ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოკო
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2014


  ჩამოტვირთვა

წერილი ზეცაში

(ანა–მარიამს)


როგორ დაგშორდი... არაფერი არ მახსოვს... იცი,
ისევ ვთვრები და ქუჩა–ქუჩა დავდივარ მარტო.
მერე ეზოში შემოდგომის ხეებზე ვითვლი
დარჩენილ დღეებს... და საკუთარ ნაკვალევს ვათოვ...


მოდი და ერთხელ გამიღიმე... მერე გაფრინდი
გვირილების და ბეღურების მინდვრების მიღმა...
იცი, მე გულში დაგიკრიფე ყველა ყვავილი
და ახლა ლექსებგამოცლილი გულიღა მიმაქვს


ისიც იმიტომ, რომ მიყვარდე... შორია ცები...
ყველა ცა ისე დაიბურა მზე მოკვდა თითქოს...
შენ კი კვლავ ციდან მიყურებ და მახვედრებ - ვცდები...
და ყველა იმედგაცრუებას ნელ–ნელა მიქრობ.


მოდი და რამე მომიყევი... წვიმისფერ ქოხთან
დავსხდეთ და ასე ვისაუბროთ გათენებამდე...
იცი, იმ ღამეს ციოდა და საშინლად თოვდა
თოვდა ოთახი, თოვდა ეზო და ყველა წამი...


მე მჯერა მოხვალ, როცა (როგორც ყოველთვის) ჩვენი
სახლიდან ისევ ძალიან შორს ვიქნები სადმე
მარტო და შენი მონატრების წვიმებით სველი
ვიდგები, როგორც ტირიფი დგას ძველისძველ გზაზე,


სადაც არავინ გამოივლის, მაგრამ შენ მოხვალ...
შენ მოხვალ ერთხელ, სხივებიდან სამოთხის მსგავსად...
მოხვალ და გრძნობებს ამომივსებ, მომიტან ლოცვას
შენი პატარა და ლამაზი გულიდან, სადაც


ყოველთვის ვცოცხლობთ მე, დედიკო, მამა და სხვები
ვისაც კი ასე წაერთვი და... ეტკინე, თუმცა
ვიცი, რომ შენთვის ასე ჯობდა... ყოველი ცრემლი
დარჩება თოვლის ფიფქებივით, შენსავით სუფთა...


ითოვებს ღამე... და ეს თოვლი დაგხატავს ფრთხილად
ლამპიონებით გამთბარ ფიფქებს უფრო გაათბობ...
გაჩერდი, ერთ წამს, დამელოდე, მზეებში მინდა
ჩავაწო ფუნჯი და ზეცაზე უნდა დაგხატო!..


*****************


ახლა მრცხვენია ყველა წამი და წუთი, როცა
მავიწყდები და აღარც მახსოვს რომ მყავდი. ნერვებს
მძიმე ნაფაზით ვიმშვიდებ და ყოველდღე ვსუნთქავ
სიკვდილს და ცივი ფილტვებიდან ამოდის მერე


ტკივილი, ყველა ტკივილზე და სიკვდილზე რთული
(სიცოცხლე ასე უსიცოცხლოდ ძნელია ერთობ)
და არ თავდება, ისე როგორც არ კვდება სული...
ახლა ბავშვების გაზაფხულით სავსეა ეზო(...),



რომელსაც მხოლოდ უშენობა აწვიმს და სცივა
შემოდგომით კი ხეივანში დაცვენილ ფოთლებს,
სულ რაღაც სუსტი ნიავი რომ უბერავს ფრთხილად
ვფიქრობ, რომ შენი გამალებით სუნთქვაა სწორედ...


შენ მოხვალ, ერთხელ... გამიღიმებ და წვიმებს წაშლი.
„იცი, რა ძლიერ მომენატრე?! ძლიერ, ძამიკო!“
„მეც მომენატრე... არ წახვიდე... გთხოვ, ჩვენთან დარჩი!...“
„მე სულ თქვენთან ვარ... ახლა წავალ და სულს გაგითბობ


ციდან... თორნიკე, თქვენს გულებში დავიდე ბინა..“
„მესმის, დაიკო... ჩემს გულში ხარ ხომ იცი, მაგრამ
რა ვუყო?! ახლა სული მაინც საშინლად მტკივა..."
ვლოცულობ შენთვის და ამ ცივი ცრემლების ნაცვლად


ვიფარებ ზაფხულს... რანაირად აცივდა... იცი,
ისევ ვთვრები და ქუჩა–ქუჩა დავდივარ მარტო.
მერე ეზოში შემოდგომის ხეებზე ვითვლი
დარჩენილ დღეებს... და საკუთარ ნაკვალევს ვათოვ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები