ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პროზა
29 ნოემბერი, 2015


ღორის თავი



- მორჩა! ამ კაცთან ცხოვრება შეუძლებელია. კაცს, რომელსაც ღორის თავი ურჩევნია შენ თავს, უნდა შეეშვა! - ეკამ ეს სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა და საკუთარ თავთან საუბარი გააგრძელა, -  დღეს პირდაპირ ვეტყვი, აირჩიოს ან - ის, ან - მე! საკმარისია, ყელში ამოვიდა!.. - სარდაფის კარი ბუტბუტით შეხსნა და  ტახის თავის ფიტულს ზიზღით შეხედა.
ბერიშვილების ოჯახის სიამაყე იყო ეს ნახევარსარდაფი, რომელსაც თვითონ დარბაზს უწოდებდნენ. ქვითკირის კედლები სიძველისგან სიშავეში გადასული უხეშად გათლილი ფიცრებითა და ქართული აგურით მოეპირკეთებინათ. სიპი ქვა ოსტატურად ერწყმოდა აგურს. ბუხრის თავზე მუხის დირე მთელი კედლის სიგანეზე იდო და ზედ ძველი, მამა-პაპისგან შემორჩენილი ნივთები ელაგა: ერთმანეთში ჩაწყობილი თიხისა და ვერცხლის თასები, ჭინჭილები, ყანწები და სხვა სასმისები. დარბაზის შუაში გრძელი, მტკიცე მუხის მაგიდა იდგა. მოუხეშავ, საზურგიან სკამებს ცხვრის ტყავი ეკრა. კედლებზე ირმის, ფსიტისა და ნიამორის რქები დაემაგრებინათ. კარიდან მარცხნივ ფართო, ფოჩებიანი ფარდაგი ეკიდა, ალბათ, თუშური - წარმართული სიმბოლოებით მოხატული. ფარდაგზე ეკიდა ხმალი - ბაწარაული, ჩერქეზული ქამარ-ხანჯალი, ყირიმული ფილთა თოფი და საპირისწამლე ქისა. ფარდაგს იქით კედელზე ორი დათვის ტყავი მიეკრათ, ერთი უთუოდ გამორჩეული, კავკასიისთვის უჩვეულო - დიდი და შავ-თეთრი.
აქ ყველაფერი მუზეუმის ნივთებივით ძველი იყო და საუცხოო, სტუმარს მაშინვე მოწიწებით რომ განაწყობდა, მაგრამ, მათ შორის, ყველაზე შთამბეჭდავად მაინც ტახის თავის ფიტული მოჩანდა, ბუხრის ზემოთ ჭერთან მიმაგრებული, მტკავლის სიგრძე ეშვებითა და შავი მბზინავი ჯაგრით შემკული, თითქოს კედლიდან ეს-ესაა თავი გამოყო და გადმოხტომას ლამობსო. ფიტულის გვერდით ეკიდა შავ ჩარჩოში ჩასმული მხარიღლივ პატრონტაშგადაკიდებული, თოფშემართული კაცის სურათი.
რძალმა, ეკა ნოზაძემ, როგორც კი ბერიშვილების ოჯახში ფეხი შედგა, ტახის თავი მაშინვე აითვალწუნა. თავიდან ეს ქალის უბრალო ახირება იყო - უნდოდა, თავი დაემკვიდრებინა და პირველი, რაც ამისთვის გააკეთა, ის იყო, რომ თუნგებს და სასმისებს ადგილი შეუნაცვლა, კედლიდან ირმის ტყავები ჩამოხსნა, ფარდაგზე ნივთები გადაადგილა და ბუხრის კალთიდან მაშა და სპილენძის ქვაბი აიღო.
დათას დამყოლი ბუნება არ ჰქონდა, მაგრამ ცოლი უყვარდა და სანამ ჯერი ტახის თავის ფიტულზე არ მიდგა, ქალის სურვილის წინააღმდეგ არ წასულა.
- ღორის თავი დარბაზს არ უხდება, იქნებ ჩამოვხსნათ, გადავაგდოთ ან ვინმეს ვაჩუქოთ, - ეკამ ქმარს პირმოთნე ღიმილით შეხედა.
- არა, ტახი აქ უნდა იყოს! - კატეგორიული ტონით თქვა დათამ და დარბაზიდან გავიდა.
ტახის თავის ფიტულმა ცოლ-ქმარს შორის მალე შუღლი ჩამოაგდო.
- როგორ, ამ ღორს ვურჩენივარ?! - გამწარებული ეკითხებოდა თავის თავს ეკა და ცდილობდა, ისეთი რამ მოეფიქრებინა, რომ ქმარს ეს ბინძური თავი კედლიდან ჩამოეხსნა და მისი თვალსაწიერიდან მოეშორებინა. ეს ახირება მალე მასში განივთდა და სახე იცვალა: შეზიზღდა ტახის თავი, შემდეგ ზიზღი შიშში გადაუვიდა და მოკლე ხანში უკვე ზარავდა მისი დანახვა: თითქოს ტახში სული ჩაბუდებულიყო, რომელიც დროდადრო ეკას თავში შეძვრებოდა და ჩასძახოდა - დათასთვის მე შენზე ძვირფასი ვარ, ან შეეგუე, ან წადი აქედანო!
ეკას წასასვლელიც არსად ჰქონდა - მამის სახლში ვერ დაბრუნდებოდა. ერთადერთი, ვინც ყოველთვის თანაუგრძნობდა და ვისი იმედიც გააჩნდა, ზოია მამიდა იყო. ქვრივი ქალი თბილისში მარტო ცხოვრობდა, ეკას მემკვიდრედ მიიჩნევდა და ცდილობდა, ძმისშვილის მესაიდუმლე ყოფილიყო, მაგრამ თვით ამ ქალმაც კი, რომელსაც დათა მაინცდამაინც არ მოსწონდა, სისულელედ და ბავშურ აჟინებად მიიჩნია ღორის თავი.
- ტახის თავებისა და ლარნაკების გამო ოჯახს არ ანგრევენ, შვილო, - უთხრა მტკიცე ხმით და ამის შემდეგ ეკა მიხვდა, რომ მამიდის მიმხრობა თუ უნდოდა, რამე სხვა მიზეზი უნდა მოეფიქრებინა.
თავის დროზე მამამ, ლევან ნოზაძემ ეკას და დათას ურთიერთობა რომ შეიტყო, თავს ძალა დაატანა, არ აფეთქებულიყო:
- შვილო, ხომ იცი მაგ ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება? სულაძაღლებულმა მამამისმა ცხოვრება გამიფუჭა. არადა, კარგის მეტი რა გამიკეთებია?! სამსახური გავუჩინე, მწურედან ამოვიყვანე და მადლობის მაგიერი იყო?!. შენთვის ეს ბევრჯერ მიამბნია და თუ გაყვები, ჩათვალე, რომ მამა აღარ გყავს!
Mმამა-შვილის ამ საუბრამდე ეკას არაფერი ჰქონდა გადაწყვეტილი, დათას უბრალოდ ეკეკლუც-ეპრანჭებოდა. ამის შემდეგ კი მასში წინააღმდეგობრივი ბუნება გამოიძერწა, თავი წამოყო და აჯანყდა.  როგორ, რა უფლება აქვს ვინმეს, თუნდაც მამაჩემს, ჩემს  გრძნობებს უკარნახოს?! - ბრაზობდა, შეურაცხყოფილად მიაჩნდა თავი და უეჭველად მისი სიჯიუტის ბრალი იყო, დათასთან ურთიერთობა უცბად რომ დაათბო და სერიოზული გახადა. ქალმა თავი დაარწმუნა, რომ დათა უყვარდა და მოკლე ხანში, დედ-მამის ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ცოლად გაჰყვა.

დათას მამას მემგლე შოთას ეძახდნენ. იმ დროს მგლის მოკვლაზე ჯილდო იყო დაწესებული და კაცი ამით ირჩენდა თავს. ყოველ დილით სისხამზე ძაღლებთან ერთად ტყეში გადიოდა, ხაფანგებს აწყობდა და ნადირობდა.
ის და ეკას მამა ლევან ნოზაძე თანასოფლელები და თითქმის ტოლები იყვნენ. მაგრამ, სანამ ლევანი მილიციის უფროსის თანამდებობამდე არ ამაღლდა, ურთიერთობა არ ჰქონიათ.
ერთხელაც, როცა ლევანი სამინისტროში იმყოფებოდა, თათბირის შემდეგ მინისტრის მოადგილემ უთხრა, გამიგია, თქვენკენ კარგი სანადირო ადგილები ყოფილა, იქნებ მასპინძლობა გაგეწია და გენადირებინეო. ლევანს შანსი მიეცა ამ უფროსთან დაახლოებისა და სიხარულით დათანხმდა. ერთი თვის შემდეგ, ალბათ, პირველ თოვლს ჩამოყრის და წამობრძანდით, გელოდებითო, უთხრა გახარებულმა. ლევანს ნადირობა არ უყვარდა, თოფიც კი არ ჰქონდა და ამ მნიშვნელოვანი დღისთვის მთელი აღჭურვილობის შეძენა მოუხდა. მეგზურად გამოცდილი მონადირეც ნახა - მემგლე შოთა, თავისი საქმის ოსტატი, კარგი თოფ-იარაღისა და მწევარ-მეძებრების პატრონი.
იმ დღეს სამი მაღალჩინოსანი ჩამოვიდა საუცხოოდ ჩაცმულ-შეიარაღებული. მემგლე შოთამ  ყველაფერი დიდებულად განაწესა: სტუმრებს საფრებში მიუჩინა ადგილი, თვითონ მარეკობა იკისრა.
გაიშალნენ მწევრები, მალევე აიღეს გეში და აყეფდნენ. ორი შველი მოკლეს. დიდად კმაყოფილნი დარჩნენ სტუმრები. დილაუთენია წასულები უკან ღამით დაბრუნდნენ. ლევანის სახლში გაიშალა პურმარილი, შეიწვა და მოიხარშა ნანადირევი. მეორე დღესაც გაგრძელდა სუფრა.
აქეს და ადიდეს სტუმრებმა მემგლე შოთა, ხელოვანი მონადირე ყოფილხარო, ერთი შენი სახლ-კარიც დაგვალოცვინეო. საღამოხანს გადავიდნენ შოთასთან. გაოცდნენ სტუმრები დარბაზის ხილვით. მეომრისა და მონადირის სული სუფევსო ამ დარბაზში, აღნიშნა სადღეგრძელოში მინისტრის მოადგილემ, გელა ქობულიანმა და ლევანს მიმართა, იქნებ ეს კაცი დაგვესაქმებინა, შტატს ზევიდან ჩვენ დავუშვებთო. მაშ, რაღა პრობლემააო, თქვა ლევანმა. ისე კი გულში გაკენწლა, არ ესიამოვნა მემგლე შოთასი და მისი დარბაზის ესოდენი ქება.
ერთი თვის შემდეგ შოთას სამსახური მისცეს, მაგრამ მისი ბუნებისთვის მილიციელობა შეუფერებელი აღმოჩნდა. სულ რამდენჯერმე ეცვა ფორმა. სამსახურში თითქმის არ დადიოდა. იმ ზამთარს სანადირო ამინდი დიდხანს გაგრძელდა, ცა ყოველ კვირა ახალ-ახალ თოვლს ყრიდა. ჩამოდიოდნენ ნადირობის მოყვარული მაღალჩინოსნები, მაგრამ უკვე ლევანთან კი არა, პირდაპირ შოთასთან მიდიოდნენ. მისი სახლი სანადირო სადგურად იქცა. მინისტრის მოადგილე, ნადირობის დიდი ტრფიალი, ისე შეეთვისა, რომ ძმადაც კი გაეფიცა.
მეორე წელს ლევანი უფროსობიდან დააქვეითეს და ამაში ის მემგლე შოთას სდებდა ბრალს. მავანნი ამბობდნენ, „ცეხავიკი” დეიდაშვილის მფარველობის გამო მოხდა ასეო, მაგრამ სინამდვილე რა იყო, არავინ იცის. ლევანს ისე შეზიზღდა მემგლე შოთა, რომ უმძრახადაც კი მოეკიდა.
შოთა ბერიშვილი კარგა ხანია, ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ლევან ნოზაძეს მისდამი ზიზღი არ განელებია და ეს გრძნობა გარდაცვლილის მთელ ოჯახზე გადაიტანა. 
დიდად ატკინა გული ეკამ მამას, როცა დათას გაჰყვა, - იმდენად, რომ შვილი გულიდანაც კი ამოირეცხა.
დათა მამის საქმეს აგრძელებდა, ისიც პოლიციაში მუშაობდა და მასაც ხშირად სტუმრობდნენ ნადირობის ტრფიალი მაღალჩინოსნები. მათ სახლში ღვინის, დენთისა და სიტყვაკაზმული სადღეგრძელოების სურნელი არ ილეოდა. დაბრუნდებოდნენ ტყიდან მონადირეები, მოიტანდნენ ნანადირევს, გამოეგებებოდა დათას დედა, ელენე, ხომ მოხვედით მშვიდობითაო, ეტყოდა პირმღიმარი. შეხედავდა დათას, სულ მამასა ჰგავს მიხვრა-მოხვრაშიო, გაივლებდა გულში და ვინ მოკლა ნადირიო, იკითხავდა. ვის უნდა მოეკლა, შენმა ბიჭმა მოკლაო, ეტყოდნენ და ელენეს სახეზე წყენა გადაეკვრებოდა. კაცები ნანადირევს ადგილს მიუჩენდნენ, ხორცს აქნიდნენ, სამწვადეში ცეცხლს დაანთებდნენ, ბუხარს ააგიზგიზებდნენ, ცოტას მოისვენებდნენ და მერე გამართავდნენ ქეიფ-ღრეობას. უფლის სადიდებლის შემდეგ პირველი მემგლე შოთასი ისმებოდა. მისი სული ნადირობისას სულ თან დაგვყვება და ნადირს მოდენისო, იტყოდა უცვლელი თამადა, შოთას ძმადნაფიცი, გადამდგარი პოლკოვნიკი, ჯერ კიდევ მხნე და კლდეკაცი, გელა ქობულიანი,  მერე დათას ფეხზე დააყენებდა, მიდი, შვილო, მამაშენისა და ამ ტახისა გვიამბეო. ამ ოჯახში ესაც რიტუალის ნაწილი იყო. დიდად არ მოსწონდა დათას, ამ ამბის მრავალგზისი თხრობა, მაგრამ გელა ბიძას ხომ ვერ აწყენინებდა, ჯერ უხალისოდ დაიწყებდა და მერე თვითონაც ეშხში შევიდოდა:
- დილა იყო სისხამი, ცამეტი-თოთხმეტი წლის ვიქნებოდი, მამას არ მოვეშვი და ხაფანგების სანახავად გამიყოლა. მე თექვსმეტკალიბრიანი მქონდა და საჩიტე საფანტით დატენილი სამი ვაზნა, მამას - კარაბინი. მიხაროდა, შაშვს მოვკლავო და ავუყევით ხაფანგების თვალიერებით წიფლიან ჭალას. მიხათგორის ფერდა გავიარეთ და ჭანჭართხევში რომ ჩავედით, ძაღლები დაწინაურდნენ. კვერნა ვნახეთ, ხაფანგში გაბმული. გაყარა მამამ ძაღლები, ძირს დადო კარაბინი, ასახსნელად დაიხარა და ამ დროს ბექობს ზემოდან ელდანაცემივით აყეფდნენ ძაღლები. გასროლა მოვასწარი, მაგრამ ჩემი საჩიტე იმას რას უზამდა. შავი ლოდივით დაგორდა ტახი ბექობიდან და პირდაპირ მამაჩემისკენ წამოვიდა. კარაბინს წაეტანა მამა, აღება კი მოასწრო, მაგრამ სროლა – ვერა. დაეჯახა, გაისროლა და გაჰყვა თანა. მიჰყვნენ ძაღლებიც, მაგრამ არც შემობრუნებულა, ისევ მამასა ჰგლეჯდა ეშვით და თქერავდა. ხელის კანკალით ვეძებდი ჯიბეში ვაზნას და ამ დროს დაცალა მამამ კარაბინი. ეგრე არაფრის ხმა არ გამხარებია. გვერდი-გვერდ იწვნენ ორივენი. ტახი ისევ თავს აქნევდა, ეშვები ქაფით ჰქონდა დაფარული, სისხლიანი ეგდო მამაჩემი და გაწითლებული იყო თოვლი. რო დამინახა, ნუ გეშინიაო, მითხრა, წამოდგომა დააპირა, მაგრამ მარჯვენა ფეხი ვერ გამართა. თითქოს დახანჯლესო, წვივიდან ბარძაყამდე ეშვით იყო ასერილი. შარვლის ტოტით იხვევდა ფეხს და ისევ ჩემზე ფიქრობდა. არაფერია, არ დაფრთხე, არ დაშინდე შვილოო, მეუბნებოდა.
ჯანგირათ თედოს ჰქონდა ჭანჭართხევის ზემოთ ხაფანგები, - ღმერთმა აცხონოს, აღარც ის არის ცოცხალი, - იქა ყოფილა. ძაღლების წკმუტუნზე და სროლის ხმაზე ძახილით დაბლა დაეშვა. მალევე მოვიდა. ჩამოვიყვანეთ მამაჩემი. სალი კლდესავით კაცი იყო, სამ კვირაში ფეხზე გაიარა. სოფლიდან ბიჭები წავიდნენ, ექვსნი, გაუჭირდათ, დაბინდებულზე ძლივს მოათრიეს ტახი.
დათა ყველაფერს ისე ყვებოდა, როგორც მის გონებას შემორჩა, მაგრამ მთლად გულწრფელი არ იყო - ვესროლეო, როცა იძახდა, ტყუოდა. მას ტახისთვის არ უსვრია - ისე დაიბნა, თოფი რომ ჰქონდა, დაავიწყდა კიდეც. გასროლის ამბავი მამამისმა შეთხზა და მანაც სინამდვილედ გაითავისა.
კიდევ იყო ერთი - მამამ სიკვდილის წინ რომ უთხრა და არავისთვის გაუმხელია: შვილო, სანადიროდ რომ წახვალ, ამ ტახის ერთი ღერი ჯაგარი მაინც გაიყოლე, დაცდილი მაქვს, ნანადირევის გარეშე არ დაბრუნდებიო.
მამის დანაცადი დათამაც დასცადა და, ჰოი, საკვირველებავ! ღორის ჯაგარი თავის საქმეს მართლაც აკეთებდა. მაგრამ დათას რომ ეგონა, რომ ტახის საიდუმლო მარტო მან იცოდა, ცდებოდა. ერთ დღესაც დედამ – ელენემ იდუმალი სახით თავისთან იხმო და უთხრა: ¬- შვილო, არ მომწონს, როცა სტუმრებს ანადირებ და ნადირს შენ კლავ, არ არი წესი. მამაშენი სხვებს ახოცინებდა, ამით იყო დაფასებული. ჯაგარს ჯიბეში შენ რატომ იდებ, მათ ჩაუდე, შენ კი ნუ ნადირობ, ისინი ანადირე, თორემ, იცოდე, შური გაუჩნდებათ... ისე არავის შურს ერთმანეთისა როგორც მონადირეებს და მექალთანეებს.
დედის ნათქვამმა დათა შეაცბუნა. ტუჩები მოკუმა,  მეხდაცემულივით გახევდა, მერე კი მხოლოდ თავი დააქნია და გაეცალა. მისი საიდუმლოს მოზიარე ვინმე სხვა კი არა, დედა იყო, მაგრამ მაინც გული დასწყდა, ძარღვები დაუვიწროვდა და ფერი დაკარგა.
აქამდე ის თავს არ უტყდებოდა, ახლა კი  უცებ აღმოაჩინა, რომ არარაობაა, რომ მისი კეთილდღეობა, სარჩო-საბადებელი მთლიანად ამ ღორის თავზეა დამოკიდებული. მაშინ რომ არ დაბნეულიყო და ესროლა, უკვე სხვა იქნებოდა. ნაწილობრივ მაინც საკუთარ ნანადირევად ჩათვლიდა ტახს. ახლა კი რა გამოდის: მას ისევ პატრონობს გარდაცვლილი მამა, რომლის სულიც ამ ტახის თავშია განივთებული.
ეს ყოველივე გაიცნობიერა და გააჟრჟოლა. დარბაზის კარი შეხსნა. იქ შესვლა არც უფიქრია, თითქოს ფეხებმა უნებლიედ შეიყვანეს. უცებ შეკრთა, ერთხანს თავჩაქინდრული იდგა, შემდეგ ბუხრისკენ წავიდა, თავი ასწია და მამის სურათს ჯიქურ შეხედა. ფოტოზე მამა თოფით ხელში ამაყი, მომღიმარი სახით იდგა. ტახის თავზე გადაიტანა მზერა. ტახს ქვედა ყბა მცირედ ჩამოსწეოდა, წინ ყვითელი  წვრილი კბილები მოუჩანდა, ხოლო ეშვებს ზედა ტუჩი მაღლა აებზიკათ. მოეჩვენა, რომ ღორი უღიმოდა და სადაცაა ხარხარს ატეხდა.
- წადი თქვენი... - შეიგინა, ზურგი აქცია და როცა დარბაზიდან გავიდა, ყურში საკუთარი სიტყვების ექო ჩაეღვარა: „წადი თქვენი...”, „წადი თქვენი...”
რატომ თქვა -„თქვენი” და არა - „შენი”? გამოდის, რომ მამასაც შეაგინა... სახლის კედელს ზურგით მიეყრდნო და დამნაშავესავით მხრები ჩამოყარა.
ცოლის ხმამ გამოაფხიზლა:
- დათა, სალაპარაკო მაქვს.
- თქვი, ¬- ანგარიშმიუცემლად გასცა პასუხი.
- სერიოზულად მინდა დაგელაპარაკო!
- ჰო, დამელაპარაკე.
- რამდენჯერ მითქვამს, რო მაგ ღორისა მეშინია, მძულს და მეზიზღება! ახლა კიდევ ერთხელ გეუბნები. აქ ცხოვრება აღარ შემიძლია! მოაშორე ღორი! მოაშორე! თორემ მივდივარ! დღესვე მივდივარ!
- რა? ტახი მოვაშორო? შენ გინდა, რომ გადავაგდო? თუ შენ გინდა, ტახს გადავაგდებ.
ეკამ გაკვირვებულმა შეხედა. არ მოელოდა დათა თუ ასე უცებ დანებდებოდა. მას ბარგი შეკრული ჰქონდა და უქმროდ ცხოვრების რომანიც უკვე შეეთხზა, მაგრამ, რომ ეგონა, ყველაფერი მის მიერ წარმოდგენილი სცენარით წავიდოდა, შეცდა - დათა ყოველგვარი სკანდალისა და გართულებების გარეშე მზად იყო, ღორის თავი გადაეგდო და ქალს ქმრის უბრძოლველად დანებება არა მარტო გაუკვირდა, ცოტა ეწყინა კიდეც.
- უკვე აღარ შემიძლია, ახლავე გადააგდე ღორის თავი, დათა! - იყვირა ქალმა, მაგრამ მის ამ სიტყვებში ის ემოცია აღარ იდო, რომლითაც ქმართან დიალოგი დაიწყო.
დათა შემობრუნდა, დარბაზში შევიდა და ტახის თავსა და მამის სურათს ისე შეხედა, როგორც მეომარი უყურებს ბრძოლის წინ მოწინააღმდეგეს. თახჩიდან დოქი გამოიღო, ღვინო ფართო ფიალაზე დაისხა და დალია. ტუჩიდან სასმისი მოიშორა და კმაყოფილი სახით ცოლისკენ შებრუნდა:
- შენ კარგად იყავი, მაგას დედას ვუტირებ, ახლავე ავჭრი-ავჩეხავ!
კედლიდან ბაწარეული ჩამოხსნა, ხელში აათამაშა და ტახის ფიტულისკენ წავიდა.
- დათა! - მოესმა უკნიდან დედის განწირული ხმა და შემობრუნდა.
ელენე დარბაზის კარში შეძრწუნებული სახით იდგა.
დათას აწეული ხმლიანი ხელი ძირს ჩამოუვარდა.
- დათა, დაწყნარდი! მოდი, შვილო, რა გითხრა...
დათა შეიძლება, ადრე არც დამორჩილებოდა, მაგრამ, ახლა, როცა გაიგო, რომ ტახის საიდუმლო დედამაც იცოდა, მშობლისადმი სხვანაირი შიში და კრძალვა გაუჩნდა. ხმალი ძირს დააგდო, დედასა და ცოლს გვერდი აუარა და ეზოში გავიდა. ელენე უკან გაჰყვა, ხელი დაუჭირა და სამზადში შეიყვანა.
- შვილო, - დაიწყო წყნარი ხმით, - მამაშენს ნადირი რომ მოეკლა, ქსნის სათავეებამდე მიდიოდა, ორი-სამი დღე იკარგებოდა. ახლა ეგ ადგილები რუსებმა წაგვართვეს. ვიდრე ეგ ტახი გამოჩნდებოდა, აქეთ ნადირი იშვიათი იყო. ამ გაჭირვებულ დროში მისი დახმარებითა ვდგავართ ფეხზე. სამსახურში არ დადიხარ და ხელფასს კი გიწერენ. ეგ მაგ ტახის დამსახურებაა. გადააგდებ მაგ თავს და იქ შენი უფროსები აღმოაჩენენ, რომ ჩვენკენ ნადირი არ ინადირება და ყველა დაგივიწყებს. შენი პოლიციელობა რომ ვიცი, სამსახურიდანაც გაგიშვებენ. დღეს რომ ძმას გეძახიან, როცა არ დასჭირდები, სალამსაც არ გეტყვიან. ცოლს ნუ დაუჯერებ, შვილო, ეგ სახლიდან წასვლის მიზეზს ეძებს. წამსვლელს კი ვერაფერი დაიჭერს!
დათა დედას არ შეპასუხებია. თავჩაქინდრული იჯდა. წეღანდელი აღგზნებულობის შემდეგ ტვინი არეოდა და დედის ლაპარაკს გონებამდე არც უშვებდა. ეს ყველაფერი მან ისედაც კარგად იცოდა.
- კარგი, დედი, კარგი, - ეს სიტყვები თქვა და ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
მობილური ჯიბეში გაჭირვებით იპოვა და უპასუხა:
- გამარჯობა, გელა ძია... არა, კარგად ვარ, - რამდენიმე წუთი უხმოდ ისმენდა, შემდეგ გელოდებითო, თქვა და ტელეფონი გათიშა.
- გელა იყო? - ჰკითხა ელენემ.
- ჰო.
- როდის ჩამოდის?
- ხვალ ჩამოდის და დეპარტამენტის ახალი უფროსი მოჰყავს, - თქვა წყნარი ხმით და, რატომ უხარია ხოლმე დედაჩემს მისი ჩამოსვლაო, გაივლო გულში. სხვა დროს ამაზე არ უფიქრია. ახლა კი ეს კითხვა შეუჩნდა თავში.

ეკა საერთო ოთახში ღუმელის გვერდით, ტახტზე იჯდა. იდაყვები მუხლებზე დაებჯინა და თავი ხელებში ჩაერგო. ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა, მერყეობდა. პატივმოყვარეობა ნაწილობრივ უკვე დაიკმაყოფილა - ქმარი დაიყოლია, მაგრამ მის წინ ახლა  დედამთილი აღიმართა ძველ ხავსიან ღობედ, რომლის გადანგრევასაც, მისი აზრით, დიდი ჯაფა არ დასჭირდებოდა. მთავარია, ქმარი მოინადირა, მისი სიმტკიცე გატეხა.
ქმრის ფეხის ხმა რომ გაიგო, თავი არ შემოუბრუნებია, უფრო გაილურსა. დათა ერთხანს ხმას არ იღებდა და ქალს მოეჩვენა, რომ ეს დრო ძალიან გაიწელა.
- ხვალ სტუმრები ჩამოდიან. ახლა დაწყნარდი, ცოტა მოიცადე და როგორც შენ გინდა, ისე იქნება, - თქვა და თავზე ხელი გადაუსვა.
- რამდენი უნდა მოვიცადო? აღარ შემიძლია, ღორის თავისა მეშინია, მზარავს, მალე, ალბათ, სიზმარშიც მომელანდება.
- სტუმრებს რომ გავისტუმრებთ, მერე...
- ვინ ჩამოდის? გელა ძია?
დათას მოეჩვენა, რომ გელა ძია ქალმა ირონიით ახსენა.
- გელა ძია და კიდევ სხვა... კარგი დაწყნარდი, - თქვა დაბალი ხმით და გვერდით ჩამოუჯდა.

მეორე დღეს საღამოს სტუმრები მოვიდნენ. ორნი  იყვნენ: გელა ძია და დეპარტამენტის ახალი უფროსი - ლუკა კაციაშვილი.
მანქანიდან გელა პირველი გადმოვიდა, მასპინძლისთვის არ დაუძახია, თვითონ გახსნა ჭიშკარი, იცინოდა, ხმამაღლობდა და დათას უცხოდ არაფერი მოსჩვენებია, რადგან გელა ძია ყოველთვის ასეთი იყო, ხოლო დეპარტამენტის უფროსს - ლუკას დათაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია. სამაგიეროდ, ეკამ მაშინვე შენიშნა ამ კაცის შესაშური აღნაგობა და დახვეწილი მანერები.
ეკას გადაწყვეტილი ჰქონდა, სუფრის გაშლის ჯაფა მთლიანად დედამთილის კისერზე გადაეტარებინა, მაგრამ ბოლო წამს აზრი შეიცვალა. თვითონაც ბოლომდე არ ჰქონდა გაცნობიერებული ან, უბრალოდ, თავს არ უტყდებოდა, მაგრამ მიზეზი ამისა მათი მომხიბვლელი სტუმარი გახლდათ.
ბუხარში ცეცხლი დაინთო, დათა შამფურზე სამწვადეს ასხამდა, ელენე სამზადში ფუსფუსებდა. ეკა სუფრას შლიდა. გელა ძია სტუმარს დარბაზში გამოფენილ ნივთებს აცნობდა და მემგლე შოთასთან ერთად გადახდენილ ამბებს ყვებოდა. ლუკა ყურადღებით უსმენდა. ემოციებს არ მალავდა, ლეკურ ოთხღარიან ხანჯალსა და ბრინჯაოს ღაჯიას ხელში ათამაშებდა და  გელას მადლობას უხდიდა, ეს ოჯახი რომ გააცნო. ამას ის ძალიან ბუნებრივად აკეთებდა, ისე, რომ მის სიტყვებში არაფერი იყო ძალდატანებითი და ხელოვნური. ასეთ ადამიანებს, უთუოდ, მხოლოდ აღზრდა არ აყალიბებს, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი თანდაყოლილი გულწრფელობისაკენ მიდრეკილი ბუნებაა. მათ არ სჭირდებათ, გარშემო მყოფებს საკუთარი მნიშვნელობა დაუმტკიცონ. ისინი ამაზე ჯაფას არ ხარჯავენ, პატივისცემას მონიჭებული მადლით, ძალდატანების გარეშე იღებენ.
ლუკა განსაკუთრებით ტახის თავის ფიტულმა აღაფრთოვანა. სკამზე შედგა და ეშვების სიგრძე გაზომა.
- სასწაულია ყველაზე გრძელი ეშვი, როგორც მსმენია, 12-13 სანტიმეტრია, ეს კი თხუთმეტზე ნაკლები არ არის, - ამბობდა და ისე უცქერდა ტახის თავს, როგორც ღვთის სასწაულს.
- მაგ ტახის ამბავს მერე დათას ვაამბობინებ, მაგრად იბრძოლეს მაგან და მამამისმა, - თქვა გელა ძიამ და თვალი ჩაუკრა, - ისე, ესეთი რამ შენ ბუხარსაც მოუხდებოდა.
- მაგრად მოუხდებოდა, - თავი დაუქნია ლუკამ.
უკვე გვიანი იყო, პურ-მარილი რომ გაიშალა. დათამ გელა ძიას სუფრის გაძღოლა შესთავაზა, მან კი მტკიცე უარი თქვა, მე რომ თამადად დავდგე, ჩემი ამბავი რომ ვიცი, ღამე უნდა გაგათევინოთ და სჯობს, ლუკამ დაგვალევინოს სამი-ოთხი ჭიქა და დროზე დავიძინოთ, რომ ხვალ ადრიანად გავიდეთო.
ლუკას უარი არ უთქვამს, დიდ თამადობას ვერა და სამ-ოთხს კი დაგალევინებთო, თქვა და ოჯახი ადღეგრძელა. ორი სასმისის შემდეგ ღვინო მოეკიდა, გამხიარულდა და სახალისო ამბებისა და ანეკდოტების მოყოლა დაიწყო.
ეკა ასეთ დროს დარბაზიდან გადიოდა. მიზეზი ამისა მხოლოდ ღორის თავი არ იყო. მას არ უყვარდა მთვრალი კაცების მოსმენა, მაგრამ ახლა გვიანობამდე შემორჩა. მოეწონა ლუკას ხუმრობა, მისი არტისტიზმი, ლამაზი იუმორი, ხოლო როცა ამ კაცმა მისი სადღეგრძელო დალია და დიდი სახლის პატარა დიასახლისი უწოდა, ლამის ბედნიერებისგან დადნა.
- ამ ტახის ამბავი მოყევი, დათა, - სთხოვა სამი სადღეგრძელოს შემდეგ გელა ძიამ.
ამ კაცმა ხომ სული ამომხადა ტახის ამბის მოყოლითო, გაიფიქრა დათამ და თხრობა დაიწყო. ჩვეულებრივთან შედარებით უფრო უხალისოდ ჰყვებოდა და როცა ტახის გამოჩენამდე მივიდა, შებორკდა, მოუნდა, სიმართლე ეამბნა, ეთქვა, რომ დაიზაფრა და ვერ ესროლა, ნერწყვი სასულეში გადასცდა და ხველა აუვარდა. ამ დროს გელა ძია წამოეშველა და მის მიერ დაწყებული ამბავი უფრო ხატოვნად გააგრძელა:
- ამას ვენაცვალე, პატარა იყო, მაგრამ არ შეშინდა, არ დაიბნა და ესროლა.
დათას მოეჩვენა, რომ ამ სიტყვების თქმისას გელა ძია ორაზროვნად უღიმოდა და, ამან ნაღდად სიმართლე იცისო, გაიფიქრა.
თუ იცის, მაშ რა უნდა? ყოველ ჯერზე ტყუილს რატომ მაყოლინებს?! ალბათ, დამცინის, მაღადავებს და ერთობა, - გაივლო გულში და ხველამ უფრო უმატა.

დათამ დედას დაასწრო და სისხამზე ადგა. ელენეს უჩვეულოდ ეჩვენა. წუხელ არ გეძინაო, ჰკითხა, როცა სამზადში ცეცხლის პირას მჯდომარეს ჰკიდა თვალი.
- დღეს ჯაგარს არ წავიღებ, დედი, მაგრამ ნადირს მაინც მოვკლავ!
- გაგიჭირდება, შვილო, - უკმაყოფილოდ გააქნია ელენემ თავი.

მზე ახლად იყო ამოწვერილი, კარგი სანადირო ამინდი გათენებულიყო და სადამდეც შესძლეს, მანქანით მივიდნენ მონადირეები. შემდეგ ფეხით განაგრძეს გზა.
ძაღლები დაწინაურდნენ. წუხანდელ ნიავს ახალი თოვლი ალაგ-ალაგ მიენამქრა და სიარული ჭირდა. დათა წინ მიდიოდა და თოვლს მიჰკვალავდა.
ჭანჭართხევის თავი გადაიარეს და ქარაფებს მაღლა აუყვნენ. შუადღეს გადასცდა და ვერაფრით აიღეს ძაღლებმა გეში. თორღვათგორს შემოვუაროთო, აიჩემა დათამ. არაო, ქვემო მხარე რუსს უჭირავს, გვესვრიან, დაგვთოფავენო, თქვა გელა ძიამ.
- მაგათი დედაც... ეგ ჩემ მამა-პაპათ სანადირო ადგილებია, ეგენი მე ვერ დამაშინებენ! - დათვივით დაიბურდღუნა დათამ.
სასროლზე მაინც ნუ მივალთო, ფრთხილობდა გელა ძია.

თორღვათგორს რომ შემოუარეს, მზე უკვე გადაწვერილიყო. ბალღიანთ ახოს ეძახდნენ იმ ადგილს, სადაც გელა ძიამ ღორის კვალს მოჰკრა თვალი.
- მოდი!.. ტახია, - დაუძახა დათას და ნაკვალევთან ჩაიჩოქა. დათაც მიუცუცქდა, შემდეგ ადგა და ღორის კვალს თვალი გაადევნა.  ოთხი საათით მაინც გვასწრებს, მაგრამ დავეწევითო, თქვა და ძაღლებს დაუძახა.
მოცვივდნენ მეძებრები, აიღეს გეში და გაყვნენ კვალს. რამდენიმე წუთის შემდეგ თორღვათგორის ქვემოდან ისმოდა ძაღლების ყეფა-წკავწკავი.
გელამ მოიმარჯვა დურბინდი და მზეზე ბზინავ თოვლიან სერებს დაუწყო თვალიერება.
- ძაღლები ხევისკენ დაეშვნენ, მანდ სადღაც მგონი რუსები დგანან, - თქვა და მისმა ნათქვამმა ლუკა შეაკრთო, დათას კი არაფერი გაუგია. ის ძაღლებს ჩასდგომოდა კვალში.
სისულელედ მიაჩნდა გელას ტახის დევნა, მაგრამ დათას ხომ არ დატოვებდა და ისიც ჩაუყვა ფერდობს, უკან გამოუდგა ლუკა, რომელსაც დათას აზარტი თითქოს გადასდებოდა.
- დათა! დათა! ჰეე! დათა! - ყვირილით ეშვებოდა გელა.

ეკას გვიანობამდე არ დაეძინა. გამთენიისასღა წათვლიმა და როცა ელდამ გამოაღვიძა, ქმარი გვერდით არ ეწვა. ერთხანს ლოგინში იტრიალა, ბრაზი ყელში მობჯენოდა. დედამთილზე იყო დაბოღმილი:
„რა უნდა ამ ქალს? დათა ხომ აპირებდა ღორის თავის გადაგდებას, ეგ რით ვერ შეელია? რა ქაჯი შეუჩნდა? ვძულვარ, უნდა რომ გავიტანჯო, მაგრამ ვერ ეღირსება! წავალ, დავტოვებ ამ სახლ-კარს და როგორ იქნება უჩემოდ მაგისი ბიჭი, ვნახოთ!”
რაც უფრო მეტს ფიქრობდა, მის გონებაში ქმრისგან წასვლის აზრი მით უფრო მყარდებოდა.
სანამ საძინებლიდან გამოვიდოდა, მამიდას დაურეკა. ვიდრე ქალი უპასუხებდა გული ყელში მოებჯინა და აქვითინდა.
- აღარ შემიძლია! აღარ შემიძლია, მამიდა, ამ სახლში ვეღარ გავძლებ, ალბათ, თავს მოვიკლავ!
- რა მოგივიდა, შვილო, ისევ ღორის თავი?
- არა, მცემა, - თქვა და ხმა გაებზარა, წამოსცდა, რამე მნიშვნელოვანი ხომ უნდა ეთქვა და წამოსცდა. ტყუილის თქმას არ იყო ჩვეული და შინაგანი უხერხულობა ტირილით გადაფარა.
- წამოდი, შვილო! მაგას უპატრონო ხომ არ ჰგონიხარ?! ჩემთან წამოდი, შვილო, დღესვე წამოდი!
ეკას გზა გაეხსნა. ცოტა კი რცხვენოდა, დათას ის დააბრალა, რაც არ უქნია, მაგრამ ეს უნებურად მოუვიდა, თანაც ღორის ბინძური თავის ყურებას ცემა არ ჯობს? გცემენ და მორჩა! ეს თავი კი კედელზე წყევლასავით ჰკიდია, თითქოს სახლში ურჩხულმა შემოყოო დორბლიანი თავი. ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს, თუნდაც ღორის მთელი კოლტი გამოუკიდიათ კედლებზე. თვითონ წავა, დატოვებს და მერე ამ სახლში ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ჯანდაბაშიც წასულა ყველაფერი!
ტანსაცმელი ჩანთაში ჩაალაგა და სახლიდან გავიდა. სამზადს რომ ჩაუარა, შიგნიდან ხმა მოესმა, შემობრუნდა, დედამთილიაო, გაიფიქრა და ვერ გადაეწყვიტა დანახვებოდა თუ ასე უჩუმრად წასულიყო. ბოლოს ელენემ თვითონ გამოყო სამზადის კარიდან თავი.
- მივდივარ, მორჩა, მივდივარ, - თქვა წყნარი, ოდნავ დარცხვენილი ხმით და ის იყო ჭიშკრისკენ აპირებდა წასვლას, რომ ელენემ მოუხმო:
- მოდი, შვილო, რა გითხრა. კაი ხნის წინ უნდა გამეგებინებინა, ალბათ, შენთვის მაგრამ... შემოდი, შვილო, შემოდი.
ეკა სამზადისკენ წავიდა.
- რაღა უნდა მითხრა, ჩემ თავს ღორი გირჩევნიათ და...
-დაჯექი და კარგად მომისმინე. ეს თავი უბრალო ღორის თავი არ არის. ამითა ვართ, ამითა ვცხოვრობთ, ის გვაძლევს სარჩოს...
- ჰოდა, გქონდეთ ეგ თავი და გაუფრთხილდით, მე მივდივარ! - ეკამ სიტყვა გააწყვეტინა და შემობრუნდა, მაგრამ ელენემ ჩანთას ხელი უტაცა და გააჩერა:
- მოიცა, ჯერ არ დამიმთავრებია. შენი ქმარი ტყიდან ნადირის გარეშე რომ არ ბრუნდება, ეგ მაგ ტახის წყალობითაა. სანადიროდ რომ მიდის, ჯაგარი მიაქვს. მაგისი ჯაგარი თილისმაა, ნადირს მოდენის, ჩვენ კი ნადირითა ვცხოვრობთ. ვეღარ მოკლავს დათა ნადირს, დაკარგავს ყველაფერს და მშივრები დავრჩებით, შვილო.
- ჰო და, კარგად იყავით, გაუფრთხილდით მაგ ღორის თავს! - იყვირა ეკამ, დედამთილს ჩანთა ხელიდან გამოგლიჯა და წავიდა.

დათას ესმოდა გელას ძახილი, მაგრამ თითქოს ეს ხმა მას არ ეხებოდა, არ ეპუებოდა თოვლს და მშიერი მხეცივით მისდევდა ნადირის კვალს.
- დათა, მოიცა! - კიდევ ერთხელ ჩაესმა სასოწარკვეთილი ხმა და მიხვდა, რომ უნდა გაჩერებულიყო, ძაღლებს დაუძახა და დაღლილი მგელივით ჩაყუნცდა.
არა, არ დანებდება, ხელმოცარული ვერ მივა სახლში, ვერაფერი შეაკავებს, ვერც გელას თხოვნა, ვერც რუსი და ვერც ეშმაკი. ეს ტახი მისი ბედისწერაა! ნანადირევის გარეშე არ დაბრუნდება, უნდა დაუმტკიცოს ჯერ საკუთარ თავს და მერე დედას, რომ მონადირეა და თილისმა არ სჭირდება. შეიძლება უზრდელობაა სტუმრების მიტოვება, მაგრამ ახლა ზრდილობის დრო არ არის. მარტო ჩაუდგება ტახს კვალში!
გელამ ქოშინით ჩამოირბინა დაღმართი და სანამ ლუკაც მოვიდოდა, დათას გვერდით ჩაიმუხლა, ფეხი დაასვენა, ცოტა შეიქაქანა და დაიწყო:
- კვალი სერზე გადადის, შენ ჩემზე უკეთესად იცი, ას ნაბიჯს ავივლით და უკვე რუსის სამიზნე გავხდებით. არ არის ჭკვიანური მაგ ტახის დევნა. დავბრუნდეთ!
- გელა, ძაღლები წაიყვანეთ და წადით, შეთქმული მაქვს - ნადირის გარეშე შინ არ დავბრუნდები.
შეუვალი სახე ჰქონდა დათას. გელას ასეთი არასოდეს აუნახავს. თანაც მას მუდამ გელა ძიად იხსენიებდა, ახლა კი მხოლოდ - გელა...
აზრი არა აქვს, ამ კაცთან ლაპარაკსო, გაიფიქრა, მაგრამ მაინც სცადა: სიტყვამრავლობდა, ცდილობდა გადაეფიქრებინა. დათა გონებამდე არ უშვებდა მის სჯა-ბაასს და ძაღლებს საყელურებს აბამდა.
- აი, ძაღლები წაიყვანეთ და წადით, მე კი მაპატიეთ, - თქვა და ღვედები გელას მიაწოდა.
- ღმერთი გეწეოდეს, - დათვივით ჩაიბურდღუნა გელამ. დაღამებამდე იქნებ მანქანამდე მივაღწიოთო, მიმართა ლუკას, დათას ზურგი აქცია და ძაღლებს გაუჯავრდა.

ელენემ ჭიშკრის ხმა რომ გაიგო, გარეთ გამოვიდა და შვილს რომ ვერ მოჰკრა თვალი, არ გაჰკვირვებია. ამას მოელოდა. „მაგის ჯიშ-ჯილაგს ვიცნობ, სულ მამასა ჰგავს, რახან დაიჩემა, სანამ ნადირს არ მოკლავს, სახლში არ მოვა...” - მთელი დღე ეს ფიქრი ჰქონდა აკვიატებული და როცა გელამ დარცხვენილმა უთხრა, არ ვიცი სად არის, ტახის კვალზე იდგა და არ გამოგვყვაო. ასეც ვიცოდიო, წაიდუდუნა და სტუმრები გაამხნევა: თქვენ დარდს ნუ მიეცემით, შემოდით გაიხადეთ, გაშრით, გელოდით, კეცი ცეცხლზე მიდგა, ხელად ხაჭაპურს ჩავაცხობ, ი, ჩემი ბიჭი კი ხვალ გამოჩნდებაო.
ლუკას ეუცხოვა ქალის სიმხნევე. სულ არ ჰგავდა დედამისს და არც სხვა ახლობლების დედებს, რომლებიც შვილისას პატარა რამესაც კი შეიცხადებენ.
- ელენე, არ შეწუხდე, მარტო ხაჭაპური, მეტი არაფერი გვინდა, სუფრის შლას ნუ დაიწყებ, აქვე სამზადში ცეცხლის პირას შევჭამთ, - თქვა გელამ, ჩექმების გახდა დაიწყო და რძალს, ალბათ, სძინავსო, იკითხა.
- რძალი წავიდა... თავისების მოსანახულებლად წავიდა, - სიმართლე დამალა ქალმა.
ის ღამე ჟიპიტაური წრუპეს, დათას მოსვლის იმედი კიდევ ჰქონდათ. გამთენისას მოტეხა ძილმა თავი და დაწვნენ.

დათა მეორე დღესაც არ დაბრუნდა. დღეს მოვიცადოთ და თუ ხვალაც არ გამოჩნდა, უნდა განვაცხადოთ, უთუოდ რუსებმა დაიჭირეს ან მოკლესო, - გელა მალულად ეჩურჩულებოდა ლუკას.
ელენე წუხილს სტუმრებს არ აჩვენებდა, საღამომდე იკავებდა თავს, მაგრამ ვახშმობისასაც რომ არ გამოჩნდა ბიჭი, ოხვრა აღმოხდა და მთელი გული ამოაყოლა:
- მოგიკვდეს, შვილო, დედა! - ეს ერთი წინადადება უნებლიედ თქვა და სტუმრებისა შერცხვა, კაცი დატოვეს, ისედაც გულდამძიმებულნი არიან და მე ნუღარ დავამწუხრებო.

მთელი ღამე იწრიალა ქალმა, არადა არ მოეკიდა რული. ბოლოს ძლივს წასთვლიმა და ავი სიზმარი ნახა:
ვითომ დარბაზშია შესული ბუხრის დასანთებად და ხედავს ტახის თავი ძირს ჩამოვარდნილა, ნაცარში იგუნგლება და ტირის. რა მოუვიდა, რა სჭირს ამ წყეულსო, გაიფიქრა, მყის შემობრუნდა ტახი და უთხრა: წადი, ქალო, კარი გაუღე, შენი ბიჭი მოდისო.
სიზმრის ელდამ გამოაღვიძა და გულნაკბენი კარში გავიდა. ხედავს დათას ჭიშკარი გამოუვლია და სამზადისკენ მხარზე ღორგადებული მოდის. სიხარულის ელდა გულში ვერ დაიკავა და შეჰკივლა:
- დედა გენაცვალოს, შვილო, მოხველ ცოცხალი?
- მოველ და ნანადირევიც მოვიტანე, - თქვა დათამ ხვნეშით და ღორი სამზადის წინ თოვლზე დააგდო.
ელენეს ხმამ გააღვიძა გელა. გარეთ გამოვიდა ჩაუცმელი.
სადა ხარ? რად დაგვაღონეო? - უსაყვედურა დათას და ღორს რომ მოჰკრა თვალი, იყვირა:
- ეე! შენ მართლა გინადირია! სადამდე იარე, სად მოჰკალი, ქსანზე?
- ქსანზე მოვკალი გუშინ თენებისას. იქითობას კი გავცდი რუსის საგუშაგოებს, მაგრამ სროლის ხმაზე კვალზე დამადგნენ, მხარზე მოვიგდე ტახი და წყალ-წყალ ჩავყევი ხოხათხევს და რუსმა კვალი დაკარგა. ლომისის ქედზე გადმოვედი აქეთობას.
ხმაურზე ლუკაც გამოვიდა. ათვალიერებდა ტახს და უზომავდა ეშვების სიგრძეს. ახალგაზრდაა, ერთი-ორი წლისა თუ იქნებაო, დაასკვნა ბოლოს.     

ეკა ნაშუადღევს უკვე თბილისში იყო.
რამდენჯერმე აამბობინა მამიდამ ცემის ამბავი და რამდენჯერაც მოყვა, იმდენჯერ მძიმედ განიცადა, არ ეხერხებოდა ტყუილი, ყოველ ჯერზე ქვითინებდა და როცა მამიდა ცდილობდა მისთვის თვალებში შეეხედა, თავს ხრიდა და ცრემლს იწმენდდა.
პედაგოგი იყო ზოია მამიდა, მთელი ცხოვრება სკოლაში გაეტარებინა და ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა, ტყუილ-მართლის ამოკითხვის უნარი გააჩნდა და ქალი მაშინვე მიხვდა, რომ მისი ძმიშვილი რაღაცას აზვიადებდა ან მალავდა.
- ახლა მთავარია, სტრესიდან გამოხვიდე. შაბათს დაქალებს დავპატიჟებ, გაგაცნობ. ადამიანებთან ურთიერთობა გჭირდება, რომ ჯავრი გულიდან გადაგეყაროს. მერე კი, როცა დრო გავა, დაფიქრდები და მიხვდები, ღირს თუ არა მაგ შენ დათასთან ცხოვრება.
ეკა მამიდას ცალი ყურით უსმენდა, მისი გონება მომავალს ჭრელი ძაფით ქსოვდა და საერთოდაც, გამოუცდელი ქალი იყო. ჯერ სკოლა და მერე  დათა - სულ ეს იყო მისი განვლილი გზა. ქორწინებამდე სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია, იყო რამდენიმე ბიჭთან მცირედი ფლირტი და ახლა აქ, უცხო გარემოში, ოთხ კედელს შორის გამოკეტილი, ხშირად და ტკბილად იხსენებდა მათ.
იყო ქალაქში კიდევ ერთი რამ, რამაც ქალს გული დასწყვიტა: იქ სოფელში, ქვემოუბანში, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან, ისე არ გაივლიდა, ბიჭებს თვალი არ გაედევნებინათ. ეს მოსწონდა ეკას, თავდაჯერებულობას მატებდა. აქ კი მსგავსი არაფერი  შეუნიშნავს. როცა მამიდა სკოლაში იყო, ეკა ჩამოვიდოდა ბინიდან ძირს, იქვე პარკში დაჯდებოდა და წიგნს გადაშლიდა. კითხვა არ უყვარდა. ერთს არ გადაფურცლავდა, უბრალოდ ქაღალდს მიშტერებოდა და ფიქრობდა. დღეში რამდენჯერმე ამოიღებდა ჩანთიდან ტელეფონს, ძველ სიმბარათს ჩააყენებდა და ითვლიდა, იმ დღეს რამდენჯერ სცადა ქმარმა დარეკვა და რაც მეტი იყო ასეთი უპასუხო ზარი, მით უფრო მეტი თვითკმაყოფილება ეუფლებოდა. 
ზოია მამიდას ყველა დაქალი ეკაზე უფროსი იყო და ამისა, თუ მისი სოფლელობის გამო, ვერცერთთან ვერ გამონახა საერთო. მათ რაღაც ისეთი ჰქონდათ, რომელსაც ეკა სიტყვებით ვერ ახსნიდა, მაგრამ ძალიან კი არ მოსწონდა. თრგუნავდა მათი თეატრალურობა და ლამაზსიტყვაობა.
ქალაქში დროის მოკვლის კიდევ ერთი ხერხი ისწავლა ეკამ: მაღაზიების დათვალიერება. დიდ მაღაზიას ირჩევდა და ხშირად უფრო მუშტრის თვალიერებით იყო გართული, ვიდრე საქონლის.
ორი-სამი კვირა იქნებოდა გასული, რაც სახლიდან წამოვიდა. ტექნიკის მაღაზიას სტუმრობდა, როცა ლუკას მოჰკრა თვალი. კაცი მისგან ზურგით იდგა და ეკას უცნაურად აუჩქროლდა გული, მაგრამ თვითონ ვერ მივიდოდა, რამენაირად ისე უნდა მოეწყო, რომ ვითომ პირველმა ლუკამ შენიშნა. გასასვლელისკენ გაიარა და შემობრუნდა. წესით, ლუკას მისკენ უნდა ჰქონოდა პირი. მაგრამ კაცი უკვე მეორე მხარეს იყურებოდა. ეკამ კარგა ხანს უარა გარშემო და როცა შენიშნა, რომ ლუკამ დაინახა, დაიხარა და საქონელს დაუწყო თვალიერება.
- გამარჯობა, ეკა, - მოესმა უკანიდან.
გაითამაშა, თითქოს ეს შეხვედრა ძალიან მოულოდნელი იყო, თითქოს უცებ ვერც იცნო, ხოლო შემდეგ შეეცადა, რაც შეიძლება, ლაღად და შინაურულად მოეკითხა კაცი. გამოუვიდა კიდეც, მაგრამ რაღაც ისეთი უნდოდა ეთქვა, რითაც ამ კაცს დაიჭერდა და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, შეიძლება ითქვას, არც უფიქრია, ისე წამოსცდა:
- არ დამავიწყდება, ლუკა, ის საღამო, მაშინ შენს გამო დავრჩი...
ლუკა დაიბნა, ვერ მიხვდა ამ ქალს რა უნდოდა და ვითარება რომ გამოესწორებინა, ჰკითხა:
- სახლში როგორ ხართ? დათა როგორ არის?
- აჰ, მეგონა, იცოდი... მე სახლიდან წამოვედი. მორჩა, დათასთან აღარ ვცხოვრობ.
ლუკა ახლა მიხვდა, რას ნიშნავდა ქალის ის ნათქვამი და შერცხვა, თავისმა სიბრიყვემ გააწითლა.
- ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. თუ დრო გაქვს, იქნებ სადმე დავმსხდარიყავით და გვესაუბრა, იქნებ ყავაც დაგველია, ან სხვა რამე...
- სხვა რამე? რა არის სხვა რამე? - გაიცინა ეკამ.
- სხვა რამე? კონიაკი, ლუდი, ღვინო, ღმერთმანი, სხვა არაფერი მიგულისხმია, - ახარხარდა ლუკა.
ის ქალებთან ურთიერთობაში დელიკატური იყო, სულსწრაფობას არასოდეს იჩენდა. მოსწონდა ეკა, მისი ჯანმრთელი აღნაგობა, ბავშური სახე და ეშმაკობასთან შერწყმული სოფლური მიამიტობა.
იმ დღეს კაფეში ყავა დალიეს, ილაპარაკეს. რამდენჯერაც ქალმა სახლიდან წამოსვლის მიზეზზე ჩამოაგდო ლაპარაკი, ლუკამ იმდენჯერ სხვა რამეზე გადაიტანა საუბარი, არ უნდოდა დათაზე ცუდი ან საერთოდ, რაიმე მოესმინა, შინაგანად აფორიაქებული იყო და რცხვენოდა კიდეც. მაგრამ რა იყო სასირცხვილო?
კი, ბატონო, ის ვაჟკაცი კაცია, კარგი საჩუქარი უძღვნა, მაგრამ მეგობრები ხომ არ არიან? თანაც ეს ქალი ხომ დათას ცოლი აღარ არის. არა, აქ არაფერია კაცისთვის შეუფერებელი, - ფიქრობდა, მაგრამ მაინც რაღაც აწუხებდა, თავისუფლად მაინც ვერ გრძნობდა თავს.
ეკა ბედნიერი იყო. მამიდასთან რომ დაბრუნდა და საძინებელში მარტო დარჩა, ფიქრს მისცა თავი, ოცნების ძაფები დაგრიხა და ლუკასთან ერთად საკუთარ მომავალს დაუწყო ქსოვა, მაგრამ თავში უცებ რაღაც აერია.
- დათას რა ვუყო?! - ლამის ხმამაღლა თქვა.
იმაზე რატომ ფიქრობს? მოიცა, იქნებ სიმბარათი გამოცვალოს, ნახოს, დღესაც დარეკა თუ არა... ეს რა აეკვიატა? ჯანდაბას დათა!... დარეკა, არ დარეკა - რა მნიშვნელობა აქვს?! იყოს ის იქ თავის ღორის თავთან ბედნიერი, ეკას კი საკუთარი ცხოვრება აქვს, თავისი ცხოვრებით უნდა იცხოვროს.

პირველი შეხვედრისას დაწყებული მსუბუქი ფლირტი მსუბუქ მოფერებაში, ნაზ კოცნაში გადაიზარდა და ერთხელაც ლუკამ თავისთან დაპატიჟა.
- მარტო ცხოვრობ თუ დედიკო უნდა გამაცნო, - იკითხა ქალმა და გაიცინა.
ეკა ამ ჯერზე, ალბათ, ყველაფერზე თანახმა იყო, მაგრამ თუ ლუკა მშობლებს გააცნობდა, ეს ურთიერთობის სერიოზული გაგრძელება იქნებოდა.
- ჩემები ცოცხლები აღარ არიან. ორი წლის წინ ერთად ავარიაში...
ეკას ახლაღა გაახსენდა, სუფრაზე წასულებში რომ მოიხსენიეს. მაშინ ამისთვის მნიშვნელობა არ მიუცია.

გასცდნენ დიღმის მასივს, შევიდნენ ლამაზი ახალი სახლების რიგში და ლუკამ მანქანა გააჩერა.
- აი, ეს ჩემი სახლია, - სიამაყით თქვა და შეხსნა ჭიშკარი, - მესამეზე ვერანდა და სამი საძინებელია, მეორეზე - ოთხი, დაბლა სამზარეულო და მისაღებია. წამოდი ჯერ სარდაფი განახო, სარდაფი ყველაზე მეტად მიყვარს.
ლუკა წინ მიუძღვოდა, ეკა მოჩვენებითი აღფრთოვანებით მიჰყვებოდა, ის სხვა ემოციების მოლოდინში იყო, ახლა მას ნაკლებად აინტერესებდა საძინებლების რაოდენობა და, მითუმეტეს, სარდაფი.
-  მოდი, ნახე, - ლუკამ სარდაფის კარი შეხსნა, - შეიძლება ისეთი შთამბეჭდავი არ არის, როგორც დათასი, მაგრამ მომწონს...
რა შუაში იყო ახლა დათას დარბაზის ხსენებაო, ლამის ტუჩზე იკბინა.
ეკამ სარდაფის ინტერიერი ყალბი ინტერესით შეათვალიერა და გაქვავდა: ბუხრის ზემოდან ტახის თავი ავი მზერით უცქერდა.
ქალი გაფითრდა და წაბორძიკდა. ლუკამ შენიშნა:
- ჰო, ეს ის არის, დათამ რომ მაჩუქა.
ეკას ეს სიტყვები არ გაუგია. მონუსხულივით იდგა, ისე, როგორც მსხვერპლი პითონის წინ. მის თავში რაღაც რეკდა და წიოდა, მერე კი აშკარად გაიგონა:
- ჰო, ეს მე ვარ! ვერ მიცანი? ვერსად გამექცევი!
ელდა გულიდან ფეხებში ჩაიწურა და უცებ გამოფხიზლდა, შემობრუნდა და სარდაფიდან გავარდა. ლუკა უკან გაჰყვა და ჭიშკართანღა დაეწია.
- რა მოგივიდა? ცუდად ხარ? მოხდა რამე? - ხელი მკლავზე წაავლო კაცმა.
- არაფერი, ჰო, ცუდად ვარ, - გააშვებინა მკლავი.
- მოიცა! სახლში წაგიყვან!
- არა, ბოდიში, არ შეწუხდე, მე თვითონ!.. მე თვითონ!.. - თქვა ენის ბორძიკით და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. შიშმა და ელდამ ცოტა რომ გადაუარა, შემობრუნდა და დაინახა, ლუკა მხრებაწურული დამნაშავის სახით უყურებდა. გაჩერდა და გაიცინა:
- ლუკა! სანადიროდ რომ წახვალ, მაგისი ჯაგარი გაიყოლე, დაცდილია, ნანადირევის გარეშე არ დაბრუნდები, - ამ სიტყვებს რომ ამბობდა, თან შეშლილივით კისკისებდა. გზა გადაირბინა და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას.
სახლში ტაქსით მივიდა. მამიდა შინ არ იყო და მარტოს შეეშინდა. ღორის თავი ედგა თვალწინ.
ქუჩაში გამოვიდა, გაჩერებაზე ჩამოჯდა, სივრცეს უაზროდ გაუშტერა თვალი და გაიფიქრა: მოდი, ვნახავ, ნეტა, თუ სცადა დღეს დათამ დარეკვა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები