ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2015


წერილი ათი წლის შემდეგ

ძვირფასო ჩემო.
მეგობარო,
სათუთადმოვლილ მოგონებებში წლობით გამოკეტილო,
გწერ, რომ კარგად ვარ, ან რა მიჭირს, შენც ხომ ასე ხარ.
დიდი ხანია, ვთამაშობთ ბედნიერებებს ცალ-ცალკე,

კარგა ხანია არ ჩამოვმსხდარვართ სადმე მიტოვებულ სკამზე და
კიდევ დიდხანს არ ჩამოვსხდებით,
რომ გითხრა როგორ მომენატრა შენი დუმილი,
როგორ მაკლიხართ შენ და შენი სიჩუმე,
შენი არაფრისმთქმელი თვალები,
ჰო, მეგობარო, ძვირფასო ჩემო,
მიდიან დღეები და მე აღარც კი მახსენდება შენი არსებობა,
მომენატრეო მოგიწერია,
რატომ ვერ ვხვდები,
ჩვენ ბედისწერა გავაცურეთ დიდი ხნის წინათ,
ვიპოვეთ მიზეზი, რომ ერთმანეთის გარეშე გვეცხოვრა და
რა კარგად მოვატყუეთ, რა კარგად ვითამაშეთ და
მოვუგეთ ცხოვრებას უერთმანეთობა.

ჩემო ძვირფასო, მეგობარო, ჩეი ბრალია,
რომ ყველაფერი ის რაც იყო ქარს გავატანეთ,
გწერ ამ წერილს და არც ძველები არ მინანია,
რომელიც ფერად ქაღალდებში მომქონდა ადრე,
სათუთად შეფუთული მომქონდა  შენთვის,
არ გჭირდებოდა და ძალით გიკუჭავდი ცივ და გაყინულ ხელებში,
არადა ამბობენ, ვისაც ხელები ცივი აქვს გული აქვს თბილიო და
რა ძალიან დამაგვიანდა ამის შეგნება, შენი შეგრძნება და
ცხოვრებამაც გვერდით ჩაგვიარა,

ჩვენც რა კარგად შევინიღბეთ...
ძვირფასო ჩემო, მწერ, რომ
მოგენატრა ჩემი გაბრაზებისგან გაფართოვებული თვალები,
რომლებშიც შენს რეალურ სახეს ხედავ...
მე მომენატრა თამაში, სადაც ბედისწერას ვატყუებდი, რომ არ მჭირდებოდი
და აი, გამომივიდა, გამოგვივიდა და შენ ახლა შორს ხარ
და საერთოდ აღარ მჭირდები,
არც თამაში და მე კარგად ვარ.
გწერ, რომ მე აღარ მიფართოვდება თვალები და თითქმის აღარავის ვახედებ შიგნით.
გწერ, რომ ძვირფასი დარჩი და ფასი დაკარგა ბედისწერასთან თამაშმა.
ძვირფასო ჩემო, მეგობარო, მე ამ სიტყვების კორიანტელს ლექსს დავარქმევ
ბედისწერას და შენც მოგატყუებთ, რომ პოეტი ვარ, ქალი და სულაც არ მჭირდებით ლექსის დასაწერად,
რადგან მე ჩემი გზები, ერთად თავმოყრილი დავასრულე
და ფინალისთვის შემოგინახეთ მთავარი სიტყვები,
მე კარგად ვარ და ჩემი ბოლო გზა, სხვა ადამიანთან შეხვედრით დასრულდა.

ძვირფასო ჩემო, მეგობარო,
შენ და ჩემს შორის, უკვე მანძილებს მნიშვნელობას უკარგავს ის სხვა.
და ამიტომაც მაპატიე, რომ ასე გტოვებ,
პასუხი არ მაქვს, არც სურვილი დაგისვა კითხვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები