ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავი...
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2014


***

მანძილებია - ჩრდილოური მავთულები.
სიტყვების წვაა. თვალებია. ნაცარი.
ჩვენი ყვირილი ჩამოშლილი სართულების
ქვეშ მოყოლილი მიშველეა. არც არი.

როცა უბრალოდ სახნავია სანეტარო.
თავის დათმობა როგორც წესი. ადათი.
სულის შებერვა მცდელობაა გარეწარი
და ეს პროტესტი - ანთებული ასანთი.

სარეველაა. შიგადაშიგ ყვავილები.
დანაკარგია. სურვილია დაოკდე.
ახლა სიკვდილიც იოლია გაცილებით
თვითმკვლელობაა იცხოვრო და არ მოკვდე

მზის შუაგულზე ერთხელ მაინც რაღაცისთვის.
შეცდომებია - მაუზერის სასხლეტი.
ახლა ურჯულოც რომელია აღარ იცი.
მერე სინდისის მძევლები ვართ არც ერთი. 

მანძილებია-ჩრდილოური მავთულები.
სიტყვების წვაა. თვალებია. ნაცარი.
ჩვენი ყვირილი ჩამოშლილი სართულების
ქვეშ მოყოლილი მიშველეა. არც არი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები