ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 იანვარი, 2011


გურამ ასათიანი (ახალი პოეტიკის სათავეებთან)

ხელოვნების არც ერთ სხვა დარგში არ გამომჟღავნებულა ისე მკაფიოდ და ისეთი სისრულით ჩვენი ხალხის ეროვნული გენია, როგორც ეს პოეზიაში მოხდა.

ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმით, რომ საქართველო არის უძველესი კულტურის ქვეყანა. დღესაც ყველა მნახველს განაცვიფრებს თრიალეთისა და არმაზის სანახებში აღმოჩენილი ნივთების, ჯვარისა და გელათის ტაძრების, ყინწვისის ანგელოზისა და ახლად ამეტყველებული შუასაუკუნოვანი ქართული, ჰორალების შემოქმედთა მაღალი ოსტატობა.

მაგრამ მაინც ცხადია, რომ ჩვენი სულიერი ყოფის არც ერთ სფეროს არ მიუღწევია ისეთ მწვერვალებამდე, როგორზეც იგი აიყვანეს „ვეფხისტყაოსნისა“ და „მერანის“ ავტორებმა.

მართალია, ქართული პოეზიის გზა, ისევე როგორც, საზოგადოდ, ჩვენი კულტურული განვითარების ისტორია, არ ყოფილა სწორხაზოვანი. მას ახსოვს დროებითი დაქვეითებაც, მაგრამ დღევანდელ დრომდე მან ისეთი მაღალი ტრადიციებით მოაღწია, როგორიც იშვიათად გააჩნია რომელიმე სხვა კულტუროსან ერს. თანამედროვე ქართული პოეზია აღმოცენდა და ვითარდება სწორედ იმ ისტორიული ტრადიციების ნაყოფიერ ნიადაგზე; ხოლო როგორც უშუალო მემკვიდრე, იგი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია XIX საუკუნესთან, რომელიც დღემდე რჩება მისთვის პოეტური შემოქმედების მოქალაქეობრივი ბრძოლის ასპექტში აყვანის მაგალითად. XIX საუკუნის მწერლობამ ჩვენ დაგვიტოვა პოეტური აზროვნების უაღრესად მდიდარი და მრავალფეროვანი მემკვიდრეობა.

ამიტომ არის, რომ ქართულ ლიტერატურაში და, კერძოდ, პოეზიაში მისი აღმოცენების დღიდან აქამდე დიდი სიმწვავით დგას მემკვიდრეობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ სამართლიანი აღტაცება XIX საუკუნის პოეტური შედევრებით ჩვენს მკითხველ საზოგადოებაში ხშირად იწვევდა ერთგვარ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას თანამედროვე ქართული პოეზიისადმი.

იმ უკმაყოფილებას, რომელმაც ასეთი შეხედულება წარმოშვა, ჰქონდა და აქვს კიდევაც თავისი საფუძველი, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ჩვენი აზრით, ეს ნიჰილიზმი გამოწვეულია ამ დიდი და რთული პრობლემის ცალმხრივი გაგებით.

XX საუკუნის ქართულ პოეზიას აქვს ბევრი ისეთი მონაპოვარი, რომელთა არსებობა ჩვენ უფლებას არ გვაძლევს უბრალოდ გადავწყვიტოთ საკითხი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გვახსოვდეს, რომ თანამედროვე ქართული ხელოვნება უკვე აღარ არის და არც შეიძლება იყოს ის, რასაც იგი გასული საუკუნის დამლევისათვის წარმოადგენდა.

დროა ერთხელ და სამუდამოდ იქნას აღიარებული, რომ XX საუკუნის დასაწყისში ქართულ პოეზიაში მოხდა ნამდვილი გადატრიალება, რომლის შედეგადაც იგი აყვანილ იქნა განვითარების ახალ საფეხურზე. ჩვენ თითქმის არ გვეგულება უახლესი ქართული მწერლობის ისტორიაში ცოტათი მაინც გარკვეული ადამიანი, რომელიც არ გრძნობდეს ამ დიდ ცვლილებას. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენს კრიტიკულ ლიტერატურაში ეს გარემოება არ არის ბოლომდე გათვალისწინებული და, მით უმეტეს, დაზუსტებული. ამით არის გამოწვეული არაერთი გაუგებრობა. ჩვენს პოეტებს, და, პირველ რიგში – ახალგაზრდებს, მოუწოდებენ წერონ ისე, როგორც წერდნენ მათი პაპის პაპები, თითქოს ქართულ პოეტურ ხელოვნებაში არაფერი არ შეცვლილიყოს.ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიზიარებთ ქართველი სიმბოლისტებისა და სხვა მოდერნისტული სკოლების წარმომადგენელთა აზრს იმის შესახებ, რომ ქართულმა პოეზიამ, კერძოდ, მისმა მხატვრულმა ფორმამ, დაქვეითება განიცადა XIX საუკუნეში. ასეთი მოსაზრება მისი აბსოლუტური გაგებით და იმ კატეგორიულ ფორმაში, როგორც მას გამოხატავდნენ, მაგალითად, „ცისფერყანწელები“, წარმოადგენდა უთუოდ არაისტორიულ, მცდარ შეხედულებას.

ილიას და აკაკის პოეზია იყო ჭეშმარიტი პირმშო იმ დროისა და იმ სოციალური ვითარებისა, რომელშიაც ისინი მოღვაწეობდნენ და მათ, როგორც პოეტური სიტყვის ნამდვილმა შემოქმედებმა, შეძლეს მოეძებნათ მაქსიმალურად შესატყვისი მხატვრული ფორმა გამოსახატავი შინაარსისთვის. მთელი რიგი მათი ლექსებისა დღესაც ინარჩუნებს თავის პირველ პოეტურ ძალას. ამის მაჩვენებელია, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ილიას და აკაკის შემოქმედება განაგრძობს სიცოცხლეს ხალხში.

მაგრამ ცხადია, რომ მათ პოეტურ ხელოვნებას არ ჰქონია და არც შეიძლება ჰქონოდა გარდაუვალი კანონის მნიშვნელობა.

ამიტომ მოხდა, რომ უკვე XIX საუკუნის დამლევისთვის ძველმა, ილიას და აკაკისეულმა პოეტიკამ და, კერძოდ, პოეტურმა ტექნიკამ ნაწილობრივ უკვე ამოწურა თავისი თავი და ეპიგონობაში იწყო გადაზრდა.

ლიტერატურული ინერციის ძალით ეს ეპიგონური სული გადმოჰყვა XX საუკუნესაც და რუსული ნეორომანტიზმის გვიანდელი გავლენით ოდნავ შეფერილი კარგა ხანს განაგრძობდა არსებობას პოეტურ სტილში დაშტამპული „ეთერებისა“ და „ზეფირების“, „არეებისა“ და „მთვარეების“, ჰანგებისა“ და „ჩანგების“ სახით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები