი კი გაუსუფთავებია და მაცივარში შეუდია. რადგანაც ბოცვერის ხორცი უმია, ცოტა ხანში მას ვწვავ და მოზრდილ ნაწილს მგელს ვუნაწილებ. ის ხორცს ყნოსავს, მისი სურნელით სიამოვნებას იღებს და ისეთივე                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                      გაშმაგებით იწყებს ჭამას, როგორც მოშიებულ მამაჩემს სჩვევია ხოლმე.
      ნეტავ მამაჩემი რას იტყვის, როცა ოთახის კარს შემოაღებს და ჩემს საწოლზე წამომჯდარ მგელს დაინახავს? თვალები გაუბრწყინდება თუ შეშფოთდება? შემაქებს თუ სიგიჟეში დამადანაშაულებს?  - ნამდვილად არ ვიცი. თუმცა ძალიან მამშვიდებს ის ფაქტი, რომ მგელი კეთილგანწყობილი ჩანს, ისევე როგორც - მე. უბრალოდ არც ერთმა არ ვიცით, რას უნდა ველოდეთ ერთმანეთისგან.
      ჩვენ ბოცვერს ერთად ვჭამთ. ის თვალებში მიყურებს, მე კი თვალს ვარიდებ, რადგან არ მინდა უყუროს თუ რაოდენ დიდ სიამოვნებას ვღებულობ ხორცის ჭამისგან. მე და მგელი შეხვედრიდანვე მეგობრებად ვიქეცით, თუმცა ჩვენ შორის დიდი უფსკრულია გაჩენილი. როგორც ის ბოცვერის ხორცს ჭამს, შეუძლია მეც ასევე შემჭამოს, მე კი ისევე შემიძლია მოვკლა იგი, როგორც ნადირობისას ბოცვრები დავხოცე...
      იარები, რომლებიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა ვერასდროს გაქრება სხეულიდან - ისინი სამუდამოდ აირეკლა ჩვენზე. თუმცა თეთრი მგელი ახლა ჩემი მეგობარია და სწორედ ისე უნდა მოვექცე, როგორც ნამდვილ მეგობარს შეეფერება.
      გარედან აურზაურის ხმა ისმის და მგელი იღრინება. როგორც ჩანს, სტუმრები გვეწვივნენ, რაც ძალიან უჩვეულოა. ჩვენი სახლი იმდენად შორსაა და ისეთ მიუვალ ადგილზეა (განსაკუთრებით ზამთარში), რომ ჩვენ თუ არ ვესტუმრეთ ვინმეს, ისე არავის ვახსენდებით. უცნაურია, თუმცა ჩემი მოვალეობაა, რომ კარი გავაღო.
      მგელი ჩემს ოთახში შემყავს და ვთხოვ, რომ დამელოდოს. მას თავზე ხელს აღარ ვუსვამ, რადგან ვხვდები, რომ ის ჩემი მეგობარია და ისე უნდა ვექცეოდე, როგორც თანასწორს.
      კარზე ვიღაც ძლიერად აკაკუნებს და შემაწუხებელი ხმაური მოულოდნელად მაშფოთებს. კარისკენ მივდივარ, ვაღებ და მხედველობის არეში მამაჩემის საუკეთესო                                                                                                                                                                                                                    მეგობარი, მისი თანამშრომელი - კიანუ მხვდება.
      კიანუ თავის თავს აღარ ჰგავს, თვალები აცრემლიანებული აქვს, თუმცა ცდილობს, რომ აღარ იტიროს. მე გაკვირვებული მივჩერებივარ და მაშინვე მამაჩემზე ვიწყებ ფიქრს, რადგან ადვილად ვხვდები, რომ კიანუ მის გამო მოსთქვამს.
      - რა მოხდა? - თავს ძალას ვატან და ხმას ვიღებ, - მამაჩემს მოუვიდა რამე?
      - ჰარუ... - მისი ხმა ბაგეებს ეყინება, მისი თვალები კი - ჩემს თვალებს, - თომა მოკვდა, უფრო სწორად - მოკლეს... ატამორას ტყეში მგლებმა დაგლიჯეს, ჰარუ... ძალიან ვწუხვართ.
      ამ წუთას ვერაფერზე ვფიქრობ, ისიც კი არ შემიძლია, რომ მისი ნათქვამი კარგად გავიაზრო. მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ატამორა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტყე იყო, რაც კი არსებობდა. აბა რა მოხდა? გუშინ სხვა არსებებს კლავდა, დღეს კი მისი სისხლი დაიღვარა.
      მამაჩემი აღარ არსებობს...
      - რა? - ვეუბნები, თუმცა ცრემლები არ მომდის. თავადაც ვერ ვხვდები - რატომ, - ატამორას ტყეში მგლები არ ბინადრობენ, მამაჩემი ყოველთვის ამას მეუბნებოდა!
      კიანუ ჩემი რეაქციით გაკვირვებულია, რადგან გარეგნულად არ მეტყობა თუ რას განვიცდი სინამდვილეში. თუმცა ჩემ შიგნით ყველაფერი აღელვებულია - თითქოს ერთდროულად ვულკანებმაც ამოხეთქეს და ცივი ქარებიც აბობოქრდნენ...
      - მამაშენი გატყუებდა, ჰარუ. ბოლო ორი კვირაა, რაც ტყეში მგლების არსებობა დააფიქსირეს. აქამდე ჩვენგან შორს იყვნენ, თუმცა ამ ბოლო დროს, მოგვიახლოვდნენ. თომა კარგად შეიგრძნობდა საფრთხეს და მასთან გამკლავებას ცდილობდა. მამაშენმა ერთი მგელი, მათი გამოჩენიდან სამ დღეში მოკლა. დღეს კიდევ იგივე სცადა: ტყეში მარტო წავიდა, მათ დასახოცად, შენს დასაცავად, ჰარუ... თუმცა.... უკვე შენც იცი, რაც მოხდა.
      მხოლოდ ახლა მახსენდება, რომ ჩემს ოთახში მგელი მიცდის: თეთრი მგელი, რომლის სხეულიც სიკვდილივით ცივია და რომლის ბასრ კბილებსაც არაერთხელ გაუსინჯავთ სისხლი. ის შურისძიების წყურვილით მელოდება, თავისი ოქროსფერი თვალებით ჩემს ოთახს კარგად აკვირდება და ჩემსა და საკუთარ თავს შორის საერთოს ეძებს.
        როდესაც კიანუ მიდის, კარს ვხურავ და სავარძელზე ვჯდები. ვცდილობ ვიტირო, თუმცა არაფერი გამომდის, ცრემლები გუგებიდან არ იძვრიან. თუმცა გული ისე მტკივა, თითქოს მგლებმა, მამაჩემთან ერთად, ისიც დაგლიჯეს.
      მამაჩემის ყველაზე დიდ იარაღს ვიღებ, ხელში ვიმარჯვებ და ჩემი ოთახისკენ მივდივარ. თომა მართალი იყო: მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, რადგან მასთან ერთად ცხოვრებამ ძალიან მალე გამზარდა.
      მან იცოდა, რომ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. მან იცოდა, რომ სისხლი დაიღვრებოდა და გადათეთრებულ ტყეს წითელი ფერი შეერეოდა. მას ყოველთვის უნდოდა, რომ მისი საქმე მემკვიდრეობით გაგრძელებულიყო. ჩემი მემკვიდრეობა, ჩემი მოვალეობა - ნადირობაა. ჩემი იარებიც ხომ ამას მოასწავებს.
      ძალაუფლების შეგრძნება სასიამოვნო რამაა, ამას მთელი ჩემი არსებით შევიგრძნობ. ახლაც მსიამოვნებს სიკვდილივით ცივი იარაღის ხელში მომარჯვება და იმ წამისთვის ლოდინი, როცა ჩახმახს ხელს გამოვკრავ და გასროლის ხმაური ჩემს სმენას დაახშობს. ცხოველის სისხლიც ისევე დაიცლება, როგორც საკუთარი ცივი სისხლი ჩამექცევა სხეულში და მისი უსუსურობის მიმართ ზიზღს და სიამოვნებას ერთროულად ვიგრძნობ.
      კარს ვაღებ და ჩემსა და მგელს შორის კიდევ ერთ საერთოს ვხედავ: ის სიძულვილით მომჩერებია, კბილები დაუკრიჭავს და თავის ოქროსფერ თვალებს ავის მომასწავლებლად ათამაშებს. ჩვენი იარები ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი მემკვიდრეობა კი ერთმანეთის მიმართ განცდილი ზიზღია.
      მხეცი სხეულიდან გარეთ აღწევს და სისხლმოწყურებული ნადავლს ედევნება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები