ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იასონ
ჟანრი: პროზა
23 დეკემბერი, 2015


ზმუკი

თრიმეინი რომ მოვიდა,  ბენზო-გასამართი სადგური  ერთი საათის დაკეტილი მქონდა და სკაიპში ვიყავი შემძვრალი.  გამწევი სატვირთო მანქანა  გრძელი, ვერცხლისფერი  თრეილერით, მუხლუხოსავით მძიმედ შემოიზლაზნა ეზოში,  „ოფისს“  მარცხნიდან  შემოუარა და მიწისქვეშა რეზერვუარების თავზე გაჩერდა. თრიმეინი, ახალგაზრდა, მსუქანი და ხალისიანი ზანგი,  როგორც წესი,  ჯერ ჩემთან  შემოდის ხოლმე, საბუთებს შემოიტანს და აზუსტებს, რეზერვუარებში ბენზინი როგორ გაანაწილოს,  ამჯერად კი,  რადგან ისედაც  იცის, რომ ყველა „თენქი“ ცარიელია, „სთეიშენი“ -  გაჩერებული  და  ბოსი კი - გაცოფებული,  ჯერ  ბენზინის ჩაცლას იწყებს.  მესმის,  როგორ  ჩამოყარა  შლანგები თრეილერიდან და დაათრევს  ბეტონის მოედანზე,  მესმის „თენქების“ სახურავების ხრიგინი და ჯაჭვების ჩხრიალი. 
რამდენიმე წუთში დამთავრდება ჩემი „გულავი.“

-ეს შენთან გამომატანეს - მუყაოს ყუთი დადო სკამზე.  საოფისე წვრილმანები იყო.
-ესეც შენ - მაწვდის საბუთებს.  ხელს ვაწერ და ჩემს ეგზემპლარს ვიტოვებ.
- სთეიშენი შეგიძლია გახსნა,  ბენზინი დიდ თენქში გავუშვი, სამას გალონამდე უკვე ჩავიდოდა -  მიტრიალდა და გადის. 
მოიცა-მეთქი,  ცოტა ხანს არ წახვიდე, სადაც ერთი საათი - იქაც ხუთი წუთი,  ხომ გაინტერესებდა,  რომელი ქვეყნიდან ვარ,  მოდი,  გაჩვენო კავკასიის ჯორჯია...
პომპები არც გამიჩერებია, მხოლოდ წითელი კონუსები შემოვაწყვე პერიმეტრზე. კონუსებს წამოვკრებ და მორჩა - სთეიშენიც გახსნილია.
მალევე მოვძებნე ის, რაც მინდოდა და ლეპტოპი მისკენ მივატრიალე.  ერთი პირობა შეყოყმანდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია -კომპიუტერის წინ იდაყვები ჩამოაწყო  და ეკრანს  ინტერესით მიაცქერდა.
მართლა ხუთ წუთიანი  კლიპი იყო,  ძალიან ლამაზი კადრებით და  გემოვნებით შერჩეული მუსიკალური ფონით. 
პირველივე კადრებიდანვე მესმის  - ვაუუუ! ეეე?!  უმმმ...  ეეე...  ვააა!  ჯიი!
მე მის გულწრფელ ემოციებს ვადევნებ თვალ-ყურს და სიამოვნებისაგან ვიბადრები. უფრო ზუსტად - პირი  მაქვს ყურებამდე გახეული.
ამასობაში მანქანები იწყებენ შემოსვლას.  ჩვენი სამეზობლოს პენსიონერებმა ბენზინ-საზიდი დაინახეს და  „სთეიშენის“  წითელ კონუსებს არ ეპუებიან.  ზოგი უკვე მანქანიდან გადმოსულა  და პლასტიკურ ბარათს პომპის წამკითხველში თხრის, თან ეჭვიან მზერას აპარებს ჩემსკენ. 
მიდით ბებრებო, მიდით, ყველაფერი რიგზეა...  მოგხედავთ ცოტა ხანში...

კლიპი დამთავრდა, დროა, ორივემ  საქმეს მივხედოთ. ფეხზე წამოვდექი, გაბადრული.
თრიმეინმა თავი გადააქნია,
-you got all that and you say you’re small ? *    დააგდო და გასასვლელს მიაშურა. 
სკამზე  დავეშვი.  თრიმეინისათვის ზურგში მიდევნებული  მზერა  მის უკან მიხურულ  კარს მიეყინა. 
თითქოს სულმოკლეობაში მამხილეს.
ნერწყვი დამადგა გულზე, სასულეში გადამცდა,  თუ რა ვიცი, რა მომივიდა - ხველა ამიტყდა, ლამის გავიგუდო.
ტელეფონი რეკავს - ეს უეჭველად ბოსი იქნება, მაგრამ ვერ  ვპასუხობ.  მკერდზე  ვიბრაგუნებ ხელებს. მადლი იქნებოდა ახლა ბეჭებშორის ვინმე მუშტს რომ ჩამაზელდეს...
სალაროსთან „ქეშ“-ების რიგი დადგა და სარკმელზე აკაკუნებენ.
მაცადეთ  ორი წუთი, თქვე ბენზინის უნახავებო...
კიდევ ერთი... ერთი წუთი... უჰჰჰჰ
უჰჰჰ....
მგონი  გადაიარა...
მორჩა...
ჰო, მორჩა...უუჰჰჰ...
ეზოში გავდივარ და  კონუსებს ვაგროვებ.


-----------------------------------------------------------------------
* -you got all that and you say you’re small ?  - ყოველივე ამის პატრონი, როგორღა ამბობ, პატარა ქვეყანა ვართო

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს