ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტოსული ზორო
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2013


ჩემი მეგობარი ზ (დასასრული)

გამეღვიძა.  წუხანდელი ღამე გამახსენდა. იანა უკვე წასულა. სიგარეტის ნამწვავებით სავსე საფერფლე, ვისკის ცარიელი ბოთლი, ჩემი ტანსაცმელი და სხვა ნივთები უწესრიგოდ იყო მიმოფანტული ირგვლივ. ხელი საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე მოვაფათურე. ჩემი სიგარეტის კოლოფი ცარიელი იყო, სამაგიეროდ მის გვერდით მეორე კოლოფი დამხვდა. კოლოფში  ზუსტად ერთი ღერი იყო. უჩვეულოდ წვრილი ღერი კოლოფიდან ამოვიღე, მოვუკიდე და გემრიელად გავაბოლე.
„ყოჩაღ გოგონავ“-გულში მადლობა შევუთვალე იანას.
            სასტუმრო H-ის რომელიღაც ოთახში ვიწექი და არაფერზე ვფიქრობდი. ბედნიერება თუ პირობითი ცნებაა, მაშინ ჩემთვის სწორედ ეს არის ბედნიერება-არაფერზე ფიქრი, საერთოდ არაფერზე. როგორც იქნა გაჭირვებით წამოვიზლაზნე ლოგინიდან, აბაზანაში შევედი და ცივი წყლის ონკანი ბოლომდე მოვუშვი. შხაპის ქვეშ დავდექი. დაახლოებით ათი წუთი ვიდექი ასე. ვგრძნობდი როგორ მეღვრებოდა წყალი მთელ სხეულზე. მძლავრი წყლის ჭავლი ჯერ თავზე მეცემოდა მერე თავისით მიიკვლევდა გზას მკერდსა და ზურგზე. ვგრძნობდი როგორ იღვიძებდა ნელ-ნელა ორგანიზმი.
      კაფე C ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი კაფეა. ორ სართულიანი მყუდრო შენობა ულამაზესი ბაღის გვერდით არის განლაგებული. ბაღის სიღრმეში საკმაოდ მოზრდილი ხელოვნური ტბაა. დილაობით ყოველთვის ამ კაფეში დავდივარ, ავდივარ მეორე სართულზე და N ნომერ მაგიდაზე ვჯდები ხოლმე.
    თეო ჩემსკენ ღიმილით მოდის. თეო...
„-თეო არავინ გყვარებია?
-არავინ.
-ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?
-არა.
-მომწონხარ ხომ იცი ეს?
დუმილი.
-ახლა ტუჩებში გაკოცებდი.
დუმილი.
ზ და თეო ზღვის ნაპირზე სხედან, საღამოა. გოგონა ძალიან ნანობს, რომ წამოყვა ბიჭს, თან მაინც ვერ მიდის, თითქოს რაღაც ძალა აკავებს. თითქოს გრძნობს რომ მისი ყველა სიტყვა გულწრფელია. რას ფიქრობს ამ დროს ზ? ვცდილობ გონება დავძაბო და მის ფიქრში შევიჭრა.  დედა ვატირე ყველა სტერეოტიპის, ყველა გარემოების. ბიჭს უნდა გოგოს აკოცოს და მორჩა!“
-ცდილობ მას დაემსგავსო?-მეუბნება და მიღიმის.
-ვცდილობ მასავით მოვიქცე ხო. ყველაფერი კარგადაა ასე.
-სადაა რატომ არ მეუბნები?
-გეტყვი მოვა დრო.
-კარგი. რა მოგიტანო?
-რაც გუშინ. თეო...
-ჰო..
-დღეს საღამოს მინდა გნახო.
-აჰა, მაინც სად იპოვეთ ერთმანეთი?-ეცინება.
-მოხვალ?
-სანაპიროზე მპატიჟებ ალბათ ჰო?
-დიახ. იცი უკეთესი ადგილი?
-ხვდები რომ ასე არ შეიძლება?
-რატომ, ერთი მიზეზი მაინც მითხარი.
-ის შენი უახლოესი ძმაკაცია!
-და შენი?-მეღიმება.
დუმილი.
-შევეშვათ წარსულს. მითუმეტეს არც არაფერი ყოფილა იქ. შენ არ მომიყევი ყველაფერი?
არაფერს მეუბნება, შეკვეთის მოსატანად მიდის.

მოვა? ალბათ უფრო არ, ვიდრე კი.
რა მნიშვნელობა აქვს. მე სხვას ვიპოვი ვინც მომეწონება და ვინც უსიტყვოდ გაიგებს რა მინდა. არ გავიმეორებ ჩემი მეგობრის შეცდომას. არ გავიმეორებ...
  იმ დღეს, ორ აგვისტოს, როდესაც ზღვისპირა ქალაქში ჩავედი, პირდაპირ სასტუმროს მივაშურე. ადმინისტრატორისთვის არაფერი მიკითხავს, კიბეებს ავუყევი და იმ ოთახისკენ გავემართე სადაც ჩემი მეგობარი უნდა ყოფილიყო. კარებზე დავაკაკუნე. არავინ მიპასუხა. ერთხანს დავიცადე და ნელა მივაწექი კარებს. თავისუფლად გაიღო. ოთახში შესვლისას სიგარეტის მძაფრი სუნი მეცა ცხვირში. ჩემი მეგობარი ლოგინზე გულაღმა იწვა. სახეზე ღიმილი ეფინა.
ჭირა იქა, ლხინი აქა.
თუმცა ეს ნამდვილად არ ყოფილა ზღაპარი.
ზღვისპირა ქალაქი.კაფე C.
31.08 .2xxx წელი.

                                                      დასასრული.
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები