ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონ ჟუან
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2013


მერცხლები

,,ვერ მოიყვანსო გაზაფხულს ერთი
მერცხალი...,,
მე გეტყვით: ვერც ათი მოიყვანს.
გაზაფხული თვითონ მოვა და მოიყვანს მერცხლებსაც და სხვებსაც.
მაგრამ რა აზრი ექნება მათ მოსვლას, თუ ზამთარგამოვლილი
ბეღურა არ დახვდა იმ გაზაფხულს?
მობუზული. სიცივისაგან აკანკალებული ბეღურა.
მთელი ზამთარი რომ გლოვობს მდუმარედ უმერცხლობას და უგაზაფხულობას...
ყოველ განთიადს შეჰხარიან ბეღურები გაზაფხულის წინ.
დაბრუნებისკენ მოუწოდებენ მერცხლებს...
და მაშინ მოვა ის პირველი მერცხალი მათ დაძახილზე.
მერე მოჰყვებიან სხვებიც...
და ვინღა ამჩნევს მაშინ ბეღურებს?
ლამაზ ფრაკებში გამოპრანჭული მერცხლები სერავენ ცას და რა დროს დამტვერილ ჩოხებში ჩარჩენილი ბეღურებია?
თვითონ ბეღურებიც შეჰხარიან მზეს და მზისკენ გატყორცნილ მერცხლებს.
ხანდახან სტკივათ კიდეც,მაგრამ არ იმჩნევენ:
რა მნიშვნელობა აქვს მათ კერძო სატკივარს?
მთავარია- გაზაფხული მოვიდა...
...ცაშიც არ ადიან ბეღურები ძალიან მაღლა:ალბათ არ უნდათ საკუთარი მიწის სუნი და შეგრძნება დაკარგონ...
...ეწირებიან პირველი მერცხლები სიცივეს ხშირად.
არაა ეს ახალი ამბავი.
მაგრამ ბეღურები რომ დაცოტავდნენ იმას თუ ვამჩნევთ?
ბეღურები ყველაზე უკეთესად ამჩნევენ ამას.
ამჩნევენ მაშინ,როცა მარტონი რჩებიან მკაცრი ზამთრის წინაშე.
ამიტომაც აღარ უხარიათ გათენება და მდუმარედ ჩივიან თავიანთ სათქმელს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები