ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2014


მგლები და ადამიანები

ზამთარია, შეჰყივლა მამალმა და შეწყდა მგლის ყმუილი, თითქოს ქვეყანას ამცნო , სინათლის დრო მოვიდა, ქურდებს და ავაზაკებს აღარაფერი გესაქმებათო, მაგრამ უთუოდ შეცდა მამალი, სადღაც მთაზე ორი მონადირე წელამდე თოვლს მიარღვევს. ადამიანის მტაცებლური ბუნება თანაბრად აქტიურია დღისითაც და ღამითაც, ცხოველისაგან განსხვავებით.
ეს ის დრო და ის სოფელია ადამიანის ძირითად საზრდოს მონადირებული ხორცი რომ წარმოადგენდა,
სახნავიც ჰქონდათ და სათესიც, შინაური პირუტყვის მოსაშენებლადაც ყველა პირობა, მაგრამ არა, მათ მხოლოდ ერთად- ერთი პროფესია ჰქონდათ "მონადირე". ნადირობდნენ განუწყვეტლივ, თოვლსა თუ ავდარში, გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე, არად დაგიდევდნენ მაკედ მყოფსა თუ უკანასკნელ ინდივიდს. ამ ყოველივემ თავისი შედეგი გამოიღო და დროთა განმავლობაში ნანადირევმა საგრძნობლად იკლო.
აი ახლაც მიარღვევს თოვლს ორი მონადირე და სახლში სიმშილისაგან აბოჟირებული ცოლ-შვილი ელოდება.
ერთი კვირაა უკვე , ყოველ დილას გადიან სახლიდან და გვიან ღამით ბრუნდებიან, კვალსაც ვერსად მიაგნეს ნადირისა. იციან დღესაც ტყუილად მიდიან, მაგრამ მიდიან.
უშედეგო აღმოჩნდა ის დღეც , იმ წელიწადს უსაშველოდ მკაცრი ზამთარია, ძლიერი ყინვითა და დიდი თოვლით. მთელი ღამე ბჭობდნენ სოფლის თავ- კაცები , რა გამოსავალი მოენახათ, საკუთარი გაუმაძღრობა , გაჭირვების მიზეზად არცერთ მათგანს არ დასცდენია, ყველანი ბუნებას აგინებდნენ, რომელმაც საზრდო აღარ გაიმეტა. არცერთ მათგანს არ გახსენებია და არ დაბადებია კითხვა, რატომ მოკლეს ხუთი ირემი , როდესაც ადგილიდან მხოლოდ ერთის წამოღება შეძლეს, ასეთი ფაქტები კი მრავლად იყო წარსულში.
მეორე დღეს კი მოხდა სასწაული, როდესაც ისევ აიკაზმნენ სანადიროთ და ეზოში გავიდნენ, ჰოი საოცრებავ მთიდან ირმების ჯოგი პირდაპირ სოფლისკენ ეშვებოდა. ეშვებოდნენ მკაცრი ზამთრისაგან გაწირულები, მშივრები. ზანტად მოაპობდნენ ნამქერს და უახლოვდებოდნენ ადამიანს მათი ხსნის ბოლო იმედს.
ერთ ხანს ყველანი გაიყინნენ ადგილზე , ხდებოდა ბრძოლა ჰუმანიზმს, სიკეთესა და ადამიანის მტაცებლურ ბუნებას შორის, ბრძოლა უფალსა და სატანას შორის.
სულ ახლოს მოვიდნენ, თოფის აწევა და მიზანში ამოღება ვერავის გაებედა. ტიროდა სიმშილისგან აბოჟირებული ცოლ-შვილი და გარეთ ადამიანის თვალებიდან თითქოს ღმერთი უცინოდა გაბეჩავებულ ირმებს.
ზოგჯერ ცხოველმაც უნდა აჯობოს ვაჟკაცობით ადამიანს რომ, თვალი აუხილოს, საკუთარ საქციელზე და ხვალინდელ დღეზე დააფიქროს, მტაცებლებშიც არიან ღირსეულები, იოლად მოსაპოვებელსა და დაცემულს ახლოსაც რომ არ ეკარებიან, ეს ყვავ-ყორნისა და სვავების საქმეა, ძირს დაცემულისა და წახდენილის გამოშიგვნა.
საღამოა მამალი დუმს , მგლები კვლავ ყმუიან, კიდევ ერთი ტოტია შეეწირება ალბათ , თანამოძმეთა შიმშილს, სოფელიდან კი საამური თამაშში გართული , ირმის რძით დაპურებული ბაღანების ჟივილ- ხივილი ისმის.
ზის სატანა სადღაც სოფლის თავზე, შავი ღრუბლის კიდეზე და სოფლიდან გამოსულ პატარების უდარდელ ჟღურტულსა და ტოტიას უკანასკნელ ამოკნავლებას წონის, ხვალ ალბათ სოფლის თონის ნაცარში, შავი ღრუბლებიდან გადმოვარდნილ კოვზს იპოვნიან, მამალი კი მგლების ჯინაზე სიყვარულს დაიყივლებს.
ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები