ღამე აშლილიყო დურუჯის ხეობაში. ცისკრის ვარსკვლავი ობოლი სანთელივით ენთო არწივის ბუდეში... დიდი ხანია, ჩამოიხია ფრთები ბებერმა მეფეთმეფემ და შავ მდინარეში ჩაინთქა. გაშავდა დურუჯი, უფრო მეტად ახმაურდა და მოასკდა კლდის ზურგს, მოაგლიჯა ლორთქო ხავსი, ჩაყლაპა მასში მიძინებული ჭუპრები, მერე მისწვდა ქიმს, ალოკა უსაზღვრო ნეტარებით და შემზარავი ღრიალით ჩაეხეთქა უძირო უფსკრულში... ამ ღამეს ელოდებოდა რაღაცას ჭადართან მინაბული მამალი ხოხობი. მერე რამდენჯერმე გაიელვეს მისმა ლამაზმა ფრთებმა გახეული ბუდის თავზე. მისი ხმა შავი მდინარის ღრმა გულიდან ამოხეთქილმა თქეშმა ჩაახშო და ისიც თან ჩაიტანა... კიდევ ერთი, კიდევ ერთი მსხვერპლი...დაქანდა დურუჯი, ჩაიქნია შავი კალთები, გამარჯვებული ლომივით ღრიალი გადმოსკდა მისი ბაგიდან და ხოხბის გალუმპული კისერი კუპრისფერი ეშვებით გაჯიჯგნა. კიდევ ერთი... მანაც ბებერი დედაკაცივით აიკეცა სველი შავი ძონძები და კლდიდან ჩამომსხვრეულ ლოდებს ხარხარით გადაეფინა. ხოხბის კისერს მიაქანებდა დიდხანს. ბოლოს გაიჭრა ქვემოთ, ხეობაში, შექაფდა ტაფობში და ესეც მეო, უდარდელი ბალღივით ცელქურად ჩაირაკრაკა... იქვე კლდე იზმორებოდა ჩვეული სიდინჯით და სიზარმაცით. შუატანს ოცნების ნაცვეთი ლენტებიანი გამხმარი ხის წკნელებით იფხანდა და დრო და დრო კენჭებს მდინარეში აგორებდა. ჩვეულებრივად ისევ კლდის ქიმზე აინთო მთვარე; გაწვა ზურგზე, შეცურდა ცის შუაგულში და გადმოიხედა: ვთქვათ, ქვემოთ უკვე დაზამთრდა. მთვარის ნათელი საუცხოო პეიზაჟად ხატავს მთელს სამეზობლოს და საოცრად მომინდა მთვარისგან გაბრჭყვიალებული თეთრი ღამის დახატვა... სოფელი მინდობია ფიფქვას და მიძინებას აპირებს. გვიანია. ალაგ-ალაგღა მოჩანს ბუხრის მინავლებული მუქი ბოლი ბაც სიქათქათეში. ისეთი სუსხია რომ ძაღლიც შინ შემოუშვეს ამღამ. “ასეთ დროს?” - მახსენდება ბებიაჩემის მშვიდი ხმა. ის კი უკვე მიხრაშუნობს მუხლამდე თოვლში. მოჭირხლულ ფანჯარას შუბლს ვაჭერ და შურით გავხედავ. თოვლით დაზვირთულმა თუთამ ვეება ფენა გადმოაყარა, მშვიდად იბერტყავს, თუთუნს უკიდებს, ეტყობა პირში შეეყარა, კარგა ხანს იფურთხა, თან კოტიტა თითს პირში გამალებით ისვავს. და მერე ისევ წავიდა... ღამეა. დურუჯი მოუსვენრად მოძრაობს! კლდე შეყინულია. კენჭებს აღარ ისვრის დურუჯში. ეს თან სიზმარია, თან არა. ეს ჩვენება მინდა დავხატო. მაგრამ ეს ზაფხული სულ სხვანაირი ეშხიანია ბაღჩის ბოლოს. ამიტომაც მთელ შვებულებას აქ ვატარებ პაპაჩემის ძველ სახლში. პაპაჩემი დურგალი იყო. მის ძველ სარდაფში უამრავ ხელსაწყოსა და ხის დაუმთავრებელ ფიგურებს აურზაური აქვთ. ყველაფერს ასე ვტოვებ, არც ვაწესრიგებ და არც მტვერს ვუწმენდავ. ასეთი მიყვარს ჩემი ქოხი და იმიტომ. ამ სოფელში ზაფხული შფოთიანია და შლეგიანი. ვფიქრობ, ზამთარი დავხატო თუ ზაფხული.
ახლაც ისეთი ჭიკჭიკ-ჟივჟივი მოდის აივანზე ბაღჩის ბოლოდან, რომ სუნთქვა მეკვრის. ფუნჯს ვდებ. რაღაცნაირად მაჟრჟოლებს ეს ხმები რომ მიახლოვდება. ასე შუადღეზე იცის. არა, დილით უფრო საამური მოსასმენი იქნება, მაგრამ დილაობით მე ყოველთვის მძინავს. შუადღეზე კი თრთოლვა არ მშორდება, განუწყვეტლივ მიღიტინებს. ახლაც ისეთი ატაცება მედება, თავს ვერ ვიკავებ და პაპაჩემის მტვრიან თაროებს ვსტუმრობ. ოპ, ოპ, ოპ... ხის კიბე ძალიან მოძველებულა. აქ მისი თოფი მეგულება – მაუზერი, მე დამიტოვა. კიდევ ბევრი რამაა სულ მისი გამოთლილი და აწყობილი. ახლაც ბევრი ყრია კაკლის კონდახები, დაუმთავრებელი მაგიდის, თუ ტახტის მოჩუქურთმებული ფეხები, სააფთიაქო ჯვრიანი კედლის ყუთები... ხელს არ ვახლებ. ყველაფერი ისეა როგორც დატოვა და როგორც მახსოვს... სუნიც ისეთივეა... ნესტიანი ბურბუშელის, პაპისეული... და კიდევ ისეთია აქ, რომლის დახატვაც მინდა... აუცილებლად დავხატავ... მაუზერი ჩამოვიღე და ვეფერები, ისე თითქოს პაპაჩემი ვიყო... სულ ეფერებოდა, შვილებზე უფრო მას ეალერსებოდა. ბებიაჩემიც ეჭვიანობდა და მამაჩემიც. ისე მამაჩემი პაპაჩემზე ძალიან გულაყრილი იყო. სუფრაზე ჭიქის თავში და ჭიქის ძირში ყველაზე ხშირად ახსენებდა, სუფრის იქით კი თავის უბედობა-უიღბლობას სულ მას აბრალებდა. ობოლი არ ვიყავი, მაგრამ ობლის კვერივით კი ვეღარ და ვეღარ გამოვცხვიო. მართალიც იყო მამაჩემი. მამამისს მისთვის არც დრო რჩებოდა და არც ჯანი. დღედაღამ დაზგასა და შალაშინს არახრახებდა. მეზობლებიც შეწუხებული ჰყავდა და ცოლ-შვილიც. მაგრამ ვინ რას გაუბედავდა. უხასიათო და უჟმური იყო. არც საუბარი უყვარდა და არც საყვედურები. ფხიზელი - მუშაობდა თავისთვის სახელოსნოში. მერე გაჰყიდდა გამოთლილს, გალაკულს, გაპრიალებულს, ისეთს მართლაც რომ ვერ დაუწუნებდი. არაფერს დაიბარებდა, აიღებდა ფულს, მაუზერსა და ანკესს და წავიდოდა კვირობით და თვეობით .მიატოვებდა ცოლ-შვილს და გადაიკარგებოდა. ჩაკუნი და რახრახი რომ მიწყდებოდა, იცოდნენ, აღარ იყო... მართლა ასე იკარგებოდა... გიჟდებოდა ნადინობასა და თევზაობაზე... სახელიც ჰქონდა გავარდნილი, როგორც გადარეულ მონადირეს, ნადირეულიც შეარქვეს. აკი მოკლა კიდეც ფოცხვერი კახეთში. ეს ამბავი ნაღდია, დღემდე ახსოვთ მონადირეთა კლუბში და სანათესაოში ... მეც გენებში მაქვს პაპაჩემის. თევზიც ჩემს ანკესს ეტანება და ნადირიც არ მაკლია... მასავით უცნაურად მიყვარს ხეტიალი მარტოს... კვირობით ვიკარგები მთასა და ბარში. უჩემოდ არც ერთი ლაშქრობა არ ჩაივლის და პიკნიკი. მარტოსაც ბევრი მიხეტიალია აღმა-დაღმა. უბრალოდ, არსაით, ჩემთვის... მამაჩემს ამის ატანა არ შეუძლია, მაგრამ მშვიდდება, როცა ანკესისა და თოფის მაგიერ მოლბერტი და ფუნჯი მიმაქვს და თან ფულიც არ მაქვს... ხან ვხატავ, ხან არა, მაგრამ სულ თან დამაქვს. არ ვიცი, პაპჩემს როგორ მოეწონებოდა ფუნჯიანი მონადირე რომ ენახა სადმე, მაგრამ როცა მის სახელოსნოში ვხატავდი, გარეთ არ მიძახებდა და ხანდახან, ვგრძნობდი, მიყურებდა კიდეც. “პაპა გამოვალ” - თვალს ვაპარებდი მკაცრ უტყვ სახისკენ. ავიღე თოფი და ბაღჩის დაბალი კარი არც გამიღია, როგორც ბავშვობაში ისე გადავალაჯე. ისეთი ამბავია დურუჯთან, სულს რომ შეგიკრავს და დაგძაბავს. აი, ისეთი, პაპაჩემს რომ უყვარდა... სიცხეც პაპანაქებია და ბუნებაც. აქ ყოველთვის ისეთი პეიზაჟია, რომ ან უნდა ინადირო კაცმა, ან დახატო. რას იზავდა პაპაჩემი და აქამდე რამდენიმე ანკესი უკვე ექნებოდა გამართული და მაუზერით განაბული მიიკუნჭებოდა აქვე სადმე. მე ვერ ვნადირობ. მონადირის იღბალ-ალღო კი მაქვს, მაგრამ დიდი ხანია არ მისროლია. მაუზერის გარეშე კი არც ერთხელ არ ჩამივლია დურუჯის შლეგიან ნაპირებთან. ასე სხვანაირად დავდივარ და იმიტომ... პაპაჩემივით ამაყი და შვილიშვილივით პირდაღებული ... მაშინდელივით... ოცნებაა ახდენილი, აბა, რა არის... დავდივარ აღმა-დაღმა. ხო მაინც არ ვისვრი. დავდივარ და ჩემში ვხატავ... დურუჯთან ხოხობი ზის. მამალია, ამაყი და ლამაზი. ისეთია, წეღან რომ დავხატე სიზმრიდან. აწრიალდა, აიშალა, შრიალი დაიწყო განაბულმა ტყემ და თანდათან გაიზარდა. აქაფდა დურუჯი უარესად. იწვიმებს. მოლბერტი კი გარეთ მაქვს. მდინარე გაგულისდა და გაიზმორა,… ასე პაპაჩემი ამბობდა, აიშალა შავი ქაფი ამ დალოცვილმაო, ეამაყებოდა. იმან კი ხოხობი წაიღო... ვიცოდი, რამდენჯერაც ხოხობი ან მწყერი აქ ჩამოჯდებოდა, იმდენჯერ გაიყოლებდა... ისე წიკწიკებენ ჭადრის ფოთლები, დარჩენა მინდა... ის კი არსად წავიდოდა, მთელს კოკისპირულს ზედ გადაივლებდა. ან მონახავდა მშრალ ადგილს, დაჯდებოდა, დალევდა, ნანადირევს და ცოცხალ თევზს ძმაკაცებს ჩაუტანდა, იქაც დალევდა და მერე ცოლ-შვილი გაახსენდებოდა. იყიდიდა ხმელ თევზს ან ნისიად აიღებდა სადმე ხორცს და მიაკითხავდა სახლს. თუ არ გაუღიმებდნენ, ცუდად ათენებდნენ მის ნამთვრალევზე იმ ღამეს. ასეთი იყო პაპაჩემი, ასეთი უცნაური და ნაცნობი... უნდა წავიდე. ამ ნახატს არ გავაფუჭებ. ალბათ უკვე უკაკუნებს ქოხის სახურავზე. მაგრად მიყვარს. და კიდევ, ნახატს მთებს დავამატებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. დიდი მადლობა ყველას! დიდი მადლობა ყველას!
15. თე, კარგად გადმოსცემ შეგრძნებებს, მხატვრულად და დახვეწილად. 5
დღევანდლი დღის მადლი გფარავდეს! თე, კარგად გადმოსცემ შეგრძნებებს, მხატვრულად და დახვეწილად. 5
დღევანდლი დღის მადლი გფარავდეს!
14. ზალიან სწრაფად გადადიხარ ერთი სიტუაციიდან მეორეში... ჯერ იყო და შუაღამისას დურუჯთან შიშმა ამიტანა, მერე ხოხობის გამოდევნება ვერც კი მოვასწარი და უცებ სამოტხეში აღმოვჩნდი...(ჩიტების ჭიკჭიKი)...მერე Kი უცებ ბაბუაშენის სახელოსნოში აღმოვჩნდი... ასე რომ ყველაფერი მომეწონა, მაგრამ ცოტა ნელა რა...ცოტა ამოგვასუნთქე... 5 ამხელა კომენტარი არასოდეს დამიწერია...მართლა საოცარად სწრაფი გადასვლები იყო... ზალიან სწრაფად გადადიხარ ერთი სიტუაციიდან მეორეში... ჯერ იყო და შუაღამისას დურუჯთან შიშმა ამიტანა, მერე ხოხობის გამოდევნება ვერც კი მოვასწარი და უცებ სამოტხეში აღმოვჩნდი...(ჩიტების ჭიკჭიKი)...მერე Kი უცებ ბაბუაშენის სახელოსნოში აღმოვჩნდი... ასე რომ ყველაფერი მომეწონა, მაგრამ ცოტა ნელა რა...ცოტა ამოგვასუნთქე... 5 ამხელა კომენტარი არასოდეს დამიწერია...მართლა საოცარად სწრაფი გადასვლები იყო...
13. მადლობა თეა, მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი :) მადლობა თეა, მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი :)
11. ძალიან ლამაზი კახეთის სურათი წარმომიდგა,სიმძიმის რა გითხრათ,მარა მხატვრული ღირებულება აქვს:) ძალიან ლამაზი კახეთის სურათი წარმომიდგა,სიმძიმის რა გითხრათ,მარა მხატვრული ღირებულება აქვს:)
10. ძალიან კარგია!!! ძალიან კარგია!!!
9. ძალიან კარგია!!! ძალიან კარგია!!!
8. ძალიან კარგია!!! ძალიან კარგია!!!
7. :) ნორმალურია :) ნორმალურია
6. საკმაოდ ნორმალური ნაწერია საკმაოდ ნორმალური ნაწერია
4. ხო ცოტა მძიმეა მაგრამ ჩასაღრმავებელი, საერთო ჯამში ნორმალურია ხო ცოტა მძიმეა მაგრამ ჩასაღრმავებელი, საერთო ჯამში ნორმალურია
3. დადუს კომენტარებს თითქმის სულ ვეთანხმები ხოლმე.აქაც იგივე :) დადუს კომენტარებს თითქმის სულ ვეთანხმები ხოლმე.აქაც იგივე :)
2. ცოტა დამღალა, მძიმე ნაწერია, მაგრამ მაინც სიმპატია ჩემგან, ჩანს რომ წერის კულტურა გაქვს. ცოტა დამღალა, მძიმე ნაწერია, მაგრამ მაინც სიმპატია ჩემგან, ჩანს რომ წერის კულტურა გაქვს.
1. კარგი ხარ:) კარგი ხარ:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|