ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2014


მიცურავენ წეროები

როგორც თეთრი გონდოლები,
მიცურავენ  წეროები,
ფიჭვების და ჩინარების
შორდებიან კენწეროებს...
ზურგის ქარი, წეროებო,
თეთრო, თეთრო გონდოლებო,
ფრთხილად, ფრთები არ დაგეხეთ
შავი ღრუბლის მეჩეჩებზე.
წინ გაცურდით,  წეროებო,
თეთრო, თეთრო გონდოლებო,
იქნებ  იქით  ასახდენი
სიყვარული გელოდებათ.
აქ ნისლია,  ნისლის აქეთ
ისევ ნისლის სინოტივე,
უკან  ზამთრის მარტოობა
და სიკვდილის სიმარტივე.
მიცურავენ წეროები,
დაუწერელ  წერილებად
რჩებათ  თეთრი ბუმბულები
მიტოვებულ კენწეროებს.
მიცურავენ და ყელიდან 
შეუმჩნევლად  უცურდებათ
მერამდენე გათენება -
გაცრეცილი  თავსაფარი.
გაასწარით წეროებო,
თეთრო, თეთრო გონდოლებო,
ქარებისგან უთავბოლოდ
აშლილ თოვლის იალქანებს,
უკან ნუღარ მოიხედავთ,
წეროებო, გონდოლებო,
აქ რაც იყო და არ იყო,
ყველაფერი მოგეჩვენათ.
გაასწარით, სანამ სუსხი
მისანივით გაგაშეშებთ,
ფრთებზე სანამ  გაგეშლებათ
ნისლის ლურჯი ორქიდეა,
გაასწარით წეროებო,
თეთრო, თეთრო გონდოლებო,
აქ ზამთრამდე ცოტა  დარჩა,
აქ ზამთრამდე  ცოტა დროა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები