ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პილიგრიმი
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2015


პილიგრიმები / ამბავი N4

  თავად არასდროს უთქვამს ღმერთი ვარო, მაგრამ ღმერთკაცს ეძახდნენ მაინც. მისთვის რომ გეკითხათ, ანგელოსთა ლეგიონის მეთაურობას უფრო დაიჩემებდა ალბათ. სიმართლე კი ის გახლდათ, რომ საყოველთაოდ აღიარებულ სულელს წარმოადგენდა ქალაქში.
  ხოლო ქალაქი პატარა იყო და არავის ეძვირებოდა მისი ნაცნობობა. ღმერთკაციც იმიტომ შეარქვეს, გარეგნულად არაფერი ეცხო ღვთიური, თუმცა კი ყოველდღიურად ემუსაიფებოდა უფალს, როგორც თავად ამბობდა.
  ერთხელ, სკვერში სეირნობისას, უცნობ ახალგაზრდას ჰკიდა თვალი. მდაბლად მიესალმა, მოიკითხა და ისე მსწრაფლ გაეცალა, უცნობმა მხოლოდ მხრების აჩეჩვა მოასწრო გაოცების ნიშნად. მერე ისევ დაბრუნდა და პაპიროსი სთხოვა ბიჭს. ცეცხლიც იბოძა და წეღანდებურად მიიმალა სადღაც.
_ ახალგაზრდავ, შეიძლება მცირე ხანს გესაუბროთ? _ ხუთიოდ წუთში კვლავ გამოეცხადა ჭაბუკს.
_ ბატონი ბრძანდებით!
_ შენ ალბათ არ მიცნობ _ მე ღმერთთან საუბრის უნარი მაქვს... ახლაც, შენს შესახებ დავეკითხე გამრიგეს არსთა და ისეთი რამეები მაუწყა, რომ არ გადმოგცე, არაფრით შეიძლება.
_ ?!-ო _ ბიჭმა.
_ გეცოდინება, ოთხასი ანგელოსი ჰყავს უფალს. მათგან თოთხმეტი მთავარანგელოსია და ქერუბიმებს ვეძახით, ხოლო დანარჩენნი სერაფიმებად იწოდებიან...
_ მერე? _ დაინტერესდა ბიჭი.
_ შენ ერთ-ერთი ხარ სერაფიმთაგან.
_ აჰა, გასაგებია! _ ღიმილი შემოასკდა ჭაბუკის სახეს.
_ შენა და, იმათიანთ ის რომ არის, იცნობ მაგას?
_ ვერ!
_ ჰოდა ეგ გოგო სტუდენტია, ახლა თბილისს გახლავს და როგორც კი ჩამოვა, მაშინვე უნდა გაგაცნოთ ერთმანეთი.
_ რა პონტში?
_ რატომ და ეგაც ერთ-ერთი სერაფიმია და თუ თქვენ ერთმანეთზე არ დაქორწინდებით, ბედნიერებას ვერსად ჰპოვებთ პირსა მიწისა... კიდევ ერთ პაპიროსს ხომ ვერ მომაწევინებ?
  ჭაბუკმა დემონსტრაციულად აქცია ზურგი.

პ.ს.  ხანი რომ გამოხდა, შემთხვევის წყალობით ბიჭმა მართლა გაიცნო ის გოგო და სიცილით უამბო ღმერთკაცის ნაუბარი...
  მერე ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს...
  მერე ქალწულობა წაჰგვარა გოგონას...
  მერე გოგოს მოკეთეებმა გამოიღეს ხელი...

ერთიც:

  თეატრის სასახლიდან გამოსულ პატარა ბიჭს აედევნა ღმერთკაცი _ ნება მიბოძე, შენს წარსულში შევყო მზერაო.
  ბიჭუნა ძალიან კი დაფრთხა, მაგრამ გაქცევაც ვერ გაბედა და შიშნეულად მიაცქერდა თვალებში.
_ შენა, უოლტერ სკოტის რომელიმე თხზულება თუ წაგიკითხავს? _ შორიდან დაიწყო კაცმა.
_ აივენჰო.
_ მოგეწონა?
_ დიახ, ძალიან!
_ იცი, რომ შენ უოლტერ სკოტი იყავი წინა ცხოვრებაში?
_ უჰუ?!
_ წყალი არ გაუვა, სკოტ!
_ მერე?
_ მერე ისა, რომ მწერლობის გარდა სხვა საქმეზე არც იფიქრო, ყმაწვილო!
_ გასაგებია, წავალ მე ახლა!
_ წადი სკოტ, წადი ჩემო ბიჭო! ეჰ!

პ.ს. ამ ამბის შემდგომ ყმაწვილმა ბევრი იფორთხა ცხოვრების გზაზე, ბევრს საქმესაც მიჰყო ხელი, მაგრამ ყველგან უმტყუვნა იღბალმა. მერე მწერლობასაც მიეტანა. მართალია აქაც მრავალგზის მოეცარა ხელი, თუმცა ბოლოს შექმნა მოთხრობა ,,მცირე ქალაქის ღმერთკაცი“, რითაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ლიტერატურის ისტორიაში.

ერთიც:

_ პაპიროსი ხომ არ გაქვთ კაცებო?!
_ მოდი აქ, ღმერთკაც, მოდი მოგაწევინებ! რაო, რას გამცნობს ის შენი ღმერთი _ გამოვა ამინდებიო?
_ ეს ორი დღეც მოითმინეთ და დარები მიეწყობაო.
_ ვახ, კარგია! კიდევ რას იუწყება, გაგვანდე შე კაცო!
_ შენ რა გაინტერესებს კერძოდ?
_ აი... მაგალითად როგორი ცხოვრება გველოდება?
_ ეგ ხე(რომლის ძირშიც ახლა ზიხარ) კალბასებს გამოისხამს, ეს მდინარე _ გარციცად , ეს ქვები კი პურად გადაიქცევა...
_ ვახ!
_ თქვენც მეტი რა გინდათ? _ მოწყვეტ კალბასს, ამოავლებ მდინარეში და იცხოვრებ უზრუნველად...
_ ეგ კი კარგი რამეები გვითხარი, მაგრამ ხე რომ გახმეს, რა გვეშველება მერე?
_ ახლა რომ გითხრა შტერი ხარ-მეთქი, ძალიან გეწყინება?
_ რას მერჩი, შე კაცო?
_ ხე რომ გახმეს, მის ნაყოფს რა მოუვა ვერ ხცდები?!
_ მე რავი?!
_ კაფჩონი კალბასი გექნება, იდიოტო!

ერთიც:

_ რას გვეტყვი, ღმერთკაც, დაბრუნდება სამაჩაბლო და აფხაზეთი?
_ სანამ თქვენ აქ ზიხართ, მაგ საქმიდან არა გამოვა რა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები