ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიაცერა
ჟანრი: პროზა
20 დეკემბერი, 2013


ქართული რეალობა ანუ ცოლი არა ისა

ენატრება მირიანს ზაფხული. ბევრჯერ გაკემსილი ქურთუკი,(დაუპატარავდა და იღლიასთან ირღვევა) სიარულში (და არა მოდის გამო) გახევამდე გაცრეცილი შარვალი და ხმარების ლიმიტს გადაცდენილი ფეხსაცმელი, სიცივეს ასეირნებენ ბიჭის სხეულზე. თუმცა რა შეაცივებს, სამსახურიდან სახლამდე ათიოდე მათხოვრის თვალებში პოულობს სითბოს.
- მე რა მაქვს საწუწუნო, ამ ყინვაში მათხოვრობენ. გაიფიქრებს და გამოიპრიალებს ჯიბეებს. მერე სახლში მივა დაღლილი და სიცივეს ნაზიარები. სახლი რა, ერთი ოთახია, აბაზანა და სამზარეულოვიჩი. ასე ეძახის ოთხი კვადრატულის გამო. რა ექნა, ბანკი ართმევდა ბინას და ასორმოცი კვადრატულიდან მხოლოდ ოცდაათი დაიტოვა, დანარჩენისგან სხვა ბინა გამოძერწა, გაყიდა.
ორი ტელეფონი ჰქონდა. ერთი, ერთი ქსელისთვის, მეორე, იმ გოგოს რომ ჰქონდა ქსელი.  აი იმ გოგოს, მირიანს რომ რაღაცნაირად, საშინლად მოსწონდა. მხოლოდ მას ურეკავდა მეორე ტელეფონიდან, იაფიანი ტარიფი და რამე... ამ დაკემსილ-გაცრეცილ-გაძვალტყავებული ტანსაცმლით ნახვა ერიდებოდა.
-ღამე მინდა, ერთი უმთვარო და ბნელიო, იძახდა ხუმრობით. ნაკლებშესამჩნევი რომ ყოფილიყო სამოსის წამხდარნირიანობა კი არა და მოკლედ რა („კაროჩე რა“-ც შეიძლებოდა, მაგრამ  ცდილობს გადაეჩვიოს ბარბარიზმებს) რა თქმა უნდა, მირიანის ჭირად, ღრუბელი არ გამოჩენილა ქალაქში თვეების განმავლობაში, თან ისეთი მთვარე ამოცუნცულდებოდა, იფიქრებდი, მზე შვებულებაშია და შეეცვალაო. ეს ისე, სინათლის ქალაქში, დღეა თუ ღამე, მაინც არაფერი იმალება. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამ ყმაწვილის ცხოვრებაში იოლად არაფერი გამოდიოდა. ამინდიც კი არ უწყობდა ხელს. მთვარე იქით იყოს და მობეზრდა გოგონას ლაი-ლაი, (მობილურის ქსელი კი არ,  ლაპარაკი) და აგრძნობინა, მაგრამ რა აგრძნობინა:
- კი
- არ
- კარგი.
ნაწყვე-ნაწყვეტ, ძუნწსიტყვაობაში ყლუპ-ყლუპად მოუწრუპა ბიჭს მოთმინების ფიალა. ბოლოს მირიანს ნერვები მოეშალა აღარ ეთქმის, ისე მოეშალა ნერვები,  ტელეფონი მოისროლა. მფრინავმა მობილურმა ფანჯარა ჩაამტვრია, ბატონ ომარს დაეცა მხარზე. ატყდა დედის ხსენება  მსროლელის. გამოესარჩლა ღიპიან და დიდჯიპიან ომარს ნარგიზა დეიდა, თავისი კურდღლის ორგაზმივით სწრაფი ენით და მირიანმა პირველად ინატრა „პე-კა“ ანუ კალაშნიკოვის სისტემის „პულიმიოტი“...
ჩაუვარდა და მთელი ეზოს საგინებელ-სათქმელ-დასარტყმელი მიართვა ომარს, ნარგიზას არ შეხებია. მხოლოდ, ისტერიულ კივილზე უპასუხა  -ქალი არ იყო, ენით გათრევდი (რომელიღაცა ქალაქის სახელი) - მდეო! მერე, ორი კვირა მუხლები დაიტყავა მეტანიით, ღმერთო მაპატიე, მე ვიყავი საცემი და იმდენად ნაგავი ვარ, ის კაცი ვცემეო. თუმცა ნახევარი უბანი ულოცავდა მარჯვენას.
- ჰო რა, ქირქილებს მელიტონ ბაბუა, ომარა აქამდე უნდა მიეძუყნათ. მერე სიგარეტს გამოუყვანა წირვა და გადააპურჭყა, როგორც ნარგიზა დეიდა იტყოდა გადანერწყვებაზე, თან სასწაულ წყევლას აყოლებდა ყოველ გადამპურჭყებელს, ვისაც ფაქტზე წაასწრებდა.
მოკლედ, ჩვენი მირიანი, სახლში რომ მიდის ისეთი სიცივე და ნარგიზას წყევლასავით აუტანელი სუსხი მონარნარებს ჩატეხილი და რაღაცეებ აკრული ფანჯრიდან, თავი ალიასკაზე ჰგონია. წაიფარებს საბანს და ილანძღება:
- სად დაეთრევა ეს სიკვდილი...  ჯოჯოხეთი ამაზე უარესია?! ჰა?! შეუბღვერს ცხვირსა და საბანს შორის დარჩენილ სივრცეს და ღმერთისთვის სიკვდილის გამოთხოვაში ეპარება ძილი.
გამოღვიძებისთანავე ეზარება, ეზარება ყველაფერი, ადგომა, ჩაცმა, შხაპი, სამსახურში ან სხვაგან მაინც წასვლა. ცხოვრებაც, ცხოვრება პირველ რიგში.
- ფუ ჩემი, ქალი იმიტომ დამშორდა, ამდენი ხანი, უბრალოდ ვერ ვნახე.
ცოლი?! ცოლი როგორ მოვიყვანო შე ჩემიანო ( შე ჩემას ცდილობს გადაეჩვიოს და ჩაანაცვლა) მე მეზიზღება ჩემი ყოველდღიურობა და ცოლს, იმას ვინც მეყვარება, ამ ჩიტობაში შემოვიყვან? (იმ სიტყვის გადაჩვევასაც ცდილობს და ჩიტით ჩაანაცვა) ასე ეპასუხება ხოლმე მონარნარებულ ფიქრებს, რომლებსაც მონარნარებული არ ეთქმით, მაგრამ მირიანი ცდილობს, ზოგადად უხამს სიტყვებს გადაეჩვიოს და გავუსწორებ ბიჭს...
ჰო, მართლა, ის ერთ-ერთი სუპერმარკეტის დაცვაშია, სამ დღეში ერთხელ ოცდაოთხსაათიანი გრაფიკი აქვს, ორასორმოცდაათ ლარს იღებს და თუ ჩაეძინა, ხელფასიდან ექვითება.


იმ დღეს, სუპერმარკეტიდან გამოვედი, ორი სავსე ცელოფანი მკლავებს მოწყვეტისკენ ექაჩებოდა, არ ვარ მე სიმძიმეების სათრევად გაჩენილი ქალი!  უცებ ვიღაცამ მითხრა, საფულე დაგივარდათო, თან ჩემი მხრიდან ნაზად ჩამოიღო ხელი და მშვიდად დამელოდა, როდის მოვტრიალდებოდი. მირიანის თვალებში ღმერთი ჩაგუბებულიყო.



დანარჩენს მერე მოვყვები, თუ წამიკითხავთ :) ანუ, გაგრძელება იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები