ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2008


სიყვარულის საგალობელი

გონების აღმოსავლეთო,
გულში ზარების წკრიალო,
სიტყვების ოქროდ ქცეულო
სიმაღლეებო მზიანო,
დროში გაშლილო ფერებად
(ხმებში სამყაროს მშვენება)
ფრთიანო,დავლათიანო,
ელვასთან შეთამაშებავ,
ყანასთან ერთად შრიალო,
ზესკნელ-ქვესკნელის ტაძარო,
სინათლის გალავნიანო,
ფიქრო_ხან ხალისიანო,
მაისის აისიანო,
ხან სევდის ღიმილიანო,
ხან მგალობელო სიმშვიდევ,
ხან უძილობა-წრიალო,
დღესასწაულო სიბრძნისა,
სამოთხევ ნარეკლიანო,
ბედნიერების კოცონო,
ტკივილის ნაღვერდლიანო.
აღმართო გაზაფხულისა
ზამთარშიც იებიანო,
ძმადფიცნო მწვერვალებისა_
ღრუბლებო ნაქარგიანო
(ზეცას რომ გადაივლიან
და შენში შემოდიანო)...

გონების აღმოსავლეთო,
გულში ზარების წკრიალო,
სიცოცხლევ,სიკვდილიანო,
სიკვდილო,სიცოცხლიანო,
უსასრულობავ მადლისა,
სანთელო ყველა ხატისა,
სურნელო ღმერთის კალთისა,
უკვდავებასთან ზიარო.


***
მდინარის პირას მზე და კარვები
(ზეცას შევხარით მე თუ ტაეპი)
შენ აქ რჩები და მემაგრამები
მე მივდივარ და გეთუმცაები.

ხიდის კუთხეში კერა იების
კალოზე თივა ბზე და ქათმები
შენ აქ რჩები და მერაკიები
მე მივდივარ და გეალბათები.

ახალი აღმართი
---------------------
აქ ერთმანეთზე მშვენიერია
სიკვდილ-სიცოცხლის ნატერფალები_
მხოლოდ ცა თუ გაარჩევს...

***
უჯრაში შემოვიდნენ
ხელი და სინათლე
და უბედნიერესი ტყუპებივით
ხარობენ კალამი და ფანქარი.

***
და არც ისაა შემთხვევითი,
ჯვარს რომ ემსგავსება
ფრინველი ფრთებგაშლილი.

***
ქალის გული ნათელია
ვით წყალი სამოთხისა
კაცის გულში მზიანი ნისლია.

***
დედა ტვირთისაგან მოხრილი
როგორც ფუტკრისაგან ყვავილი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები