ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2009


ავთანდილის ბარათი



მე-ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული
შორიდან გეხვევი…
შემთხვევით არაფერი
ხდება ქვეყანაზე,
არც ახლა ამიღია
კალამი შემთხვევით.

ვის მოუხდებოდა,თუ არა ტარიელს
სიყვარულით ტკბობა და ამაღლება,
ცხოვრება სიხარულით გასხივოსნებული,
გარემო მშვიდი და უნადირო,
ის კი,მხეცქმნილი,
ადამიანებს სათოფეზე
აღარ ეკარება,
შევეწიოთ,ვუშველოთ,ნურადინო!

ამქვეყნად მოღალატე ბევრია,
მათთვის სიყვარული მტვერია
და განა არ იცი თვითონ,
რომ ადამიანი,უფალს მოწყვეტილი
და ეშმაკის
მღვრიე დროშას შეფარებული,
ყველგან და ყოველთვის ფლიდობს.

ნესტანი ქაჯების ტყვეობაში,
ტარიელი მხეცების სამეფოში
/ცრემლიანი კვალი რომ რჩება
ჭალა-ჭალა და მინდორ-მინდორ/
სიკვდილის მოლოდინით ხარობენ,
ცას ვეღარ ხედავენ მწყალობელს
და საშველი არა ჩანს,ფრიდონ.

ნესტანი-
ოქრომკედით მოქსოვილ ბუდეში
დაბადებული სასწაული,
ყვავილის თვალებით,
რომელიც,თუ განრისხდა,
პირგამეხებულ ვეფხს დაემსგავსება
და მისი სიტყვები
გულს დაგიფლეთავენ,
ვითარცა იმ ვეფხის ბრჭყალები.
ერთი შემოხედვით გაგრძნობინებს
ძალას და ხასიათს ვულკანისას.
ნესტანი-
ოქროპირთა დამამუნჯებელი,
ცის სითბო,დედამიწის მშვენება,
გამნათებელი ღამის უღრანისა.

ასეთ ქალს რომ დაკარგავ,
უიმედობის წავარნებით
შორეთიდან შორეთში მავალი
უდაბნოში გადაიხვეწები
და რაინდი სწორუპოვარი,
მემკვიდრე მეფისა,
მეფეთაგან მეფედ გაზრდილი,
გამოქვაბულში იცხოვრებ ველურივით
და შენს თავზე იტრიალებენ
ღრუბლები მძიმე,
მწუხარების ჟანგით შემურვილი.

ასეთ ქალს რომ დაკარგავ,
სამოთხე ჯოჯოხეთად გექცევა-
მშვიდობით,დღეებო,
სიხარულით გაჩირაღდნებულო,
მშვიდობით,ღამეებო-
ვარსკვლავებით დანამულო
თვალებო ღმერთისა,
მშვიდობით,სიყვარულის სიმღერებო,
ბედნიერების მწვერვალებიდან
სამყაროს გასაგონად ნამღერო,
მიჯნურის სიახლოვით
ზეიმო გულისა,
მშვიდობით,ნადირობავ
და ბურთის თამაშო.
მშვიდობით,
სიზმარში ნახული სიზმარივით
ლამაზო დროებავ,ლაღო და მშვიდო!

ქაჯების/თუნდაც მილიონის!/
ნესტანისთვის მსხვერპლად შეწირვა
მადლიანი საქმეა,ფრიდონ!

ხმლის ქნევით,შუბის ტყორცნით
და ფარის ფარებით
კიდევ ერთხელ დავღალოთ მაჯები,
მტერს რისხვა დავატეხოთ იმგვარი,
რომ წელში ვეღარ გაიმართოს
ჯილაგი ქაჯების!

სიყვარული-ღმერთის მოსაწონი,
დობილი ყვავილების,
მზისა და ვარსკვლავების,
ასე უიღბლო და ნაწამები
და ასე უნაპირო,
სიცოცხლის დღესასწაულს
ციხის ვიწრო სარკმლიდან უყურებს,
გადავარჩინოთ,ძმაო ნურადინო!

საარაკო ომი მოგველის,
იოლი არაა ქაჯებთან შებრძოლება,
ჩვენ შორის დარჩეს და
დავართან შედარებით
ქაჯი ანგელოზი გეგონება.

მტერთათვის მუდამ საზარელო,
არწივო მულღაზანზარელო,
პატარავ პატარასთან
და დიდთან დიდო,
მზისა შესაყრელად
გამოხსნა მთვარისა
ღმერთმა ჩვენ მოგვანდო,
ჩვენი მეგზური და ძლიერება
ღმერთია,ფრიდონ!..

ტვირთი ძმობისა,
სიზიფეს ლოდზე ათასჯერ მძიმე,
საწუთროს აღმართებზე
ჩვენც უნდა ვზიდოთ,
თანაც-ყმაწვილური ხალისით
და არა უწადინოდ…
ძმა ძმისთვისაო,
რა თქმა უნდა,
შენც გაგიგონია,ფრიდონ,
შავი დღისთვისაო,
უკეთესად ვინ იტყვის,ნურადინო!

მეხდაცემული და გულში დაჭრილი
სიყვარულის გადასარჩენად
უბრალო არ დაინდობს ბრალიანს.
ქაჯეთის ციხის ნანგრევებში
ბედნიერების სანთლებად ანთებული
ვიხილოთ ნესტანი და ტარია!

სამ წელზე მეტია,
მაცოცხლებელი წყარო მენატრება,
დავდივარ უძილო,
მწყურვალი,უნადიმო.
სამსახური დამიგდია,
დავტოვე არაბეთი.
/ჩემი ტახტი და ლოგინი
შენა ხარ,უნაგირო/.
ტარიელი თუ არ გაბრწყინდება,
ღმერთმა ნეტარების
ცრემლი ნუ მადინოს…

ლომო,იმედო ლომებისა,
ნათებავ გულისა და გონებისა,
ძმადფიცის გულში
სიხარულის ხოხობი მომკვდარა,
ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ,ნურადინო!

ავაპრიალოთ მტრის სივრცეში
სიმართლის მახვილები,
ერთგულების
სამჭედლოში გამოწრთობილი,
კაცი კაცს შემოვტყორცნოთ,
დავლეწოთ კარები რკინისანი,
ვინც ცოდვა ჩაიდინა
ცოდვილთა დამზაფრავი,
სიყვარული
ცხრაკლიტულში ვინც გამოამწყვდია,
თავზე დავაქციოთ
კოშკები ლხინისანი!

ფატმანი?-
გულანშაროელ ჯაბანთათვის
უხილავი სხივი და ჭრილობა,
სათნო და გონიერი
და კარგი მოყვარე,
საკუთარ ჭერქვეშ ტანჯული ეულად,
მეუღლე ტანად ნასი,
ორპირი და პირფერი ვაჭრისა,
მრავალთა საქილიკოდ ქცეულა.
ერთს გეტყვი,
ჩემი სიტყვა იქნება მართალი:
სიძვის დიაციო?!-ჩმახია!
საწოლში თუ საწოლის გარეთ
საოცარი ქალია ფატმანი.
კარგად თუ გაიცნობ,მიენდობი,
ვით მიწას ღალიანს,
ფატმანი წუთისოფლისაგან
გაჭუჭყიანებულ ხელადაში
მოკამკამე სამოთხის წყალია!

ფატმანიც მეშვიდე ცას ეწევა
ჩვენი გამარჯვებით.
მოხდება მოსახდენი:
აღსრულდება ღმერთის განაჩენი.

მტერს მალე დავიფრენთ,
ვით დიაცს უმანდილოს.
ნესტანი თუ არ გაიხარებს,
ტარიელი თუ არ გაბრწყინდება,
ღმერთმა ნეტარების
ცრემლი ნუ მადინოს…

მომავალ შეხვედრამდე,
სრულდება ბარათი…

არწივო მულღაზანზარელო,
მტერთათვის მუდამ საზარელო,
არც საყვარელი ქალის შუბლზე
კულულის დაცურება
და არც მწვერვალიდან
ზვავის დაქანება-
არაა შემთხვევითი,
ამ ცოდვილ,მაგრამ მაინც
მშვენიერ ქვეყანაზე
დღემდე არაფერი მომხდარა
და არც მომავალში
მოხდება შემთხვევით.

მე-ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული,
საიდან სად გადმოხვეწილი,
შორიდან
ქედს გიხრი და გეხვევი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები