ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2011


წყლის გაღმა

"დარლი ამბობს,რომ როცა ისევ მდინარესთან მივალთ მე მას დაინახავ."
                                              უილიამ ფოლკნერი

ლოგინში ჩაწვა პირუკუღმა,თქვა-დავიღალე.
ვდგავართ და დარდი წვიმასავით მოგვდის სახეზე.
ჰეკლერი-მამა,ბოლო სიზმარს რეცხავს ღელეზე.
ჩემი ძმა ფრედი კუბოს რანდავს და მტვერს ახველებს.

ჩემი და ემა თავწაკრული,ნამცხვრებით ხელში.
თვალები ახლად გატეხილი სველი თეფშივით.
ექიმი ბერტა მრავლისმთქმელად იცვამს  თეთრ ხალათს,
დედას სინჯავს და შიგადაშიგ სქელ თითებს იფშვნეტს.

უმცროსი დარლი,ჩემი ძმაა და ის კრავს ფორანს.
ფრედის გარანდულ კუბოში კი დედა წევს უკვე.
უნდა დავმარხოთ ხიდის იქით,ვინათებთ ფარნით
გზას.ღამე,ზეცა,უსიტყვობა, ერთგვარად გვიკვირს.

ალბერტი-ცხენზე,ჩემი ძმაა ,(უფროსი ბიჭი).
ამბობს ,რომ კუბოს ვერ გავიტანთ წყალში და იცდის.
მამა კი ყვირის ,რომ გავიდოთ როგორმე ბეჭზე
აქ არ დავმარხოთ ნუ დავიდებთ გთხოვთ მძიმე ცოდვას.

ჩვენი სხეულის სულთმობრძავი სიცარიელე.
ჩქარ დინებაში არეული ქვიშა და თმები.
დედა, რომელიც დავაშორეთ გუშინ სარეცელს.
დედა, რომელსაც მღვრიე წყალში ვერაფრით ვშველით.

ნაპირი- ემა,ჩემი ძმები,მამა და შლამით
თვალები სავსე,სული სავსე და ქარი ზენა
გვიბერავს ზურგში,მე მაცვია ძლიერ შილიფად.
დარლი კი ამბობს დედაჩვენი ახლა თევზია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები