ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იასონ
ჟანრი: პროზა
21 ნოემბერი, 2015


ქუცი, ქუცი

დაღამდა,  გარეთ თოვს და  ყინავს. ასეთ ამინდში ძაღლს არ გააგდებენ გარეთ.  მეორე ბრიგადას ცვლა  დაგვიმთავრდა და  ქარხნის შესასვლელში ვართ შეყუჟული  - მალე სამსახურებრივი ავტობუსი მოვა და სახლებში ჩამოგვარიგებს. შესასვლელში თბილა - დაცვის ბიჭებს დიდი, თვითნაკეთი ელექტროღუმელი აქვთ გაღუღუნებული.  ვდგავართ დაღლილები, მოშიებული, შეციებული, ცხვირჩამოშვებული... ხელფასი დღეს ისევ არ იყო, არც ხვალ იქნება...  სახლში დაბრუნება კიდეც გვეუხერხულება, -მაგრამ სად გინდა რომ წახვიდე?  ვერსად ვერ წახვალ, ძმობილო... ამიტომ მოითმინე და დაელოდე.  ჩვენც ასე ვიქცევით, მხოლოდ ეგ არის, რომ ხანდახან ღმერთს ვსაყვედურობთ და  შევარდნაძეს ვაგინებთ.
პოლიტიკაზეც ვკამათობთ, ცხადია. 
ჩვენს მოპირდაპირე მხარეს, დაცვის ჯიხურთან ახლოს, იქ, სადაც კედელზე ტელეფონ-ავტომატი ჰკიდია,  ორი ჭუჭყიანი  და გასაცოდავებული ქოფაკი მოკუნტულა ბეტონის იატაკზე და თვლემს.  აი, ერთი მათგანი  თვალებს ახელს,  თავს მაღლა სწევს, ჰაერს ყნოსავს და ხალხს ათვალიერებს ცნობისმოყვარეობით.  რაღაც მახსენდება და ცუდი წინათგრძნობა მეუფლება,  მაგრამ არ ვიმჩნევ - როგორც კარგ მოსაუბრეს შეეფერება, ყურადღებით ვუსმენ სხვებს, თავს ვუქნევ, ვიღიმები,  მალულად კი ძაღლებს  თვალს არ ვაცილებ.
ქოფაკი  დგება, იზმორება,  ისევ ყნოსავს ჰაერს, მერე  ხალხის საფუძვლიანად შესწავლას იწყებს - მიდის და სათითაოდ ყველას  ყნოსავს ფეხებზე.
-გადი იქით, შე შობელძაღლო 
-რა უნდა მაგ  ძაღლს,  ფრთხილად, ფეხებზე არ მოგაფსას - ხუმრობენ კაცები
ქალები ყასიდად წივიან და ერთმანეთს ეფარებიან.
ამასობაში  იღვიძებს მეორე ქოფაკიც, თავს მაღლა სწევს,  ჰაერს ყნოსავს და ხალხს ათვალიერებს,  მერე დგება, იზმორება, ისევ ყნოსავს  ჰაერს  და მიდის უახლოეს ჯგუფთან, რომელიც უკვე შეისწავლა პირველმა ქოფაკმა. ტაქტში არიან აცდენილები, სხვაფრივ ერთმანეთს ჰგვანან და ერთნაირად იქცევიან.
საბოლოოდ, როგორც ვშიშობდი, ორივე ქოფაკი ჩემს ფეხებთან  იყრის თავს.  აი, ხომ ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა! ნეტა გარეთ გავსულიყავი... მაგრამ ცივა ეს ოხერი...
მყნოსავენ ფეხებზე,  ნდომით სავსე თვალებით შემომცქერიან და კუდს მიქიცინებენ.
მერე ისევ მყნოსავენ, თითქოს საკუთარ თვალებს არ უჯერებენ და მერე ისევ მიყურებენ, თითქოს საკუთარ ყნოსვას არ ენდობიან...
და ისევ...
- ბიჯო, მგონი შეჭმას გიპირებენ  - ხუმრობს ერთი
მალე  ხალხის ყურადღებას ვიპყრობთ, გვიყურებენ,  ხუმრობენ, იცინიან.
- ვაჭმევ ხოლმე ხანდახან - ვამბობ ყველას გასაგონად,  - შესვენებაზე სასადილოდან რომ ვბრუნდები (სასადილო საწარმოს გარეთაა),  ხან პურს წამოვუღებ, ხან ძვლებს, მივაჩვიე და გავამსუნაგე. ახლა, სადაც დამინახავენ,  მოდიან და აღარ მცილდებიან (არადა, რამდენი ხანია, სასადილოში პური არ მომრჩენია).
მურა, ჯეკა, ქუცი, ქუცი! - მეტი დამაჯერებლობისთვის თავზე ხელს ვუსმევ ორივეს  და ისინიც ლამის დნებიან.
- მურა კი არა, ჯულბარს არის მაგის სახელი - ამბობს ანია დეიდა, - მეც ვაჩმევდი ხოლმე ადრე, მაგრამ შარშან ლეკვები რო გააჩინა,  თვითონვე შეჩამა სუკველა, ცარმოგიდგენია?  მაგის მერე  მეზიზგება ორივე ეგენი.
იწყება ცხარე კამათი, მართლა შეჭამა თუ არა ჯულბარსამ საკუთარი ლეკვები.
ამასობაში ავტობუსიც მოდის.
ძაღლებს გასაშვებად არ ვემეტები,  მშიერ თვალებს მაყოლებენ.
ავტობუსში ავდივარ და ფანჯარასთან ვჯდები.
ქოფაკები ნაცემებს ჰგვანან.
წინა საღამოს, სახლში დაბრუნებულმა,  ჩემი ბათინკები  შევათვალიერე და შევამჩნიე,  რომ  ხელოვნური ტყავი ალაგ-ალაგ დამსკდარიყო,  ამიტომ საგულდაგულოდ გავპოხე ღორის ქონით.
ყველაფერს ხომ ვერ გაითვალისწინებ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს