ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2012


კეთილი იყოს



გამარჯობა, შვილო, კეთილი იყოს შენი მანქანა!
ასე წითელი, ასე ახალი.
იყო დრო, როცა მილსადენებში
ტენიდი ხის ტრაქტორებს და ითხვრებოდი და გიხაროდა.
მუდამ თან გახლდა მეზობელი სკაუტი ბიჭი.
შენ ოცნებობდი გიტარაზე და დიდ სცენაზე,
თუმც, გამოხვედი ხასიათის შემკეთებელი.
შენ ხარ მასხარა - კეთილი იყოს შენი მანქანა,
პატარა ბიჭო.
შენ დედა ნახე სულ პირველად მუყაოს ყუთში - დაგიდეს კართან.
შეგრცხვა და ხელში აიყვანე,
ფრთხილად დაბანე და შეაჭამე
სიყვარული და მწიფე კენკრა.
მის მერე დედა არ გინახავს, როგორც იესო
და ყველაფერი მიაწერე შემთხვევითობას.
და გაიზარდე შენს სხეულზე ოდნავ პატარა.
დაკაცდი გვიან,
შენს მეზობელ ჟღალთმიან ქალთან.
უფრო მსუქანთან, ვიდრე ლამაზთან.
და ღირდა ერთი უწყინარი სექსი
იმდენი რომ,აგროვებდი კვირეების მანძილზე ფულს და
მერე ის ქალიც მოკვდა, ჩაძაღლდა,
ათაშანგით და არა გულით.
შენ შეგეშინდა,
ცას ახედე,
მშვიდად წარმოთქვი: "ძლიერ მეწყინა".

გამარჯობა, შვილო, კეთილი იყოს შენი მანქანა!
ასე წითელი... ასე ახალი...

და შენ გარბოდი სხეულიდან,
სახლიდან,
ტყიდან,
როგორც ნადირი, გერჭობოდა ფეხებში ხიჭვი.
უცხო ქალაქში შეგიყვარა პატარა გოგომ,
რომელთან მერე შვილიც გყავდა – ელამი ბიჭი.
და ჩათვალე, რომ შეცდომაა,
ფრთხილად ადექი საწოლიდან
და არასოდეს მისულხარ უკან.

ომი დამთავრდა.
შენ იყავი ბრძოლისთვის სუსტი.
რადგან სოფელში
(სადაც დილა ჰგავს ასაგაოს ყვავილის გაშლას)
მარცხენა ხელზე კუნთს აჭრიდნენ ყველა მამაკაცს.
და შენ ატირდი!
მძიმედ თქვი, რომ ბედია ესეც – ომში მოკვდე და მერე ხშირად იმეორონ:
"მას რომ ეცოცხლა".
შენ კი იცხოვრე...

გამარჯობა, შვილო, კეთილი იყოს შენი მანქანა!
ასე წითელი... ასე ახალი...

და როცა ბოლო არ იცი და როცა ჩერდები...
უბრალოდ, როცა დაიღალე ,
როცა ფინიში სადღაც შუაში გამოტოვე -
გზა გააგრძელე...
გადაიტყავე ფეხები და მუხლისთავები.
ხვდები, რომ დროა დაამწყვდიო შენი სხეული.
შენი ფიქრები (რომ გადარჩი, ესეც მადლია).
და წარსულს იშრობ.უსულდგმულო ბამბუკის ტყესთან
მშვიდად გძინავს და
მშვიდად სუნთქავ...
წვიმს და ქარია.

და ყველა ხმაურს მოსდევს დიდი მოწყენილობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები