ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2013


რომელთაც სამშობლო უწოდებს მეომრებს.

დაიწყო ომი და მე ვშიშობ, რადგანაც
მიდიხარ, ჩემში კი დატოვე მეორე,
ვხვდები, რომ ცოლობა ძნელია კაცების
რომელთაც სამშობლო უწოდებს მეომრებს.

ძალაა, ჰო რაღაც უზღვავი ძალაა
უყურო იმედით გზას, გწამდეს მოვა და
წუთით ან სულ წამით ეჭვები გიხუტებს
და მერე იმედებს დამტვერილს მონახავ.

გულის საშრობშია ან დაკიდულ თაროზე,
წიგნის რომელიღაც ფურცელში ინახავ
ნაჩუქარ ყვავილს და ახალის ლოდინში
ომი კვლავ გრძელდება, უბრალო თიხა ხარ...

მუცელზე დაიდებ ხელს, ალბათ გტკივა და
შენიდან წასული განცდები შვილისთვის
იგივე დარდია, მარტო ხომ აღარ ხარ,
არ გძინავს და მაინც ლოცულობ ძილის წინ.

გითხრეს, რომ უკუდო ვერტმფრენით იფრინა,
ცახცახებ, ვაი თუ... არა! ის შესძლებდა...
ოთახი ნელ-ნელა სივრცესაც კარგავს და
ჰაერი არ გყოფნის, მიდიხარ მეტეხთან.

ღმერთს ეძებ, მერე კვლავ ოთახში პოულობ
იქ, სადაც ყველაფერს სუნი აქვს მისი და
ლოგინი დიდია, დღეს ასე იფიქრე,
მის ბალიშს ხელებით გულისკენ იზიდავ.

ჩამოვა?! არ გინდა ეჭვების შეტანა
იმედში და შენში დარჩენილ მეორეს,
უყვები, ძნელია შვილობა კაცების,
რომელთაც სამშობლო უწოდებს მეომრებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები