ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკუსა
ჟანრი: იუმორისტული
19 დეკემბერი, 2014


სად უნდა დავბადებულიყავი?!...(იტალიური ჩანაწერები)

    გამოუსწორებელი  curiosa ( ცნობისმოყვარე) ვარ. რომელ ქალაქში უნდა დავბადებულიყავი?!-ს ლინკში შევიჭერი (ესღა აკლდა ჩემს ბედნიერებას...) თურმე  ნუ იტყვი და... მექსიკაში ,ქალაქ პლაია დე კარმენში უნდა დავბადებულიყავი... არ ვიცი რომელი პროგრამისტის ფანტაზიამ გადაწყვიტა ჩემი დაბადების ადგილ-მდებარეობა, მაგრამ ფოტოსურათზე მოლივლივე ლურჯი ზღვა,მწვანეში ჩაფლული წყნარი სანაპირო  და აქა-იქ მეჩხერად ჩადგმული ბაითები ფრიად დამაინტრიგებლად გამოიყურება . ლინკის დებულება მოითხოვს ,რომ ქალაქი და განწყობა ორიოდე სიტყვით აღვწერო.
  scusa  (ბოდიში) ,მაგრამ დღის პირველი ნახევრის მე-3 ფინჯანი ყავის შემდეგ ,ისეთ ტალღაზე ვარ მცირესიტყვიანობით ნამდვილად ვერ შემოვიფარგლები.  მექსიკაში რომ უნდა დავბადებულიყავი და არ დავიბადე,ამ საკითხს უკვე აღარ ეშველება.მაგრამ,აი მეორედ რომ მოვალ ამ ქვეყნად(მეტი არაა ჩემი მტერი!...)მაშინ არ ვიტყოდი უარს ქალაქ პლაია დელ კარმენზე!
    -ყველა გზა რომში მიდისო!- ჰოდა გზას რომ დავადექი კი ჩამოვედი რომში, სადაც უკვე იმდენი წელი ვცხოვრობ ხელის თითები აღარ მყოფნის დასათვლელად (გადავედი მარჯვენა ფეხის თითებზეც)  მთელი ცხოვრება სიმშვიდესა და სიწყნარეს ვეძებ. მაგრამ ვინ მოგასვენებს?!.რომის მიწისქვეშა და მიწისზედა ტრანსპორტი, ხუთმილიონიანი მოსახლეობა და მრავალფეროვანი ენა და დიალექტი,ისეთ ხმაურსა და გუგუნს იწვევს,რომ ჩემმა ყურის ბარაბნებმა გაფიცვა მომიწყვეს.ქალაქში შედარებით სიმშვიდე დგება გარიჟრჟზე 4 დან 5 საათამდე.სწორედ ამ დროს მეზობელი ბინის საერთო კედლიდან ისმის იტალიელი ცოლ-ქმარის ოხვრა,კვნესა, გამიშვი და გამაკავე იმის გამო თუ რა ჭამონ სადილზე პასტა პომოდორით თუ თეთრად.... (მაკარონზეა ბაასი)ამას მხოლოდ ის დაიჯერებს ვინც იტალიელების წესჩვეულებებს იცნობს, თორემ ისე მართლაც  დაუჯერებელია!...ესენი რომ ამ ამბავში არიან იმავდროულად ერთი იტალიელი ქალი,რომელსაც ალბათ ცოდვები არ ასვენებს,სწორედ ამ დროს იწყებს ბინის წინ ტროტუარის საპნიანი წყლით ხეხვას...რადგანაც აქავართ  ამ ქალის ცოდვებსაც გაგიმხელთ.იტალიელმა ვასასიმ მომიყვა ,რომელიც ჩემს კორპუსში ცხოვრობს და მისი permesso-ს (უფლების) გარეშე გვრიტიც კი ვერ გადაფრინდება კორპუსზე.
          თურმე ამ ქალს,  უკაცრავად ნათქვამია და ქმრისთვის უღალატნია.ასე ვთქვათ ქმრისთვის რქები დაუდგია...არ ვიცი უფრო მარტივად როგორ აგიხსნათ..."ნაღალატევი" ქმარი, ასულა ბოლო სართულზე ,გადმომხტარა და პირდაპირ ტროტუარზე დანარცხებულა!...რქები კი მოტეხია საცოდავს ,მაგრამ თან კისერიც. მიხვდით რატომ ხეხავს ყოველ დილაუთენია ეს ქალი ტროტუარს?! არა და ეს ქალი იმ ცოცხს,რომ შემოაჯდეს რომლითაც ტროტუარს ხეხავს დახატული "ბაბაიაგაა"!
-არ იკითხავთ როგორია მისი მეორე ქმარი?! -
-ალენდელონის "კაპიროვკა"!- არა ზოგს რა იღბალი დაჰყვება ხოლმე!...
      ყოველივე ამის შემდეგ რა გასაკვირია,რომ უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრება ინატრო,კარაიბის ზღვა,მცხუნვარე მზე,ოქროს ქვიშა და ...მეზობლები 100 კილომეტრში!...
        თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ მექსიკაში მეორედ რომ მოვალ ამ ქვეყნად(მეტი არი იყოს თქვენი მტერიც!...)მაშინ მომიწევს ცხოვრება,ალბათ ეს ჩემი დღევანდელი ცხოვრებისეული გამოცდილება სადღაც ტვინის უჯრედებში შენახული იქნება, ჰოდა ვისარგებლებ ამით და იქვე  ზღვის სანაპიროზე, ხელდახელ გავხსნი პატარა კაფე- რესტორანს მექსიკურ-ქართულ-იტალიურ მენიუთი!...
მექსიკელებს მწარე,მჟავე და წიწაკა რომ უყვართ ამაში უკვე ვეთანხმებით ერთმანეთს. მაგრამ ის კი არ იციან,  მთლიანად ქართულ კვებაზე რომ გადავიყვან პლაია დე კარმენის მოსახლეობას! მენიუში უცვლელად მექნება: ტკიცინა-ტკიცინა ხაჭაპურები და ლობიანები.ქაფქაფა,წვნიანი ხინკალი.კეცის მჭადები ნეშოში და რძით მოტირალი ჭყინტი სულგუნი.ცვრიანი, ნაკვერჩხალძე აშიშხინებული მწვადები და ტყემალი.ქოთნის მოთუხთუხე ლობიო. ჩაშუშულ,ჩაქაფული.თოთო კიტრის მწნილი და მწნილების ასორტი.მწიფე დედალი ბაჟეში.ქინძმარში მოლივლივე თევზი.დაბრაწული თონის პურები. ცხელი ღომი და საურნელოვანი საცივი.- ვაუუუ!!!
ეხლა ამ ჩემ ბრძნულ აზრეს რომ ვაფრქვევ მარცხნივ და მარჯვნივ ინტერნეტში ქართული კერძების ხსენებაზე იმხელა ნერწყვი გადამცდა ლამის დამახრჩო და ძლივს "მოვსურსუმალავდი"!...  და ასე რომ არა ,აქვე დაესმებოდა წერტილი ჩემს ოცნებასაც და ჩემს ცხოვრებასაც!...
-ეეხ მექსიკა!...მექსიკა!...ამ ტერიტორიაზე მაიას ტომი  არ ცხოვრობდა?!.ეს ის ხალხია კალენდარის წერა რომ მობეზრდათ, მიატოვეს სრა-სასახლეები, აგიგინებული ცხოვრება , გაიქცნენ გადაიკარგნენ უგზო-უკვლოდ და თან კალენდარზე ჩვენთვის მიაწერეს:
      -2012 წლის  21 დეკემბერი,აჰაა დაგიდგათ ლუყლუყის წელიწადი!!!(თან მოგვაწყევლეს)- წარღვნა იქნება და თქვენც უკან მოგვყევითო!...
- ბედი არ უნდა ამ ცხოვრებას?!-მოკლეთ იღბლის ბუკეთი ვარ რა!როგორ არის ნათქვამი?საით გავიქეცი იქეთ წავიქეციო!...
      არა,არა,მხოლოდ ჩემი ქართული მიწა!ჩემი მარიამის წილხვედრი მიწა დამილოცე უფალო!..ამინ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები