ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2012


საუბრები ორისთვის

ჩემი ფიქრები ყოველთვის გავდა უდაბნოს.
იმ განსხვავებით,რომ
არასოდეს მიჭირდა თევზების ჭერა სილაში.

და თუ გამოვაღწევდი უდაბნოდან,
ან დროებით, ან უდროოდ
შენი სხვათაშორისი გაღიმება  იყო ერთადერთი,
რომელიც ხვდებოდა ჩემს გულს
და მუდამ მახსენებდა რაღაც ბავშვურს.
განცდილს და მერე მივიწყებულს.
ამ ოთხი კედლის სინოტივეში არაფერი ისე არ მამშვიდებს,
როგორც ზურგზე წოლა. როგორც ღამის ქარის შეხება
მოდუნებულ სხეულზე,
როგორც მსუბუქი ჯაზი ,
როგორც შენ,
ან უფრო მართებულია შენი თითების ზუსტი თანწყობა ჩემს ნერვებთან.
ჩვენ ვერ ვისწავლეთ ფრენა და არ გვასწავლეს ადრე დაცემა.

ყოველთვის ვეძებდი
შენში და ჩემს ლექსებში რამე ბუნებრივს, არ გამოგონილს,
ყველა მცდელობა მიდიოდა იქამდე ,
რომ ვიღლებოდი ,ვიღლებოდი და
თანაბრად მეუხერხულებოდით ორივე.

ახლაც, ვენტილატორის გაბმულ ზუზუნში, გარკვევით მესმის
ხმა წყლის,
ხმა ჩიტების,
ხმა ფოთლების,
ხმა შენი ზერელე სუნთქვის
და თუნდაც წუთით მაგრძნობინებს
საკუთარი სხეულის მარტივ სიმსუბუქეს, ხსნას და სიყვარულს.

პოეზიაც სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის სიტყვები.

მინდა მოგიყვე მხოლოდ შენ, რომ იყო დღეები,
ნამდვილად იყო დღეები,
როცა არ მქონდა არსად წასასვლელი,
სრულიად არსად, და მაინც ყველაფერზე მივდიოდი ,
რადგან გზა ეს ნიშნავს მოლოდინს,
ხოლო გზა წვიმიან ამინდში-უსაზღვრო სევდას.

სიმშვიდე კი უბრალოდ გონების და სხეულის იდეალური შერწყმაა.
რომელიც მაკლია მე ,
რომელიც გაკლია შენ,
რომელიც აკლია მას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები