ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2014


ქალაქს

ქალაქს-გავსებულს მილიონით ან უფრო მეტი
ჩამოსული თუ როგორც არის მკვიდრი მოსახლით...
ქალაქს, რომელსაც გაუძვირეს ტრამვაი, მეტრო,
სანთელი, ზეთი, ჯვარისწერა, პირში მივახლი:
რომ ახლა მეტეხს ეზმანება მწვანე კაზინო,
რომ ვერ გავიგეთ აქამომდე მტკვარის ბუტბუტი...
რომ სულერთია, აივსება მაინც ხაზინა,
თუნდაც ხელფასი დაებეგროთ:ექიმს, რეკრუტებს,
ლექტორებს, მნეებს, ადვოკატებს, კირითხუროებს,
მათ ვინც ფუსფუსით ირევიან ღმერთის წინაშე...
რომ დასარბევად მივადგებით იმ ბიუროებს,
სადაც ადვილად ეწყობიან, რადგან მამაშენს
ან იმის მამას კარგად იცნობს ცეკას მდივანი
და ერთი-ორჯერ უფრენიათ მთვრალზე მოსკოვში;
სტუდენტობისას ერთად ნახეს ღები, შხივანა,
უწერის ტყეში იანვარი ნისლებს როგორ შლის.
ქალაქს, რომელშიც ტელე-ეთერს ვუთმობთ ობამას,
ანაც მაკკეინს, არაფერი რომ ვთქვათ კლინტონზე...
სადაც ბავშვებმა არ იციან "ორდროშობანა"
და სენატორთა გვარები კი ოხრად, იცოცხლე,
რამდენიც გინდა. მეგობრობენ სხვაგან, twitter-ზე,
ან facebook-ით მიჯნურობას ერთურთს უსხნიან,
რა მოგახსენოთ ამინდების, ხალხის, თვით ერის,
მაისის პირზეც თებერვალის უშნო სუსხია
ასეთ ქალაქში, მილიონით ან უფრო მეტი
ჩამოსული თუ როგორც არის მკვიდრი მოსახლით...
ქალაქს, რომელსაც გაუძვირეს ტრამვაი, მეტრო,
ქალაქს, რომელსაც ამ ყველაფერს პირში მივახლი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები