ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთ
ჟანრი: პროზა
25 სექტემბერი, 2009


სათნოებიდან მანკიერებამდე (თავი IV)

უკვე განუმეორებელი ხიბლი შეეძინა ყოველ გათენებას. სარკეში ჩახედვაც აუცილებელ რიტუალად მექცა. შემეძლო მრავალი წუთი მომეკლა სარკეში ყურებით. ჩემს მსხვილ დალალებს ვიყრიდი ნახევრად შიშველ ზურგზე და თითოეულ  მათგანს ხის სავარცხლით ვისწორებდი ფიქრებთან ერთად. ვგრძნობდი როგორ ჩავიკეტე ჩემს თავში. მხოლოდ ჩემს თვალებთან ვპოულობდი საერთო ენას.
სერ რიჩარდი თვლიდა, რომ დილის ძილი მნიშვნელოვანია ადამიანის აზროვნებისთვის და მკაცრად მისაზღვრავდა დილის საათებს. უკვე შემეძლო მზეზე გვიან შევგებებოდი ბოლტონს.
ის დღეც თითქოს არაფრით განსხვავებულიყო სხვებისგან. სპირტითა და იოდით დატვირთულმა შევაბიჯე ფარდულში. ის სავარძელში ჩამჯდარიყო და ფიქრებს მისცემოდა. კალათი ფრთხილად დავდე მაგიდაზე და შეპარვით ვკითხე.
– ხომ კარგად გრძნობთ თავს, სერ რიჩარდ?
არც კი შერხეულა ჩემს კითხვაზე. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ოდნავ გადააქნია თავი და მის წინ მდგარ სკამზე მიმითითა. უხმოდ დავმორჩილდი.
ნახევრად ჩაბნელებულ ფარდულში მხოლოდ ერთი სანთელი ლიცლიცებდა. ის სასტიკად ვერ იტანდა დღის სინათლეს, ხშირად მთელ დღეებს აქ ატარებდა. მისტერ ჯონს ფანჯრებზე ფიცრები ააკვრევინა და მხოლოდ ნახევრად ჩაბნელებულ ატმოსფეროში მუშაობდა.
– თქვენ ალბათ გაიგონეთ მის მარპლის სიკვდილის შესახებ.
უცებ წამოიწყო საუბარი. მის მარპლი თვრამეტიოდე წლის გოგონა გახლდათ, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. ჭორფლიანი და მუდამ მოცინარი სახე ამშვენებდა. მამამისს პატარა ფერმა ჰქონდა ჩვენს შორიახლოს და მისგან ვყიდულობდით წვრილფეხა ცხოველებს. ახლა თითქოს გული დამწყდა მის გამო. თანაგრძნობით გავხედე სერ რიჩარდს. ჩემს მზერას თვალი მოარიდა და დაღლილი ხმით განაგრძო.
– ამბობენ გოგონას გაურკვეველი ტიპის ვირუსი შეეყარაო, ღამით, როდესაც ყველას ეძინა გაგუდულა და დილით უკვე მისი უსულო სხეული იპოვეს.
ვერ ვხვდებოდი რატომ მიყვებოდა ამ ყველაფერს, თუმცა მის ყოველ ფრაზასთან ერთად მატულობდა ჩემი წუხილი ჭორფლიანი გოგონას გამო.
– მის ქეთრინ, ამ მაგიდაზე წევს ახლა მის მარპლის უსიცოცხლო სხეული, მამამისმა მე მთხოვა დამედგინა მისი შვილის სიკვდილის მიზეზი, მე კი თქვენი დახმარების გარეშე ამას ვერ ვიზამ, მზად ხართ ამ ყველაფრისთვის, მის ქეთრინ?
ყოველ ფეხის ნაბიჯზე მაშინებდა ეს კაცი. იყო მასში რაღაც აუხსნელი, რაც შეგრძნებებს მიბურძგლავდა. თუმცა შეუძლებელი იყო მისი ჭაობისფერი თვალებისთვის უარი შეგებედათ… არ ვიცი რაში შედიოდა ჩემი დახმარება, ხანდახან მეგონა რომ უბრალოდ დოპინგი ვიყავი მისთვის.
იგი არ ჩქარობდა წამოდგომას. თითქოს სპეციალურად აყოვნებდა საქმეს და უტიფრად მომჩერებოდა სახეზე. უხერხულობამ სახე ამილეწა და კაბის კიდეს დავუწყე წვალება.
– გაიშალეთ თმა, მის ქეთრინ.
მითხრა მან უეცრად. ჩვენ გვეკრძალებოდა გაშლილი თმით სიარული, მით უფრო მამაკაცთან. მისმა თხოვნამ შემაცბუნა და ამასთან ერთად გაოცებული დამტოვა. მის ნათქვამს წავუყრუე და თვალებდახრილი უფრო მეტად ჩავუღრმავდი თეთრ უნიფორმას.
– რაღას უცდით? ჰე, გელოდებით.
ტონში მკაცრი ნოტები შეერია. უნებურად ავხედე. მზერა გაუუხეშდა, ნაკვთებიც ჩაუმუქდა თითქოს. მონუსხულივით დავემორჩილე მის ნებას და ფრთხილად გავინთავისუფლე თმა. წელამდე დამედინა ყორნისფერი ჩანჩქერი. თვალები დაბლა დავხარე, ასე მეგონა სრულებით შიშველი ვიდექი მის წინაშე. ვიგრძენი როგორ მოედო ალისფერი სიმორცხვე ღაწვებს.
იგი წამოდგა და ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა. თმაზე ფრთხილად დამისვა ხელი და სახესთან მიიტანა ერთ–ერთი მსხვილი დალალი, ხარბად დაყნოსა და თითქოს გაირინდა.
– საოცარი სუნია, საინტერესო ქალი ხართ, მის ქეთრინ.
თვალებდახუჭულმა თავისთვის ჩაიბუტბუტა ეს ფრაზა.
მისი სახე იმდენად ახლოს იყო, რომ სუნთქვაც კი შევიკარი, რათა ეს წამი უკვდავმეყო.
– იცით? ქვეყნად ერთადერთი რამ, რაც კი არ არსებობს – სილამაზეა, იგი ჩვენი გემოვნების ილუზიაა, ქმნის გარკვეულ სახებას და გვაიძულებს ვემონოთ მას. თქვენი აზრით, რა არის ერთი ნახვით სიყვარული თუ არა მხედველობის ილუზია? ეს წარმოუდგენელი გრძნობა, რომელიც ნაბიჯ–ნაბიჯ ურთიერთობას გასდევს, ექცევა ამ ილუზიის ქვეშ და დიდი წნეხის შემთხვევაში ირყევა. წამიერი აფეთქება ახშობს ადამიანში ცნობიერებას და მერე სულით დაბრმავებული ადამიანი ვეღარ ცნობს ჭეშმარიტ გრძნობას. ძალზედ საშიშია ეს ილუზია, მის ქეთრინ, ძნელია იყო მისი ტყვე. თქვენ, ჩემი მოკრძალებული აზრით, მიწიერი სილამაზე გამშვენებთ, ცხოვრებაზე გაბუტული ტუჩები და სიკვდილისფერი თვალები განსაკუთრებულ ხიბლს გმატებთ, თმის ჩანჩქერი კი ობობას ქსელივით ხლართავს ჩემი სულის საცეცებს… თქვენ განუმეორებელი ხართ, თუმცა… რა იქნებოდა ახლა, მის ქეთრინ, მე რომ თქვენში მხოლოდ ვიზუალს ვხედავდე? დიახ, გვერდზე დარჩებოდა თქვენი სულიერება, მასში დაუდევრად ჩაყრილი ინფორმაციაც ვერასოდეს მოაღწევდა ჩემამდე და მეც ვერაფრით გასწავლიდით უამრავ რამეს. ამ ქვეყნად არაფერი იქნებოდა თქვენი თვალებისფერი სიკვდილის გარდა… მის ქეთრინ, თქვენ გსურთ ჩემი დახმარებით შეიცნოთ ეს სამყარო? მიპასუხეთ, მის ქეთრინ, თქვენ გსურთ ეს?!
ძლიერად ჩამფრენვოდა მხრებში და შეშლილის თვალებით ჩამშტერებოდა სულის ყველაზე ბნელ კუნჭულებში. ძალა გამოლეული და ყველაფრისგან გარეცხილი ვიყავი იმ წუთში.
– თქვენ არც კი იცით რა ფერია ცხოვრება, როდესაც ორი სუნთქავს ერთის მაგივრად…
ძლივს გავარჩიე ბოლო სიტყვები. იგი უხმოდ წამოდგა და ფიცრებაკრულ ფანჯარასთან მივიდა. არც კი ვიცი როგორ წამოვდექი სკამიდან, ნაბიჯებსაც კი ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ ფეთქვის მოახლოება მაბრუებდა. ზურგიდან მოვეხვიე…
– სილამაზე ის ფუფუნებაა, რომელსაც ვერასოდეს მივცემ ჩემს თავს, მე მხოლოდ სუნთქვა შემიძლია და ისიც მხოლოდ თქვენი თვალების ხილვისას…
საკუთარი ხმა მეუცხოვა, უბრალოდ ვგრძნობდი იმ წამს რომ იდენტური მისწრაფებები გვქონდა, ჩვენ სქესიც კი არ გაგვაჩნდა თითქოს… ის იყო განუზომელი სივრცე, რომელშიც ჩემი სიცოცხლე გაბნეულიყო… ჩემი არსებობა განაპირობებდა სულიერების საწყისს მასში.
ფრთხილად შემახო თითები მის მუცელზე მიდებულ ხელისგულებზე. ფიცრებს შორის აღწევდა სუსხიანი ზამთრის ნარჩენები. თითები ჩახლართულიყვნენ ერთმანეთში და ტუჩებისთვის სიჩუმის ქსელი შემოეხვიათ…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები